Accessibility links

რა კავშირი აქვს მოსკოვთან უმცროს დონალდ ტრამპს?


უმცროსი დონალდ ტრამპი

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, უმცროსი დონალდ ტრამპი, მამის წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეხვდა რუს იურისტს ისე, რომ წინასწარ ჰქონდა მიღებული ცნობა მოსკოვის ხელში ჰილარი კლინტონის კანდიდატურისათვის საზიანო ინფორმაციის არსებობის შესახებ. რუს იურისტში იგულისხმება ვინმე ნატალია ვესელნიცკაია.

გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" სამ ანონიმურ წყაროს იშველიებს, როცა წერს, რომ უმცროსმა დონალდ ტრამპმა ვესელნიცკაიასთან შეხვედრამდე იცოდა, რომ კრემლს ჰქონდა ინფორმაცია, პოტენციურად საზიანო აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისათვის. ამ წყაროების თანახმად, პუბლიცისტმა რობ გოლდსტოუნმა, რომელიც მონაწილეობდა 2016 წელს უმცროსი დონალდ ტრამპისა და რუსი იურისტის, ნატალია ვესელნიცკაიას, შეხვედრის ორგანიზებაში, უმცროს ტრამპს გაუგზავნა ელექტრონული წერილი, ხოლო წერილში ნათქვამი იყო, რომ კრემლია აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისათვის პოტენციურად საზიანო ინფორმაციის წყარო და რომ ინფორმაცია არის ნაწილი რუსეთის მთავრობის ძალისხმევისა, გააძლიეროს დონალდ ტრამპის კანდიდატურა. ამავე წერილის თანახმად, იურისტი ვესელნიცკაია ამბობდა, რომ ფლობდა ინფორმაციას შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებებზე და ეს ინფორმაცია, შესაძლოა, გამოსადეგად ჩაეთვალა უმცროს ტრამპს.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, რობ გოლდსტოუნის წერილში არ არის მოყვანილი დეტალები, თუ რა კონკრეტულ ზომებს მიმართავდა მოსკოვი - თუ მიმართავდა! - დონალდ ტრამპის კანდიდატურის დასახმარებლად.

ნატალია ვესელნიცკაიამ 11 ივლისს მოსკოვში ამერიკულ მაუწყებელ NBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ არასოდეს ჰქონია ჰილარი კლინტონისათვის „საზიანო“ ინფორმაცია და არა აქვს არანაირი კავშირი კრემლთან. ამასთან, ვესელნიცკაია არ უარყოფს უმცროს დონალდ ტრამპთან შეხვედრის ფაქტს და განმარტავს, რომ სურდა განეხილა „მაგნიცკის აქტი“ - შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევს სანქციები დაუწესოს რუსეთის მოქალაქეებს, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს.

ვესელნიცკაიასთან შეხვედრაში, უმცროსი დონალდ ტრამპის გარდა, მონაწილეობდნენ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, და ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი იმ პერიოდში, პოლ მანაფორტი. შეხვედრა გაიმართა, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, ვიდრე აშშ-ის რესპუბლიკური პარტია ჩაატარებდა ყრილობას პრეზიდენტობის კანდიდატის დასასახელებლად, ხოლო შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა გატეხეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერები და მოიპარეს ათასობით ელექტრონული წერილი.

ახლა მოსალოდნელია, რომ რობ გოლდსტოუნის წერილი - თუ ის მართლაც არსებობს - გასაცნობად მოითხოვონ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ და კონგრესის კომიტეტებმა, რომლებიც იძიებენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და მოსკოვის აგენტებთან დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდის წევრების შესაძლო კავშირს. „ნიუ-იორკ ტაიმსისათვის“ ადრე მიცემულ ინტერვიუში გოლდსტოუნი ამბობდა, რომ არაფერი იცოდა ჰილარი კლინტონისათვის საზიანო ინფორმაციის წყაროს შესახებ. ახლა გოლდსტოუნი ჯერ არ გამოხმაურებია „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

სამაგიეროდ, უმცროსმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ მართლაც დათანხმდა ვესელნიცკაიასთან შეხვედრას ჰილარი კლინტონის კანდიდატურისათვის საზიანო ცნობების შესატყობად.

სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დემოკრატი მარკ უორნერი მეტ ინფორმაციას მოითხოვს: „გასაოცარია, რომ ამ შეხვედრაზე, ჯერ ერთი, აქამდე არაფერი თქმულა, და მეორე: პირველად მოხდა, რომ საზოგადოებამ იხილა აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანია, სულ ცოტა, შეეცადა ინფორმაცია მოეპოვებინა სავარაუდო უცხოელი აგენტისაგან, რომელიც გავლენას მოახდენდა ჰილარი კლინტონის კამპანიასთან დაკავშირებულ ძალისხმევაზე. ხოლო ეს არის მთავარი ვარაუდი, რომელსაც გამოთქვამენ (რუსეთის შესაძლო ჩარევის) მთელი გამოძიების დროს. ჩვენ ახლა მეტი ინფორმაცია გვჭირდება“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა 10 ივლისს.

უმცროსი დონალდ ტრამპი არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი ვაჟიშვილი. ის ამბობს, რომ რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრისას არ მოუსმენია კონკრეტული ინფორმაცია ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის თაობაზე. უმცროსი დონალდ ტრამპის ადვოკატი, ალან ფატერფასი, აცხადებს, რომ მის კლიენტს უკანონო არაფერი ჩაუდენია და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა ჯერ კიდევ წლევანდელ იანვარში წარმოადგინეს დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პირადად პუტინმა გასცა დავალება, განხორციელებულიყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ზემოქმედების კამპანია“ აშშ-ის დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობის შესარყევად, კლინტონის იმიჯის გასაუარესებლად და საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ხელშესაწყობად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG