Accessibility links

ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის იმუშავებს

ოპოზიციური გაერთიანების, “ძალა ერთობაშია”-ს, შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის იმუშავებს 2019 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში.

როგორც ტელეკომპანია “მაესტრო” იტყობინება, ვაშაძის თქმით, მას უკრაინაში გადასვლას სთავაზობდნენ, მაგრამ ამაზე უარი თქვა და საქართველოდან დაეხმარება პოროშენკოს შტაბს.

გიორგი ვაშაძე 2017 წელს იყო პოროშენკოს მრჩეველი. 2012 წელს იგი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დააარსა პარტია “ახალი საქართველო”.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტისთვისაა დაგეგმილი. პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ. 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება საპარლამენტო არჩევნებიც.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა სალომე ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მილოცვაში საუბარია ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობაზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოც და უკრაინაც დგანან ერთი და იმავე პრობლემის, რუსეთის აგრესიის წინაშე.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მიერ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას. ჩვენი მხრივ გარწმუნებთ, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშირისოდ აღიარებულ საზღვრებში. ერთობლივი ძალისხმევით და მთელი თავისუფალი დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაციით ჩვენ შევაჩერებთ აგრესორ ქვეყანას და მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების სრულ დეოკუპაციას,“ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის წერილში.

ნეთანიაჰუ: ისრაელი განაგრძობს "ჰესბოლას" მიწისქვეშა გვირაბების ლიკვიდაციას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ „ორმაგ ბოროტმოქმედებაში დაადანაშაულა, როცა კომენტარი გააკეთა ოპერაცია „ჩრდილოეთის ფარის“ თაობაზე. ოპერაციის მიზანია ლიბანის საზღვარზე გვირაბების ლიკვიდაცია. ამის შესახებ იტყობინება ისრაელის გამოცემა Israel Defense. ნეთანიაჰუს თქმით, ერთ-ერთი მიწისქვეშა გვირაბი გადის ლიბანის ტერიტორიაზე მდებარ საცხოვრებელი სახლის ქვეშ. მისი თქმით, ისრაელის ოპონენტები სამოქალაქო პირებს უმიზნებენ, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალებიან. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის დარწმუნებულია, მიწისქვეშა დერეფნები ირანის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერითაა აგებული და პირობა დადო, რომ გვირაბების ნეიტრალიზებას განაგრძობს.

სერგეი ლოზნიცა: თბილისის აეროპორტში უკრაინელები ცალკე ოთახში გაჰყავდათ და კითხვებს უსვამდნენ

უკრაინელი რეჟისორი სერგეი ლოზნიცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილ პრობლემაზე ელაპარაკა რადიო თავისუფლებას. რეჟისორი, თბილისის მეცხრამეტე კინოფესტივალის ფარგლებში, 4 დეკემბერს ჩამოვიდა თბილისში. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, თბილისის აეროპორტში უკრაინელი სტუმრები ცალკე ოთახში გაჰყავდათ და კითხვებს უსვამდნენ:

„აჩერებდნენ ყველა იმ პირს, ვისაც უკრაინული პასპორტი ჰქონდა. მიჰყავდათ ცალკე ოთახში, სადაც მათ ექვსი-შვიდი კაცი უსვამდა კითხვებს. ამ პირებს არ ეცვათ ფორმა და ისინი არ ასახელებდნენ თუ რომელი უწყებიდან იყვნენ. გვეკითხებოდნენ, საიდან ხართ, რატომ ჩამოხვედით, რა ხართ პროფესიით და ა.შ. მართალია, ისინი ზრდილობიანად იქცეოდნენ, მაგრამ მაინც, ვინ იყვნენ ისინი, ვის ვესაუბრებოდით... გახსოვთ, ალბათ, ბულგაკოვის ნათქვამი, არასდროს ელაპარაკოთ უცხოებს. მათ ვუთხარი, რომ დაეგუგლათ ჩემი სახელი და გვარი. დაგუგლეს და ბოდიში მომიხადეს, უკაცრავად, ვერ გიცანითო. ჩემამდე თბილისში ჩამოვიდა კიდევ ერთი უკრაინელი რეჟისორი ბანდარჩუკი. როგორც ვიცი, ის აეროპორტში სამი საათის განმავლობაში შეაფერხეს. მგონი, არ უნდა იყოს ეს კარგი საქციელი. თუნდაც იმ სიტუაციაში, როდესაც აკავებენ ვიღაც ტიპებს ავტომატებით, რომლებიც უკრაინიდან ჩამოვიდნენ, ალბათ, ცოტა სხვანაირად უნდა იმოქმედონ. ხომ არსებობს მონაცემთა ბაზა, რა საჭიროა გაჩერება, პასპორტების ჩამორთმევა და სადღაც ბნელ ოთახში გაყვანა“, - ამბობს სერგეი ლოზნიცა.

უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე 2 დეკემბერს გამთენიისას, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს თბილისში. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. შვიდივე დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვის გამო, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.

როგორც დაკავებულებმა განაცხადეს 4 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, ისინი საქართველოში მშვიდობიანი, ტურისტული მიზნებითა და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, ხოლო იარაღი მათ სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

ბრიუსელში ელჩები შეთანხმდნენ, სანქციები შემოიღონ დონბასში არჩევნების ჩატარებისთვის პასუხისმგებელთა მიმართ

ევროპის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, სანქციები შემოიღონ ცხრა პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ეგრეთწოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებისთვის. ამის შესახებ იტყობინება ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამაც. დონბასის თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ ლიდერების არჩევნები 11 ნოემბერს გაიმართა. ამავე დღეს გაიმართა საპარლამენტო არჩევნებიც. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის უკრაინის ხელისუფლება, მიიჩნევენ, რომ საარჩევნო ღონისძიებები უკანონოა და არღვევს მინსკის შეთანხმებებს. ამასთან დაკავშირებით აშშ დაემუქრა მოსკოვს, რომ სანქციებით ზეწოლას განახორციელებს მასზე.

მოსწავლეებს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სამხედროები ასწავლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, უფროსკლასელთათვის მომზადდა ახალი არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოება“. სწორედ ამ კურსის ფარგლებშია გათვალისწინებული მოსწავლეთათვის 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ცნობების სწავლება.

როგორც სამინისტროში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები. მათ უკვე გაიარეს გადამზადების თვენახევრიანი კურსი და საპილოტე გაკვეთილებს ისინი სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, იანვრიდან ჩაატარებენ. საგნის სახელმძღვანელო მომზადდა თავდაცვის სამინისტროს მიერ.

არჩევითი საგნის „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა 2018-2019 სასწავლო წლიდან დაიწყო. პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება.

ზურაბიშვილი: თელავმა არ მომცა ხმა და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი

"თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი", - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ჩატარების ადგილად თელავის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო:

„ჩემთვის ერთი ქალაქი განიხილებოდა მხოლოდ. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი. ეს იმიტომ, რომ მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდნენ, რეგიონების გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება და ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი რატომაც თელავზე არჩევანი გავაკეთე არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ხმა არ მომცეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მათი ცნობით, ეს ინფორმაცია დიმიტრი გაბუნიამ პირველ არხს თავად დაუდასტურა.

დიმიტრი გაბუნია აქტიურად იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის მუშაობაში. ამასთან, ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სავარაუდოდ, ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შერჩევის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და მათ ბრიფინგზე წარადგენს.

სლოვაკეთმა ჯაშუშობაში ბრალდებით რუსეთის დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან

სლოვაკეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსეთის დიპლომატი ჯაშუშობაში ბრალდების გამო. სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილება ეფუძნება სამხედრო დაზვერვის ინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის, პეტერ პელეგრინის თქმით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი 22 ნოემბერს გაამგზავრეს შინ მას მერე, რაც 48 საათი მისცეს ქვეყნის დატოვებისთვის. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის ვინაობა არ გაუმხელიათ. რეაგირება თავისი დიპლომატის თაობაზე რუსეთს არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს ჩეხეთის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც რუსეთს ბრალად ედება კიბერ იერიში ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე. ანგარიშში რუსეთის ქმედებები მოხსენიებულია, როგორც მთავარი მუქარა ჩეხეთის უსაფრთხოებისთვის, უფრო დიდი, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციების, ორგანიზებული დანაშაულისა და ექსტრემისტული ძალებისა თვით ქვეყანაში. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდი, ასევე კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რუსეთის სამხედრო დაზვერვას ბრალად სდებენ მთელ მსოფლიოში კიბერ თავდასხმების მოწყობას. ამ და სხვა ქვეყნების ბრალდებებს კრემლის ჯაშუშების მოქმედების შესახებ რუსეთი უარყოფს.

აშშ-ის საგანგებო პროკურორიის რეკომენდაციით, სასამართლომ არ უნდა დააპატიმროს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

აშშ-ის საგანგებო პროკურორმა, რობერტ მიულერმა, შუამავლობით მიმართა სასამართლოს, არ დააპატიმრონ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი. ბრალდების თანახმად, ფლინმა გამოძიებას ფასეული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე. საგანგებო პროკურორის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ფლინი დაკითხეს 19-ჯერ. როგორც როიტერსი იტყობინება, დაკითხვის დროს ფლინმა გამომძიებლებს გადასცა „ახალი პრეზიდენტის გარდამავალი გუნდის და რუსეთის მთავრობის მოხელეების ურთიერთქმედების შინაარსის და ვითარების თაობაზე ინფორმაცია“. ფლინს განაჩენი უნდა გამოუტანონ 18 დეკემბერს კოლუმბიის ოლქის სასამართლოში. მან პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველად იმუშავა 24 დღე. მისი განთავისუფლების მიზეზი გახდა სკანდალი, რომელიც რუსეთის ყოფილ ელჩ სერგეი კისლიაკთან მის შეხვედრას უკავშირდება. ერთი წლის წინ ფლინმა აღიარა, რომ იცრუა გამოძიების ფედერალური ბიუროს წინაშე, რომ არ განუხილავს კისლიაკთან აშშ-ის სანქციების თემა. ფლინი ტრამპის ადმინისტრაციის ჯერ-ჯერობით ერთადერთი თანამშრომელია, რომელმაც აღიარა დანაშაული ტრამპის შტაბის კრემლთან შეთქმულების შესაძლებლობის შესახებ. ამ საქმეს მიულერის გუნდი იძებს. ტრამპი უარყოფს თავის წინასაარჩევნო შტაბის ყოველგვარ შეთქმულებას რუსეთთან. თუ ფლინს დანაშაული დაუმტკიცა, მას ექვს თვემდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლოს შეუძლია მას პირობითი სასჯელი მიუსაჯოს.

პუტინი: აშშ-ის გეგმა, გავიდეს საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებიდან „უგუნურობაა“

რუსეთის პრეზიდენტმა ვოლადიმრ პუტინმა, განაცხადა, რომ აშშ-ის გეგმა, გავიდეს საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებიდან „უგუნურობაა“ და გაფრთხილება გამოთქვა, რომ მოსკოვივაშინგტონის მაგალითს მიბაძავს და დატოვებს 1987 წელს დადებულ ხელშეკრულებას აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მცირე და საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების განადგურების შესახებ. პუტინს რეაქცია მოჰყვა აშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას ნატოს შეხვედრაზე ბრიუსელში, რომ აშშ აღარ დაიცავს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებას (INF), თუ რუსეთი არ შეწყვეტს მის დარღვევას. საამისოდ მოსკოვს 60 დღე მისცეს. პუტინმა განცხადება გააკეთა 5 დეკემბერს მას მერე, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება ვაშინგტონიდან იმის თაობაზე, რომ აშშ აპირებს ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებიდან გავიდეს, თუ მოსკოვი შეთანხმების პირობების შესრულებას არ გააგრძელებს. პუტინის თქმით, აშშ-ს სურს რუსეთი „განტევების ვაცად“ აქციოს და გამოიყენოს საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულების გაუქმების მიზნით, რასაც ხელშეკრულების დარღვევაში მოსკოვის დადანაშაულებით ცდილობს. „მოსკოვში, პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ეძებენ ვინმეს, რთაა დაადანაშაულონ ამ უგუნური ნაბიჯის გადადგმაში“.აშშ-ისთვის „იოლია“ თქვას, რომ „რუსეთია დამნაშავე“, თქვა პუტინმა, ეს ასე არ არის, ჩვენ, ამ ხელშეკრულების გაუქმების წინააღმდეგი ვართ“. „რა იქნება ჩვენი პასუხი? უმარტივესი: იმავეს გავაკეთებთ, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და მიანიშნა, რომ რუსეთიღარ დაიცავს ხელშეკრულების პირობებს, თუ აშშ გავა შეთანხმებიდან. აშშ აცხადებს, რომ რუსეთი უკვე არღვევს ხელშეკრულებას. ერთობლივ განცხადებაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიჩივლეს, რომ რუსეთმა „ განავითარა და განათავსა სარაკეტო სისტემა, 9M729, რაც არღვევს საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული რაკეტებისხელშეკრულებას და მუქარას წარმოადგენს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“. რუსეთი თვლის, რომ ამ სისტემით ხელშეკრულება არ ირღვევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში, 5 დეკემბერს,რეპორტიორებს უთხრა, რომოფიციალური ხელშეკრულება ეყრდნობა გაურკვეველ მტკიცებულებას, თითქოს, რუსეთი არღვევდეს 1987 წელს დადებულ, საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული რაკეტების ხელშეკრულებას (INF). „რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის, სულ მცირე სპეკულაცია“, თქვა ზახაროვა აშშ-ის ბრალდების თაობაზე. „ჩვენთვის, აშშ-ის პოზიციის დამადასტურებელი მასალა არ წარმოუდგენიათ, განაცხადა საგარეო უწყებისწარმომადგენელმა. მისითქმით, რუსეთი ყოველთვის სცემდა პატივს ამ ხელშეკრულებას, რომელსაც მიიჩნევს სტრატეგიული სტაბილურობის და „საერთაშორისო უსაფრთხოების“ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად.რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმაუცხო სახელმწიფოების სამხედრო ატაშეებს 5 დეკემბერს განუცხადა, რომ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა „იქნებოდა სახიფათო ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ ევროპის არამედ საერთო სტრატეგიულ სტაბილურობაზე“. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ულტიმატუმი „ვითარების გამწვავებაა“. 5 დეკემბრის განცხადებაში, პესკოვმა ვაშინგტონს ბრალად დადო „ფაქტების მანიპულირებაში... რათა შენიღბოს აშშ-ისნამდვილი მიზანი, გავიდეს ხელშეკრულებიდან“.

რუსთავში მოძიებულ გერმანელ ტყვეთა ნეშტების რაოდენობამ 1 500-ს გადააჭარბა

გათხრები ჭყონდიდელის დასახლებაში.

რუსთავში გათხრილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გერმანელ ტყვეთა საფლავებში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა.

ტყვეთა საფლავების მოძიება რუსთავის ჭყონდიდელის დასახლებაში 2017 წლის ნოემბერში დაიწყეს იქ, სადაც დანგრეული საწარმოს შენობები კიდევ შემორჩა. გათხრები წელს აგვისტოში განახლდა და 30 ნოემბერს დასრულდა. მუშაობა, რომელშიც რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, "გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ინიციატივით მიმდინარეობდა.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნეშტები სპეციალურ ყუთებში ცალ-ცალკე ჩაასვენეს. გათხრები მომავალი წლის მარტში განახლდება. გერმანელმა სპეციალისტმა სლუტც მიულერმა, რომელიც თანამემამულეთა საფლავების მოძიებას ხელმძღვანელობს, ადრე განაცხადა, რომ რუსთავში აღმოჩენილი ნეშტების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ნაზი პაჭიკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გერმანულ მხარეს სურს ტყვეთა მემორიალური სასაფლაო გახსნას, თუმცა სად, ეს მთავრობის გადასაწყვეტია. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, გასული საუკუნის 40-იან წლებში რუსთავის გარშემო არსებულ ბანაკებში, დაახლოებით, 4 000 გერმანელი ტყვე ჩამოიყვანეს რუსთავისა და მისი ქარხნების ასაშენებლად.

რუსეთს ოფიციალურად აცნობეს, რომ აშშ აპირებს საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებიდან გასვლას

რუსეთმა გამოაცხადა, რომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება ვაშინგტონიდან იმის თაობაზე, რომ აშშ აპირებს ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებიდან გავიდეს, თუ მოსკოვი შეთანხმების პირობების შესრულებას არ გააგრძელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში, 5 დეკემბერს,რეპორტიორებს უთხრა, რომ ოფიციალური ხელშეკრულება ეყრდნობა გაურკვეველ მტკიცებულებას, თითქოს, რუსეთი არღვევდეს 1987 წელს დადებულ, საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული რაკეტების ხელშეკრულებას (INF). „რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის, სულ მცირე, სპეკულაცია“, თქვა ზახაროვა აშშ-ის ბრალდების თაობაზე. „აშშ-ის პოზიციის დამადასტურებელი მასალა ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ, განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის სცემდა პატივს ამ ხელშეკრულებას, რომელსაც მიიჩნევს სტრატეგიული სტაბილურობის და „საერთაშორისო უსაფრთხოების“ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა უცხო სახელმწიფოების სამხედრო ატაშეებს 5 დეკემბერს განუცხადა, რომ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა „იქნებოდა სახიფათო ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ ევროპის, არამედ საერთო სტრატეგიულ სტაბილურობაზე“.ზახაროვას და გერასიმოვის კომენტარები მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას ნატოს შეხვედრაზე ბრიუსელში, რომ აშშ აღარ დაიცავს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებას (INF), თუ რუსეთი არ შეწყვეტს მის დარღვევას. საამისოდ მოსკოვს 60 დღე მისცეს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ულტიმატუმი „ვითარების გამწვავებაა“. 5 დეკემბრის განცხადებაში, პესკოვმა ვაშინგტონს ბრალად დასდო „ფაქტების მანიპულირება... რათა შენიღბოს აშშ-ის ნამდვილი მიზანი, გავიდეს ხელშეკრულებიდან“. ერთობლივ განცხადებაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიჩივლეს, რომ რუსეთმა „ განავითარა და განათავსა სარაკეტო სისტემა, 9M729, რაც არღვევს საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული რაკეტების ხელშეკრულებას და მუქარას წარმოადგენს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“.

ოპოზიციური პარტიები „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით“ რამდენიმე მოთხოვნას ავრცელებენ

5 დეკემბერს, ლეიბორისრული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ.

„დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პარტიების შეფასებით, არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში. სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება. ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა:

პირველი - საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება;

მეორე - საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა.

ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

5 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას", ასევე "ახალი მემარჯვენეების", "დემოკრატიული მოძრაობის", „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „თავისუფალი დემოკრატებისა" და „შენების მოძრაობის" წევრებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო საქართველოსთვის, რადგან მისი აზრით, ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი კვლავ რჩება ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არჩევანის გაკეთების პირისპირ, მაშინ, როდესაც საზოგადოებაში მესამე პოლიტიკური ძალის მოთხოვნა იზრდება.

ტერორიზმის გლობალური ინდექსით, 2017 წელს 27%-ით შემცირდა დაღუპულთა რაოდენობა

ტერორიზმის გლობალური ინდექსით, ტერორიზმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2017 წელს წინა წელთან შედარებით 27%-ით შემცირდა. ყველაზე მკვეთრია კლება ერაყსა და სირიაში. სულ 94 ქვეყანაში შემცირდა, ხოლო 46-ში გაიზარდა ტერორიმზის მსხვერპლთა რაოდენობა.

ერაყსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვის კლება (ერაყში 5000-ით, ხოლო სირიაში 1000-ით) უკავშირდება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ დასუსტებას. 2017 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების შედეგად დაღუპულების რიცხვი განახევრდა, თუმცა მსოფლიო მასშტაბით მაინც ამ ექსტრემისტული ჯგუფის ტერაქტებზე მოდიოდა ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი.

დასავლეთ ევროპაში 52%-ით იკლო ტერორიზმმა. 2017 წელს 81 ადამიანი დაიღუპა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 168 იყო.

საქართველოს 89-ე ადგილი ერგო ინდექსით, რომელიც 169 ქვეყანას მოიცავს.

მიუხედავად მონაცემებისა, რომლებიც ტერორიზმის შესუსტებას ცხადჰყოფს, გლობალური ინდექსი აჩვენებს, რომ ტერორიზმი ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული და ზოგ რეგიონში ძლიერდება კიდეც. ყველაზე მკვეთრია მატება სომალისა და ეგვიპტეში. მარტო ერთმა ტერაქტმა სომალიში 587 ადამიანი შეიწირა.

ქვეყნისათვის მინიჭებული ქულა და, შესაბამისად, ადგილი ინდექსში განისაზღვრება წლის განმავლობაში მოწყობილი ტერაქტების რაოდენობით, მსხვერპლის რაოდენობით, დაშავებულთა რაოდენობით, მატერიალური ზარალის მოცულობით.

გრიგოლ ვაშაძე: არავინ აპირებდა ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას

გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეუძლებელია ინაუგურაციის ჩატარება, როცა საქართველოს არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი. „ამიტომ ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ“ - უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, შეუძლიათ ე.წ. ინაუგურაცია ჩაატარონ თბილისში, თელავში, ან ზუგდიდში. „კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას“ - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

კომიდან გამოსული ინგა ბალანჩივაძის ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს

28 წლის ინგა ბალანჩივაძის ოჯახი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. ოჯახის წევრები ბალანჩივაძის საქმეზე მოკვლევის დასრულებასა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს.

ინგა ბალანჩივაძეს ოპერაცია ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში 2018 წლის 11 მაისს, გარე ორსულობის შეწყვეტის მიზნით გაუკეთდა. ოპერაციის შემდეგ, პაციენტი 3 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. კომიდან გამოსვლის შემდეგ, მას კიდევ ერთი ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა. ამ დროის მდგომარეობით, ქალს უჭირს მეტყველება, აქვს მხედველობის პრობლემა და შეზღუდული აქვს მოძრაობის უნარი.

დაზარალებულის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ დახმარებასაც სთხოვს, რასაც ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.

"ინგა საავადმყოფოში სრულიად ჯანმრთელი შევიყვანეთ. მას არასდროს ჰქონია რაიმე პრობლემა. მოვითხოვთ, რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაასრულოს და დადგეს იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ინგა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს,"-აცხადებს პაციენტის ოჯახის წევრი თეა ბალანჩივაძე.

ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ხონელიძის კლინიკის ექიმების დაუდევრობამ გამოიწვია. მათივე განმარტებით, ოპერაციის დროს უჟანგბადობის შედეგად თავის ტვინი დაზიანდა, რამაც იშემიური ინსულტი, თრომბოზი გამოიწვია.

პაციენტის ოჯახის წევრები, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უმოქმედობის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

2019 წლიდან დეპუტატები კანონშემოქმედებით საქმიანობას თბილისში გააგრძელებენ

"მომავალ წელს, დეპუტატები კანონშემოქმედებით საქმიანობას თბილისში გააგრძელებენ", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტში არ ჩატარდება იანვრის სესიები, რადგან მომდევნო თვე დაეთმობა ტექნიკისა და აპარატურის ქუთაისიდან თბილისში გადატანის პროცესს.

შალვა შავგულიძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ქვეყნისთვის

"მიგვაჩნია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან, კვლავ დავტოვებთ ამომრჩეველს ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე", - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე. 5 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ საზოგადოებაში მესამე პოლიტიკური ძალის მოთხოვნა იზრდება.

„რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარდა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის თვალსაზრისით. მეტად ნეგატიური შეფასებები მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს, აყენებს საკითხს, რომ შექმნილ ვითარებაში, საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული საარჩევნო წესით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან, ვადამდელი არჩვნების შემთხვევაში, ჩვენ კვლავ დავტოვებთ ამომრჩეველს ამ ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე, მაშინ, როდესაც სახეზეა ახალი პოლიტიკური გაერთიანების სულ უფრო მზარდი მოთხოვნა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიცია მზადაა მუდმივ ზეწოლაში ამყოფოს ხელისუფლება

"ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს სამ მოთხოვნას - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ძირეულ ცვლილებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ოპოზიცია მზადაა მუდმივ ზეწოლაში ამყოფოს ხელისუფლება: „ეს მხოლოდ ოპოზიციის ანუ პოლიტიკური ორგანიზაციების მოთხოვნა კი არ არის, ეს არის მოქალაქეების მოთხოვნა. მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ სიღარიბეში ცხოვრება, აღარ უნდათ ამ ადამიანებს ასე ცხოვრება",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

5 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარი თემები იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას", ასევე "ახალი მემარჯვენეების", "დემოკრატიული მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. შეხვედრას არ დასწრებიან „თავისუფალი დემოკრატებისა" და "შენების მოძრაობის" წევრები.

ახალი მემარჯვენეები: საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა ინაუგურაციის არ უნდა მიებას

მამუკა კაციტაძე

პარტია „ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევს, რომ მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გასაუქმებლად და მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გასასვლელად. პარტიის ლიდერის, მამუკა კაციტაძის შეფასებით, მაჟორიტარული სისტემა ქართული საარჩევნო სისტემის და საარჩევნო გარემოს სიმახინჯეა. “გარდა ამ სისტემისა, საარჩევნო გარემოში მთელი რიგი სიმახინჯეები არსებობს. უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი", - განაცხადა კაციტაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს, სისტემისა და კანონმდებლობის შეცვლას სჭირდება დრო, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. მამუკა კაციტაძის განმარტებით, "ახალი მემარჯვენეებისთვის“ დღის წესრიგის პირველი საკითხია არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არამედ საარჩევნო სისტემის შეცვლა. „ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება განვიხილოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საკითხი. რიგგარეშე არჩევნები თუ ჩატარდება, ეს იქნება 2019 წლის ოქტომბერში, მანამდე ან მოესწრება ეს ყველაფერი ან არა", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ. მისივე თქმით, აუცილებელია ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდირება იმ 2-3 საკითხზე, რაც ყველაზე მთავარია საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

„ახალი მემარჯვენეები“ არ ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოთხოვნების შესასრულებლად კონკრეტული თარიღის, 16 დეკემბრის დასახელებას. „არსებობს ერთი ძალიან დიდი მაგრამ, რომელიც მიმაჩნია, რომ შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი მთელი ამ პროცესისა. მარტივად ვსვამ კითხვას, ჩვენ გვინდა საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაჟორიტარულის გაუქმება, პროპორციულის შემოღება, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა და მისი სამართლიანი დაკომპოლექტება, შეიძლება ამ წონის კიდევ რაღაც საკითხი დასახელდეს,მაგრამ, იქვე ვამბობთ, ეს ჩვენ გვინდა 16 დეკემბრამდე. თუ ვინმეს უნდა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას მიაბას ეს თემა, ეს არის ცუდი საქციელი“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება იანვრიდან დაიწყება

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე სასწავლო წლის იანვრიდან, საპილოტე რეჟიმში დაიწყება. აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილები ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სკოლებში ამ საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის გადაწყდა. მათივე განმარტებით, საგნის სწავლება რამდენიმე სკოლაში, საპილოტე რეჟიმში, მე-10 კლასელებისთვის დაიწყება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი საგნის სწავლებისთვის 20-მდე პედაგოგი გადაამზადა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დადაასტურა, რომ მისი ინაუგურაცია თელავში გაიმართება.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში. მინდოდა, პირველს მე მეთქვა“, – უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა. მისი ინფორმაციით, ინაუგურაციაზე მიწვეულნი იქნებიან უცხოური დელეგაციებიც. „მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც ” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

სახელმწიფო მდივანმა Twitter-ით გაავრცელა საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი განცხადება

მაიკ პომპეო და დავით ზალკალიანი. ბრიუსელი, 2018 წლის 4 დეკემბერი

"აშშ და ნატო-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაფასებთ მათ წვლილს და თანამშრომლობას და გვახარებს ის პროგრესი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებისა და სტანდარტების შესრულების კუთხით საქართველოს და უკრაინას აქვთ.“- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეჯამებისას.


4 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, დავით ზალკალიანთან და პავლო კლიმკინთან. ნატოელ მოკავშირეებთან ერთად განიხილეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

ქართველმა ფუტსალელებმა თბილისში დაამარცხეს უნგრეთის ნაკრები

4 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური მატჩი გამართა უნგრეთის ნაკრებთან და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. თითო გოლი ირაკლი თოდუამ და თალესმა გაიტანეს. ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ჯოზეფ ტატაიმ ჩაჭრა.

ქართველი ფუტსალელები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან და სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა უნგრეთის ნაკრებთან ორი სპარინგ-შეხვედრა. მეორე მატჩი 5 დეკემბერს გაიმართება ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და 19:30 საათზე დაიწყება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG