Accessibility links

ტილერსონი: სახელმწიფო დეპარტამენტში გაძლიერდება ბრძოლა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ


სააგენტო “როიტერსის” ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, ორშაბათს განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის ნებისმიერი თანამშრომელი სექსუალური შევიწროების შემთხვევას თუ შეესწრება, მოვალეა ჩაერიოს და ხმა აიმაღლოსო. ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოხატა თანაგრძნობა იმ პირების მიმართ, რომლებსაც შევიწროებაში სდებენ ბრალს, მაგრამ არ ეძლევათ თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებრივი გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ტილერსონის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა 1 ივნისამდე უნდა გაიაროს ამ სფეროში სავალდებულო ტრენინგი. ტილერსონი ამ განცხადებებით გამოვიდა კაიროში, აშშ-ის საელჩოს 150-მდე თანამშრომლის წინაშე, ელჩის რეზიდენციის წინ.

გასული წლის ნოემბერში 200-მდე ქალმა, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში მუშაობდნენ, სახელმწიფო დეპარტამენტის ჩათვლით, ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სექსუალურ შევიწროებასთან საბრძოლველი ზომები სუსტია და მათ ხშირად არ იცავენ.

კაიროში ვიზიტით ტილერსონმა გახსნა ახლო აღმოსავლეთის ტურნე, რომელიც მოიცავს ქუვეითს, ლიბანს, იორდანიას და თურქეთს.

ურთიერთპატივისცემა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენსო, განაცხადა ტილერსონმა და დასძინა: „ინდივიდის მიმართ უპატივცემულობის სხვა ფორმას, ამგვარ მოპყრობაზე უფრო დამამცირებელს, ვერაფერს გამოვყოფ“, ვიდრე სექსუალური შევიწროებააო.

„დაუშვებელია ამას შეესწრო და უბრალოდ გვერდით გაიხედო. რაღაც უნდა გააკეთო. ეს ვიღაცას უნდა შეატყობინო. ხმა უნდა აიმაღლო და უნდა ჩაერიო“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-ში ტილერსონის განცხადებების ფონია სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებები ძალაუფლების მქონე მამაკაცთა მიმართ - იქნება ეს მედიის, ბიზნესის თუ პოლიტიკის სფეროებში.

გასული წლის ნოემბერში 200-მდე ქალმა, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში მუშაობდნენ, სახელმწიფო დეპარტამენტის ჩათვლით, ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სექსუალურ შევიწროებასთან საბრძოლველი ზომები სუსტია და მათ ხშირად არ იცავენ. წერილის ხელმომწერები რამდენიმე რეკომენდაციითაც გამოვიდნენ - მათ შორის სავალდებულო ტრენინგების შემოღებით და იმგვარი საკომუნიკაციო არხების დაარსებით, რომელთა მეშვეობითაც სექსუალური შევიწროების მსხვერპლს შურისძიების შიშის გარეშე შეეძლება ამის შესახებ განაცხადოს.

ანალოგიური ბრალდებები თეთრ სახლსაც ეხება. გასულ კვირაში ადმინისტრაცია დატოვა ორმა თანაშემწემ, რომელთა შესახებაც გავრცელდა ცნობები, რომ ისინი ოჯახურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. მამაკაცები თავად ამ ბრალდებებს უარყოფენ.

„ადამიანების სიცოცხლეს ამსხვრევს და ანადგურებს უბრალოდ ბრალდება. ზოგიერთი სიმართლეა, ზოგიერთი სიცრუე. ... ნუთუ აღარ არსებობს ის, რასაც [მოქალაქის] უფლებრივი გარანტიები ეწოდება?!“ - დაწერა ტრამპმა კვირას ტვიტერით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG