Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის მოლოდინში


ბრალდებულები მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში
ბრალდებულები მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში

მოსკოვის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები ემზადებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რუსეთის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად. ბორის ნემცოვი ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ, 2015 წლის 27 თებერვალს, მოკლეს მოსკოვში.

მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში საბრალდებო სკამზე ზის ხუთი მამაკაცი, ხუთივე ჩეჩნეთის მკვიდრი და ხუთივე ირწმუნება, რომ უდანაშაულოა.

გადმოწერა

„ვზივარ დარბაზში, ვისმენ მხოლოდ სიტყვებს: დამნაშავეა, დამნაშავეო... არადა, ერთი მტკიცებულებაც არ არის! ასეთი წამების მერე, ვინ იტყვის უარს აღიარებაზე? აი, ამის თქმა მინდა“ - ეს სიტყვები 27 ივნისს წარმოთქვა შახრუდი დადაევმა, რომელიც დანარჩენ ოთხ ჩეჩენთან ერთად არის ბრალდებული ბორის ნემცოვის მკვლელობაში - კერძოდ, შეკვეთის შესრულებაში. შახრუდი დადაევის ძმას, ზაურ დადაევს ბრალად ედება, რომ 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა ნემცოვს.

„რასაკვირველია, ნემცოვს პატივს ვცემთ და ვცემდით. და ჩემი ძმა არასოდეს წავიდოდა იმაზე, რომ ზურგში ესროლა შეუიარაღებელი ნემცოვისათვის. ეს მთელმა ჩეჩნეთმა იცის“, - განაცხადა შახრუდი დადაევმა. ის და კიდევ სამი ბრალდებული, პროკურატურის თანახმად, სხვადასხვა დავალებას ასრულებდა: იშოვეს იარაღი, დაგეგმეს დანაშაული და ა.შ. კიდევ ერთ ჩეჩენს, რუსლან მუხუდინოვს, დაუსწრებლად ასამართლებენ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით.

მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები 28 ივნისს, უკვე მეორე დღეს, შეიკრიბნენ ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ვერ შეძლეს ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე მისვლა სამ საათში, რაც კანონით გათვალისწინებული ვადა იყო. სხდომა 29 ივნისს განახლდება. ნაფიცმა მსაჯულებმა ახლა უბრალო უმრავლესობით უნდა უპასუხონ 26 შეკითხვას.

ბრალდებულების ადვოკატმა რუსეთის მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ, სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი დღე გაივლის, ვიდრე ვერდიქტი გამოცხადდება.

მთავარი შეკითხვა, რომელსაც ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა უპასუხონ, არის ის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნევენ თუ არა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბატალიონ „სევერის“ ყოფილ წევრს, ზაურ დადაევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიების თანახმად, სწორედ მან ესროლა ნემცოვს.

არადა, ნემცოვის ქალიშვილი ჟანა და მისი ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ ნემცოვის მკვლელობა არ გახსნილა და რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს. ეს ვარაუდი 27 ივნისს კვლავ გამოთქვა ნემცოვის ოჯახის ადვოკატმა, ვადიმ პროხოროვმა.

„რასაკვირველია, ბრალდებულის სკამზე მსხდომთაგან, ჩვენი აზრით, ყოველ შემთხვევაში, ზოგს მართლაც აქვს გარკვეული კავშირი ამ მკვლელობის შესრულებასთან და, ასე თუ ისე, რაღაც მტკიცებულებები არსებობს. მაგრამ ის, რომ არ არიან არც ორგანიზატორები, არც შემკვეთები - ეს არის ქვეყნის ხელმძღვანელობის სავსებით მკაფიო, ნათელი პოზიცია: რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააგრძელო ქექვა რამზან კადიროვის მიმართულებით და, შესაძლოა, უფრო ზემოთაც“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოსთან, სადაც ნაფიცი მსაჯულები ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად ემზადებიან.

სასამართლოს შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქციაც. მის მონაწილეებს შორის იყო ვლადიმირი: „რაც შეეხება ჩვენში ოპონენტების, ოპოზიციონერების მკვლელობებს, ყველა საქმე ერთნაირი სცენარით მთავრდება: იპოვიან ხოლმე შემსრულებლებს, ხოლო შემკვეთებსა და ორგანიზატორებს ან ვერ პოულობენ, ან დანიშნავენ ხოლმე. ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომელიც წინასწარ სადღაც დაიწერა, რეჟისორის მიერ დაიდგა“.

ამასობაში, ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი. ის დაეთანხმა შეფასებას, რომ არ დაუდგენიათ, ვინ გასცა დავალება ნემცოვის მკვლელობის შესახებ. პესკოვის თქმით, ასეთი საქმეები ყველაზე რთული გასახსნელია და პროცესს, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG