Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ბიუჯეტის გეგმა: ნაკლები დიპლომატია, მეტი სამხედრო ხარჯი


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, წარმოადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საგარეო დახმარების, სახელმწიფო დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და ზოგი სხვა პროგრამის დაფინანსების მკვეთრად შემცირებას. სამაგიეროდ, იზრდება სამხედრო ხარჯები.

სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით, თავდაცვისთვის განკუთვნილი ხარჯები 10 %-ით უნდა გაიზარდოს და გაიზრდება საშინაო უსაფრთხოების დაფინანსებაც, მაგალითად, მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის ასაშენებლად. დაფინანსების შემცირება კი, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფო დეპარტამენტსა და გარემოს დაცვის სააგენტოს შეეხება: ისინი 28 %-ითა და 31 %-ით ნაკლებ ფულს მიიღებენ.

გადმოწერა

სულ ბიუჯეტის გეგმა 3,8 ტრილიონ დოლარს მოიცავს და მის სახელწოდებად შერჩეულია „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა: ბიუჯეტის გეგმა ამერიკისათვის დიდების დასაბრუნებლად“.

სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადება მიანიშნებს, რომ ის, სახელმწიფო დეპარტამენტისათვის განკუთვნილი ხარჯების მოსალოდნელი შემცირების მიუხედავად, მხარს უჭერს პრეზიდენტის გეგმას.

რექს ტილერსონი
რექს ტილერსონი

„ვფიქრობ, აშკარაა, რომ ხარჯები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტზე წარსულში მოდიოდა, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ასეთივე დარჩეს. ამდენად, სამომავლო გეგმის გათვალისწინებით, რასაც პრეზიდენტი სახელმწიფო დეპარტამენტს ავალებს, ვფიქრობ, საყურადღებოა ორი გარემოება. ჯერ ერით, რაც დრო გავა, იქნება ნაკლები შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერევა, და მეორე: რახან უფრო ემოციურად მივუდგებით ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებს, მეტ რესურსს მოვიზიდავთ სხვა ქვეყნებისაგან, მოკავშირეებისაგან და სხვა წყაროებიდან განვითარების ხელშესაწყობ და კატასტროფების გამო დახმარების დაფინანსებაში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა 16 მარტს ტოკიოში ვიზიტისას.

ტრამპის წინადადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთად მიიღებენ 25,6 მილიარდ დოლარს, რაც 10,9 მილიარდი დოლარით ნაკლებია ამჟამინდელ დაფინანსებაზე. ეს მოასწავებს საგარეო დახმარების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების შემცირებას.

ვფიქრობ, აშკარაა, რომ ხარჯები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტზე წარსულში მოდიოდა, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ასეთივე დარჩეს...
რექს ტილერსონი

ბიუჯეტი, რომლის გეგმაც თეთრმა სახლმა წარმოადგინა, ძალაში შევა მომდევნო ფისკალურ წელს (ანუ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან), მაგრამ რა სახით შევა, არავინ უწყის, რადგან უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებულ არაერთ მოთხოვნას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება კონგრესში. სწორედ კონგრესმენების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული სამთავრობო უწყებებს შორის თანხების განაწილება. რესპუბლიკელებმა, ანუ პრეზიდენტის თანაპარტიელებმა, ის უკვე გააკრიტიკეს საგარეო-პოლიტიკური, დიპლომატიური საქმიანობის ხარჯების შემცირების განზრახვის გამო. რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ კი ყველას შეახსენა, ადმინისტრაცია რეკომენდაციებს გვაძლევს, ბიუჯეტს კი კონგრესი ქმნისო.

თავის მხრივ, ტრამპის გუნდში ბიუჯეტის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა, მიკ მალვენიმ, აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გეგმა მხოლოდ გეგმაა და არა სრული ბიუჯეტი. ბიუჯეტის სრულ პროექტს - პროგნოზებით, დეტალებით - მაისის შუა რიცხვებში წარმოადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG