Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის კონგრესის რეიტინგი რეკორდულ დაბალ მაჩვენებელს გაუთანაბრდა


ვაშინგტონში პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, დღემდე არსებობს ტრადიციები, რაზეც კონგრესი და თეთრ სახლი მუდმივად თანხმდებიან.

წელს ვაშინგტონში სადღესასწაულო განწყობა საშობაო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალით დაიწყო. თუმცა ამავე ქუჩის ბოლოში მდებარე კონგრესის შენობაში ბიუჯეტის თემაზე დებატებმა ეს განწყობა დაჩრდილა. დემოკრატი კანონმდებლები აცხადებენ, რომ რესპუბლიკელების მიერ წამოყენებული პირობა ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ამერიკაში მოზრდილ ბანკებს ახეირებს.

„ძალიან გულგატეხილი ვარ. ეს სიტყვები კონგრესში არასდროს მითქვამს. გულგატეხილი ვარ იმიტომ, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონს სერიოზული ხინჯი ახლავს თან,“ აცხადებსდემოკრატების ლიდერი ნენსი პელოსი.

"ამერიკის პოლიტიკაში მხოლოდ ობსტრუქციული ძალის ჩვენება საკმარისი არ არის. საქმით უნდა დამტკიცდეს ყველაფერი“
უილიამ ჰოველი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი

იმიგრაციის თემამ კონგრესში ბევრი რესპუბლიკელი განარისხა. პრეზიდენტის მიერ ოთხი მილიონი უსაბუთო ემიგრანტის დაცვა და დეპორტაციისგან მათი გადარჩენა, რესპუბლიკელებმა პრეზდიენტის მიერ კონსტიტუციური უფლებამოსილების გადამეტებად ჩათვალეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჩვენ ემიგრაციის საკითხზე პრეზიდენტ ობამას ცალმხრივ ქმედებას გამოწვევით ვუპასუხეთ. ამ გამოწვევაში საზღვრების უსაფრთხოების დასაცავად კონკრეტული ქმედების მოთხოვნაც შედის.“

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რესპუბლიკელებში საემიგრაციო საკითხთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი.

„პარტიის საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა საფუძვლიანი გადაწყვეტილება, რომელშიც გათვლისწინებული იქნება ის ფაქტი, რომ მილიონობით ადამიანის დეპორტაცია და ოჯახების დანგრევა შეუძლებელია. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. თუმცა ბევრი რესპუბლიკელი მიიჩნევს, რომ უკანონოდ შემოსულმა ადამიანებმა აქურობა უნდა დატოვონ,“ ამბობს ანალიტიკოსი სტიუარტ როტენბერგი.

რესპუბლიკელებმა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გაიმარჯვეს და სენატში უმრავლესობა მოიპოვეს. თუმცა როტენბერგი 2015 წელს ოპტიმისტურად მაინც არ უყურებს:

„არჩევნები პრეზიდენტის მიმართ საყვედურის გამომხატველი იყო. როცა რესპუბლიკული პარტია სენატსა და კონგრესზეა პასუხისმგებელი, ამ პარტიის კონკრეტულ მიზნებზე არავინ საუბრობს.“

სხვა ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ რესპუბლიკელებს შედეგების მიღება უნდათ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ჰოველი ამბობს, რომ ისინი შედეგებს აუცილებლად აჩვენებენ:

„მათ უნდა გამოავლინონ ეფექტური მართვის უნარი. ამერიკის პოლიტიკაში მხოლოდ ობსტრუქციული ძალის ჩვენება საკმარისი არ არის. საქმით უნდა დამტკიცდეს ყველაფერი.“

პრეზიდენტი ობამა და ამერიკელი კანონმდებლები სადღესასწაულო დღეებზე დაისვენებენ და მომავალი წელს მწვავე დაპირისპირებისთვის მოემზადებიან.

XS
SM
MD
LG