Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა დეპუტატმა ბაქოში 600 დოლარად იმღერა - ზაზა ხუციშვილის დეკლარაციიდან


დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, ბაქოსა და თბილისში სიმღერით 2018 წელს დაახლოებით 6 200 ლარი იშოვა. ბაქოში ერთი კონცერტისთვის მიღებულმა ჰონორარმა 600 დოლარი* შეადგინა; თბილისში კი მას 2 320​ ლარი გადაუხადეს "ჰარდ როკ კაფემ" და ფაბმა "ნალი". ამ კლუბებში დეპუტატი გასულ წლებშიც უკრავდა.

2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მან თბილისში დაკვრისთვის 5 466 ლარი მიიღო. ამავე დეკლარაციაში აღრიცხულია ბაქოში ჩატარებული კიდევ ერთი კონცერტი, ასევე 600-ევროიანი ჰონორარით. 2017 წელს კონცერტებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 7 200 ლარი შეადგინა. ამ წელს დეპუტატმა 827,46 ლარიც მიიღო, როგორც საავტორო ჰონორარი.

2017 წლის დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს მუსიკოსი დეპუტატი მხოლოდ "ჰარდ როკ კაფეში" უკრავდა და ამ საქმიანობით მან 1 200 ლარი მიიღო. ამავე წელს ის იყო რადიოგადაცემის წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამისათვის მას 6 300 ლარი გადაუხადეს.

ზაზა ხუციშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის მესამე ოლქში აირჩიეს.

ზაზა ხუციშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც 2017 წელს მოხვდნენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

ეს ანგარიში დეპუტატების არადეკლარირებულ ქონებას, ბიზნესკავშირებსა და დეპუტატობასთან შეუთავსებელ საქმიანობას შეეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, ზაზა ხუციშვილს დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი ბინა მოსაშვილის ქუჩაზე (170 კვ. მეტრი).

მოგვიანებით, საჯარო სამსახურის ბიურომ დაადასტურა, რომ არასრული იყო 59 დეპუტატის დეკლარაციები. მათ შორის იყო ზაზა ხუციშვილიც.

* სტატიაში მუსიკოსისა და პოლიტიკოსის ჰონორარის ვალუტად მითითებული იყო ევრო. მომხმარებელს ბოდიშს ვუხდით მექანიკური შეცდომისთვის და დეკლარაციაზე დაყრდნობით ვასწორებთ ვალუტას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG