Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 2 მაისი


ავტორი: ანა ლომთაძე

ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამმა თემამ: შავკანიანთა ამბოხებამ აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, დამანგრეველმა მიწისძვრამ ნეპალში და 1 მაისმა, მშრომელთა საერთაშორისო დღემ.

25 აპრილს ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 204-ს მიაღწია. ნეპალის მთავრობის ბოლოდროინდელი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება 13 932-მა ადამიანმა მიიღო. გაერო კი იუწყება, რომ მიწისძვრისგან დაზარალდა 8 მილიონი ადამიანი, ნეპალის მოსახლეობის მეოთხედი.

აი, რას წერს მომხდარზე დიდი ბრიტანეთის გაზეთი “გარდიანი”:

“ბედის ირონიით, სულ რაღაც ერთი კვირის წინ წამყვან სეისმოლოგთა საერთაშორისო ჯგუფი კატმანდუში შეიკრიბა, რათა ემსჯელათ ზოგადად მიწისძვრებთან გამკლავების გზებზე. ეს გულისხმობს როგორც უფრო მდგრადი შენობების აგებას, ისე ქვეყნის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ამ მხრივ, საგრძნობლად ჩამორჩება ნეპალი, სადაც ათი წელი სამოქალაქო ომი იყო და ჯერ ათი წელიც არ არის, რაც მშვიდობამ დაისადგურა. ყველაფერი ეს ძალიან ართულებს ნეპალის ორი მეზობლის, ინდოეთისა და ჩინეთისგან იმ დახმარების გაწევას, რომელიც ამ ქვეყნისთვის აუცილებელია. ნეპალის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება იმ ქვეყნებისგან გაწეული დახმარების კოორდინირება, რომლებიც არ არიან მიჩვეული ერთად მუშაობას”.

პეკინში გამომავალი გაზეთი "რენმინ რუბაო” ნეპალის მთავრობას აკრიტიკებს:

“მიწისძვრის შედეგად ამდენი ადამიანის სიკვდილი აიხსნება ქვეყნის შეზღუდული შესაძლებლობით, მიიღოს შესაბამისი ზომები ასეთ კატასტროფასთან გამკლავებისას. ამ რეგიონში ხშირად ხდება მსგავსი მიწისძვრები და მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ უკეთ დაიცვას თავისი მოსახლეობა”.

მიიღო თუ არა ნეპალმა დროული გაფრთხილება მიწისძვრის შესახებ? ჩეხეთის გაზეთი “ლიდოვე ნოვინი” წერს, რომ არა:

“იმიტომ რომ თანამედროვე მეცნიერების მიღწევებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. როდესაც ერთი კვირის წინ სეისმოლოგების ჯგუფი კატმანდუში იმყოფებოდა, ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა აზრი, რომ ქალაქი მიწისძვრის საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა კონკრეტული თარიღის დადგენა ვერავენ შეძლო”.

გაერომ 28 აპრილს გამოაცხადა, რომ 15 მილიონ დოლარს გამოყოფს საგანგებო ფონდიდან ნეპალში სამაშველო ოპერაციების დასაწყებად. მეზობელი ჩინეთისა და ინდოეთის გარდა, შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონ დოლარამდე გაზარდა ნეპალისთვის დასახმარებლად განკუთვნილი რესურსები. დახმარების მიწოდება ყველაზე რთული რჩება მაღალმთიან რეგიონებში.

28 აპრილს აშშ-ის მერილენდის შტატის გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქალაქ ბალტიმორში. წინა დღეს, ფრედი გრეის - შავკანიანი მამაკაცის, რომელიც პოლიციაში დაკავებისას დაიღუპა - დასაფლავების შემდეგ, მეამბოხეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და შენობებს. ისინი პროტესტს გამოხატავდნენ ამერიკაში შავკანიანებზე პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ.

აშშ-ში გამომავალ ჟურნალ "ატლანტიკში" ვკითხულობთ:

"როდესაც ხდება არაძალადობრიობის ქადაგება, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოლიტიკური სისასტიკის შედეგები, ის თავის თავს ეწინააღმდეგება. როცა არაძალადობრიობა თავს იჩენს მაშინ, როცა აგრესორი შუაგულ ომში ტაიმ-აუტს ითხოვს, ის თავს ფანდად ამჟღავნებს. ხოლო როცა სახელმწიფო მოუწოდებს მოქალაქეებს არაძალადობრივი ქმედებებისკენ და, იმავრდოულად, ფართოდ მიმართავს ძალადობას თავისივე მოქალაქების მიმართ, ის თავს ავლენს როგორც თვალთმაქცი. და ყოველივე ეს არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ამბოხი ან ძალადობა "სწორი" ან "ბრძნულია". ისევე როგორც არ შეიძლება ტყეში გაჩენილი ხანძარი იყოს "სწორი" ან "ბრძნული". დღეს საქმე სიბრძნეს არ ეხება. უპატივცემულობას - ეხება. ამ შემთხვევაში - უპატივცემულობას შინაარსს მოკლებული კანონისა და იმ მოშლილი წესრიგის მიმართ, რომელიც ასე რეგულარულად იჩენს უპატივცემულობას თემის მიმართ".

"ვაშინგტონ პოსტი" კი წერს:

"პრობლემები 2 800-კაციან პოლიციის განყოფილებაში, რომელიც ამ ქვეყანაში სიდიდით მერვეა, ღრმადაა ფესვგადგმული. ფრედი გრეის სიკვდილი საზარელი მტკიცებულებაა იმის, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი. გასათვალისწინებელია არა მხოლოდ პოლიციის მარცხი, არამედ ასევე იმ უბნების არსებობა, რომლებიც მიგდებულია, რათა სასოწარკვეთაში განადგურდეს. ყველაზე მთავარი, რისი ნაკლებობაცაა ბალტიმორში, ეს არის იმის განცდა, რომ სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის სამართლიანობაზე ხელი ყველას ერთნაირად მიუწვდება".

რას წერენ ამერიკის მოვლენებზე ევროპის პრესაში ?

ავსტრიის გაზეთ "შტანდარტში "ვკითხულობთ :

"პოლიციის მხრიდან შავკანიანებზე ძალადობა ახალი ამბავი არ არის. შვიდი წლის წინ პირველი შავკანიანის, ბარაკ ობამას, პრეზიდენტად არჩევამ დიდი მოლოდინი გააჩინა, მაგრამ ის ვერ გამართლდა – ეს ახლა კიდევ უფრო მწარედ გამოჩნდა. ამასთან, სიტუაციას ამძიმებს ეკონომიკური მდგომარეობაც. განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის სულ უფრო იზრდება და ქმნის დაბალ ფენას, რომელსაც არა აქვს წინსვლის საშუალება. პოლიციის მიმართ რისხვაც ამ ღრმა უიმედობის გამოხატულებაა".

დაბოლოს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 1 მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე, აღინიშნება პროფკავშირების, პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა თვითორგანიზებული ჯგუფის პარადებითა და დემონსტრაციებით. საფრანგეთის მემარცხენე გაზეთი "მარიანი" ამ დღის თანამედროვე აღნიშვნის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი:

"კლასებს შორის სოლიდარობა უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და გლობალიზაციამ ის სულ მთლად მოაშთო. დღეს მხოლოდ იმ ძველი რიტუალების რეინკარნაციაღა რჩება, რომლისაც აღარვის სჯერა. მაგრამ ის ნოსტალგია, რომელიც 1 მაისის პარადთან არის დაკავშირებული, შემოქმედებითობასა და მომავალზე ფოკუსირებას ხელს არ უწყობს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG