Accessibility links

ვინ მოკლა რუსეთიდან გაქცეული ყოფილი დეპუტატი


დენის ვორონენკოვის საფლავი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ 9 ოქტომბერს გააკეთა განცხადება, რომელიც ეხება კიევში წელს მარტში მომხდარ გახმაურებულ თავდასხმას: რუსეთიდან გაქცეული ყოფილი დეპუტატისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტის, დენის ვორონენკოვის, მკვლელობას. უკრაინის გენერალური პროკურორის ხელთ არსებული ინფორმაციით, ვორონენკოვის მკვლელობასთან კავშირი აქვთ მისი ქვრივის ყოფილ ქმარსა და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს. ლუცენკოს განცხადება მიჩნეულია გარღვევად ყოფილი დეპუტატის მკვლელობის გამოძიებაში.

ვორონენკოვი 23 მარტს, დღისით, კიევის ცენტრში გამოასალმეს სიცოცხლეს. რადიო თავისუფლებამ იმავე დღეს გაავრცელა ცნობა, რომ ვორონენკოვი მოკლეს, როცა მიდიოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ასევე ყოფილ წევრთან, ოპოზიციონერ ილია პონომარიოვთან, შესახვედრად. როგორც იუწყებიან, თავდამსხმელმა, სულ ცოტა, რვაჯერ ესროლა 45 წლის ვორონენკოვს. მომხდარი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. თავდასხმაში ბრალდებული პირი, უკრაინის მოქალაქე პავლო პარშოვი, კიევის საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ვორონენკოვის მცველმა. უკრაინის გენერალური პროკურორის 9 ოქტომბრის განცხადებით, პარშოვს ჰყავდა თანამზრახველებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ივლისში იქნა დაკავებული.

დენის ვორონენკოვის მკვლელობის ადგილი
დენის ვორონენკოვის მკვლელობის ადგილი

ამას გარდა, უკრაინელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მკვლელობა მოხდა ვინმე ვლადიმირ ტიურინის დავალებით, ხოლო ტიურინი არის კრიმინალური ავტორიტეტი, რომელსაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აკონტროლებს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრის მკვლელობის მიზეზად მიჩნეულია ჩვენება, რომელიც მან მისცა უკრაინელ გამომძიებლებს 2013-2014 წლების მოვლენებზე. უკრაინის გენპროკურორის ვერსიით,მოსკოვში შიშობდნენ, რომ დენის ვორონენკოვი მოწმის რანგში ჩვენებას მისცემდა საერთაშორისო სასამართლოებს. ამას გარდა, ლუცენკოს ინფორმაციით, ტიურინს პირადი მოტივებიც ამოძრავებდა: წარსულში ის დაქორწინებული იყო მარია მაქსაკოვაზე, რომელიც მოგვიანებით ვორონენკოვის ცოლი გახდა. მაქსაკოვა - თვითონაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი - საჯაროდ ჯერ არ გამოხმაურებია უკრაინის გენპროკურორის განცხადებას.

ახლა კიევი რუსეთისაგან მოითხოვს ვლადიმირ ტიურინის ექსტრადიციას, თუმცა თავად ტიურინი უარყოფს მკვლელობასთან კავშირს და ბრალდებას „აბსურდად“ მიიჩნევს. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ მოჰყავს ადვოკატ სერგეი ბელიაკის განცხადება, რომ ვორონენკოვი მოკლეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა იმის იმედით, რომ „უკრაინის ხელისუფლება მას გამოიყენებდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ბრალდებებისათვის“.

23 მარტს კიევში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრის მკვლელობას იმავე დღეს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელმაც თავდასხმას უწოდა „რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG