Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ მერსა და გუბერნატორს კორუფციაში ადანაშაულებს


ზუგდიდი
ზუგდიდი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული, რომლის ვინაობასაც ჯერ მერიაში არ ასახელებენ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია „თაუნ პარკია“.

ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, რომ „თაუნ პარკის“ ხელმძღვანელი პირები, ნუკრი ესათია და ნიკოლოზ შელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსა და ქალაქ ზუგდიდის მერ ირაკლი გოგოხიასთან მეგობრობენ. ანა წითლიძის მტკიცებით, სწორედ მათი დახმარებით გახდა კომპანია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვეული:

„ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანებმა გუბერნატორ შონიასა და ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას, მეშვეობით ზეწოლა მოახდინეს ყველა იმ კომპანიაზე, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ ელექტრონულ აუქციონში. დაემუქრნენ მათ სუსის მეშვეობით, რომ თუ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას ან გააჟღერებდნენ ამ ინფორმაციას, მათ ექნებოდათ პრობლემები“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მის ბრალდებებს უპასუხეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. პრესსამსახურის უფროსის, პაატა ლაგვილავას, განცხადებით, პარკირების საკითხთან არანაირი კავშირი არა აქვს არც გუბერნატორს და არც მის ადმინისტრაციას:

„ეს არ წარმოადგენს ჩვენს კომპეტენციას და არის თვითმმართველობის გადასაწყვეტი საკითხი. რაც შეეხება ბრალდებას, არის სიცრუე, არ ემყარება ფაქტებს და მიზნად ისახავს გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას ოპონენტი პარტიის მხრიდან. რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ პირებს, რომელთაც ქალბატონი წითლიძე ვითომ გუბერნატორის მეგობრებად უსახელებს მედიას, არათუ გუბერნატორის ახლობლები არ არიან, არამედ მათ ლევან შონია არც კი იცნობს“, - განუცხადა პაატა ლაგვილავამ.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ითხოვს გასაჯაროვდეს დოკუმენტაცია, რომელიც ცხადყოფს, თუ რომელმა კომპანიამ და რა პირობებით მოიგო რამდენიმე დღის წინ ელექტრონული აუქციონი.

ენმ-ის ბრალდებებთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ქალაქში პარკირების მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი მერიამ 22 ივნისს გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. მის ვინაობას მერია არ ასახელებს იმ მიზეზით, რომ ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ 12 ათას 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი იჯარის ფორმით 10 წლის ვადით მიიღო 203 ათას ლარად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG