Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა პუტინი დაიცვა: ჩვენც ბევრი მკვლელი გვყავსო


ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 თებერვალს გააკეთა განცხადება, რომელსაც კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ოპოზიციონერი დემოკრატების, ისე ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელების მხრიდან. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში ვლადიმირ პუტინი დაიცვა ერთი მრავლისმეტყველი ფრაზით...

ტრამპთან ეს ინტერვიუ აჩვენა ამერიკულმა ტელეარხმა „ფოქს ნიუსმა“, რომელსაც დღეში, საშუალოდ, 1,35 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს. ტელეწამყვანმა ბილ ორეილიმ პრეზიდენტს, მაგალითად, ჰკითხა, პატივს სცემს თუ არა ვლადიმირ პუტინს. დონალდ ტრამპის პასუხი:

გადმოწერა

„მას პატივს ვცემ. იცით, პატივს ვცემ ბევრ ადამიანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასთან საერთო ენას გამოვნახავ. ის თავისი ქვეყნის ლიდერია. მე ვამბობ, რომ ჯობს, რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. და თუ რუსეთი დაგვეხმარება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა, და თუ რუსეთი დაგვეხმარება მთელ მსოფლიოში ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაში - ეს ძალიან კარგია. გამოვნახავ თუ არა მასთან საერთო ენას? წარმოდგენა არა მაქვს!“ - თქვა დონალდ ტრამპმა, რასაც მოჰყვა ტელეწამყვანის რეპლიკა: მაგრამ ის ხომ მკვლელია! პუტინი მკვლელიაო.

აი, როგორი იყო ტრამპის რეაქცია: „მკვლელი ბევრია. ჩვენც ბევრი მკვლელი გვყავს. რა გგონიათ? განა ჩვენი ქვეყანა ასეთი უდანაშაულოა?“

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ გამონათქვამმა ბევრი აღაშფოთა, მათ შორის - სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი. მან უარყო მსგავსება რუსეთისა და შეერთებული შტატების პოლიტიკურ მიდგომებს შორის: პუტინი კაგებეს ყოფილი აგენტია, ბანდიტი, ის არ აურჩევიათ იმ გზით, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა სანდო არჩევნებად ჩათვლიდაო, - აღნიშნა მაკკონელმა ტელეარხ სიენენთან ინტერვიუში. მოსკოვში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და თავის დროზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმა „აღმაშფოთებელი“ უწოდა დონალდ ტრამპის გამონათქვამს.

ამასობაში, განცხადება გააკეთა კრემლმაც: „მიუღებელი“ უწოდა „ფოქს ნიუსზე“ დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს ტელეწამყვანის სიტყვებს, პუტინი მკვლელი არისო. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 6 თებერვალს თქვა, რომ ჟურნალისტ ბილ ორეილის გამონათქვამი „მიუღებელი და შეურაცხმყოფელია“ და კრემლი „ფოქს ნიუსისაგან“ მოითხოვს, ბოდიში მოუხადოს რუსეთის პრეზიდენტს.

ტელეწამყვან ბილ ორეილის არ უთქვამს, ვის მიიჩნევს პუტინის მიერ ან პუტინის დავალებით მოკლულად, მაგრამ კრემლის ოპონენტები ხშირად ადანაშაულებენ რუსეთის პრეზიდენტს, რომ მისი დავალებით გამოასალმეს სიცოცხლს, მაგალითად, ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, კაგებეს ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG