Accessibility links

პოლიტიკური დებატების ქართული ფენომენი


ავტორი: სალომე ელისაშვილი

თანამედროვე, გლობალურ სამყაროში, მედიის როლი შეუდარებლად იზრდება. სწორედ მედია გახლავთ ის მთავარი აქტორი, რომელიც ქმნის მუდმივად ცვალებად პოლიტიკურ კონტექსტს, რისი მეშვეობითაც, პარტიები მხარდამჭერთა მობილიზებას ცდილობენ. ამასთან, ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ქმნის შესაძლებლობას, გაუმჯობესდეს პოლიტიკური პარტიების იმიჯი და რეპუტაცია.

პოლიტიკური დებატები საკუთარი თავის წარდგენისა და პრეზენტაციის მომგებიანი საშუალებაა, სადაც პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ საკუთარი იდეები და შეხედულებები. ასევე იზრდება შანსი საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებისა.

პოლიტიკური დებატების პრინციპს არგუმენტაციის სიმტკიცე განსაზღვრავს, როდესაც, პირობითად, ორი მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს, რაც შეიძლება დამაჯერებლად წარსდგეს მაყურებლის წინაშე, მეტად შეძლოს საკუთარი იდეების გაჟღერება და მოწინააღმდეგის არგუმენტების გაბათილებაც. ეს კი მედიის ბერკეტია, იყოს მოსახლეობაში ინფორმაციის მასობრივად გავრცელების მთავარი არხი. ამ პირობამ მედიის მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი განაპირობა, რადგან მედიასივრცე გახლავთ ის არეალი, რომელიც პოტენციურ ამომრჩევლებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულსა და ინფორმირებულს ხდის.

მედიაკამპანია განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებასაც, თუ ვის დაუჭიროს მხარი არჩევნებზე. ამიტომაცაა, დებატების ხელოვნება – საკუთარი თავის წარმოჩენისა და თვითრეალიზაციის ხელსაყრელი საშუალება. ესაა შესაძლებლობა, აჩვენო პოტენციურ ამომრჩეველს ვინ ხარ შენ, როგორია შენი პარტია, რა მიზნები და ამოცანები გაქვს და, შესაბამისად, მოუწოდო, იყოს შენი მხარდამჭერი.

პოლიტიკურ გადაცემებს თუ შევავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ პოლიტიკური დებატების რაობა, ქართულ ტელესივრცეში, არც ისე გამართული მექანიზმით ფუნქციონირებს. დისკუსია, როგორც წესი, არგუმენტირებულ მსჯელობას ეყრდნობა, თუმცა, ქართულ ტელესივრცეში მისი არსი სხვაგვარად გვევლინება.

აღმოჩნდება, რომ დებატებისას, პოლიტიკური ლიდერები საკუთარ პარტიულ პროგრამებსა და ხედვაზე კი არ გვესაუბრებიან, არამედ ოპონენტის დამარცხებას ცდილობენ. ეს მცდელობა კი ცოდნაზე დაფუძნებული სულაც არ არის. მათთვის დებატები ურთიერთობის გარკვევის შესაძლებლობა, პერსონალური ლანძღვის არენაა. თითქოს, რაც უფრო მწვავედ შეურაცხყოფ შენს მოწინააღმდეგეს, უფრო მაღალ ქულას დაიმსახურებ. საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი მოცემულობა სულაც არ არის არაეფექტური. პირიქით, ხალხს მოსწონს მსგავსი დაძაბული სიუჟეტის შერკინების ხილვა, პიროვნულ ურთიერთობამდე დაყვანილი დაპირისპირება. მედიასაც ხელს აძლევს მსგავსი შედეგები და ამიტომაც, განზრაც წარადგენენ სტუდიაში ისეთ რესპონდენტებს, რომელთა მიწვევაც აპრიორი რეიტინგის ზრდას გულისხმობს. შესაბამისად, მედია უფრო მეტად ბაზარზეა ორიენტირებული, ვიდრე ხარისხზე.

ქართული პოლიტიკური დებატების კიდევ ერთ მახასიათებლად შეგვიძლია განვიხილოთ არაკომპეტენტურობა. როდესაც პოლიტიკურ პროცესებსა და მის შედეგებზე საუბრობენ არა საკითხში გათვიცნობიერებული პიროვნებები, არამედ, უბრალოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ისინი კი, როგორც წესი, რომელიმე პოლიტიკური გუნდის გულმხურვალე მხარდამჭერნი არიან და საპირისპო აზრისადმი სრულ გულგრილობას გამოხატავენ. მოვლენებსაც, რა თქმა უნდა, პირადი დამოკიდებულებით აფასებენ, რასაც ობიექტურობასთან არავითარი კავშირი აქვს. სამაგიეროდ, მათი აზრი ბევრისთვის სანდო შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც საყვარელი მსახიობისა თუ მომღერლის პოზიცია. ეს კი, ამ ადამიანის პოლიტიკურ ქცევაზეც აისახება.

გარდა ამისა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ გამართული დებატებისას, ტელევიზიებში იწვევენ არა პარტიის რიგით წევრებს, არამედ ლიდერებს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ლიდერი წარმოგვიდგება პარტიის სულისჩამდგმელადაც და ქვეყნის გადამრჩენლადაც. ამიტომაც, ხშირად ვაიგივებთ პარტიულ ორგანიზაციებს კონკრეტულ პიროვნებებთან და იშვიათად თუ გვადარდებს მაგ.: პარტიული მანიფესტის შინაარსი. ასე რომ, ლიდერული პოლიტიკის განმტკიცებაში მედიაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

შეუძლებელია ვისაუბროთ ინფორმირებულ საზოგადოებაზე, როცა ცალკეულ ადამიანებზე გავლენას ახდენს არა პარტიისადმი იდეური სიმტკიცე, არამედ პარტიის წევრთა მონდომება, ეფექტურად ლანძღონ მოწინააღმდეგე. ამიტომაც არის რომ, პოლიტიკური დებატების წარმართვისას, თითქმის წარმოუდგენლად გვესახება მისი დასრულება ფიზიკური შეხლა-შემოხლის გარეშე. საზოგადოებამ შეიძლება სუსტად და არადამაჯერებლად აღიქვას პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დებატებისას საკუთარი ფიზიკური ძალის დემონსტრირებას ვერ შეძლებს.

ასე გადაიქცევა საეთერო სტუდია პირადი დავების გადაწყვეტის არენად, სადაც პოლიტიკურ განცხადებებზე მეტად, პირადი შეურაცხყოფის შემცველი მიმართვები ისმის. შეინიშნება კიდევ ერთი ტენდენცია, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს არგუმენტები „ამოეწურებათ“, სულაც არ იბნევიან, პირიქით, მომართულნი არიან გასცდნენ პოლიტიკურ ჩარჩოებს და ისეთი მიმართვა გამოიყენონ ოპონენტისადმი, რომელიც სულაც არ არის კავშირში პოლიტიკურ კონტექსტთან. სამაგიეროდ, ინფორმაციას გვაწვდის ინდივიდის „პირად სივრცეზე“. ესეც მომგებიანი პოზიციაა. შესაძლოა, საზოგადოებაზე ამან ძლიერი გავლენა იქონიოს. როცა იცი, რომ ოპონენტის შეხედულება გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადეობრივი ხედვისგან განსხვავებულია, მასზე ჩაჭიდება და აფიშირება, ხალხის კეთილგანწყობის მოპოვების გარანტიაა.

აქვე ისმის კითხვაც, არსებობს კი დებატების კულტურა ქართულ ტელესივრცეში?! პასუხი საორჭოფოა, ვინაიდან, პოლიტიკური დებატები ხშირად სცდება ეთიკის საზღვრებს და უფრო მეტად პირადი დავის გარჩევას ემსგავსება, ვიდრე პოლიტიკურ იდეათა ჭიდილს.

ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში დებატების პრინციპი, გარკვეული მიზეზების გამო, არ მუშაობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პოლიტიკურ ლიდერებს მხოლოდ საკუთარი პოზიცია ჰგონიათ მართებული და თავს მოვალედ სულაც არ მიიჩნევენ, ობიექტურად შეხედონ საპირისპირო პოზიციას. მათთვის მიუღებელია, მოისმინონ ალტერნატიული აზრი, თუნდაც, არგუმენტირებული. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკური დებატები ჩვენში არგუმენტების ჭიდილი კი არა, პიროვნებათა ბრძოლაა, რაც შეიძლება მეტი მაყურებლის სიმპატია მოიპოვო შენი ფიზიკური და არა ინტელექტუალური ძალის დემონსტრირებით. ეს კი, ძირითადად, ქარიზმისა და ლიდერის პოლიტიკური ხიბლის დამსახურებაა. ამასთან, აქტუალურია შეურაცხმყოფელი, არაეთიკური მიმართვებიც. მსგავსი დამოკიდებულება კი, საზოგადოებაში, სადაც აგრესია წახალისებულიც კია, სულაც არ აღიქმება არაპროფესიონალურად.

დაწერეთ კომენტარი აქ

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG