Accessibility links

ახალი ამბები

1 იანვრიდან ლატვია ნახევარი წლით ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე

1 იანვრიდან ლატვია ნახევარი წლით ჩაუდგა სათავეში ევროპის კავშირს. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ამ თანამდებობაზე ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა 315 მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო პროგრამის რეალიზაცია, რომელიც ერთი თვის წინ ძირითადი ამოცანის სახით გამოაქვეყნა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა. ლატვიას ასევე აუცილებლად მიაჩნია, გაგრძელდეს რუსეთის მიმართ მკაცრი კურსი და აღნიშნავს, რომ დადგა დრო, გადახედულ იქნეს ევროკავშირის დებულებები უსაფრთხოების სფეროში, რომლებიც 2003 წელს იქნა შემუშავებული „ცივი ომის“ დასრულებისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შესუსტების შემდეგ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს, ევროკაშირში მისი ქვეყნის თავმჯდომარეობა „ანტირუსულად“ განიხილებოდეს, მაგრამ ევროკაშირის ამჟამინდელი სტრატეგია, რომელიც მის აღმოსავლეთ საზღვრებზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზეა დამყარებული, მოძველდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მზადაა, სამხრეთ კორეასთან უამაღლესი დონის მოლაპარაკებები გამართოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მზადყოფნა გამოთქვა, სამხრეთ კორეასთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები გამართოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის შესასუსტებლად. ამის შესახებ მან საკუთარი ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში ილაპარაკა. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისა და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის უკანასკნელი შეხვედრა 2007 წელს გაიმართა ფხენიანში.

1 იანვრიდან ლიტვა ევროზონის წევრი ხდება

1 იანვრიდან ლიტვა ევროპულ ვალუტაზე გადადის. ამგვარად ის ბალტიისპირა ქვეყნებიდან უკანასკნელია, რომელმაც ევრო მიიღო. ქვეყნის ხელმძვანელობა იმედოვნებს, რომ ევროზონასთან მიერთება გაამყარებს სტაბილურობას, მიუხედავად ინფლაციისა და ევროკავშირში ვალების პრობლემის გამო შიშებისა.

ახალ წლის დადგომა ყველგან სიხარულით არ უზეიმიათ

მსოფლიო ახალი, 2015 წლის დადგომას დღესასწაულობს. სადღესასწაულო განწყობილებას ჩრდილი მიაყენა ჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში მომხდარმა ტრაგედიამ. სულ ცოტა 35 ადამიანი დაიღუპა და 43-მა ტრავმა მიიღო საახალწლო სეირნობისას მომხდარი ჭყლეტის დროს. ინციდენტი ახალი წლის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე მოხდა შანხაის სანაპირო რაიონში, სადაც ტრადიციულად ასიათასობით ადამიანი ხვდება ხოლმე ახალ წელს. გასულ წელს ლაზერულ წარმოდგენას სამასი ათასი ადამიანი დაესწრო. ეს სახალხო სეირნობები განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებს შორის. როგორც იტყობინებიან, წელს საგანგებო წარმოდგენები გააუქმეს გიგანტური რაოდენობის ხალხის თავმოყრის შედეგად შესაძლო ინციდენტების გამო. იტყობინებიან, რომ დაღუპულთა შორის ბევრი სტუდენტია. მიმდინარეობს ტრაგედიის მიზეზების გამოძიება. ასევე მწუხარე განწყობილებით შეხვდნენ ახალ წელს მალაიზიაში, მას მერე, რაც 28 დეკემბერს კატასტროფა განიცადა მალაიზიის ავიაკომპანია AirAsia-ს სამგზავრო თვითმფრინავმა. ეს ამ ქვეყნის მესამე თვითმფრინავია, რომელმაც კატასტროფა განიცადა 2014 წელს. ამავე წელს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობამ უსახლკაროდ დატოვა 250 ათასი ადამიანი. ერაყის დედაქალაქში ხელისუფლებამ ერთი ღამით შეაჩერა კომენდანტის საათი, რათა ბაღდადის მოქალაქეებისთვის ახალი წლის დღესასწაულში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

ავღანეთში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა პოლიციელი და ორი მოქალაქე მოკლეს

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ავტომობილში მსხდომი თავდამსხმელების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები გეგმავდანენ პაკისტანის საზღვართან ბატიკოკის ოლქში მომხდარ სამთავრობო შენობაზე თავდასხმას. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს.

პაკისტანში მუშარაფზე თავდასხმისთვის დამნაშავე ჩამოახრჩვეს

პაკისტანში ჩამოახრჩვეს პირი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ფერვეზ მუშარაფზე 2003 წელს განხორციელებულ თავდასხმაში. 31 დეკემბერს განხორციელებული სიკვდილით დასჯა უკვე მეშვიდეა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მორატორიუმი მოეხსნა სიკვდილით დასჯას. ამის მიზეზი გახდა პაკისტანელი თალიბების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში ფეშავარის ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილ იერიშს, რის შედეგადაც 150 კაცი, მეტ წილად ბავშვები დაიღუპნენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ერთი კვირის წინ მოუწოდა პაკისტანის ხელისუფლებას, რათა შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა და აღადგინოს მორატორიუმი, რაც 2008 წლიდან მოქმედებდა.

იემენში თვითმკვლელის იერიშს ათობით ადამიანი შეეწირა

ათობით ადამიანი დაიღუპა იემენში, წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღის საზეიმო ცერემონიის დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ, კულტურის ცენტრში მოწყობილი იერიშის შედეგად. ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების ოფიციალური ცნობის თანახმად, თავდასხმისას სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა. როიტერსის თანახმად, თავდამსხმელმა შიიტური გასამხედროებული ჯგუფისა და მისი მიმდევრების გარემოცვაში აიფეთქა თავი.

კრემლი ავღანეთის უსაფრთხოებაზე შემდგომშიც ნატოს აკისრებს პასუხისმგებლობას

მოსკოვის განცხადებით, გაეროს მანდატით მოქმედი უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერი მისიის დასრულების შემდეგაც, ნატოს ეკისრება პასუხისმგებლობა ავღანეთის უსაფრთხოებაზე. „13 წლის განმავლობაში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერმა ძალებმა ვერ შეძლებს სიტუაციის სტაბილიზება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 31 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში. მასში ხაზგასმულია, რომ ნატოსა და აშშ-ის ახალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია, რომელიც ავღანეთის ძალების წვრთნითა და კონსულტაციებით შემოიფარგლება, - ISAFI-ის "პირდაპირ მემკვიდრეობას" წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზამირ კაბულოვმა 29 დეკემბერს სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ გაზაფხულზე თალიბანი „მსხვილმასშტაბიანი შეტევისათვის“ ემზადება.

ადვოკატი ასაჩივრებს ალექსეი ნავალნის შიდა პატიმრობას

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ადვოკატმა გაასაჩივრა მისი კლიენტის შიდა პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მანამ, სანამ ძალაში არ არის შესული განაჩენი „ივ როშის“ საქმეზე, ამის თაობაზე საკუთარ ტვიტერზე ადვოკატმა ვადიმ კობზევმა დაწერა. დაცვის მხარის მოსაზრებით, სასამართლომ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო პირობითი სასჯელის გამოტანის შემდეგ პირის შიდა პატიმრობაში დატოვებით. ალექსეი ნავალნისთან ერთად გაასამართლეს მისი ძმა ოლეგი, რომელსაც სამნახევარი წლით პატიმრობა შეეფარდა. ნავალნი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ოპონირების გამო. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის პატიმრობის მოთხოვნა

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური მოთხოვნა, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მიერ შიდა პატიმრობის წესების დარევის გამო, მისთვის ციხის პატიმრობის შეფარდებას ითვალისწინებდა. სამშაბათს მოსკოვში პოლიციელებმა დააკავეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, როცა ის არასანქცირებულ აქციაზე მისვლას ცდილობდა. აქციაზე აპროტესტებდნენ სასამართლოს 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას ნავალნისა და მისი ძმის დამნაშავედ ცნობის შესახებ. ნავალნიმ აქციაზე მისვლა სცადა შინა პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად. მან დემონსტრაციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მიტინგზე მიდის. როგორც სასამართლოზე ითქვა, ოპოზიციონერს უკვე დაედო მსჯავრი სისხლის სამართლის საქმეზე, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმართვის განხილვის საჭიროება არ არსებობს.

გავრცელებული ინფორმაციით ქართველი მღვდელი „ნორმან ატლანტიკის“ ავარიის დროს დაიღუპა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარატამენტის ხელმძღვანელის გოგა ტაბატაძის ინფორმაციით, გუშინ, საქართველოს საელჩოსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ადრიატიკის ზღვაში იპოვეს ცხედარი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო გემზე აიყვანეს. აღნიშნული გემიდან ფოტოსურათი გადმოაგზავნეს. ფოტოს მეშვეობით მრევლმა გარდაცვლილი სასულიერო პირის იდენტიფიცირება მოახდინა. "თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ გარდაცვლილი არის მამა ილია, სამწუხარო ფაქტი იქნება და სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად განხორციელდეს ის პროცედურები, რომელიც საქართველოში მისი გადმოსვენებისთვის აუცილებელი იქნება. ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოს მეშვეობით მოხდა მისი იდენტიფიცირება", - განაცხადა გუშინ გიორგი ტაბატაძემ. ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკს" ხანძარი კვირას გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი. ბორანზე სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა ემზარ კვიციანის შეწყალების თხოვნით

საქართველოს პრეზიდენტს კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის შეწყალების თხოვნით მიმართა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა ემზარ კვიციანის შეწყალებას, უპასუხა, რომ მისთვის არავის მიუმართავს. ადვოკატის განმარტებით, ამ განცხადებიდან გამომდინარე პრეზიდენტს მიმართა, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და ემზარ კვიციანი შეიწყალოს. რაც შეეხება იმავე ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოხატულ პოზიციას, რომ შეწყალებისთვის ბრალის აღიარებაა აუცილებელი, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, ასეთი რამ სავალდებულო არ არის. “კონსტიტუცია ერთპიროვნულად ანიჭებს პრეზიდენტს უფლებას მისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს და რადგან იერარქიულად კონსტიტუცია კანონზე უფრო მაღალი სამართლებრივი ნორმაა, სრული უფლება აქვს, ემზარ კვიციანი უპირობოდ შეიწყალოს“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. ადვოკატის ინფორმაციით, ემზარ კვიციანისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული 12-წლიანი პატიმრობა ქუთაისის სააპელაციოში სასამართლოშია გასაჩივრებული და საქმის განხილვა მომავალი წლის იანვარში დაიწყება. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული რამდენიმე, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის, ბრალდებით გაასამართლეს.

თბილისის საკრებულომ სტატუსი შეუცვალა სოლოლაკის ქედს

სააგენტოების ცნობით, თბილისის საკრებულომ 30 დეკემბრის სხდომაზე ცვლილება შეიტანა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ამ გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის ზონის სტატუსი შეეცვალა და საქმიან და საცხოვრებელ ზონად იქცა. გენერალურ გეგმაში ცვლილებას მხარი დაუჭირა 23-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 10. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ასევე თბილისის საკრებულოს სხდომაზე გენგეგმაში ცვლილების შეტანის საკითხის წარმდგენმა, არქიტექტურის სამსახურის ქალაქგეგმარების დეპარტამენტის უფროსმა ოთო ნემსაძემ განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროშია შესული და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მათგან გამოითხოვონ ეს დოკუმენტაცია. საკითხის განხილვის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის ოთხი მონაწილე - „პარტიზანი მებაღეების“ წევრები პოლიციამ დააკავა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იყვნენნატა ფერაძე და მზია ნადარაია, რომლებიც თბილისის საკრებულოს შენობასთან 30 დეკემბერს "პანორამა თბილისის" მშენებლობას აპროტესტებდნენ. "პარტიზანი მებაღეები", სხვა არასამთავრობოებთან ერთად, დედაქალაქში, კერძოდ, სოლოლაკში ზონალური სტატუსების შეცვლის საკითხის გადადებას ითხოვდნენ, რაც, მათი განმარტებით, "პანორამა თბილისის" პროექტს უკავშირდებოდა და ამ პროექტზე საჯარო განხილვების მოწყობას მოითხოვდნენ.

თეირანში ჰაერის დაბინძურების გამო ასობით მოქალაქე საავადმყოფოებში მოხვდა

ირანის დედაქალაქში თითქმის 400 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოებში გულისა და სასუნთქი გზების პრობლემებით, რაც ჰაერის ძლიერმა დაბინძურებამ გამოიწვია. თეირანის სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ჰასან აბასმა 30 დეკემბერს განაცხადა, რომ ქალაქის ჰაერის დაბინძურების გამო კიდევ 1434 ადამიანს ადგილებზე გაეწია სამედიცინო დახმარება. თეირანის ხელისუფლებამ შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა ავადმყოფ და ხანდაზმულ მოქალაქეებს. ირანის დედაქალაქში, რომელიც მსოფლიოში გამორჩეულია დაბინძურებული ჰაერით, 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თეირანის ჰაერის მდგომარეობა ზამთრობით უარესდება, როცა ჰაერის მასების გადაადგილების შედეგად, ცივი ჰაერი და დამაბინძურებლები მთებით გარშემორტყმული ქალაქის თავზე ჩერდება.

2008 წლის აგვისტოს ომზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის შესაგებლის წარდგენა დაწყებულია

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის შესაგებლის წარდგენა დაწყებულია და პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება - განუცხადა თბილისში, ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი განმარტებით, 100-გვერდიანი შესაგებელი და 180-მდე დანართი სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე იტვირთება. ჟურნალისტების შეკითხვას, რა პროგნოზი არსებობს შედეგის მიმართ, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ გამარჯვების მოლოდინი ყველა მხარეს აქვს. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დღეს შესაგებელს წარუდგენს რუსეთის ფედერაციაც.

კანადაში კაცმა რვა ადამიანი დახოცა და თავი მოიკლა

კანადის პოლიცია იძიებს კანადის ქალაქ ედმონტონში რვა ადამიანის მკვლელობის საქმეს. პოლიციის ვარაუდით, საქმე აქვთ ოჯახური ძალადობის შემთხვევასთან. სამართალდამცავთა ინფორმაციით, 29-30 დეკემბერს მამაკაცმა ნერვული აშლილობის ფონზე დახოცა ორი ზრდასრული და ექვსი ბავშვი, შემდეგ კი თავი მოიკლა. სავარაუდო მკვლელმა დანაშაული ჩაიდინა ორი დღის განმავლობაში სამ სხვადასხვა ადგილას, ვიდრე დატოვებდა ქალაქ ედმონტონს და მეზობელ ქალაქში მდებარე რესტორანში თავს მოიკლავდა. პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ეს იყო უსაშინლესი დანაშაული ედმონტონის ისტორიაში.

ამერიკელმა კონგრესმენმა დაგმო რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში შეჭრა

ამერიკელი კონგრესმენი, საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატი წევრი ელიოტ ენგელი „ღრმად შეშფოთებულია“ 26 დეკემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) ბაქოს ბიუროში შეჭრისა და მოგვიანებით თანამშრომლების იძულებით დაკითხვის გამო. 30 დეკემბრის განცხადებაში კონგრესმენმა მოუწოდა „ბაქოში მყოფ ლიდერებს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას მისცეს მუშაობის განახლების საშუალება და შეწყვიტოს რადიო თავისუფლების თანამშრომლების შევიწროება“.

მერკელი - ევროპა იქნება ძლიერი და ერთიანი უკრაინის საკითხზე

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე ევროპის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ იქნება ძლიერი და ერთიანი. 30 დეკემბრის წინასაახალწლო მიმართვაში მერკელმა აღნიშნა, რომ ევროპა არ მიიღებს „ძლიერის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის უფლებით აღჭურვას“. მერკელის აზრით, 2014 წელს ევროპა ერის თვითგამორკვევის უფლების ხელყოფის მოწმე გახდა. ანგელა მერკელმა, რომელიც მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ხშირად ესაუბრებოდა ვლადიმირ პუტინს, თვლის, რომ თვითგამორკვევის უფლება არის „ევროპის მშვიდობიანი მოწყობის“ საფუძველი. მერკელმა განაცხადა, რომ ევროპას სურს უსაფრთხოება „რუსეთთან ერთად და არა - რუსეთის წინააღმდეგ“. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს 15 იანვარს ყაზახეთში შეხვდება.

გუანტანამოდან გათავისუფლებული 5 პირი ყაზახეთში გაამგზავრეს

შეერთებულმა შტატებმა გუანტანამოს ციხიდან 5 ტუსაღი გაათავისუფლა და ისინი განსახლებისთვის ყაზახეთში გაამგზავრა. სამი იემენელი და ორი ტუნისელი კაცი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა გუანტანამოს ციხეში. ისინი პაკისტანში დააკავეს როგორც ისლამისტ მეამბოხეობასა და ალ-ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილები. პენტაგონის 30 აგვისტოს განცხადებით, პატიმრები აშშ-ის მთავრობის შესაბამისი უწყებების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ. ისინი არიან იმ ათეულობით პატიმარს შორის, რომლებსაც მოეხსნათ ბრალდებები, თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ უშვებენ სამშობლოში. პენტაგონის განცხადებით, კიდევ ხუთი პირის გათავისუფლების შემდეგ, გუანტანამოს პატიმართა რაოდენობა 127-მდე შემცირდა.

მოსკოვში მანეჟის მოედანზე ომონმა დემონსტრაცია დაშალა

მოსკოვის მანეჟის მოედანზე, კრემლის მახლობლად, სადაც ათასობით ადამიან მივიდა დღეს საღამოს არასანქცირებულ მიტინგზე, საგანგებო დანიშნულების რაზმმა დემონსტრაცია დაშალა. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიმართ გამოტანილი განაჩენის მიმართ. მოედანთან ომონის შენაერთები ავტობუსებით მიიყვანეს ორი საათი შემდეგ მას მერე, რაც 30 დეკემბრის გამოსვლა დაიწყო და შეკრებილებმა უარი თქვეს ბრძანებაზე, დაშლილიყვნენ. შეკრებილები გაიძახოდნენ ლოზუნეგებს, პუტინის რუსეთის სირცხვილია, ახალი წელი პუტინის გარეშე. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური კორესპონდენტი იტყობინება, რომ ომონმა დააკავა დემონსტრანტები და პოლიციის ავტობუსში ჩასვა. მოედანზე ომონის მისვლამდე, პოლიციამ ასზე მეტი ადამიანი დააკავა მოედანზე. მოსკოვში პოლიციელებმა დააკავეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, როცა ის არასანქცირებულ აქციაზე მისვლას ცდილობდა. აქციაზე აპროტესტებენ სასამართლოს 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას ნავალნისა და მისი ძმის დამნაშავედ ცნობის შესახებ. ნავალნიმ აქციაზე მისვლა სცადა შინა პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად.

ალექსეი ნავალნი პოლიციამ დააკავა მოსკოვში აქციაზე მისვლის მცდელობისას

მოსკოვში პოლიციელებმა დააკავეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, როცა ის არასანქცირებულ აქციაზე მისვლას ცდილობდა. აქციაზე აპროტესტებენ სასამართლოს 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას ნავალნისა და მისი ძმის დამნაშავედ ცნობის შესახებ. ნავალნიმ აქციაზე მისვლა სცადა შინა პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად. მან დემონსტრაციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ტვიტერითგაავრცელა ცნობა, რომ მიტინგზე მიდის.მოგვიანებით მან დაწერა, რომ ვერ მივედი მიტინგზე, მაგ.რამ ეს არ ნიშნავსორომ თქვენც ვერ მიხვალთო. მან მოუწოდა მომხრეებს, არ დატოვონ დემონსტრაცია, ყველას ხომ ვერ დააპატიმრებენო, წერდა ნავალნი. რუსეთის სააგენტო ინტერფაქსიიტყობინებოდა, რომ დემონსტრაციის დაწყების შემდეგ პოლიციამ დაიწყო ხალხის დაკავება და ავტობუსში ჩასმა. ალექსეი ნავალნი თანამემამულეებს პროტესტის გამოთქმისაკენ მოუწოდებდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას სამნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე. სასამართლოში მისი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ნავალნიმ გარეთ, სასამართლოს შენობასთან შეკრებილებს მიმართა: „ეს ხელისუფლება არსებობას არ იმსახურებს! ის უნდა განადგურდეს! მოგიწოდებთ დღეს გარეთ გამოსვლისაკენ.ყველას მოგიწოდებთ გარეთ გამოსვლისაკენ, სანამ არ მოვიცილებთ ხელისუფლებას, რომელიც ასე ტანჯავს უდანაშაულო ადამიანებს“. ალექსეი ნავალნისთან ერთად გაასამართლეს მისი ძმა ოლეგი, რომელსაც სამნახევარი წლით პატიმრობა შეეფარდა. ნავალნი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ოპონირების გამო. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

იაცენიუკი პირობას დებს, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი პირობას დებს, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება. იაცენიუკმა სამშაბათს კიევში, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ უკრაინელების ახლანდელი თაობა ვერ დაიბრუნებს ყირიმს, რომელიც რუსეთმა მიიერთა, ამას „შვილები, ან შვილიშვილები“ შეძლებენ. იაცენიუკის თქმით, არ არსებობს "სწრაფი და იოლი პასუხი" შეკითხვაზე, როგორ უნდა დაიბრუნოს უკრაინამ ნახევარკუნძული, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა აგრეთვე, რომ 2014 წელს 50%-ით შემცირდა უკრაინა-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობა და რუსეთი „ძალიან მალე“ აღარ იქნება უკრაინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი.

ილჰამ ალიევმა შეიწყალა 87 პატიმარი, მათ შორის პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირები

აზერბაიჯანში გაათავისუფლეს ახალგაზრდულ ორგანიზაცია „ნიდას“ ორი აქტივისტი, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნეოდნენ. ისინი გამოუშვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ 87 პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით. შესაბამისი ბრძანებულება 29 დეკემბერს გაიცა. შეწყალებულებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. „ნიდას“ აქტივისტები უზეირ მამადოვი და ზაურ გურბანლი 30 დეკემბერს გამოუშვეს ციხიდან. ისინი 2013 წლის დასაწყისში იქნენ დაპატიმრებული ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობის შემდეგ. ალიევის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან ჟურნალისტები ავაზ ზეინალოვი და სერდარ ალიბეილიც. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, აზერბაიჯანის ციხეებში კიდევ 90-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება.

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს სანქციების გაფართოების შემდეგ

რუსეთის განცხადებით, აშშ-ში მოქმედი „მაგნიტსკის აქტით“ გათვალისწინებული სანქციების გაფართოება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან, სირიის კონფლიქტთან და სხვა საერთაშორისო საკითხებთან მიმართებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, „მაგნიტსკის სიაში“ რუსეთის კიდევ ოთხი მოქალაქის შეყვანის თაობაზე. შეერთებულ შტატებში ამ პირებს მიიჩნევენ მაგნიტსკის საქმის გამოძიებისას ადამიანის უფლებათა დარღვევაში მონაწილეებად. „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანილ პირებს ეკრძალებათ შესვლა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და დაყადაღებულია შეერთებულ შტატებში მათი საბანკო ანგარიშები. იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც რუსეთის მმართველ წრეებში კორუფციულ სქემას იძიებდა, 2009 წელს მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა.

ხადური: სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში შესრულება, 30 დეკმბრის დილის მონაცემებით, 100,3 %-ს შეადგენდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG