Accessibility links

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის სიძეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პრეზიდენტის სიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი 2018 წლის 6 დეკემბერს ბინაში დააკავეს, სადაც იმყოფებოდა დანაშაულისთვის ძებნილ პირთან ერთად. მინდია გოგოჭური დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, მეორე პირი კი პენიტენციურ დაწესებულებაში. მინდია გოგოჭური, რომელიც საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის ქმარია, 2017 და 2018 წლებში თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ დაჭრეს. გოგოჭურის სახელი ფიგურირებს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში.

ანგელა მერკელს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი შეცვლის ქდკ-ის თავმჯდომარის პოსტზე

ანგელა მერკელს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტზე შეცვლის მისი თანამებრძოლი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი. ჰამბურგში გამართულ ყრილობაზე, კენჭისყრის მეორე ტურში ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის კანდიდატურას 1001 დელეგატიდან მხარი 517-მა დაუჭირა. მისი მეტოქე იყო მერკელის პოლიტიკური ოპონენტი ბრიდრიხ მერცი.

ანგელა მერკელმა პარტიის ლიდერის პოსტიდან წასვლის შესახებ ოქტომბერში განაცხადა. მაგრამ იგი ფედერალური კანცლერის პოსტზე დარჩება ბუნდესტაგის მომდევნო არჩევნებამდე, რომელიც 2021 წელს გაიმართება.

კახა კახიშვილი: ინაუგურაცია უნდა იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური

Georgia -- Minister of corrections of Georgia Kakha Kakhishvili. Tbilisi, 1Aug2015

„არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ფიცს თელავში დადებს, ინაუგურაციის მეორე ნაწილი კი, შესაძლოა, წინანდალში გაიმართოს“, - განაცხადა ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ინაუგურაციის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა.

მისი განცხადებით, ინაუგურაციის ცერემონიალის მონახაზი უკვე არსებობს, თუმცა ზუსტდება რამდენი სტუმარი მოიყრის თავს ღონისძიებაზე. ეს ინფორმაცია ორშაბათს გახდება ცნობილი და ისიც დაზუსტდება, თუ რა დაუჯდება ბიუჯეტს პრეზიდენტის ინაუგურაცია.

„ეს იქნება ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური სანახაობა“, - თქვა კახა კახიშვილმა.

ლგბტქ ადამიანების გაძლიერებისთვის 12 ადამიანი დააჯილდოვეს

7 დეკემბერს თანასწორობის მოძრაობამ ლგბტქ ადამიანების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაჯილდოვა -„თანასწორობის გალა“ არის მადლიერების აქტი იმ მხარდამჭერისთვის, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს საზოგადოებაში ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლაზე.

ნომინაციაში პოლიტიკოსი ეს ჯილდო გადაეცა თამარ კორძაიას.

ნომინაციაში ექიმი - თანასწორობის მოძრაობამ შეარჩია გიორგი ჭეიშვილი და ნინო რუხაძე.

ნომინაციაში ჟურნალისტი ჯიდლო გადაეცა ნათია ორველაშვილს.

ნომინაციაში ხელოვანი - ლაშა ცერცვაძეს.

ნომინაციაში მწერალი - დავით გაბუნიას.

ნომინაციაში აკადემიის წარმომადგენელი - გიორგი მაისურაძეს.

ნომინაციაში ბიზნესი - ბასიანი.

ნომინაციაში სპორტსმენი - გურამ კაშიას.

ნომინაციაში პოლიციელი - ლალი ინასარიძეს.

ნომინაციაში შიდსის აქტივისტი - გიორგი სოსელიას.

ნომინაციაში სასულიერო პირი - რუსუდან გოცირიძეს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უილიამ ბარს დანიშნავს გენერალურ პროკურორად

უილიამ ბარი და პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორის პოსტზე დანიშნავს უილიამ ბარს. თეთრი სახლის მეთაური დარწმუნებულია, რომ ბარი ბრწყინვალედ გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. უილიამ ბარს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის დროს, უკვე ეკავა გენერალური პროკურორის პოსტი. იგი ცნობილია იმით, რომ მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსის პოსტიდან ჯეიმს კომის გადაყენების შესახებ.

თეთრი ხმაურის მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით, რომლის მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

„გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა“, - წერს თეთრი ხმაურის მოძრაობა და მოუწოდებს ყველა ნარკომომოხმარებელს თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან.

საფრანგეთში საპროტესტო განწყობა სკოლებსაც გადაედოთ

საფრანგეთში მიმდინარე ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მასობრივი პროტესტის პარალელურად ძალას იკრებს უფროსი კლასების მოსწავლეებისა და ლიცეუმების მასწავლებლების პროტესტი. სააგენტო „ფრანს პრესის“ თანახმად, ხუთშაბათს პროტესტმა მოიცვა 280 სკოლა, რომელთა მოსწავლეები ეწინააღმდეგებიან საგანმანათლებლო რეფორმას, კერძოდ უნივერსიტეტებში მიღების წესების გამკაცრებას. ზოგიერთ ქალაქში ადგილი ჰქონდა დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებას. ოპოზიციური პოლიტიკურ ძალებისა და სოციალური ქსელების აღშფოთება მოჰყვა პარიზის გარეუბან მანტ-ლია-ჟოლის ერთ-ერთ ლიცეუმში გადაღებულმა ვიდეომ, რომელზეც პოლიციის მიერ დაკავებული რამდენიმე ათეული ახალგაზრდა სკოლის ეზოში მუხლებზე დაჩოქილი დგას.

პრეზიდენტმა ტრამპმა ჰეზერ ნაუერტი დანიშნა გაეროში აშშ-ის ახალ ელჩად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰეზერ ნაუერტი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი პრესმდივანი, იქნება გაეროში აშშ-ის ახალ ელჩი. ამ გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპმა კანზას სიტიში გამგზავრებამდე, 7 დეკემბერს აცნობა ჟურნალისტებს. ნაუერტი, რომელიც უწინ ABC-ის and Fox News-ის წამყვანი და კორესპონდენტი იყო, შეცვლის ნიკი ჰეილის, რომელმაც ოქტომბერში განაცხადა, რომ პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.

ჩეხეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

ჩეხეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა (BIS) უარყო ჩეხეთის პრეზიდენტის ბრალდება, თითქოს უწყება მას აძლევდეს „არასწორ“ მონაცემებს ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის შესახებ. 6 დეკემბერს მილოშ ზემანმა ეჭვი შეიტანა BIS-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ასკვნის, რომ მოსკოვმა და პეკინმა გააქტიურეს ჯაშუშური საქმიანობა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ზემანმა აღნიშნა, რომ მას არ მიუღია ჯაშუშების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია, ხოლო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის მუშაობას უწოდა არადამაკმაყოფილებელი. ჩეხეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხალ კოუდელკამ პრეზიდენტ ზემანის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ უწყება „არასოდეს არ ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც ხუთი წლის განმავლობაში", როდესაც გამოავლინეს და ქვეყნის ტერიტორია „უხმაუროდ“ დაატოვებინეს ათობით რუს და ჩინელ მზვერავს. სამ დეკემებრს გამოქვეყნებულ BIS-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინელი და რუსი ჯაშუშები მათი საელჩოების საფარქვეშ მოქმედებენ.

სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა წინასწარი პატიმრობის თაობაზე მის მიერვე ადრე მიღებული გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მიმართ, რომელიც ბრალდებულია „კონსტიტუციური წყობის დამხობაში“. როგორც ქოჩარიანის ადვოკატმაჰაიკ ალუმიანმა უთხრა ჟურნალისტებს, მისი კლიენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება სასამართლომ 7 დეკემბერს განაცხადა, ქვეყანაში დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ალუმიანმა დასძინა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი 27 ივლისს იქნა დაკავებული „კონსტიტუციური წყობის დამხობის“ ბრალდებით, რომელიც უკავშირდება რეპრესიებს 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ. მაშინ პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა. აგვისტოს ბოლოს სომხეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქოჩარიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ მის სამართლებრივ დევნასა და დაკავებას. რობერტ ქოჩარიანი 1998-2008 წლებში იყო სომხეთის პრეზიდენტი.

ორი ჰუმანიტარული ორგანიზაცია იძულებულია შეწყვიტოს ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენა

ჰუმანიტარული ორგანიზაციები „ექიმები უსაზღვრებოდ“ და „SOS-ხმელთაშუა ზღვა“ აცხადებენ, რომ მათი გემი იძულებულია შეწყვიტოს ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენა ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლის გამო.

„ექიმები უსაზღვრებოდ“ იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს ადანაშაულებს ხომალდ „აკვარიუსის“ მიმართ ცილისწამებასა და მისი მუშაობისათვის ხელის შეშლაში.

2016 წლის თებერვლის შემდეგ აქტივისტებს „აკვარიუსით“ ჰყავთ გადარჩენილი 30 ათასამდე მიგრანტი ლიბიას, იტალიასა და მალტას შორის საერთაშორისო წყლებში.

2018 წლის ივლისში „აკვარიუსი“ მოექცა ევროპაში მიგრანტების გარშემო პოლიტიკური და დიპლომატიური კრიზისის ცენტრში, როცა იტალიამ თავისი ნავსადგურები ჩაუკეტა ხომალდს, რის გამოც მასზე მყოფი 630-მდე ადამიანი ხმელეთზე ვერ გადადიოდა. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი "ექიმები უსაზღვრებოდ" აკრიტიკებს მიგრაციის საკითხში ევროკავშირის პოლიტიკას და ნავსადგურების ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც, მისი შეფასებით, არღვევს საერთაშორისო სამართალსა და ჰუმანიტარულ პრინციპებს.

ოქტომბრიდან „აკვარიუსი“ საფრანგეთის ქალაქ მარსელის ნავსადგურში დგას.

თამბაქოს საწარმოს „ხელოვნურად შეჩერების“ გამო, „ომეგა ჯგუფი“ შემოსავლების სამსახურს უჩივის

კომპანია „ომეგა ჯგუფი“ ამტკიცებს, რომ თამბაქოს საწარმოს ხელოვნურად აფერხებენ და აქციზურ მარკებს არ აწვდიან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და მისი კონტრაქტორი კომპანია “სიქპა” - „ომეგა“ სასამართლოში ჩივის.

პროცედურულად, მწარმოებელმა კომპანიამ უნდა განათავსოს შეკვეთა აქციზურ მარკებზე, რაც შემოსავლების სამსახურმა უნდა დაატასტუროს. შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“ კი მწარმოებელი კომპანიისთვის დადასტურებულ შეკვეთაზე შესაბამისი საგადასახადო ინვოისის გადაგზავნაზეა პასუხისმგებელი.

როგორც „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ლევან აღდგომელაშვილმა 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, 12 ნოემბერს განთავსებულ და დადასტურებულ შეკვეთაზე საჭირო ინვოისი 18 დღის განმავლობაში ვერ მიიღეს, რის გამოც თამაბაქოს საწარმომ მუშაობა შეაჩერა. აღდგომელაშვილის თქმით, 3, 5 და 6 დეკემბერს განთავსებული ოთხი შეკვეთიდან დღემდე, შემოსავლების სამსახურს არც ერთი შეკვეთა არ დაუდასტურებია, რის გამოც წარმოება კიდევ ერთხელ გაჩერდა:

„სასამართლოსგან მოვითხოვთ, შეწყდეს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ უკანონო მოქმედებები, დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ აღადგინოს და შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო საქმიანობა“.

ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის დასჯას ცდილობს, რადგან ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა და უდანაშაულო ადამიანებისთვის დანაშაული დაებრალებინა.

2017 წლის მაისის შემდეგ, „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს საწარმო, სადაც 1 500 ადამიანია დასაქმებული, მეოთხედ გაჩერდა.

რადიო თავისუფლება შეეცადა შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებას, თუმცა უწყებაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. „სიქპაში“ კი ამბობენ, რომ კომპანიის დირექტორი საზღვარგარეთ არის და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

კამერუნის მოქალაქეზე თავდასხმა რუსთავში რასობრივ დისკრიმინაციად შეფასდა

კამერუნელ ჯორჯ უემსს 28 ნოემბერს რუსთავის N17 შიდასაქალაქო მარშრუტით მოძრავ მიკროავტობუსში სცემეს.

ჯორჯის განმარტებით, სამარშრუტო ტაქსში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, კანის ფერის გამო მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) დაიწყო. ჯორჯ უემსს სამართლებრივად არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" იცადა და საქმისათვის რასობრივი დისკრიმინაციის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 142 პრიმა მუხლით (რასობრივი დისკრიმინაცია)[2] გადაკვალიფიცირდა. გამოძიება გრძელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" მიერ ამ თემაზე გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ "უკანასკნელ პერიოდში გახშირდა რასიზმისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედების შემთხვევები. მსგავსი შეუწყნარებლობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი პირები ხდებიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება სიძულვილის მოტივით ჩადენილ ყოველ ქმედებაზე. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე მკაფიო სტრატეგია და პოლიტიკა რასიზმთან, ქსენოფობიათან და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.​"

პიუს კვლევითი ცენტრი: მსოფლიოში, უმეტესწილად, უარყოფითად აფასებენ რუსეთსა და პუტინს

პიუს კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოში, უმეტესწილად, უარყოფითად აფასებენ რუსეთსა და მისი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამავე დროს ფართოდ არის გავრცელებული შეფასება, რომ ბოლო 10 წელიწადში გაიზარდა რუსეთის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში.

პიუს კვლევითმა ცენტრმა, რომელიც შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტორიტეტიანი ორგანიზაციაა, წელს 14 მაისიდან 12 აგვისტომდე ჩაატარა გამოკითხვა მსოფლიოს 25 ქვეყანაში. მათ შორის არ არის საქართველო.

კვლევის შედეგებით, რუსეთის მიმართ დადებითად არის განწყობილი გამოკითხულთა 34%, ხოლო უარყოფითად - 54%. კიდევ უფრო ნეგატიურია საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის საქმიანობის შეფასება. მას დადებითად აფასებს გამოკითხულების სულ 26%. 42%-ის შეფასებით, რუსეთი უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პოლიტიკაში, საწინააღმდეგო აზრისაა 19%.

გამოკვლეული ქვეყნებიდან მხოლოდ ოთხში გამოთქვამს გამოკითხულების ნახევარზე მეტი რუსეთის მიმართ დადებით დამოკიდებულებას. ეს ქვეყნებია ფილიპინები, ტუნისი, სამხრეთი კორეა და საბერძნეთი.

ნეგატიური შეფასებები განსაკუთრებით ძლიერია დასავლეთის ქვეყნებში. ნიდერლანდში რუსეთს უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 79%, დადებითად 15%. შეერთებული შტატების შემთხვევაში 64% დადებითად და 21% უარყოფითად.

რაც შეეხება პუტინის მიმართ დამოკიდებულებას, გამოკვლეული 25 ქვეყანაში სულ 26% პროცენტს აქვს პუტინისადმი ნდობა, რომ ის სწორ ნაბიჯებს გადადგამს. 63% პროცენტს ამის არ სჯერა.

პოლონეთში პუტინის „ანტირეიტინგი“ 89%-ს აღწევს. აშშ-ში მას არ ენდობა გამოკითხულების 74%. მთლიანობაში, პუტინის მიმართ დასავლეთში დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

სახალხო დამცველი: "შრომითი მოვალეობის შესრულებისას  დაშავდა 17 და გარდაიცვალა 35 ადამიანი"

"კვლავ ძალიან მძიმეა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა 17 და გარდაიცვალა 35 ადამიანი"- აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

ომბუდსმენის თქმით, მისასალმებელი იყო შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული კანონი, რომელსაც არაერთი ხარვეზი ჰქონდა, საშემოდგომო სესიაზე კი დამატებითი ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელმაც უნდა დაარეგულიროს და ეფექტიანი გახადოს შრომის ინსპექცია.

თავის გამოსვლაში ომბუცმენი ასევე საუბრობს თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და მწვავე ინფრასტრუქტურულ სიტუაციაზე:

"პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების განყოფილებაში, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოში, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები არ არიან უზრუნველყოფილი კვებით, ტრანსპორტირებით და არ აქვთ შრომის პროპორციული ანაზღაურება."

ლომჯარია აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობები რჩება ყველაზე პრობლემატურ სფეროდ, ამიტომ, ის სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას ითხოვს. პარლამენტში არსებული კანონპროექტის მიუხედავად, ომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებაზე მომართული კანონი ნინო ლომჯარიას თქმით ჯერ არ მიუღიათ.

ქუთაისში აღმოჩენილი მღვიმე, შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები.

6 დეკემბერს, მღვიმე, სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც მოინახულეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით და პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია:

„80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, - აცხადებს ვალერი ბარბაქაძე. მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს.

სპელეოლოგებმა ახლად აღმოჩეილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.

საქართველო საფრანგეთთან გააფორმებს კიდევ ერთ კონტრაქტს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად

ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა. ლევან იზორია შეხვდება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ფლორანს პარლის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანია Thales-თან გაფორმდება საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპის მორიგი კონტრაქტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას. საქართველომ საფრანგეთთან პირველად 2015 წლის ივნისში გააფორმა შეთანხმება საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესახებ.

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილში უკანა სავარძლები ამოიღეს

რამდენიმე დღეა „თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილი ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ნაწილში ერთი უკანა სავარძელი ამოღებულია. რადიო თავისუფლებას კომპანიაში უთხრეს, რომ ეს ტექდათვალიერების ცენტრის მოთხოვნაა. როგორც „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია მიქიაშვილი გვეუბნება, ეს მოთხოვნა აიხსნება იმით, რომ მიკროავტობუსში „მეორე ავარიული გასასვლელიც უნდა არსებობდეს“.

ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებით ხსნიან ამ გადაწყვეტილებას ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაშიც. თუმცა, ყველა სამარშრუტო ტაქსიში უკანა სავარძელი ჯერ ამოღებული არ არის. რომელ მანქანასაც როდის უწევს ტექდათვალიერების გავლა, სავარძლის ამოღების საკითხიც იმ მომენტისთვის დგება და ამ მითითებას მძღოლები ტექდათვალიერების ცენტრისგან იღებენ.

თუმცა, ტრასნპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „ურბანულ ლაბორატორიაში“ აცხადებენ, რომ ახალი წესის შესრულება მიკროავტობუსების მძღოლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ტექდათვალიერების ცენტრის მოთხოვნა ემთხვევა მძღოლების ინტერესს - ფეხზე დააყენონ რაც შეიძლება მეტი მგზავრი.

„ურბანული ლაბორატორია მოუწოდებს „თბილისის მიკროავტობუსს“ მგზავრების უსაფრთხოდ და კომფორტულად გადასაყვანად პასუხისმგებლობით მოეკიდოს უკანა სავარძლის დემონტაჟის მოთხოვნას.

ქუთაისში „მწერალთა სახლის“ დემონტაჟი დაიწყო

ქუთაისის ძველ უბანში, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე „მწერალთა სახლის“ ყოფილი შენობის დემონტაჟი დაიწყო. როგორც ცნობილია, ადგილზე 120 ნომრიან, 4 ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს კომპანია m². სამშენებლო კომპანიის ინფორმაციით,პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250 მდე ადგილობრივი დასაქმდება. „მწერალთა სახლის“ შენობა, 2016 წელს გაასხვისდა და კომპანიასა და მერიას შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ქუთაისის „მწერალთა კავშირს“ ორსართულიანი შენობის სანაცვლოდ სასტუმროს ახალ შენობაში გადაეცემა 400 კვ. მ. გარემონტებული და აღჭურვილი ფართი, კომპანის წარმომადგენლის ირაკლი ბერიძის განცხადებით,სასტუმროსთვის ხუთსართულიანი შენობა განთავდება ზუსტად „მწერალთა სახლის“ შენობის ადგილზე და ეზოში შენარჩუნდება ლადო ასათიანის ძეგლი და მრავალწლოვანი მწვანე ნარგავები. პროექტის დასრულება 2020 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილი.

ორი წლის წინ ქუთაისის „მწერალთა სახლის“ გასხვისებას ქუთისელთა ერთი ნაწილის და მწერლების პროტესტი მოჰყვა.

აშშ: რუსეთმა უნდა გააუქმოს ან შეცვალოს ნოვატორის სარაკეტო სისტემა

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა უნდა გააუქმოს ნოვატორ-9M729 სარაკეტო სისტემა და გამშვებები, ან შეამციროს მათი რადიუსი, საიმისოდ რომ აშშ არ გავიდეს ცივი ომის პერიოდში გაფორმებული, საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების ხელშეკრულებიდან (INF). იარაღის კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ამდრეა ტომპსონმა 6 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ სისტემის რადიუსი არ შეესაბამება 1987 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. მისი თქმით, მოსკოვმა უნდა "გააუქმოს სისტემა, გააუქმოს გამშვები, ან სისტემა შეცვალოს, რათა ის არ აჭარბებდეს რადიუსს", საიმისოდ, რომ რუსეთი დაუბრუნდეს ხელშეკრულების პირობების სრულად და შემოწმებით დადასტურებულ შესრულებას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ აშშ დატოვებს ხელშეკრულებას და ილაპარაკა ცნობებზე რუსეთის მხრიდან მისი დარღვევის შესახებ, ისევე, როგორც შეშფოთებაზე, რომ ეს ორმხრივი ხელშეკრულება ვაშინგტონს შეზღუდვებს უწესებს, მაშინ, როცა ბირთვული შეიარაღების მქონე ის ქვეყნები, რომლებიც ხელმომწერები არ არიან - მაგალითად ჩინეთი - თავისუფალი რჩებიან რაკეტების განვითარების საქმეში. მოსკოვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის გარკვეული ელემენტები არღვევს ხელშეკრულებას, რასაც ვაშინგტონი უარყოფს.

იუწყებიან, რომ გაეროში ელჩად ტრამპმა ჰეზერ ნაუერტი შეარჩია

აშშ-ის მედიის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ჰეზერ ნაუერტი შეარჩია გაეროში აშშ-ის ახალ ელჩად. მედიის ცნობით, ნაუერტი, რომელიც უწინ ABC-ის and Fox News-ის წამყვანი და კორესპონდენტი იყო, შეცვლის ნიკი ჰეილის, რომელმაც ოქტომბერში განაცხადა, რომ პოსტს წლის ბოლოს დატოვებს. Fox News-ის ცნობით, ტრამპი ამის თაობაზე 7 დეკემბერს, ტვიტერით დაწერს. თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერჯერობით არ პასუხობენ ამ საკითხზე შეკითხვებს. ტრამპმა 1 ნოემბერს თქვა, რომ სერიოზულად განიხილავს ნაუერტის კანდიდატურას ჰეილის შემცვლელად.

აშშ მხარს უჭერს კოსოვოს მიერ არმიის შექმნას, ამბობს, რომ პროცესი ხანგრძლივი იქნება

აშშ-მა მხარი დაუჭირა კოსოვოს სურვილს შექმნას რეგულარული არმია, თუმცა შეეცადა ამ ნაბიჯის მოწინააღმდეგეები დაემშვიდებინა და განაცხადა, რომ პროცესს ბევრი წელიწადი დასჭირდება. პრიშტინაში აშშ-ის ელჩი, ფილიპ კოსნეტი ამ განცხადებითთ გამოვიდა 6 დეკემბერს, ტელეკომპანია RTK-სთან საუბარში, რვა დღით ადრე იმ დღემდე, როცა კოსოვოს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მსუბუქად შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების ეროვნულ არმიად გარდაქმნას. აშშ-ის განცხადებებს რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გამოსვლა, რომ კოსოვოს გეგმა დროში არასწორად დაიგეგმა და ის ეწინააღმდეგება ბევრი ნატოელი მოკავშირის რჩევას. ბელგრადი და კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბები მწვავედ ეწინააღმდეგებიან კოსოვოს არმიის შექმნას - აცხადებენ, რომ ამით დაირღვევა გაეროს რეზოლუციები და ის გამოყენებულ იქნება ქვეყნის სერბი უმცირესობის წინააღმდეგ, რასაც პრიშტინა უარყოფს. "კოსოვოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნისთვის ბუნებრივია თავდაცვის შესაძლებლობის ქონა" - განაცხადა კოსნეტმა და დასძინა - "მეზობელ ქვეყნებში ზოგი კონცენტრირებულია გარკვეულ მოახლოებულ თარიღზე და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ კოსოვოს უსაფრთხოების ძალების შეიარაღებულ ძალებად გარდაქმნა უარყოფით შედეგეს მოახდენს უსაფრთხოებაზე".

საქართველოს ხელისუფლება თვითმმართველობის გაძლიერების პირობას დებს

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს გენერალური ფორუმი „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი,“ რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას განიხილავენ. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გენერალური ფორუმი ეძღვნება საქართველოში საერობო(თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და ქმედითი გახდა, თუმცა, საკითხის კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. კობახიძის თქმით, საჭიროა დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს და უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებისა და მეტი რესურსის გადაცემა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მოქალაქეთა ჩართულობაა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სწორედ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას.

ამავე ფორუმზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი. ბახტაძის ინფორმაციით, წელს სრულდება დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირება და იწყება ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება და სრულფასოვანი მომსახურების მიწოდებa, რაც შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში. მამუკა ბახტაძის თქმით, აუცილებელია უფლებამოსილებებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის. პრემიერ-მინისტრის თქმით, დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა უნდა განხორციელდეს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

ომბუდსმენი: წინასაარჩევნო პერიოდი სიძულვილის ენის გამოყენებით მიმდინარეობდა

სახალხო დამცველმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო, განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა. მისი თქმით, აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რის გამოც სახალხო დამცველმა ხელისუფლებას მოუწოდა გაერო-ს დეკლარაციისა და ეუთო-ს სახელმძღვანელო დოკუმენტის პრინციპები დაეცვა.

„საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფზე ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე. საგანგაშო იყო ინფორმაცია ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, ისინი სწავლობენ ყველა ამ საქმეს და მიადევნებენ თვალს თუ როგორ მიმდინარეობს მათი გამოძიება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. უახლოეს პერიოდში კი ამ ფაქტების შესახებ შეფასებას გააკეთებენ.

ოპოზიციამ შესაძლოა, 16 დეკემბერს აქცია თელავში გამართოს

თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ 16 დეკემბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია შესაძლოა, თელავშიც ჩაატაროს. სწორედ თელავშია დაგეგმილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია. გაერთიანებული ოპოზიცია მის გამარჯვებას არ აღიარებს და მილოცვას არ აპირებს. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ჯერჯერობით ოპოზიცია კონსულტაციებს აგრძელებს და მსჯელობს, სად და რა ფორმით გამოხატოს საკუთარი პროტესტი „არაღიარებული არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტის“ მიმართ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG