Accessibility links

საქართველოში ოცდამერვედ აღნიშნეს 9 აპრილის მოვლენების ხსოვნა. მოქალაქეებმა გვიან ღამიდან დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრება და საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს თბილისში განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი. „1989 წლის 9 აპრილი უკავშირდება ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, ხოლო 1991 წლის 9 აპრილი უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის... ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ, აქ მყოფ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ოცნება ახდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

„9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალთან“ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ”დღეს არის 9 აპრილის ტრაგედიის 28-ე წლისთავი და უმნიშვნელოვანესია, რომ არასოდეს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზე, ასე თავდადებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ტრაგედიიდან 2 წლისთავზე, უკვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გაფორმება შესაბამისი აქტით და ეს არის ნამდვილად სასიხარულო და აღსანიშნავი დღე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე "საპრეზიდენტო არჩევნებსა" და ”რეფერენდუმზეც” ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან ერთად საერთაშორისო საზოგადოება გმობს მიმდინარე პროცესებს. "დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამწუხარო თარიღია - ტარდება რეფერენდუმი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მთელ პროგრესულ კაცობრიობასთან ერთად; მათთან ერთად, ვისაც სჯერა საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების; მათთან ერთად, ვისაც სჯერა, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება, როდესაც შენ გყავს ამ ტერიტორიებიდან იძულებით განდევნილი აქ მაცხოვრებელი ენდემური მოსახლეობა; რომელსაც სჯერა, რომ მიუღებელია მეზობელი ქვეყნის ოკუპაცია და არ იღებს იმ ანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ინიცირებულია, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენ ძალიან მტკიცედ, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვგმობთ ამ აქტს, რომელიც დღეს მიმდინარეობს და, ბუნებრივია, მას არავინ მიიღებს და გაითვალისწინებს" .

"საპრეზიდენტო არჩევნებსა" და ”რეფერენდუმზე” გაამახვილა ყურადღება 9 აპრილის მემორიალთან მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც. "ცინიკურია, რომ დღეს, 9 აპრილს იმართება ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი, რომელსაც ატარებს რამდენიმე ათასი ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც გამოდევნილი არიან ეთნიკური ქართველები საკუთარი ტერიტორიიდან, საკუთარი სახლებიდან. ეს არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება... რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტის შელახვას და ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - განაცხადა მან.

1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის შენაერთებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის - 17 ქალი; ასევე დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა ასეულობით ადამიანი; ხოლო 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG