Accessibility links

ახალი ამბები

ლევან ვასაძე და „ქართული მარში“ ლგბტ+ თემის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

„ქუდზე კაცი“, - ასე ჰქვია ბიზნესმენ ლევან ვასაძის ვიდეო მიმართვას, რომელიც მან 15 ივნისს გაავრცელა სოციალურ ქსელში.

ლევან ვასაძე მომავალ კვირაში ლგბტქი თემის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

„არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ კორდონების ჩაყენების უფლებას. სადაც არ უნდა იყოს, კინოთეატრში, სკვერში, თუ ტყეში ყველგან მივაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას? ხვალ შევთანხმებით. როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს თავისი ფუნქციების შესრულებაზე, ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს მონა, იღებს თავის ხელში წესრიგს.

„გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას, - ამბობს ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში.

ლგბტქი თემის წინააღმდეგ სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად იკრიბებიან ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. 15 ივნისს, მოძრაობის ფეისბუკის გვერდზე მოწოდება გამოქვეყნდა: „ქართული მარში“ ჯერ არ ჩართულა პროცესებში!!! დღეს საგანგებო შეკრებაა ოფისში! ჩვენ ვანახებთ ქართველი ერის ძალას!“.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, ჯერჯერობით, ლევან ვასაძის მოწოდებასთან დაკავშირებით, უწყებაში კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.

ლევან ვასაძისა და „ქართული მარშის“ განცხადებები მოჰყვა 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.

ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

ლევან ვასაძის მიხედვით, საპატრიარქომ განცხადება სამღვდელოების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, დიპლომატები მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს უმცირესობების გამოხატვის უფლების პატივისცემას თხოვდნენ.

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, 14 ივნისს ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრებამდე, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სასულიერო პირებმა, ​ ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.

ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე. მათგან 7 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

ქედაში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

ქედაში, სოფელ გობრონეთში, გერმანელი ტურისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

15 ივნისს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის საუკეთესო ათეული დასახელდა. გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ:

  • თამარ ადამია - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის 26-ე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
  • ხათუნა გოგალაძე - ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიისა და ბუნების მეტყველების მასწავლებელი
  • ლაურა გოტიაშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ანის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ნათია კურტანიძე - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი
  • მაია მენაბდე - ბათუმის მესამე საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ქეთინო მერებაშვილი - სკოლა-ლიცეუმი „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ინგა მოსიძე - ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი
  • სალომე ფურცხვანიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი;
  • მიხეილ ცქვიტაია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების და ამერიკისმცოდნეობის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ჯილდო წელს მესამედ გაიცემა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

„თანასწორობის მოძრაობა“ თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ლგბტქი თემის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ აქვეყნებს განცხადებას და ეხმაურება „თბილისი პრაიდის“ გარშემო შექმნილ ვითარებას.

ორგანიზაცია მიმართავს როგორც თემის წევრებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს.

„თანასწორობის მოძრაობა“ პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოძრაობის წევრები არ იღებენ მონაწილეობას 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილ პრაიდში.

მიმართვა თემის წევრებს

„თანასწორობის მოძრაობაში” კარგად გვაქვს გააზრებული ყველა ის შედეგი, რაც შესაძლოა თბილისის პრაიდსა და უშუალოდ “ღირსების მარშს” მოჰყვეს. ჩვენ ვხედავთ ძალადობისა და თავდასხმების გაზრდილ შემთხვევებს, რომელთა სამიზნეც ლგბტ+ თემის წევრები, განსაკუთრებით, კი ტრანსგენდერი ქალები, ხდებიან.

„თანასწორობის მოძრაობა” პრაიდის კვირეულის განმავლობაში გააგრძელებს სერვისების მიწოდებას და მოუწოდებს თემის წევრებს საფრთხის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ პოლიციასა და ორგანიზაციას. თუმცაღა, ჩვენ კარგად ვიაზრებთ ჩვენი რესურსების სიმწირეს და ვაცხადებთ, რომ თავდასხმების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, ჩვენი რესურსები ვერ გაწვდეს ყველა შემთხვევას, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ თემის წევრები. აქედან გამომდინარე, გვსურს, მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდოთ იმ საფრთხეებისა და რისკების გაანალიზებისკენ, რომლის წინაშეც შესაძლოა პრაიდის კვირეულისა და მის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ“.

მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს

„თანასწორობის მოძრაობას” მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღების გამახვილება “ღირსების მარშის” გარშემო არსებული უსაფრთხოების საკითხებზე. უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ყველა ადამიანისა თუ სოციალური ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება. ლგბტ+ თემი წლებია ვერ სარგებლობს საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ვერ დაიცავენ “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოებას, მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს ამ ფაქტს.

“თანასწორობის მოძრაობა” თემის წევრების მიმართ გაზრდილი ძალადობის შემთხვევებიდან გამომდინარე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს ვალდებულება და დაიცვას ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, უზრუნველყოს თემის წევრების მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროაქტიურად იმუშაოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური დამოკიდებულებების წინააღმდეგ, რათა ლგბტ+ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებები შეიცვალოს“.

მიმართვა საქართველოს საპატრიარქოს

„გვსურს გამოვეხმაუროთ მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებას, რომელშიც ის ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება.

მიგვაჩნია, რომ ეკლესიის პოზიცია აღვივებს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს და ხელს უწყობს ძალადობასა და თავდასხმების ზრდას თემის წევრების მიმართ. მოვუწოდებთ, საპატრიარქოს შეწყვიტოს ლგბტ+ თემის წევრების დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა“.

მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს

„წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გამოუცხადებია ლგბტ+ თემის უფლებები პრიორიტეტულად და არ უზრუნია ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ სისტემური და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებაზე. გარდა ამისა, თემის უფლებები განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამუდმებით ხდება მანიპულაციისა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური სენტიმენტების გაღვივების ხარჯზე პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭის საგანი.

დაბოლოს, ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გაუტარებია სისტემური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღმოცენებისა და განვითარების შესაჩერებლად.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვსურს მივმართოთ პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ შეწყვიტონ ლგბტ+ თემის უფლებებით მანიპულირება, თემის სახელით საუბარი და პრაქტიკაში განახორციელონ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტები ქვიარ ადამიანების მიმართ“, - ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

სლოვენია ევროკავშირის სივრცეში მეთოთხმეტე ქვეყანაა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს გააჩნია.

„სლოვენიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.

სლოვენიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს,” - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტეინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა, ჩეხეთს და კვიპროსს.

კონტრაქციაზე დაკავებული 28 პირიდან 7 დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება

14 ივნისს, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული კონტრაქციის 28 მონაწილიდან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. 21-მა პირმა პოლიციის განყოფილება გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

14 ივნისს, ლგბტქი თემის წევრებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრების პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ სასულიერო პირები,​ ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი; ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

შსს: მიუღებელია, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობა და ძალადობის მუქარა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მიუთითებს, რომ უწყებისთვის მიუღებელია, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობა და ძალადობის მუქარა.

განცხადების თანახმად, სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეომასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება:

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

14 ივნისს, სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე. მათგან 7 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

კონტრაქციის მონაწილეები 14 ივნისს, რამდენიმე საათის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ კანცელარიასთან შეკრებილ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. ამასთანავე, პერიოდულად ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია გმობს კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ ქმედებებს

საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის გამოეხმაურა 14 ივნისს კანცელარიასთან გამართული აქციისას ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს:

როგორც მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებით ირკვევა, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მუშაობაში ხელს უშლიან და ემუქრებიან ჟურნალისტებს, რომლებიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

ინციდენტები შეემთხვათ გამოცემების: ნეტგაზეთის, ლიბერალის, რადიო თავისუფლების, აჭარის ტელევიზიის, TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს.

“ნეტგაზეთის” ცნობით, ჰომოფობიური აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს, გიორგი დიასამიძეს და ძირს დააგდო. გიორგი დიასამიძის თქმით, ამ პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.

„დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?“… „შენ დამახსოვრებული მყავხარ“, - ამ სიტყვებით ემუქრებოდნენ კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილეები “ლიბერალის” რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილსა და გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტს. გამოცემის ცნობით, ინციდენტის შემდეგ პოლიციამ აქციის ეს მონაწილე დააკავა.

“რა სულელი ყოფილხარ” - ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძეს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ მივიდნენ აქციაზე, რადგან მათ მისვლას დაპირისპირება მოჰყვა.

კონტრაქციის მონაწილეებმა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას, სამართალდამცველებმა კი მას დაცვის ნაცვლად ტერიტორიის დატოვება ურჩიეს: “ხომ ხედავთ, ყველაფერი აღიზიანებთ [იგულისხმება კონტრაქციის მონაწილეები]”.

ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, როდესაც ის აქციას აშუქებდა. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ კონტრაქციის მონაწილეები “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფსაც.

მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და მოქალაქეების აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა საპატრიარქოს წერილი, რომლითაც მან ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვას თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება. აქციის მონაწილეების მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს. აქციის დაწყებიდან ამ დრომდე ჟურნალისტებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყოს, რომ მედიის წარმომადგენლებმა პროფესიული მოვალეობა დაუბრკოლებლად შეასრულონ. ასევე, ქარტია მოითხოვს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს.

სამართალდამცველებმა კონტრაქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს

Georgia -- rally. 14Jun2019

სამართალდამცველებმა კონტრაქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სავარაუდოდ, ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პოლიციელები კონტრაქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან „თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეთა და მხარადამჭერთა ნაწილი, მათ შორის ელენე ხოშტარია, ნატა ფერაძე და თამარ კორძაია.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე კონტრაქციაზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ის პირია, ვინც “ტვ პირველის“ ჟურნალისტს თავს დაესხა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირი დადგენილია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

აქციაზე დაკავებულების შესახებ შს სამინისტრო ცოტა ხანში განცხადების გავრცელებას გეგმავს.

კანცელარიასთან რჩებიან ნაციონალისტური ჯგუფის წარმომადგენლები

მიუხედავად იმისა, რომ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის მეშვეობით დატოვეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა აქციის წარმომადგენლებმა, ადგილზე კვლავ რჩებიან კონტრაქციის მონაწილეები.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ დრო და დრო სამართალდამცავებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ხდება.

ამ დროისთვის უცნობია, აპირებენ თუ არა კონტრაქციის მონაწილეები დაშლას.

პოლიციამ ათზე მეტი პირი დააკავა კანცელარიასთან გამართული კონტრაქციის მონაწილეთა რიგებიდან.

ლგბტ თემის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები აქციას ტოვებენ

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა აქციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიაღწიეს პოლიციასთან შეთანხმებას და ტოვებენ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციის კორდონის მეშვეობით და გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ორგანიზებასთან დაკავშირებით.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს კონტრაქცია. კონტრაქციის მონაწილეები ნაციონალისტურ ჯგუფების წარმომადგენლები არიან.

მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც დააკავეს რამდენიმე ადამიანი

14 ივნისს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმეს. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტქ თემის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის ჩატარება.

ღირსების მარში დაგეგმილია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის (18-23 ივნისი) ფარგლებში. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ღონისძიების მონაწილეებს სახელმწიფო ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს.

მმართველი გუნდი კანცელარიასთან მიმდინარე პროცესებს არ ეხმაურება

კანცელარიასთან მიმდინარე პროცესებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეხმაურებიან.

კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათ მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლებას სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ პარტია დღეს ამ საკითხზე რაიმე სახის განცხადების გავრცელებას არ გეგმავს.

მცდელობის მიუხედავად, პარტიის სხვადასხვა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება. მისი აპარატი ინფორმაციას არ ფლობს, აპირებს თუ არა პრემიერი დღეს რაიმე სახის გამოხმაურებას.

მიმდინარე პროცესებს არ გამოხმაურებიან არც საქართველოს პრეზიდენტი და არც პარლამენტის თავმჯდომარე.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დარჩებიან მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები - მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს „თბილისი პრაიდის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

14 ივნისს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმეს. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტქ თემის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარება.

"ღირსების მარში" დაგეგმილია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის (18-23 ივნისი) ფარგლებში. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ღონისძიების მონაწილეებს სახელმწიფო ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს.

ნაციონალისტური ჯგუფები ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებიან

თუკი ლგბტქ თემის წარმომადგენლები ტერიტორიიდან არ გავლენ, კონტრაქციის მონაწილე ნაციონალისტური ჯგუფები მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

„პოლიცია ორი საათის წინ დაგვპირდა, რომ გაიყვანდა მათ ტერიტორიიდან, მაგრამ პირობა არ შესრულდა. ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ხელით შევეხოთ მაინცდამაინც?! მოვიდეს მთავრობა და გაგვცეს პასუხი“, - აცხადებს კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კონტრაქციის მონაწილეთა რიგებიდან მუდმივად ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები.

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევაც სცადეს. სწორედ ამ დროს გაიყვანა ტერიტორიიდან პოლიციამ კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ის. დასტურდება ცნობა 8 პირის დაკავების შესახებ - ყველა მათგანი კონტრაქციის მონაწილეა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ყვითელი ავტობუსები დაახლოებით ორი საათის წინ გამოჩნდა. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ავტობუსები მობილიზებულია ტერიტორიიდან მათი გაყვანის მიზნით.

ასევე ითქვა, რომ პოლიციამ მოაწყო საგანგებო დერეფანი. თუმცა აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს აქცია და კონტრაქცია. აქციას მართავენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები, ხოლო კონტრაქციის მონაწილეები ნაციონალისტურ ჯგუფებს წარმოადგენენ.

14 ივნისს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმეს. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტქ თემის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის ჩატარება.

ღირსების მარში დაგეგმილია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის (18-23 ივნისი) ფარგლებში. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ღონისძიების მონაწილეებს სახელმწიფო ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს.

კანცელარიასთან ვითარებას ომბუდსმენის აპარატი აკვირდება

მთავრობის კანცელარიასთან„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისა და მათი მოწინააღმდეგე ჯგუფის კონტრაქციის მიმდინარეობას აკვირდება სახალხო დამცველი,- ამის შესახებ ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, ის აქციის ადგილას აკვირდება რამდენად ართმევს სახელმწიფო თავს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოვალეობას.

“სამართალდამცველების პოზიცია, ბუნებრივია, მარტივია და ის ეფუძნება კონსტიტუციას. აქ მყოფ ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ შეიკრიბონ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ მშვიდობიანად. ამაში თუ სახელმწიფო დახმარება იქნება საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ თუ ვინმე შეუქმნის მათ საფრთხეს, სახელმწიფომ უნდა დაიცვას. მე და ჩემი კოლეგებიც აქ იმიტომ ვართ, რომ ვნახოთ, სახელმწიფო თავის დაკისრებულ მოვალეობას როგორ ართმევს თავს, რამდენად არის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, რამდენად იცავს სახელმწიფო აქციის მონაწილეებს იმ პირებისგან, რომლებიც შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს აქაურობას. ვაკვირდებით და კონკრეტული შეფასების გაკეთება გაგვიჭირდება. რასაც ვუყურებთ, ამ ეტაპზე მგონი, მშვიდობაა. საბოლოო შეფასება ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გევქნება. მაგრამ საფრთხე რომელსაც ვხედავთ – ვერბალური შეტევები, გინება, რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოებრივი წესრიგი, რომელიც ირღვევა და რომელიც ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, სახელმწიფოსგან რეაგირებას უნდა საჭიროებდეს”, – განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.

კანცელარიასთან ორი აქცია მიმდინარეობს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული. ადგილზე ვითარებას რამდენიმე ასული პოლიციელი აკონტროლებს და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის კორდონი აქვს აღმართული.

აქცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

ელენე ხოშტარია: პოლიციამ მოძალადეები უნდა გაიყვანოს

ვინც იმუქრება და მოძალადეა, ისინი უნდა გაიყვანოს ტერიტორიიდან პოლიციამ და არა მშვიდობიანი მოქალაქეები, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი აშორებს აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს.

„აქ არის ყველაზე მთავარი სახელმწიფოს არასწორი დამოკიდებულება აზრის გამოხატვის, მუქარის და ძალადობის მიმართ. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ აზრი გამოხატონ და იქით არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან ამაში. სახელმწიფო, კანონის მიხედვით არ აძლევს მოძალადეებს უფლება, რომ ხელი შეუშალონ სხვებს აზრის გამოხატვაში. ვინც ძალადობს, ის უნდა გაიყვანონ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამოჩნდა ყვითელი ავტობუსები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებამ ავტობუსები ტერიტორიიდან მათი გაყვანის მიზნით მოიყვანა.

ელენე ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თუმცა დეპუტატმა ასევე აუხსნა მათ, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის ყველა მოქალაქისთვის და ტერიტორიიდან მოძალადეების გაყვანა უნდა მოხდეს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს აქცია და კონტრაქცია. აქციას მართავენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, ხოლო კონტრაქციის მონაწილეები ნაციონალისტურ ჯგუფებს წარმოადგენენ.

„წადით თქვე უპატრონოებო", "რას ზიხართ, წადით საქართველოს გამყიდველებო", "ქვეყნის შემარცხვენლებო", "ქათმებო", "უჯიშოებო", გარეწრებო, "მოდი უნდა ჩაგეხუტო“,- ასეთი შეძახილები ისმის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციაზე.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის (18-23 ივნისი) ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის მონაწილეებს. 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას ამ ღონისძიების ჩატარება.

14 ივნისს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმეს. პოლიციამ დააკავა 8 პირი - ყველა მათგანი კონტრაქციის მონაწილე იყო.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ჯგუფს ვინც ეს ქმედებები წაახალისა

მთავრობის კანცელარიასთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ის ადგილზე ვითარებაში გარკვევის მიზნით მივიდა.

„საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ მთელი პასუხიმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები, რადგან ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას. საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და მიუხედავად ამისა, როდესაც წინასწარ იციან საზოგადოების განწყობა, მაინც ხდება ასეთი ქმედებების. მთელი პასუხიმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ამის ორგანიზატორია“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.

კანცელარიასთან ამ წუთებში ორი აქცია მიმდინარეობს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული. ადგილზე ვითარებას რამდენიმე ასული პოლიციელი აკონტროლებს და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის კორდონი აქვს აღმართული.

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ 8 პირი
დააკავა. ყველა მათგანი კონტრაქციის წარმომადგენელია. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

აქცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

„თბილისი პრაიდის“ მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების პირველ პირებს გააკეთონ განცხადებები „თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე:

„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონტრაქციიდან ლგბტქ აქტივისტების აქციის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმის

„წადით თქვე უპატრონოებო", "რას ზიხართ, წადით საქართველოს გამყიდველებო", "ქვეყნის შემარცხვენლებო", "ქათმებო", "უჯიშოებო", "გარეწრებო", "მოდი უნდა ჩაგეხუტო“, - ასეთი შეძახილები ისმის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციაზე. ისინი ამგვარი ეპითეტებით მიმართავენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა აქციის მონაწილეებს.

კანცელარიასთან ამ წუთებში ორი აქცია მიმდინარეობს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული. ადგილზე ვითარებას რამდენიმე ასული პოლიციელი აკონტროლებს და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის კორდონი აქვს აღმართული.

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ 8 პირი
დააკავა. ყველა მათგანი კონტრაქციის წარმომადგენელია. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

„თბილისი პრაიდის“ მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების პირველ პირებს გააკეთონ განცხადებები „თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე:

„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გურამ ფალავანდიშვილი: მათ სურთ ჩვენი სულიერი გაუპატიურება

არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ თვითონ დავშალოთ ეს აქცია, - თქვა მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა.

"თუ პოლიცია მათ ასეთ კორდონს შეუქმნის და კიბეებზე დატოვებს პროვოკატორებს, რომლებიც მაღლა სწევენ თავის პლაკატებს და გადასცემენ უცხოეთში, თუ როგორც ჩაგრავენ თავიანთ ქვეყანაში. სწორედ ეს არის მათი მიზანი, მათ სურთ ჩვენი სულიერი გაუპატიურება“ - ამბობს ფალავანდიშვილი, რომელიც გეგმავს თანამოაზრეებთან ერთად შექმნას ორგანიზაცია, რომელიც, მისი თქმით, დაიცავს სამართლიანობას და ლგბტ თემის წარმომადგენლებს არ მისცემს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების უფლებას.

მთავრობის კანცელარიასთან აქცია და კონტრაქცია პარალელურად მიმდინარეობს. აქციების მსვლელობისას დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილის შვილი, რომელმაც ლგბტ აქციის მისამართით ცარიელი ბოთლი ისროლა, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.

აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან დააკავა კონტრაქციის რვა მონაწილე

საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 1 მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ აქციის წევრებს, რომლებსაც ასევე ესროლა კვერცხები.

სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი,იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 8 პირი
დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კანცელარიასთან აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც „ლიბერალის“ ჟურნალისტს ემუქრებოდა

კანცელარიასთან, სადაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათი მოწინააღმდეგეების აქცია იმართება, პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მედიასაშუალება „ლიბერალის“ ჟურნალისტებს ემუქრებოდა. დაკავებას, ადგილზე დაპირისპირება და არეულობა მოჰყვა.

კონტრაქციის მონაწილეები „ლიბერალის“ ჟურნალისტებს ტელეფონის დამტვრევით დაემუქრნენ და მოითხოვნდნენ განმარტებას თუ რატომ იყვნენ ისინი კანცელარიასთან.

როგორც „ლიბერალის“ რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას კანცელარიასთან მისული კონტრაქციის წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ მათი ვინაობით. განარტების შემდეგ, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ, მათგან მუქარის სიტყვები მოისმინეს.

„მიზანმიმართულად ცდილობდნენ გაეგოთ, რომელი გამოცემის ჟურნალისტები ვიყავით, გაეგოთ სახელები და გვარები, რაზეც ვუპასუხეთ, რომ არ გვინდა და არ გეტყვით, ეს არის საჯარო სივრცე სადაც ვასრულებთ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას. მათგან წამოვიდა აგრესია, გვითხრეს, რომ დაგვილეწავდნენ ტელეფონს, ერთ-ერთმა მათგანმა გამოიწია ჩვენსკენ. ამ აგრესიაზე, პოლიციელებს მივმართე, რომ ეს ორი ადამიანი გაეყვანათ. ჩემმა ამ მოწოდებამ სხვა ადამინებშიც გამოიწვია აგრესია და მეძახდნენ პროვოკატორს“, - უთხრა ლიკა ზაკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

კანცელარიასთან ამ წუთებში ორი აქცია მიმდინარეობს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული. ადგილზე ვითარებას რამდენიმე ასული პოლიციელი აკონტროლებს. და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის კორდონი აქვს აღმართული.

ნინო ბოლქვაძე: სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, თუ ისევ – თეოკრატიულში

აქტივისტი და თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე პრემიერს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის ვიცე სპიკერს მოუწოდებს, გააკეთონ განცხადებები და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით.

"ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს ქართულს უწოდებს, სინამდვილეში არის მარგინალური, ფაშისტური, ძალადობრივი დანაშაულებრივი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აკეთებს საჯარო განცხადებებს, რომელიც საზოგადოების გახლეჩვისკენ არის მიმართული.

დღეს საპატრიარქოს განცხადება იყო 2013 წლის 17 მაისის წინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, რომლებიც ჩვენს ჯგუფს არ განიხილავს ადამიანებად და გვეუბნებოდნენ, რომ არ მიგვიჩნევენ სიცოცხლის დაცვის ღირსად. „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობები. მივმართავთ საჯარო მოხელეებს, შს მინისტრს გიორგი გახარიას, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს, პრემიერ-მინიტრს მამუკა ბახტაძეს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, თუ ისევ – თეოკრატიულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფმა მას შემდეგ დაგეგმა, რაც საპატრიარქომ პრაიდის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა.

მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანიზატორების აქციის პარალელურად კონტრაქცია მიმდინარეობს, რომელსაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები აწყობენ. აქციების მსვლელობისას დაკავებულია 5 ადამიანი.

„ევროპული საქართველო“: ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა

კანცელარიასთან მიმდინარე აქციისა და კონტრაქციის თაობაზე „ევროპული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

„ქართული ოცნების მთავრობა განაგრძობს მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას.

დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა.

მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება.

სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა როცა მთავრობა პოლიტიკურ პარტნიორებად ძალადობრივ ჯგუფებს განიხილავს და მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან.

ევროპული საქართველო მხარს უჭერს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის. ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა. თავისუფალი ქვეყანა ისაა, სადაც ყველას და მათ შორის ლგბტქ ადამიანებს აქვთ ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა“, - წერია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

მთავრობის კანცალარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ხელშეშლის მიუხედავად აქციის გამართვა მაინც მოახერხეს. აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე „ქართული მარშის“ „მართლდადიდებელ მშობლეთა კავშირის“ წარმომადგენლები, ლევან ვასაძე, სასულიერი პირები მივიდნენ. ისინი არ აძლევდნენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩაატარების საშუალებას.

კანცელარიასთან 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის 4 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს.

აღნიშნული პირები შეეცადნენ გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი. სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს.

დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში

მთავრობის კანცელარიასთან ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია.

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მისმა შვილმა ლგბტ აქციის მისამართით ცარიელი ბოთლი ისროლა, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ალექსანდრე ფალავდიშვილი და მისი კიდევ ერთი თანამოაზრე პირი.

დაკავების ფაქტს სამართლდამცავებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა- შემოხლა მოჰყვა. სამართლდამცავებმა კონტრაქციის ორივე მონაწილე ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანებით გაიყვნეს.

მთავრობის კანცალარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ხელის შეშლის მიუხედავად აქციის გამართვა მაინც მოახერხეს.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე „ქართული მარშის“ „მართლდადიდებელ მშობლეთა კავშირის“ წარმომადგენლები, ლევან ვასაძე, სასულიერი პირები მივიდნენ. ისინი არ აძლევდნენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციია ჩაატარების საშუალებას.

მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის მთავრობა გადადგება

პაველ ფილიპი

მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ (PDM) გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის მთავრობა გადადგება. ამგვარად, დასასრულს უახლოვდება დაპირისპირება მასა და ახალშექმნილ კოალიციურ მთავრობას შორის. გადაწყვეტილების შესახებ 14 ივნისს კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჩებოტარიმ. მისი თქმით, PDM-მა გადაწყვიტა, უკან დაიხიოს, რათა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც პარტია დაუპირისპირა პროევროპული და პრორუსული ძალების ალიანსს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა გაურკვეველი ვითარება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. „ჩვენ უკან ვიხევთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, რომელიც შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს“, განაცხადა ჩებოტარიმ. თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მას მერე, რაც მოლდოვის პარალამენტში კრიზისული ვითარება შეიქმნა, საკონსტიტუციო სასამართლომ 7 ივნისს მიიღო პარლამენტის დაშლისა და ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება.

ლევან ვასაძე: სიბილწის პროპაგანდისტებს არ ვაზეიმებთ

"ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ საქართველოში გარყვნილების ზეიმი არ დავუშვათ - ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში რამდენი ელჩიც არ უნდა ერეოდეს, რამდენი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე, ანტიკავკასიურ, ანტიტრადიციულ ცხოვრების წესს სიბილწის პროპაგანდისტებს ჩვენ არ ვაზეიმებთ, "- თქვა კანცელარიასთან მისულმა ლევან ვასაძემ, სადაც იგეგმებოდა აქტივისტების აქცია "სახელმწიფო, სად ხარ?".

აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად მისულმა ლევან ვასაძემ ვასაძემ ისიც თქვა, რომ სამღვდელოებაზე, მღვდელთმთავრებსა და მეუფეებზე უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლას აქვს ადგილი.

“შეხვედრა იყო ერთ-ერთ დასავლურ საელჩოში. ვიცით, რომ ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. იმის ნაცვლად, რომ ის დასავლეთი, რომელსაც ჩვენ შევღაღადებდით და მივმართავდით, როგორც ჩვენს იმედს, რომ გავთავისუფლდებოდით საძულველი მარქსიზმისაგან, შემდეგი ფორმაციის გალიად მოგვევლინა - ცდილობს დაგვაძალოს ანტიტრადიციული, ანტიქრისტიანული ანტიკავკასიური, ანტიქართული ნორმები, რომელიც ჩვენთან ნორმა ვერასდროს ვერ გახდება“, - თქვა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ის 15 მაისს შეხვედრას გამართავს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეუშალოს ხელი თბილისი პრაიდის ჩატარებას.

“ჩემი დაპატიჟება ძირითადად მამაკაცებს შეეხება. ის გასაკეთებელი, რაც ჩვენ გვექნება, კაცების გასაკეთებელი იქნება. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ, ყველაფერს აქციაზე აგიხსნით. მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ“, - ამბობს ლევან ვასაძე.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს ლევან ვასაძის მხარდამჭერებისგან პოლიციის კორდონი ყოფს. აქცია კანცელარიასთან დაგვიანებით დაიწყო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG