Accessibility links

ახალი ამბები

თამარ ჟვანია: პირველადი მონაცემებით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 262 826 ხმა, - ამის შესახებ არჩევნების შემდგომ პირველ ბრიფინგზე განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯომარემ. თამარ ჟვანიას თანახმად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 195 305 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 43%-ია.კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ დათვლილია 1181 საარჩევნო უბანი.

დავით ბერძენიშვილი: ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება აქვს გრიგოლ ვაშაძის პოზიციას

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც საზოგადოებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

დავით ბერძენიშვისლი თქმით, ამ სიტუაციაში, ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება აქვს გაერთანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოზიციას.

„ჩვენ რესპუბლიკელები აქ ვართ გრიგოლ ვაშაძის შტაბში და ჩვენ მის საარჩევნო კამპანიას შემოვუერთდით ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში პირველი ტურის შემდეგ და ბუნებრივია ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა პრეზიდენობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია. ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება აქვს გრიგოლ ვაშაძის პოზიციას“.

დავით ბერძენიშვილის თქმით, რესპუბლიკელები არიან გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის პარტნიორები და მხარს უჭერენ გრიგოლ ვაშაძის პოზიციას. დავით ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პოზიცია დაემთხვევა მისი წინასაარჩევნო განცხადების შინაარსს, რომ „რევოლუცია იწვევს ზიზღს“.

„როგორც პოლიტიკური გამოცილება მიჩვენებს, გადაწყვეტილებები იქნება იმგვარი რაც არ შეუშლის რესპუბლიკურ პარტიას ხელს მომავალში მათთან თანამშრომლობაში“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: „ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე“

სალომე ზურაბიშვილი

„დღეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსათვის. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და განთავისუფლებას“, - განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ:

„ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა. თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც ხმა არ მომცა და ვინც დღეს ჩემი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ დღეს ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქეები. ერთ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ და უნდა გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, უნდა დავაწყნაროთ და დავამშვიდოთ, ამიტომ მე დღეს გპირდებითს, რომ ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ, რომ ჩვენ გავერთიანდეთ“.

პრეზიდენტობის დამუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს, ასევე ისაუბრა არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანელი არჩევანი მვშიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს უზრუნველყო ჩვენმა სახელმწიფომ. მადლობა იმათ, ვინც მოვიდა არჩევნებზე; ეს არის დემოკრატია და მაღალი აქტიურობა არის მაღალი დემოკრატიის ნიშანი. დაველოდები საბოლოო შედგებს, რათა საბოლლოოდ დაასტურდეს პრინციპული არჩევანი. ....მადლობა საოზგადოებას, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა; მადლიერი ვარ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა; ჩემი ოჯახის, შვილების, რომლებმაც მომცეს რწმენა იმისა, რომ არ უნდა დანებდე, რომ არ უნდა შეგეშინდეს; ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზინი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ერთია: თანამდეროვე, განვითარებული და გაძლიერებული საქრათველო!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

20 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 56,23%

ანა მიქელაძე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 20 საათისთვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 1 975 845-მა ამომრჩეველმა, რაც 56,23%-ია. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა.

20 საათისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი აქტივობა 72,72% დაფიქსირდა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი 43,12% წალკაში. თბილისში აქტივობა იყო 55,9%.

28 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, 20 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 46,74%, რაც რაოდენობრივად იყო 1 637 956 ამომრჩეველი.

საია არსებით დარღვევებს აჯამებს

სულხან სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი არსებითი ხასიათის დარღვევები შეაჯამა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის სულხან სალაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სავარაუდო გაყალბების ფაქტები და განმეორებით ხმის მიცემის მცდელობები.

საქმე ეხება მარნეულის N49 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტს; წალენჯიხის N11 და ოზურგეთის N7 უბნებზე განმეორებით ხმის მიცემის მცდელობებს და მარნეულის N48, N13, V11 საარჩევნო უბნებზე მარკირების პროცესის დარღვევას.

განმეორებითი ხმის მიცემის ფაქტის გამო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების მეორე ტურში მოითხოვს მარნეულის N49 უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას და შედეგების გაბათილებას. ორგანიზაციამ ასევე მიმართა პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ამასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის საიას დამკვირვებლების მიერ სულ დაიწერა 60 საჩივარი, ამათგან, 31 საჩივარი - უბანზე, ხოლო 29 საჩივარი - ოლქში. ასევე დაფიქსირდა 30 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

გიორგი ვაშაძე: გაერთიანებულ ოპოზიციას ყავს საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

„გაერთიანებულ ოპოზიციას ყავს თავისი საბჭო. საბჭო დაჯდება და მიიღებს გადაწყვეტილებას სამოქმედო საკითხებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ. ის გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელმაც ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა. გიორგი ვაშაძის სიტყვებით, ამ ეტაპზე, შტაბი თითოეული ხმის დაცვაზეა გადართული.

მიხეილ სააკაშვილი: მოვითხოვოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

მიხეილ სააკაშვილი

„ხალხო, თქვენ დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი“, - მიმართა ხალხს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერიდან. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურს, რომელიც ძალადობისა და მასობრივი დარღვევების ფონზე ჩატარდა, საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა.

„ღია საპროტესტო აქციებით, მშვიდობიანით, დავიწყოთ მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და ამ ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება. ჩვენ საქართველოში გვჭირდება ახალი ხელისუფლება, ჩვენ გვჭირდება საქართველოში, რომ ხალხმა აიღოს ხელში ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გადარჩენა არ უწერია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისა და თითოეული ხმის დაცვისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არ იბრძვის ხელისუფლებისთვის, მაგრამ როგორც „რიგითი რიგითთა შორის“ და „თანასწორი თანასწორთა შორის“, ის საქართველოს მომავლისთვის ყოველთვის იბრძოლებს. ექსპრეზიდენტი თვლის, რომ ახლა ის დროა, როცა ხალხმა თავისი გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას.

„დღეიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის საქართველოს ლეგიტიმური მმართველი. მე არ ვაღიარებ და ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ ვაღიაროთ ამ არჩევნების შედეგები. ეს არაფერ კავშირში არ არის დემოკრატიულ პროცესთან... როდესაც კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს კანონის დაცვა, კონსტიტუციის დაცვა და თავისი თავისუფლების დაცვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დავით ბაქრაძე: „ველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას“

დავით ბაქრაძე

პარტია „ევროპული საქართველო" აპირებს დაელოდოს ცესკოს საბოლოო შედეგების გამოქვეყენებას და ფართე კონსულტაციების შემდეგ მიიღოს გადაწვეტილება სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ კარგად აცნობიერებს იმას, თუ რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება შექმნილ ვითარებაში თითოეულ პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას.

„ამიტომ გვექნება კონსულტაციები, მათ შორის როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ყოველივე ამის შემდეგ, გააზრებულად და მშვიდად, უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, საარჩევნო პროცესი იყო უკიდურესად მძიმე, რომელიც თავის თავში შეიცავდა უხეშ დარღვევებს, განსაკუთრებით პირველ და მეორე ტურებს შორის შუალედში.

„ხელისუფლებამ გამოიყენა მთელი არსენალი მეთოდებისა: ადმინისტრაციული რესურსი, ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა, ქუჩის ელემენტები და კრიმინალები საარჩევნო სტრატეგიაში და ა.შ. - ყოველივე ამის გამო ეს არჩევნები არის უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისათვის“, - მიაჩნია დავით ბაქრაძეს

გრიგოლ ვაშაძე: არ აქვს მნიშვნელობა, რა უსულო საგანს შეიტანენ პრეზიდენტის სასახლეში

გრიგოლ ვაშაძე

„ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზებაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზება მოახდინა. ყველა მოისყიდა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი - ყველა საქმეში იყო ჩართული, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს 17 საათისათვის 756 ათასი ხმა აიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ. კომპანია "ედისონ რისერჩის" 17.00 საათის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 55%-მა, გრიგოლ ვაშაძეს კი - 45%-მა. „უდიდეს პატივისცემას ვუცხადებ „რუსთავი 2“-სა და „ედისონ რისერჩს“, მაგრამ აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადაგანაც ამომრჩევლების უდიდესი რაოდენობა მივიდა ხუთი საათის შემდეგ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ოპოზიცამ მიაღწია ორ შედეგეს: 1. გაერთიანებული ოპოზიცია შედგა და ის არის მძლავრი ძალა, რომელიც არ აპირებს დაშლას. 2. ამ არჩევნებით ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. „აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რა უსულო საგანს შეიტანენ პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავებულია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლის შედეგების კომენტირებისას.

მიხეილ სააკაშვილი: მოგიწოდებთ, არ აღიაროთ არჩევნების შედეგები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ აღიარონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და გადავიდნენ საყოველთაო დაუმორჩილებლობის რეჟიმზე.

„ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს. მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს, არ შეასრულოს უკანონო ბრძანებები. მე მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. მან ასევე თქვა, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს.

კახა კალაძე: ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო უარი სიცრუეს და სიძულვილს

„ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარის სიცრუეს, სიძულვილს, ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულებაა და მისი ღირსების დაცვა კი უმთავრესი პრიორიტეტი“, - ასე გამოეხმაურა ეგზიტპოლების შედეგებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, თბილისის მერი. მისი თქმით, ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მიანიჭა მათ მანდატი, რათა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეკონომიკის განსავითარებლად, ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად და ქვეყნის საგარეო პოზიციების გასაძლიერებლად.

საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 20:00 საათზე, ორი ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა. ორივე ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

"რუსთავი 2"-მა გამოაცხადა 17:00 საათისთვის არსებული მონაცემები, რომელთა თანახმად ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმების 55 პროცენტი ერგო, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 45 პროცენტი. ტელეკომპანია "იმედმა" გაასაჯაროვა ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ზურაბიშვილს ხმების 58 პროცენტი აქვს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 42 პროცენტი.

ბიძინა ივანიშვილი: მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავამართლოთ რაც დღეს მივიღეთ

ბიძინა ივანიშვილი

„ალბათ, სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლდათ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს, შესაძლებელია უკვე გავაკეთოთ რეაქცია შესატყვისი და მადლობა გადავუხადოთ ჩვენ ამომრჩევლებს და მთლიანად საზოგადოებას“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნეს ეგზიტპოლის შედეგები. მათი წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგებმა და ზოგადად, ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და ადეკვატური რეაქცია გააკეთა. „მეც მინდა საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო თავი და ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ“ - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, გააკეთა შესაბამისი დასკვნები და რეაქცია გააკეთა „ქართული ოცნების“ გუნდმაც.

„მინდა საზოგადოებას მადლობა გადავუხადო ასეთი გრძნობადობისთვის, ესეთი რეაქციისთვის. დანარჩენი ალბათ, ჩემზეა. რასაც გაგპირდით ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმუმს შევცდები და გაჩვენებთ, რომ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენ სამსახურში და გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"რუსთავი 2-ის" და "იმედის" ეგზიტპოლებით, არჩევნებში იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი

ტელეკომპანიებმა "რუსთავი 2"-მა "და "იმედმა" გამოაქვეყნეს საპრეზიდენტო არჩევნების თავ-თავიანთი ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. "რუსთავი 2"-მა გამოაცხადა 17:00 საათისთვის არსებული მონაცემები, რომელთა თანახმად ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმების 55 პროცენტი ერგო, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 45 პროცენტი. ტელეკომპანია "იმედმა" გაასაჯაროვა ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ზურაბიშვილს ხმების 58 პროცენტი აქვს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 42 პროცენტი. “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა ამერიკულმა კვლევითმა ორგანზიაციამ, “ედისონ რისერჩმა”. ამ ტელეკომპანიამ ამავე ორგანიზაციას დაუკვეთა ეგზიტპოლის ჩატარება 2010, 2012, 2017 წლების არჩევნებზე, ასევე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, 28 ოქტომბერს. პირველი ტურის შედეგი თითქმის დაემთხვა ცესკოს საბოლოო შედეგებს და ის ცდომილების ზღვარში ჯდებოდა. “იმედმა” ეგზიტპოლის ჩატარება დაუკვეთა ბულგარულ კვლევით ორგანიზაცია Gallup International-ს. სახელის მსგავსების მიუხედავად, ამ ორგანიზაციას კავშირი არ აქვს ცნობილ ამერიკულ კვლევით ორგანიზაცია Gallup-თან.

„სამართლიანი არჩევნები“: გადასატან ყუთებს არაერთი დარღვევა უკავშირდება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ​19:00 საათის მონაცემებით, გამოვლინდა გადასატან ყუთებთან დაკავშირებული დარღვევები.

  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში იყო 31 ამომრჩეველი. კომისიის წევრებს გაატანეს 35 ბიულეტენი. ხმა მისცა 30 ამომრჩეველმა, მაგრამ კომისიის წევრებმა 5 ბიულეტენის ნაცვლად 4 ბიულეტენი დააბრუნეს;
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ერთი ამომრჩევლის გრაფაში აღმოჩნდა ორი ხელმოწერა;
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში მყოფ ამომრჩეველს ხმა უბანზე მიაცემინეს;
  • #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამომრჩევლის ნაცვლად სხვა პირმა მისცა ხმა. როგორც ცნობილი გახდა აღნიშნული ამომრჩეველი თავად იმყოფება საავადმყოფოში;
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე და #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის სიებში არ არის მითითებული გადასატანი ყუთის საჭიროების მქონე ამომრჩევლები.

ზუგდიდის მე-20 უბანზე სავარაუდოდ, სამაგიდო სიის ნაწილი დაიკარგა

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ზუგდიდში კენჭისყრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო შეწყვეტილი მე-20 საარჩევნო უბანზე, სადაც წინასწარი ინფორმაციით, დაიკარგა სამაგიდო სიის ერთი ფურცელი. ამომრჩევლების შეშვება საღამოს რვის ნახევრისთვის განახლდა. თუმცა, კვლავ არ უშვებენ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს და ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე სიტუაციის გასარკვევად სამართალდამცავები იმყოფებიან.

ავღანელი ოფიციალური პირები: 30 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავიაიერიშის შედეგად

ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 30 სამოქალაქო პირი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად. ჰელმანდში ძლიერი პოზიცია აქვთ თალიბებს.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია აცხადებს, რომ ავღანელმა ჯარისკაცებმა და ამერიკელმა კონსულტანტებმა 27 ნოემბერს - მას შემდეგ, რაც მათ ცეცხლი გაუხსნეს თალიბებმა - მოითხოვეს საჰაერო ძალების მხარდაჭერა. მათთვის არაფერი იყო ცნობილი ახლოს სამოქალაქო პირების ყოფნის შესახებ.

ჰელმანდის გუბერნატორის, მოჰამად იასინ ხანის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა როგორ თალიბებს შორის, ისე სამოქალაქო პირებს შორის. ხანის განცხადებით, დაიღუპა 16 თალიბი მეამბოხე და მიმდინარეობს გამოძიება დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობის დასადგენად.

ჰელმანდის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ატაჰულაჰ აფღანის ინფორმაციით, ავიაიერიშმა შეიწირა, სულ ცოტა, 30 სამოქალაქო პირი. ამავე რიცხვს ასახელებს კანონმდებელი ჰელმანდიდან, აბდულ უადოდ პოპული.

"სამართლიანი არჩევნები": ხმა მისცა არასრულწლოვანმა და უკვე მარკირებულმა პირმა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, „#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე სიაში დაფიქსირდა არასრულწლოვანი ამომრჩეველი, რომელიც დაბადებულია 2001 წლის 16 იანვარს“, მაგრამ "აღნიშნულმა პირმა ხმა მისცა არჩევნებში."​

19:00-საათის მონაცემებზე დაყრდნობით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები იტყობინებიან ასევე, რომ:

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დაუფიქსირდა მარკირება, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ და ნაკადის მომწესრიგებელმა ხმის მიცემის უფლება მისცეს.
  • საბურთალოს საარჩევნო ოლქის #85 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სიაში გარდაცვლილი შვილის სახელი აღმოაჩინა.

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს დაახლოებით 300 ათასი ხმით დაამარცხებს

„ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლით მანიპულაციას გეგმავს. მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს დაახლოებით 300 ათასი ხმით დაამარცხებს და მანიპულაციას აზრი არ აქვს: "როგორც ჩანს, ეს ჩვენი ვარაუდია, რომ მათ შეექმნათ პრობლემა, რადგან „ედისონ რისერჩი“ უარს ამბობს არასწორი მონაცემების დადებაზე, ამიტომ ისინი ცდილობენ, ეს მონაცემები შეცვალონ".

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს შეეგუოს მარცხს. მისი თქმით, ამომრჩეველი, რომელიც პირველ ტურში არ მონაწილეობდა, მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ "დაირაზმა" და 300 ათასი ხმით გამარჯვების მოლოდინიც, მდინარაძის აზრით, აბსოლუტურად ლოგიკურია: „მოგიწოდებთ, თავი დაანებოთ პროვოკაციებს, მანიპულირებას და შეეგუეთ მარცხს, რომელსაც ჩვენი ამომრჩეველი უზრუნველყოფს."

შსს გამოძიება დაიწყო არჩევნებთან კავშირის მქონე 11 სავარაუდო დანაშაულის გამო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავები იძიებენ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას მომხდარი სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტს. მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე უკვე დადგენილია სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზეც, უკვე გამოკითხეს ინციდენტის მხარეები, რომლებიც მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. გამოძიება დაიწყო ადიგენში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავები იძიებენ ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ორ ფაქტს და თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში და ლილოს დასახლებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ორ ფაქტს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, გამოძიება დაიწყო ქვემო ქართლში მარკირებაგავლილი პირების მიერ ხმის განმეორებით მიცემის 9 სავარაუდო მცდელობის გამოც. სამართალდამცავები იკვლევენ აბაშის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევასაც და დუშეთში საარჩევნო უბანზე ქურდობის ფაქტს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები და დაზარალებულები არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

შსს: ჩუმლაყში იარაღის სამიზნე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ყოფილან

ნათია მეზვრიშვილი

როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, ჩუმლაყში იარაღიდან გასროლას არჩევნებთან კავშირი არ ჰქონია და სახეზე პოლიტიკური მოტივი არ არის-განმარტა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა. მისი ინფორმაციით, ჩუმლაყის მე-19 საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში ე.წ. სასიგნალო იარაღიდან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ გაისროლა. ნათია მეზვრიშვილის თანახმად, პირი დაკავებულია, საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აღძრული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გურჯაანში რამაზ ქერეჭაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მე-19 საარჩევნო უბანზე"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით გაისროლეს.

ქერეჭაშვილის განცხადებით, სროლის ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილიც.

ქერეჭაშვილის თქმით,საბჭოთა წარმოების „06“-ის მარკის ავტომობილიდან მათთვის უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდა ჰაერში გაისროლა, მომხდარი ფაქტი კი ოპოზიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47.31% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47.31 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში, ხოლო დაბალი - წალკაში დაფიქსირდა.

პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურისათვის ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 38,16 პროცენტი იყო, რაც რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველს შეადგენდა.

ქვემო საზანოში საარჩევნო უბანთან ცოცხები და ხელკეტები ჩამოკიდეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო საზანოში #34-ე საარჩევნო უბნის წინ, ცენტრალურ გზაზე ცოცხები და ხელკეტები ჩამოკიდეს. "ქართული ოცნების" აქტივისტის ლევან ჭანტურიძის თქმით, ახალგაზრდებმა ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ.

სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა გრძელდება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის მიუხედავად, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საუბნო კომისიაში ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კენჭისყრის შეწყვეტისა და შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ „მედიაცენტრში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მარნეულის #49 უბანზე დაფიქსირდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი: #49 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა (სანან ბადალოვმა), რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის; სიების გადამოწმების შედეგად, საიას დამკვირვებელმა დაადგინა, რომ ამომრჩეველი სანან ბადალოვი დარეგისტრირებულია მარნეულის #48 უბანზე; #48 უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, მან ხმის მიცემა სცადა ასევე #49 უბანზე. თუმცა, საიას დამკვირვებლის ჩარევის შემდეგ, სანან ბადალოვმა უბანი დატოვა. გარდა ამისა, საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა.

49-ე უბანზე მისული საოლქო კომისიის წევრი გიორგი თაბუკაშვილი აცხადებს, რომ კომისიის წევრების გამოკითხვის შემდეგ ირკვევა, რომ პირი, ვისზეც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიუთითებს, „თვალით არავის უნახავს." თუმცა, მისივე თქმით, საოლქო კომისია საიას საჩივარს აუცილებლად განიხილავს.

გიორგი ვაშაძე: სხვაობა იმდენად დიდი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი მანიპულაცია ვეღარ უშველის

რა გეგმას შესთავაზებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საკუთარ ამომრჩეველს, თუკი მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ვერ მოიპოვებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას? - რადიო თავისუფლების ამ კითხვას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე პასუხობს: „სხვაობა იმდენად დიდი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი მანიპულაცია ვეღარ უშველის. მოვლენებს წინასწარ ნუ გავუსწრებთ. მთავარია, ყველანი არჩევნებზე“.

ცესკო - "ქართული ოცნების" დეპუტატი  ამომრჩეველს კაბინაში დასახმარებლად შეჰყვა

ანა მიქელაძე

ხანდაზმულმა მოქალაქემ აბაშის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს, რომელიც საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იმყოფებოდა, როგორც რიგითი ამომრჩეველი, დახმარება სთხოვა, -განმარტა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ. მისი თქმით, ცენტრალურმა კომისიამ გადაამოწმა ინფორმაცია აბაშის, მე-10 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით. ცესკოს სპიკერის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაში კანონის დარღვევას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ამომრჩევლის ნაცვლად შემოხაზა კანდიდატის საარჩევნო ნომერი.

აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე, ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერის საფუძველზე დაიწყო.

ვიდეოში ჩანს, რომ ლეონტი ნადარეიშვილი ,აბაშის საკრებულოს წევრი"ქართული ოცნებიდან", ამომრჩეველთან ერთად შედის კაბინაში, კაბინის გარეთ კი ამომრჩევლების ბიულეტენებს ამოწმებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG