Accessibility links

ახალი ამბები

ქაბულში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის პოლიციის თანახმად, 1 იანვარს ქაბულში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 11 დაშავდა. დაიღუპა თავდასხმის მომწყობიც. აფეთქება მოხდა რაიონში, რომელშიც მდებარეობს სამთავრობო შენობები, უცხო ქვეყნების საელჩოები და რესტორნები. ავღანეთის ხელისუფლებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების სამიზნე იყო რესტორანი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს უცხოელთა შორის. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

მიუნხენში ტერაქტის საფრთხე აღარ არის გარდაუვალი

დღეს მიუნხენში მუშაობა განაახლა ორმა სარკინიგზო სადგურმა, რომლებიც ტერაქტების საფრთხის გამო იყო დაკეტილი. როგორც მიუნხენის პოლიციის უფროსმა, ჰუბერტუს ანდრემ განაცხადა, ქალაქში ტერორისტული აქტის მოწყობის საფრთხე კვლავაც რჩება, მაგრამ იგი აღარ მიიჩნევა გარდაუვალად. პოლიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩატარებული გამოძიების შედეგად ამ მომენტისთვის მიუნხენში აღარ არსებობს ტერორისტული თავდასხმის კონკრეტული საფრთხე. იძებნება ხუთიდან შვიდამდე ადამიანი, რომლებიც თავდასხმების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც ვარაუდობენ, ყველა მათგანი დაკავშირებულია ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“. იტყობინებიან, რომ ხუთშაბათს გერმანიის ხელისუფლებამ მეგობრული სახელმწიფოების სპეცსამსახურებისგან მიიღო ინფორმაცია მიუნხენში თვითმკვლელების მიერ აფეთქებებისთვის მზადების შესახებ. სავარაუდო სამიზნეებს შორის იყო ცენტრალური სადგური და მიუნხენ-პაზინგის სადგური ქალაქის დასავლეთ ნაწილში. ორივე სადგურიდან და მათი მიმდებარე მოედნებიდან ევაკუირებულ იქნა ხალხი. ახალი წლის წინ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნა შემოღებული ევროპის მთელ რიგ სხვა ქალაქებშიც, მათ შორის პარიზში, ლონდონსა და ბერლინში. ოთხშაბათს ბრიუსელის მერიამ გამოაცხადა, რომ ტერაქტების საფრთხის გამო გაუქმდა ტრადიციული საახალწლო სალუტი.

ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა

ავღანეთის პოლიციის თანახმად, 1 იანვარს ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა იმ რაიონთან ახლოს, რომელშიც მდებარეობს სამთავრობო შენობები, უცხო ქვეყნების საელჩოები და რესტორნები. ავღანეთის ხელისუფლებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების სამიზნე იყო რესტორანი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს უცხოელთა შორის. პოლიციის ცნობით, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა. ავღანური მედია იტყობინება, რომ დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელსაც უშიშროების ძალების თანამშრომლის ფორმა ეცვა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

თეთრმა სახლმა გადადო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესება

თეთრმა სახლმა გადადო თეირანის ბალისტიკური პროგრამის გამო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესება. ვაშინგტონს ახალი სანქციების შესახებ 30 დეკემბერს უნდა გამოეცხადებინა. ახალი სანქციების შეყოვნების მიზეზი გახდა თეირანის ნაბიჯები, რომლებიც, აშშ-ის აზრით, ეწინააღმდეგება გაეროს მიერ ადრე დაწესებულ სანქციებს. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თავდაცვის მინისტრს განკარგულება გასცა, დააჩქაროს ქვეყნის სარაკეტო პროგრამა პასუხად აშშ-ის გეგმებზე, ახალი სანქციები დაუწესოს თეირანს, რაც ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე პასუხია. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს 10 ოქტომბერს ირანის მიერ საშუალო რადიუსის რაკეტა „ემადის“ გამოცდის გამო. გაეროს სანქციების დამკვირვებელთა თანახმად, „ემადი“ არის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება.

მიუნხენში საგანგებო ზომებს მიმართავენ ტერაქტების საფრთხის გამო

დღეს მიუნხენში მუშაობა განაახლა ორმა სარკინიგზო სადგურმა, რომლებიც ტერაქტების საფრთხის გამო იყო დაკეტილი. მიუნხენის პოლიციის ცნობით, ქალაქში ძალაში რჩება ტერორისტული საფრთხის გაძლიერებული რეჟიმი. იძებნება ხუთიდან შვიდამდე ადამიანი, რომლებიც თავდასხმების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც ვარაუდობენ, ყველა მათგანი დაკავშირებულია ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“. იტყობინებიან, რომ ხუთშაბათს გერმანიის ხელისუფლებამ მეგობრული სახელმწიფოების სპეცსამსახურებისგან მიიღო ინფორმაცია მიუნხენში თვითმკვლელების მიერ აფეთქებებისთვის მზადების შესახებ. სავარაუდო სამიზნეებს შორის იყო ცენტრალური სადგური და მიუნხენ-პაზინგის სადგური ქალაქის დასავლეთ ნაწილში. ორივე სადგურიდან და მათი მიმდებარე მოედნებიდან ევაკუირებულია ხალხი. პოლიცია მიუნხენის მოსახლეებსა და ტურისტებს მოუწოდებს, თავი მოარიდონ ხალხმრავალ ადგილებს. ახალი წლის წინ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნა შემოღებული ევროპის მთელ რიგ სხვა ქალაქებშიც, მათ შორის პარიზში, ლონდონსა და ბერლინში. ოთხშაბათს ბრიუსელის მერიამ გამოაცხადა, რომ ტერაქტების საფრთხის გამო გაუქმდა ტრადიციული საახალწლო სალუტი.

ძალაში შევიდა უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ

2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა უკრაინასა და ევროპის კავშირს შორის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. დოკუმენტი, რომელსაც 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი, არის ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი. დოკუმენტის თანახმად, უკრაინას ექნება გადასახადებისგან თავისუფალი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე. ევროკომისიის მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციასა და დივერსიფიკაციას და რეფორმებისთვის დამატებით სტიმულებს წარმოქმნის. უკრაინამ, რომლის ბაზარი ტრადიციულად რუსეთზე იყო ორიენტირებული, ახლა ევროპული სტანდარტები და ნორმები უნდა მიიღოს. უკრაინასა და ევროპის კავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესების მიზეზი გახდა. საპასუხო ზომის სახით რუსეთი დღეიდან აუქმებს უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის რეჟიმს.

დუბაიში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

დუბაიში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, გაჩნდა ხანძარი, რომელმაც შენობის ნაწილი მოიცვა. როგორ იტყობინებიან, ორგანიზებულად მოხდა ევაკუაცია სასტუმროში მცხოვრები სტუმრებისა, რომლებიც ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ. უკანასკნელი მონაცემებით, დაშავებულია 14 ადამიანი. სასტუმრო მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის - არაბეთის გაერთიანებული საამიროების უდიდესი საქმიანი ცენტრის შენობის მახლობლად.

პუტინმა დაამტკიცა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების განვითარების სტრატეგია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს თავისი ბრძანებულებით დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განვითარების სტრატეგია, რომლის ძირითადი მიზნებიც არის თავდაცვის განმტკიცება, ეროვნული თანხმობის განმტკიცება, ცხოვრების დონის ამაღლება, რუსეთის ეკონიმიკის კონკურენტუნარიანობა, ისევე როგორც რუსეთის, როგორც „მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს სტატუსის“ განმტკიცება. ამ სტრატეგიის საფუძვლად მოხსენიებულია რუსეთის როლი თანამედროვე მსოფლიოში. პუტინის შეფასებით, რუსეთმა შეძლო თავისი პოზიციის განმტკიცება „ფორმირების პროცესში მყოფ პოლიცენტრულ მსოფლიოში“. რუსეთის ლიდერი კვლავ გამოთქვამს შეფასებას, რომ ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

საქართველოში პირობით ვადამდე გათავისუფლდა 149 მსჯავრდებული

საქართველოში 149 მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. 149 მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება მიიღო სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ, რომლის წევრის, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით, გადაწყვეტილების შედეგად 149 გათავისუფლებული პირი საკუთარ ოჯახებში შეხვდება ახალ წელს. „ვულოცავ მათ ოჯახებს, ვუსურვებ იცხოვრონ მშვიდობიანად და არასოდეს დაბრუნდნენ უკან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა დაღესტანში თავდასხმაზე

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა დაღესტანში 29 დეკემბრის ღამით მოწყობილ თავდასხმაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ცნობების თანახმად, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტში გაავრცელა განცხადება, რომ მან მოაწყო თავდასხმა ქალაქ დერბენტში, ნარინ-კალის ციხე-სიმაგრეზე. თავდასხმის დროს დაიჭრა, სულ ცოტა, 10 ადამიანი. „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებით, იერიში მიმართული იყო რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცრების შეკრების წინააღმდეგ. სამხრეთ რუსეთში ბოლო წლებში დაღესტანი გახდა ისლამური სახელმწიფოს შექმნის მსურველი ექსტრემისტების ბრძოლის ეპიცენტრი.

აშშ-ის კონგრესში იძიებენ ინფორმაციას ისრაელის პრემიერის მიმართ ჯაშუშობის შესახებ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორი კომიტეტი იძიებს გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც აშშ ჯაშუშობას ეწეოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს მიმართ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების საწინააღმდეგო პოზიციის გამო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა და სამეთვალყურეო და სამთავრობო რეფორმის კომიტეტმა 30 დეკემბერს მოითხოვეს დოკუმენტები, ისევე როგორც თეთრი სახლის „ეროვნული უშიშროების სააგენტოს“ ანგარიში ბენიამინ ნეტანიაჰუს თვალთვალთან დაკავშირებით. კანონმდებლების განსაკუთრებული ინტერესის საგანია „უოლ სტრიტ ჯორნალის“ 29 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტო უსმენდა ნეტანიაჰუს საუბრებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ემსახურებოდა ამერიკელი კანონმდებლების დარწმუნებას, არ დაეჭირათ მხარი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებისათვის. ნეტანიაჰუ აქტიურად ეწინააღმდეგება ირანთან შეთანხმებას და მის პოზიციას იზიარებენ რესპუბლიკელი კონგრესმენებიც, რომლებმაც კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭირეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას.

მოსკოვი თურქეთისაგან მოითხოვს რუსი მფრინავის „მკვლელის“ დაპატიმრებას

მოსკოვი თურქეთისაგან მოითხოვს, დააპატიმროს პირი, რომელიც აცხადებს, რომ მოკლა გასულ თვეში ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის პილოტი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ 30 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ალპარსლან ჩელიკის და „მისი თანამზრახველების“ დაკავებას, რათა ისინი წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე „რუსი მფრინავის მკვლელობისათვის“. ზახაროვას ამ განცხადებამდე სამი დღით ადრე, 27 დეკემბერს, თურქეთის გაზეთმა „ჰურიეთმა“ გამოაქვეყნა თურქმენ მეამბოხესთან, ალპარსლან ჩელიკთან ინტერვიუ, რომელშიც ის, მართალია, პირდაპირ არ ამბობს, რომ რუსი პილოტი მოკლა, მაგრამ ამბობს იმას, რომ „სინდისი არ ქენჯნის კაცის გამო, რომელიც ყოველდღე ბომბავდა თურქმენ სამოქალაქო პირებს“. ორივე პილოტმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავში, რომელიც 24 ნოემბერს ჩამოაგდო თურქეთმა მის ტერიტორიაზე სირიიდან შეფრენის შემდეგ, კატაპულტირება შეძლო და საზღვრის სირიულ მხარეზე აღმოჩნდა. ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ზახაროვას მიერ გამოთქმული შეფასებით, ჩელიკი საგაზეთო ინტერვიუში აღიარებს „უშუალო მონაწილეობას რუსი პილოტის მკვლელობაში“.

პრეზიდენტი და პრემიერი მწუხარებას გამოთქვამენ თელავში ორი პოლიციელის დაღუპვის გამო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს თელავში პოლიციელების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. პრეზიდენტმა ტრაგედიასთან დაკავშირებით გაავრცელა წერილი, რომელშიც სამძიმარს უცხადებს პოლიციის კაპიტან გელა ლამაზოშვილისა და პოლიციის ინსპექტორ მაია ჯავახიშვილის ოჯახებს. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული პოლიციელების ოჯახებს. პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ კაპიტანი გელა ლამაზოშვილი და ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ ქვეყანას, იცავდნენ მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ცნობების თანახმად, 30 დეკემბერს თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა 19 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ესროლა სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და მის დასახმარელად მისულ კაპიტანს გელა ლამაზოშვილს. მიღებული ჭრილობების შედეგად გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი კი რამდენიმე საათის შემდეგ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. საქართველოს შს-თა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც 30 დეკემბერს თელავში იმყოფებოდა, დანაშაულის მოტივად შურისძიება გამორიცხა და ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

საახალწლოდ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს ახალი წლის ღამეს თავდასხმებისა და ტერაქტების თავიდან ასაცილებლად. შეერთებულ შტატებში სამართალდამცველებმა გაააქტიურეს ყველაზე ხალხმრავალი ადგილების, მათ შორის ნიუ-იორკში მდებარე „ტაიმს სკვერის“ დაცვა. ბელგიასა და თურქეთში პოლიციელებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ორი ქვეყნის დედაქალაქებში აღკვეთილია ტერაქტები, რომლებიც საახალწლო ღამემდე და მის შემდეგ იყო დაგეგმილი. ბრიუსელში წელს უარს ამბობენ ტრადიციულ ფოიერვერკზე. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დააკავეს ორი სავარაუდო ექსტრემისტი, რომელიც თავდასხმებს ამზადებდა ბრიუსელში ხალხმრავლობით გამორჩეულ ადგილებში. უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაშიც მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა ევროპის რამდენიმე ქალაქში თავდასხმების საფრთხის შესახებ.

ყირიმს შეუწყდა უკრაინიდან ელექტროენერგიის მიწოდება

ყირიმს შეუწყდა უკრაინიდან ელექტროენერგიის მიწოდება, რის მიზეზადაც კომპანია „უკრენერგო“ ასახელებს ელექტროგადამცემი ხაზის, „კახოვკა-ტიტანის“ საყრდენის ჩამონგრევას. შესაბამისი ინფორმაცია დღეს მიაწოდა ჟურნალისტებს კომპანია „უკრენერგოს“ წარმომადგენელმა ზინოვი ბუციომ. ელექტროენერგიის მიწოდება 30 დეკემბერს, გვიან საღამოს შეწყდა. სევასტოპოლის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობა შესაძლოა თანდათან აღმოჩნდეს დენის გარეშე. დაახლოებით ერთი თვის წინ ყირიმს, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, უკრაინაში საბოტაჟის შედეგად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა 8 დეკემბერს, „კახოვკა-ტიტანის“ ხაზის გარემონტების შემდეგ.

სირიაში მსხვერპლი მოჰყვა თვითმკვლელების მიერ მოწყობილ ორ აფეთქებას

სირიელი აქტივისტების ცნობით, ორმა თვითმკვლელმა აფეთქებები მოაწყო სირიაში, ქურთების მიერ გაკონტროლებულ ქალაქ კამიშლიში. არის მსხვერპლი. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ როგორც იუწყება, თურქეთის საზღვართან მდებარე კიმიშლიში, ორ რესტორანში მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 16 და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

აშშ ამზადებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, რაკეტის გამოცდის გამო

შეერთებული შტატები ამზადებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, სანქციები მიმართული იქნება ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან დაკავშირებული კომპანიებისა და ინდივიდების წინააღმდეგ. საინფორმაციო სააგენტო "რეიტერის" და გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" მონაცემებით, დაგეგმილი სანქციები შეეხება კომპანიებს და ინდივიდებს ირანში, ჰონ-კონგში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სავარაუდო როლის გამო, რომელიც მათ შეასრულეს ირანის ბალისტიკური რაკეტების განვითარების ხელშეწყობით. ამერიკელ ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მას შემდეგ, რაც ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ წელს მიაღწიეს შეთანხმებას ბირთვულ პროგრამაზე, ინარჩუნებს უფლებას, შავ სიაში შეიყვანოს კომპანიები და პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ირანის რაკეტების შექმნაში. თავის მხრივ, ირანის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა არ არღვევს გაეროს სანქციებს და ირანის უზენაესი ლიდერი ნებისმიერ ახალ სანქციებს მიიჩნევდა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების დარღვევად. ახალ სანქციებზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც გაეროს წარმომადგენლებმა 15 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ საშუალო რადიუსში მოქმედი "ემადის" ტიპის რაკეტა, რომელიც ირანმა 10 ოქტომბერს გამოსცადა, იყო ბალისტიკური რაკეტა. მას შეუძლია ბირთვული ქობინის გადატანა, რის გამოც დარღვეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.

გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თელავში დაღუპული პოლიციელების ოჯახებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თელავში დაღუპული პოლიციელების ოჯახებს. "დიდი ტკივილი მოგვაყენა ორი პოლიციელის გარდაცვალებამ. კაპიტანი გელა ლამაზოშვილი და ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას, იცავდნენ მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში. საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, 30 დეკემბერს თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა 19 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ესროლა სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და მის დასახმარებლად მისულ კაპიტანს გელა ლამაზოშვილს. მიღებული ჭრილობების შედეგად გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი კი რამდენიმე საათის შემდეგ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც 30 დეკემბერს იმყოფებოდა თელავში, დანაშაულის მოტივად შურისძიება გამორიცხა და ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. პოლიციელების მკვლელობის გამო ქალაქ თელავში აღარ გაიმართება ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერს ღამით დაგეგმილი საახალწლო კონცერტი. ეს გადაწყვეტილება მიიღო კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საახალწლო დღესასწაულის პერიოდში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, რის გამოც 31 დეკემბერს საზღვარი ჩაკეტილი იქნება. ამავე კომიტეტის ინფორმაციით, საზღვარზე ჩვეული რეჟიმით მიმოსვლა 1 იანვრიდან განახლდება.

ბიძინა ივანიშვილი: ელისაშვილის მიერ წამოწეული საკითხი კეთდება გიორგი მარგველაშვილის ხელით

პრეზიდენტს უნდოდა საკუთარი გუნდის უფროსი ყოფილიყო და დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს გახდა – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა გადაცემა "2030-ში". მისი თქმით, პრეზიდენტი „საოცარ უფლებებს“ ითხოვდა და მას სურდა ყოფილიყო პრემიერის უფროსიც, თუმცა, ეს უფლებები კონსტიტუციით არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა გადაწყვიტა ზეგავლენის მოხდენა სასამართლო სისტემაზე. “თავის დროზე უსუფაშვილს 7-ჯერ დავაწერინეთ კონსტიტუცია, თუ რა უფლებები შეიძლება ჰქონოდა პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკაში. პრეზიდენტმა შვიდივეზე უარი თქვა. ის, რომ პრეზიდენტმა მოახერხა საკუთარ გუნდთან დაპირისპირება, მიზეზი სწორედ ეს გახლავთ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან ასევე ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზეც ილაპარაკა და თქვა, რომ მის მიერ წამოწეული საკითხი კეთდება გიორგი მარგველაშვილის ხელით და ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა".

რუსული რუბლის კურსი წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა

რუსეთის ეროვნული ვალუტის, რუბლის კურსი წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა: 30 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 73,2 რუბლი ღირდა. რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით არის გაუფასურებული ნავთობის გაიაფებისა და დასავლეთის მიერ მოსკოვისათვის დაწესებული სანქციების ფონზე. აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა სანქციები აამოქმედეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას შეუდგა. ხოლო ნავთობის - რუსეთის მთავარი საექსპორტო ნაწარმის - ფასი ბოლო 11 წლის სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზეა დასული.

კვირიკაშვილი ემხრობა საზოგადოების გააქტიურებას მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვას მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და აცხადებს, რომ საამისოდ ის აპირებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიზნესმენებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვას. ამის შესახებ კვირიკაშვილმა განაცხადა 30 დეკემბერს, განახლებული შემადგენლობით მთავრობის პირველ სხდომაზე. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მისი უწყება გააგრძელებს აღებულ კურსს, კერძოდ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პოლიტიკას.

აქტივისტები: სირიაში 2300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა რუსეთის საჰაერო დარტყმებმა

აქტივისტების ცნობით, სირიაში რუსეთის ავიაციის თავდასხმებმა სამი თვის განმავლობაში 2300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ 30 დეკემბერს გავრცელებული ცნობით იუწყება, რომ დაღუპულია 2371 ადამიანი, მათ შორის 180 ბავშვი. ამ მონაცემების გავრცელებამდე, 29 დეკემბერს რუსეთი კვლავ გააკრიტიკეს, შეერთებული შტატების განცხადებით, სირიის „განურჩევლად“ დაბომბვისთვის, რადგან შედეგად იღუპებიან სამოქალაქო პირები და საფრთხე ექმნება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა ვაშიგტონში 29 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ შემაშფოთებლად იმატა ცნობებმა სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ, რაც რუსეთმა 30 სექტემბერს დაიწყო საჰაერო კამპანია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასახმარებლად. მოსკოვი ირწმუნება, რომ მისი სამხედრო ოპერაციები მიმართულია ტერორისტების წინააღმდეგ. ხოლო შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთი თავს ესხმის, უმეტესწილად, ზომიერ სირიელ მეამბოხეებს და არა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს".

ბრიტანელ წყვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ლონდონში ტერაქტის დაგეგმვისთვის

ბრიტანელ წყვილს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა იმისთვის, რომ მათ ლონდონში ტერორისტული აქტი დაგეგმეს. 30 დეკემბერს, სასამართლომ, 25 წლის მოჰამად რეჰმანს და მის ცოლს, 24 წლის, სანა აჰმედ ხანს, მიუსაჯა, მინიმუმ, შესაბამისად, 27 და 25 წელი იმის გამო, რომ ტერაქტს გეგმავდნენ. რეჰმანს რამდენიმე დღეღა რჩებოდა ისეთი ბომბის მომზადების დასრულებამდე, რომელიც მასობრივ დაზიანებას გამოიწვევდა, როცა პოლიციამ მიაგნო. რეჰმანს ცოლი ეხმარებოდა საინტერნეტო მაღაზია „იბეიში“ ქიმიკატების საფასურის გადახდაში. ხელისუფლების თანახმად, რეჰმანმა ტვიტერით მეგობრებს რჩევისთვის მიმართა, სამიზნედ რა ავირჩიო, უესტფილდის სავაჭრო ცენტრი, თუ ლონდონის მეტროო. მას სურდა, რომ აფეთქება დამთხვეოდა 2005 წლის ივლისის ლონდონის ტერაქტის ათი წლისთავს. მაშინ თვითმკვლელების თავდასხმას 57 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი

ეგრეთ წოდებული, "ნორმანდიის კვარტეტის", უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის, 30 დეკემბერს გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომელიც დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უკრაინასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ცეცხლის სრულად შეწყვეტა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პრესამსახური იტყობინება, რომ პოროშენკომ თანამოსაუბრეებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო ხანს დონბასში ვითარების გამწვავებს შესახებ და აღნიშნა მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობის დაუშვებლობა რუსეთის და პრორუსული სეპარატისტების მხრიდან. თანამოსაუბრეები ცეცხლის სრულიად შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. მანამდე, 29 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ისაუბრეს ტელეფონით, რათა „პოზიციები შეეთანხმებინათ“ 30 დეკემბრის სატელეფონო კონფერენციამდე. პოროშენკოს ოფისის თანახმად, პრორუსული სეპარატისტები არღვევენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დონბასის კონფლიქტურ რეგიონში, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორივე მხარეს მოუწოდა, შობისა და ახალი წლის პერიოდში პატივის ეცათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG