Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ავტორი: ანა ლომთაძე

ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობამ და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს აშშ-ის კონგრესში გამოსვლამ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების თაობაზე.

3 მარტს მოსკოვში ტროეკუროვოს სასაფლაოზე დაკრძალეს ბორის ნემცოვი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და რუსეთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრემიერი. იგი 27 თებერვალს კრემლის მახლობლად ამოუცნობმა პირებმა მოკლეს. მომდევნო დღეს მოსკოვში ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა მსვლელობა, რომელშიც 70 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უცხოეთის პრესაში წერენ, რომ ნემცოვის სიკვდილისთვის პასუხისმგებელი - მორალურად მაინც - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

აი, რას წერს პოლონეთის მემარცხენე-ლიბერალური ინტერნეტგამოცემა „პოლიტიკა ონლაინ“:

„პუტინმა უგულებელყო დასავლეთის პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების რეაქცია ამ დანაშაულზე. არც იმ რუსების უმრავლესობას გაუგია რამე, რომლებიც პუტინს უჭერენ მხარს, რადგან ისინი არც ერთ დასავლურ ენას არ ფლობენ. ამასთან, ისინი არ არიან დაინტერესებული იმით, თუ რას ფიქრობს ხალხი დასავლეთში. ისინი თავიანთ რუსულ სამყაროში ცხოვრობენ და არავითარი დანაშაულის ჩადენის არ ეშინიათ, როგორც თავად პუტინს...არ ვფიქრობთ, რომ ნემცოვის მკვლელობა უშუალოდ კრემლმა შეუკვეთა, მაგრამ პუტინის რეჟიმმა შექმნა ისეთი გარემო, რომელშიც შესაძლებელია მსგავსი დანაშაულის ჩადენა“.

პოლონური „პოლიტიკა ონლაინის“ პოზიციას იზიარებს ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული „სანდეი ტაიმსი“:

„პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ პირადად აიღებს პასუხისმგებლობას მისი ყველაზე მამაცი და დამაჯერებელი მოწინააღმდეგის მკვლელობის გამოძიებისთვის. ეს იგივეა, მელას დაავალო ქათმებს გაუწიოს მეთვალყურეობა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკვე უარყო მკვლელობაში კრემლის როლი და აცხადებს, რომ, შესაძლოა, ნემცოვის მკვლელობა რუსეთის დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. ნემცოვი ისეთი პოლიტიკოსი იყო, რომელიც რუსეთს სჭირდებოდა და დღემდე სჭირდება. ის მოკლეს. ჩვენ შეიძლება ვერც ვერასდროს გავიგოთ, ვინ ესროლა ნემცოვს“.

ავსტრიის მემარცხენე-ლიბერალურ გაზეთ „შტანდარტში“ ვკითხულობთ, რომ კრემლის მიერ კონტროლირებული მედია ამახინჯებს მკვლელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას:

„რუსეთი ახორციელებს ფართომასშტაბიან კამპანიას, რომელიც გულისხმობს ტვიტერის ასობით ანგარიშის გააქტიურებას ორი წინადადების გასავრცელებლად: “ნემცოვი უკრაინელებმა მოკლეს. სავარაუდოდ, მან უკრაინელ კაცს საყვარელი წაართვა“. რაც უნდა აბსურდული იყოს, კრემლის მიზანი არ არის ხალხს ეს ვერსია დააჯეროს. კრემლის მედიასტრატეგია შემდეგში მდგომარეობს: შექმნან ისეთი გარემო, რომელშიც არავის არაფრის სჯერა, რომელშიც ხალხი იფიქრებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და დაიჯერებს აბსურდულ კონსპირაციულ თეორიებს. ეს ეხება არა მარტო რუსებს, არამედ დასავლეთში მცხოვრებ ხალხსაც“.

