Accessibility links

ახალი ამბები

რუმინეთში ლეგალიზებულია წინასწარმეტყველთა და ასტროლოგთა საქმიანობა

რუმინეთში მკითხავებს და ასტროლოგებს ამიერიდან ღიად შეუძლიათ მისდიონ თავიანთ პროფესიას მას მერე, რაც მთავრობამ წინაწარმეტყველება ოფიციალურ პროფესიად გამოაცხადა. ამ კვირაში მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც აღიარებს წინასწარმეტყველებს. შემოდგომაზე რამდენიმე პარლამენტარმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც მკითხავთა დაბეგვრას ითვალისწინებთდა, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, უკან დაიხიეს მას მერე, რაც მათ დაწყევლით დაემუქრნენ.

სურგუტის აეროპორტში მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ სურგუტში, აეროპორტში მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამის ბედი გაურკვეველია. სამგზავრო თვითმფრინავის, ტუ-134-ის ძრავას აფრენის მცდელობისას ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი საწვავის ავზი აფეთქდა. თვითმფრინავში 116 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდნენ. მოხერხდა უმეტესი ადამიანის ევაკუაცია.

პაკისტანის დაზვერვის ცნობით, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის სარაკეტო დარტყმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის დაზვერვა იტყობინება, რომ ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანია მოკლული ავღანეთის საზღვართან მდებარე რაიონში. მათ ცეცხლი გაუხსნეს მაშინ, როცა ავტომანქანით მგზავრობდნენ ჩრდილოეთ ვაზირისტანის ავტოტრასაზე. დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს, საკუთარ ვინაობას არ აცხადებენ, ვინაიდან, მათი თქმით, არა აქვთ პრესასთან კონტაქტის უფლება.

ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატში გრძელდება უკანასკნელი ათწლეულების უდიდესი წყალდიდობის წინააღმდეგ ბრძოლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში მდებარე კვინსლენდის შტატში გრძელდება უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უდიდესი წყალდიდობის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც იტყობინებიან, დატბორილი ან გარე სამყაროსგან მოწყვეტილია ოცზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის მსხვილი ქალაქი როკჰემპტონი. ევაკუირებულია ათეულობით ათასი ადამიანი. მთლიანობაში სტიქიური უბედურება ორასიათასზე მეტ ადამიანს შეეხო. ავსტრალიის ფინანსთა მინისტრმა ენდრიუ ფრეზერმა „ბიბლიური მასშტაბების“ უწოდა წყალდიდობას, რომელიც ერთად აღებული საფრანგეთისა და გერმანიის ფართობის ტოლ ტერიტორიას დაატყდა. მან აღნიშნა, რომ წყალდიდობამ სერიოზული ზარალი მიაყენა ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, მომპოვებელ მრეწველობას, და რომ მისი შედეგების აღმოფხვრას მილიარდობით დოლარი დასჭირდება.

საბერძნეთს გადაწყვეტილი აქვს, კედელი ააშენოს თურქეთის საზღვარზე

საბერძნეთს გადაწყვეტილი აქვს, კედელი ააშენოს თურქეთის საზღვარზე, რათა გზა გადაუკეტოს არალეგალური იმიგრანტების ტალღას. მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა, ხრისტოს პაპოუცისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 200 კილომეტრის სიგრძის კედელი იქნება იმის ანალოგიური, რაც აგებულია შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე. მინისტრის თქმით, 2010 წელს თურქეთიდან საბერძნეთში დღეში დაახლოებით 200 არალეგალური მიგრანტი გაადიოდა. უმეტეს შემთხვევებში ეს არიან ავღანეთის, ალჟირის, პაკისტანის, სომალისა და ერაყის მოქალაქეები. როგორც იტყობინებიან, ევროპის კავშირში არალეგალური იმიგრანტების თითქმის 80 პროცენტი საბერძნეთის გზით აღწევს.

რადიო თავისუფლების ბელორუსული რედაქცია ეთერში გავიდა საგანგებო პროექტით - „სოლიდარობის ხმა“

რადიო თავისუფლების ბელორუსული რედაქცია ეთერში გავიდა საგანგებო პროექტით - „სოლიდარობის ხმა“ - ბელორუსიის ასობით მოქალაქისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც სცემეს და დააპატიმრეს ახლახან გამართული საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოწყობილი საპროტესტო აქციების გამო. პროექტის ფარგლებში ცნობილი პოლიტიკოსები, დისიდენტები, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლები, მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები კითხულობენ ასობით რეპრესირებულის სახელებს. „სოლიდარობის ხმაში“ მონაწილეობენ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ქვრივი ელენა ბონერი და სხვები.

უნგრეთმა დღეს ოფიციალურად გადაიბარა ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეობა

უნგრეთმა დღეს ოფიციალურად გადაიბარა ექვსი თვით ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეობა. ის როტაციის წესით ცვლის წინა თავმჯდომარეს, ბელგიას. ბუდაპეშტი ევროკავშირს სათავეში ჩაუდგება პერიოდში, როცა განხილულ იქნება ორგანიზაციის 2014-2020 წლების ბიუჯეტი. მიმომხილველთა აზრით, ბიუჯეტის თაობაზე დებატებმა შესაძლოა გამოავლინოს განსხვავებები სხვადასხა ქვეყნის პოზიციებს შორის - კერძოდ, მოახდინოს, ერთი მხრივ, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის და, მეორე მხრივ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერესების პოლარიზაცია.

მილიარდობით ადამიანმა აღნიშნა ახალი წლის დადგომა

მილიარდობით ადამიანმა აღნიშნა ახალი წლის დადგომა. მსოფლიოს უდიდესი ქალაქების ცნობილ ადგილებში - ლონდონში ათასწლეულის ბორბალთან, პარიზში შანზ-ელიზეზე, ნიუ იორკში ტაიმს სკუეარზე, მოსკოვში წითელ მოედანზე - ასიათასობით ადამიანი გამოვიდა 2010 წლის გასაცილებლად და 2011-ის შესახვედრად. ახალ წელს პირველი შეეგება წყნარ ოკეანეში მდებარე პატარა ქვეყნის, კირიბატის ექვსიათასკაციანი მოსახლეობა.

მინსკში ეუთოს ოფისი დაიხურება

ბელორუსიამ განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა, განკარგულება გასცეს ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეუთოს, მინსკის ოფისის მუშაობის შეწყვეტის შესახებ. განცხადება ამის შესახებ გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ანდრეი სავინიხმა, რომელმაც განმარტა, რომ ეუთოს მისიამ მანდატი შეასრულა. განცხადება ირწმუნება, რომ ოფისი დახურვა არ გამოიწვევს ეუთოსა და ბელორუსიას შორის თანამშრომლობას, რომ პირიქით, მინსკი მზად არის თანამშრომლობის გაფართოებაში. ცნობით, ვენაში ბელორუსიის ელჩმა ეუთოს ინფორმაცია ფაქტის შესახებ მიაწოდა.

ბარაკ ობამა: ალ ყაიდა მეტ ზეწოლას განიცდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ალ ყაიდის მაღალი რანგის ლიდერები საერთაშორისო ჯარების მხრიდან მეტ ზეწოლას განიცდიან, ვიდრე ოდესმე, და რომ ისინი ავღანეთის და პაკისტანის სასაზღვრო რეგიონს აფარებენ თავს. ობამამ ამის შესახებ განაცხადა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით. შარშან ამ თავდასხმისას აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს შვიდი თანამშრომელი დახოცეს.

უკრაინის ყოფილ პრემიერს ათი საათის განმავლობაში დაკითხავდნენ

უკრაინის ყოფილ პრემიერ- მინისტრ იულია ტიმოშენკოს ათი საათის განმავლობაში დაკითხავდნენ სამართალდამცველები, თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ მისი მიმართ წაყენებული ბრალდების თაობაზე. ტიმოშენკოს, სხვათა შორის, აბრალებენ, რომ მან გარემოს დაცვისთვის მიღებული თანხები საპენსიო ფონდის შევსებას მოახმარა. პროკურატურის თანახმად, მის მიმართ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ტიმოშენკო ბრალდებას უარყოფს. აშშ-ის საეოლჩომ კიევში შეშფოთება გამოხატა, რომ უკრაინაში გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია უკრაინის ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ.

ესტონეთი - პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა- ევროზონის წევრი გახდება

პირველი იანვრიდან ევროზონის 17 სახელმწიფოს შეუერთდება ესტონეთი, რომელიც პირველი პოსტსაბჭოთა და მესამე პოსტსოციალიუტრი სახელმწიფო იქნება, რომელიც საერთო ევროპულ ვალუტას, ევროს შემიღებს. მთავრობა თვლის, რომ ეს ნაბიჯი დადებითად ამოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, გააფრთოებს დასავლურ ინვესტიციებს და გააიოლებს ვაჭრობას ევროკავშირის ქვეყნებთან. გამოკითხვებით, ესტონელების მხოლოდ ნახევარი ემხრობა ევროზე გადასვლას.

ერაყის დედაქალაქში ქრისტიანებზე თავდასხმებს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ორი ადამიანი დაიხოცა და 16 დაშავდა ქრისტიანთა საცხოვრებლებზე თავდასხმის შედეგად. პოლიციის ცნობით, თავდასხმები მოხდა წუხელ, ბაღდადის სხვადასხვა არეალში. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმების მიზანი იყო ახალი წლის ზეიმისთვის ხელის შეშლა, რასაც ქრისტიანები აღნიშნავენ. ბოლო ორ თვეში ერაყში ქრისტიანებზე არაერთი თავდასხმა მოხდა.

ბან კი მუნმა კოტ დ’ივუარის მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები გააფრთხილა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა კოტ დ’ივუარის მოქმედი პრეზიდენტის, ლორან ბგაბგო, მომხრები გააფრთხილა, რომ ძალადობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ფართო მასშტაბიანი სამოქალაქო ომი. ბგაბგმოს არ სურს საპრეზიდენტო არჩევნებიში მარცხის აღიარება. მისი მომხრეები იმუქრებიან, რომ იერიშით აიღებენ სასტუმროს დედაქალაქ აბიჯანში, სადაც საერთშაორისო თანამეგობრობის მიერ არჩევნებში გამარჯვებულად აღიარებული ალასან უატარა იმყოფება. სასტუმროს გაეროს სამშვიდობო ჯარი იცავს. არჩევნების ორი კანდიდატის მოხრეებს შორის შეტაკებებს უკვე შეეწირა 170-ზე მეტი ადამიანი.

მოსკოვის სასამარლოს განაჩენი ხოდორკოვსკის და ლებედევის ადოვაკატებმა გაასაჩივრეს

მოსკოვის სასამარლოს მიერ მიხაილ ხოდორკოვსკისთვის და პლატონ ლებედევისთვის გამოტანილი განაჩენი მათმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს. ხოდორკოვსკის ადვოკატის კარინა მოსკალენკოს თანახმად, საჩივარი ასეთ მცირე ვადაში იმიტომ შეიტანეს, რომ მომავალი ათი დღეს, რომელიც განსაზღვრულია აპელაციისთვის, დასვენების დღეებს ემთხვევა.

ლავროვი: ხოდორკოვსკის განაჩენი რუსეთის დამოუკიდებელმა სასამართლომა გამოუტანა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიხაილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევისთვის განაჩენი გამოტანილი იქნა რუსეთის დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ, რომლის გადაწყვეტილებაზე უცხოეთის კრიტიკამ გავლენა ვერ უნდა მოახდინოს. მისი თქმით, რუსეთის სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია ნებისმიერი უცხოური სახელმწიფოს პოზიციისგან.

ხოდორკოვსკის განაჩენის გამო რუსეთის მიმართ კრიტიკა არ წყდება

აშშ-ის დაფუძნებულმა, უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, „ჰიუმენ რაიტს უოჩმა“ მიხაილ ხოდორკოვსკისთვის დამატებით ექვსი წლით პატიმრობის მისჯა შეაფასა, როგორც „დარტყმა რუსეთში კანონის უზენაესობითვის“. გუშინ თავიანთი შეშფოთება გამოხატეს ევროპის ქვეყნების და აშშ-ის მთავრობებმა განაჩენის გამო, რომელიც მოსკოვში სასამართლომ გამოუტანა მიხაილ ხოდორკოვსკისა და მის ბიზნესპარტნიორ პლატონ ლებედევს. ხოდორკოვსკი რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი იყო, კომპანია „იუკოსის“ მფლობელი, ახლა კი მერვე წელია, პატიმრობას იხდის. ახალი განაჩენის შედეგად, ის 2017 წლამდე დარჩება ციხეში. ხოდოროვსკი დამნაშავედ ცნეს საკუთარი კომპანიისაგან 27 მილიარდამდე დოლარის ნავთობის მოპარვასა და ფულის გათეთრებაში.

ავსტრალიასა და აზიაში ახალი, 2011 წელი დადგა

ახალ, 2011 წელს უკვე შეხვდნენ ავსტრალიაში და აზიის არაერთ ქვეყანაში. ავსტრალიაში, სიდნეიში საახალწლო ფოიერვენკს თვალყურს ადევნებდა ასეულ ათასობით ადამიანი. მთელ მსოფლიოში მილიარდზე მეტი ტელემაყურებელი უცქერდა ამ სანახაობას. ახალ წელს შეხვდნენ ჩინეთში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში. ყოფილ ბირმაში, მიანმარში, მთავრობამ აკრძალა პეტარდების ყიდვა-გაყიდვა. დასავლეთ ნახევარსფეროში, შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, მოელიან, რომ მილიონი ადამიანი იქნება გარეთ, ტაიმს სკვერზე, სახალწლო ზეიმის აღსანიშნავად.

თბილისსა და ბათუმში დღეს ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისსა და ბათუმში დღეს ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. საპატრულო პოლიციის უფროსის, გიორგი გრიგალაშვილის ინფორმაციით, თბილისში დღეს, 15:00 საათიდან, ავტოტრანსპორტისთვის მთლიანად გადაიკეტება რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა ორბელიანის მოედნამდე. საახალწლო ღონისძიებებზე მისვლა კი, შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირიდან და პუშკინის ქუჩიდან. ბათუმში ასევე 15:00 საათიდან გადაიკეტება ევროპის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. საახალწლო ღონისძიებებზე მისვლა შესაძლებელი იქნება დემეტრე თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან, ასევე, ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან. გრიგალაშვილის განცხადებით, თბილისსა და ბათუმში საახალწლო ღონისძიებებზე აკრძალულია ასაფეთქებელი პეტარდების, ფეთქებადი ფოირვერკების, შუშხუნების, აალებადი ნივთებისა და ბოთლების – მათ შორის პლასტმასის ბოთლების შეტანა. შესასვლელ ადგილებში მოხდება შემოწმება შესაბამისი ხელსაწყოებით და პირები, ვისაც აკრძალული ნივთები აღმოაჩნდებათ, ღონისძიებებზე არ დაიშვებიან.

”ქართული აკადემია” ახალ წელს მოშიმშილე ომის ვეტერანებთან ერთად შეხვდება

"ქართული აკადემია" ომის ვეტერანებს თანადგომას უცხადებს და ახალ წელს მოშიმშილეებთან ერთად შეხვდება. "ქართული აკადემიის" წარმომადგენელთა განცხადებით, მისასალმებელია ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება, რომლებმაც ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს ვეტერანებს. ”ქართული აკადემიის” წევრები სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილეებთან ერთად შევხვდებით ახალი წლის დადგომას. ამასთანავე, მივესალმებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების განზრახვას, რომლებმაც ანალოგიური სურვილი გამოაცხადეს. საქართველოს მოსახლეობას ვუსურვებთ გონიერებას, პრინციპულობას, სოლიდარობას, რათა დამდეგი 2011 წელი იქცეს ქვეყანაში ძირეული პოლიტიკური ცვლილებების გადამწყვეტ ეტაპად", - აცხადებენ "ქართული აკადემიის" წარმომადგენლები.

ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

ბაღდადში ქრისტიანების სახლებთან მომხდარ აფეთქებებეს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა. ხელნაკეთი ბომბები ბაღდადში ექვს სხვადასხვა ადგილას ამოქმედდა. ამ ეტაპისათვის აფეთქებებზე პასუხისმგებლობას არც ერთი ტერორისტული დაჯგუფება არ იღებს.

შეერთებული შტატების დასავლეთით დიდთოვლობა მატულობს

შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში დიდთოვლობა მატულობს. თოვლმა და ყინულმა მთავარი მაგისტრალების დიდი ნაწილი დაფარა. სინოპტიკოსთა ცნობით, რიგ ადგილებში თოვლის საფარი 46 სანტიმეტრს აღწევს. მძღოლებს ღამის გათენება გრან კანიონის სიახლოვეს მოუწიათ. გადაუღებლად თოვს კოლორადოში, უხვი ნალექის გამო გადაიდო ფრენები დენვერში. პოლიციის კაპიტნის განცხადებით, სიტუაცია მართლაც რთულია, ამიტომ ის მოსახლეობას მგზავრობისაგან თავის შეკავებას ურჩევს.

პეტერბურგში ოპოზიციონერთა საპროტესტო აქციები გაიმართება

დღეს პეტერბურგში ოპოზიციური ძალები მიტინგების გამართვას გეგმავენ, ისინი კონსტიტუციის 31-ე მუხლის - შეკრების თავისუფლების - დასაცავად გამოდიან. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, არც ერთი აქცია მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული არ არის.

დიდი ბრიტანეთი ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლას გააძლიერებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი საახალწლო მიმართვაში აცხადებს, რომ ადგილობრივ ისლამურ ექსპტრემისტებთან ბრძოლა 2011 წელს კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. მან დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მუსულმანებს მიმართა, დახმარება გაუწიონ ექსტრემიზმთან ბრძოლაში. კემერონის სიტყვებით, დიდი ბრიტანეთი კვლავ აწყდება სერიოზულ პრობლემებს საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა 2011 წელს ავღანეთში ”გადამწყვეტი წელი” უწოდა. 2011 წელს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები უსაფრთხოებაზე კონტროლს ავღანურ სამხედრო ძალებს გადასცემენ. ასევე იგეგმება დიდი ბრიტანეთის შენაერთების ავღანეთიდან გამოყვანაც.

მიხეილ ხოდორკოვსკის კიდევ ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვში სასამართლომ ექვსი წლით გაუგრძელა პატიმრობა მიხაილ ხოდორკოვსკისა და მის ბიზნესპარტნიორ პლატონ ლებედევს. ხოდორკოვსკი რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი იყო, კომპანია „იუკოსის“ მფლობელი, ახლა კი მერვე წელია, პატიმრობას იხდის. ახალი განაჩენის შედეგად, ის 2017 წლამდე დარჩება ციხეში. ხოდოროვსკი დამნაშავედ ცნეს საკუთარი კომპანიისაგან 27 მილიარდამდე დოლარის ნავთობის მოპარვასა და ფულის გათეთრებაში. ხოდორკოვსკის ადვოკატები აკრიტიკებენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ მათს წამყენებლებს ნავთობის ბიზნესის შესახებ ცოდნა არ გააჩნიათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ რუსეთში მოხდა მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენება შეუსაბამო მიზნებისთვის. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, იმედგაცრუება გამოხატა და თქვა, რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლოზე პოლიტიკური მოტივები თამაშობდა როლს. ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის იეჟი ბუზეკის თქმით, რუსეთს დიდი გზა აქვს გასავლელი დაპირებულ იუსტიციის რეფორმების გატარებამდე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG