Accessibility links

ახალი ამბები

ეიფელის კოშკი მნახველებისთვის დაიხურება დემონსტრაციების გამო

პარიზის ხელისუფლებმა გადაწყვიტეს მნახველებისთვის დახურონ ეიფელის კოშკი იმის გამო, რომ ეწყობა საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ზრდის გემო. მერია შიშობს, რომ არეულობაა მოსალოდნელი და ელისეს მინდვრებზე მდებარე მაღაზიების და რესტორნების პატრონებს მიმართეს, შეწყვიტონ მუშაობა დემონსტრაციის პერიოდში. შაბათისთვის, 8 დეკემბრისთვის ასევე გაუქმებულია ყველა მასობრივი ღონისძიება. ამავე დღეს მნახველებს არ მიიღებს პარიზის ათამდე მუზეუმი, რომელთა მმართველები დემონსტრაციების დროს არეულობას შიშობენ, რასაც მუზეუმებზე თავდასხმა შეიძლება მოჰყვეს. საფრანგეთში მესამე კვირაა იმართება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები, უპირატესად, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიმდევრები, მოითხოვენ საწვავის გადასახადის გაზრდის გაუქმებას. გასულ შაბათს პარიზში 75 ათასი ადამიანი გავიდა ქუჩაში, რასაც არეულობა მოჰყვა. დაშავებული იყო 130 ადამიანი, 400 პირი დააკავეს. ნიღბიანმა პირებმა დაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, სერიოზული ზიანი მიაყენეს ტრიუმფალურ თაღს. პარიზის მერიის მიერ ზარალი შეფასებულია 3-4 მილიონ ევროდ.

სანქტ პეტერბურგის ხელისუფლებამ კომუნისტური დევნის მსხვერპლთა მემორიალური დაფები უკანონოდ გამოაცხადა

სანქტ პეტერბურგის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომ საბჭოთა კავშირში დევნის მსხვერპლთა მემორიალური დაფები „არამიზნობრივი“ და „უკანონოა“ და მოხსნილი უნდა იქნეს ქუჩებიდან. ამის თაობაზე ქალაქის განვითარების და არქიტექტურის კომიტეტის ოფიციალურ გადაწყვეტილებას შეიცავს წერილი, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა ღია რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების თავმჯდომარემ, ანდრეი პივოვაროვმა. წერილი მიმართულია დეპუტატ ვიტალი მილონოვის მრჩეველ ალექსანდრ მოხნატკინისადმი, რომელმაც უკანონოდ მიიჩნია მემორიალური დაფები. კომიტეტი იტყობინება, რომ ქალაქის რაიონების ხელისუფლებებს დაფების უკანონობის გაამო მათი მოხსნა დაავალეს. 1930-იანი წლების „დიდი წმენდის“ მსხვერპლის გვარებით დაფების გაკვრა განახორციელეს პროექტ „ბოლო მისამართის“ აქტივისტებმა 2014 წლიდან. დაფების გაკვრა მოხდა რუსეთის, საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, ასევე ჩეხეთის ქალაქების ქუჩებში.

უკრაინა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მილანში, ეუთოს შეხვედრაზე ჩასვლისას

ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინა გამოვიდა მოწოდებით, გაუმკაცრონ სანქციები რუსეთს და დაადანაშაულა მოსკოვი კიევის წინააღმდეგ მზარდ აგრესიაში, ასევე ეუთოს რეგიონში არასტაბილურობისა და დაუცველობის დათესვაში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა, 6 დეკემბერს, ეუთოს შეხვედრაზე მილანში განაცხადა, რომ აუცილებელია სწრაფი და კონსოლიდირებული საერთაშორისო რეაგირება, როცა ილაპარაკა შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გარშემო. განცხადებები არ კმარა, თვლის კლიმკინი, სჭიროა ქმედება, თქვა მან. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინას და მის "დასავლელ სპონსორებს" "აღმაშფოთებელ ქმედებებში" დასდო ბრალი, რაც იწვევს წლების განმავლობაში დაძაბულობას. შეკრებილმა მინისტრებმა გაიმეორეს პოზიცია და კვლავ მოუწოდეს რუსეთს „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს და უსაფრთხოდ დააბრუნოს უკრაინაში მეზღვაურები“. ეს განცხადება წაიკითხა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ. აშშ--ის, კანადის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მინისტრებმა დაგმე მოსკოვის ქმედება და მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს.

აშშ-მა უკრაინის საჰაერო სივრცეში სამეთვალყურეო გაფრენა განახორციელა

აშშ-მა განაცხადა, რომ „განსაკუთრებული“ გაფრენა განახორციელა უკრაინის თავზე სამხედრო მეთვალყურეობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად. ეს შეთანხმება, სახელწოდებით, „ღია ცის ხელშეკრულება“, 1992 წელს გაფორმდა ეუთოს წევრების მიერ და მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის საჰაერო სივრცეში ფრენის და სამეთვალყურეო ქმედების განხორციელებს უფლებას აძლევს. აშშ-ის თანახმად, 6 დეკემბრის ფრენა განხორციელდა „რუსეთის მზარდი პროვოკაციული და სახიფათო ქმედებების“საპასუხოდ, როგორც პენტაგონი იტყობინება, რუსეთსა და უკრაინას შორის გასულ თვეში ზღვაზე მომხდარი დაპირისპირების გამო დაძაბულობის ფონზე. „სი-ენ-ენი“ იტყობინებოდა, რომ აშშ გეგმავს შავ ზღვაში სამხედრო გემის შეყვანას, მაგრამ ეს ცნობა არ დაუდასტურებიათ. უკრაინის სამთავრობო ჯარი აღმოსავლელ სეპარატისტებთან ომს აწარმოებს 2014 წლიდან. რუსეთმა ანექსია გაუკეთა უკრაინის ტერიტორიას, ყირიმის ნახევარკუნძულს იმავე წელს. ვითარება კიევსა და მოსკოვს შორის გამწვავდა ქერჩის სრუტის ინციდენტის დროს, როცა რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი დააკავა უკრაინის სამი გემი და 24 მეზღვაური. აშშ-ის თავდაცვის უწყების თანახმად, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა განახორციელეს „განსაკუთრებული“, ანუ დაუგეგმავი გაფრენა. „ღია ცის ხელშეკრულება“ 34 ხელის მომწერ სახელმწიფოს ნებას რთავს მეთვალყურეობა გაუწიონ ერთმანეთს და ასეთი გაფრენები წინასწარ თანხმდება ორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულება წევრებს ნებას რთავს, მიმართონ „განსაკუთრებულ“ გაფრენას, თუ შესაბამისი ქვეყანა თანახმაა. ამ შემთხვევაში მორიგება მოხდა უკრაინასა და აშშ-ს შორის. პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-ს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა სურს, მაგრამ „ვერ დაუშვებს უკანონო და მადესტაბილიზებელ ქმედებებს უკრაინაში და სხვაგან“. აშშ-ის სამეთვალყურეო საფრენი აპარატები რეგულარულად უთვალთვალებენ შავ ზღვაში სანაპირო ზოლს, ყირიმის ჩათვლით. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები რეგულარულად ეღობებიან და უთვალთვალებენ სამეთვალყურეო აპარატებს.

უკრაინის პარლამენტმა შეაჩერა რუსეთთან მეგობრობის ხელშეკრულების მოქმედება

უკრაინის ვერხოვნა რადამ - პარლამენტმა, მიიღო კანონპროექტი „უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შესახებ“.

კანონს ხმა მისცა 227-მა სახალხო დეპუტატმა, როცა საჭირო იყო 226 ხმა. თუმცა, უკრაინის მედია იუწყება, რომ კანონპროექტის მიღება მოხდა „ტექნიკურ-იურიდიული“ შესწორებით. კანონპროექტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ იქნა შეტანილი რადაში ქერჩის სრუტეში ინციდენტის შემდეგ, როცა მოსკოვმა ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი დააკავა უკრაინის სამი გემი და 24 სამხედრო. უფრო ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ კლიმკინმა თქვა, რმ უკრაინასთან საჭირო არ არის დიპლომატიური ურთიერთობა. მისი ცნობით, რუსეთთან მოქმედი 48 ხელშეკრულება შეჩერდა და დაგეგმილია კიდევ 40 შეთანხმების მოქმედების შეჩერება.

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში თვითმკვლელმა ორი პოლიციელი მოკლა

ირანის ოფიციალურ პირთა თანახმად, ორი პოლიციელი იქნა მოკლული თვითმკვლელის მიერ ჩაბაჰარში, პოლიციის შენობის შესასვლელთან. ჩაბაჰარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, რაჰმდელ ბამერიმ ასევე დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 6 დეკემბერს, მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ სამი ადამიანი დაიხოცა და ოცამდე დაშავადა ამ აფეთქების დროს. ბამერიმ სააგენტო ირნას უთხრა, რომ „ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს მანქანაში პოლიციის შენობის შესასვლელთან“. მოჰამად მარაშიმ, რომელიც უშიშროების სფეროში გუბერნატორის მოადგილეა, თქვა, რომ თავდამსხმელები ლამობდნენ პოლიციის ტერიტორიაზე შეჭრას, მაგრამ გუშაგებმა გზა გადაუღობეს, რასაც მოჰყვა აფეთქება. სახელმწიფო ტელევიზია იტყობინებოდა სროლის შესახებ აფეთქების შემდეგ. ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში, სუნიტი ჯიჰადისტების ჯგუფმა, ანსარ ალ-ფურყანმა იკისრა აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა. ამის თაობაზე გავრცელა ცნობა ვაშინგტონში დაფუძნებულმა „SITE Intelligence Group“-მა, რომელიც ექსტრემისტების მოქმედებას ადევნებს თვალყურს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა ტვიტერით განაცხადა, რომ ამ თავდასხმის უკან უცხო სახელმწიფოები დგანან, და რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. ტერორისტული თავდასხმები ირანში იშვიათი მოვლენაა.

ავღანეთის საარჩევნო კომისიამ ოქტომბრის არჩევნების დროს ქაბულში მიცემული ყველა ხმა გააუქმა

ავღანეთის საჩივრების საარჩევნო დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ქაბულის რეგიონში მიცემული ყველა ხმა გააუქმა. კომისიის წარმომადგენელმა, ალირეზ როჰანიმ ჟურნალისტებს, ქაბულში, 6 დეკემბერს, უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 25 სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის უმთავრესია, გაყალბება და არასწორი მართვა დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მხრიდან. მისი თქმით, ასობით საჩივარი შევიდა დარღვევების თაობაზე ქაბულსა და მის რეგიონში. კომისიის წარმომადგენელმა, მოჰამად ჰაყფარასთმა განუცხადა ჩვენს რადიოს 6 დეკემბერს, რომ კომისია ამზადებს დოკუმენტს ხმებისგაუქმების საპასუხოდ. 20 ოქტომბრის არჩევნების დღეს ქაბულის საარჩევნო უბნებში 18 ადამიანი მოკლეს და 67 დაჭრეს თავდასხმების შედეგად. კენჭისყრის დროს იყო არაერთი ტექნიკური ხასიათის პრობლემა. კანონმდებლების რიცხვი, რომლებიც ქაბულის რეგიონს წარმოადგენენ პარლამენტის ქვედა პალატაში, უოლესი ჯირგაში, 33-ია. სულ ქვედა პალატაში 250 მანდატია.

რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პრეზიდენტად არჩევა მიულოცა სალომე ზურაბიშვილს

რეჯეპ ტაიპ ერდოანი

საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ სალომე ზურაბიშვილს მილოცვის წერილი გაუგზავნა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. წერილში ერდოანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

მიკერძოება, შეურაცხყოფა და პოლარიზაცია მედიაში: არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგი

რუსთავი 2 სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ; იმედი, ობიექტივი და საზოგადოებრივი მაუწყებლი გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ - ასე გადანაწილდა ტელემაუწყებლების დამოკიდებულება საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ. მიკერძოება გაცილებით ცალსახად გამოიკვეთა მეორე ტურის წინ. "ტელევიზიები აჩვენებდნენ, რატომ არ უნდა აერჩია მოსახლეობას მათთვის არასასურველი კანდიდატი". ეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტირინგის ანგარიშის ერთ-ერთი ძირითადი დასკვნაა, რომელიც UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ძირითადი ტენდენციები

ანგარიშში მოხვდა იმედის გადაწყვეტილება გადასულიყო მაუწყებლობის "საგანგებო რეჟიმსა" და ნაციონალური მოძრაობის გამძაფრებულ კრიტიკაზე. ასევე, რუსთავი 2-ის მიერ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების განსაკუთრებული კრიტიკა.

"ორივე არხმა დაივიწყა ეთიკური პრინციპების უმრავლესობა და ჟურნალისტიკა მეტწილად პროპაგანდით ჩაანაცვლა. ჟურნალისტები ღიად, საკუთარი მიკერძოებული ტექსტებით, ზოგჯერ შეურაცხმყოფელი ციტატებით აკრიტიკებდნენ მიზანში ამოღებულ სუბიექტებს."

მონიტორინგის თანახმად, პირველი ტურის შემდეგ მკვეთრად გააქტიურდა ობიექტივი, რომლის ძირითადი გზავნილი იყო: "არა სააკაშვილი‐ბოკერიას დამნაშავე რეჟიმს!".

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მეორე ტურის წინა პერიოდში მოიმატა არაეთიკური, უცენზურო, შეუსაბამო გამონათქვამების ტირაჟირებამ და ამ კუთხითაც რუსთავი 2, იმედი და ობიექტივი გამოირჩეოდნენ.

სატელევიზიო თოქშოუები

რუსთავი 2-ზე ძირითადად განიხილავდნენ იმას, თუ რატომ იქნებოდა ცუდი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას "ნაციონალური მოძრაობის", როგორც მოძალადე ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობად წარმოაჩენდნენ.

მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, გადაცემა "კვირის აქცენტებში" სალომე ზურაბიშვილი წარმოჩენილი იყო, როგორც "მოღალატე". წამყვანები აკრიტიკებენ მის მხარდამჭერებსაც - ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები, უცენზურო გამონათქვამები. არხის დირექტორმა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის პირად ურთიერთობებზეც:

"საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში მიუღებელია კანდიდატების ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვება, რაც მხოლოდ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს, იწვევს სპეკულაციებს."

ანგარიშში მოხვდა გადაცემა P.S‐ის 18 ნოემბრის გამოშვებაც, სადაც რედაქციამ გრაფიკული ვიზუალიზაციის ხერხი გამოიყენა. წამყვანის ნაცვლად აუდიტორიას "ქართული ოცნების" ხელისუფლების წევრები ესაუბრებოდნენ, რომელთა თავებიც სალომე ზურაბიშვილის ტანზე იყო "მიბმული". მედიამონიტორინგის ექსპერტებმა ეს სარეადქციო გადაწვეტილება სტანდარტების დარღვევად შეაფასეს.

რუსთავი 2-სგან რადიკალურად განსხვავდებოდა იმედის გადაცემები, სადაც ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებით ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმი დაბრუნდებოდა. საგანგებო რეჟიმის პერიოდშიშექმნილ გადაცემაში "იმედი -Live" იყო მანიპულაციაც - 7 ნოემბერს დარბეული აქციის გამოსახულებასთან ერთად, გადიოდა მჩქეფარე სისხლის კადრები საშინელებათა ფილმიდან.

ანგარიშის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების საფრთხეზე საუბრობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელზეც, რომლის სამაუწყებლო ბადეშიც 5 ნოემბრიდან გამოჩნდა ტოქშოუს ფორმატის ახალი გადაცემა "არჩევნები 2018".

"გადაცემა უმეტესად ხელისუფლების ნარატივს ატარებდა. მაგალითად, არ ინტერესდებოდნენ მმართველი პარტიის შეცდომებით… ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვან პრობლემებსაც წამყვანები სტუმართან 9-წლიანი მმართველობის ჭრილში განიხილავდნენ."

ახალი ამბები

კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატებს მეორე ტურის წინ უფრო მეტად აშუქებდნენ, ვიდრე პირველ ტურში. სალომე ზურაბიშვილს კი მედიამ ჯამში უფრო მეტი დრო დაუთხმო, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეს.​

სალომე ზურაბიშვილი ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟით რუსთავი 2‐მა გააშუქა, თუმცა დროის უდიდესი წილი მის კრიტიკას დაეთმო. გრიგოლ ვაშაძესაც ყველაზე მეტი დრო რუსთავი 2‐მა დაუთმო და სწორედ აქ ჰქონდა ვაშაძეს ყველაზე პოზიტიური გაშუქება. ყველაზე უარყოფითად ოპოზიციური კანდიდატი ობიექტივმა გააშუქა. ჯამში, ყველა არხის მონაცემებით, მეორე ტურის წინა პერიოდში გრიგოლ ვაშაძე უფრო უარყოფითად შუქდებოდა, ვიდრე მისი ოპონენტი:

“სალომე ზურაბიშვილს მკვეთრად უარყოფითად აშუქებდა მხოლოდ რუსთავი 2, დანარჩენ არხებზე მას ძირითად ნეიტრალური გაშუქება ჰქონდა. გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე დადებითად რუსთავი 2 აშუქებდა. ვაშაძის შემთხვევაში ყველა არხზე, გარდა რუსთავი 2‐ისა, პოზიტიურ გაშუქებას უარყოფითი გაშუქება სჭარბობდა.”​​

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

მედიამონიტორიგნის შედეგების მიხედვით, პირველი არხი გამოირჩევა ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკით, ხოლო მეორე ტურის წინ ეს ტენდეცია უფრო შესამჩნევი გახდა - მოიმატასიუჟეტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე, იმდროინდელი მაღალჩინოსნების დანაშაულებებზე.

კვლევის თანახმად, შემცირდა ისეთი თემებზე მსჯელობა, სადაც დღევანდელი ხელისუფლება უარყოფითად შეიძლებოდა წარმოჩენილიყო:

“მოამბეში ამბების თანმიმდევრობაც ხშირად ამ პოლიტიკის დამადასტურებელი იყო. ზოგჯერ ხელისუფლებისთვის მწვავე თემები გამოშვების მეორე ნაწილში შუქდებოდა, ამასთან, ნაკლებ კრიტიკული აქცენტებით. ამის ფონზე, გამხსნელ სიუჟეტებად გვხვდებოდა წინა ხელისუფლების მამხილებელი სიუჟეტები და „ქართული ოცნების“ მიერ მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სიკეთეები: კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა, ბავშვებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა, საბანკო შეღავათები და ა.შ.”

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პირველი არხი, ხელისუფლების მსგავსად, გამოირჩეოდა არასამთავრობო სექტორის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების ტირაჟირებით.ამ შინაარსის სიუჟეტებში უმეტესად ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებები ისმოდა.

“პირველი არხი განსაკუთრებული ინტენსივობით აშუქებდა ყველა იმ მოძრაობას, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წამოიწყეს: აქციები შინაარსით „არა ნაცებს!“ მოამბეში პერმანენტულად და ზოგჯერ დაუბალანსებლად შუქდებოდა.”

TV პირველი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

კვლევის მიხედვით, ამ პოლარიზებულ გარემოში შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გამოიყურებოდა „ტვ პირველი“ და აჭარის ტელევიზია. „ტვ პირველმა“ და აჭარის ტელევიზიმ მოახერხა თანაბარ პირობებში ჩაეყენებინა სხვადასხვა, ხშირად რადიკალურადდაპირიპისპირებული პოლიტიკური პარტიები და მათი მომხრეები. - აღნიშნულია ანგარიშში.

ლგბტ აქტივისტზე თავდამსხმელისთვის სასამართლომ განრიდება მოითხოვა

2017 წლის 17 ნოემბერი

არასრულწლოვან ს.კ.-ს საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ პროკურატურას განრიდების მოთხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა. 2018 წლის 17 მაისს გამართულ აქციაზე ს.კ. თავს დაესხა სიტყვით გამომსვლელს, ლგბტ თემის წარმომადგენელ ნიქო გორგილაძეს. არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დახურული იყო. გარეთ შეკრებილ ხალხს გადაწყვეტილება ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ, გააცნო. ს.კ.-ს მხარდამჭერები მომხდარს ოვაციებით შეხვდნენ და ასეთი შედეგი საზოგადოების ძალისხმევის გამარჯვებად შეაფასეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, განრიდება არის „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.“ კოდექსის მიხედვით, „სასამართლო უფლებამოსილია განრიდების გამოსაყენებლად საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დაუბრუნოს პროკურორს“, რომელიც „უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ.“

ნიქო გორგილაძეს, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე შეკრებილებს მიმართავდა, ს.კ. თავს მოულოდნელად დაესხა. მომხდარიდან 20 დღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. გორგილაძეს თავშესაფარის მოთხოვნა გერმანიამ დაუკმაყოფილა. როგორც მან ივნისში უთხრა რადიო თავისუფლებას, 17 მაისის შემდეგ, მის მიმართ მრავლად იყო მუქარისა და შევიწროვების გამოვლინებები.

„ორჯერ ავტობუსიდან მაგდებდნენ, „პიდარასტთან ერთად არ ვიმგზავრებთო“, ამბობდნენ. მე არ ჩავედი, მერე ავტობუსი წითელზე გააჩერეს და თვითონ ჩავიდნენ. გამომძიებელმა მკითხა, პროკურორს შეკითხვა გაუჩნდა, რატომ არ ჩახვედი, შეგეშინდა თუ აგრესიულად განწყობილ მგზავრებს იწვევდიო... ძნელია პოლიციასთან ურთიერთობა, დამცირების მეტს არაფერს იღებ, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ პრეცედენტი შემექნა - თუ არავინ დაისჯებოდა, გაეფრთხილებინათ მაინც მოძალადეები“, - უთხრა ნიქო გორგილაძემ რადიო თავისუფლებას.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დააკავეს ადვოკატი ემილ კურბედინოვი

ემილ კურბედინოვი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს ადვოკატი ემილ კურბედინოვი, რომელიც სასამართლოში წარმოადგენს ყირიმელი თათარი აქტივისტების ინტერესებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება.

კურბედინოვი ეჭვმიტანილია სოცქსელებში აკრძალული ორგანიზაციის სიმბოლიკის გამოქვეყნებაში. ადვოკატი სახლიდან სამსახურში მიდიოდა, როცა პოლიციელებმა დააკავეს და მიიყვანეს სევასტოპოლში, ყირიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში. იქიდან მან დაურეკა კოლეგას, რომელიც იურიდიული დახმარების აღმოსაჩენად გაემგზავრა მასთან.

ნოემბრის დამდეგს კურბედინოვი გააფრთხილეს ექსტრემისტული საქმიანობის დაუშვებლობის თაობაზე. თავად ადვოკატი ხელისუფლების მოქმედებებს უკანონოდ მიიჩნევს.

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ტაძარში, სადაც ნიკა რურუას ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და კათოლოკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ.

საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში 4 დეკემბერს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

სალომე ზურაბიშვილს სადა ინაუგურაცია სურს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „სადა“, „ევროპული ფორმის“ ინაუგურაციას ისურვებდა - ამის შესახებ მან 6 დეკემბერს განუცხადა ჟურნალისტებს. ამ ეტაპზე მისთვის უცნობია სავარაუდო სცენარები.

„დღეს ან ხვალ უნდა გამაცნონ, რა ვარიანტები არსებობს ამ სცენარების. მე მომხრე ვარ რაც შეიძლება სადა სცენარის, რასაც მე ვთვლი როგორც ევროპულ ფორმას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯერჯერობით არ იცის, რომელ ქვეყანათა ლიდერები ჩამოვლენ საქართველოში ინაუგურაციისთვის, მაგრამ იმედოვნებს, რომ სტუმრებს შორის ქალები იქნებიან. „საგარეოს პროტოკოლი აგზავნის ყველა იმ ქვეყნის პირველ პირებთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც არიან აკრედიტებული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამისთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველომ აირჩია პირველად ქალი პრეზიდენტი“, - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველო ჰააგაში ელოდება ეთნოწმენდაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას

გოჩა ლორთქიფანიძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში სიტყვით გამოვიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის სესიაზე. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძემ ისაუბრა, თუ რას ელოდება საქართველო ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება, ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა, აგვისტოს ომის დროს დაზარალებული თითოეული მოქალაქე ამ თანამშრომლობისგან მოელის ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებისა და მკვლელობის, სამოქალაქო პირების მკვლელობისა და წამების დანაშაულში ბრალის მქონე პირების გამოვლენასა და დასჯას“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის გამოძიება გახდება საერთაშორისო სამართლის აღსრულების საფუძველი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო არის ქმედითი იარაღი საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მას სხვა საერთაშორისო ორგანოებისაგან გამოარჩევს და განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს ის, რომ აქვს კონკრეტული სამართლებრივი ბერკეტი მართლმსაჯულების განსახორციელებლად და შეუძლია პრაქტიკული, ქმედითი დახმარება გაუწიოს საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთ და ეს მხარდაჭერა არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ დიპლომატიური განცხადებებით. გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს, როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულების აღმასრულებელი ორგანოს ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, რომ მისი უფლებამოსილება გავრცელდეს არა მარტო რომის სტატუტის ხელმომწერ, არამედ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, ვინც საკუთარი ნებით არ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელების რწმენა ემყარება იმას, რომ მსხვერპლზე ბევრად ძლიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და სამართლიანობა ყველაფრის მიუხედავად, ყველასთვის აღდგება.

5 დეკემბერს გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრად. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, ვინც ფონდში აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კვოტით.

იაპონიის სანაპიროსთან ჩამოვარდა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი

ამერიკული ავიაგამანადგურებელი F/A-18

იაპონიის კუნძულ ჰონსიუსთან, ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა ორი სამხედრო თვითმფრინავი, KC-130 და F/A-18. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობის ინფორმაციით, თვითმფრინავებში სულ 7 სამხედრო იმყოფებოდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ორი მათგანი იაპონიის საზღვაო ძალების მაშველებმა გადაარჩინეს, დანარჩენების ძებნა გრძელდება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავები, რომლებიც იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე დისლოცირებული ამერიკული ბაზის აეროდრომიდან აფრინდნენ, წინასწარ დაგეგმილ სასწავლო ფრენას ახორციელებდნენ. მათი შეჯახების მიზეზს პენტაგონი ჯერჯერობით არ ასახელებს.

საქართველოს პარლამენტმა ნიკა რურუას ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა დღევანდელი რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე სამძიმარი გამოუცხადეს ნიკა რურუას ოჯახს. “გარდაიცვალა მეექვსე და მეშვიდე მოწვევების პარლამენტის წევრი ნიკოლოზ რურუა. მსურს, პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახსა და ახლობლებს“, - თქვა სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 4 დეკემბერს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკა რურუას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ნიკა რურუას ოჯახს გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილი. მეუფე შიო იმყოფებოდა ვერის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში, სადაც ნიკა რურუაა დასვენებული.„ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის. ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს მისი სული. სხვა ადამიანი იყო, რომელიც ალბათ, სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა“, - თქვა მიტროპოლიტმა შიომ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში 4 დეკემბერს გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი: არავისზე გაბუტული არ ვარ

საქართველოს პრეზიდენტად არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ ინაუგურაციის ადგილად თელავის არჩევა, სადაც ნაკლები ხმა მიიღო, იმის სიმბოლური დასტურია, რომ ყველას პრეზიდენტია. „არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში პრინციპში, ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც თავი შეიკავა ჩემთვის ხმის მიცემისგან და სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი, რომ მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი,"- უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თელავში სალომე ზურაბიშვილს 776 ხმით მოუგო.

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატს პირველი ქართველი წევრი ჰყავს

გოჩა ლორთქიფანიძე

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრად არჩეულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. არჩევნებში, რომელიც 5 დეკემბერს, ჰააგაში ჩატარდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის სესიაზე, გოჩა ლორთქიფანიძეს მხარი დაუჭირა 123-მა ქვეყანამ. ხუთწევრიან დირექტორატში გოჩა ლორთქოფანიძემ შეცვალა ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, ვინც ფონდში აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კვოტით. სამინისტროს განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის არჩევა ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს ფონდის ყურადღება მიმართოს დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზიანის საკითხებზე და იმ რეალობაში, როდესაც ჰააგის სასამართლოს პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მსხვერპლთა დაცვა და მათი უფლებების აღდგენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

CNN: აშშ გეგმავს შავ ზღვაში სამხედრო გემის გაგზავნას

ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე რუსი მესაზღვრეების შეიარაღებული თავდასხმით გამოწვეული ესკალაციის გამო, აშშ აპირებს შავ ზღვაში სამხედრო გემის გაგზავნას - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. მისი წყაროების ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა სახელმწიფო დეპარტამენტს თხოვეს თურქეთის ინფორმირება, რომ ამერიკული გემი აპირებს გავლას შავ ზღვასთან დამაკავშირებელ ბოსფორის და დარდანელის სრუტეებში. საერთაშორისო შეთანხმებით, ქვეყნებმა, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, თურქეთს 15 დღით ადრე უნდა შეატყობინონ მათი გემების ტრანზიტის შესახებ.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ შავ ზღვაში სამხედრო გემის გაგზავნა იგეგმება. მე-6 ფლოტის სარდალმა, კაილ რეინსმა CNN-ს მხოლოდ ის უთხრა, რომ უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, რეგულარულად ატარებენ ოპერაციებს, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეში და აქვთ თავისუფლად მოქმედების უფლება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

„ჩვენ რუტინულად ვასრულებთ ოპერაციებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად აშშ-ის მე-6 ფლოტის მოქმედების არეალში, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეში,“ განუცხადა CNN-ს რეინსმა. „ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, თავისუფლად ვიმოქმედოთ საერთაშორისო კანონებისა და ნორმების ფარგლებში“, თქვა მან.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში აშშ-მა ფოთის პორტში გამოგზავნა მე-6 ფლოტის ფლაგმანი Mount Whitney. მას შემდეგ ეს გემი საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა ერთობლივი წვრთნების მიზნით.

ლევან იზორია გამორიცხავს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას

ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უარყო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ. "მე ჩემს გეგმებზე გესაუბრებით და ლოგიკური დასკვნები თავად გამოიტანეთ" - უთხრა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენამდე. შეკითხვას, მისი პასუხიდან გამომდინარე გამორიცხულია თუ არა თანამდებობის დატოვება, იზორიამ უპასუხა: "დიახ, გამორიცხულია".

ქართველმა ფუტსალელებმა უნგრეთის ნაკრებს მეორე თამაში ვეღარ მოუგეს

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი ძლიერ მეტოქეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორ დღეში - 4 და 5 დეკემბერს ორჯერ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა ქართველმა ფუტსალელებმა 3:2 მოიგეს. მეორეში კი მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და ამდენივე გაუშვეს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და უნგრეთთან სპარინგ-მატჩებიც გუნდის უკეთ შესათამაშებლად დაიგეგმა.

დაკავებულია საქართველოს პრეზიდენტის სიძე

სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი დაკავებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. შსს-ს ცნობითვე, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ხოლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამ პირების მიერ ბინიდან გადაგდებული ორი პისტოლეტი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. მინდია გოგოჭური დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, მეორე პირი კი პენიტენციურ დაწესებულებაში. მინდია გოგოჭური, რომელიც საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის ქმარია, 2017 და 2018 წლებში თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ დაჭრეს. გოგოჭურის სახელი ფიგურირებს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში.

შსს-ს უარყოფს, რომ მუსლიმი სასულიერო პირი ცემის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშთაფის მოლის, ელდანიზ სადიგოვის ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და უკვე გამოიკითხა პირი, რომელსაც სადიგოვი ადანაშაულებს. შსს-ს ცნობით, 5 დეკემბერს სადიგოვი მივიდა პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში და განაცხადა, რომ შელაპარაკება მოუვიდა თანასოფლელთან, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს ირწმუნება, რომ პოლიციამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა სადიგოვმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ყელი ტკიოდა, პოლიციის შენობა დატოვა და წავიდა სამედიცინო დაწესებულებაში, საიდანაც მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უკვე დაწყებული იყო, 112-ზე დამატებით რამდენიმე შეტყობინება გააკეთა ფიზიკური ზეწოლის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამჟამადაც გრძელდება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ელდანიზ სადიგოვი აცხადებს, რომ თანასოფლელი მას დაუპირისპირდა ფეისბუქში სამართალდამცავების მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო და ამტკიცებს, რომ ცემის შემდეგ 112-ში 4-ჯერ უშედეგოდ დარეკა და პოლიცია არც მაშინ დაინტერესდა, როცა განყოფილებაში თავად მივიდა.

ვაშინგტონი გამოეთხოვა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს, უფროს ჯორჯ ბუშს

41-ე პრეზიდენტთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში

ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტთან, უფროს ჯორჯ ბუშთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია. ტაძარში ცხედარი გადაასვენეს კაპიტოლიუმის როტონდიდან, სადაც ქვეყნის 41-ე პრეზიდენტს ორი დღის განმავლობაში მიაგო პატივი ათასობით ამერიკელმა.

საკათედრო ტაძარში გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა გარდაცვლილი პრეზიდენტის ვაჟმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა. „მან ჩვენ გვასწავლა, რომ სახელმწიფო სამსახური კეთილშობილური და საჭირო საქმეა. მას ჰქონდა საოცარი უნარი საკუთარი თავი მთლიანად ხალხისთვის მიეძღვნა“ - თქვა უმცროსმა ჯორჯ ბუშმა. მან მამას უწოდა უდიდესი და კეთილშობილი ადამიანი.

ოფიციალურ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი. უფროს ჯორჯ ბუშთან გამოთხოვების ცერემონიაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი და იორდანიის მეფე აბდულა.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ცხედარი ვაშინგტონიდან სამხედრო თვითმფრინავით გადაასვენეს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, სადაც დღეს დაკრძალავენ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში, მეუღლის ბარბარას და სამი წლის ასაკში, ლეიკემიით გარდაცვლილი ქალიშვილის, რობინის გვერდით. უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლის ასაკში 30 ნოემბერს, ჰიუსტონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. უფროსი ჯორჯ ბუში აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 1989-1993 წლებში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG