Accessibility links

ოთხშაბათს დილით ზიმბაბვეში ხელისუფლებას არმია დაეუფლა და აცხადებს, რომ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს გარშემო „ბოროტმოქმედებს“ ებრძვის - თუმცა, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას არმიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ 93 წლის პრეზიდენტი და მისი ოჯახი უსაფრთხოდ არიან და თავს კარგად გრძნობენ.

სამხედროებმა და დაჯავშნულმა მანქანებმა ჰარარეს ცენტრში გადაკეტეს გზები სამთავრობო უწყებებისკენ, პარლამენტისკენ და სასამართლოებისკენ, იუწყება სააგენტო როიტერსი.

მუგაბე, რომელიც საკუთარ თავს აფრიკის პოლიტიკის ვეტერანს უწოდებს, უკვე 37 წელია ზიმბაბვეს სათავეში. კონტინენტზე ის პოპულარობას ინარჩუნებს, თუმცა დასავლეთში მას ცუდი სახელი აქვს - მას მიიჩნევენ დესპოტად, რომელმაც ეკონომიკის გაჩანაგებით და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ძალადობის გამოყენებით გაანადგურა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სახელმწიფო.

  • არმია ხელისუფლებას დაეუფლა და აცხადებს, რომ „ბოროტმოქმედებს“ ებრძვის
  • პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს არ აქვს სახლის დატოვების უფლება
  • მთავრობა აცხადებს, რომ დააკავეს ფინანსთა მინისტრი
  • მუგაბე ქვეყანას 37 წლის განმავლობაში მართავს
რობერტს მუგაბე
რობერტს მუგაბე

„ჩვენი სამიზნეა მხოლოდ (მუგაბეს) გარემოცვაში მყოფი ბოროტმოქმედები - ისინი, ვინც სჩადიან დანაშაულებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ სირთულეებს იწვევს. ჩვენ ისინი მართლმსაჯულებას უნდა წარვუდგინოთ“ - განაცხადა ტელევიზიით გენერალ-მაიორმა ესბი მოიომ და დასძინა, როგორც კი მიზანს მივაღწევთ, ვვარაუდობთ, რომ ვითარება კვლავ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებაო.

ოპოზიციური ძალა, მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებისთვის, გამოვიდა მოწოდებით მშვიდობიანად აღდგეს კონსტიტუციური დემოკრატია და იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო ჩარევა მოიტანს „სტაბილური, დემოკრატიული და პროგრესული სახელმწიფოს“ შექმნას.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ზიმბაბვეს ეკონომიკური დაღმასვლა მძიმე ტვირთად დააწვა აფრიკის სამხრეთ ნაწილს. ქვეყანა დატოვა და ძირითადად მეზობელ სამხრეთ აფრიკას მიაშურა მილიონობით ეკონომიკურმა მიგრანტმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და დასავლელმა დონორებმა ზიმბაბვეს 1999 წლიდან შეუწყვიტეს დახმარება მუგაბეს პოლიტიკის გამო, რასაც ეკონომიკური კრიზისის გამომწვევად მიიჩნევენ.

ძალაუფლების ბერკეტებს ფლობდა ასევე პირველი ლედი, 52 წლის გრეის მუგაბე - რომელიც მმართველი პარტიის, ZANU-PF-ის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და მას პრეზიდენტის პოსტზე მისი ქმრის შემცვლელად განიხილავდნენ.

ზიმბაბვეს გავლენიანი ორგანიზაციის, ვეტერანების ასოციაციის ლიდერმა, ვიქტორ მატემადანდამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მუგაბე უნდა გადააყენონ პრეზიდენტის და მმართველი პარტიის ლიდერის პოსტებიდან. მან დასძინა, რომ არმიის მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდება ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა.

როიტერსი ზიმბამვეს მთავრობიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ არმიამ დააკავა ფინანსთა მინისტრი, იგნასიუს ჩომბო - გრეის მუგაბეს პარტიის ფრაქციის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი.

ზიმბაბვეში ორშაბათის შემდეგ იყო დაძაბულობა - როცა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ მზად იყო ვითარებაში ჩარეულიყო, რათა დაესრულებინა პოსტიდან გათავისუფლებული ვიცე-პრეზიდენტის, ემერსონ მნანგაგვას მომხრეთა დევნა.

მნანგაგვას ბოლო დრომდე მიიჩნევდნენ რობერტ მუგაბეს მომავალ შემცველად, თუმცა ერთი კვირის წინ მისი გადაყენებით მთავარი პრეტენდენტი გახდა გრეის მუგაბე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG