Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ცდილობს სირიის გამო რუსეთთან შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას


შეერთებული შტატები რუს სამხედროებთან კომუნიკაციის აღსადგენადმუშაობს მას შემდეგ, რაც ამერიკულმა საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის საჰაერო სივრცეში სირიის თვითმფრინავი ჩამოაგდო და მოსკოვმა საპასუხოდ ამერიკელებთან კომუნიკაცია შეწყვიტა. მეტიც: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ის სამიზნედ ჩათვლის ყველა მოძრავ მფრინავ ობიექტს სირიის საჰაერო სივრცის იმ ნაწილში, სადაც მისი თვითმფრინავები მოქმედებენ.

სირიაში, სადაც უკვე ექვსი წელია გრძელდება სამოქალაქო ომი, აშშ და რუსეთი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს. ამიტომ 2015 წლიდან - ანუ მას შემდეგ, რაც სირიის სამოქალაქო ომში რუსეთი ჩაერთო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასახმარებლად - დაწესდა ცხელი ხაზი შემთხვევითი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ახლა რუსეთი აცხადებს, რომ პენტაგონმა ცხელი ხაზი არ გამოიყენა, ვიდრე 18 ივნისს ჩამოაგდებდა სირიის „სუხოი-22“ ტიპის ბომბდამშენს, რის გამოც რუსეთიც, თავის მხრივ, უარს ამბობს ცხელი ხაზით კომუნიკაციაზე.

19 ივნისს რუსეთმა ასევე გამოაცხადა, რომ მისი საზენიტო სისტემები მიზანში ამოიღებს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ყველა თვითმფრინავს ცენტრალურ სირიაში. ამ გაფრთხილებაზე პენტაგონის რეაქცია იყო რეგიონიდან ზოგი თვითმფრინავის გაყვანა. გარდა ამისა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, განაცხადა, რომ მიმართავენ ზომებს რუს სამხედროებთან კომუნიკაციის აღსადგენად.

„ინციდენტი, რომელიც გასული კვირის ბოლოს მოხდა, მოჰყვა (სირიის) რეჟიმის მომხრე ჯარების სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას. ამის შემდეგ რეგიონში „სუხოის“ ტიპის თვითმფრინავი შემოფრინდა. ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ ის პირები გაგვეფრთხილებინა, აღარ მოახლოებულიყვნენ და მერე მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება მიემართა ზომებისათვის, რადგან საფრთხე ექმნებოდა ძალებს, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ზომები, რომლებსაც სირიაში რეჟიმის მხარდამჭერი ძალების წინააღმდეგ მივმართეთ, - და იყო ორი ასეთი კონკრეტული ინციდენტი, - იყო თავდაცვის მიზნით მიღებული ზომები და ჩვენ ამის შესახებ მკაფიო კომუნიკაცია გვქონდა“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა 19 ივნისს ვაშინგტონში. მისივე თქმით, ის ფოკუსირებულია ამოცანაზე, რომ აშშ-მა მიაღწიოს მთავარ მიზანს სირიაში: დამარცხებულ იქნეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“.

„მოხდა ინციდენტი. უნდა ბოლომდე მოვაგვაროთ მასთან დაკავშირებული საკითხები. გვაქვს არხი, რომლითაც ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ მომდევნო საათებში საჭირო იქნება გარკვეული დიპლომატიური და სამხედრო ძალისხმევა, რათა აღვადგინოთ კონფლიქტის თავიდან ასაცილებელი მექანიზმი. და კიდევ ერთხელ: კონფლიქტის თავიდან ასაცილებელი მექანიზმი, რომელიც აქამდე გვქონდა, ჩვენს საერთო ინტერესებშია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, ვებრძოლოთ იმას, ვინც - ყოველ შემთხვევაში, როგორც სირიის რეჟიმის მხარდამჭერი ძალები მიანიშნებენ - არის ჩვენი საერთო მტერი: ვებრძოლოთ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, - განაცხადა გენერალმა დანფორდმა, რომელიც, როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯმდომარე, უმაღლესი რანგის ამერიკელი სამხედრო ოფიცერია.

თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიმართავს ყველა შესაძლო ზომას თავისი ინტერესების დასაცავად და შეინარჩუნებს კომუნიკაციას რუსეთთან.

მოსკოვმა წელს აპრილშიც გადაწყვიტა სირიაში ამერიკელებთან ცხელ ხაზზე უარის თქმა, - კერძოდ, მას შემდეგ, რაც აშშ-მა სარაკეტო იერიში განახორციელა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით თავდასხმაზე პასუხად, - მაგრამ კომუნიკაციის შეწყვეტა ხანმოკლე გამოდგა.

ცხელი ხაზი, რომლითაც ერთმანეთს უკავშირდებიან ამერიკელი სამხედროები ყატარში განთავსებული ბაზიდან დასირიაში მყოფი მათი რუსი კოლეგები, აღიარებულია მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG