Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირს შორის


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ასოცირების ხელშეკრულება, რომლითაც უნდა განმტკიცდეს ურთიერთობა უკრაინასა და ევროპის კავშირს შორის. ამ შეთანხმების გაფორმებას წინ უძღოდა მღელვარე პოლიტიკური მოვლენების ოთხწლიანი პერიოდი.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ფეისბუკით გაავრცელა მისალოცი ტექსტი. ხელშეკრულების ამოქმედება არის „მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მომავლის განმტკიცებისკენ, რომელიც ავირჩიეთ ღირსების რევოლუციითო“, – დაწერა მან. პოროშენკოს მხედველობაში ჰქონდა საპროტესტო ტალღა, რომლითაც დაემხო ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა – მას შემდეგ, რაც მან 2013 წელს გააუქმა ევროკავშირთან ამ ხელშეკრულების გაფორმების გეგმა.

ევროპის პარლამენტის წევრმა, გერმანელმა პოლიტიკოსმა ელმარ ბროკმა რადიო თავისუფლების ბრიუსელელ კორესპონდენტთან საუბარში ასე შეაფასა ხელშეკრულების მნიშვნელობა: „ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ის მოწმობს, რომ ეს სტაბილური ქვაკუთხედია – ურთიერთობა, რომელიც უკრაინას ევროპასთან აახლოებს და ევროპას უკრაინასთან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ამ ხელშეკრულებას მოსდევს, უმნიშვნელოვანესია უკრაინის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის“.

თავდაპირველი გეგმით, ხელშეკრულებისთვის 2013 წლის ნოემბერში უნდა მოეწერა ხელი ვიქტორ იანუკოვიჩს. თუმცა, მოსკოვის ზეწოლით, მან ეს ნაბიჯი გადაიფიქრა – რითაც ბიძგი მისცა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც მისი მთავრობის დამხობა მოიტანა. 2014 წლის თებერვლიდან იანუკოვიჩი რუსეთში იმყოფება.

შემდეგ ხელისუფლებაში პოროშენკო მოვიდა – ბიზნესმენი და პროდასავლელი პოლიტიკოსი – და მან მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის ივნისში.

მაგრამ შეთანხმება – რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა ესაჭიროებოდა – რატიფიკაციის გარეშე იყო დარჩენილი მას შემდეგ, რაც 2016 წლის აპრილში, არასავალდებულო რეფერენდუმზე ის ჰოლანდიელი ამომრჩევლის 61-მა პროცენტმა უარყო.

დეკემბერში ჰოლანდიის მთავრობა შეეცადა განემუხტა ქვეყნის მოქალაქეების შეშფოთება – მან ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან გააფორმა სავალდებულო შეთანხმება, რომლის თანახმადაც უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ავტომატურად არ ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის გარანტიას.

ამის შემდეგ, ჰოლანდიამ დაამტკიცა ასოცირების ხელშეკრულება – და, საბოლოო ანგარიშით, ის ევროკავშირის 28-ვე წევრს ჰქონდა დამტკიცებული მიმდინარე წლის ივლისში.

ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული არაერთი კომპონენტი 2014 წლიდან უკვე მოქმედებს – თუმცა ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესვლა ბრიუსელსა და კიევს კიდევ უფრო დააახლოებს საგარეო პოლიტიკის, სამართლის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროებში.

მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი ხელისუფლებიდან წავიდა და ქვეყანა დატოვა, რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში სეპარატიზმის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ხელში ჩაიგდეს ტერიტორიები ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში – რომლებიც რუსეთს ესაზღვრება – და ბიძგი მისცეს ომს, რომელსაც 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და რომელიც კვლავაც გრძელდება, დასავლეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად.

უკრაინაში რუსეთის ჩარევის გამო, აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს. ცივი ომის შემდგომ პერიოდში რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა ყველაზე მეტად არის ამჟამად გაუარესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG