Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპს სურს რუსეთთან ურთიერთობა გამოსწორდეს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანს დაავალა, იმუშაოს რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ამის შესახებ გამოაცხადა თავად სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა.

გადმოწერა

ტილერსონის განცხადებით, მას პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა, დაიწყოს პროცესი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად და არ დაუშვას, რომ პროცესს ხელი შეუშალოს აშშ-ში მიმდინარე გამოძიებამ რუსეთთან ტრამპის შესაძლო კავშირების დასადგენად. ტილერსონმა ამ თემაზე ილაპარაკა 6 ივნისს, ახალ ზელანდიაში ვიზიტისას. „პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით მითხრა, რომ რუსეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში და დღეს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზეა და სულ უფრო უარესდება. ამიტომ პრეზიდენტმა მთხოვა, დავიწყო რუსეთთან დაახლოების პროცესი, რათა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ურთიერთობის ჯერ სტაბილიზაციას, რომ ის აღარ გაუარესდეს, და შემდეგ შევძლებთ თუ არა დავადგინოთ საერთო ინტერესების სფეროები, რომლებშიც მოხერხდება ნდობის გარკვეულწილად აღდგენა (...), რათა იყოს სფეროები, რომლებშიც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა“, - განაცხადა ტილერსონმა მაშინ, როცა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და კონგრესი აწარმოებენ გამოძიებას ბრალდებების გამო, რომ რუსეთი შეეცადა გავლენა მოეხდინა აშშ-ში შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე და კონტაქტი ჰქონდა ტრამპის გუნდთან. ორიოდე დღეში, 8 ივნისს, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი, სენატის დაზვერვის კომიტეტს მისცემს ჩვენებას არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თემაზე.

რექს ტილერსონი
რექს ტილერსონი

ტილერსონის განცხადებამდე ერთი დღით ადრე კი ინტერნეტგამოცემა „ინტერსეპტმა“ გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომელმაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოდან გაჟონა და ეხება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ჰაკერების მცდელობას, გაეტეხათ აშშ-ის საარჩევნო სისტემა აშშ-ში შარშანდელი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ეს ახალი ინფორმაცია ამყარებს დასკვნას, რომელიც წელს იანვარში გამოაქვეყნეს აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა და რომლის თანახმად, მოსკოვი ცდილობდა გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამას აკეთებდა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, მაგალითად, ტრამპის მეტოქე დემოკრატების ხელმძღვანელთა ელფოსტაზე ჰაკერული თავდასხმით. კრემლი უარყოფს ამ ბრალდებას და დონალდ ტრამპიც კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ კავშირს საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG