Accessibility links

WHO - "სოლიდარობის" გამოკვლევებში მონაწილეობა შეუძლია ყველა ქვეყანას


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის ოფისის საგანგებო ვითარებათა უფროსმა ოფიცერმა კეთრინ სმოლვუდმა 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა საქართველოს მონაწილეობაზე WHO-ს მიერ კოორდინირებულ კვლევით ინიციატივაში - „სოლიდარობა“ (Solidarity). საქართველომ გამოხატა ინტერესი კლინიკურ გამოკვლევებში ჩართვის შესახებ.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას - რა კრიტერიუმით შეირჩა საქართველო ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის, კეთრინ სმოლვუდმა უპასუხა, რომ კლინიკურ გამოკვლევებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია ყველა ქვეყანა:

„Solidarity-ს კვლევის არსი ის არის, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია მასში მონაწილეობა. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა ქვეყანა, რომ გამოხატონ ინტერესი და გაიარონ დამტკიცების პროცესი WHO-ში, გამოკვლევისადმი სისტემური და სტანდარტიზებული მიდგომის უზრუნველსაყოფად. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეგროვდეს მონაცემები გამოკვლევაში ჩართული ყველა პაციენტის შესახებ და გლობალური შეფასებისას ყოველ მათგანზე ინფორმაციის გამოყენება იყოს შესაძლებელი. ეს შეფასება პაციენტების ძალიან დიდ რაოდენობას დაეფუძნება და შედეგად მივიღებთ სანდო და მყარ მონაცემებს“.

კეთრინ სმოლვუდმა შეაფასა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა და განაცხადა:

„ვხედავთ დადებით ნიშნებს ბევრი ქვეყნიდან, განსაკუთრებით მათგან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხო COVID-19 ევროპის რეგიონში. ვხედავთ დადებით ნიშნებს იმ ქვეყნებიდანაც, რომლებმაც ადრეული ზომები მიიღეს - როგორიც საქართველოა, სადაც ვხედავთ შემთხვევების შედარებით მცირე რაოდენობას ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ვხედავთ, რომ ქვეყნები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთისგან.

რაღაც დროს უკან გავიხედავთ იმის შესაფასებლად, რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთესად. WHO ამას გააკეთებს. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, განახორციელონ მოქმედებების შემდგომი ანალიზი, როცა ამის დრო მოვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG