Accessibility links

ტრამპის სააღმსრულებლო განკარგულება: დავა გრძელდება


დონალდ ტრამპი

სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ქვეყანაში გარკვეული კატეგორიის უცხოელების შესვლის აკრძალვის კვლავ აღდგენაზე უარი თქვა. პრეზიდენტმა განაცხადა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და გავასაჩივრებთო. სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, უდევს ბინა სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ცხრა შტატს ემსახურება. მათ შორისაა ვაშინგტონის შტატიც, რომელმაც იჩივლა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განკარგულების გამო და რომელიც სიეტლში სასამართლომ გაამართლა. ამას მოჰყვა ტრამპის მიერ 27 იანვარს ხელმოწერილი განკარგულების მოქმედების შეჩერება.

Direct link

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პროკურორებმა სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლოს მიმართეს თხოვნით, კვლავ აამოქმედოს განკარგულება, რადგან, პროკურორების თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება გადაწყვიტოს, ვის შეუძლია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა. დონალდ ტრამპის სააღმსრულებლო განკარგულების თანახმად, 120 დღით შეჩერდა პროგრამა, რომელიც აშშ-ში ლტოლვილების განსახლებას გულისხმობდა, და დაწესდა შვიდი - უპირატესად მაჰმადიანური - ქვეყნის მოქალაქეთა აშშ-ის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში შესვლის აკრძალვა. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ მთელ ქვეყანაში მოქმედებს. სააპელაციო სასამართლომ სწრაფად იმოქმედა და 9 თებერვალს მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, პრეზიდენტისეული აკრძალვის შეჩერება ძალაში დატოვონ. დონალდ ტრამპმა „ტვიტერით“ გაავრცელა თავისი რეაქცია სასამართლოს, მისი თქმით, „სამარცხვინო“ გადაწყვეტილების მიმართ: „სასამართლოში გიხილავთ, ქვეყნის უსაფრთხოების ბედი წყდებაო“. მოგვიანებით კი შემდეგი განაცხადა: „ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მათ სასამართლოში შევხვდები, მოუთმენლად ველი“. პრეზიდენტის მხარის სასამართლოში მარცხს ასე გამოეხმაურა ვაშინგტონის გუბერნატორი, ჯეი ინსლი: „ბატონო პრეზიდენტო, უკვე გიხილეთ სასამართლოში და დაგამარცხეთ“. საპასუხოდ ტრამპის ნათქვამისა, ქვეყნის უსაფრთხოების ბედი წყდებაო, ვაშინგტონის შტატის, ანუ მომჩივანი მხარის, გენერალურმა პროკურორმა ბობ ფეგიუსონმა შემდეგი განაცხადა: „ჩემი აზრით, კონსტიტუციის მომავლის ბედი წყდება. ამის ბედიც წყდება. შეხედეთ: ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ფართო უფლებამოსილებას, როცა საქმე ეხება აღმასრულებელ განკარგულებებს, მაგრამ მათაც დაიცვან კონსტიტუცია“.

სასამართლოზე, რომლის წევრთაგან ორი დაასახელეს დემოკრატმა პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა და ბარაკ ობამამ, ხოლო ერთი - რესპუბლიკელმა პორეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ითქვა, რომ აშშ-ის მთავრობამ, იუსტიციის სამინისტრომ, ვერ მოახერხა წარედგინა დასტური, რომ საჭიროა პრეზიდენტის განკარგულების გატარება და ასევე ვერ დაასაბუთა, რომ სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, განიხილოს საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხები. მოსამართლეთა თქმით, აშშ-ის იმ შტატებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტისეულ აკრძალვას, წარმოადგინეს სერიოზული სამხილი რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ, ასევე არსებითი შეკითხვები კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, მაშინ როცა მთავრობამ ვერ დაასაბუთა, რომ საზოგადოება საფრთხეშია. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის უსაფთხოების დამცველია და ამბობს, „ვითარება ისეთია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ბედი წყდება და სიტუაცია ძალიან, ძალიან სერიოზულია. მოუთმენლად ველი მათთან სასამართლოში შეხვედრასო“. ვაშინგტონის შტატის ზემოხსენებულმა გენერალურმა პოკურორმა კი, ბობ ფეგიუსონმა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობას გაუსვა ხაზი. „როგორც მე ვამბობდი, როგორც ჩვენ ვამბობდით პირველივე დღიდან, ეს კანონები ეხება ყველას ჩვენს ქვეყანაში და, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტსაც“.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა პროკურორმა 7 თებერვალს მოსმენებზე აღნიშნა, რომ იმიგრაციის საკითხები, ისევე როგორც სახელმწიფო უშიშროების სფერო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ პრეზიდენტის, კომპეტენციაში შედის. მოსამართლე მიშელ ფრიდლანდმა პროკურორს მაშინ ჰკითხა, ამტკიცებთ, რომ ამ საქმის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება სასამართლოს განხილვას არ ექვემდებარებაო? ხანგძლივი პაუზის შემდეგ პროკურორმა დადებითად უპასუხა მოსამართლის შეკითხვას.

როგორც ითქვა, პრეზიდენტის განკარგულებით, აშშ-ის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში შესვლის აკრძალვა დაუწესდა შვიდი - უპირატესად მაჰმადიანური - ქვეყნის მოქალაქეებს. სააპელაციო სასამართლომ ამის თაობაზე განაცხადა, რომ მას წარედგინა არაერთი საბუთი, რომ პრეზიდენტს განზრახული ჰქონდა „მაჰმადიანებისთვის აკრძალვის“ განხორციელება, თუმცა თეთრი სახლი იმეორებს, რომ აკრძალვა არ ეხებოდა მათ, ვინც ისლამს მისდევს. ერთი მხრივ, წერია დასკვნაში, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოება და არჩეული პრეზიდენტის უნარი, გაატაროს თავისი პოლიტიკა და, მეორე მხრივ, საზოგადოებისვე ინტერესშია, შესაძლებელი იყოს თავისუფალი მოგზაურობა, არ მოხდეს ოჯახების დაყოფა და თავისუფალი იყოს დისკრიმინაციისგან.

აშშ-ის მთავრობას ახლა 14 დღე აქვს იმისათვის, რომ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს დადგენილება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG