Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში კვლავაც ბევრი დაიწერა სირიის კრიზისზე. ავსტრიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „შტანდარტი“ 20 დეკემბრის ნომერში სირიის ომის თაობაზე რეზოლუციის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს შეთანხმებაზე წერდა: „სირიის შესახებ უკვე იყო რეზოლუცია, რომელიც ეხებოდა ჰუმანიტარულ საკითხებს და სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას, მაგრამ ამ დრომდე სრულიად შეუძლებელი იყო კონფლიქტთან მიმართებით ისეთი პოლიტიკური მიდგომის შემუშავება, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც აშშ-სთვის, ისე რუსეთისთვის. ... ახლა მფარველებს მოუწოდებენ თავიანთი პროტეჟეები ჩართონ საქმეში: რუსეთმა - ირანი და სირიის რეჟიმი, სპარსეთის ყურის სხვადასხვა სახელმწიფომ და თურქეთმა - „თავიანთი“ მეამბოხეები. ახლა არ არის გადაჭარბებული ოპტიმიზმის დრო, მაგრამ უშიშროების საბჭოს ამ რეზოლუციაში გამოხატული რუსულ-ამერიკული ნება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ეს 2012 წლის ჟენევის კომუნიკეში იყო, რასაც ეს რეზოლუცია ეფუძნება“.

ფინეთში გამომავალი ლიბერალური ყოველდღიური გაზეთი “სავონ სანომატი” 21 დეკემბერს წერდა, შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, სირიაში მშვიდობის დამყარების გზა გრძელი და დამღლელი იქნებაო: „რეზოლუცია აძლიერებს მცდელობას მიღწეულ იქნეს ზავი ომში, რომელსაც უკვე შეეწირა ასიათასობით ადამიანი. და თუ ზავი მართლაც ამოქმედდება, პრეზიდენტი ასადი, როგორც ჩანს, მონაწილეობას მიიღებს გარდამავალ მთავრობაში. თუმცა წარმოუდგენელია მისი ჩართულობა დიდხანს გაგრძელდეს: სირიის რეკონსტრუქცია სულ თავიდან უნდა დაიწყოს. მშვიდობის დამყარება რთული და კომპლექსური საქმეა და ზავის მიღწევა არ იქნება იმის ნიშანი, რომ ომი მართლაც დასრულებულია. საუკეთესო შემთხვევაშიც ამას რამდენიმე წლის განმავლობაში დასჭირდება მუშაობა“.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი „დოიჩლანდფუნკი“ 21 დეკემბერს თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში წერდა, ევროკავშირმა უნდა დაასრულოს ერდოანის ბრძოლა ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგო: „თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მცხოვრები ქურთები უმწეო მდგომარეობაში არიან: მთელი მსოფლიოსგან მივიწყებულებს, მათ უტევს საკუთარი მთავრობა. ‘სად არის ევროპა?’ - უჩნდებათ ლეგიტიმური შეკითხვა, რადგან სანამ ბრიუსელში ან ბერლინში რომელიმე პოლიტიკოსს საკმარისი გამბედაობა აღმოაჩნდება საიმისოდ, რომ თურქეთის მთავრობას გამაფრთხილებელი სიტყვებით მიმართოს, ან, კიდევ უკეთესი, კონფლიქტის ზონაში დამკვირვებლები და შუამავლები გაგზავნოს, ერდოანი მიიჩნევს, რომ სრული სისასტიკით შეუძლია გააგრძელოს თავისი ბრძოლა. ამის შედეგად ძალადობის სპირალი კიდევ უფრო გაფართოვდება და კვირიდან კვირამდე თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში ათობით ადამიანი დაიღუპება“.

პოლონეთში გამომავალი ლიბერალური „გაზეტა ვიბორჩა“ 23 დეკემბერს მოახლოებულ შობის დღესასწაულზე და მასთან დაკავშირებულ საყიდლების ციებ-ცხელებაზე წერდა. პოლონეთში საკვების მხოლოდ სამმა ქსელმა გაითვალისწინა პროფკავშირების მოწოდება შობის წინა საღამოს, 24 დეკემბერს, მაღაზიები 2 საათზე დაიკეტოს. პოლონეთში 24 დეკემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და მაღაზიები 9 ან 10 საათამდეა ღია. გამოცემა წერდა, რომ ვაჭრობის საათების შემცირება ზოგად წესად უნდა იქცეს: „კაპიტალიზმში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში განვავითარეთ, მივეჩვიეთ ფიქრს, რომ ხანგრძლივი სავაჭრო საათები აუცილებელი ნაწილია ჩვენი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა, მაგრამ, როგორც მომხმარებელი, მაინც რას დავკარგავთ, თუ მაღაზიები ასე გვიანობამდე არ იმუშავებს და, მაგალითად, მხოლოდ 2 საათამდე იქნება ღია? არაფერს. ყველაზე უარეს შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანი ვერ იყიდის კვერცხს, რომელიც რაღაც კერძის გასაკეთებლად სჭირდება, ან რამე სხვას, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს დიდ აუცილებლობას. თან, ასეთ შემთხვევებში, შეძლებთ, უბრალოდ, მეზობელს სთხოვოთ, რაც გჭირდებათ, ის პროდუქტი თუ ნივთი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG