Accessibility links

ახალი ამბები

ფაშინიანი: საპროტესტო მოძრაობა დაიწყებს არაძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს 2 მაისიდან შეუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას და დემონსტრაციები გაგრძელდეს "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არაძალადობრივი, მშვიდობიანი აქტების ფორმით". მანამდე სომხეთის პარლამენტმა შეფარდებით 45-55 პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს. მას რვა ხმა დააკლდა იმ უბრალო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც ამ პოსტზე დამტკიცებისთვის არის საჭირო. კენჭისყრა საგანგებო სხდომაზე მიმდინარეობდა. კენჭისყრის დაწყებამდე მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპარალამენტო ფრაქციის ლიდერმა, ვაჰრამ ბაღდასარიანმა გამოაცხადა, რომ მისი პარტია ფაშინიანს მხარს არ დაუჭერდა. ფაშინიანმა საპასუხოდ თქვა, რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა საპარლამენტო ფრაქციამ "შეუქცევადად გაინადგურა თავი" და "საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა". სომხეთის პარლამენტში კიდევ ერთი კენჭისყრა 8 მაისს არის დანიშნული.

სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე მხარი არ დაუჭირა ფაშინიანის კანდიდატურას

სომხეთის პარლამენტმა შეფარდებით 45-55 პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს. მას რვა ხმა დააკლდა იმ უბრალო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც ამ პოსტზე დამტკიცებისთვის არის საჭირო. კენჭისყრა საგანგებო სხდომაზე მიმდინარეობდა. კენჭისყრის დაწყებამდე მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპარალამენტო ფრაქციის ლიდერმა, ვაჰრამ ბაღდასარიანმა გამოაცხადა, რომ მისი პარტია ფაშინიანს მხარს არ დაუჭერდა. ფაშინიანმა საპასუხოდ თქვა, რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა საპარლამენტო ფრაქციამ "შეუქცევადად გაინადგურა თავი" და "საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა". სომხეთის პარლამენტში კიდევ ერთი კენჭისყრა 8 მაისს არის დანიშნული. ბაღდასარიანის განცხადებას და კენჭისყრას გაბრაზებული შეძახილებით შეეგება ერევნის ცენტრში შეკრებილი ათასობით მოქალაქე, რომელიც პარლამენტში განვითარებულ პროცესებს დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს. 42 წლის ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იყო, მას მხარს უჭერდა პარლამენტში მყოფი ყველა ოპოზიციური ფრაქცია. რესპუბლიკური პარტია 105-დან 58 მანდატს ფლობს. კენჭისყრამდე, პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას ფაშინიანმა მმართველ პარტიას ბრალი დასდო, რომ ის ცდილობდა ხელი შეეშალა მისი არჩევისთვის და თქვა, რომ ამგვარი მცდელობა ბიძგს მისცემს კიდევ უფრო მეტ საპროტესტო გამოსვლას. კენჭისყრისთვის მზადების პროცესში, რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ არ შეუშლიდა ხელს ფაშინიანის არჩევას, თუკი მის კანდიდატურას პარლამენტში ყველა სხვა ფრაქცია დაუჭერდა მხარს - რაც მოხდა კიდეც. მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანმა, ედუარდ შარმაზანოვმა 1 მაისს, კენჭისყრამდე თქვა, "დარწმუნებული ვარ მატონი ფაშინიანი ვერ იქნება პრემიერ-მინისტრიო". ფაშინიანის ხელმძღვანელობით სომხეთში ორ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, სერჟ სარგსიანი გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან - მას შემდეგ, რაც ათწლეულის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი. მანამდე, საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, სარგსიანი იძულებული იყო პრეზიდენტის პოსტიდან წასულიყო, თუმცა აპრილში დეპუტატებმა ის სწრაფად დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამას, თავის მხრივ, წინ უძღოდა ცვლილებები, რომლებმაც დაასუსტეს პრეზიდენტის და გააძლიერეს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება. სარგსიანის ოპონენტებმა დაიწყეს მასშტაბური საპროტესტო აქციები, ისინი აცხადებდნენ, რომ ახალი სისტემა სარგსიანს საშუალებას მისცემდა სომხეთის ლიდერად განუსაზღვრელი დროით დარჩენილიყო. დემონსტრანტები სარგსიანს და მის რესპუბლიკურ პარტიას ასევე ადანაშაულებდნენ კორუფციაში და უუნარობაში გაეუმჯობესებინათ მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი. ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ დროებითი მთავრობის შექმნის შემდეგ პოლიტიკური პროცესის გაგრძელების გზად ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ხედავს.

ფაშინიანი: "რესპუბლიკურმა პარტიამ თავი გაინადგურა"

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა საპარლამენტო ფრაქციამ "შეუქცევადად გაინადგურა თავი" და "საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა", რადგან უარი თქვა მისთვის მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მანამდე რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ვაჰრამ ბაღდასარიანმა თქვა, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება არ დაუჭიროს მხარი ფაშინიანსო.

IAEA: არ გვინახავს სანდო მტკიცებულება, რომ ირანმა 2009 წლის შემდეგ იმუშავა ბირთვულ იარაღზე

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, მას არ მოეპოვება სანდო მტკიცებულება, რომ ირანმა 2009 წლის შემდეგ იმუშავა ატომური "ასაფეთქებელი მოწყობილობის" შექმნაზე. სააგენტო აცხადებს, რომ ის ამ საკითხს დახურულად მიიჩნევს 2015 წლის დეკემბერში ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2015 წლის ანგარიში ამბობდა, რომ სააგენტოს არ აქვს სანდო მტკიცებულება ირანში 2009 წლიდან მიმდინარე ქმედებებისა, რომლებიც ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მუშაობის შესაბამისი იქნებოდა. 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სააგენტო ამბობს, რომ მისივე სტანდარტული პრაქტიკის თანახმად, სააგენტო აფასებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რაც კი მოეპოვება, "თუმცა, სააგენტოს პრაქტიკაში არ შედის ამგვარ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო დისკუსიები". ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება მოსდევს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას 30 აპრილს, რომელშიც მან თქვა, რომ ისრაელს მოეპოვება ახალი მტკიცებულება ირანში ბირთვული იარაღის გეგმაზე, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს მოქმედებაში. 2015 წელს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ირანმა შეკვეცა ბირთვული საწვავისთვის ურანის გამდიდრების პროგრამა, რათა გაეფანტა შეშფოთება, რომ მას ის შესაძლოა ბომბისთვის საჭირო მასალად გამოეყენებინა. სანაცვლოდ, თეირანს მოეხსნა საერთაშორისო სანქციების უმრავლესობა. მას შემდეგ გაეროს ბირთვული პროგრამის ექსპერტები რეგულარულად აცხადებენ, რომ ირანი ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობებს.

სომხეთის მმართველმა პარტიამ მიაღწია "ერთიან გადაწყვეტილებას" პრემიერ-მინისტრის თაობაზე

ერევნის ცენტრში ათასობით ადამიანია თავშეყრილი და თვალს ადევნებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევის პროცესს, იმ ფონზე, როცა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა პროცესის ჩაშლა სცადოს. 42 წლის ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატია, მას მხარს უჭერს პარლამენტში მყოფი ყველა ოპოზიციური ფრაქცია. რესპუბლიკური პარტია 105-დან 58 მანდატს ფლობს. კენჭისყრამდე, პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას ფაშინიანმა მმართველ პარტიას ბრალი დასდო, რომ ის ცდილობს ხელი შეუშალოს მის არჩევას და თქვა, რომ ამგვარი მცდელობა ბიძგს მისცემს კიდევ უფრო მეტ საპროტესტო გამოსვლას. კენჭისყრისთვის მზადების პროცესში, რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ არ შეუშლიდა ხელს ფაშინიანის არჩევას, თუკი მის კანდიდატურას პარლამენტში ყველა სხვა ფრაქცია დაუჭერდა მხარს - რაც მოხდა კიდეც. მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანმა, ედუარდ შარმაზანოვმა 1 მაისს განაცხადა, "დარწმუნებული ვარ მატონი ფაშინიანი ვერ იქნება პრემიერ-მინისტრიო". მოგვიანებით, რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, ვაჰრამ ბაღდასარიანმა თქვა, რომ პარტიამ "ერთიან გადაწყვეტილებას" მიაღწია კენჭისყრასთან მიმართებით. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება 1 მაისს, მოგვიანებით გამოცხადდება.

ნიუ-იორკ ტაიმსი: სპეციალური პროკურორი ტრამპის ადვოკატებს რუსეთში კონტაქტებზე ეკითხება

ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, აშშ-ში სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატებს გადასცა კითხვების სია, რაც წარმოადგენს ნაწილს მისი გამოძიებისა, რომელიც ეხება ცნობებს რუსეთის ჩარევაზე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ტრამპის მიერ მართლმსაჯულებისთვის შესაძლო ხელის შეშლას. გაზეთი 30 აპრილს იუწყებოდა, რომ მან მოიპოვა კითხვათა სია, რომლებიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, მაგალითად ტრამპის მოტივს, როცა მან ერთი წლის წინ პოსტიდან გაათავისუფლა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) შეფი, ჯეიმს კოუმი და ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრების კონტაქტებს რუსებთან. ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, გამომძიებლები კვლავაც ცდილობენ დაადგინონ, რამდენად წარმოადგენდა პრეზიდენტის ნაბიჯები მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და სურთ მას გაესაუბრონ რამდენიმე საკითხის გარშემო. ტრამპის ადვოკატები უარს აცხადებენ კომენტარის გაკეთებაზე ნიუ-იორკ ტაიმსის რეპორტაჟის შესახებ. ერთ-ერთი შეკითხვაში, რომელსაც გაზეთი აქვეყნებს, მიულერი ადვოკატებს ეკითხება რა იცოდა ტრამპმა მისი კამპანიის წარმომადგენლების, მათ შორის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის კონტაქტებზე მოსკოვთან.

"ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარის და პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

კახა კალაძე

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარედ წარადგინოს მისი დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. 1 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ასევე, აცნობა, რომ პოლიტიკურ საბჭოს ეყოლება 15 წევრი:„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე და ირაკლი ტრიპოლსკი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი კახა კალაძე და „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე. სხდომის დაწყებამდე საგანელიძემ განაცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობას თავისი სურვილით დატოვებს, რადგან დღევანდელი საქმიანობიდან გამომდინარე აღარ მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარლამენტის წევრმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგანელიძემ საბჭოდან გასვლის საკითხი დასვა, თუმცა პოლიტსაბჭომ წევრად მისი დატოვება გადაწყვიტა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. საბჭოს წევრები აღარ იქნებიან: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ირინა ფრუიძე, დავით კოღუაშვილი, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, ნოდარ ხადური, ზვიად გონაძე, რომან კაკულია და თემურ ჭკუასელი.

თბილისის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საკრებულოს ყოფილი წევრი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დედაქალაქის წინა მოწვევის საკრებულოს წევრად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ, პარტია „ეროვნული ფორუმის“ ყოფილ წევრს ზურაბ ნეფარიძეს. პროკურატურის ინფორმაციით, მისი მტკიცებულებები სასამართლომ სრულად გაიზიარა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვით ქრთამის აღებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებასა და შრომის კანონმდებლობის დარღვევაში. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება დეპუტატის ბიუროს 4 თანამშრომლისგან სამსახურიდან გაათავისუფლების მუქარით ხელფასის ნაწილის გამოძალვას, ოფისის ფუნქციონირებისთვის საკრებულოს მიერ გამოყოფილი თანხის უკანონოდ დაუფლებას და ფიქტიურად დასაქმებული პირისთვის დარიცხული ხელფასის მისაკუთრებას. ზურაბ ნეფარიძე 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.

"ქართული ოცნება" მართავს პოლიტსაბჭოს სხდომას

ბიძინა ივანიშვილი

თბილისში მიმდინარეობს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა. მას ესწრებიან პარტიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. წინასწარი ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდება. სხდომის დაწყებამდე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარემ, დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობას თავისი სურვილით დატოვებს, რადგან დღევანდელი საქმიანობიდან გამომდინარე აღარ მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბრუნდება პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
ლოკალიზებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეთის ტყეში გაჩენილი ხანძარი და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საკირეთის ტყეში, რთულად მისადგომ ადგილას ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ცეცხლის კერებთან საბრძოლველად მობილიზებული იყო 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი კვირიკაშვილი: პარტია "ქართული ოცნება" ინსტიტუციად ჯერ ვერ ჩამოყალიბდა

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება მომავალი საქმიანობის, პარტიის გაძლიერების და პოლიტსაბჭოს შემადგენლობის საკითხები. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება,“ რადგან ეს ხელს შეუწყობს პარტიის გაძლიერებას. „საერთოდ, სამწუხაროდ დღემდე როგორც ინსტიტუცია პარტია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა და ძალიან კარგია, რომ გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად“ - განუცხადა 1 მაისს, ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლისთვის უნდა მოემზადონ უკვე განვითარებული პარტიული სისტემით და ინფრასტრუქტურით, რაც აუცილებელია საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის. ჟურნალისტების შეკითხვას იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა.” 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბრუნდება პარტიის დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი.

სომხეთის პარლამენტის სხდომა ხალხმრავალი აქციის ფონზე მიმდინარეობს

ერევანში გრძელდება სომხეთის პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომლის დღის წესრიგშია ერთადერთი საკითხი - რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არჩევა. ამ თანამდებობაზე წარდგენილია ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი. მან თავისი პროგრამა უკვე წარმოადგინა და ამჟამად დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. პარლამენტის სხდომის პარალელურად ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს მრავალათასიანი აქცია ნიკოლ ფაშინიანის მხარდასაჭერად.

ფაშინიანი: სომხეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება

ამ წუთებში სომხეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის წინაშე საპროგრამო სიტყვით გამოდის. ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატია და მას სომხეთის პარლამენტის 4 პოლიტიკური ფრაქციიდან სამის მხარდაჭერა აქვს. რესპუბლიკურ პარტიას ჯერ არ განუცხადებია, დაუჭერს თუ არა მხარს ფაშინიანის კანდიდატურს. სიტყვით გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი არ შეიცვლება და ქვეყანაში დაწყებული ნაციონალური მოძრაობა რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, კვლავინდებურად გაგრძელდება მეგობრული ურთიერთობები საქართველოსთან.

"თანასწორობის მოძრაობა" მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომას

"თანასწორობის მოძრაობის" აქცია პარლამენტთან. თბილისი, 2018 წლის 1 მაისი

პოლიციამ სამი პირი დააკავა თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც “თანასწორობის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს კონტრაქციის მონაწილეებმა. დაკავებულებს ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა. „თანასწორობის მოძრაობა“ პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის პოზიციის გამო. 30 აპრილს, ჟურნალ „ლიბერალთან“ საუბრისას კილაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი არ აპირებს 17 მაისს აღნიშნოს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. მისი აღნიშვნა გათვალისწინებულია 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმით. "თანასწორობის მოძრაობა“ მოითხოვს, რომ სოფიო კილაძემ დატოვოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. თავად კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს და გამოხატოს აზრი და ყველა ადამიანი დაცულია კანონით და კონსტიტუციით. “ბუნებრივია, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი. არავითარი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა, ერთადერთი ეს შემიძლია ვთქვა. დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მიდის კანონის და წესის ფარგლებში” - განაცხადა სოფიო კილაძემ.

უეს მიტჩელი: რუსეთს შევახსენებ, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია აგვისტოს ომი

უეს მიტჩელი და მიხეილ ჯანელიძე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფებოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ ოძისში. „10 წლის წინ აქ ომი იყო და დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა რუსეთის მთავრობას შევახსენო, რომ მსოფლიოს ეს ომი არ დავიწყებია“ - განაცხადა უეს მიტჩელმა. მისი თქმით, აშშ გამყოფ ხაზს არ ცნობს სახელმწიფო საზღვრად. უეს მიტჩელმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აღელვებს გამყოფ ხაზთან და მის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობა, გმობს მათი დაკავების, წამების და მკვლელობის ფაქტებს და სამძიმარს უცხადებს ოჯახებს. მიტჩელის განცხადებით, აშშ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და ასევე, ხელი შეუწყოს რეგიონში ჰუმანიტარულ მიმოსვლას. „აშშ მტკიცედ ერთგულია საქართველოს, როგორც პარტნიორის უსაფრთხოებისადმი და აფასებს მთავრობის, პარლამენტის და ხალხის ძალისხმევას, აჩვენოს ღრმა ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი. ვაფასებთ საქართველოს ლიდერობას როგორც წარმატებული დემოკრატიის მაგალითისა კავკასიაში“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი რესპუბლიკელებისგან მოელის არჩევნების ჩაშლას

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის ერთადერთმა კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ აპირებს ჩაშალოს პრემიერ-მინისტრის არჩევნები. ფაშინიანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით ღამით გამართულ შეხვედრაზე რესპუბლიკელებმა გადაწყვიტეს ჩაშალონ პარლამენტში დღეს დაგეგმილი არჩევნები მაშინ როცა, მანამდე აცხადებდნენ, რომ ხელს არ შეუშლიან „სახალხო კანდიდატის“ არჩევას. ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეიკრიბონ ერევნის რესპუბლიკის მოედანზე და წინააღმდეგობა გაუწიონ სარგსიანის და „რესპუბლიკური პარტიის“ გეგმას, აღადგინონ თავისი ძალაუფლება. პარლამენტის რესპუბლიკელმა ვიცე-სპიკერმა, ედუარდ შარმაზანოვმა სააგენტო „არმენპრეს“-ს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მხარდაჭერის საკითხს გადაწყვეტენ ფაშინიანის პროგრამის გაცნობის შემდეგ. შარმაზანოვის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ფრაქციის თავმჯდომარე საბოლოო გადაწყვეტილებას კენჭისყრამდე გამოაცხადებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ, „ელკმა.“ პრემიერ-მინისტრის არჩევას სჭირდება სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა. სომხეთის 105-წევრიან პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკურ პარტიას,“ 31 ფრაქციას „ცარუკიანი,“ 9 დეპუტატი „ელკს“ და 7 „დაშნაკციუთუნს.“ 30 აპრილს, ცარუკიანის ფრაქციამ განაცხადა, რომ ფაშინიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. სომხეთის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს არჩეული ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა მისი მმართველობის წინააღმდეგ მრავალათასიანი გამოსვლების შედეგად. საპროტესტო მოძრაობა ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით დაიწყო.

აშშ-მა და გაერომ დაგმეს ქაბულში მომხდარი თავდასხმა

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები საბაუნ კაკარი და აბადულა ჰანანზაი 30 აპრილს დაიღუპნენ ქაბულში მომხდარი თავდასხმის შედეგად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ უაზრო და ბარბაროსული უწოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ თავდასხმას, რომელსაც სულ მცირე 25 ადამიანის, მათ შორის 9 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაიკ პომპეომ ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ მომხდარზე თვალს არ დახუჭავს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ჟურნალისტებზე მიზანიმართული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს საფრთხეს, რომლის წინაშეც მედიის წარმომადგენლები არიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. გუტერეშის თქმით, მსგავსი დანაშაულის ჩამდენები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ. 30 აპრილს, ქაბულის ცენტრში თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა. დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი და 40-ზე მეტი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ჟურნალისტები, საბაუნ კაკარი და აბადულა ჰანანზაი. დაიღუპა 28 წლის მაჰარამ დურანიც, რომელსაც მაისიდან უნდა დაეწყო მუშაობა რადიო თავისუფლების ქაბულის ბიუროში. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სააგენტო ფრანს-პრესის ფოტოკორესპონდენტი შახ მარაიც. ქაბულში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ.“ 30 აპრილს ავღანეთში, ჰოსტის პროვინციაში მოკლეს ბიბისის ჟურნალისტი ახმად შახიც. ადგილობრივი პოლიციის უფროსმა, აბდულ ჰანანმა ბიბისის ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ ჟურნალისტს ესროლა ჯერჯერობით დაუდგენელმა მამაკაცმა.

ნეთანიაჰუ: გვაქვს მტკიცებულება, რომ ირანი ცდილობდა ბირთვული იარაღის მოპოვებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მისმა ქვეყანამ მოიპოვა ათი ათასობით დოკუმენტი, რომელიც მოიცავს "დამადანაშაულებელ" ინფორმაციას ირანის ბირთვულ პროგრამაზე, მათ შორის მტკიცებულებას, რომ თეირანი ცდილობდა ატომური იარაღის მოპოვებას. 30 აპრილს თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ თქვა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს მისი ბირთვული პროგრამის შესაკვეცი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ირანმა დამალა თავისი ბირთვული პროგრამის ფარგლებში გადაგმული ნაბიჯები, მათ შორის ინფორმაცია გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა "ბალისტიკურ რაკეტაზე მოსათავსებელი ჰიროსიმის ხუთი ბომბის" ეკვივალენტის შექმნასო. "ირანმა ძალიან მაღალ დონეზე დაგეგმა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესის გაგრძელება", განაცხადა ნეთანიაჰუმ. ირანი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მთლიანად მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა და უარყოფდა ატომური იარაღის შექმნისკენ მისწრაფებას. ნეთანიაჰუს თქმით, 2015 წლის ხელშეკრულება "ტყუილებს ეფუძნებოდა". საერთო ანგარიშით, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა მოიპოვა 55,000-მდე დოკუმენტის ასლი ირანის არქივიდან. მან ასევე აჩვენა ვიდეოჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, ასახავს აქამდე უცნობ ბირთვულ ობიექტს ირანში. ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ ისრაელმა ეს ინფორმაცია აშშ-ს გაუზიარა. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA პასუხად წერს, რომ ნეთანიაჰუ "ცნობილია თავისი აბსურდული შოუებით", ნახევრადოფიციალური სააგენტო Fars-ი კი მის პრესკონფერენციას უწოდებს "პროპაგანდისტულ შოუს".

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მწვრთნელების გარეშე დარჩა

ირაკლი ცირეკიძე აღარაა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა. მან ფეისბუქით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩენის შემდეგ ესაუბრა ნაკრების მწვრთნელებს და გადაწყდა, რომ ცირეკიძე და მისი საწვრთნელი შტაბი გუნდთან აღარ იმუშავებენ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 26-28 აპრილს, თელ ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვიდა, მაგრამ ერთი მედალიც ვერ მოიპოვა.

ფაშინიანი: ჩვენი რევოლუცია ეხება მხოლოდ სომხეთის საშინაო ცხოვრებას

"ჩვენს რევოლუციაში საერთოდ არ არის გეოპოლიტიკური კონტექსტი. ჩვენი რევოლუცია არის გეოპოლიტიკური კონტექსტის გარეშე, ის არის სომხეთის წმინდა საშინაო საქმე და ჩვენი რევოლუცია მხოლოდ სომხეთის საშინაო ცხოვრებას ეხება" - განუცხადა სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მყოფ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კორესპონდენტებს იმ კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ შედარებას სომხეთში ამჟამად მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში 2003 წელს მომხდარ "ვარდების რევოლუციას", ისევე როგორც პარალელს ფაშინიანსა და მიხეილ სააკაშვილს შორის.

ამავე ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ ეშინია მის მიმართ ნდობისა და პატივისცემის ფონზე ხალხისთვის იმედების გაცრუების - "ვფიქრობ, ეს ენერგია სომხეთში რაღაც დიდებულში გადაიზრდება. ვფიქრობ, დიდი წარმატება გველისო", თქვა მან.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კორესპონდენტებმა ფაშინიანს ჰკითხეს საგარეო პოლიტიკაზე მის განცხადებებზეც - პოზიციაზე, რომ შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთთან, დასავლეთთან და მეზობლებთან. კითხვაზე, თუ კონრეტულად როგორ აპირებს ამის გაკეთებას, ფაშინიანის პასუხი იყო - "ფრთხილად".

30 აპრილს ფაშინიანი ოფიციალურად წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისმა ფაქციამ, „ელკ“-მა. ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, პრემიერის თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა მისი მმართველობის წინააღმდეგ მრავალათასიანი გამოსვლების შედეგად. საპროტესტო მოძრაობას სათავეში ნიკოლ ფაშინიანი უდგას.

აშშ ადასტურებს, რომ უკრაინას მიაწოდა ჯაველინის ტიპის სისტემა

აშშ-მა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა უკრაინისთვის ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მიწოდება - ნაბიჯი, რომელსაც კიევი მიესალმება და რომელიც დიდი ალბათობით მოსკოვის გულისწყრომას გამოიწვევს იმ კონფლიქტის ფონზე, რომელშიც ერთმანეთს უკვე ოთხი წელია ებრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები და უკრაინის ეროვნული არმია. "მიწოდების აქტი უკვე შედგაო", უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას 30 აპრილს შესაბამისი შინაარსის კითხვაზე პასუხად. ამ სისტემის მიწოდება გააძლიერებს კონფლიქტში აშშ-ის ჩართულობის შთაბეჭდილებას და უკრაინისთვის იქნება სულ მცირე სიმბოლური გამარჯვება, იმ თვალსაზრისით, რომ ის მიმდინარე კონფლიქტში დასავლეთის მხარდაჭერას ინარჩუნებს. ვაშინგტონში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მწვავე დებატები, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ ნაბიჯისგან თავს იკავებდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თუმცა დეკემბერში თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვა. ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა მოსკოვიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აშშ-ს ომის წახალისებაში დასდო ბრალი.

გაეროს დელეგაცია ბირმაში ჩადის, როჰინჯათა კრიზისის განმუხტვის მიზნით

გაეროს უშიშროების საბჭოს დელეგაცია 30 აპრილს ბირმაში ჩადის, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე ბანგლადეშში განახორციელა ვიზიტი, იმ მიზნით, რომ წვლილი შეიტანოს 700,000 როჰინჯა მუსლიმი ლტოლვილის კრიზისის განმუხტვაში. როჰინჯათა თემმა დატოვა ბუდისტური უმრავლესობის მქონე ბირმა და ბანგლადეშს მიაშურა, რათა თავი დაეღწია ბირმის არმიის მხრიდან დევნისგან. გაეროს დელეგაცია მოიცავს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნის დიპლომატებს, რომლებიც შეხვედრას გამართავენ დე-ფაქტო ლიდერ აუნ სან სუ ჩისთან და ბირმის არმიის ხელმძღვანელ მინ აუნ ხლაინთან. 1 მაისს დელეგაცია ეწვევა რეპატრიაციის ცენტრებს, რომლებიც მდებარეობს ბირმის დასავლეთში, რაკხაინის რეგიონში - სადაც განხორციელდა როჰინჯათა დევნა, რომელიც გაერომ "ეთნიკურ წმენდად" შეაფასა. ბირმის არმიას ბრალად სდებენ როჰინჯათა ასი ათასობით სამოქალაქო პირის მიმართ სასტიკ მოპყრობასდა სოფლების გადაწვას - მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს როჰინჯა ექსტრემისტებმა განახორციელეს თავდასხმები. ბირმა უარყოფს სამოქალაქო მოსახლეობაზე ზეწოლას და აცხადებს, რომ მისი ნაბიჯები რიჰინჯა ექსტრემისტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

რუსეთიდან 19 ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის გამო

ბაღდადში, სისხლის სამართლის ცენტრალურმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 19 ქალს რუსეთიდან, მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ სცნო ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებაში. ამავე სასამართლომ 29 აპრილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ექვს ქალს აზერბაიჯანიდან და ოთხს ტაჯიკეთიდან. მედიაში ქალების ვინაობა არ დასახელებულა. განსასჯელთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ ერაყში თურქეთიდან თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ჩაიყვანეს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებმა. მიმდინარე თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ბაღდადში დაკავებულია 50-დან 70-მდე "რუსულენოვანი ქალი", მათ 100-ზე მეტ ბავშვთან ერთად. ზახაროვა აცხადებდა, რომ საელჩოს არ მისცეს განსასჯელთა მონახულების უფლება და ქალების ვინაობის დადგენა მხოლოდ სასამართლოს დასრულების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. თებერვალში ერაყმა 27 ქალი და მათი შვილები გადასცა რუსეთს, მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ქალები მოტყუებით გააწევრიანეს "ისლამურ სახელმწიფოში".

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დაპირისპირების გამო გადაიდო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა დაპირისპირების გამო რამდენიმე საათით გადაიდო. სხდომის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა დერეფანში პარტიის ყოფილი წევრის გელა თოლორაიას წინააღმდეგ აქცია გამართეს. შეკრებილების თქმით, დეპუტატს, რომელიც ენმ-ის მხარდამჭერების ხმებით შევიდა საკრებულოში და მოგვიანებით „ევროპული საქართველოს“ წევრი გახდა, სხდომაზე დასწრების უფლებას არ მისცემენ. ამ ფონზე ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თოლორაია, რომელმაც სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა, სხდომას არ დასწრებოდა.

სხდომის დაწყების შემდეგ მორიგი დაპირისპირება უკვე დარბაზში მოხდა, როცა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ, განცხადების გაკეთება ისურვა. მისი განმარტებით, უნდა გაეხმიანებინა მოქალაქეების მთავარი პრობლემები. უმრავლესობის წევრებში ამან გამოიწვია უკმაყოფილება, რადგან დღის წესრიგით დადგენილი საკითხების განხილვა უკვე დაწყებული იყო. მმართველი პარტიის წევრებმა განმარტეს, რომ მას ჯერ არ მისცემენ საუბრის უფლებას, რადგან ამ ყველაფერზე ზოდელავას შეეძლო ელაპარაკა სხდომის ბოლოს, სხვა საკითხების განხილვისას.

თავის მხრივ, მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ მას მიზანმიმართულად არ მისცეს სიტყვის თქმის უფლება, რადგან საკრებულო რეალურად არა „ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი ინტერესების გასატარებლად“ მუშაობს.

ცნობისთვის: გელა თოლორაიას ენმ-დან „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის საკითხს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ზუგდიდის საკრებულოში 22 მარტს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. თოლორაია ჯერ არც ერთ სხდომას არ დასწრებია.

„შპიგელი“: გერმანიაში სამჯერ გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი

გერმანიის პოლიციაში თითის ანაბეჭდს უღებენ თავშესაფრის მაძიებელს

გერმანიის ავტორიტეტიან გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, გერმანიაში მკვეთრად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი. „შპიგელის“ თანახმად, 2018 წლის იანვრიდან მარტამდე გერმანიას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა 1771-მა ქართველმა. 2017 წელს მათი რიცხვი იყო 601 - თითქმის სამჯერ ნაკლები. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2017 წლის მარტის ბოლოს საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი გაიზარდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საფრანგეთში, შვედეთსა და იტალიაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირეა თავშესაფრის მოპოვების შანსი. „შპიგელს“ მოჰყავს ექსპერტების შეფასება, რომ საქართველოს მოქალაქეთა ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრების მცდელობის მთავარი მიზეზებია უმუშევრობა და სიღარიბე. გამოცემას მოჰყავს ბოლო მონაცემები ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ: ის საქართველოში თვეში 280-მდე ევროს შეადგენს, ხოლო გერმანიაში - 3300 ევროს. სტატიაში აღნიშნულია ასევე, რომ ევროკავშირში შესაძლოა იმსჯელონ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე და რომ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს აღიარებას „უსაფრთხო ქვეყნად“, რაც გააადვილებს თავშესაფრის მაძიებლებისათვის უარის თქმასა და საქართველოში მათი გაგზავნის პროცესს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG