Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა:

„ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“.

იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდეს, პარლამენტის თანხმობაა საჭირო. თუ დოკუმენტი კენჭისყრაზე ხმებს ვერ მოაგროვებს, საგანგებო მდგომარეობა უქმდება.

გარდა ამისა, პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით, გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დოკუმენტს - დეკრეტს.

ეს დოკუმენტი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. მაგალითად, მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააკავოს ადამიანი; აუკრძალოს გადაადგილება; შეუზღუდოს პირადი სივრცე ან კომუნიკაციის საშუალებები. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს პირის იზოლაციის ან კარანტინში მოთავსების გადაწყვეტილებას იღებს შსს. უწყებას იგივე ფუნქცია ეკისრება ეპიდემიისა თუ პანდემიის დროსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG