Accessibility links

უკრაინიდან გააძევეს ბოლო კვირებში უკვე მეორე რუსი ჟურნალისტი


ჟურნალისტები ელოდებიან უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ Yandex-ის კიევის ოფისში ჩატარებული შემოწმების შედეგებს. 2017 წლის 29 მაისი, კიევი

უკრაინიდან გააძევეს რუსეთის ტელევიზიის კორესპონდენტი, ვიაჩესლავ ნემიშევი, რომელსაც „ცრუ, ანტიუკრაინული“ რეპორტაჟების მომზადებაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია „ენტევეს“ კორესპონდენტის დეპორტაციის შესახებ 5 ოქტომბერს გამოაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურმა.

  • "ენ-ტე-ვეს" კორესპონდენტი გააძევეს „ანტიუკრაინული“ რეპორტაჟების მომზადებისათვის
  • წელს უკრაინიდან გააძევეს რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტიც
  • უკრაინაში აკრძალულია ათზე მეტი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა

ნემიშევი მეორე რუსი ჟურნალისტია, რომელიც უკრაინიდან ბოლო ხუთ კვირაში გააძევეს „რუსული პროპაგანდის გავრცელებისათვის“. მას სამი წლით აეკრძალა უკრაინაში ჩასვლა. უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ნემიშევი 4 ოქტომბერს კიევში დააკავეს „მცირე დარღვევისთვის“ და პოლიციამ მას უპოვა აკრედიტაცია, რომელიც გაცემული აქვთ დონეცკელ სეპარატისტებს.

უშიშროების სამსახურის შეფასებით, ნემიშევმა „ავნო უკრაინის ეროვნულ ინტერესებს“ 2016-2017 წლებში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე მუშაობით, რადგან იქ „რუსი ხელმძღვანელების დავალებით ამზადებდა ცრუ ანტიუკრაინულ“ რეპორტაჟებს. უკრაინის უშიშროების სამსახური „რუს ხელმძღვანელებში“, როგორც ჩანს, გულისხმობს „ენტევეს“, კრემლის მხარდამჭერი მაუწყებლობით ცნობილი ტელევიზიის, მმართველებს.

ნემიშევის დეპორტაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, 30 აგვისტოს, მსგავსი ბრალდების საფუძველზე უკრაინიდან გააძევეს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „პირველი არხის“ კორესპონდენტი ანა კურბატოვა. მის გაძევებას მოჰყვა კიევის მიმართ კრიტიკა პრესის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლისა და პრესის თავისუფლების სხვა დამცველებისაგან.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „პირველი არხის“ კორესპონდენტი ანა კურბატოვა
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „პირველი არხის“ კორესპონდენტი ანა კურბატოვა

2014 წლიდან - მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო - კიევს აკრძალული აქვს რუსეთის 10-ზე მეტი ტელეარხის მაუწყებლობა, პროპაგანდის გავრცელებაში მათი დადანაშაულებით. 29 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში აღარ შეუშვებენ ორ ესპანელ ჟურნალისტს აღმოსავლეთ უკრაინაში მომზადებული რეპორტაჟების გამო. არაერთმა ორგანიზაციამ დაგმო ეს ნაბიჯი, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG