Accessibility links

გერმანია მოუწოდებს რუსეთს, არ ჩაებას ახალ გამალებულ შეიარაღებაში


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი (მარცხნივ) და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი მოსკოვში 9 მარტს გამართულ შეხვედრაზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა გააფრთხილა რუსეთი ახალ გამალებულ შეიარაღებაზე, რაც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს უკავშირდება და მოუწოდა კრემლს, შეამციროს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების რაოდენობა.

9 მარტს მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ზიგმარ გაბრიელმა აღნიშნა, რომ ის და მისი რუსი კოლეგა შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება „ნორმანდიულ ფორმატში“, რომელიც რუსეთს, უკრაინას, გერმანიასა და საფრანგეთს აერთიანებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მიზნით.

გერმანიამ დაახლოებით 4000 ჯარისკაცი გაგზავნა ნატოს იმ სამხედრო ქვედანაყოფში, რომელიც ალიანსის გადაწყვეტილებით ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში გაიშალა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა აგრესიამ გაზარდა საშიშროება, რომ რუსეთს შესაძლოა ბალტიის რეგიონშიც სურდეს თავისი ექსპანსიონისტური ინტერესების გატარება.

ლავროვმა გადაჭრით უარყო ბრალდება, თითქოს რუსეთი არაპროპორციულად ზრდიდეს სამხედრო ძალებს თავის დასავლეთ საზღვევრებზე. ამასთან ლავროვმა აღიარა, რომ ნატომ და რუსეთმა დაიწყეს ინფორმაციის ფრთხილად გაცვლა სამხედრო წვრთნების თაობაზე. მოსკოვში ჩასვლამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს ნატო-რუსეთის საბჭოს რეგულარული შეხვედრები.

გასულ კვირაში, სამწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა და ნატომ მაღალი რანგის სარდლების დონეზე პირველად გამართეს სატელეფონო საუბარი. ნატოს გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი უწოდა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველისა და რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ვალერი გერასიმოვის სატელეფონო საუბარს. 2014 წელს ნატომ გაწყვიტა ურთიერთობა მოსკოვთან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG