Accessibility links

ახალი ამბები

რუსეთში სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ლიბერალ პოლიტიკოსს, ნიკიტა ბელიხს

მოსკოვში სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ლიბერალ პოლიტიკოსს, კიროვის ოლქის ყოფილ გუბერნატორ ნიკიტა ბელიხის, რომელიც დამნაშავედ ცნო ქრთამის აღებაში. ყოფილი გუბერნატორი ბრალდებებს უარყოფს და მის საქმეს სპეცსამსახურების პროვოკაციად მიიჩნევს. ბელიხის დაკავებას ხელმძღვანელობდა უშიშროების ფედერალური სამსახურის გენერალი ოლეგ ფეოქტისოვი - იგივე პირი, ვინც მუშაობდა ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის, ალექსეი ულიუკაიევის საქმეზე. ბელიხი 2016 წლის ივნისში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ქრთამის სანაცვლოდ ყოფილმა გუბერნატორმა პირობა დადო, რომ გარკვეულ კომპანიებს შეიყვანდა ოლქის საინვესტიციო პროექტების სიაში.

მოსკოვი მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის საყვედურს შავი ზღვის თავზე მომხდარ საჰაერო ინციდენტზე

მოსკოვი მკაცრი ტერმინოლოგიით გამოეხმაურა აშშ-ის საყვედურს იმ "სახიფათო" ინციდენტზე, როცა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა 1,5 მეტრის დაშორებით ჩაუფრინა აშშ-ის საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავს შავი ზღვის თავზე. რუსეთის მედიაში 1 თებერვალს გავრცელებული განცხადებების თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ აშშ-ის თვითმფრინავს საფრთხე არ შექმნია. ინციდენტი მოხდა 29 იანვარს ყირიმთან ახლოს - რომლის უკრაინისგან ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. "19 იანვარს რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის მანევრები იყო სტანდარტული, აბსოლუტურად კანონიერი და უსაფრთხო აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავისთვის"- აცხადებს სამინისტრო. მოსკოვის პოზიციაზე დაყრდნობით, რომ ყირიმი ახლა რუსეთის ნაწილია, და აშშ-ის სამხედრო ფროტის წარმომადგენლობის მისამართით სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის პილოტები, რომლებიც იმ არეალში დაფრინავენ, უფრო მეტად რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს უნდა ელოდნენ, ვიდრე უკრაინულს. ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს მოუწოდა "შეწყვიტოს ეს სახიფათო ნაბიჯები, რომლებიც ზრდიან არასწორი გათვლების, ორივე მხარის პილოტთა მიმართ საფრთხის და ჰაერში მომხდარი კოლიზიების ალბათობას".

ქაბულში საპროტესტო აქცია გაიმართა პაკისტანის წინააღმდეგ

ქაბულში პაკისტანის საელჩოს წინ ათობით დემონსტრანტმა მოიყარა თავი, ისინი სკანდირებდნენ "სიკვდილი პაკისტანს" და წვავდნენ პაკისტანის დროშებს. 1 თებერვლის დემონსტრაციის ფონია ავღანეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსების დაბრუნება ისლამაბადიდან, სადაც მათ პაკისტანის ხელისუფლებას მოსთხოვეს იმოქმედოს ქვეყანაში განთავსებული ექსტრემისტების წინააღმდეგ. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ავღანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი, მასუმ სტანეკზაი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაის ბარმაკი, რომლებმაც ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ექსტრემისტებმა, რომლებმაც ახლახან ავღანეთში სისხლიანი თავდასხმები მოაწყვეს, წვრთნა პაკისტანში გაიარეს. ქაბულში პაკისტანის საელჩომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა, მისი სისწორის დადგენის მიზნით. ავღანეთის დედაქალაქში ბოლო დღეებში რამდენიმე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, 27 იანვრის თავდასხმამ, რომელზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა, შეიწირა 100-ზე მეტი ადამიანი. ავღანეთი აცხადებს, რომ თავდასხმა მოაწყო ჰაყანის ექსტრემისტულმა ქსელმა, რომელიც პაკისტანშია დაფუძნებული და თალიბანის მოკავშირეა. ავღანეთი, აშშ-სთან ერთად, დიდი ხანია ამბობს, რომ ჰაყანის ქსელმა პაკისტანის ტერიტორიაზე უსაფრთხო თავშესაფარს მიაგნო. ისლამაბადი უარყოფს ბრალდებას, რომ მის ტერიტორიას თავს აფარებენ ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ავღანეთში აწყობენ თავდასხმებს.

სამხრეთ ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს

ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში 83 თალიბი მებრძოლი მოკლეს დაზვერვის უწყების ოპერაციის შედეგად. რადიო თავისუფლებამ ასევე შეიტყო, რომ ოპერაციის დროს განადგურებულ იქნა ექსტრემისტების ათობით ავტომანქანა და მოტოციკლი. უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი ავღანელი ჯარისკაცების რიგებში. თალიბანი ჯერ არ გამოხმაურებია ოპერაციას.

რუსეთში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ლიბერალი პოლიტიკოსი, ყოფილი გუბერნატორი ნიკიტა ბელიხი

მოსკოვში სასამართლომ ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო ლიბერალი პოლიტიკოსი, კიროვის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ნიკიტა ბელიხი. დღესვე მოგვიანებით არის მოსალოდნელი განაჩენის გამოცხადება. პროკურორები მოითხოვენ ბელიხისათვის 10 წლით პატიმრობისა და 100 მილიონი რუბლის ჯარიმის შეფარდებას. ყოფილი გუბერნატორი ბრალდებებს უარყოფს და მის საქმეს სპეცსამსახურების პროვოკაციად მიიჩნევს. ბელიხის დაკავებას ხელმძღვანელობდა უშიშროების ფედერალური სამსახურის გენერალი ოლეგ ფეოქტისოვი - იგივე პირი, ვინც მუშაობდა ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის, ალექსეი ულიუკაიევის საქმეზე. ბელიხი 2016 წლის ივნისში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ქრთამის სანაცვლოდ ყოფილმა გუბერნატორმა პირობა დადო, რომ გარკვეულ კომპანიებს შეიყვანდა ოლქის საინვესტიციო პროექტების სიაში.

საქართველოს პრეზიდენტი ცვლის ზოგიერთი დანაშაულისთვის შეწყალების წესს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება - ამის შესახებ 1 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ. მისი განმარტებით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს თხოვნა იმ მსჯავრდებულებისა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოდანაშაული, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის და შემოტანა-ტრანზიტისა. ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიამ არსებითად უნდა განიხილოს 381-ე მუხლით გასამართლებულ პირთა თხოვნაც, რომლებსაც სასჯელი დაეკისრათ "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე. კომისიამ ასეთივე წესით უნდა განიხილოს შეწყალების თხოვნა იმ პირისა, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაული. ამასთან, დანაშაული ჩადენილი არ უნდა იყოს ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ სამუდამო ოლიმპიური დისკვალიფიკაცია მოუხსნა 39 რუს ათლეტს

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ სამუდამო ოლიმპიური დისკვალიფიკაცია მოუხსნა 39 რუს ათლეტს, რითაც დაუპირისპირდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოლიტიკას რუსეთში დოპინგის გარშემო სკანდალის შემდეგ. როგორც მსოფლიოში სპორტის ამ მთავარმა სასამართლომ 1 თებერვალს გამოაცხადა, მან საკმარისად არ მიიჩნია იმის მტკიცებულებები, რომ სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ათლეტმა მართლაც დაარღვია ანტისადოპინგო წესები. ამ 28 ადამიანს, მათთვის დისკვალიფიკაციის მთლიანად გაუქმების შემდეგ, ცოტა დრო რჩებათ სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩასაბმელად. რაც შეეხება დანარჩენ 11 რუს ათლეტს, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი დამნაშავე არიან დოპინგის გამოყენებაში, მაგრამ სამუდამო დისკვალიფიკაციის ნაცვლად დისკვალიფიცირებული არიან მხოლოდ წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც გადაჭრით უარყოფენ დოპინგის სისტემაში სახელმწიფოს მონაწილეობას, არ დააყოვნეს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გამოხმაურება და კმაყოფილება გამოთქვეს 28 სპორტსმენისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც: მისი განცხადებით, ვერდიქტმა „შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს მომავალში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე“.

ტრანსგენდერი ქალი ითხოვს მოძალადის ადეკვატურად დასჯას

მირანდა ფაღავა

ტრანსგენდერი ქალი, მირანდა ფაღავა ითხოვს, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტის გამოძიება წარიმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მირანდა ფაღავას თავს 28 იანვარს დაესხნენ თბილისში, ვაკის პარკის მახლობლად. საქართველოს შსს-ს მიერ 31 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული პირი, რომელმაც მირანდა ფაღავას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 1 თებერვალს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრანსგენდერმა ქალმა, მირანდა ფაღავამ განაცხადა, რომ მამაკაცმა, რომელიც ტრანსფობიურ ნიადაგზე დაესხა თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჩაარტყა სარეკლამო, რკინის დაფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მირანდა ფაღავას ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხეულზე აქვს სხვადასხვა ტიპის სისხლჩაქცევა და მხედველობის პრობლემები. „მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს და ადამიანები განმასხვავებელი ნიშნების გამო არ უნდა იჩაგრებოდნენ“ - განაცხადა მირანდა ფაღავამ. მის უფლებებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია, „საფარი.“

საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობისთვის ქვეყნის მთავარი მეგობარია აშშ, მთავარი მტერი კი, რუსეთი

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“(CRRC) გამოაქვეყნა გამოკვლევა „კავკასიის ბარომეტრი 2017: საქართველო და მსოფლიო.“ არასამთავრობო კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოში, გასული წლის შემოდგომაზე გამოკითხულთა 40% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. 3%-მა დაასახელა თურქეთი, 6%-მა სხვა, 21%-მა არც ერთი და 30%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. საქართველოს მთავარ მეგობრად აშშ დაასახელა გამოკითხულთა 25%-მა. 7-7% საქართველოს მთავარ მეგობრად მიიჩნევს აზერბაიჯანს და უკრაინას და 6-6% თურქეთს და რუსეთს. გამოკითხულთა 17%-ისთვის არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მთავარი მეგობარი და 25%-მა არ იცის. CRRC-ის გამოკვლევა შეეხება სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობისადმი დამოკიდებულებასაც. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 16%, ძირითადად მხარს უჭრს 25%, ნაწილობრივ - 26%. ნატოს წევრობას ძირითადად მხარს არ უჭერს 8%, საერთოდ არ ემხრობა 12% და შეკითხვაზე პასუხი არ აქვს 13%-ს. გამოკითხულთა 17% სრულად უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, 28% ნაწილობრივ, 6% ძირითადად არ უჭერს მხარს და 8% ეწინააღმდეგება. ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 13%-ს. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა 7%, 12% ძირითადად მხარს უჭერს და 24% ნაწილობრივ. 12%-ს არ სურს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს, 26% მკვეთრად ეწინააღმდეგება და 18%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

პოლონეთის სენატის გადაწყვეტილებით, კანონით დაისჯება ნაცისტურ დანაშაულთან პოლონეთის დაკავშირება

პოლონეთის სენატმა მხარი დაუჭირა სადავო კანონპროექტს, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს იმის მტკიცებას, რომ ჰოლოკოსტში პოლონელებიც მონაწილეობდნენ. აშშ-ისა და ისრაელისგან გაფრთხილების მიუხედავად, პოლონეთის სენატმა 57 ხმით 23-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ჯარიმით, ან სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება ყველა, ვინც გერმანელი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებს უწოდებს „პოლონურ სიკვდილის ბანაკებს,“ ან პოლონეთს ბრალად დასდებს ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობას. სენატის მიერ 1 თებერვალს მიღებულ კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს პოლონეთის პრეზიდენტმა. აშშ და ისრაელი პოლონეთს მოუწოდებდნენ უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, საჭიროა სიფრთხილე, რათა ჰოლოკოსტზე მსჯელობას ხელი არ შეეშალოს. ნოიერტის თქმით, აშშ-ის პოზიციაა, რომ ღია დებატები და განათლებაა საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიო მცდარ და საზიანო მოსაზრებებს. ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, ისეთი ფრაზები, როგორიცაა „პოლონური სიკვდილის ბანაკები,“ არაზუსტი და საზიანოა, მაგრამ შემაშფოთებელია ისიც, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს სტრატეგიული ინტერესები და პოლონეთის ურთიერთობები აშშ-თან და ისრაელთან, რაც მომგებიანი იქნება მხოლოდ მოწინააღმდეგე ძალებისთვის. პოლონეთის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი უწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 27 იანვარს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს კანონს, რადგან არ შეიძლება ისტორიის შეცვლა და ჰოლოკოსტის უარყოფა.

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

მიხეილ ჯანელიძე და იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 2018 წლის 31 იანვარი

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს საქართველოს 2017 წლის ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 იანვარს გამართულ სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება და თავდაცვის, დემოკრატიის და ეკონომიკის სფეროებში განხორციელებული რეფორმები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ალიანსის ყველა წევრის მხრიდან 2017 წელი შეფასდა როგორც წარმატებული. ჯანელიძის თქმით, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებაში. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება ნატოს 2018 წლის სამიტის გადაწყვეტილებებში და საქართველო სათანადოდ იქნება წარმოდგენილი ყველა შესაბამის ფორმატში. მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო წინ მიიწევს და იყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს - ნატოში გაწევრიანებას. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი იყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს მზადყოფნაზე აქტიურად ჩაერთოს ნატოს ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განხილული იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოების გარემო და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოხატეს მზადყოფნა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის, რაც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისკენ. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

ტრამპის გამოსვლის შემდეგ როჰანიმ განაცხადა, რომ ირანის მმართველებმა ხალხს უნდა მოუსმინონ

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ირანის ხალხი ქვეყნის კლერიკ მმართველებს კვლავ უჭერს მხარს, მიუხედავად უცხოეთის ზეწოლისა, მაგრამ, როჰანი მოითხოვს, რომ ქვეყნის ლიდერებმა მოუსმინონ ხალხს, ვინც ამასწინდელი საპროტესტო გამოსვლების უკან იდგა. როჰანიმ ეს განაცხადა 31 იანვარს, რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, აშშ გვერდში უდგას ირანის ხალხს, ამ ქვეყნის „ "კორუმპირებული დიქტატურის“ წინააღმდეგო. „სანამ ხალხს უყვარს ისლამის კულტურა და უყვარს თავისი ირანი, უფრთხილდება ქვეყნის ერთიანობას, ვერცერთი სუპერსახელმწიფო ვერ შეუცვლის ქვეყანას მიმართულებას“, თქვა როჰანიმ, რომელმაც იგულისხმა აშშ. მან მინიშნება გააკეთა იმაზეც, რომ ხალხის მხრიდან მხარდაჭერას საფრთხე შეექმნა, როცა ირანის ხელისუფლებმა გაბრაზებულ დემონსტრანტებს ყური არ დაუგდეს მთელ ქვეყანაში მიმდინარე გამოსვლების დროს. ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ყველა ოფიციალურმა წარმომადგენელმა უნდა იღოს ხოლმე ყურად ხალხის მოთხოვნები და სურვილები. 30 იანვარს დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესს პირველად მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული სიტყვით, „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.“ საათნახევრიანი გამოსვლისას დონალდ ტრამპი შეეხო ირანში საპროტესტო გამოსვლებს. მისი თქმით, როცა ირანის ხალხი აღდგა კორუმპირებული დიქტატურის წინააღმდეგ, ის არ დუმდა. ამერიკა ირანის ხალხთან დგას თავისუფლებისთვის თამამ ბრძოლაში, განაცხადა ტრამპმა.

ამერიკელი სენატორების ნაწილი ტრამპს აკრიტიკებს იმის გამო, რომ რუსეთს ახალი სანქციები არ დაუწესა

ამერიკელი სენატორების ჯგუფი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს იმის გამო, რომ რუსეთს ახალი სანქციები არ დაუწესა „კრემლის სიის“ გამოქვეყნების შემდეგ. „კრემლის სიას“, ან „კრემლის შესახებ ანგარიშსა“ და „ოლიგარქების სიას“ უწოდებენ დოკუმენტს, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 29 იანვარს გამოაქვეყნა. მასში ჩამოთვლილია 210 ოფიციალური პირი და მილიარდერი - მმართველი ელიტის წევრები, რომელთა მიმართ შესაძლოა სანქციები დაწესდეს. 20-მა დემოკრატმა სენატორმა 30 იანვარს სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს მიმართა წერილით, რომელშიც „მიუღებელს“ უწოდებს ახალი სანქციების დაწესებაზე უარს. მანამდე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა, რომ ამჟამად არ აპირებს მოსკოვის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას, მაგრამ 30 იანვარს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა თქვა - უახლოეს მომავალში დამატებით სანქციებს იხილავთო.

პუტინმა პატიება სთხოვა რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან

2018 წლის 31 იანვარი, ნოვო-ოგარიოვოს სახელმწიფო რეზიდენცია: რუსეთის პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეებთან შეხვედრაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პატიება სთხოვა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე რუს სპორტსმენებს იმისათვის, რომ ვერ დაიცვა გარედან მომდინარე ზეწოლისაგან. შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა სამხრეთ კორეაში რუსი ოლიმპიელების გამგზავრებამდე, პუტინმა დაგმო სპორტთან პოლიტიკის დაკავშირება, რაც, მისი აზრით, მოხდა რუსეთის ოლიმპიური ნაკრების დისკვალიფიკაციისას. მისი აზრით, სპორტული შედეგების მისაღწევად რთული პირობები შეიქმნა: გვაპატიეთ, რომ ამისაგან ვერ დაგიცავითო - უთხრა მან ათლეტებს. შარშან დეკემბერში რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს უარი უთხრეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დამტკიცებულად მიიჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლება სახელმწიფო დონეზე ეწეოდა სპორტში დოპინგის გამოყენების ორგანიზებას. რუს ათლეტებს (სულ 169 სპორტსმენს), რომლებმაც დაამტკიცეს, რომ არ იყენებდნენ აკრძალულ ნივთიერებებს, ასპარეზობაში ნეიტრალური დროშით მონაწილეობის უფლება მისცეს. 2017 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა რუსეთის ანტისადოპინგო სისტემის ჩავარდნა და გამოვიდა მოწოდებით, გათვალისწინებულ იქნეს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს განცხადებები და დამოუკიდებელ ექსპერტ რიჩარდ მაკლარენის კომისიის დასკვნები. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 9-25 თებერვალს უმასპინძლებს სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგი.

უზბეკეთში მოხსნეს უშიშროების სამსახურის გავლენიანი ხელმძღვანელი

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი (მარცხნივ) და უშიშროების სამსახურის გადაყენებული უფროსი, რუსტამ ინოიატოვი

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოხსნა ეროვნული უშიშრობის სამსახურის ხელმძღვანელი, რუსტამ ინოიატოვი, რომელიც თითქმის 23 წელი მუშაობდა ამ თანამდებობაზე. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მაღალი რანგის ორმა უზბეკმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ინოიატოვი მიჩნეული იყო გავლენიან ფიგურად და პრეზიდენტის შესაძლო კონკურენტად. მირზიოევმა გენერალური პროკურატურისა და უშიშროების სამსახურის სხდომაზე დაასახელა პირიც, რომელიც 73 წლის რუსტამ ინოიატოვს შეცვლის - იჰტიორ აბდულაევი. გენერალ-პოლკოვნიკი ინოიატოვი მიეკუთვნებოდა მაღალი რანგის მცირერიცხოვან ოფიციალურ პირებს, ვინც თანამდებობები შეინარჩუნა 2016 წელს უზბეკეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ. ამ ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახური არის უზბეკეთში საბჭოთა პერიოდის კაგებეს მთავარი მემკვიდრე ორგანიზაცია და მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე დახურულ, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უწყებად ავტოკრატულად მართულ ამ ქვეყანაში.

მუშაობა განაახლა თბილისის მეტროს სადგურმა "ვარკეთილმა"

31 იანვარს, დილიდან მუშაობა განაახლა თბილისის მეტროს სადგურმა,„ვარკეთილმა.“ 30 იანვარს, დილით სადგურის ქვედა ვესტიბიულში ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი. დაშავდა 14 ადამიანი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. „ვარკეთილში“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2017 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სექტემბერში სადგური ჩაიბარა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ. სამუშაოები ჩაატარა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „ყვარელრემმშენმა.“ 30 იანვარს, საღამოს ისნის რაიონის პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სადგურ “ვარკეთილში“ ჯერ ჩამოიშალა სარემონტო სამუშაოებამდე არსებული კონსტრუქცია და მას მოჰყვა ე.წ. შეკიდული ჭერი. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია გამოძიების შედეგებს დაელოდება და პასუხს აგებს ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

დონალდ ტრამპმა მიმართა აშშ-ის კონგრესს

დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესში. 2018 წლის 30 იანვარი

დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესს პირველად მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული სიტყვით, „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.“ საათნახევრიანი გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ერთ გუნდად და ერთ ოჯახად და ერთად იმუშაონ უსაფრთხო, ძლიერი და ამაყი ამერიკისთვის. „მიუხედავად შარშან განცდილი ტრაგედიების, სტიქიური უბედურებებიდან დაწყებული მასობრივი მკვლელობებით დამთავრებული, მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არ არსებობს ამერიკელებზე უფრო უშიშარი, ინიციატივიანი და მტკიცე ხალხი და ჩვენ ერთად ვაგრძელებთ უსაფრთხო, ძლიერი და ამაყი ამერიკის მშენებლობას“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, წინა ადმინისტრაციების უუნარობამ ადეკვატურად გაეკონტროლებინათ ქვეყნის საზღვრები, გამოიწვია დამნაშავეთა დაჯგუფებების და უკანონო მიგრანტების მომრავლება და უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობა. იმიგრაციის შესახებ პრეზიდენტის განცხადებებს კონგრესის დარბაზში მოჰყვა დემოკრატი კანონმდებლების უკმაყოფილო შეძახილები. ეკონომიკაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა წარმატებად დაასახელა საგადასახადო კოდექსის რეფორმა და კონგრესს სთხოვა, მხარი დაუჭიროს ინფრასტრუქტურული ობიექტების მოდერნიზებისთვის 1,5 ტრილიონი დოლარის გამოყოფას. საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სეკვესტრი არ უნდა შეეხოს თავდაცვის ბიუჯეტს. ტრამპმა დაადასტურა, რომ არ დაიხურება კუბაზე მდებარე გუანტანამოს საპატიმრო. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, ჩრდილოეთ კორეის მიმართ აქცენტი კეთდება მაქსიმალურ ზეწოლაზე. დონალდ ტრამპმა მოკლედ ისაუბრა რუსეთსა და ჩინეთზე, რომლებსაც აშშ-ის მეტოქეები უწოდა და განაცხადა, რომ მათი ქმედებები გამოწვევაა ამერიკული ინტერესების, ეკონომიკისა და ფასეულობებისთვის.

ამერიკელი სამხედროები "ადამიანის შეცდომის" შედეგს უწოდებენ ავღანეთში ომზე ინფორმაციის ნაწილის გასაიდუმლოებას

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, „ადამიანის შეცდომა“ გახდა მიზეზი იმისა, რომ შემთხვევით გასაიდუმლოებულ იქნა ავღანეთში ომზე ინფორმაციის ნაწილი, რომელიც აქამდე ხელიმისაწვდომი იყო. როგორც 30 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის პრესმდივანი, კაპიტანი ტომ გრესბეკი, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის მიზანი არ ყოფილა, გასაიდუმლოებულიყო ინფორმაცია, რომელიც წინა ანგარიშებში შედიოდა ხოლმე“. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, დამოუკიდებელმა ფედერალურმა აუდიტორმა თავის კვარტალურ ანგარიშში აღნიშნა, რომ ნება არ მისცეს საჯაროდ გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამხელა ტერიტორიას აკონტროლებენ თალიბები და მთავრობა და რა ზომისაა ავღანეთის სამხედრო და საპოლიციო ჯარები.

აშშ-ის დაზვერვის სამსახური მოელის შუალედურ არჩევნებში მოსკოვის ჩარევის მცდელობას

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო ვარაუდობს, რომ ნოემბერში რუსეთი შეეცდება ჩაერიოს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისისთან ინტერვიუში, პომპეომ ახსენა კრემლის ძალისხმევა, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დასავლეთის ქვეყნებში და აღნიშნა, რომ არ შეუმჩნევია ამ ძალისხმევის მნიშვნელოვნად შესუსტება. შეკითხვას, შეეცდება თუ არა მოსკოვი გავლენა მოახდინოს შუალედურ არჩევნებზე, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უპასუხა: „რასაკვირველია. ყველანაირად მოველი, რომ გააგრძელებენ მცდელობას და ამას გააკეთებენ“. როგორც აშშ-ის დაზვერვის უწყებებმა 2017 წლის იანვარში გამოაცხადეს, მათ დადგენილი აქვთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად გასცა დავალება ჰაკერულ-პროპაგანდისტული კამპანიით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესახებ. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი და კონგრესის სამი კომისია ცალ-ცალკე აწარმოებენ გამოძიებას აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის ბრალდებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი ტრამპი გამოვა თავისი პირველი მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვა თავისი პირველი მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ვარაუდობენ, რომ ის, ძირითადად, ისაუბრებს ეკონომიკაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ინფრასტრუქტურაზე, ვაჭრობასა და იმიგრაციაზე. ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებას შარშან თებერვალში ჩაენაცვლა ტრამპის გამოსვლა კონგრესში პრეზიდენტად ინაუგურაციასთან დაკავშირებით. კომპანია „ნილსენ მედია რესირჩის“ მონაცემებით, მისი გამოსვლა შარშან 48 მილიონამდე ადამიანმა ნახა. ტრამპის მოხსენება საქართველოს დროით 31 იანვარს დილის 6 საათზე იწყება.

გაერო ხედავს საბერძნეთსა და მაკედონიას შორის სახელწოდების გამო დავის მოგვარების შანსს

გაეროს წარმომადგენელი მეთიუ ნიმეცი ათენში შეხვდა ოფიციალურ პირებს საბერძნეთსა და მეზობელ მაკედონიას შორის სახელწოდების გარშემო უთანხმოების მოგვარებაზე სასაუბროდ. ნიმეცი, მისივე თქმით, ათენშიც და სკოპიეშიც ხედავს ნებას შეთანხმების მისაღწევად. მას შემდეგ, რაც მაკედონიამ იუგოსლავიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წლის სექტემბერში, საბერძნეთი ეწინააღმდეგება მეზობლისთვის ოფიციალურად მაკედონიის დარქმევას, რადგან შიშობს, რომ ეს ქვეყანა პრეტენზიას გამოთქვამს ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიის ტერიტორიაზეც. ხოლო საბერძნეთის პოზიცია აფერხებს ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. როგორც ნიმეცმა აღნიშნა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს კოციასთან საუბრის შემდეგ და მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამგზავრებამდე, დადგა „გადაწყვეტილების მიღების დრო“. ორივე ქვეყანას მართავენ მემარცხენე მთავრობები, რომლებმაც პირობა დადეს, რომ შეეცდებიან მიმდინარე წელს მოაგვარონ უთანხმოება.

პენტაგონი ზღუდავს ავღანეთში ომის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას

პენტაგონს შეზღუდული აქვს ავღანეთში აშშ-ის საომარი მოქმედებების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება. ამის შესახებ ნათქვამია დამოუკიდებელი ფედერალური აუდიტორის ანგარიშში, რომელიც 29 იანვარს გამოქვეყნდა. როგორც ავღანეთის რეკონსტრუქციის საგანგებო გენერალური ინსპექტორის (SIGAR) ანგარიშშია ნათქვამი, მას არ დართეს ნება, გამოაქვეყნოს ინფორმაცია თალიბანისა და მთავრობის მიერ გაკონტროლებული ტერიტორიების ზომაზე. ასევე გასაიდუმლოებულია ინფორმაცია ავღანეთის სამხედრო და საპოლიციო შენაერთების ზომაზე. ავღანეთის მთავრობა, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, თალიბებთან და ექსტრემისტთა სხვა დაჯგუფებებთან ბრძოლაში, ძირითადად, საკუთარი ძალებით არის ჩაბმული მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2014 წელს დატოვა ნატოს ჯარების უდიდესმა ნაწილმა. აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ახალი სტრატეგია სამხრეთ აზიის რეგიონისათვის. სტრატეგიის შესაბამისად, ვაშინგტონმა დამატებით 3000 ჯარისკაცი განათავსა ავღანეთში ადგილობრივი ძალების გასაწვრთნელად და მხარდასაჭერად, ისევე როგორც ანტიტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად.

პუტინი „არამეგობრულ აქტად“ მიიჩნევს აშშ-ის მიერ „კრემლის სიის“ გამოქვეყნებას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „არამეგობრული აქტი“ უწოდა ვაშინგტონში „კრემლის სიად“ წოდებული დოკუმენტის გამოქვეყნებას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ როგორც იუწყება, სამშაბათს პუტინმა დაახლოებულ პირებთან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ დოკუმენტი „ართულებს ისედაც რთულ ვითარებას რუსეთს-ამერიკის ურთიერთობებში და, უდავოდ, ზიანს აყენებს, მთლიანად, საერთაშორისო ურთიერთობებს“. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 30 იანარს გამოაქვეყნა „კრემლის სიად“, ან „კრემლის შესახებ ანგარიშად“ ცნობილი დოკუმენტი, რომელშიც დასახელებულია 210 რუსი ოფიციალური პირი და მილიარდერი - პირები, ვისაც პუტინთან დაახლოებულად ხალხად მიიჩნევენ. ანგარიშში მათი შეყვანა პუტინის წრის მიმართ გაძლიერებულ ყურადღებას ცხადჰყოფს და შესაძლო ახალ სანქციებს მოასწავებს. სიაში შესულებს შორის არიან პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, მილიარდერები რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი, ოლეგ დერიპასკა, ევგენი კასპერსკი - სულ 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ოლიგარქი. ოლიგარქების შემთხვევაში, საუბარია ხალხზე, ვინც ვაშინგტონის შეფასებით, პუტინთან ახლობლობის წყალობით გამდიდრდა. „კრემლის სია“ მომზადდა აშშ-ის კონგრესში შარშან დამტკიცებული კანონის მოთხოვნით და მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას 2016 წელს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში მოსკოვის სავარაუდო ჩარევასა და სხვა ქმედებებზე, მათ შორის უკრაინაში სამხედრო აგრესიაზე საპასუხოდ. საკუთრივ ანგარიში სანქციებს არ ითვალისწინებს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს რუსეთის წინაღმდეგ ახალი ზომების მიღებას.

შვედეთის პროკურატურამ ტერორიზმის ბრალდება წაუყენა სტოკჰოლმში მომხდარი თავდასხმის მონაწილეს

სტოკჰოლმის ცენტრში 2017 წლის 7 აპრილს მომხდარი თავდასხმის ადგილი

შვედეთის პროკურატურამ ტერორიზმის მუხლით წაუყენა ბრალი უზბეკეთის მოქალაქეს, რახმატ აკილოვს. პროკურატურის მიერ 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, აკილოვმა აღიარა, რომ 2017 წლის 7 აპრილს, მოპარული ავტომანქანით, სტოკჰოლმის ცენტრში შეეჯახა ფეხით მოსიარულეებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 14 ადამიანი. გამომძიებლების ინფორმაციით, რახმატ აკილოვი, რომელმაც ერთგულება შეფიცა ექსტრემისტულ დაჯგუფებას, „ისლამურ სახელმწიფოს,“ სტოკჰოლმში თავდასხმას ამზადებდა რამდენიმე თვის განმავლობაში. შვედეთის პროკურატურა სასამართლოსგან ითხოვს აკილოვისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას. საქმის განხილვა თებერვალში დაიწყება. უზბეკეთის მოქალაქე რახმატ აკილოვი შვედეთში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა და თავშესაფარს ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

პესკოვი: კრემლის შესახებ ანგარიშში აშშ-მა დაასახელა დე ფაქტო მტრები

დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შეფასებით, ვაშინგტონმა დე ფაქტოდ მტრები უწოდა ყველას, ვინც მოხსენიებულია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. კრემლის სიაში. „თუ ტექსტს და დოკუმენტის სათაურს წაიკითხავთ, ეს ყველაფერი კეთდება აშშ-ის მტრებისთვის წინააღმდეგობის გაწევის კანონის შესაბამისად, ამიტომ ამ პირთა ჯგუფი დე ფაქტოდ დასახელებულია აშშ-ის მტრად“ - განუცხადა 30 იანვარს, მოსკოვში ჟურნალისტებს დმიტრი პესკოვმა. კრემლის პრესმდივნის თქმით, რუსეთისთვის უცხო არ არის აგრესიის გამოვლინება, ამიტომ ემოციებს არ უნდა აყვნენ და დასკვნა გამოიტანონ დოკუმენტის მშვიდად გაანალიზების შემდეგ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა „კრემლის შესახებ ანგარიშის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი, რომელშიც დასახელებულნი არიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. დოკუმენტში მითითებულია 210 პირი, მათ შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანტონ ვაინო, პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, მსხვილი სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და რამდენიმე ათეული ოლიგარქი. ამ პირებს არ შეხებიათ უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამო აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. თუმცა, დოკუმენტის გამოქვეყნება არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აპირებს მათთვის სანქციების დაწესებას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG