Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ სურს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის ნაწილს


ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება და არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ცვლილება „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებების მთავარი პუნქტი იყო, რაც არ შესრულდა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ამ ცვლილების გადადების არგუმენტად ისინი არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროს ასახელებენ.

უმრავლესობის წევრების მიერ დაანონსებული ამ გადაწყვეტილების შემდეგ საარჩევნო სისტემის შესახებ დისკუსია არ წყდება. საჯარო მოხელეების, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებული განცხადებების პარალელურად საარჩევნო სისტემის შეცვლა-არ შეცვლის თემა აქტუალური გახდა საზოგადოებაშიც. რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები? – ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ზუგდიდის ქუჩებში მიმართა მოქალაქეებს:

„მაჟორიტარი არ არის საჭირო. უნდა იმუშაოს, საქმე უნდა აკეთოს მაშინ... არაფერს არ აკეთებენ“, – ამბობს ზუგდიდელი ნაზი გვილავა.

„რისი გამკეთებელია ერთი, რომელიმე დამისახელე!“ – კითხულობს ბონდო ჭეჟია.

„მაჟორიტარი ძალიან ძლიერი და პატრიოტიც რომ იყოს, ისეთი სისტემაა ეს მაჟორიტარული, რომ ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც მას აკისრია. არაა ეს საჭირო“, – გვითხრა მერაბ კილასონიამ. ანალოგიურად ფიქრობს ასევე ზუგდიდში მცხოვრები ზალიკო გეთია:

„ჯერ ერთი და, ზუგდიდში რომ მოდიხარ ზუგდიდელი კაცი, მაჟორიტარი კაცი, თუ ხარ მაჟორიტარი... და 30 კაცი დაცვა რომ დაგყვება ერთ კაცს, ასეთი მაჟორიტარი არ გვჭირდება. გამოვიდეს ერთი აქ, თუ აქვს ზურგი“!

„მაჟორიტარების ფუნქციას მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ, მათგან არ არის იმდენი პოლიტიკური მოგება. ზედმეტი ხარჯებია. არც ჩანან, იშვიათად გამოჩნდებიან და, რა არის ეს?!“, – მიიჩნევს ზურაბ ცხონდია.

„რამეში რომ დაგჭირდეს, ვერ მიხვალ. არც ტელეფონია მათი, არც სამუშაო ადგილი. ვერ მოძებნი. 70%-მა არც კი იცის, რა გვარია და ვინ არის მაჟორიტარი“, – ამბობს ჯუმბერ ხასაია.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობა მესამე სექტორის ნაწილი. მათ ეს დაადასტურეს ერთობლივ განცხადებაშიც, რომელსაც ხელ აწერენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ და „ღია საზოგადოება – საქართველო“.ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები, რაც შედის საარჩევნო სისტემაში, თუნდაც ის, რომმაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერი დაწესდება, ნაცვლად 30%-ისა და შემცირდება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობას შორის ამჟამად არსებული დისბალანსი – არ არის საკმარისი.

„ვემხრობით გადასვლას პროპორციულ სისტემაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ დეპუტატები უნდა არჩეულიყვნენ საერთო პროპორციული სიით 75 დეპუტატი და 75 – სამხარეო პროპორციული სიით, ანუ იგივე რაოდენობის – 150 დეპუტატია, მხოლოდ საერთო პროპორციული და სამხარეო პროპორციული სიით. სამართლიანი საარჩევნო სისტემა გვექნება მხოლოდ ამ კუთხით, რადგანაც, მაგალითად, დღეს თუ მესტიის მუნიციპალიტეტს, სადაც დაახლოებით, 6 ათასი ამომრჩეველია, ჰყავს ერთი მაჟორიტარი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, სადაც 120 ათასზე მეტი ამომრჩეველია, ჰყავს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, რაც არ არის სამართლიანი“, – განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ხუხუა კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას:

„მიგვაჩნია, ხელისუფლების ის არგუმენტი, რომ მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი და ამიტომ არ არის სასურველი საარჩევნო სისტემის არსებითი რეფორმირება, სრულიად არადამაჯერებელია.მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთნახევარი წელი არის დარჩენილი, შესაბამისად, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სრულად მოსწრებადია“.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო სისტემის თაობაზე პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ასეთი კონსენსუსი აქამდე არასდროს მიღწეულა და ხელისუფლების მხრიდან ამის უგულებელყოფა მიუღებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG