Accessibility links

ახალი ამბები

რუსი უფლებადამცველი: რუსეთის ციხეში მყოფი ოლეგ სენცოვი „თავს ბევრად უკეთ გრძნობს“

რუსეთის საპატიმროში მყოფი უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში 145 დღიანი შიმშილობა დაასრულა, „თავს ბევრად უკეთ გრძნობს ვიდრე ერთი თვის წინ“. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, რუსმა უფლებადამცველმა ნიკოლაი შჩურმა, რომელსაც სენცოვმა წერილი მისწერა. შჩური რუსეთის პენიტენციური სისტემის მკაცრი კრიტიკოსია. მან 1 ნოემბერს დაწერა ფეისბუკში, რომ სენცოვმა მას 29 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში მისწერა, რომ „გადაურჩა“ გამოცდას. სენცოვს, რომელიც რუსეთის საპატიმროში 20 წლიან პატიმრობას იხდის ანექსირებულ ყირიმში ტერაქტების მომზადებისთვის ბრალდებით, გასულ კვირაში მიანიჭეს სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“. მან ხუთი თვე იშიმშილა რუსეთის ხელისუფლებისგან უკრაინელი პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით. რეჟისორმა 6 ოქტომბერს შეწყვიტა შიმშილობა, რადგან იძულებით კვების საშიშროება გაჩნდა, რასაც საერთაშორისო უფლებადამცველები წამებად მიიჩნევენ. მან შიმშილობისას დაიკლო 20 კილოგრამი და დაუზიანდა პრაქტიკულად ყველა შინაგანი ორგანო.

"იმედის" ჟურნალისტმა ტელევიზია დატოვა საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ

დაზუსტებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა გადაცემა „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა მართა არდაშელიამ. ჟურნალისტი ამ ეტაპზე დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც „იმედში“ საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ სამსახურიდან წამოვიდა.

30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“გაავრცელა განცხადება, რომ ტელევიზია საგანგებო რეჟიმზე გადადის. საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მიზეზად დასახელებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ხიფათი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, გამარჯვების შემთხვევაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივი რეჟიმი“, რომელიც „ძალადობას, ბიზნესის წართმევას, ტელევიზიაში შეჭრას“ ისევ „რეალობად აქცევს“.

პროკურორი: როგორც ჩანს, ჟურნალისტი ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლისთანავე დაახრჩვეს

სტამბოლის მთავარი პროკურორის თქმით, ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, ჯამალ ხაშოგი მყისიერად დაახრჩვეს და მისი გვამი დაანაწევრეს მას შემდეგ, რაც ის სტამბოლში განთავსებულ საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და ეს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო. პროკურორმა ირფან ფიდანმა 31 ოქტომბერს ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ ხაშოგის გვამი თავიდან მოიშორეს, მაგრამ ის ჯერაც არ არის ნაპოვნი. ვაშინგტონ პოსტის თანამშრომელი, საუდის არაბეთის დე-ფაქტო მმართველის, ტახტის მემკვიდრე მუჰამად ბინ სალმანის კრიტიკოსი ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, რათა საბუთები მოეწესრიგებინა თურქ საცოლეზე დასაქორწინებლად. რიადი უარყოფს ცნობას, რომ სამეფო ოჯახი იყო ჩართული მკვლელობაში, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა აღშფოთება, და აცხადებს, რომ ის ცალკეულმა თავნება აგენტებმა ჩაიდინეს. თურქეთს სურს საუდის არაბეთის იმ 18 წარმომადგენლის ექსტრადიცია, რომლებიც სამეფოში დააკავეს მკვლელობასთან კავშირით. არის ცნობები, რომ ამ საქმეში ეჭვმიტანილებს ტახტის მემკვიდრესთან აქვთ კავშირები.

ბოლტონი: თეთრ სახლს არ სურს ირანის წინააღმდეგ სანქციებით „მეგობრებს და მოკავშირეებს“ მიაყენოს ზიანი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ თეთრს სახლს ირანის სანავთობო სექტორისთვის სანქციების დაწესებით სურს ირანის ეკონომიკის დასუსტება, მაგრამ არ სურს, რომ მის ისეთ „მეგობრებს და მოკავშირეებს“ მიაყენოს ზარალი, რომლებიც ნავთობზე არიან დამოკიდებული. ბოლტონმა ეს თქვა 31 ოქტომბერს ვაშინგტონში, “ჰემილტონის საზოგადოებაში“. მისი გამოსვლა მინიშნება იყო, რომ ვაშინგტონის მოთხოვნა, არ შეისყიდონ ნავთობი ირანისგან, შესაძლოა შერბილდეს. ირანის სანავთობო სექტორისთვის აშშ-ის სანქციები 5 ნოემბერს უნდა ამოქმედდეს. აშშ-ის მოკავშირე ინდოეთმა, რომელიც დამოკიდებულია ირანის ნავთობზე, განაცხადა, რომ ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას ირანის ნავთობზე უარის თქმის შემდეგ. თურქეთმა და სამხრეთ კორეამ შეღავათები ითხოვეს სანქციების ამოქმედების შემდეგ. ირანის ნავთობზე არიან დამოკიდებული ერაყიც და ავღანეთიც.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება მოულოდნელი იყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ყოფილი მერის და მისი მოადგილის დაკავება მათთვის მოულოდნელი იყო. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო.

„მათი დაკავება იყო, რა თქმა უნდა, მოულოდნელი, არ მეგონა, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები. მე არაფერი ვიცი, ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ.

ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავებაზე ბრიფინგი სუსში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21 ათას 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 ათს ხუთასი განკუთვნილი იყო ქალაქში მდებარე გულუას პარკის, 10 ათას ხუთასი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზუგდიდის მერს და ვიცე-მერს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერის, გია გულორდავას დაკავების თაობაზე. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე ედავება.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. ეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თალიბანის წარმომადგენლები გუანტანამოს ყოფილი ტუსაღები იქნებიან

თალიბანმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო საპატიმრო გუანტანამოს ხუთი ყოფილი ტუსაღი იქნება მისი წარმომადგენელი ავღანეთის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. თალიბანის თანახმად, ხუთი მეამბოხე, რომლებმაც ათ წელიწადზე მეტი გაატარეს გუანტანამოში, მისი პოლიტიკური ოფისის წევრები გახდნენ კატარში. თალიბანის ყოფილი მეთაურები მოჰამად ფაზლი, მოჰამად ნაბი, ხაირულა ხაირხვა, აბდულ ჰაყ უასიყი და ნურულა ნური კატარში დაფუძნდნენ 2014 წელს კუბაში არსებული გუანტამოს საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ, მაგრამ დღემდე პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილან. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა 31 ოქტომბერს. ხუთი თალიბი გუანტანამოს საპატიმროდან აშშ-ის არმიის სერჟანტის, ბოუ ბერგდალის განთავისუფლების სანაცვლოდ გაუშვეს. ბერგდალი თალიბანს ჰყავდა დატყვევებული. თალიბანის მიერ ეს ინფორმაცია გავრცელდა თავშეყრის წინ, რომლის მონაწილეთა მიზანია ავღანეთში 17 წლიანი ომის დასრულება. კატარი თალიბანსა და აშშ-ის მთავრობას შორის შეხვედრების ადგილია. ავღანეთში აშშ-ის ახლახან დანიშნული საგანგებო წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი და თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ ოქტომბრის თვეში კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც თალიბანს აქვს პოლიტიკური ოფისი, რომელიც დე ფაქტო საელჩოს მოვალეობას ასრულებს. ისინი წელს, უფრო ადრე შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის პირველ თანაშემწეს, ელის უელსს.

თამარ გვარამაძე: თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები ხშირად ირღვევა

სარფი

საქართველო ხშირად უარით ისტუმრებს თავშესაფრის მაძიებლებს. მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურები უსაფრთხოებას ასახელებენ, განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძემ.

მისივე თქმით, ამის გამო თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები ხშირად ირღვევა. თამარ გვარამაძე ამბობს ასევე, რომ უარი ყოველთვის საფუძვლიანად უნდა იყოს დასაბუთებული.

ამ და სხვა თემებზე 1 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, „თბილისი მერიოტში“ რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

უეფას ევროპალიგის ფინალი შეიძლება თბილისში გაიმართოს

უეფამ ევროპალიგის 2021 წლის ფინალის სავარაუდო მასპინძელი ქალაქები დაასახელა და მათ შორისაა თბილისი. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩის ჩასატარებლად თბილისის „დინამოარენას“ კონკურენტებია ვენა („ერნსტ ჰაპელი“) და სევილია (სტადიონი მოგვიანებით დასახელდება).

2021 წლის საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძლობის მსურველთათვის დაწესებული ვადა 26 ოქტომბერს ამოიწურა. კანდიდატებს შორის საუკეთესო კი 2019 წლის მაისში ან ივნისში დასახელდება.

ევროპალიგის გარდა, გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის მასპინძელი ქალაქები.

თბილისის „დინამოარენამ“ 2015 წელს უმასპინძლა სუპერთასის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ და „ბარსელონამ“ 5:4 მოიგო.

სომხეთში პარლამენტს დაითხოვენ და ვადამდელი არჩევნები იქნება

სომხეთის კანონმდებლებმა მეორე ჯერზე არ აირჩიეს პრემიერ-მინისტრი - იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დათხოვნილ იქნება, და ქვეყანაში დეკემბერში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამის მიღწევას ცდილობდა ქვეყნის ყოფილი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი. პრემიერის კანდიდატურას კენჭი უყარეს 1 ნოემბერს. ერთადერთ კანდიდატად წარდგენილი იყო ფაშინიანი, რომელიც ამ პოსტიდან 16 ოქტომბერს გადადგა საიმისოდ, რომ ჩატარებულიყო პარლამენტის ვადამდელი არჩევნები. სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად ყველაზე მსხვილ ფრაქციას შეადგენს რესპუბლიკური პარტია, რომლის წევრიც იყო პრემიერის პოსტზე ფაშინიანის წინამორბედი, სერჟ სარგსიანი. ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში მაისში მოვიდა, მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ.

„ფრიდომ ჰაუსის“ თანახმად, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება ვარდნას განაგრძობს

„ფრიდომ ჰაუსის“ თანახმად, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება ვარდნას განაგრძობს. ორგანიზაციის თქმით, „ქვეყნების კოჰორტა... მიემართება ციფრული ავტორიტარიზმის მიმართულებით“. დემოკრატიის ტექნოლოგიის გადარჩენას საფრთხე ემუქრება და „კომპანიებმა, მთავრობებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ერთობლივად უნდა გამონახონ სოციალური მედიის მანიპულაციასა და მონაცემთა უკანონო შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზები. „ფრიდომ ჰაუსის“ წლიური ანგარიშის, „ქსელში თავისუფლების“ ავტორის, ადრიან შაჰბაზის თქმით, ავტორიტარული რეჟიმები ახდენენ ინფორმაციაზე კონტროლის კონსოლიდაციას „გამოგონილი ამბების“ წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით. ანგარიშის მიხედვით, რომელიც მოიცავს პერიოდს 2017 წლის მაისიდან 2018 წლის მაისამდე, სულ მცირე, 17-მა სახელმწიფომ მოიწონა კანონმდებლობა ან გამოვიდა შესაბამისი ინიციატივით, რაც საინტერნეტო მედიის შეზღუდვას ითვალისწინებდა განხილულ პერიოდში.

"ევროპული საქართველო" სალომე ზურაბიშვილს და "ქართულ ოცნებას" მიმართავს

გიგა ბოკერია

ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპული საქართველო" მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა, საჯაროდ თქვან იღებენ თუ არა „ქართული მარშის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერას.

„ამ ბოლო დღეებში, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს, ხელისუფლების დაკვეთით ღიად გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პუტინთან დაკავშირებული, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ძალები“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. მისი შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი და მათი პოლიტიკური ჯგუფი არ გაემიჯნებიან „პატრიოტთა ალიანსს,“ „ქართულ მარშს“ და სხვა მსგავს ჯგუფებს, ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით.

„პატრიოტთა ალიანსში“ არ გამორიცხავენ, რომ მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ, „ქართულმა მარშმა“ კი ამის სანაცვლოდ „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვა კანაფის კულტივაციის საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტიდან გაწვევა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ზუგდიდში ნონა გაფრინდაშვილის ძეგლის დადგმას ითხოვენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შევიდა მოქალაქეთა განცხადება, ქალაქში ნონა გაფრინდაშვილის ძეგლის დადგმის მოთხოვნით. ინიციატივა ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, როლანდ მაქაცარიას ეკუთვნის. განცხადებას ხელს 30 ადამიანი აწერს, თუმცა როგორც როლანდ მაქაცარია განმარტავს, საჭიროების შემთხვევაში ასობით ხელმოწერას შეაგროვებს. „ნონა გაფრინდაშვილი არის ჩვენი ავტორიტეტი. ის არის ჩვენი დედოფალი. მისი ძეგლი გვინდა იყოს ანდრია დადიანის ძეგლის გვერდით, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის წინ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას როლანდ მაქაცარიამ.

მოქალაქეთა წერილი უკვე განიხილეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე. კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას თქმით, საკრებულოს სხდომაზე საკითხის წარდგენამდე კონსულტაციებს გაივლიან თავად ნონა გაფრინდაშვილთან, განცხადების ავტორებთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხის ასეთი დეტალური განხილვის გადაწყვეტილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ცოცხალი ადამიანისთვის ძეგლის დადგმის პრეცედენტი.

„უდაოა, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის უდიდესი სპორტსმენი და ჭადრაკის სფეროში ცოცხალი ლეგენდა არა მარტო საქართველოში. მას რა თქმა უნდა ძეგლიც უნდა ჰქონდეს და უნდა იყოს პატივში. ვფიქრობ, რადგან საუბარია ისეთ პრეცედენტზე რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია, პირველ რიგში უნდა ვკითხოთ თავად ნონა გაფრინდაშვილს და რა თქმა უნდა საზოგადოებას“, - განმარტა ირაკლი ლაგვილავამ.

ნონა გაფრინდაშვილს საპატიო ზუგდიდელის წოდება 2017 წელს მიენიჭა. ცნობილი მოჭადრაკე 1941 წელს ზუგდიდში დაიბადა. ბავშვობაში იყო ზუგდიდის მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი.

რუსეთმა სანქციები შემოიღო უკრაინის 322 მოქალაქისა და 68 კომპანიის წინააღმდეგ

დმიტრი მედვედევი

რუსეთმა სანქციები შემოიღო უკრაინის 322 მოქალაქისა და 68 კომპანიის წინააღმდეგ. შესაბამის ბრძანებულებას ხუთშაბათს მოაწერა ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა. სანქციების სიაში მოხვდნენ მინისტრები, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, დეპუტატები და ბიზნესის წარმომადგენლები. რუსეთის სანქციები გავრცელდება ყოფილ პრემიერ-მინისტრებზე, იულია ტიმოშენკოზე და არსენი იაცენიუკზე, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვაჟზე, ალექსეიზე, და აშშ-ში უკრაინის ელჩზე, ვალერი ჩალიზე. მედვედევმა მთავრობას დაავალა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სიის მომზადება, რომლებზეც გავრცელდება სანქციები, ასევე თავად შემზღუდავი ზომების განსაზღვრა.

„ქართული მარში“ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს

"ქართული მარშის" აქცია თბილისში, 2018 წლის მაისი

მოძრაობა „ქართული მარში“ მმართველ პარტიას ორ მოთხოვნას უყენებს:

1. სასწრაფოდ გაიწვიოს “მარიხუანის კულტივაციის შესახებ” კანონი. ხოლო მთავრობამ დადოს პირობა, რომ ამ საკითხს აღარასოდეს დაუბრუნდება.

2. დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ქვეყანას დღეს მართავს ძალა, რომელსაც მოსახლეობის მხოლოდ 37% უჭერს მხარს.

"ქართული მარშის" ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს მოთხოვნები უნდა შესრულდეს, თუ "ქართულ ოცნებას" სურს არჩევნების მეორე ტურში "ეროვნული ძალების, ქართული მარშის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერა მიიღოს" პარტიის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

ბრეგაძის თქმით, თუ მათ მოთხოვნებს “ქართული ოცნება” არ დააკმაყოფილებს, ისინი არა მხოლოდ უარს იტყვიან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, არამედ დაიწყებენ საპროტესტო აქციებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი ძირითადად უსმენდა, თუმცა შენიშვნებიც ჰქონდა

გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განმარტებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე გულახდილად იმსჯელეს, როგორც სისუსტეებზე, ისე პოზიტივზე, რომელიც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. საუბარი კი მისი განმარტებით, ძირითადად წარიმართა როგორც სახელისუფლებო რგოლების მიმართ საზოგადოების მოთხოვნების, პრეტენზიებისა და დასაბუთებული უკმაყოფილების საკითხებზე, ასევე რესურსზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია არჩევნების მეორე ტურში პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის. გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრის განხილვის თემა იყო ასევე წინასაარჩევნო ტექნოლოგიები და ხარვეზები, რომლებიც ამ მიმართულებით გამოავლინა პირველმა ტურმა.

”იყო ხარვეზები, ზოგგან მნიშვნელოვანი, ზოგგან უმნიშვნელო. ხარვეზები იყო-აქტივობა, ჩართულობა, ჩვენი გუნდის ძველი წევრების უფრო აქტიური ჩართულობა, საერთოდ ჩაურთველობა-არის საკითხები, რომელიც ეხება კოორდინატორების მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას და ასე შემდეგ.“-აღნიშნა გია ვოლსკიმ. შეხვედრის დეტალებზე საუბარი მან არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ შენიშვნები ჰქონდა ყველას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ძირითადად უსმენდა გამომსვლელებს.

პარტია „პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში დასრულდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტგო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

50-თეთრიანების გამოცვლა ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი

2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან, 1995 წლის მი­მოქ­ცე­ვის 50 თეთ­რის ნო­მი­ნა­ლის, ე.წ. ოქ­როს­ფე­რი 50-თეთ­რი­ა­ნი მო­ნე­ტე­ბის გა­მოც­ვლა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბან­კში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3502

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­ს მიერ გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის ბო­ლომ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნე­ტე­ბის გა­მოც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბან­კში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში, ხოლო 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან - მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბან­კში (მი­სა­მარ­თი: სა­კა­სო ცენ­ტრი, კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლი 72, თბი­ლი­სი 0198).

ამ მო­ნე­ტებ­მა გა­დახ­დის კა­ნო­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბის სტა­ტუ­სი დაკარგა 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ვაჭ­რო და ნაღ­დი ფუ­ლით მომ­სა­ხუ­რე­ბის ობი­ექ­ტებს აღარ აქვთ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით მათი მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

1995 წლის ემი­სი­ის 50 თეთ­რის ნო­მი­ნა­ლის მო­ნე­ტის, ე.წ. ოქ­როს­ფე­რი 50-თეთ­რი­ა­ნი მო­ნე­ტის ავერ­სზე და­ტა­ნი­ლია - გრი­ფო­ნის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, მის ქვეშ ციფ­რი "50" და წარ­წე­რა – "თეთ­რი", რე­ვერ­სზე - ბორ­ჯღა­ლი, ციფ­რე­ბი წარ­წე­რე­ბი: "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა", "REPUBLIC OF GEORGIA".

მინისტრთა კაბინეტის წევრები შესაძლო საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ

ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. „არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. იგეგმება ეფექტიანი მუშაობა, დასახული ამოცანების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად შესრულება. ამას თქვენ ნახავთ ახლო მომავალში, ამიტომ, მსგავსი ჭორების გავრცელებას გთხოვთ თავი დაანებეთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ. თანამდებობიდან შესაძლო დათხოვნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც. „მე ამის თაობაზე არ მაქვს ინფორმაცია. ასე რომ, ვერ დაგიდასტურებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა.

პაკისტანში ისლამისტები აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ქრისტიანი ქალის შესახებ

ისლამისტ დემონსტრანტებს დაბლოკილი აქვთ გზები პაკისტანის დიდ ქალაქებში, რითაც მეორე დღეა აპროტესტებენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მკრეხელობისათვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის, ეიჟა ბიბის გამართლების შესახებ. მან რვა წელი დაჰყო ციხეში. უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეიჟა ბიბი გაათავისუფლეს და ამჟამად ის გასაიდუმლოებულ ადგილას იმყოფება, ისლამისტების დემონსტრაციებისა და სიკვდილით მუქარის ფონზე. 54 წლის ქალის ადვოკატის განცხადებით, ის მალე გაემგზავრება პაკისტანიდან. მას თავშესაფარს სთავაზობენ საფრანგეთი და ესპანეთი. პაკისტანში კი უშიშროების ძალები განთავსდნენ ეკლესიებთან, უმცირესობაში მყოფი ქრისტიანების დასაცავად. მიმართავენ ასევე ზომებს პაკისტანის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასაცავად. ეიჟა ბიბის 2010 წელს სიკვდილი მიუსაჯა პენჯაბის პროვინციის რაიონულმა სასამართლომ ისლამის შესახებ, თითქოსდა, დამამცირებელი განცხადებისათვის. ბიბი ყოველთვის უარყოფდა ბრალდებას.

ეკა ბესელია: ეხლა არის დრო კონსოლიდირების, ჩვენი შესაძლებლობების მობილიზების

ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტია ორი ძირითადი მიმართულებით აპირებს მუშაობას-ეს მიმართულებებია ამომრჩევლის მობილიზება და ცვლილებები: „ყველა ვერთვებით ამ მიზნით, რომ მოვახერხოთ ყველა ჩვენი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ქვეყნის მომავალს. პარალელურად-ეს იქნება დღეს, ხვალ და მთელი ამ დღეების განმავლობაში- ჩვენ იმ ცვლილებებს განვახორციელებთ, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება. ეს არის ორი გზავნილი, რაც შემიძლია გითხრათ."

ეკა ბესელია განმარტავს, რომ კამპანიას საგანგებო შტაბი ხელმძღვანელობს, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. „მას აქვს მუდმივი კონსულტაციები“-განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი განმარტებით, მეორე ტურისთვის შექმნილი შტაბები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს და როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე გააძლიერებს "ქართული ოცნების" შესაძლებლობებს. ეკა ბესელია მიესალმება ასევე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფების გაძლიერებას და ამბობს,რომ ესაა ბუნებრივი პროცესი.

პარტია „პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში დასრულდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

ტოკიოს ოლიმპიადის მედლებს წუნდებული ტექნიკის გადამუშავებით დაამზადებენ

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედლები წუნდებული ელექტრო მოწყობილობების გადამუშავების შედეგად დამზადდება. იაპონელთა ინიციატივა ამ უდიდესი ღონისძიების მზადების პროცესში ხალხის მეტად ჩართულობის იდეას ემსახურება.

მოსახლეობისგან წუნდებული ტექნიკის მიღების აქცია იაპონიაში ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე დაიწყო და ბოლო მონაცემებით, ბრინჯაოს მედლებისთვის საჭირო მარაგი - 2700 კილოგრამი უკვე შეგროვდა. ასევე შეგროვებულია ოქროს მედლებისთვის საჭირო მოცულობის 54,5 პროცენტი და ვერცხლის მედლებისთვის - 43,9 პროცენტი.

ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორთა გათვლით, ძვირფასი ლითონების საჭირო მარაგი 2019 წლის მარტამდე უნდა შეგროვდეს. სწორედ მომავალ წელს დაზუსტდება მედლების დიზაინი.

ბახტაძე: საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის საჭიროა ტოტალური თავდაცვის პრინციპი

მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული ოკუპაცია, კანონის ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

„საჭიროა ვიმსჯელოთ რეგიონალური უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას, ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას. ასევე, ჰიბრიდული ზემოქმედების მექანიზმებსა და სხვა რისკებს“ - განაცხადა ბახტაძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის თავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავესი ჰუმანიტარული კატასტროფაა, რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო კი, სულ უფრო მცირდება მოსახლეობის რაოდენობა და შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

„მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, გრძელდება გატაცებების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა. ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ გამოწვევებზე საქართველოს პასუხია მხოლოდ მშვიდობა და განვითარება და შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

პრემიერმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ერთიანი და პრინციპული იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადრეთი გზაა. „ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს ტოტალური თავდაცვის პრინციპი. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ პრინციპზე და შევაჯეროთ პოზიციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ჯაველინების" შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც

ელიზაბეთ რუდი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა უარყო ინტერნეტსაიტის ReportBlogs-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა თბილისში ვიზიტისას საქართველოს მთავრობა გააფრთხილა რუსეთს არ გადასცეს აშშ-ისგან შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები „ჯაველინი.“

„საქართველოსა და შეერთებულ შტატებს აქვთ ძალიან ძლიერი თანამშრომლობა სამხედრო უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ გვჯერა საქართველოს უნარისა, პასუხისმგებლობით გამოიყენოს და გააკონტროლოს ტექნოლოგიები. ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, აბსოლუტური სიცრუეა” - განუცხადა ჟურნალისტებს ელიზაბეთ რუდმა, რომელიც ბათუმში მონაწილეობს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში.

მარგველაშვილი: რუსეთმა ჰიბრიდული ომი 90-იან წლებში საქართველოში მოსინჯა

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ვითარდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამ განვითარების შემაფერხებელია უდიდესი ფაქტორი, რომელიც საქართველოს სამეზობლოს და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში ქმნის სულ უფრო პრობლემურ გამოწვევებს. „რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს აწარმოა მიზანმიმართული დაპყრობითი ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ჩვენ კარგად გვახსოვს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მოახდინა ჩვენი სამშობლოს 20%-ის ოკუპაცია. 90-იანი წლების დასაწყისში ანალოგიურად, როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ის, რასაც უკვე 2014 წლიდან ჩვენ ყველა ვეძახით ჰიბრიდულ ომს“ - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ჰიბრიდული ომი 90-იანი წლების დასაწყისში მოსინჯა სწორედ საქართველოში და მას შემდეგ ჰიბრიდული ომის მეშვეობით ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებელი არჩევანის შეჩერება. „ხშირად 2008 წელზე ლაპარაკობენ, როგორც რუსეთის ლეგიტიმურ პასუხზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. საუბრობენ, რომ თითქოს რაღაცა ლოგიკა იყო ოკუპაციაში, იმიტომ რომ საქართველოს ჰქონდა გადაწყვეტილი ნატოში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით ჰქონდა დიდი წარმატება. ეს არის დიდი პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც აქტიურად მუსირებდა, მაგრამ ჩვენ ფარდა ავხადეთ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შემდეგ რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა უკრაინაში და კიდევ უფრო კარგად გამომჟღავნდა აგრესია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ამოძრავებდა მეზობლებთან მიმართებაში. პრეზიდენტის შეფასებით, დღესაც საქართველო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რადგან რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურია უკვე არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზეც. „ეს ის რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და რომლიდან გამომდინარე, ერთად უნდა დავისახოთ სამოქმედო და სამომავლო გეგმები“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქედაში აფეთქების შედეგად ბავშვის დაღუპვის გამო სამი პირი დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯიას" ქვეკონტრაქტორი შპს-ების, "ალბაირაქისა" და "დინამიტი-ლ.დ."-ს თანამშრომლები, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.“ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, მტკიცებულებების მოპოვების შედეგად შესაძლოა, გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG