Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესა ბევრს წერდა ევროკავშირის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, იყო ბრექსიტი - ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების თაობაზე, რადგან ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკება. ჟურნალისტები წერდნენ, რომ კვლავაც გაურკვეველი რჩება ბრიტანეთის სამომავლო კურსი, ის, თუ რა ბედი ეწევათ ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს, და აღნიშნავდნენ, რომ ამ მიზეზით ბრიტანეთს ბევრი პირი ტოვებს. შვეიცარიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი“ 23 ივნისის ნომერში წერდა, ბრექსიტის რეფერენდუმიდან უკვე ერთი წელიწადი გავიდა და ეს პერიოდი, პრაქტიკულად, დაიკარგა და ბრიტანეთის მომავალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კვლავაც არ არის მიღებულიო „ამის სიმპტომი იყო ის ბანალური დაპირებები, რომლებსაც პოლიტიკოსები ამომრჩეველს აძლევდნენ საარჩევნო კამპანიისას, ხოლო შედეგმა - როცა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა - ვერ წარმოშვა მანდატი, მით უფრო ისეთი მანდატი, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის პროცესს ესაჭიროებოდა. შესაბამისად, განწყობა, რომელიც გამეფდა, ღრმა დაუცველობაა. ბრიტანეთის ახალ ისტორიაში სამომავლო კურსის შესახებ ასეთი გადაუწყვეტელი ვითარება არ ყოფილა ასეთი მნიშვნელობის საკითხთან მიმართებით“.

იტალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ბიზნესგამოცემა „ილ სოლე ვენტიკვატრო ორე“ 23 ივნისს წერდა: „მეგობრებს შორის საუბრებში უკვე ფერმკრთალდება ლონდონზე ოცნება - იქნება ეს ლუდის პაბებში თუ სამსახურში. ელისაბედის სამეფოს დატოვების სურვილი მოულოდნელად მატულობს - იმ ფონზე, როცა კონტინენტზე იკლებს პოპულისტური ტალღა, ეკონომიკური ზრდა დაბრუნდა, გირვანქა კი ეცემა. ... ათწლეულების შემდეგ, როგორც ჩანს, ვითარება იცვლება და ახლა ხალხი ბრიტანეთიდან კონტინენტისკენ მიდის. ბრიტანეთის მთავრობამ იმედები გააცრუა და არასტაბილურობა დამღლელია“.

ლატვიაში მოქმედი რუსულენოვანი ონლაინგამოცემა TVNet-ი 21 ივნისს წერდა, ევროპაში შიში ქრებაო. „ევროკავშირს არასოდეს გამოუცდია ისეთი პანიკა, როგორმაც აქ ერთი წლის წინ დაისადგურა. ის ბრექსიტის რეფერენდუმით დაიწყო, თვიდან თვემდე იზრდებოდა და დონალდ ტრამპის გამარჯვებით პიკს მიაღწია. მაგრამ ახლა - ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში - ის იკლებს. უკვე აღვადგინეთ დანაკარგი? ... ეს მხოლოდ წარმავალი განწყობა იყო, რომელმაც რამდენიმე თვეში გადაიარა? ... იქნებ ისიცაა, რომ საკუთრივ ვითარება არ შეცვლილა ისე ძალიან, როგორც მის მიმართ ევროპელების განწყობა შეიცვალა. ბოლოს და ბოლოს, როგორც ვიცით, გამარჯვება უფრო ადვილია მაშინ, როცა არ გეშინია. და დღეს ევროპას აღარ ეშინია“.

ჰოლანდიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „ვოლკსკრანტი“ 23 ივნისს საფრანგეთის ახალ პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე, წერდა: „საფრანგეთის პრეზიდენტი მშვიდი, მაგრამ მობილიზებული ჩანს, როცა წითელ ხალიჩას მიუყვება. კაცი, რომელმაც იცის, რა სურს - საფრანგეთშიც და ევროპაშიც. თითქოს მხსნელი გამოჩნდა. ... მაგრამ მიაღწევს თუ არა მაკრონი წარმატებას ევროპაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს ის საფრანგეთში. გერმანიას სურს, მან გაარღვიოს იქ არსებული მყარი სტრუქტურები, რეფორმა გაატაროს შრომის ბაზარზე და შეამციროს ვალი. ამას თუ ვერ შეძლებს, ანგელა [მერკელის] თბილი დამოკიდებულებაც შეიძლება შეიცვალოს და, შესაძლოა, ევროპაში სწრაფად შეიქმნას მისი საწინააღმდეგო განწყობა“.

ავსტრიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „პრესსე“ 23 ივნისს წერდა, ბრიუსელის დღევანდელი თავდაჯერებული განწყობა მაინც ნაადრევიაო: „ნებისმიერს, ვისაც აქვს რაიმე ხიფათიდან უვნებლად გადარჩენის გამოცდილება, ესმის, რას გრძნობს ხალხი ახლა ბრიუსელში: ყოვლისმომცველ შვებას. ახლა ევროპაში შექმნილი სიტუაცია უკვე ერთ დიდ მშენებარე ობიექტს ჰგავს. მიგრაცია, ტერორი, ევროს კრიზისი, სავაჭრო პოლიტიკა, საბიუჯეტო დისციპლინა, კანონის უზენაესობის დაცვა ევროკავშირის აღმოსავლეთში, რესურსების მიგრანტებზე გადანაწილება - სადაც უნდა გაიხედო, ყველგან სასწრაფოდ გადასაწყვეტ ამოცანას დაინახავთ. ... ამ ეტაპზე ევროკავშირს ბევრი შესაძლებლობა გამოუჩნდა ბრექსიტით, საფრანგეთში ემანუელ მაკრონის გამარჯვებით და გერმანიაში ანგელა მერკელის სულ უფრო სავარაუდო ხელახალი არჩევით, მაგრამ რამდენად მოხერხდება ამ შესაძლებლობების გამოყენება, ეს ჯერ კიდევ ცნობილი არ არის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG