Accessibility links

ალექსანდრა აროშვილი - სოციალური პოლიტიკის მკვლევარი


ალექსანდრა აროშვილი

კვირა, 4 თებერვალი

მათთვის, ვინც ძილის პრობლემას მთელი ცხოვრება ვერ არეგულირებს, ის დილაც მაღვიძარით იწყება, როცა არსად ხარ წასასვლელი. რეკავს ყოველ 5 წუთში და ხელის უსწრაფესი მოძრაობით ვაჩუმებ.

თანამედროვე ქაოსისაგან ნაწარმოები შფოთი უამრავი მოსასწრები საქმისა და მუდმივად არასაკმარისი დროის თანაფარდობის შესახებ, თვალების ბოლომდე გახელასთან ერთად, დამაკმაყოფილებელ რუტინად იქცევა.

რადგან ჩემი ძირითადი სამუშაო ბოლო დროს რედაქტირებასთან, ლიტერატურის დამუშავებასთან ან ჩვენს ანალიტიკურ პორტალზე მასალის განთავსებასთანაა დაკავშირებული, ის მთლიანად დამოკიდებულია ინფორმაციაზე.

ეს შინაგანად მაღელვებს: სრულიად ახალი ტიპის კონკურენცია, რომელიც ვირტუალურ სივრცეში ინფორმაციის წარმოებას უკავშირდება, და ახალი ტიპის უთანასწორობები, რომლებიც ინფორმაციის დროულად მიღების ხელმისაწვდომობიდან წარმოიშობა.

მუშაობისას სოციალური ქსელი, ვირტუალური მეხსიერების ფუნქციის წყალობით, მახსენებს ერთი წლის წინ ამ დროს დაწერილ სტატუსს. ეს ის პერიოდია, როცა საკონსტიტუციო კომისია ცვლილებებზე მუშაობას იწყებდა. ჩვენთვის მთავარ საკითხს ამ დროს წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი. კონსტიტუციაში არ უნდა დარჩენილიყო ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების ბერკეტს ართმევდა - რამდენიმე თვეში, ამ მოთხოვნით, აქტიური კამპანიაც დავიწყეთ.

სტატუსში ვსაუბრობდი იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ „სამოქალაქო საზოგადოებასთან“ აიდენტიფიცირებენ თავს, რომლებიც მუდმივად ითხოვენ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, არ უჭერენ მხარს სახელმწიფოსათვის ქმედითი ბერკეტების გაჩენას, რაც ამ პრობლემათა აღმოფხვრის წინაპირობაა.

პოსტის ქვეშ დისკუსია წავიკითხე. კომენტარების ავტორთა უმრავლესობა, უბრალოდ, ვერ ხედავდა სახელმწიფოსათვის ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლის კონსტიტუციური უფლების დაბრუნების აუცილებლობას მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ არჩევდა ერთმანეთისგან სახელმწიფოს და მთავრობას - მივხვდი, რომ რამდენიმე თვის შემდეგ დაწყებული კამპანია, შესაძლოა, სულ სხვა შედეგით დასრულებულიყო, ასეთი კრიზისი რომ არ გვქონდეს პოლიტიკური აზროვნების მხრივ.

ორშაბათი, 5 თებერვალი

ბებიაჩემი ანა, უკვე დიდი ხანია, პენსიონერია, თუმცა მისი პაციენტების უმრავლესობა ამას, წლებია, ვერ ეგუება და თუ ვინმეს ინფექციურ საავადმყოფოში აწვენენ, მაინც მას ურეკავენ. ეს სცენა უკვე რამდენჯერმე ვნახე: ანა ტელეფონში უხსნის თავის ერთ-ერთ ყოფილ პაციენტს, რომ მის ახლობელს ისედაც არ მოაკლებენ ყურადღებას საავადმყოფოში მისი მითითების გარეშეც, თუმცა იმისთვის, რომ ყურმილს იქით მყოფი ადამიანი დაამშვიდოს, ეუბნება, რომ დარეკავს და მწოლიარე პაციენტის გვარს ექიმებს შეახსენებს. ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უნდობლობით სავსე სისტემაა საქართველოში და ერთადერთი, რაც ადამიანებს მის ნდობას აძლევს, არაფორმალური კავშირებია. ზოგადად, ჩვენთან არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე როცა ვფიქრობ, ჯადოქრობად მეჩვენება, როგორ ახერხებს ეს ქვეყანა ცხოვრებას, როგორ ახერხებს მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრებას მინიმალური შემოსავლებით - და მგონი, აქაც არაფორმალური ურთიერთობები გვშველის.

საავადმყოფოზე იაშვილის კლინიკაში მიმდინარე ამბები მახსენდება, რომელიც ექიმების სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება საქართველოს ბანკის მფლობელობაში არსებული „ევექსის“ ქსელის მენეჯმენტის მიერ. ეს ექიმები ამბობდნენ, რომ ადამიანებმა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ჯანდაცვის ხარისხით და არ ენდობიან მას, უნდა გააცნობიერონ, რომ ექიმებს შესაბამისი სამუშაო გარემო და პირობებიც კი არ აქვთ. რამდენი ხანია, ექიმთან არ ვყოფილვარ, - ვფიქრობ მე.

ანა ტელეფონს თიშავს და მეუბნება ტექსტს, რომელსაც მეუბნება ყოველდღე: მუშაობისას ყოველ ერთ საათში მაინც უნდა ადგე და გაიარ-გამოიარო ან შეისვენო. ოთახში შემოსული მზის შუქის ინტენსივობა მარწმუნებს, რომ კარგი ამინდია და „შესვენების“ გეგმას ვალაგებ.

დედაენის ბაღში ვხვდები მეგობარს, რომელიც, წლებია, სხვადასხვა საკონდიტროებში მუშაობს ტკბილეულის დეკორატორად. მე ვეკითხები, რა ხდება მის ბოლო სამსახურში. მეუბნება, რომ თანამშრომლების შემცირება და მისი გათავისუფლება უნდათ. “უბრალოდ, ამას გათავისუფლების სახე რომ არ მისცენ, დიდი ხნით ასვენებენ - ეუბნებიან, დღეს არ მოხვიდეო. საშემოსავლოში ვიყავი და გადავამოწმე რეგისტრირებული ვარ თუ არა როგორც დაქირავებით დასაქმებული. აღმოჩნდა, რომ არ ვარ, თან უკვე დიდი ხანია, ანუ წინა სამსახურებშიც არ ვიყავი გაფორმებული”. გადასახადებს მალავენ, ვეუბნები მე. “შრომის კოდექსს არ ვექვემდებარები და რომც გამომიშვან, ვერაფერს გავხდები, - მპასუხობს, - მაგრამ მაინც უნდა დავურეკო შოთოს, იქნებ რამე მოვიფიქროთ“. შოთო ჩვენი მეგობარია, რომელიც სოლიდარობის ქსელში მუშაობს. სოლიდარობის ქსელი ადამიანებს შრომითი უფლებების დაცვაში ეხმარება -
სხვათა შორის, სწორედ მათ მიმართეს იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებულმა ექიმებმა.

სამშაბათი, 6 თებერვალი

გუშინდელი ფიქრები ექიმების გარშემო სრულდება ლოგიკური გადაწყვეტილებით, წავიდე ექიმთან. მიუხედავად ჩაწერისა, იმხელა რიგია, ვხვდები, რომ მინიმუმ 2 საათი კიდევ მომიწევს აქ ყოფნა. კარგია, რომ ლეპტოპი თან მაქვს - კლინიკის დერეფნის მოსაცდელში ვიწყებ სტატიის წერას, რომ დრო არ დავკარგო. ინფორმაცია უკავშირდება ბრიტანეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის პრივატიზების შეწყვეტის მოთხოვნით - ათეულობით ათასი ადამიანია ქუჩაში. „პაციენტები პირდაპირ საავადმყოფოს დერეფნებში კვდებიან იმის ლოდინში, რომ ისინი გააფორმონ პაციენტებად“, - ამბობენ აქციის მონაწილეები, - „და ეს „პრივატიზებული ჯანდაცვის სისტემის ბრალია“ - ვწერ ამ წინადადებას და უცბად ვაცნობიერებ, რომ თავადაც საავადმყოფოს მოსაცდელში, რიგში ვზივარ.

დონალდ ტრამპი წერს ტვიტერზე: ბრიტანელები იმიტომ გამოვიდნენ გარეთ, რომ ცუდი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, დემოკრატებს კი უნდათ გადასახადები გაზარდონ და უფრო ცუდი სისტემა შექმნანო. ჯერემი კორბინი, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიიდან, ტვიტერზევე პასუხობს ტრამპს: „არა. ქუჩაში იმიტომ გამოვედით, რომ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმისგან, რაც მას კონსერვატორებმა უყვეს. ჯანდაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა“.

„მსოფლიოში ახალი ეკონომიკური კრიზისის ნიშნებია“ - ახალი ინფორმაცია მხვდება სახლში დაბრუნებისას. ბებიაჩემი ისევ იმაზე შფოთავს, რომ ოჯახის ყველა წევრი კომპიუტერთან მუშაობს ან თავისუფალ დროს ატარებს, თანაც შუალედებში დასასვენებლად არ დგება. სამწუხაროდ, ვეუბნები მე ამას ვერ გავექცევით - თანამედროვე ადამიანი მთლიანად ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული.

„ჯანმრთელობა გიზიანდებათ, რასაც ვეღარ აღიდგენთ“, - ამბობს ანა. მე ვეუბნები: მსოფლიოში ახალი ეკონომიკური კრიზისის ნიშნებია. „რა მოხდება?“ - მეკითხება. - ჩვენ შეიძლება ვერც ვიგრძნოთ ან შიმშილით მოვკვდეთ, ვეუბნები მე.

„ახალი კრიზისის ნიშნებია და სანამ სამყარო თავზე ჩამოგვეშალა, წამო ბიბლიოთეკაში“, - მწერს შოთო.

ილიას უნივერსიტეტის E კორპუსის ბიბლიოთეკა ერთადერთი ბიბლიოთეკაა, რომელიც 11 საათამდე ღიაა და ამიტომ კარგი ადგილია სამუშაოდ. „რას მწერ?“- მიმიკით მანიშნებს შოთო წინა მაგიდიდან, რომ სხვებს ხელი არ შევუშალოთ. - „ფეისბუქი მებლოკება და მერე მითხარი“, - ჩურჩულებს. ფეისბუქის დაბლოკვა უკავშირდება პროგრამას, რომელიც გიკონტროლებს, რამდენი საათი შეიძლება გაატარო დღეში ფეისბუქზე, როცა ამოწურავ ლიმიტს, გიბლოკავს. შოთოს 1-საათიანი დღიური ლიმიტი აქვს დაყენებული.

მე სტატიას ვარედაქტირებ ლისის ტბის კომპლექსზე და მამუკა ხაზარაძეზე, რომელიც ნახევარ საქართველოს დაეპატრონა. მერე ჩანთიდან ვიღებ ღვეზელს და კიბეებზე ვჭამ, თან შოთოს ველაპარაკები. ვა, მიშა, აქ იყავი? - ვეუბნები მიშა სვანიძეს, რომელიც ქვედა სართულზე მუშაობდა. „ხო, სახლში მივდივარ“, - ამბობს და ჩვენთან ჩერდება. „კიდე არ გძინავთ?“ - გვეკითხება. ჩვენ ვწუწუნებთ. „მაგარი პროგრამა გადმოვწერე“, - გვეუბნება მიშა. - „აყენებ და როგორც კი ღამდება, ეკრანი ღამის რეჟიმში გადაჰყავს. შენ ამას ვერ ხვდები და გეძინება“. ვაა! - ვეუბნებით ჩვენ და მიშას ლეპტოპში გახსნილ პროგრამას ვუყურებთ, რომელიც ეკრანს უცნაურად ავარდისფრებს. „გადმოწერეთ და კარგად დაგეძინებათ“, - ამბობს და მიდის.

ოთხშაბათი, 7 თებერვალი

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის მიღება ისევ გადაიდო. ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები ვერ შეთანხმდნენო, ასახელებენ გაჭიანურების მოტივად. მე ვბრაზდები და უკანსვლით ვითვლი იმას, თუ რამდენი წელია, შრომის ინსპექციის შექმნას ვითხოვთ; რამდენი წელია, შეიქმნა და რამდენი წელია, ვერ გახდა ქმედითი. გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში არა პოლიტიკური ორგანოები, არამედ ბიზნესასოციაციები იღებენ, - ვაწერ ნიუსს და კიდევ ერთხელ მახსენდება, რომ ერთი წლის წინ სახელმწიფოს ბერკეტების გაძლიერებას არავინ დაუჭირა მხარი.

„არც ერთი ბიზნესის მოგება და ბიუჯეტში შესული არც ერთი თეთრი არ ღირს ადამიანების სიცოცხლედ“, - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტში. განცხადება პორტალზე გადამაქვს.

სადა ხარ, აბა? - მწერს ლეკა. ქართველი მემარცხენეების იმედი ხო არ უნდა გქონდეს, - მიდი, გამოიყვანე ველიკა!

ისევ დედაენის ბაღში ჩავდივარ, ამჯერად ველოსიპედით. ლეკა მეუბნება, რა კარგი იქნებოდა, ველოსიპედით სასიარულო ადგილები ბევრი რომ იყოს ქალაქშიო. ხო, ძაან კარგი იქნებოდა, ქოშინით ვეუბნები მე, მაგრამ შეიძლება უარესიც იყოს - ველოსიპედით სიარულის დროს ფილტვები გეხსნება და ჯობია, ეს ჰაერი არ ისუნთქო.


ხუთშაბათი, 8 თებერვალი

მთავარი ინფორმაციები: გერმანიაში პროფკავშირებმა 28-საათიანი სამუშაო კვირა მოიგეს, თსუ-ში 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სტუდენტები არ შეუშვეს.

ვიწყებ თარგმანის რედაქტირებას. სტატიას ჰქვია „მემარცხენეებმა უნდა აწარმოონ კულტურული ომი მეცნიერებისა და ტექნოლოგიისათვის“ - საუბარია იმაზე, რომ მემარჯვენეების ფსევდომეცნიერულ არგუმენტებს მემარცხენეებმა სისტემებისა და ჩაგვრის შესახებ ჰუმანიტარული აკადემიიდან ნასესხები აბსტრაქტული არგუმენტები კი არ უნდა დაუპირისპირონ, რასაც ისინი 60-იანი წლების შემდეგ აკეთებენ, არამედ უფრო კარგად უნდა შეისწავლონ ზუსტი მეცნიერებები, რაც მათ მეტად მეცნიერული არგუმენტების შემუშავებაში დაეხმარებათ. - ესეც დღის მთავარი ინფორმაცია.

„ჰუმანიტარული აკადემიის კედლებიდან ნასესხები აბსტრაქტული არგუმენტები“ - ვფიქრობ მე და სტატიიდან ამოგლეჯილ ერთ აბზაცს შოთოს ვუგზავნი, რომელიც გუშინ ბიბლიოთეკაში თავისი სადოქტორო ნაშრომის ახალ იდეაზე მიყვებოდა და რომელსაც, ჩემი აზრით, ეს სტატია გარკვეულწილად პასუხობს. „მოდერნულობას, პოსტმოდერნულობასა და პრემოდერნულობას შორის იცი რომელს ვირჩევ?“ - მეკითხება საპასუხოდ. - იმედია, არც ერთს - ვიწყებ კრეფას, თუმცა აკრეფამდე უკვე მოწერილი აქვს: „მეოთხეს. და იცი, რატომ?!“

- იმიტომ, რომ არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები, - ვპასუხობ გაღიმებული და ვუყურებ წიგნს, რომელიც მაგიდაზე მიდევს, ზუსტად ასეთი სათაურით. „კი!“ - მოდის პასუხი.

საღამოს მარიამის სანახავად გავდივარ - ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლის, რომელიც თავისუფალ დროს ტანგოს ცეკვავს, თუმცა მე არასდროს მინახავს, ამას როგორ აკეთებს. პლატფორმის განვითარებაზე უნდა ვისაუბროთ. „აქეთ დავსხდეთ“, - მეუბნება, თან უცნაური საცეკვაო ფეხსაცმელი აცვია. ორივეს გვეცინება. უკან ტანგოს ცეკვავენ. - ტანგოს მოცეკვავეებს თქვენი ქომიუნითი გაქვთ თბილისში? - ვეკითხები მარიამს. „შეიძლება ასეც ითქვას“, - მპასუხობს. რამდენი ადამიანი ხართ? „დაახლოებით, 30“, - მპასუხობს და ისევ გვეცინება.

პარასკევი, 9 თებერვალი

„სამუშაო ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. 26 წლის მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა“ - დილა ამით იწყება და ავტომატურად ორი დღის წინ შრომის უსაფრთხოების კანონის გაჭიანურების ამბავს უკავშირდება. საგანგაშო სტატისტიკას კიდევ ერთი ადამიანი დაემატა.

ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მოურიდებლად აცხადებს, რომ შრომის ინსპექციას არ უნდა ჰქონდეს ყველა სექტორის შემოწმების უფლება. სანამ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ადამიანები იხოცებიანო, - რამდენჯერმე შეახსენა ჟურნალისტმა სტუმრებს.

„ისევ კომპიუტერთან ზიხარ? აკი სადმე უნდა გავსულიყავით!“ - მეუბნება თეო, რომელმაც ეს-ესაა, კარები შემოაღო. არ გავედი არსად, - ვეუბნები მე. „წამო, ჩაი დავლიოთ“.

ჩაის სმა ცხარე დისკუსიაში გადადის. მე ძალიან გაბრაზებული ვარ. პრობლემა, რა თქმა უნდა, არის ჩვენს არაორგანიზებულობაში, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ამ საზოგადოებას მორალურად აღარ აწუხებს თავისი გასაჭირი - ჩვენ ყველა მორალურად შეგუებული ვართ, რომ ადამიანი შეიძლება სამსახურში მოკვდეს. „ამას თავისი მიზეზები აქვს, ხო იცი“, - ამბობს თეო. - რა თქმა უნდა, ვეუბნები მე,- მაგრამ ჩვენს აზროვნებაში ძალიან დიდი კრიზისია, - ვაჯამებ საუბარს.

ცოტა ხანში მახსენდება, რომ ახალი ეკონომიკური კრიზისის შესახებ მასალების დამუშავებისთვის დრო ჯერ კიდევ ვერ გამოვნახე. პორტალზე ვაქვეყნებ ვოლფგანგ სთრაიქის ციტატას მისი ბოლო, 2016 წელს გამოსული, წიგნიდან: „ყველა თეორია კაპიტალიზმის შესახებ, ამ ტერმინის გაჩენის მომენტიდან, იყო თეორია, ამავდროულად, კრიზისის შესახებ“.

10 თებერვალი, შაბათი

„ურბან-რეაქტორი“ - სოციალური საცხოვრისისა და ურბანულ პრობლემებზე მომუშავე ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია აქვეყნებს განცხადებას:

„მშენებლობაზე დაღუპული მუშების მემორიალი.

ვინც იდეას ეთანხმებით, გთხოვთ გააზიაროთ პოსტი.

მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების წესების და ამ წესების დამდგენი თუ მაკონტროლებელი ინსტიტუტების არარსებობის გამო, მუშების დაღუპვას იმდენად სისტემური და სისტემატური ხასიათი მიეცა, რომ ამ მოვლენამ უკვე სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა, როგორც ნეოლიბერალური სახელმწიფოს ერთ-ერთმა თვალსაჩინო გამოხატულებამ.

ასევე სიმბოლურია, რომ ეს ადამიანები ეწირებიან ზუსტად მშენებლობას - იმ სახლების, უბნების და ქალაქის მშენებლობას, სადაც ჩვენი მომავალი თაობები უნდა გაიზარდონ, შექმნან ოჯახები, იცხოვრონ და იშრომონ.

ჩვენი ვალია უკვდავვყოთ იმ ადამიანების ხსოვნა, ვინც, დღეს, ხელისუფლების უპასუხისმგებლობის და არაკომპეტენტურობის, ხოლო ბიზნესის განუსაზღვრელი სიხარბის გამო, მომავალი თაობების კეთილდღეობას ეწირება. ჩვენი ვალია, ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, თუ რა საზოგადოებრივი ფასი აქვს კაპიტალიზმის უპირობო ბატონობას.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უნდა მოვითხოვოთ თბილისის ყველაზე კარგად ჩამოყალიბებულ და კომფორტულ არეალში დაიდგას მშენებლობაზე დაღუპული მუშების მემორიალი.

ამ მემორიალის დადგმა უნდა გახდეს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანურ მსხვერპლზე პასუხისმგებლობის აღების აქტი, ხოლო, მეორე მხრივ, გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც სახელმწიფო დაიწყებს მშრომელთათვის ღირსეული შრომის პირობების შექმნისთვის ქმედითი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმას“.

„მხოლოდ ომში დაღუპულთა მემორიალებს ვდგამთ“, - აკომენტებს ვიღაც. - ნამდვილი ომი ესაა, - ვფიქრობ მე და მახსენდება, რომ ბოლო წლებში სამუშაო ადგილზე დაღუპული ადამიანების რაოდენობა გაცილებით აღემატება აგვისტოს ომში დაღუპულთა რაოდენობას.

please wait

No media source currently available

0:00 0:13:17 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG