Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახელმწიფოთა კოალიცია“ ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამიტზე. რიადი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამიტზე. რიადი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა მოწოდებით, ახლო აღმოსავლეთში შეიქმნას „სახელმწიფოთა კოალიცია“, რომლის მიზანიც ექსტრემიზმის აღმოფხვრა იქნება. რიადში, არაბულ-ისლამური სამყაროს სამიტზე, სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს სხვა ქვეყნებს მოახვიოს თავისი ცხოვრების წესი.

აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონი გააძლიერებს ძველ მეგობრებს და შეიძენს ახალ პარტნიორებს მშვიდობისათვის ბრძოლის საქმეში.

„ჩვენ აქ არ მოვსულვართ იმისათვის, რომ ლექცია წაგიკითხოთ. არ ვაპირებთ, ვასწავლოთ სხვა ქვეყნებს, თუ როგორ იცხოვრონ, რა აკეთონ, როგორები იყვნენ და როგორ ილოცონ. ნაცვლად ამისა, ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ პარტნიორობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ფასეულობებს ეფუძნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 21 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მიმდინარე სამიტზე, რომელსაც რეგიონის 50 ლიდერი ესწრება.

დონალდ ტრამპი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევს, არა როგორც ცივილიზაციათა, არამედ როგორც კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას. თავის სიტყვაში დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ირანი სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერისათვის, რამაც გაათამამა სირიის რეჟიმი, ჩაედინა "გაუგონარი დანაშაული" სირიის სამოქალაქო ომის დროს.

19 მაისს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველ საერთაშორისო ტურნეში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში, ისრაელში, იტალიაში, ვატიკანსა და ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტები გაამყარებს ვაშინგტონის ურთიერთობას მთავარ მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG