tavisupleba.org
უნგრელი კლასიკოსის წინასწარმეტყველება
უნგრეთში განსაკუთრებით დაიჩაგრნენ რეჟისორები, რომლებიც კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგაც აგრძელებდნენ ახალი ხელისუფლების კრიტიკას და ეჭვის თვალით შესცქეროდნენ ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს. 1991 წელს უნგრული და მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ავტორი, მიკლოშ იანჩო იღებს ფილმს „ვალსი ცისფერი დუნაი“, რომელიც მოსკოვის უღლისგან ახლად განთავისუფლებულ ქვეყანაში აღიქვეს როგორც „რეაქციული“, როგორც „კომუნისტური წარსულის ნოსტალგია“. მაშინ, როდესაც ცენზურისგან განთავისუფლებულ უნგრეთში იანჩოს კოლეგებმა ახალი ძალით შეუტიეს ტოტალიტარულ სისტემას, მიკლოშ იანჩომ „ლიბერალური უნგრეთის“ გაშარჟება გაბედა. ფილმის გმირი, პირველ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული პრემიერ-მინისტრი, მტკიცე ანტიკომუნისტია, მაგრამ საარჩევნო დაპირებები ვერ სრულდება, ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. „ცისფერი დუნაის“ ავტორს ყველაფერი დაუვიწყეს, რაც მანამდე გააკეთა კინოში და დაასკვნეს, რომ „იანჩო დაბერდა“, იანჩომ „ვერ გაიგო, რა ხდება მის სამშობლოში“.
„ვალსი ცისფერი დუნაი“, რომელიც ორბანის უნგრეთში, ალბათ, მოინათლებოდა, როგორც ფილმი-წინასწარმეტყველება, მეორე მარცხი იყო მიკლოშ იანჩოს შემოქმედებაში. პირველი წარუმატებლობა დიდმა მაესტრომ 1970 წელს იწვნია, როცა შედგა მისი იტალიური ფილმის, „პაციფისტის“ პრემიერა.
იმხანად იანჩო, ბუდაპეშტის კინოსა და თეატრის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორი, იმდენად ავტორიტეტული ფიგურა იყო უნგრეთის კულტურულ სივრცეში, რომ მოსკოვიც კი ვერ ახერხებდა მის შემოქმედებაში ჩარევას და ცენზურას. შეიძლება იმიტომაც, რომ მანამდე იანჩომ თავად არ თქვა უარი საბჭოთა კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობაზე და გადაიღო უნგრულ-საბჭოთა „ვარსკვლავები და ჯარისკაცები“, რომელიც 1969 წელს საფრანგეთის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო უცხოურ ფილმად აღიარა. იანჩოს ფორმალისტური შედევრი, მისი კინოსთვის დამახასიათებელი უგრძესი, დაუნაწევრებელი კადრებით და „ქორეოგრაფიული მიზანსცენებით“, უჩვენეს პირველ დღეს 1968 წლის კანის ფესტივალისა, რომელიც ცოტა ხანში დაიხურა პარიზში დაწყებული მანიფესტაციების გამო. სწორედ აქ, კანში ნახა „ვარსკვლავები და ჯარისკაცები“ მონიკა ვიტიმ - მიქელანჯელო ანტონიონის მუზამ, რომელმაც მიკლოშ იანჩოს შესთავაზა ახალ პროექტზე მუშაობა.
„პაციფისტი“ მიკლოშ იანჩოსთვის გახდა კომუნისტური უნგრეთის დროებით დატოვების საბაბი და საშუალება. უნგრელი რეჟისორი დასახლდა იტალიაში და პირველად გაუსინჯა გემო დასავლურ კინოწარმოებას, რომელიც მისთვის იმდენად უცხო აღმოჩნდა, რომ ფილმის პრემიერის შემდეგ იტალიელ პროდიუსერებთან დადებული ათწლიანი კონტრაქტის დარღვევასაც კი შეეცადა. პროდიუსერებმა თავიდანვე მოსთხოვეს იანჩოს, უარი ეთქვა „ნელ კინოზე“ (დიახ, სწორედ იანჩო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დღესდღეობით ესოდენ მოდური სტილი დაამკვიდრა) და წარმოედგინა მონიკა ვიტის ერთგვარი ბენეფისი. ამას იანჩო, როგორც ჩანს, დამორჩილდა. თუმცა პუბლიკა სულ სხვანაირ მონიკას იყო მიჩვეული - ანტონიონის ფილმებში და კინოკომედიებში... პოლიტიკური პამფლეტისთვის მონიკა ვიტი სრულიად უცხო აღმოჩნდა. მას მერე, რაც ფილმი გაქირავებაში ჩავარდა (მხოლოდ 3 დღე გავიდა იტალიის ეკრანებზე), იანჩომ და მონიკა ვიტიმ ერთმანეთი დაადანაშაულეს. უნგრელმა რეჟისორმა იტალიური კინოს ვარსკვლავი შეაფასა როგორც „პრეტენზიული არტისტი, რომელსაც არა აქვს კონტექსტის გრძნობა“, მონიკამ კი აღნიშნა, რომ იანჩოს არ უყვარს მსახიობები და ცდილობს „მოგონილი ექსპერიმენტებით გადაფაროს ყველაფერი ცოცხალი“.
„პაციფისტი“ უაღრესად საინტერესოა, როგორც ევროპული საავტორო კინოს და პოლიტიკური თრილერის თანაარსებობის მცდელობა, როგორც ექსპერიმენტი, რომელიც მიკლოშ იანჩოს აუკრძალეს. მაგრამ კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება გამოხატვის ახალი ფორმების ძიებას მიუძღვნა, აკრძალვას როგორ დამორჩილდებოდა?! იანჩო ისევ ცდილობს კინოენა წინასწარმეტყველებისთვის გამოიყენოს და ჰკითხოს მაყურებელს, „როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ხვალ? გადარჩება თუ არა ჩვენი სამყარო?“
მონიკა ვიტის პერსონაჟი, ბარბარა მილანელი ტელეჟურნალისტია, რომელიც იტალიელ მემარცხენეთა ინტერვიუებს, რევოლუციურ სიმღერებს იწერს და აგროვებს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბარბარას შეუყვარდება, ტერორისტული დაჯგუფების წევრი აღმოჩნდება. ახლა უკვე მას დაემუქრებიან, რადგანაც პიერ კლემენტის გმირს ბარბარა შეუყვარდება. პიერ კლემენტი ხომ გახსოვთ? მსახიობი, რომელმაც „პაციფისტამდე“ ერთი წლით ადრე პიერ-პაოლო პაზოლინისთან იმუშავა „საღორეში“, 1974 წელს კი დუშან მაკავეევის „ტკბილ ფილმში“, არც მეტი, არც ნაკლები, „ჯავშნოსანი პოტიომკინის“ მეზღვაური განასახიერა. მაკავეევის „რევოლუციური ეტიუდი“ შეფასდა, როგორც უბადლო, ხულიგნური ირონია ახალგაზრდული ამბოხების მიმართ, რომელიც მთელ მსოფლიოში დამარცხდა... იანჩოს ფილმში ეს ირონია ვერ დაინახეს. არადა, დიდმა მაესტრომ ფაქტობრივად პირველმა იწინასწარმეტყველა ყველაფერი, რაც მოხდებოდა 70-იანი წლების იტალიაში. იანჩომ დაასწრო აქაურ პოლიტიკურ კინოს - ელიო პეტრის, ფრანჩესკო როზის, დამიანო დამიანის. მან იდეალურად გამოხატა შიშის ატმოსფერო, რომელშიც ცხოვრობდა ევროპა გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს. ეს ატმოსფერო აუცილებლად გაგახსენებთ დღევანდელ განწყობილებებს, დღევანდელ შიშებს, ჯალათების მიმართ გაღვიძებულ „სასიყვარულო ვნებას“, მსხვერპლად ყოფნის სიამოვნებას, „სტოკჰოლმის სინდრომის“ პანდემიას... მერე კი საკუთარ თავსაც ჰკითხავთ „რა მოხდება ხვალ? გადარჩება თუ არა სამყარო?“
ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ ნახოთ აქ:
როსელინიმ სიცოცხლე აირჩია
„ბუმბულის ბალიშში ჩაეფლო. კანკალებდა. მიბნედილი თვალები გადაატრიალა. შეშინებული ჩაჰყურებდა თავის შიგანს და ნიკაპი უცახცახებდა.
მაშინვე მივხვდი.
- ღმერთი დაინახე, - შევყვირე, - ის დაინახე!
მკლავში მტაცა ხელი:
- საიდან იცი? - მკითხა გულამოვარდნილმა, - ვინ გითხრა ეს?
- არავინ, მაგრამ ვხედავ, როგორ კანკალებ. ასე მხოლოდ ის კანკალებს, ვინც მოულოდნელად ლომს ან ღმერთს გადააწყდება.
თავი ბალიშიდან წამოსწია:
- არა, არ მინახავს, - ჩაიბურდღუნა, - მისი ხმა გავიგონე.
დამფრთხალმა ირგვლივ მიმოიხედა.
მაია კაკაშვილის მიერ თარგმნილი წიგნის ამ პატარა ფრაგმენტშიც ჩანს, რომ კაზანძაკისის ენა უაღრესად კინემატოგრაფიულია, თუმცა ბერძენი გენიოსის ვიზუალური სახეები კლასიკურ კინოს მაინც ნაკლებად მიეკუთვნება. „ღვთის გლახა“ მაგონებს რობერტო როსელინის ნაკლებად ცნობილ შედევრს „ფრანჩესკო, ღმერთის მენესტრელი“, ასევე თითქმის გამოგონილ ბიოგრაფიას კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებლის, ფრანცისკე ასიზელისა.
ცხოველთა მფარველი წმინდანის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, თუმცა როსელინისთვის, როგორც ნეორეალიზმის დამფუძნებლისთვის, ასიზელის ბიოგრაფიაში ორი თემა აღმოჩნდა ყველაზე ახლობელი - სიღარიბე და ხილვის (თუ დანახვის) უნარი. შესაბამისად, ასიზელის ბიოგრაფიიდან ამოვარდა ყველაფერი, რაც როსელინის ნაკლებად აინტერესებს. ფილმი არაფერს გვიყვება ასიზელის ბავშვობაზე, იმაზე, თუ რა უძღოდა წინ მის ბერად აღკვეცას. „ნეტფლიქსის“ ბაიოპიკებზე გაზრდილ თაობას რეალური ადამიანის ცხოვრების ასეთი ფორმით გამოხატვა მეტისმეტად უჩვეულო მოეჩვენება. ამიტომ ფილმის ყურების დროს სულ უნდა გვახსოვდეს, რომ „ფრანჩესკოს“ ფონია ომისშემდგომი იტალია, შიმშილი, უმუშევრობა... ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ კათოლიკე წმინდანის ცხოვრება აღბეჭდა „რომი ღია ქალაქის“, „პაიზას“, „სტრომბოლის“ ავტორმა, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა „დადგმულ კინოს“, კოსტიუმირებულ, „დეკორატიულ“ სანახაობას.
„ფრანჩესკო“ თითქოს ნეორეალიზმის ლოგიკური გაგრძელებაა - არაპროფესიონალი მსახიობებით (როლებს თავად ფრანცისკანელი ბერები ასრულებენ), ამბის ეპიზოდებად დაყოფით, ყოველდღიურობის შეულამაზებელი ასახვით… მაგრამ სინამდვილეში — ნეორეალიზმისგან გადახვევაცაა. აქ აღარ არის ომისშემდგომი სოციალური ტრავმის პირდაპირი აღბეჭდვა, რაც ძალიან უყვართ ნეორეალისტებს, აღარ არის გაძლიერებული დრამატული ინტონაციები. ფაქტობრივად, “ფრანჩესკო, ღმერთის მენესტრელი” ბურლესკია, რომლის პერსონაჟები, ფრანცისკანელი ძმები საერთოდ არ ჰგვანან ამაღლებულ, “განსულიერებულ” ასკეტებს.
ისინი უფრო მეტად კლოუნები არიან, “ღმერთის მენესტრელები” პირდაპირი მნიშვნელობით: უმწეონი, გულუბრყვილონი. როსელინი თითქოს ცდილობს წმინდანებს პათოსი და ამაღლებულობა ჩამოაშოროს, დაუბრუნოს ადამიანობა. ამიტომაც სიწმინდე, უმანკოება, ჭეშმარიტი ღვთისმოსავობა წარმოდგენილია არა როგორც რაღაც მორალური ეტალონი, არამედ როგორც სისუსტე და თავმდაბლობა. ნეტარი ძმები მეტისმეტად გულუბრყვილოდ აღიქვამენ ფრანჩესკოს სასწაულებს. ბავშვებივით! და რას აკეთებს როსელინი? აღფრთოვანებულია ამ ხალხით და თანაც, ცოტათი დასცინის... უფრო სწორად, იცინის. ეცინება ამ მოხტუნავე, ნეტარ ბერებზე, სულ მცირედიც კი რომ აბედნიერებთ და ახარებთ. ეცინება ადამიანის სურვილზე, გახდეს წმინდა და ადამიანების სურვილზე, ჰყავდეთ წმინდანი. ყველაფერი სიგიჟის ზღვარზეა და ხანდახან შეიძლება გაიფიქროთ, რომ როსელინი კათოლიკური ეკლესიის ფრთხილ კარიკატურას ქმნის. ფრანჩესკო მისთვის „სიცოცხლის წმინდანია“. არ დაგვავიწყდეს, რომ თავისი საუკეთესო სტატია, რომელიც რობერტო როსელინის მიუძღვნა, ფრანსუა ტრიუფომ ასე დაასათაურა - „როსელინი უპირატესობას ანიჭებს სიცოცხლეს“.
“ფრანჩესკოში” როსელინი კინემატოგრაფიულ ენასაც უკიდურესად ამარტივებს: კამერა თითქმის უხილავია, მონტაჟი — ფუნქციური, კადრი - ასკეტური. რეჟისორი თითქოს ცდილობს სრულიად გაუჩინარდეს, ენდოს სინამდვილეს, რათა დარჩეს მხოლოდ ჟესტები, ხმები, ქარი, მიწა. ამ მინიმალიზმშია ფილმის “ეთიკური გზავნილი” — არანაირი მანიპულაცია, არანაირი დრამატურგიული ძალდატანება, არანაირი პედალი. ყველაფერი თითქოს თავისით ხდება.
ნეორეალიზმი, როგორც წესი, განიხილება ხოლმე როგორც სოციალური პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა კინოს ენა. ამ მხრივ “ფრანჩესკო” უფრო მეტად გვაჩვენებს ნეორეალიზმის მეტაფიზიკურ შესაძლებლობას: როგორ შეიძლება დაკმაყოფილდე რეალობის ყველაზე კონკრეტული ფორმებით და შეეხო ტრანსცენდენტურს ისე, რომ არ გახდე დეკლარაციული. როსელინიმ დაიწყო ასეთი კინოს გადაღება “სტრომბოლიში” და დაასრულა 50-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა თავის მეუღლეს და მუზას, ინგრიდ ბერგმანს, დაშორდა. მისმა ფილმებმა ინგრიდ ბერგმანის მონაწილეობით ოდნავ გადაფარეს “ფრანჩესკო, ღმერთის მენესტრელი”, რომელიც უამრავი კინომოყვარულისთვის დღესაც უცნობია. არადა, ეს მცირებიუჯეტიანი შედევრი ფორმის და შინაარსის ჰარმონიის იდეალური ნიმუშია.
როსელინის გზავნილი მკაფიო და სწორხაზოვანია: „უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“... აქტუალურია, არა? როგორ შეიძლება ეს კინო არ დავაფასოთ?!
ფილმის ორიგინალური ვარიანტი ინგლისური სუბტიტრებით:
ფილმის ორიგინალური ვარიანტი, დუბლირებული რუსულ ენაზე:
თავმდაბალი გენიალურობა
არადა, სიცოცხლეში თითქოს არ მოჰკლებია ვალერიო ძურლინის პატივი და დიდება. კრიტიკა ფაქტობრივად ყველა მის ფილმს წარმატებულად აფასებდა. მასთან მუშაობაზე არაერთი დიდი მსახიობი ოცნებობდა. ამიტომაც ითვლება ძურლინის შემოქმედების დაგვირგვინებად იტალიელი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი „თათრების უდაბნო“, იმ პერიოდის მსოფლიო კინოს ვარსკვლავებით, ჟან-ლუი ტრენტინიანით დაწყებული, ფერნარდო რეით დამთავრებული... მსოფლიო კინოს ისტორიის საგანძურში შევიდა ძურლინის სხვა ფილმებიც: „ისინი ჯარისკაცებს მიჰყვებოდნენ“, „გოგონა ჩემოდნით“, „სიმშვიდის პირველი ღამე“... თუმცა პოლ ვეკიელი მაინც ჯიუტად იმეორებდა, რომ ძურლინის სათანადოდ ვერ აფასებენ, რომ ეს კაცი ანტონიონის და ვისკონტის დონის ფიგურაა და მისი „საოჯახო ქრონიკა“, წესით, ყველა დროის და ხალხის საუკეთესო ფილმების ათეულში უნდა ჩართონ.
არსებითად, „საოჯახო ქრონიკის“ პრემიერაც ძურლინის ტრიუმფით დასრულდა. ფილმმა 1962 წლის ვენეციის ფესტივალზე „მოუგო“ პიერ-პაოლო პაზოლინის „მამა რომას“, ჟან ლუკ გოდარის „ცხოვრებას ცხოვრებისთვის“, სტენლი კუბრიკის „ლოლიტას“, ორსონ უელსის „პროცესს“, „ოქროს ლომი“ კი გაიყო ანდრეი ტარკოვსკის „ივანის ბავშვობასთან“. მიუხედავად ამისა, ძურლინის სახელი არასდროს მოუხსენიებიათ ჩამოთვლილი ავტორების გვერდით, ხოლო „საოჯახო ქრონიკა“ ბევრმა დაივიწყა... დიდი ავტორის აღმოჩენა თითქოს მართლაც ახლა დაიწყო.
„ძურლინი გენიოსია, რომელმაც ეს არ იცის, არ იცის, რამხელა ფიგურაა, განსხვავებით თუნდაც ინგმარ ბერგმანისგან, რომლის „ყვირილი და ჩურჩული“ თითქოს ჰგავს „საოჯახო ქრონიკას“ - წერდა პოლ ვეკიელი. ეს, ერთი შეხედვით, უცნაური შეფასება, მართლაც ძალიან უხდება ვალერიო ძურლინის. პირველ რიგში, მისი მუშაობის სტილს, რომელზეც იტალიაში ლეგენდები დადიოდა. მარჩელო მასტროიანი ამბობდა, რომ არცერთ სხვა რეჟისორთან, თვით ფელინისთანაც კი, რომელთანაც განსაკუთრებით მეგობრობდა, არ უგრძნია მსახიობის მიმართ ისეთი ნდობა, როგორც ვალერიო ძურლინისთან გადაღების დროს. ვფიქრობ, სწორედ ეს ნდობა განსაზღვრავს იმპროვიზაციის ეფექტს, დამახასიათებელს “საოჯახო ქრონიკისათვის“… თითქოს ამბავი ახლა, ჩვენ თვალწინ იწერება, თითქოს მას მსახიობები იგონებენ. დაუჯერებელიც კია, რომ “საოჯახო ქრონიკა” ეკრანიზაციაა, ვასკო პრატოლინის რომანის კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ფაქტობრივად მხოლოდ 3 პერსონაჟი ჰყავს, ძმები, მარჩელო მასტროიანის და ჟაკ პერენის შესრულებით, და ბებია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ამბის განვითარებაში, “საოჯახო ქრონიკა” არის “აბსოლუტური სანახაობა”, ესაა კინოს ისტორიაში, ალბათ, საუცხოოდ აღბეჭდილი ფლორენცია, წარმოდგენილი თბილ ფერებში, განათებული ყვითელი, ოქროსფერი შუქით (ოპერატორი ფელინის და ვისკონტის ნამდვილი თანაავტორი, ჯუზეპე როტუნო), ესაა გოფრედო პეტრასის დასამახსოვრებელი მუსიკა, რომელიც აძლიერებს მელანქოლიურ განწყობილებას და, რა თქმა უნდა, მსახიობები, რომლებიც ეხმარებიან ძურლინის ურთულესი ამოცანის გადაწყვეტაში - ფილმმა ისე ასახოს ისტორია, რომ მთავარი ისტორიული მოვლენები კადრს მიღმა დარჩეს... ისტორიას თავად ადამიანები უნდა განასახიერებდნენ.
ამბავი, რომელსაც გვიამბობს „საოჯახო ქრონიკა“, მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, თუმცა თავად ომი გადატანილია უკანა პლანზე... ფონიც კი არ არის, მხოლოდ იგულისხმება. ამბავს ჰყვება მარჩელო მასტროიანის პერსონაჟი, მემარცხენე ჟურნალისტი - გვიყვება უმცროსი ძმის შესახებ, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ დააშორეს. ისინი სხვადასხვა გარემოში გაიზარდნენ - მარჩელოს გმირი, სიღარიბეში და გაჭირვებაში, ჟაკ პერენისა - შეძლებულ ოჯახში. უთანასწორო „საწყისი პირობები“ ქმნის განსხვავებულ ხასიათებს, აქედან კი ერთი ნაბიჯია „კლასთა ბრძოლის“ სურათის გამოსახატავად... თუნდაც ისე, როგორც ეს გააკეთა ბერნარდო ბერტოლუჩიმ „მეოცე საუკუნეში“. მასტროიანის პერსონაჟი, მემარცხენე, რომელიც გაიაზრებს, რომ სამყარო ისეთი არ არის, როგორიც წარმოედგინა.... და მისი უმცროსი ძმა, რომელმაც განათლება მიიღო, მაგრამ მაინც ვერ ხვდება, რა ხდება მის ქვეყანაში. ბერტოლუჩისგან განსხვავებით მოძრაობა აქ ვითარდება არა კონფლიქტის, არამედ გამთლიანების მიმართულებით. ეს გამთლიანება დიდებულია - კათარსისს იწვევს, რადგან ძურლინი ახერხებს, სწორედ კინოს ენის დახმარებით გამოვიდეს მელოდრამის საზღვრებიდან და გადაიღოს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ძმობასა და ძმურ სიყვარულზე.
მართალია, ყველა მსახიობი, ვისთანაც ძურლინის უმუშავია (არ დაგვავიწყდეს „ისინი ჯარისკაცებს მიჰყვებოდნენ“, კინოვარსკვლავი ქალების ნამდვილი გუნდით), ლაპარაკობს არტისტების მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებაზე, რაც ამ რეჟისორისთვის არის დამახასიათებელი. მთავარი, ალბათ, მაინც არა იმდენად მსახიობის, რამდენადაც პერსონაჟების პატივისცემაა. არსებითად, ესაა „ისინი ჯარისკაცებს მიჰყვებოდნენ“, რომელშიც ძურლინი ღირსებას უბრუნებს ჯარისკაცების გასართობად შეგროვებულ ახალგაზრდა ქალებს, და ესაა „ოჯახური ქრონიკა“, ამბავი ოდესღაც დანგრეული ოჯახის შესახებ, რომელიც ხელახლა ეწყობა მაშინ, როდესაც მისი წევრები ღირსებას იბრუნებენ. მაშინაც კი, როცა ცოცხლები აღარ არიან... ეწყობა ერთი ადამიანის ფიქრებში.
„ოჯახიო“, „სიწმინდეო“, „ოჯახური ფასეულობებიო“... კი ბატონო. მაშინ ნახეთ ვალერიო ძურლინის „ოჯახური ქრონიკა“.
ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:
ფრანსუა ოზონის ცივი მზე
კინოკამერა, როგორც ფუნჯი
პოლონეთი - რუსული ოკუპაციის პირისპირ
სხვათა შორის, ამ ორ პერსონაჟს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ დროში ცხოვრობენ, ერთი საერთო თვისება აქვთ - ორივე თავისებური „უმიზეზო მეამბოხეა“, 50-იანი წლების მეორე ნახევარში დამკვიდრებული პოპულარული სახეა, რომელსაც კინოში, როგორც წესი, ჯეიმს დინს უკავშირებენ. მაცეკის როლის შემსრულებელს, ზბიგნევ ციბულსკის, ანჯეი ვაიდას თავისებურ ორეულს, 60-იან წლებში მართლაც შეადარებენ ჯეიმს დინის პერსონაჟებს, თუმცა ეს მსგავსება უკვე „ფერფლში“იკვეთება. დიდი მსახიობი იმდენად იდენტიფიცირებული იყო თავის გმირთან, რომ 1967 წელს, როცა ტრაგიკულად დაიღუპა (გადმოვარდა თუ გადმოხტა მოძრავი მატარებლიდან), პოლონელები წერდნენ, რომ ციბულსკი ორჯერ მოკვდა - ფილმში „ფერფლი და ალმასი“ , შემდეგ კი, უკვე რეალურ ცხოვრებაში.
ფატალურობა, რომელსაც მუდმივად შეიგრძნობს მაყურებელი ფილმში „ფერფლი და ალმასი“, ნამდვილი კინოტრაგედიის იერს ანიჭებს ვაიდას შედევრს. ფაქტობრივად ესაა ფილმი ტერორისტზე, რომელიც მიაგნებს სიყვარულს და კარგავს თავისი საქმის მიმართ რწმენას... კვდება სწორედ მაშინ, როდესაც უკანასკნელ დავალებას ასრულებს და თითქოს გააზრებულად იღუპავს თავს. „ფერფლი და ალმასი“ ტრაგედიაა, რადგან მაცეკის დანაშაული „ობიექტურია“, მაცეკი არაა კრიმინალი. „დამნაშავის შესახებ ფილმს ვერ გადავიღებდიო“ - ამბობდა ვაიდა ჯერ კიდევ იმ წლებში, როცა მაცეკი უარყოფით პერსონაჟად ითვლებოდა. ამის თქმას ბედავდა რეჟისორი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პოლონური კულტურა მხოლოდ იწყებდა ბრძოლას სტალინურ ცენზურასთან.
ანჯეი ვაიდას ფილმს თავიდანვე შეხვდა წინააღმდეგობები. თაროზე შემოდებას „ფერფლი და ალმასი“ მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ პოლონელ კომუნისტებს მოსწონდათ ლიტერატურული პირველწყარო, ეჟი ანჯეევსკის წიგნი, რომელიც საფუძვლად დაედო ვაიდას ფილმს. ბოლოს სპეციალურმა კომისიამ გადაწყვიტა გამოეშვა „ფერფლი და ალმასი“ პოლონეთის კინოთეატრებში, მაგრამ არ დაუშვა მისი ჩვენება საზღვარგარეთ. მოგვიანებით ვაიდამ თქვა, რომ ცენზორებს, როგორც ჩანს, მოსკოვის შეეშინდათ, ამიტომაც უარი უთხრეს ვენეციის კინოფესტივალს კონკურსში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, რეჟისორმა მოახერხა ფილმის ასლის გატანა ვენეციაში და ფილმის ფაქტობრივად არალეგალური ჩვენება. „ფერფლი და ალმასი“ აღინიშნა „ფიპრესის“ პრემიით. აკრძალვას აზრი აღარ ჰქონდა - ვაიდას შედევრი მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა. ფილმი დაგვიანებით, მაგრამ მაინც უჩვენეს საბჭოთა კინოთეატრებშიც. „ფერფლი და ალმასის“ აქაური პრემიერა დაემთხვა მარლენ ხუციევის „ილიჩის საგუშაგოს“ აკრძალვას. ცენზურა იმდენად იყო დაკავებული ხუციევის ფილმით, რომ უბრალოდ „გამოეპარა“ ვაიდას სურათი. არადა, ორივე ფილმში თითქმის ერთი და იგივე ამბავი ცოცხლდება - მამის მკვლელობის რეალისტური და მამის უარყოფის სიმბოლური ამბავი. „ფერფლი და ალმასში“ ერთმანეთს უპირისპირდებიან ძველი კომუნისტი, შჩუკა, პოლონელი მემარცხენეების იმ თაობის ლიდერი, ესპანეთის სამოქალაქო ომში რომ იბრძოდა, და ახალი თაობა, რომელიც არა მარტო არ ემორჩილება კომუნიზმის მასწავლებელს, არამედ მის მოკვლასაც გეგმავს… “ილიჩის საგუშაგოში” მამა მკვდარია, მაგრამ აჩრდილის სახით მოევლინება ახალგაზრდა კაცს, რჩება იდეალად, რომელიც არ აძლევს დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალებას. “ილიჩის საგუშაგომ” გააბრაზა ნიკიტა ხრუშჩოვი და პირადად მოითხოვა ფილმის განადგურება. “ფერფლი და ალმასს” კი ვერ გაუგეს, ვერ მიხვდნენ, რომ ვაიდამ ხალხს შეაყვარა ახალგაზრდა კაცი, რომელიც პოლონეთის კომუნისტურ მომავალს ებრძვის…ომის დროს იგი ფაშისტებს ტყეში ებრძოდა. ომი დასრულდა, მაგრამ ისევ ტყეში დარჩა, კომუნისტებთან ბრძოლაში. ეს როგორ მოახერხაო, “ანტიგმირის” მიმართ თანაგანცდა როგორ გაგვიღვიძაო, კითხულობდა გაკვირვებული საბჭოთა მაყურებელი - ზბიგნევ ციბულსკისგან სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდნენ, მას ჰბაძავდნენ, მაცეკის შავი სათვალე ისეთივე ლეგენდარული გახდა, როგორც მისი მებრძოლი პერსონაჟი!
გმირის ფენომენის დეკონსტრუქცია, რომელსაც მიმართეს ვაიდამ და ციბულსკიმ, იმ დროისთვის სრულიად წარმოუდგენელ ეფექტს ქმნის. „ფერფლი და ალმასში“ კომუნისტს კლავენ, მაგრამ სიმპათიას იწვევს ის, ვინც კლავს. მერე მას კლავენ და ისევ თანავუგრძნობთ. შეიძლება იმიტომაც, რომ მხოლოდ მაცეკი და კრისტინა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც დავალების შესრულებამდე შეუყვარდება, არიან აქ თავისუფალი ადამიანები, დანარჩენები უფრო თოჯინებს განასახიერებენ - „ფერფლი და ალმასში“ ფაქტობრივად მთელი პოლონეთი თოჯინაა უფრო ძლიერის, უფრო სასტიკის ხელში. ნაციზმი აქ დამარცხებულია. ქვეყანა თითქოს განთავისუფლდა. სწორედ ახლა წყდება ქვეყნის მომავალი. მაგრამ ქუჩები სავსეა საბჭოთა ტანკებით, პოლონელების სახეზე კი სიხარული მაინცდამაინც არ იკითხება. პოლონეზი, ცეკვა, რომლითაც პოლონელები მეჯლისს ხსნიან ხოლმე, უფრო რეკვიემს ჰგავს. ეკლესია მიტოვებულია - აქ ახლა გადმობრუნებული ჯვარცმა კიდია. დაუმატეთ ამას ისიც, რომ „ფერფლი და ალმასში“ პირველივე კადრიდან იგრძნობა ირონია ყველაფერი ჰეროიკულის მიმართ და მიიღებთ ერთ-ერთ ყველაზე პესიმისტურ ფილმს კინოს ისტორიაში, რომელშიც ქვეყნის განთავისუფლება შინაარსის ნაწილია, მაგრამ ეს შინაარსი ეწინააღმდეგება თავად ავტორის გზავნილს. როცა ამ წინააღმდეგობას გაიაზრებთ, იმასაც მიხვდებით, რომ „ფერფლი და ალმასში“ შინაარსი ნაკლებად მნიშვნელოვანია ატმოსფეროსთან, ტონალობასთან, ქვეტექსტთან შედარებით… მთავარი ისაა, რაც არ თქმულა ფილმში, მაგრამ იგულისხმება.
ანჯეი ვაიდას საყვარელი თემები - მსხვერპლშეწირვა, არჩევანი, მოვალეობა,  გმირობა, ღალატი, სოლიდარობა - 1958 წელს გადაღებულ სურათს განსაკუთრებით აქტუალურს ხდის დღევანდელ საქართველოში, როცა ომი და ნგრევა ყველას ჰბეზრდება; როცა ხალხი იღლება, მისთვის შეიძლება სულერთი იყოს, ვინ შეუნარჩუნებს „მშვიდობას და სტაბილურობას“. ორი წელიწადია ვინახავდი ამ ფილმს ახალგაზრდებისთვის, ვისაც ვაიდას შედევრი არ უნახავს და ველოდებოდი ამ დღეს, დიდი ოსტატის იუბილეს.
ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:
ფილმის რუსული ვერსია, რომელიც საბჭოთა ეკრანებზე გადიოდა:
კარგი მასწავლებელი პუტინის წინააღმდეგ
პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას დაარქვა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელსაც შემოკლებით СВО უწოდეს. ამ ტერმინს მოჰყვა ახალი - “სპეციალური სამხედრო ოპერაციის პროპაგანდა”… კრემლის ბრძანებით, სიტყვა ომი აუცილებლად უნდა ჩანაცვლებულიყო სიტყვით СВО, რათა გულუბრყვილო ხალხი არ დაეჭვებულიყო პუტინის კეთილშობილურ განზრახვაში უკრაინის „დენაციფიკაციასა“ და „დემილიტარიზაციაში“... აქედან გაჩნდა ყალბი პარალელები მეორე მსოფლიო ომთან - უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას დაერქვა ფაშიზმისგან ხალხის „განთავისუფლება“.
ომის დაწყებისთანავე პუტინი ციტირებს ბისმარკს და ამბობს, რომ ეთანხმება მის მოსაზრებას - ომს იგებენ არა გენერლები, არამედ სკოლის მასწავლებლები და მღვდელმსახურები. ეს თავისებური განკარგულება იყო - „СВО-პროპაგანდაში” ყველაზე აქტიურად ის უნდა ჩართულიყო, ვინც ამ “გულუბრყვილო ხალხთან” ურთიერთობდა, ვისაც ენდობოდნენ… ერთ-ერთი იყო სწორედ პაველ ტალანკინი, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ, ყარაბაშის სკოლაში გამართული „პატრიოტული გაკვეთილები“ და ომის ვეტერანების ვიზიტები გადაიღო. ტალანკინი ამ ღონისძიებების ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლებოდა. შესაბამისად, მას შეეძლო არა მარტო აღებეჭდა, არამედ „დაედგა“ კიდეც სინამდვილე. ასე, ნელ-ნელა იქმნებოდა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ტყუილის შესახებ, რომელიც განსაზღვრავდა პუტინის მილიტარისტული პოლიტიკის შინაარსს. გადაღებული მასალის აწყობისთვის ტალანკინი დანიაში დევიდ ბორენშტეინს დაუკავშირდა. 2024 წელს კი, როცა რუსეთი დატოვა, ბორენშტეინთან ერთად უკვე ევროპაში დაასრულა ფილმის მონტაჟი. სანდენსის ფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ აბსოლუტურად ზუსტად განმეორდა პასტერნაკის ისტორია - რუსეთში დაიწყო ტალანკინის კოლექტიური დაგმობა, თუმცა თავიდან კრემლის იდეოლოგებს აშკარად გაუჭირდათ - სიცრუეში ვერ ამხელდნენ ავტორს, რომელმაც სრულიად მიუკერძოებლად აღბეჭდა ის, რაც რუსეთის სკოლებში ხდებოდა. ამიტომ კრიტიკული პათოსი ბავშვების დაცვაზე აიგო - იმაზე, რომ ტალანკინმა მშობლების ნებართვის გარეშე შეინახა გადაღებული მასალა და მათი „ბავშვები მთელ მსოფლიოს დაანახა“. თავის მხრივ, რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ ფილმს „ანტირუსული“ უწოდა და განაცხადა, რომ „ყარაბაშის მოსახლეობა შოკირებულია“, ხოლო „კომპეტენტური ორგანოები იძიებენ მასწავლებლის ქმედებებს და მთლიანად სიტუაციას“.
“ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ არ არის მხოლოდ რეპორტაჟი ან თუნდაც სენსაციური მასალა სატელევიზიო გადაცემისთვის. მიუხედავად სირთულეებისა და რისკისა, რაც თან ახლდა ფილმზე მუშაობას, ესაა ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ერთი კონკრეტული სკოლის ამბავი, ერთი პატარა ქალაქის ამბავი თანდათან განზოგადდება და ავტორიტარული სისტემის მხატვრულ პორტრეტად გადაიქცევა. ყარაბაში, ჩელიაბინსკის ოლქის ეს ქალაქი, ცნობილია, როგორც მსოფლიოში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული დასახლება. ბორენშტეინმა და ტალანკინმა გარემოს დაბინძურება სამხედრო პროპაგანდისა და განათლების იდეოლოგიზაციის მეტაფორად წარმოგვიდგინეს. “ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ” ასახავს უმანკო სულებზე ძალადობის შემზარავ პროცესს დაბინძურებულ გარემოში - დაბინძურებულს ეკოლოგიურად და პოლიტიკურად. ამიტომაცაა ფილმში გავლებული პირდაპირი პარალელი პატრიოტული განათლების გაკვეთილებსა და ქალაქის სასაფლაოს შორის, სადაც ამ სკოლის კურსდამთავრებულები არიან დაკრძალულნი.
განზოგადების ეფექტი აქ ძლიერად იმიტომაც მოქმედებს, რომ მასალა ყველა დეტალის გააზრებითაა აწყობილი, ზედმეტი პედალირების გარეშე, “შავი იუმორისა” და უკიდეგანო სევდის მონაცვლეობით, კონტრასტით ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას შორის. ეს დაპირისპირება შფოთვასაც წარმოაჩენს - იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება ფილმის ავტორი; მან ხომ შეგნებულად მიიღო ეს გადაწყვეტილება - დატოვოს ქვეყანა, რომელიც ძალიან უყვარს, და ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალოს.
რეჟისორის თქმით, მას განსაკუთრებით სურდა, რომ ფილმი ენახათ თავისი მოსწავლეების მშობლებს, რომლებმაც ხშირად არ იციან, როგორი მასშტაბის პროპაგანდით ბომბავს კრემლი მათ შვილებს… და თუ მაინც იციან და გაგებით ეკიდებიან ასეთი სახის პროპაგანდას? დღეს ხომ საქართველოშიც გავიგეთ, რომ პროპაგანდა ეფექტურად მუშაობს მაშინაც კი, როცა ყალბია, მოგონილია, უხამსია და უხერხული. ვიღაც აუცილებლად დაიჯერებს, თუკი მუდმივად, დღეში რამდენჯერმე გაიმეორებთ, მაგალითად, რომ უკრაინის ხელისუფლების სათავეში ნაცისტები მოვიდნენ, რომ რუსული მართლმადიდებლობის გარეშე ქრისტიანობა განადგურდება, რომ საქართველოში ოპოზიციას „ომი უნდა“ და რუსთაველზე „50 აკაცუკი აპროტესტებს“…განსაკუთრებით ღრმად აღწევს მტრის ხატებზე აგებული ყალბი პროპაგანდა ბავშვებში, ქმნის მათგან მორჩილ მასას, რომლის მანიპულაცია ადვილი ხდება მაშინაც კი, როცა ისინი გაიზრდებიან. იქნებ ამიტომაც დაიწყო პუტინმა “მასწავლებლებით და მღვდელმსახურებით”… სწორედ მომავალი თაობის ასეთივე მანიპულაციას ხომ არ ემსახურება “განათლების რეფორმაც”, რომლის განხორციელებას უკვე შეუდგა “ქართული ოცნების” ბიუროკრატია?
ტალანკინის თქმით, მას სურდა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ჰუმანიტარული კატასტროფა, რომლისკენაც რუსული საზოგადოება მიემართება. მე კი მგონია, რომ მან უფრო მეტს მიაღწია - ისიც აჩვენა, საით მიექანება მთელი დღევანდელი სამყარო, თავისი ცრუ მესიებით და ცრუ პროპაგანდით. ამიტომაც, თითქმის დარწმუნებული ვარ, თუკი “ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ” “ოსკარის” ლაურეატი გახდება, ფილმში ასახული ისტორიით მხატვრული კინოც დაინტერესდება. თუნდაც ჰოლივუდში.
მიუხედავად იმისა, რომ „ოსკარზე“ წარდგენის შემდეგ იუტუბზე წაიშალა ფილმის ლინკი, „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ ნახოთ სხვა საიტებზე. ფილმის სრული ვარიანტი, ინგლისური სუბტიტრებით:
ნახტომი სიცარიელეში
დიდი არტისტის საიუბილეოდ, მე მაინც არა რომელიმე ტიპური ნეორეალისტური ფილმის ნახვას გირჩევდით, არამედ იმ კინოს გახსენებას, რომლითაც ფაქტობრივად სრულდება ნეორეალიზმის ეპოქა, ჩემი აზრით, ფედერიკო ფელინის ერთ-ერთი საუკეთესო და სამწუხაროდ, მივიწყებული ფილმისა - „დედიკოს ბიჭები“... არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ კინოს მოყვარულებს დღეს ამ შედევრიდან მხოლოდ ნინო როტას გენიალური მუსიკა ახსოვთ ან შეიძლება ალბერტო სორდის, ამ არაჩვეულებრივი ტრაგიკომიკოსის, ერთ-ერთი პირველი როლი, მაგრამ მთლიანად „დედიკოს ბიჭები“ და ფაბრიცის როლი ჩვენში ბევრს დაავიწყდა. არადა ფედერიკო ფელინის პირველი შედევრი, სატირა 50-იანი წლების იტალიურ პროვინციაზე, „ზრდაშეჩერებულ ბავშვებზე“, ახალგაზრდებზე, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი ახერხებს გაქცევას, იმდენადაა იტალიური, რამდენადაც ჰგავს ქართულ კინოს, ისევე როგორც ეს ინფანტილური ახალგაზრდები ძალიან ჰგვანან ქართველებს.
ფელინის მოყვარულებს აქ არაერთი სცენა გაახსენებს მის გვიანდელ ფილმებს. მთლიანად „დედიკოს ბიჭები“, ფელინის მშობლიური ქალაქის, რიმინის მოგონება, ერთგვარი ესკიზია „ამარკორდისთვის“. თუმცა მაინც მგონია, რომ გვიანდელმა ფელინიმ დაკარგა ეს სისადავე, დრამატული კომპოზიციის გაძლიერება ემოციებში( არა პათეტიკასა თუ ვიზუალურ ეფექტებში), დაკარგა ის ახალგაზრდული სიხალისე, რაც იგრძნობა „დედიკოს ბიჭების“ ყველა ეპიზოდში, მაგრამ განსაკუთრებით ფინალში, რომელზეც - რამდენჯერაც არ უნდა ვნახო - ცრემლი მადგება ხოლმე.
ფაბრიციც უარყოფით გმირს ასახიერებს, მაგრამ თამაშობს ფედერიკო ფელინის ხედვით, სამყაროს ფელინისეული აღქმის მიხედვით. „დედიკოს ბიჭებში“, ფელინის მეორე ფილმში და პირველ შედევრში, ეს აღქმა უკვე ჩამოყალიბებულია - სამყარო ცირკს ჰგავს, ადამიანი კი ბაგირზე მოსიარულე არტისტს, რომელმაც წონასწორობა უნდა დაიცვას.
მახსოვს, 90-იანი წლების დასაწყისში, ბერლინის ფესტივალის კატალოგში ერთი ქართული ფილმი ასე იყო წარდგენილი: „ესაა ამბავი 23 წლის ყმაწვილზე, რომელიც თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს“... ქართველებს უკვირდათ, რატომაა ეს ფაქტი აღსანიშნავიო. მაგრამ გერმანელებსაც უკვირდათ, რომ 23 წლის ახალგაზრდა კაცი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. შეიძლება ბევრ მათგანს ახსოვდა კიდეც ფელინის „დედიკოს ბიჭები“, რომლის პერსონაჟებს მთლად 30 წელი შეუსრულდათ, მაგრამ მშობლებთან ერთად, მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ... ახსოვდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ ეგ ომისშემდგომი წლების იტალიაა, ნეორეალიზმია, პროვინციაა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, სადაც არაა სამუშაო. მაგრამ მეოცე საუკუნის მიწურულს ახალგაზრდა კაცი რომ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, თანაც ისე, რომ სამუშაო არც კი უძებნია... გერმანელისთვის ეს მაინც თავისებური ეგზოტიკა იყო - „საინტერესო ფილმი იქნება ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მშობლების სახლში ცხოვრობს“, - ფიქრობდა, ალბათ, ბერლინელი მაყურებელი.
არა, „დედიკოს ბიჭები“ აღარაა ნეორეალიზმი. სოციალური უსამართლობის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის მთავარი. თუ, რა თქმა უნდა, დიდი ქალაქის და მკვდარი, მოსაწყენი პროვინციის „უთანასწორობას“ არ ჩავთვლით. ფელინი არსად, ფილმის არცერთ ეპიზოდში არ კარგავს სითბოს, თანაგრძნობას, იუმორს და ტკივილსაც, რომელიც უდარდელ სიყმაწვილესთან, ბავშვობის სახლთან დამშვიდობების პროცესის ნაწილია. ძალიან „ქართული“ მგონია ეს დამოკიდებულება. აბა, გაიხსენეთ - „იყო შაშვი მგალობელში“, რომლის ახალგაზრდა გმირი ასევე „ბავშვობის სახლში“ ცხოვრობს, ეს უდარდელობა, საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა, ზედაპირულობა გმირის მოულოდნელი სიკვდილით მთავრდება. იოსელიანი აკრიტიკებდა თავისი ფილმის პროტაგონისტს, ისევე როგორც ფელინი ქილიკობდა „დედიკოს ბიჭებზე“. მაგრამ არც ერთს და არც მეორეს ამ ბიჭებისთვის სიყვარული და თანაგრძნობა არ დაუკლია.
ფილმის პრემიერის შემდეგ ნეორეალიზმის მთავარმა თეორეტიკოსებმა, ასევე იტალიელმა მემარცხენე პოლიტიკოსებმა, ფელინის პერსონაჟების რომანტიზაციაში დასდეს ბრალი. სინამდვილეში რეჟისორის მოქალაქეობრივი პოზიცია და მისი მთავარი გზავნილი ღრმად სოციალურია და აბსოლუტურად მოკლებულია ნოსტალგიურ-რომანტიკულ საღებავებს. ფელინი თანაუგრძნობს, მაგრამ ემიჯნება ბავშვობის ქალაქის ახალგაზრდობას, რადგანაც მისთვის ცხოვრების ეს წესი კონფორმიზმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. ამიტომ მგონია, რომ დღეს, მით უმეტეს იმის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, “დედიკოს ბიჭები” უამრავ ნაცნობს გაგახსენებთ… მერე კი, შესაძლებელია, საკუთარი თავიც დავინახოთ.
სხვა საქმეა “დედიკოს ბიჭების” მთავარი გმირის, მორალდოს სახე. შინაარსის მიხედვით, მორალდო ერთადერთია, რომელიც შეძლებს ბავშვობის სახლის ტყვეობისგან განთავისუფლებას. მაგრამ ძნელია იმას, რასაც ვნახავთ ფილმის ფინალში, ჰეპი-ენდი უწოდო. პირიქით, ეს სევდიანი ინტონაცია ფილმის ფინალისკენ კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორ განვითარდება მორალდოს ცხოვრება? მიაგნებს თუ არა სამუშაოს დიდ ქალაქში? გახდება თუ არა ბედნიერი? დაავიწყდება თუ არა მშობლიური კერა და ძმაკაცები, რომლებიც ასე ძლიერ უყვარდა? ყველა ეს კითხვა დაგიგროვდებათ ფილმის ნახვის შემდეგ. კინოშედევრი სხვა არაფერია - ის არასდროს არ სრულდება ფინალის შემდეგ... შედევრი უსასრულოა.
ეს დიალოგი კი ნამდვილი პოეზია:
- რატომ მიემგზავრები, რატომ გვტოვებ?
- არ ვიცი. უნდა წავიდე. სიცოცხლე ეს უდიდესი ნახტომია... სიცარიელეში.
ფილმის ორიგინალურ ვერსიას ინგლისური სუბტიტრებით ნახავთ აქ:
ანგელოზი, რომელსაც „ჯიმ ჯარმუში“ ჰქვია
შარლოტ რემპლინგის გამოცდილება
არადა, მისი კარიერა დაიწყო როკენროლის და ჰიპების, სტუდენტური მოძრაობისა და ანტისაომარი აქციების ეპოქაში, როდესაც სამყარო სწორედ ვნებებისგან ქუხდა. ერთ-ერთი პირველი როლი ითამაშა „ვნებების ოსტატის“, ლუკინო ვისკონტის „ღმერთების დაღუპვაში“, რომელიც ვისკონტის უმცროსმა მეგობარმა, ლილიანა კავანიმ ნახა და ვისკონტის რჩევით  სინჯების გარეშე მიიწვია რემპლინგი მთავარი როლის შესასრულებლად კინოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ფილმში „ღამის პორტიე“. სკანდალურ და, ამავდროულად, პროგრამულ ფილმში, რომელიც ბევრმა გაიგო, როგორც ფაშიზმის ესთეტიზაცია, ფაშიზმის გამართლებაც კი...
მოგვიანებით ლილიანა კავანის ფემინისტებისგანაც მოხვდა „ფატალური ქალის“ სტერეოტიპის დამკვიდრების გამო. არადა, თუკი ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ ასახიერებს რემპლინგი თავის პერსონაჟს,  როგორ თამაშობს ტრაგედიას, აუცილებლად დავეთანხმებით ლილიანა კავანის, რომელიც გამუდმებით იმეორებდა, რომ რემპლინგის გმირი არც მსხვერპლია და არც ფატალური ქალი - ის არის ისტორიული ტრავმის ცოცხალი მატარებელი სხეული, რომელშიც ძალაუფლება და სურვილი ერთმანეთისგან აღარ გამოიყოფა.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შარლოტ რემპლინგი არასდროს ცდილობს თავი მოაწონოს მაყურებელს. როგორც წესი, მისი გმირები ცივი, ჩაკეტილი, ემოციურად მიუწვდომელნი არიან. მაგრამ პარადოქსი სწორედ ესაა -  დისტანცია ქმნის ჰიპნოზს. ბერლინური სიცივე ვისკონტის „ღმერთების დაღუპვაში“, დუმილი და დანაშაულის აჩრდილი ფრანსუა ოზონის ფილმში „ქვიშის ქვეშ“, ასაკისა და სურვილის წინააღმდეგობა ოზონის „აუზში“ - აქ მისი სახეები  კი არ ვითარდება, არამედ იშლება, ნელა და უმტკივნეულოდ.
ასაკის მატებასთან ერთად რემპლინგმა ახალ ფორმას მიაგნო (“სტილის ხატი“ სწორედ გვიანდელი როლების გამო შეარქვეს). მისი სახეები ფილმებში „45 წელი“ და “ჰანა” არის ადამიანური გამოცდილების სილამაზე, როგორც ფრანსუა ოზონი წერდა, „ისტორია სახეში“... არსებითად განვითარება იმისა, რაც დაიწყო „ღამის პორტიეში“ - წარსულმა შეიძლება ადამიანი გაანადგუროს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ „განწმინდოს“, როგორც ტრაგედიის გმირი.
რემპლინგისთვის ასაკი  სისუსტე არ არის, ეს უფრო დროის შეკუმშვაა: წარსული ერთ მზერაში, ერთ პაუზაში, ერთ შეჩერებულ სუნთქვაში იჩენს თავს. ამიტომ მაყურებელი ხშირად ამ მოლოდინში ადევნებს მას თვალყურს, რათა არ გამოეპაროს მთავარი - ის წამი, როდესაც შარლოტ რემპლინგი სიცივის და მიუკარებლობის ნიღაბს იხსნის ხოლმე.  ამითაც განსხვავდება თავისი თანატოლი ვარსკვლავებისგან, რომლებმაც - თითქმის ყველამ - პლასტიკური ქირურგიის დახმარებით გადაწყვიტეს ასაკის შენარჩუნება და ასე თქვეს უარი… სახის შენარჩუნებაზე. უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა, მაკიაჟსაც კი ძალიან იშვიათად იკეთებს… მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე MAC-ის სახე იყო.
რატომ ნიღაბი? იმიტომ, რომ  ადამიანური გამოცდილება თითქმის არასდროს  არის ჰარმონიული და არც აუცილებლად გასაგები. ვფიქრობ, ფრანსუა ოზონი პირველი რეჟისორი იყო, რომელმაც რემპლინგის ეს ნიღაბი გაათამაშა. ოზონმა, ფაქტობრივად, გადაარჩინა მსახიობი, მძიმე დეპრესიიდან გამოიყვანა და კინოს დაუბრუნა. რამდენიმე წლის წინ გამოცემულ წიგნში, რომელიც რემპლინგმა თავის დას მიუძღვნა (მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე), მსახიობი წერს, რომ ცხოვრებისეული ტკივილი ყოველთვის აღიბეჭდება ადამიანის სახეზე და თითქმის ყოველთვის ალამაზებს მას.
ამ იდუმალებაზე ააგო ფრანსუა ოზონმა თავისი ორი საუკეთესო ფილმი “ქვიშის ქვეშ” და “აუზი”… არც მანამდე და არც ამის შემდეგ ფრანგ რეჟისორს ასეთი შთამბეჭდავი, ასეთი ღრმა, ასეთი მთლიანი ფილმი არ გადაუღია, რაც, რა თქმა უნდა, რემპლინგის დამსახურებაა, მის მიერ შექმნილი ეკრანული სახეებისა, რომლებიც არ განუგეშებენ, მაგრამ  მაინც გიზიდავენ. იმედია, ეს პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. იმედია, ახალი შედევრები გველის მისი მონაწილეობით.
„ფოქსტროტი“ არ არის საუკეთესო ფილმი შარლოტ რემპლინგის ბიოგრაფიაში, მაგრამ არჩევანი სწორედ რიპშტეინის ამ სურათზე შევაჩერე ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფილმის სრულ ასლს მივაგენი იუტუბზე, მეორეც - „ფოქსტროტი“ სწორედ იმ დროსაა გადაღებული, როცა  რემპლინგის პოპულარობა პიკს აღწევს. მექსიკელი რეჟისორის, თავის დროზე ლუის ბუნუელის ასისტენტის, არტურო რიპშტეინის ეს ფილმი, რომელიც ჟან რენუარის „თამაშის წესების“ თავისუფალი ინტერპრეტაციაა, მოგხიბლავთ სტილის შესანიშნავი გრძნობით (რიპშტეინმა „საავტორო კინოში“ ადგილი დაიმკვიდრა, პირველ რიგში, როგორც სტილისტმა), მსახიობთა ბრწყინვალე ანსამბლით (რემპლინგს პარტნიორობას უწევენ პიტერ ო’ტული და მაქს ფონ სიუდოვი), პიტ რუგოლოს დაუვიწყარი მუსიკით და, რა თქმა უნდა, შარლოტ რემპლინგის სილამაზით. ზოგიერთ ეპიზოდში მას თითქოს თამაში არც სჭირდება - გარეგნობა ისეთი აქვს, რომ „დრამატურგია“ და „სიუჟეტი“ მის მზერაში, მის პლასტიკაში ვითარდება.
ფილმის ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
საქართველო - ზამთრის ოლიმპიურ ელიტაში
უიმედო ზიარება
27 იანვარს ინგრიდ ტულინს 100 წელი შეუსრულდებოდა. შვედმა მსახიობმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი სახე კინოს ისტორიაში - ითამაშა სოფია ესენბეკის როლი ლუკინო ვისკონტის „ღმერთების დაღუპვაში“. თუმცა მაყურებლის წარმოდგენაში მაინც დარჩა, პირველ რიგში, როგორც ინგმარ ბერგმანის მუზა. მარტა ლუნდბერგი, მასწავლებელი ბერგმანის „ზიარებაში“, ის კინოსახეა, რომელმაც გაამდიდრა არა მარტო კინოხელოვნება, არამედ მთელი მეოცე საუკუნის მსოფლიო კულტურა.
„ზიარება“ ინგმარ ბერგმანის შემოქმედებითი აღმავლობის წლებშია გადაღებული და ცენტრალური ფილმია ე.წ. რწმენის ტრილოგიისა, რომელიც ბერგმანის ფილმოგრაფიაში პროტესტანტული რელიგიის კრიტიკულ გააზრებად ითვლება. „ზიარების“ გარდა, ტრილოგიაში შედის კიდევ ორი ფილმი: „როგორც სარკეში“ და „სიჩუმე“. თუკი პირველში ღმერთის არსებობა მტკივნეულ ეჭვს უკავშირდება, ამიტომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი ადგილი იმედისთვის, „ზიარებაში“ ეს ადგილი სინათლის სხივისთვის უკვე მთლიანად დახშულია. თანაც, „ღმერთის დუმილი“ აქ აღარაა მეტაფიზიკური საიდუმლო, რომლის ამოხსნას აქამდე მუდმივად ცდილობდნენ ინგმარ ბერგმანის გმირები. ღმერთის დუმილი ეთიკური პრობლემაა. თუკი „ხმას არ იღებს“, არ გვეკონტაქტება, მაშინ გამოდის, რომ იგი საერთოდ არ არსებობს. და თუკი არ არსებობს, რაღა დარჩება ამ სამყაროში სიბნელის, სიკვდილისა და მოახლოებული კატასტროფის გარდა?
ჩემი აზრით, „ზიარების“ დრამატურგია ყველაზე მეტადაა „გამოფიტული“ ბერგმანის შემოქმედებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფორმითაც სიკვდილს ჰგავს, თითქმის არ სუნთქავს, ცარიელი კონსტრუქციაა; მოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი, სივრცე მკაცრად შეზღუდულია, ხოლო დრო — ლიტურგიული რიტმის მიხედვით ორგანიზებული. ეს ფორმალური ასკეტიზმი ბერგმანს საშუალებას აძლევს, რელიგიური რიტუალი წარმოაჩინოს როგორც ფუნქციონირებადი, მაგრამ შინაარსს უკვე სრულიად გამოცლილი სისტემა, რომელიც ვეღარ შველის ინდივიდუალურ ტანჯვას და ვეღარ ანუგეშებს ადამიანს.
ზიარების ჩატარება პრაქტიკულად ცარიელ ეკლესიაში ძალიან ჰგავს ოდნავ მოგვიანებით გადაღებულ “ბლოუ-აპს”, მიქელანჯელო ანტონიონის შედევრს, რომლის ფინალში ვხედავთ ჩოგბურთის თამაშს ბურთის გარეშე… “ზიარებაში” დაიდგა რიტუალი (ბერგმანის კიდევ ერთი ფილმის სათაური) აზრის გარეშე და მივიღეთ რიტუალისა და მისი მნიშვნელობის დაშორების ყველაზე მკაფიო მაგალითი, რომელშიც რელიგიური ჟესტი ღმერთის სრული დუმილის პირობებში იხატება… საბოლოო ჯამში კი, “ზიარება” გადაიქცევა არა იმდენად რწმენის დაკარგვის დრამად, რამდენადაც ადამიანური პასუხისმგებლობის მკაცრ, უკომპრომისო ანალიზად.
ბერგმანის ფილმი თითქოს მთლიანად აგებულია უარყოფაზე. უარყოფილია რწმენა, როგორც ნუგეში, ადამიანური თანაგრძნობის შესაძლებლობა და თვითონ სიყვარულიც კი. მაგრამ სიცარიელე იხატება არა სიჩუმეში (როგორ ტრილოგიის ფილმში “სიჩუმე”), არამედ ტანჯვისა და სასოწარკვეთილების გამომხატველ სიტყვებში.
და სწორედ აქ ჩნდება ინგრიდ ტულინის მარტა ლუნდბერგი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი “ბერგმანის ქალი”. მარტა ამბობს ყველაფერს, რასაც ბერგმანის სხვა გმირები მხოლოდ ფიქრობენ.
მარტა ფილმის მორალური ბირთვია. იგი ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც უარს ამბობს ილუზიაზე — როგორც რელიგიურზე, ასევე ემოციურზე. ეს როლი ურთულესია სათამაშოდ, რადგანაც მრავალ ემოციას იტევს და ზღვარი ამ ემოციებს შორის ფაქტობრივად გაუქმებულია. მე ვფიქრობ, ასეთი თამაში არა მარტო ბერგმანის ესთეტიკას უკავშირდება. ასეთივე ტექნიკას მიმართავს მსახიობი “ღმერთების დაღუპვაშიც”, სადაც მაყურებელის თანაგრძნობას იწვევს თავისი მონსტრი გმირის მიმართ.
“ზიარებაში” ტულინის ინტერპრეტაცია გამორჩეულია ყველანაირი პათოსის და მელოდრამატიზმის უარყოფით, და მკაცრად კონტროლირებული ექსპრესიულობით: სწორედ მარტა ხდება ფილმში პასუხისმგებლობის მატარებელი სუბიექტი, მაშინ როდესაც მღვდლის რწმენა პარალიზებულია. მარტა არ ითხოვს არც სიყვარულს და არც თანაგრძნობას. ის ითხოვს მხოლოდ სიმართლეს და საბოლოოდ სწორედ ღმერთისგან და რიტუალებისგან დაშორებული ქალი აღმოჩნდება ერთადერთი, ვისაც აქ რეალურად აქვს ადამიანის სიყვარულის უნარი. ბერგმანისთვის ქალის ასეთი სახე სრულიად ორგანულია, რადგანაც ქალები ბერგმანთან, როგორც წესი, არ არიან რწმენის ობიექტები, ისინი რწმენის კრიტიკოსები არიან.
ინგმარ ბერგმანი წერდა, რომ “ზიარება” მთლიანად აგებულია ორ თემაზე, ორ მოტივზე. ერთი - რელიგიურია, მეორე - სასიყვარულო. მარტა ამ ორი მოტივის ერთიანობაა. განსაცვიფრებელია გენიალური ოპერატორის, სვენ ნიუკვისტის კამერის დამოკიდებულება “ზიარების” ყველა პერსონაჟის, განსაკუთრებით კი მარტას მიმართ - თითქოს კამერა ნელ მოძრაობასაც კი მხოლოდ იმიტომ იწყებს, რომ სტატიკურობას, უფრო სწორად, პერსონაჟთა “სტატუირებას” გაუსვას ხაზი, ხოლო როდესაც კამერა რეალურად, თვალშისაცემად ამოძრავდება, მაყურებელი გრძნობს, რომ მზადდება რაღაც საგანგაშო, შოკისმაგვარი.
ინგრიდ ტულინის მარტას გარდა, “ზიარებაში” არის კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც ბერგმანის ფილმის ნახვის შემდეგ პირადად ჩემი ცხოვრების თავისებური თანამგზავრი გახდა - მაქს ვონ სიუდოვის იონასი. იონასი "ზიარების" გმირთან, სოფლის დაცარიელებული ეკლესიის მღვდელთან მიჰყავს ცოლს. მიჰყავს იმისთვის, რომ როგორმე მოუხსნას... ატომური ბომბის და მოახლოებული აპოკალიფსის შიში. მღვდელი თითქოს ახერხებს კიდევაც მის დაიმედებას. მაგრამ, აბა, როგორ დააიმედებს სხვას ადამიანი, რომელიც თავადაც უიმედოდ ცხოვრობს?
შეიძლება თუ არა ფუჭი ილუზიებით ადამიანების დაიმედება? შეიძლება თუ არა, ილუზიები და თავის მოტყუება გადარჩენის სტიმული გახდეს? ბერგმანის პასუხია - არა, არ შეიძლება!
აი, ამ პასუხის გამო უნდა ვუყუროთ სწორედ დღეს „ზიარებას“... და არა მარტო იმიტომ, რომ დიდ ინგრიდ ტულინს 100 წელი შეუსრულდებოდა.
ფილმის ორიგინალური ვერსია, ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ იხილოთ აქ:
რუსულად დუბლირებული ვერსია:
ქართველების სიძე, „აგენტის შვილი“ და მათი პატარა კინომარგალიტი
მიხაილ ბოგინის პირველი მეუღლე, კინომცოდნე რუსუდან თიკანაძე (გურამ თიკანაძის და) ორი წლის წინ თბილისში გარდაიცვალა. მათ საერთო შვილი ჰყავთ, ეკატერინე, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. თავად მიხაილ ბოგინი საბჭოთა ემიგრაციის ე.წ. მესამე ტალღის წარმომადგენლად ითვლება - რეჟისორმა საბჭოთა კავშირი დატოვა 1975 წელს, მას შემდეგ, რაც მისი ფილმი „სიყვარულის შესახებ“ ცენზურამ თაროზე შემოდო. თუმცა ჰოლივუდში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ღამის დარაჯადაც კი მუშაობდა, როგორმე თავი რომ ერჩინა. მოგვიანებით, ბოგინი, რომელიც ამერიკაში ასთმისგან განიკურნა, იტყვის: „საბჭოთა კავშირში, ასე თუ ისე, ფილმების გადაღებას ვახერხებდი, მაგრამ სუნთქვა არ შემეძლო. ამერიკაში თავისუფლად ვსუნთქავ, მაგრამ გადასაღებ მოედანზე არავინ მიშვებს“.
„ასე თუ ისე“, მიხეილ ბოგინმა ორი შესანიშნავი ფილმი მაინც დაასრულა. „ორნი“ და „სიყვარულის შესახებ“ გაგაცნობთ მსახიობ ვიქტორია ფედოროვას, რომლის სახე აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. მოგვიანებით ბოგინი იტყვის, რომ „ორნის“ მწვანე შუქი აუნთო იმ ფაქტმა, რომ კრემლის ჩინოვნიკები ფედოროვას სილამაზით მოიხიბლნენ, ბრეჟნევის ვაჟმა კი აიკვიატა, ცოლად უნდა შევირთოო. თუმცა ვიქტორია ფედოროვას დრამატული ცხოვრების გაცნობის შემდეგ ამ ხალხმა არა მარტო უკან დაიხია, არამედ პრობლემებიც კი შეუქმნა ბოგინის ფილმების გაქირავებას.
ცნობილი საბჭოთა მსახიობი, სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატი ზოია ფედოროვა დააპატიმრეს, როდესაც მისი შვილი, ვიკა, ჯერ ერთი წლისაც არ იყო. ზოია გადაასახლეს, როგორც „აგენტი“, შეერთებული შტატების სამხედრო ატაშესთან, ჯეისონ ტეიტთან რომანის გამო. ჯეისონმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე დეპორტირებული იყო, არაფერი იცოდა ვიქტორიას დაკავების შესახებ. ამერიკაში მას არწმუნებდნენ, რომ ზოია ფედოროვა გათხოვდა.
ზოია ფედოროვამ ციხეში ცხრა წელი გაატარა. ვიქტორიას, რომელიც დეიდამ გაზარდა, სიმართლეს დიდხანს უმალავდნენ. დედა და შვილი ერთმანეთს 1955 წლის თებერვალში, ზოიას განთავისუფლების შემდეგ შეხვდნენ. სწორედ მაშინ შეიტყო ვიკამ მამის არსებობის შესახებ. კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა, ცნობილი მსახიობი გახდა, მაგრამ მამაზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ არც ვიკამ და არც დედამისმა არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ არა ჯეისონ ტეიტი. 1975 წელს ვიქტორიამ მაინც მოახერხა გამგზავრება შეერთებულ შტატებში, სადაც მამას შეხვდა და გათხოვდა ამერიკელ პილოტზე, ფრედერიკ პოიზე. ზოია ფიოდოროვა არაერთხელ სტუმრობდა შვილს და შვილიშვილს შტატებში.
1981 წლის 10 დეკემბერს 72 წლის მსახიობი ზოია ფედოროვა მოსკოვში, საკუთარ ბინაში მოკლული ნახეს. მკვლელობა დღემდე გამოუძიებელი დარჩა. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედოროვას ფულს სძალავდნენ - იმხანად მისი შვილი ვიქტორია კოსმეტიკური კომპანია Beauty Image-ის სახე იყო და დედას ეხმარებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გავრცელდა ფედოროვას მკვლელობის განსხვავებული ვერსია - კინემატოგრაფისტთა წრეებში ამტკიცებდნენ, რომ ბერიას საყვარელი მსახიობი "კაგებეს" აგენტებმა მოკლეს.
ვიქტორიას არ მისცეს უფლება, დასწრებოდა დედის დაკრძალვას სსრკ-ში. სამშობლოში ჩამოსვლა მან მხოლოდ „პერესტროიკის“ ეპოქაში შეძლო. ამ დროისთვის თაროდან მოხსნეს მიხაილ ბოგინის ფილმი „სიყვარულის შესახებ“, ხოლო ლატვიამ ბოგინის „ორნი“ დაასახელა ყველა დროის ათ საუკეთესო ლატვიურ ფილმს შორის.
დიახ, მიხაილ ბოგინის „ორნი“ რიგის კინოსტუდიაშია გადაღებული.
ბალტიის რესპუბლიკების ქალაქებში რუსები კინოს მაშინ იღებდნენ, როცა ევროპული გარემოს აღბეჭდვა სჭირდებოდათ (უფრო ხშირად, ანტიდასავლური შინაარსის ფილმებში). მაგრამ ამ შემთხვევაში რიგა არ არის მოგონილი ევროპული ქალაქის დეკორაცია. ქალაქი, რომელიც მიხაილ ბოგინის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ერთ-ერთი გმირია, ნამდვილად 60-იანი წლების რიგაა... რიგა, რომელიც ოკუპირებულია მოსკოვის მიერ, მაგრამ ჯერ მთლად არ ჰგავს საბჭოთა ქალაქებს. ფილმის ავტორისთვის პრინციპული იყო, თავისი გმირებისთვის სწორედ ასეთი ფონი შეექმნა - ბოგინი ხომ გვიამბობს ადამიანების შესახებ, რომლებიც საერთოდ არ ჰგვანან აგრესიულ, გაბოროტებულ, უსახო საბჭოთა მასის წარმომადგენლებს და გამოხატავს გარემოს, რომელიც ნელ-ნელა ქრება, იკარგება...
რიგაში თუ ნამყოფი ხართ, აუცილებლად იცნობთ ფილმში დანენშტერნების სახლს, ბაროკოს არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს, „სამი ძმის“ არქიტექტურულ კომპლექსს, წმინდა იაკობის ტაძარს... ისტორიული ფონი აძლიერებს ფილმის რომანტიკულ ინტონაციას, განსაკუთრებით გამოხატულს ვიქტორია ფედოროვას სახეში, მის ყრუ-მუნჯ გმირში, ახალგაზრდა ქალში, რომელმაც სმენა ბავშვობაში, ქალაქის დაბომბვის დროს დაკარგა... როგორც თავად მიხაილ ბოგინი წერდა, ვიქტორია ფედოროვა ჰგავდა უცხოპლანეტელს, რომელიც მოითხოვს ფილმის მეორე გმირისგან, კონსერვატორიის სტუდენტი ბიჭისგან, მიაგნოს მასთან კომუნიკაციის ახალ ფორმას - უცხოს იმ სინამდვილისთვის, რომელშიც ცხოვრობდა საბჭოთა ადამიანი. ასე იქმნება ფილმში ორი განსხვავებული ენა, თავისებური კონტრაპუნქტი - ხმის, მუსიკის და, მეორე მხრივ, ჟესტის, მიმიკის ენა. ჟესტის ენა არ იცის მუსიკოსმა, ხოლო ქალს, რომელსაც არ ესმის, არ შეუძლია მოუსმინოს მუსიკას. ამის მიუხედავად, მათ შეუყვარდათ ერთმანეთი. დარჩებიან თუ არა ისინი ერთად?
მიხაილ ბოგინმა ფილმის გადაღება 1965 წელს დაასრულა. თითქმის იმ დროს, როცა ჩვენში მიხეილ კობახიძის „ქორწილის“ პრემიერა გაიმართა. კობახიძის და ბოგინის სტილის მსგავსებაზე იმხანად ბევრი წერდა. თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ ამ ორი ავტორის ცხოვრებაც თითქმის ერთნაირად გაგრძელდებოდა - ცენზურასთან ბრძოლაში, შემდეგ კი ემიგრაციაში, სადაც თავისუფლად ისუნთქებენ, მაგრამ კარგ კინოს ვეღარ გადაიღებენ.
ფილმის ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: (დიალოგი მინიმალურია).
…და ღმერთმა შექმნა ბრიჯიტ ბარდო
ჟულიეტა (“და ღმერთმა შექმნა ქალი”)
გასულ კვირას სენ-ტროპეში, საფრანგეთის პატარა ზღვისპირა ქალაქში, ბრიჯიტ ბარდო უკანასკნელ გზაზე გააცილეს მათ, ვისაც იგი განსაკუთრებით უყვარდა - მირეი მატიემ, რომელმაც მეგობრისთვის ეკლესიაში იმღერა, ჟან-პოლ ბელმონდოს შვილმა პოლ-ალექსანდრემ (მამამისი ის იშვიათი კინოვარსკვლავი იყო, რომელთანაც ბრიჯიტს არ უჩხუბია) და, რა თქმა უნდა, მარი ლე-პენმა, საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა, რომელიც არასდროს მალავდა ბარდოსადმი აღფრთოვანებას. დაკრძალვაზე არ მიუწვევიათ არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც კულტურის მინისტრი. ემანუელ მაკრონმა ბრიჯიტის ოჯახს შესთავაზა ისეთი სახის “ეროვნული დაკრძალვა”, როგორიც ჯონი ჰოლიდეისთვის და ჟან-პოლ ბელმონდოსთვის დაიდგა, მაგრამ ოჯახმა უარი თქვა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და მკაცრად შეზღუდა სტუმრების რაოდენობა. როგორც ამბობენ, ეს ბარდოს სურვილი იყო. მან წინასწარ იზრუნა თავის დასაფლავებაზე.
ბრიჯიტის ერთადერთი ვაჟი, ნიკოლა შარიე, ნორვეგიიდან ჩავიდა ოჯახთან ერთად. მან მამაც(ჟაკ შარიე) და დედაც ერთსა და იმავე წელს დაკარგა. ბრიჯიტი და ნიკოლა წლების განმავლობაში ერთმანეთს არ ნახულობდნენ, მაგრამ ბარდოს უკანასკნელმა ქმარმა, ბერნარ დ’ორმალმა, მაინც მოახერხა ორი ახლობელი ადამიანის შერიგება.
ბრიჯიტი სენ-ტროპეს სასაფლაოზე მშობლებთან და საყვარელ ბაბუასთან ერთად დაკრძალეს. სენ-ტროპე და ბრიჯიტ ბარდოს სახე ერთ მთლიანობად აღიქმებოდა ხალხში მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა როჟე ვადიმის “და ღმერთმა შექმნა ქალი”, რომელმაც ბრიჯიტ ბარდო არა მარტო ფრანგული, არამედ მსოფლიო კინოს ვარსკვლავი გახადა. სწორედ ამ ფილმით გაერთიანდნენ ბრიჯიტ ბარდოს მიერ შექმნილი ეკრანული სახეები და მსახიობის ბიოგრაფია, მისი პირადი ცხოვრება - კიდევ უფრო “კინემატოგრაფიული”, ვიდრე ის პერსონაჟები, რომლებიც ბარდომ ეკრანისთვის შექმნა. შეიძლება ამიტომაც დაანება კინოში გადაღებას თავი 1973 წელს და მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ცხოველების დაცვას მიუძღვნა. მოახერხა და თავისი ბიოგრაფია კინოდ აქცია. როჟე ვადიმმა მისი გადაწყვეტილება ძალიან მოკლედ დაახასიათა: “მან უბრალოდ შეცვალა პლუშის სათამაშოები ნამდვილი ცხოველებით“...
როჟე ვადიმი, ალბათ, ყველაზე კარგად იცნობდა ფრანგული კინოს სექსსიმბოლოს, რომელსაც შემოკლებით „ბ.ბ.“ დაარქვეს. 22 წლის ბარდოსთან მისი რომანი ფილმის გადაღებამდე დაიწყო და გადაღების დროს დასრულდა. მოგვიანებით, თავის წიგნში ვადიმი გაიხსენებს, რაოდენ „თავხედურად ღალატობდა“ ბ.ბ. ფილმის გადაღების დროს ჟან-ლუი ტრენტინიანთან, რომლისთვისაც ვადიმის ფილმში განსახიერებული როლი დებიუტია დიდ კინოში. „როცა აღმოვაჩინე, რომ ტრენტინიანთან ჩემს საკუთარ საწოლში მღალატობდა, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რომ მისი თავგასულობა ყველა საზღვარს სცილდება“.
არადა, „საზღვრის გადალახვა“ სწორედ ისაა, რასაც ეძღვნება „და ღმერთმა შექმნა ქალი“. ესთეტი ფრანგისთვის დასრულებული (საზღვრებში მოქცეული) ფორმა, მაშინაც კი, როცა სიგიჟეს გამოხატავს, წმინდათა წმინდაა. ამიტომაც არ მიიღო საფრანგეთმა როჟე ვადიმის ფილმი, რომელიც პრემიერის შემდეგ ჩავარდა კინოგაქირავებაში. სამაგიეროდ, „და ღმერთმა შექმნა ქალი“ ტრიუმფით უჩვენეს ამერიკაში. ბრიჯიტ ბარდოს გმირმა, ჟულიეტამ, ფაქტობრივად “დედოფლის ტახტიდან” ჩამოაგდო მერლინ მონრო და ბ.ბ. წარმოადგინა, როგორც „ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელმა მსახიობმა მსოფლიო აღიარებას ჰოლივუდის სტუდიებთან კონტაქტის გარეშე მიაღწია. სხვებმა - ინგრიდ ბერგმანმა, გრეტა გარბომ, მარლენ დიტრიხმა, სოფია ლორენმა - ეს ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ნიჭიერები იყვნენ ბრიჯიტ ბარდოზე.
ბევრად ნიჭიერები, მაგრამ ბრიჯიტივით თავისუფლები ნამდვილად არა. კინოში მოსვლისთანავე პროდიუსერებმა ურჩიეს, კბილები მოეწესრიგებინა. ბარდომ არ დაუჯერა, თითქოს უკვე იმხანად იცოდა, რომ „უსწორმასწორო“ კბილები და ყოველთვის აჩეჩილი თმა მისი ბუნების ნაწილია... და ისიც იცოდა, რომ კაცებს მასში არა მარტო ლამაზი სხეული, არამედ მისი მოუხელთებელი ხასიათიც იზიდავთ. შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ დაუმორჩილებელი გოგოს მოთვინიერების ვნება იმ პატრიარქალური სისტემის საფუძველია, რომელსაც როჟე ვადიმმა ნიღაბი მოხსნა თავის ერთი შეხედვით სრულიად უპრეტენზიო, ცოტა არ იყოს, სულელურ ფილმში.
„და ღმერთმა შექმნა ქალი“ თითქოს მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ ვადიმს თავისუფლებისკენ ბრიჯიტ ბარდოს ეს სწრაფვა გამოეხატა. ფრანსუა ტრიუფო, როგორც მეამბოხე და ნოვატორული „ახალი ტალღის“ ლიდერი, მართალია, როჟე ვადიმის „პოპ-კულტურულ“ ესთეტიკას არ იზიარებდა, მაინც აღიარებდა, რომ „და ღმერთმა შექმნა ქალი“ პირველი ფილმია ფრანგული კინოს ისტორიაში, რომელშიც ქალი “ურიგდება” თავის სხეულს, გამოხატავს თავის ხორციელ სურვილებს და საჯაროდ აცხადებს თავისი ემანსიპაციის შესახებ. ვადიმმა გადაიღო მზით სავსე, უაღრესად “ცხელი” კადრები და ყველანაირი ნიღაბი მოხსნა ქალს, რაც, ცხადია, შოკის ეფექტი იქნებოდა ჯერ კიდევ საკმაოდ პატრიარქალურ ფრანგულ საზოგადოებაში. ეს მიუხედავად ფილმის სექსისტური ფინალისა, რომელსაც თავად როჟე ვადიმი აფასებდა, როგორც კომპრომისს, როგორც “დათმობას. თუმცა ფინალი, ჩემი აზრით, სრულიად ორგანულია როჟე ვადიმის კინობურლესკისთვის. ფილმის ციტირებას თუ მივმართავთ, ბრიჯიტი აქ „პატარა, ველური მხეცია“, რომელიც „უნდა დაიმორჩილო“(!), თუკი მართლა კაცი ხარ... როგორ უნდა დაიმორჩილო? „ერთი-ორი წაარტყა?“ „უნდა შემოჰკრა?“... თუკი გვჯერა, რომ „ღმერთმა შექმნა ქალი“, მაშინ ღმერთი უნდა განიხილებოდეს მამაკაცად, რომელიც ახალგაზრდა, ლამაზ და თავხედ გოგონებს უსაქციელობის გამო სჯის.
და თუკი „ჭირვეულის მორჯულება“ მეტ-ნაკლებად არის როჟე ვადიმის ფილმის დრამატურგიული ხაზი, სიცოცხლეში ვერავინ ახერხებს ბრიჯიტის მორჯულებას. თუკი როჟე ვადიმის ფილმის გმირს ორად ორი პერსპექტივა აქვს ცხოვრებაში - ან კათოლიკური ეკლესია, ანდა გათხოვება - ბ.ბ.-ს დამორჩილება თითქმის შეუძლებელი ხდება. ამიტომაც ჩნდება ამდენი მამაკაცი მის ცხოვრებაში... თუმცა ჩნდებიან და მალევე ქრებიან.
სიმონა დი ბოვუარი პირველი იყო, ვინც სერიოზულად გამოიკვლია ბ.ბ.-ს ფენომენი თავის შესანიშნავ ესეიში „ბრიჯიტ ბარდო და ლოლიტას სინდრომი“. თანაც, სწორედ როჟე ვადიმის ფილმის მაგალითზე. თუკი „და ღმერთმა შექმნა ქალის“ ერთი პერსონაჟი ჯულიეტას ასე ახასიათებს: „მისი უკანალი მღერის“, სიმონა დი ბოვუარი ფაქტობრივად იმავეს იმეორებს, უბრალოდ, სხვა სიტყვებით, უფრო დახვეწილად: „წმინდანი მიჰყიდდა სულს ეშმაკს, ოღონდაც მისი ცეკვა ენახა“. თუკი ბრიჯიტ ბარდოს ბიოგრაფიას მხოლოდ ყვითელი პრესით იცნობთ, უთუოდ გაგაკვირვებთ ასეთი შეფასებები ეგზისტენციალური ფემინიზმის ერთ-ერთი შემქმნელისგან: „ქალების ისტორიის ლოკომოტივი“, „მისი ტუჩები შექმნილია კოცნისთვის“ და სხვა... თუკი მხოლოდ ის იცით, რომ ბრიჯიტი ლე პენთან დაქალობდა, რასისტულ და ჰომოფობიურ განცხადებებს არ ერიდებოდა, გაოცდებით, როცა შეიტყობთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ მის ფენომენს ევროპელი ფემინისტები. შვილის მიმართ მის დამოკიდებულებას იმით ხსნიდნენ, რომ „ყველა ქალი არ არის დაბადებული დედობისთვის”, ხოლო მის ვულგარულობას და არაეთიკურ განცხადებებს პროტესტის ვნებით ამართლებდნენ. “საზოგადოებაში, რომელსაც სულიერებაზე აქვს პრეტენზია, ბრიჯიტ ბარდო შემოიჭრა, როგორც რაღაც ძალიან ხორციელი და ძალიან პროზაული“, - წერდა სიმონა დე ბოვუარი.
ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ნათელია - ბრიჯიტმა იცოდა, როდის უნდა დაეტოვებინა კინოინდუსტრია, იცოდა, რომ უნდა წასულიყო, სანამ უმნიშვნელო, „უსარგებლო“ გახდებოდა. კი, მისი სხეული სრულიად თავისუფალი იყო. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მისი გონებაც თავისუფალი იყო, რადგანაც არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა იმისთვის, რაც თავად მიაჩნდა მნიშვნელოვნად, არსებითად. მაშინაც კი, როცა ეს ბრძოლა დროის დიქტატს და აღიარებულ სოციალურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.
ბარდოს გარდაცვალების შემდეგ ფილმის ნახვის მოთხოვნილება იმდენად გაიზარდა, რომ საავტორო უფლებების მფლობელებმა იუტუბის არხს წააშლევინეს ფილმის ორიგინალური ვერსია, თუმცა ჯერჯერობით დარჩა ესპანური ვერსია.
რუსულად დუბლირებული ვერსია, რომელსაც დახურულ სეანსებზე უჩვენებდნენ საბჭოთა კავშირში:
რას ელის კინო 2026 წელს - 20 მთავარი პრემიერა
2025 წლის საუკეთესო 10 ფილმი
ახალი „პარაზიტები“ საქართველოში
კოლექტიური ჰიპნოზის ძალა
უხილავის ძებნაში
მე მგონი, ცდება ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ ფოტოხელოვნება და კინო, როგორც „რეპროდუცირების ეპოქის“ პროდუქტი, აურას უკარგავს ხელოვნებას. გაბრიელ ვეირის კადრს, ისევე როგორც ადრეული კინოს არაერთ კარგ ფილმს, უთუოდ აქვს ის, რასაც „აურას“ ეძახიან - ერთგვარი შარავანდედი, ენერგეტიკული ველი, რომელიც, დიახაც, ასხივებს.
სანდრო კობერიძის „ხმელი ფოთოლი“, რომელსაც 29 დეკემბერს, "დოკას კლუბის" ინიციატივით, კინოთეატრ “ამირანში” უჩვენებენ, ადრეულ კინოს, კინოპრიმიტივისტების ფილმებს მოგაგონებთ. არა მარტო იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე უკვე მოძველებული (და, შესაბამისად, პრიმიტიული) „სონი-ერიქსონის“ ტელეფონითაა გადაღებული; ისტორია მამაზე, ირაკლიზე, რომელიც დაკარგულ ქალიშვილს, ლიზას მთელ საქართველოში ეძებს, აწყობილია კლასიკური კინოდრამატურგიის წესების სრული უარყოფით, მასშტაბების რღვევით, ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალების ზომების გაზრდით, მოქმედების რიტმის მუდმივი ცვლით. მუსიკა, რომელიც ფილმისთვის დაწერა სანდრო კობერიძის ძმამ, გიორგი კობერიძემ, ჯერ რუსი საბჭოთა ავანგარდისტის, ოლეგ კარავაიჩუკის საუნდტრეკებს გაგახსენებთ, მოგზაურობის დაწყების შემდეგ კი მუსიკას, რომლითაც კინოთეატრებში 20-იანი წლების ავანგარდულ ფილმებს აფორმებდნენ ხოლმე. მოძველებული ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშია გადმოტანილი, ძველი, ფაქტობრივად, უხმო კინოს ენა კი, 21-ე საუკუნეში. თითქოს ავტორს სურს კინოხელოვნება დროის დინების მიმართ დამოკიდებულებისგან გაათავისუფლოს და „როუდ-მუვის“ ჟანრში შემოაღწიოს ამ ჟანრისთვის თითქოს სრულიად უცხო შეჩერებულობამ, სტატიკურობამ.
მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელმა თავიდანვე მიიღოს თამაშის წესები, რომლებსაც ავტორი გვთავაზობს. სრულიად ბუნებრივად აღიქვას, მაგალითად, ის, რომ ლევანი, ლიზას მეგობარი, რომელიც ირაკლის მიჰყვება შვილის საძებნელად, არ ჩანს ფილმში, უხილავია, რადგანაც ერთგვარი მფარველი ანგელოზია სანდრო კობერიძის ფანტასტიკურ ამბავში. აქ, ისევე როგორც კინოხელოვნების პიონერების პრიმიტივისტულ ფილმებში, ამბის ლოგიკურ განვითარებას არ უნდა მოელოდეთ, არც ემოციებით მანიპულაციას და, მით უმეტეს, არც „ფსიქოლოგიას“, პერსონაჟების ხასიათებს. ამხელა გზაზე ირაკლის სახეზე განსაკუთრებულ წუხილს ვერ ვხედავთ იმის გამო, რომ ვერ პოულობს შვილს, რადგანაც ის, თუ „რა მოუვა მამას“, სანდრო კობერიძისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, „რა მოგვივა“ ჩვენ, მაყურებელს.
ეიზენშტეინი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში წერდა „ბრმად ხატვის“ შესახებ, როცა მხატვრის ხელი ხატავს თვალის (შესაბამისად, ტვინის) კონტროლის გარეშე. აქედან ერთი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო „ბრმად გადაღებამდე“, როდესაც რეჟისორი წინასწარ ბევრს არაფერს გეგმავს და მთლიანად ენდობა რეალობას, როგორც მომავალი ფილმის „თანაავტორს“... მგონია, რომ ასეა გადაღებული სანდრო კობერიძის ფილმი. „ტელეფონი-კამერა“ რეჟისორს იმპროვიზაციის საშუალებას აძლევს და, ფაქტობრივად, ისეთივე ინსტრუმენტი ხდება რეჟისორის ხელში, როგორც ფუნჯი მხატვრისთვის. ოღონდ არამც და არამც ფერწერული სურათების შესაქმნელად. სულ პირიქით.
“ხმელ ფოთოლში” გამოსახულება იმდენად მქრქალია, მბჟუტავი, რომ ზოგჯერ თვალის მოჭუტვა გიწევს საგნების კონტურების გასარკვევად. საკმაოდ დამღლელი “ვარჯიშია”, რომელსაც 3 საათის განმავლობაში ყველა ვერ გაუძლებს. მაგრამ თუკი შევთანხმდებით, რომ ხელოვნების აღქმა დიახაც, შრომატევადი პროცესია, თუკი ენდობით ფილმის ავტორს, აუცილებლად - განსაკუთრებით ფილმის ფინალში - იგრძნობთ, რომ ეს დაღლა სიამოვნებას განიჭებთ, რომ მოგწონთ დაკვირვება, თუ როგორ ლღვება, თითქმის აბსტრაქტული ხდება კადრი. მოგწონთ, რადგანაც მალევე ხვდებით ავტორის ჩანაფიქრს, მის სურვილს, დაინახოს და გადაიღოს უხილავი (თუ გნებავთ, მას „აურა“ დაარქვით). არსებითად ესაა მთელი ამ აბსურდული მოგზაურობის აზრიც.
გაბრიელ ვეირის მიერ ვიეტნამში გადაღებული მაგიური კადრი შემთხვევით არ გამახსენდა. თავისი არსებობის პირველივე დღიდანვე კინო გადაიქცა სამყაროს შეცნობის ინსტრუმენტად. „ხმელი ფოთოლი“, და კიდევ უფრო სანდრო კობერიძის წინა ფილმი, „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ (რომელიც პირადად მე უფრო მიყვარს), ამ ფუნქციას უბრუნებს კინოხელოვნებას. მაგრამ სამყაროს შეცნობა საკუთარი თავის შეცნობაცაა და მთელი ეს ფანტასტიკური მოგზაურობაც ცნობიერის და არაცნობიერის ლაბირინთების გარღვევის მცდელობაა. მნიშვნელოვანია, რომ ამას მამა აკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ მამებს ამ მოგზაურობისთვის შვილები, და მით უფრო საგულისხმოა, ალბათ, რომ ქალიშვილები უბიძგებენ. კი, ბუნება ცვალებადი და „ბუნდოვანია“, სამაგიეროდ მარადიულია მშობლების და შვილების კავშირები... ამ თვალსაზრისით „ხმელი ფოთოლი“ ერთგვარი ოდაა ოჯახზე და ოჯახურ ურთიერთობებზე. მამა-შვილის მთლიანობა აქ ნგრევას და ძალადობას უპირისპირდება.
ყოფილ სტადიონებზე, რომლებსაც ლიზა იღებდა, ახლა ვხედავთ ძაღლებს, ვირებს, ღორებს, ცხენებს, ძროხებს... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოს რეგიონებში დღეს მხოლოდ შინაური ცხოველები, მოხუცები და ბავშვები დარჩნენ. კი, ბავშვები ყველაზე ხშირად ჩნდებიან. ირაკლი ეკითხება ერთ ბიჭუნას, სტადიონი აღარაა და ფეხბურთს როგორღა თამაშობთო... თუკი ჩოგბურთის თამაში შესაძლებელია ბურთის გარეშე, მაშინ სტადიონიც არაა აუცილებელი ფეხბურთისთვის.
ანტონიონის „ბლოუ-აპი“ ბევრ ჩემს ნაცნობს გაახსენდა „ხმელი ფოთლის“ სეანსზე. ამ გენიოსი კაცისთვის კინოკამერა იყო ადამიანის თვალზე უფრო მგრძნობიარე ინსტრუმენტი, რომელიც შენიღბულს, დამალულს, გაუჩინარებულს ხედავდა. ეს იყო არა იმდენად „სამყაროს ხელახლა შექმნა მისივე საკუთარი ხატით“ (როგორც ახასიათებს ფრანგულ „ახალ ტალღას“ ცნობილი ფემინისტი ხელოვნებათმცოდნე, ლინდა ნოქლინი), არამედ ეს იყო დაუნახავის დანახვის სურვილი... გაუჩინარებულის დანახვა სიმართლის გასაგებად. როგორც შექსპირთან – „შენ შემიბრუნე მზერა და სული დამანახე“, ეუბნება დედოფალი „ჰამლეტს“.
„ხმელ ფოთოლში“ მამა არა მარტო ლიზას ეძებს, არამედ უნებურად მოგვევლინება შვილის საქმის გამგრძელებლადაც. ბარბაროსებს და ველურებს შეუძლიათ არა მარტო სპორტული უნივერსიტეტი დაანგრიონ (როგორც „ხმელ ფოთოლში“), მათ შეუძლიათ, და აგერ, აპირებენ კიდეც, მოსპონ უნივერსიტეტი, როგორც იდეა... ბარბაროსებს შეუძლიათ გაყიდონ ყველაფერი, რაც ადამიანებს აბედნიერებდა, ბავშვებს სიცოცხლეს უხალისებდა... კი, შეუძლიათ, მაგრამ სიცოცხლე, ბედნიერება და სიხარული ასე ადვილად არ იკარგება. თუ გნებავთ, დაუძახეთ ამას „აურა“. ის რჩება. ის არსებობს, მას მხოლოდ დანახვა უნდა. კინოხელოვნება კი გადაიქცევა არა მარტო წარმავალი ნატურის „შემნახველად“ (რასაც აკეთებდა ლიზა, როცა სოფლის სტადიონებს იღებდა), არამედ თვალის ახელის ხელოვნებად.
ფილმის ფინალში წაკითხული ლიზას წერილი (ჩემი აზრით, ინტონაციის თვალსაზრისით მეტისმეტად პათეტიკური) ზუსტად ასახავს ცვლილებას, რომელსაც მაყურებელი საკუთარ თავში შეიგრძნობს, რადგანაც წერილში ის თითქოს საკუთარ ფიქრებს ისმენს. ამგვარი დამთხვევა, ეკრანულ სამყაროსთან თანხვედრა, გახარებს და გაბედნიერებს. შეიძლება ეს კათარსისი არაა, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. მაგრამ იმედის ნაპერწკალი ნამდვილად არის.
ინგმარ ბერგმანის ჩრდილში