მიმდინარე კვირაში პრესა უწინდებურად აშუქებდა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს კიევის ძალებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის. პოლონეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „რეჩპოსპოლიტა“ 2 მარტის ნომერში წერდა, „9 თვის წინ შემოღებული ემბარგოს მიუხედავად, ჩეხები მოსკოვს აწვდიან მსოფლიოში საუკეთესო იარაღსო“. გამოცემის ჟურნალისტების მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, რუსმა მონადირეებმა ოფიციალურად შეუკვეთეს იარაღი, რომელიც მოიცავს აშშ-ისა და გერმანიის წარმოების შეიარაღებას - იმ ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც იყენებენ აშშ-ის საზღვაო ძალები და დანაყოფი „დელტა“. გამოცემა გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ იარაღს, რომელსაც რუსეთს ჩეხეთის რესპუბლიკა მიაწვდის, რუსები გამოიყენებენ არა მხოლოდ უკრაინის არმიის წინააღმდეგ, არამედ პროვოკაციების მოსაწყობადაც, ვინაიდან მოსკოვს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი აჩვენოს, რომ ვაშინგტონი უკრაინელებს მალულად აწვდის იარაღს. ეს ამბავი კიდევ უფრო თავზარდამცემია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ვერც ერთმა წევრმა ქვეყანამ ვერ გაბედა ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება.

ამ დღეებში შვეიცარიის ქალაქ მონტროში იმართებოდა მოლაპარაკება აშშ-სა და ირანს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამაზე. 4 მარტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ ჩავიდა ამერიკაში, სადაც კონგრესში გამოვიდა სიტყვით და მწვავედ გააკრიტიკა ეს მოლაპარაკებები. ეს გამოსვლა არ იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეთანხმებული. ნეტანიაჰუ ირწმუნება, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს და გზა გაუხსნას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას. ნეტანიაჰუს გამოსვლის მიმართ უცხოეთის პრესას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს.

იტალიის მემარცხენე-ლიბერალური გაზეთი „რეპუბლიკა“ წერს:

„უცხოელი ლიდერი აშშ-ის კონგრესს იკავებს და მასპინძელი მთავრობის კრიტიკით თავისი საარჩევნო კამპანიის ტრიბუნად იყენებს. ისტორიკოსები მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევის გახსენებას თუ შეძლებენ, როცა უინსტონ ჩერჩილი, ფაშიზმის წინააღმდეგ ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე, გამოვიდა კონგრესში სიტყვით. ეს ყველაფერი ნეტანიაჰუმ მოახლოებული არჩევნებისთვის გააკეთა, მაგრამ მას ეს ძვირად დაუჯდება. ნეტანიაჰუს გამოსვლა დააზარალებს ისრაელის ურთიერთობას აშშ-თან. ოპოზიციონერი რესპუბლიკელების მიერ ნეტანიაჰუს კონგრესში მიწვევა დაგმო აშშ-ის მოსახლეობის ნახევარმა“.

„რეპუბლიკასგან“ განსხვავებით, ჩეხეთის ბიზნესგამოცემა „ჰოსპოდარსკე ნოვინი“ ამართლებს ნეტანიაჰუს პოლიტიკას:

„ამერიკა ნელ-ნელა დანებდა ირანს. ორი წლის წინ ობამამ მტკიცედ გამორიცხა ბირთვული იარაღის მქონე ირანის არსებობა, თუმცა, სინამდვილეში, ბირთვული პროგრამა არ გაჩერებულა. ის, უბრალოდ, შენელდა. ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო ნაწილი არ არის საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, რადგან ამას თავად ირანის მთავრობა ეწინააღმდეგება. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ისრაელი და, სავარაუდოდ, საუდის არაბეთი და ახლო აღმოსავლეთის სხვა სუნიტური ქვეყნებიშეშფოთებული არიან. ნეტანიაჰუს კონგრესში გამოსვლისას, რასაკვირველია, იყო უადგილო კომენტარებიც, მაგრამ ის საფრთხეები, რაზეც მან ისაუბრა, ძალიან რეალურია“.

ნეტანიაჰუს კონგრესში გამოსვლის თაობაზე აზრი გაიყო ამერიკულ პრესაშიც. „ფოქსნიუსმა“, „მაქსინიუსმა“ და სხვა კონსერვატიულმა გამოცემებმა დიდწილად მოიწონეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და „პოლიტიკომ“ კი, პირიქით. „ვაშინგტონ პოსტი“ ორივე დამოკიდებულებას აერთიანებს. ამ გაზეთში ერთდროულად ვაწყდებით სტატიებს, სათაურით „ხუთი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მიმართოს ნეტანიაჰუმ კონგრესს“ და „ნეტანიაჰუს მიმართვა არ ისახავდა მიზნად ობამას შეურაცხყოფას“.

XS
SM
MD
LG