Accessibility links

ახალი ამბები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ბუდაპეშტიდან გააძევეს

უნგრეთში მოქმედი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს, რომ ის ბუდაპეშტიდან "გააძევეს" და თავისი პროგრამები ვენაში გადააქვს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასთან ხანგრძლივი იურიდიული უთანხმოების შემდეგ. უნგრული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტის რექტორი, მაიკლ იგნატიეფი 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ უნივერსიტეტი გაძევებულია. "ეს უპრეცედენტო ამბავია" - ამბობს იგნატიეფი და დასძენს: "ამერიკული უნივერსიტეტი გააძევეს ქვეყნიდან, რომელიც ნატოელი მოკავშირეა". უნივერსიტეტი ამბობს, რომ აშშ-ში აკრედიტებული პროგრამების სწავლებას ვენაში 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. თუმცა CEU გეგმავს დაიტოვოს ბუდაპეშტში მოქმედი კორპუსი და სტუდენტები, რომლებიც იქ ამჟამად სწავლობენ, შეძლებენ კურსის დასრულებას. უნივერსიტეტი, რომელიც სოროსმა 1991 წელს დააარსა, ამბობს, რომ ის გახდა სამიზნე 2017 წელს შემოღებული კანონისა უცხოური უნივერსიტეტების შესახებ. CEU-ს ორბანი დიდი ხანია მიიჩნევს ლიბერალიზმის ბასტიონად. მთავრობის პრესმდივანმა უნივერსიტეტს უწოდა "პოტიომკინის კორპუსი", რომელიც ვერ აკმაყოფილებს ახალ მოთხოვნებს. უნგრეთის მთავრობა უარს ამბობდა ხელშეკრულების გაფორმებაზე აშშ-ის ხელისუფლებასთან, რაც CEU-ს ბუდაპეშტში მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემდა.

იოჰანეს ჰანი კოსოვოს მოუწოდებს მოხსნას ბლოკი რეგიონულ ვაჭრობაზე

გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი, იოჰანეს ჰანი კოსოვოს სტუმრობს და ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება დაარწმუნოს შეცვალოს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება 100 პროცენტის სიდიდის გადასახადების დაწესებაზე სერბიიდან და ბოსნია-ჰერცეგოვინიდან იმპორტირებულ საქონელზე. 3 დეკემბერს ჰანიმ პრიშტინაში გამართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ რამუშ ჰარადინაისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ორ კვირაში მას შემდეგ, რაც კოსოვომ გადასახადები შემოიღო - რაც, მისი განცხადებით, საპასუხო ნაბიჯია ბელგრადის ქცევაზე, რადგან ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს კოსოვოს საერთაშორისო ასპარეზზე. კოსოვოს ნაბიჯს გაბრაზებული რეაქციები მოჰყვა ბელგრადიდან, ევროკავშირი და აშშ კოსოვოს ამ ზომის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ამ ნაბიჯის გამო ჩრდილოეთ კოსოვოში, ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ოთხ მუნიციპალიტეტში გადადგნენ მერები. პრიშტინასა და ბელგრადს შორის კავშირები დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც კოსოვომ 2008 წელს სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობა 110 ქვეყანაზე მეტს აქვს აღიარებული, თუმცა სერბია მას არ ცნობს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში დაამარცხა ისრაელის გუნდი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 64:64 დასრულდა და მასპინძლებმა სტუმრები დამატებულ ხუთ წუთში, ბოლო წამზე გატეხეს - 71:69.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი გოგა ბითაძე იყო 18 ქულით, 7 მოხსნითა და 3 დაფარებით. გიორგი ცინცაძემ 14 ქულა ჩააგდო, გიორგი შერმადინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა და 11 მოხსნა.

ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი კრემლს აფრთხილებს

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი კრემლს აფრთხილებს დასავლეთის შესაძლებლობები არ შეაფასოს რეალურზე ნაკლებად, და რუსეთს ადანაშაულებს გადამდგარ ორმაგ აგენტზე ინგლისში ნერვული ნივთიერებით განხორციელებულ თავდასხმაში. MI6-ის ხელმძღვანელი, ალექს იანგერი, რომელიც იშვიათად ჩნდება საჯაროდ, 3 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ რუსეთი "პერმანენტული კონფრონტაციის" მდგომარეობაშია ბრიტანეთთან და დასავლეთთან. იანგერის განცხადებების ფონია გაზრდილი დაძაბულობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, მათ შორის უკრაინაში მოსკოვის აგრესიის, აშშ-ის და ევროპის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის, მასშტაბური საერთაშორისო კიბერთავდასხმების და მარტში ქალაქ სოლსბერიში რუსეთის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო. სკრიპალები გადაურჩნენ მოწამვლას, რომლის დროსაც გამოყენებული იყო საბჭოთა დროს დამზადებული, სამხედრო ნერვული გაზი სახელად "ნოვიჩოკი". რუსეთი უარყოფს მტკიცებულებებს, რომ მოწამვლის უკან მისი აგენტები იდგნენ და ბრიტანეთის დაზვერვას ადანაშაულებს თავდასხმის დადგმაში, ანტირუსული ისტერიის გამოწვევის მიზნით.

თაკო ჩარკვიანი: კალაძემ ჩვენი ოჯახები საფრთხის ქვეშ დააყენა

თაკო ჩარკვიანი

„ეს არის ე.წ. „ქალაქის მერის“ შემზარავი არასახელმწიფოებრივი განცხადება, ძალადობის შემდგომი ესკალაცია და პროვოცირება, მოწოდება ოჯახების სამომავლო შევიწროებისკენ“, - ასე შეაფასა პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას.

თბილისის მერი კახა კალაძე „ძალა ერთობაშიას“ წევრ თაკო ჩარკვიანის ოჯახთან დაკავშირებით ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის ძალადობა მისაღები არაა.

„თუმცა ძალიან სამწუხაროა, მე ამაზე ყველა ჩემს გამოსვლასა და ინტერვიუში მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია, რაც ხდებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, როგორი ბილწსიტყვაობა იყო, პირდაპირი ეთერიდან დედის გინებაზე იყვნენ გადასულები და არავის უნდა გაუკვირდეს ის, რომ ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს ამის შემდეგ", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თაკო ჩარკვიანის თქმით, მერის ამ განცხადების შემდეგ მისი ოჯახი იმყოფება საფრთხის ქვეშ და ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებს საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა ხომალდი სოიუზი

ყაზახეთში მდებარე ბაიკონური კოსმოდრომიდან აფრინდა რუსული ხომალდი სოიუზი, რომელშიც სხედან კანადელი და ამერიკელი ასტრონავტები და რუსი კოსმონავტი. ხომალდი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მიემართება. რუსეთის სააგენტო როსკოსმოსმა 3 დეკემბერს ტვიტერით გაავრცელა მესიჯი, რომ რაკეტის ორბიტაზე გაშვება წარმატებული იყო. NASA-ს ადმინისტრატორმა, ჯიმ ბრაიდენსტინმა ასევე ტვიტერით როსკოსმოსს მადლობა გადაუხადა სოიუზის უსაფრთხო გაშვებისთვის ორბიტაზე. ხომალდში იმყოფებიან როსკოსმოსის წარმომადგენელი, ოლეგ კონონენკო, NASA-ს თანამშრომელი, ენ მაკკეინი და კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი, დევიდ სენ-ჟაკი. სამეულმა სადგურს გაშვებიდან ექვს საათში უნდა მიაღწიოს.

რუსეთი დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს ადანაშაულებს "საზღვრის უკანონო გადაკვეთაში"

რუსეთის მიერ გასულ თვეში დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურიდან ერთ-ერთის ადვოკატი ამბობს, რომ რუსეთმა ყველა დაკავებულს ბრალი წაუყენა "საზღვრის უკანონო გადაკვეთაში". მეზღვაურები მაშინ დააკავეს, როცა ისინი შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში ცდილობდნენ გადასვლას, მათ 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ ისინი დააკავეს. ერთ-ერთი მეზღვაურის, დენის გრიცენკოს ადვოკატი, ნიკოლაი პოლოზოვი ამბობს, რომ მეზღვაურებს ბრალი ოფიციალურად 27 ნოემბერს წაუყენეს. სხვა მეზღვაურის ადვოკატი, ჯემილ ტემიშევი 29 ნოემბერს აცხადებდა, რომ 21 დაკავებული რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან გადაჰყავდათ მოსკოვში. რუსეთი აცხადებს, რომ სამი უკრაინელი სამხედრო, რომელიც 25 ნოემბერს დაიჭრა, მკურნალობს დაწესებულებაში, რომლის მისამართს არ ასაჯაროებენ. რუსეთის ადამიანის უფლებების კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ 3 დეკემბერს თქვა, დაკავებულ უკრაინელ სამხედროებს ციხეში აქვთ საკვები, ტანსაცმელი და სხვა საჭიროების ნივთებიო.

სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის ადგილს არ ამხელს

"პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილი ჯერჯერობით შერჩეული არ არის და ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება", - განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„არაფერი არ არის ჯერ მართალი, რადგან არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ამას ჯერ არ გეტყვით. ვარიანტები, თუნდაც, თბილისში, არის რამდენიმე. ჯერ ვმსჯელობთ ამაზე. როცა მეცოდინება, გეტყვით“, - უპასუხა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტად არჩეული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, შესაძლოა, თბილისში არ გაიმართოს - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, ინაუგურაციის ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება. საქართველოს პრეზიდენტად 28 ნოემბერს არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცი 16 დეკემბერს უნდა დადოს.

პრეზიდენტი მმართველ გუნდს ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტი ხედავს საჭიროებას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დიალოგი გამართოს გაერთიანებულ ოპოზიციასთან, ოპოზიციის შეთავაზების შესაბამისად - ამის შესახებ განცხადება გაკეთა გიორგი აბაშიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, 3 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისვლის შემდეგ.

„საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ და თავად პრეზიდენტი მზად არის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ინსტიტუციურად ჩაერთოს ამ პროცესში“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მისასალმებელია შეხვედრა, რომელიც შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს შორის და რომ ეს ემსახურება უფლებამოსილების გადაბარების ცივილური პრეცედენტის შექმნას.

„ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რათა შევქმნათ პრეცედენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარებისა და ამავდროულად გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს პრეცედენტი იქნება სამაგალითო სამომავლოდ, ახალი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაბარების დროს“, - უთხრა ჟურნალისტებს აბაშიშვილმა.

ტრამპი ამბობს, რომ მომავალში პუტინთან და სი ძინპინთან განიხილავს "უკონტროლო გამალებულ შეიარაღებას"

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ "მომავალში, რაღაც დროს" ის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად დაიწყებს "ლაპარაკს იმაზე, თუ რეალისტურად როგორ შეიძლება შეჩერდეს მასშტაბურ და უკონტროლო გამალებულ შეიარაღებაში გადაზრდილი პროცესი". ტრამპმა ეს ტვიტერით დაწერა 3 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბუენოს-აირესში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე სი ძინპინს შეხვდა და პუტინთან მოკლე საუბარი გამართა. ტრამპმა დასძინა, რომ აშშ-მა წელს 716 მილიარდი დოლარი დახარჯა, იგულისხმა, რომ ეს დაიხარჯა შეიარაღებაზე და სამხედრო უწყებებზე და დაწერა - "სიგიჟე". ტვიტერით დაწერილი ამ მესიჯის ფონია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა ტრამპის მიერ ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებას იმაზე, რომ აშშ გავა ხელშეკრულებიდან საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ (INF). ეს ორმხრივი ხელშეკრულება 1987 წელს გაფორმდა და კრძალავს საშუალო რადიუსის რაკეტებს. ვაშინგტონი მოსკოვს მის დარღვევაში ადანაშაულებს. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს, თუმცა შარშან აღიარა არსებობა რაკეტისა, რომელიც ვაშინგტონმა აღმოაჩინა. მოსკოვი ირწმუნება, რომ ასეთი რაკეტა არ არღვევს ხელშეკრულებას. „

საბურთალოს ხაზზე მეტრო შეფერხებით მუშაობდა

17:00 საათიდან 18:03 საათამდე საბურთალოს ხაზზე, ორ მეტროს სადგურზე მატარებლების მიმოსვლა შეფერხებული იყო.

რადიო თავისუფლებას მეტროს ადმინისტრაციამ განუმარტა, რომ ამის მიზეზი მართვის სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზი იყო. საბურთალოს ხაზის ერთ მონაკვეთზე შეტყობინებას არ მიდიოდა, რის გამოც სადისპეტჩერომ საბურთალოს ხაზის ბოლოს - "ვაჟა-ფშაველასა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სადგურებს შორის მოძრაობა შეაჩერა.

ამ დროისთვის მეტროს მუშაობა აღნიშნულ სადგურებზე აღდგენილია. ადმინისტრაციის თქმით, ტექნიკური პრობლემა მოგვარებულია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უცხოელი დამკვირვებლების კრიტიკას არ ეთანხმება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის კრიტიკული შეფასებები მეორე ტურის წინასაარჩევნო გაშუქებასთან დაკავშირებით არ გაიზიარა. როგორც საბჭოს წევრი, გია იაკობაშვილი აღნიშნავს, შეფასება ტენდენციური და არაკომპეტენტური იყო. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ შეცდომაა იმის თქმა, რომ ეს არის საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება. საერთაშორისო დამკვირვებლები არ მსხდარან ტელევიზორთან თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ენა არ იციან. მათ ეს გააკეთეს ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით. თუმცა სანდონი არიან ეს დამკვირვებლები?ეს არის საკითხავი“-ამბობს გია იაკობაშვილი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იმ შესაბამისი ფაქტების წარდგენას ითხოვს, რომლის საფუძველზეც დასკვნა მომზადდა. მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მიზანშეწონილად მიიჩნევს სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძეც, თუმცა მას დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება:“ მე ვენდობი ამ სადამკვირვებლო მისიას და მათ მიერ ჩატარებულ მონიტორინგს. ვენდობი არა ბრმად, არამედ როგორც ყველა არხის, მათ შორის პირველი არხის მაყურებელი. ვფიქრობ, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი ტელევიზია პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით უფრო მიკერძოვებული იყო. ამიტომ ეს დასკვნა ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი“-გვითხრა ნინია კაკაბაძემ.

ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის თანახმად, საჯარო მანდატის სამართლებრივი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ მკვეთრად გამოავლინა თავისი მიკერძოებულობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კანდიდატის წინააღმდეგ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არხმა სამართლიანად გადაანაწილა ახალი ამბების გაშუქების დრო, გაშუქების ტონი მკვეთრად განსხვავდებოდა და უმეტესად ნეგატიური იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მაშინ, როცა „ქართული ოცნებისა“ და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ უფრო დადებითი ან ნეიტრალური იყო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ უზრუნველყო სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

სალომე ზურაბიშვილი: ულტიმატუმების დრო არ არის

„ულტიმატუმების დრო არ არის, - განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნებს შეეხებოდა.

მისი თქმით, „დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი, რომ გადავიდეთ ახალ რეჟიმზე, დაწყნარდეს ეს გარემო, საერთოდ პოლიტიკური გარემო და გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში“.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, შექმნას სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების მეთვალყურეობით, რათა კონსტიტუციურად, სამართლებრივად წარიმართოს ერთობლივი მუშაობა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. გაერთიანებული ოპოზიცია არალეგიტიმურად მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩატარებას პროპორციული ან რეგიონალურ-პროპორციული სისტემით და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლას.

ჩეხეთის სპეცსამსახური: რუსეთი დგას ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაზე განხორიციელებული კიბერთავდასხმების უკან

პუტინის მოწინააღმდეგეთა აქცია პრაღაში

ჩეხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (BIS) აცხადებს, რომ „აშკარად“ რუსეთი დგას ამასწინანდელი ორი კიბერთავდასხმის უკან, რომელიც მიმართული იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხი დიპლომატების წინააღმდეგ. უწყების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 3 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხსენებული კიბერთავდასხმა მიჩნეულია კიბერჯაშუშობის ყველაზე სერიოზულ ტალღად, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკას დაატყდა თავს. 2016 წლებში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების შედეგად, რომელიც მხოლოდ 2017 წელს გახდა ცნობილი, მთლიანობაში ჩეხეთის დიპლომატიური უწყების 150 ელექტრონული ანგარიში იქნა გატეხილი. BIS-ის ანგარიშის თანახმად, ჰაკერული თავდასხმები განახორციელეს ცნობილმა ჰაკერულმა ჯგუფებმა Fancy Bear-ი და ART 28-ი, რომელთა უკან რუსეთის ფედერალური უშიშროებისა (FSB) და სამხედრო დაზვერვის სამსახურები (GRU) დგანან. მსგავსი თავდასხმები განხორციელდა ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანაზეც. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს იანვარში განიხილავს.

პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა მოქმედი და არჩეული პრეზიდენტების შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრა ადმინისტრაციული საკითხების განხილვის მიზნით შედგა. ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 59,52%-ით. გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

პროტესტის ნიშნად სერბი დეპუტატები არ ტოვებენ პარლამენტის შენობას პრიშტინაში

კოსოვოში მცხოვრები სერბი უმცირესობის წარმომადგენელი კანონმდებლები უარს ამბობენ დატოვონ პარლამენტის შენობა, ვიდრე კოსოვოს ხელისუფლება არ შეცვლის გადაწყვეტილებას სერბეთიდან იმპორტორებული პროდუქციის 100%-ით დაბეგვრის შესახებ. სერბული პარტიის 9 წარმომადგენელმა 2 დეკემბერს განაცხადეს, რომ ისინი საკუთარ სამუშაო ოთახებში რჩებიან და ითხოვენ იოჰანეს ჰანთან, გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან შეხვედრას. დეპუტატებს სურთ, აცნობობ ჰანს, რომელიც 3 დეკემბერს ესტუმრება პრიშტინას, რომ ახალი ტარიფი „პრაქტიკულად ბლოკავს“ სურსათისა და სხვა აუცილებელი პროდუქტის გადანაწილებას კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბებისათვის. 21 ნოემბერს კოსოვოს მთავრობამ გადაწყვიტა 100%-იანი გადასახადი დაუწესოს სერბეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას, იმის გამო, რომ ბელგრადი ცდილობს საერთაშორისო არენაზე სახელი გაუტეხოს კოსოვოს ახალგაზრდა რესპუბლიკას.

"პატრიოტთა ალიანსმა" ეჭვი შეიტანა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ხმების რაოდენობაში

ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, გამოძიებით დაადგინონ, რამდენად რეალურია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიერ მიღებული 780 ათასი ხმა.

„გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ დაახლოებით 3 000 ამომრჩეველი შეკრიბა. რეალურად, ამ აქციის ორგანიზება მოხდა 25 ნოემბრის ჩვენი აქციის საპირწონედ, რომელშიც 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მე ვსვამ კითხვებს, თუ პარტიას რეალურად ჰყავს 780 ათასი ამომრჩეველი, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რატომ მოდის 3 000 ადამიანზე ნაკლები? შეუძლებელია რეალურად ამდენი ამომრჩეველი გყავდეს და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე არ იდგეს მინიმუმ 30 ათასი ადამიანი“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა. მისივე შეფასებით, „ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობენ როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან რიგი თანამდებობის პირები.“ ინაშვილის თქმით, მოვა დრო და ამ პირებსაც დაასახელებენ.

პოროშენკო კვალავ მოუწოდებს მოკავშირეებს გააძლიერონ სამხედრო ყოფნა შავ ზღვაში

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენო კვლავ მოუწოდებს „გერმანიას და სხვა მოკავშირეებს“, რათა გააძლიერონ თავიანთი სამხედრო-საზღვაო ძალები შავ ზღვაში, რაც იქნებოდა „შემაკავებელი ფაქტორი“ რუსეთისათვის. „ჩვენ გვესაჭიროება ძლიერი, ერთიანი და ცალსახა რეაქცია რუსეთის აგრესიულ ქმედებაზე“, - განაცხადა 2 დეკემბერს პოროშენკომ მედიაჯგუფ "ფუნკეს" ჟურნალისტებთან საუბარში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს, რომელმაც დიდძალ სამხედრო ძალას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან, განზრახული აქვს გააფართოოს პლაცდარმი უკრაინის ტერიტორიაზე, მოახდინოს მარიუპოლისა და ბერდიანსკსი პორტების ბლოკირება.

გორის პარკში განახლდა 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის სავარაუდო სამარხის ძებნა

სამართალდამცავებმა გორის ცენტრალურ პარკში განაახლეს 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის სავარაუდო სამარხის ძებნა. პოლიციამ პარკში, წინასწარ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მოზრდილი კარავი განათავსა. გორში 2004 წლის ნოემბერში დაკარგული 11 წლის ბიჭის ნეშტის ძებნა 2018 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო ამავე ქალაქში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ოქტომბერში დაკავებული იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუიძველზე. 14 წლის წინ ნებიერიძე მამასთან ერთად ბერძნიშვილების ოჯახს ავტოფარეხს უშენებდა და ბავშვის დაკარგვის შემდეგ წერილი მისწერა 20 ათასი დოლარის გამოსასყიდის მოთხოვნით. მაშინ ნებიერიძე დააკავეს, მაგრამ ბავშვის გატაცების ნაწილში ბრალი ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.

ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე გორის პარკში სავარაუდო სამარხის ძებნა რამდენიმე ხნით შეჩერებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ და დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ადგილი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს მიწის გათხრა.

IPN: სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა, თბილისის ნაცვლად სხვა ქალაქში ჩატარდეს

საქართველოს პრეზიდენტად არჩეული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა, თბილისში არ გაიმართოს - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (IPN) იუწყება. სააგენტოს ცნობით, ინაუგურაციის ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება.

რადიო თავისუფლებას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მხოლოდ ის უთხრეს, რომ ინაუგურაციის დეტალები საბოლოოდ ჯერ არ გარკვეულა და ამ საკითხზე კონსულტაცია გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტად 28 ნოემბერს არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცი 16 დეკემბერს უნდა დადოს.

შეწყდა "კარვების საქმეზე" სარალიძე-მაჩალიკაშვილის სასამართლო დავა შსს-თან

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეწყდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის და პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა. დავა ეხებოდა სამართალდამცავების მიერ "ოპერატიული ინფორმაციის" საფუძველზე, „უსაფრთხოების მოტივით“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სარალიძეს და მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ არ აძლევდნენ კარვების გაშლის უფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ, ნანა დარასელიამ სარჩელზე დავა შეწყვიტა იქიდან გამომდინარე, რომ რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმის უფლება უკვე რელიზებულია. სასამართლოს სხდომაზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალეკო ნაჭყებიამ განაცხადა, შეზღუდვის წინაპირობები დღეისთვის აღარ არსებობს.

მოსარჩელეთა ინტერესების დამცველი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, ცუდ პრაქტიკას დაედო საფუძველი, რადგან შსს-მ შესაძლოა, პირს სხვა შემთხვევაშიც შეუზღუდოს კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლების ნაწილში და ორი თვის შემდეგ თქვას, რომ შეზღუდვის საფუძველი აღარ არის. სალაძის ინფორმაციით, რა ოპერატიულ ინფორმაციას ფლობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა აქციის მონაწილეებს არ აძლევდა კარვის დადგმის საშუალებას, ამაზე მსჯელობა სასამართლოში არ ყოფილა და ეს იცის მხოლოდ მოსამართლემ და იმ კონკრეტულმა პირმა, ვისი ხელმოწერითაც დოკუმენტი სასამართლოში შევიდა.

„ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი დანაშაული აღიარა, რისი უფლებაც კონსტიტუციით გვქონდა მონიჭებული, იმას გვიკრძალავდნენ, რაც დაადასტურა მოსამართლემ“ - უთხრა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დღემდე ვერ მიიღეს პასუხი მთავარ შეკითხვაზე, რატომ უკრძალავდნენ კარვების დადგმას. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 10 ნოემბრიდან დგას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციის დროს გაშლილი კარვები. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას სექტემბრიდან მართავენ შვილების მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

გიორგი ვაშაძე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე. თბილისი, 2 დეკემბერი

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე აძლევს ვადას მოლაპარაკებების დასაწყებად. როგორც ოპოზიციური გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევს ანგარიშის გაწევა იმ ადამიანებისთვის, ვინც აქციებზე გამოვა და მათი რაოდენობა 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი იქნება, იმასთან შედარებით, რა რაოდენობის ხალხიც მივიდა 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციულები ამ შემოთავაზებაში და ამ წინადადებაში. მივმართავთ კიდევ ერთხელ „ქართულ ოცნებას“ და მათ ლიდერებს, ასეთივე კონსტრუქციულ ნაბიჯს ველით თქვენგან. ის სისულელე, თქვენ რომ ამბობთ - არეულობები, დესტაბილიზაცია - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აგერ არის ფაქტები, როგორც ვიქცევით ჩვენ და შესაბამისად, ველოდებით პასუხს თქვენგან“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, შექმნას სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების მეთვალყურეობით, რათა კონსტიტუციურად, სამართლებრივად წარიმართოს ერთობლივი მუშაობა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. გაერთიანებული ოპოზიცია არალეგიტიმურად მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩატარებას პროპორციული ან რეგიონალურ-პროპორციული სისტემით და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლას.

ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდა "ნუ გაიქაჩებიან" იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 2 დეკემბერს, თბილისში ჩატარებულმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხის მხარადჭერა არ აქვს. „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობას წაგების შემდეგ ექნებოდა აუცილებლად დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა, გუშინ გამოჩნდა ის, რასაც ვამბობდით, რომ მათ ამისი რესურსი ნამდვილად არა აქვთ. მათ არა აქვთ ხალხის მხარდაჭერა, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ პროცესებში რაიმე დესტაბილიზაციის შეტანას“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. „აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არა აქვთ. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას“ - განაცხადა კობახიძემ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია.

ყატარი ტოვებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას

ყატარი 2019 წლის 1 იანვრიდან დატოვებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას. გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა, საად ალ-ქააბიმ. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მინისტრმა გადაწყვეტილებას ტექნიკური უწოდა და განმარტა, რომ ყატარი კონცენტრირებას აპირებს ბუნებრივი გაზის მოპოვებაზე და 2024 წლისთვის ყოველწლიურ მოპოვებას გაზრდის 77 მილიონიდან 110 მილიონ ტონამდე.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრებს შორის ყატარი მე-11 ადგილზეა. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, ოქტომბერში ყატარი მოიპოვებდა ყოველდღიურად 610 ათას ბარელ ნავთობს.

სასამართლო განიხილავს შსს-ს წინააღმდეგ სარალიძის და მაჩალიკაშვილის სარჩელს

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც განიხილება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის და პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები ითხოვენ ბათილად გამოცხადდეს სამართალდამცავების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სარალიძეს და მაჩალიკაშვილს არ მიეცა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისთვის კარვების გაშლის უფლება. შსს-ს ოფიციალური განმარტებით, კარვების გაშლაზე უარი განპირობებული იყო თავად აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვით. მოსარჩელე მხარის ინტერესებს სასამართლოში იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტები.

სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ განხილვის აზრს ვეღარ ხვდება, რადგან რუსთაველის გამზირზე კარვები უკვე განთავსებულია. საუბარია კარვებზე, რომლებიც სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად ნოემბერში გამართული აქციის დროს გაშალეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას სექტემბრიდან მართავენ, შვილების მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG