Accessibility links

ახალი ამბები

შსს-მ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და გამოძიება არ დაწყებულა, ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ფილმის შესაძლო პორნოგრაფიული შინაარსის გამო მოკვლევის დაწყების მოთხოვნით შსს-ს მიმართა „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი განცხადებით, ფილმი პორნოგრაფიულ შინაარსს შეიცავს, არ არის დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა, რაც აკრძალულია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩვენების გადადებას მოითხოვდა იმ დრომდე, სანამ ფილმში პორნოგრაფიული შინაარსის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა.

ლევან აკინის ფილმის ბილეთებზე აღნიშნულია, რომ სეანსებზე მოქმედებს R Rating შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ 17 წლამდე ბავშვები კინოჩვენებას უნდა დაესწრონ მშობლის ან მეურვის თანხლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 27 ადამიანი დააკავა.

„კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება“, - აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს თბილისში, ხოლო 3 - ბათუმში. ფილმის ჩვენებისას აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება:

  • ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე - დაკავებულია ერთი ბრალდებული;
  • დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე;
  • პოლიციელებზე თავდასხმისა და ორი პოლიციელის დაშავების ფაქტზე;
  • შსს-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8,9,10 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება მოეწყო.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ნიკა მელიას პროცესი

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან და ბრალდების მხარის ორ მოწმეს მოუსმენენ.

რაც შეეხება ნიკა მელიას პროცესზე დაუსწრებლობის საკითხს, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას ერთ-ერთ წინა პროცესზე დარბაზი იძულებით დაატოვებინეს და, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ შეზღუდვა სასამართლო პროცესების ბოლომდე გაგრძელდეს.

ადვოკატის განცხადებით, ამის მიუხედავად, შესაძლოა, დაცვის მხარემ მიმართოს სასამართლოს, რომ ნიკა მელია პროცესებს დაესწროს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ, მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური უკეთია.

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

დღეს, 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით პირველ ნოემბერს მიმართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების და სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება შესაბამის კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის დასკვნებს და მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ლომჯარიას თქმით, პრობლემურია ორი საკითხი - კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დაუსაბუთებლად მიღება და გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს გადაწყვეტილება, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს, გასაჩივრების უფლების არარსებობით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა, სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის არამართლზომიერება.

საკონსტიტუციო სარჩელით სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების შეჩერების შუამდგომლობითაც.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება ვერ შეაჩერებს საქართველოს პარლამენტისათვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელი კენჭისყრის პროცესს, თუმცა, გავლენა ექნება მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე, ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 8 ნოემბერს დასრულდა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. სულ 20 კანდიდატია წარდგენილი. მათ კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

ძლიერი ხანძრის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დახმარებას რუსეთში ეძებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მაღალმთიანი სოფლის ფსხუს ტყის მასივში ძლიერი ხანძარია. ფსხუ სოხუმიდან 150 კილომეტრში, ზღვის დონიდან 760 მეტრზე მდებარეობს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიით, ცეცხლი მოდებულია ათ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, რთულად მისადგომ ადგილებზე ვრცელდება და მისი ლიკვიდაცია მხოლოდ ავიაციის გამოყენებითაა შესაძლებელი.

დე ფაქტო უწყების ცნობითვე, მაშველებმა ტერიტორია ვერტმფრენიდან დაათვალიერეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ტრაექტორიიდან, თუმცა, ზუსტი სურათის დადგენა ვერ შეძლეს ძლიერი დაკვამლიანების გამო. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად რუსეთს მიმართავს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2011 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით, სოფელ ფსხუში ცხოვრობდა 189 ადამიანი, ძირითადად, რუსები(91%).

მთავარეპისკოპოს იაკობის განცხადების შესწავლის საკითხი პარლამენტის ბიუროს წინაშე დადგება

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნის საკითხს.

ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის თანახმად, მეუფე იაკობის საჯარო განცხადება, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა პროცესის მომზადებაში.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ 2018 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგნ საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. სამივე მათგანი ამას უარყოფს.

28 ოქტომბერს, საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანება, რომლის თანახმად, მთავარეპისკოპოს იაკობის პირადი თხოვნის საფუძველზე, ის გათავისუფლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებისგან.

მეუფე იაკობის საჯარო განცხადებაზე 31 ოქტომბერს იმსჯელეს სინოდის სხდომაზე. ოქმის თანახმად, „მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო. წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“.

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა

ევო მორალესი

საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი. პოსტები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტმა, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და გუბერნატორებმა.

ხელისუფლების პირველი პირის უფლებამოსილება დროებით გადაეცა ბოლივიის სენატის ვიცე-სპიკერს, ჟანინ ანიესს. მან მოიწვია პარლამენტის საგანგებო სესია, რომელზეც ოფიციალურად გაფორმდება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეთა გადადგომა. ჟანინ ანიესი გამოაცხადებს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღსაც.

ბოლივიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ოთხი დღით ადრე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი მაშინ, როცა წინასწარი შედეგები მეორე ტურის ალბათობაზე მიუთითებდა.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სამი ადამიანი და სამასამდე დაიჭრა.

გასული კვირის ბოლოს ევო მორალესი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, თუმცა, არმიამ და პოლიციამ მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც იძულებული გახდა პრეზიდენტის თანამდებობდან გადამდგარიყო.

10 ნოემბერს პოლიციამ დააკავა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელები, რომლებიც ეჭვიტანილები არიან არჩევნების გაყალბებაში.

ბოლივიელებმა ევო მორალესის გადადგომა ქუჩებში საზეიმო მსვლელობებით აღნიშნეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მორალესმა ქვეყანა დატოვა.

ბოლივიის ფერმერთა პროფკავშირის ყოფილი ლიდერი, მემარცხენე ევო მორალესი პრეზიდენტის თანამდებობას 2006 წლიდან იკავებდა.

საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

საქართველოში იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. მისი ვიზიტი უკავშირდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას.

საქართველო მინისტრთა კომიტეტის ექვსთვიან თავმჯდომარეობას 2019 წლის 27 ნოემბერს, საფრანგეთისგან გადაიბარებს. ამჟამად კომიტეტს ხელმძღვანელობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.

დღეს, 11 ნოემბერს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პირველ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარები განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. შეხვედრის შემდეგ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და დავით ზალკალიანი მედიისთვის გააკეთებენ განცხადებას საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შესახებ, რომელიც სტრასბურგში გაიმართება.

გენერალური მდივნის ვიზიტისას დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტის და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად ისახავს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უფრო მეტად დაახლოებას.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს.

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ლიდერობენ სოციალისტები

პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტია“ ხმათა 29%-ით ლიდერობს ესპანეთში კვირას ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში. ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების საერთო რაოდენობის 20%-ის დათვლის შედეგად მიღებული მონაცემი.

ამ წინასწარი შედეგით მეორე ადგილზეა კონსერვატიული სახალხო პარტია ხმათა 20%-ი, ჯერჯერობით ხმათა 10%-ს იღებს ულტრამემარცხენე „უნიდას პოდემოსი“, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტული „სიუდადანოსს“ 5,5%-ი.

მანამდე გამოქვეყნებული ეგზიტპოლები უჩვენებს ულტრამეამრჯვენე პარტია „ვოქსის“ („ხმა“) ამომრჩევლების მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ეგზიტოლების შედეგებით ესპანელი ულტრამემარჯვენეები 350-ადგილიან პარლამენტში სავარაუდოდ 56-59 მანდატს მიიღებენ, რაც ორჯერ მეტია მათ მიერ წინა, აპრილის საპარლამენტო არჩევნების, დროს ნაჩვენებ შედეგებზე.

ესპანეთში კვირას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა მას შემდეგ, რაც მმართველმა „სოციალისტურმა პარტიამ“ ვერ მოახერხა სამთავრობო კოალიციის შექმნა და სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი

კლაუს იოჰანისი

ეგზიტპოლების თანახმად, რუმინეთში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაწინაურდა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელსაც ხმების დაახლოებით 39%-ს ღებულობს.

იოჰანისის კანდიდატურას მხარს უჭერს ეროვნულ-ლიბერალური პარტია (PNL), რომელიც წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანის უმცირესობის მთავრობაში.

მეორე ადგილს იკავებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვიორიკა დანჩილა, რომელსაც ეგზიტპოლების თანახმად 22%-ი აქვს. ამასთან, ორი სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების კვლევაში არ აისახა საზღვარგარეთ რუმინეთის დიასპორის წარმომადგენლების, დაახლოებით 660 ათასი ამომრჩევლის ხმები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რუმინეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურობა შეადგენდა 48%-ს, ხოლო არჩევნებში მონაწილეობდა 14 კანდიდატი.

თუ ეგზიტპოლების შედეგები უცვლელი დარჩა, მაშინ რუმინეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

22 კაცი დაშავდა ერაყში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს მომხდარი ძალადობის შედეგად

სულ მცირე 22 კაცი დაშავდა ერაყში მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ანტისამთავრობო დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებმაც, როგორც წინა დღეს, ამჯერადაც სცადეს ბაღდადის ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვა.

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა შეძლეს დემონსტრანტების განდევნა იმ ხიდებიდან, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ და იქიდან ცდილობდნენ მდინარე ტიგროსის გადაღმა ბაღდადის „მწვანე ზონაში“ შესვლას.

ერაყში მიმდინარე უწყვეტი ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად 250 კაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა რამდენჯერმე გახსნეს ცეცხლი რადიკალურად განწყობილი ბრბოს დასაშლელად.

ქვეყანაში კვლად არ წყდება ხალხმრავალი გამოსვლები, ერაყში გამეფებული კორუფციისა და უმუშევრობის წინააღმდეგ.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულამ მაჰდიმ გარკვეულ ზომებს მიმართა ვითარების განსამუხტავად. მათ შორის იყო ღარიბებისათვის შემწეობის დარიგება და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება, მაგრამ ამან არ დააკმაყოფილა დემონსტრანტების მზარდი მოთხოვნები. ისინი უკვე მთავრობის გადადგომას და მთელი პოლიტიკური ელიტის შეცვლას ითხოვენ.

აშშ-ის სამხედრო ძალა ავღანეთში კიდევ რამდენიმე წელს დარჩება

გენერალი მარკ მილი

აშშ-ის არმის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ამერიკის სამხედრო ძალა, რომელიც ავღანეთში უკვე 18 წლის განმავლობაში იმყოფება, ქვეყანაში სავარაუდოდ კიდევ რამდენი წლით დარჩება.

ტელეკომპანია „ეიბისისათვის“მიცემულ ინტერვიუში გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალის შესვლის მთავარი მიზანი იყო ქვეყანა კვლავ არ გადაქცეულიყო თავშესაფრად იმ ტერორისტებისათვის, რომლებიც განახორციელებდნენ თავდასხმას აშშ-ზე.„ეს მისია ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესრულებული. ამ მისიის წარმატებით შესრულებისათვის საჭიროა, რომ ავღანეთის მთავრობას და ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებს საკუთარი ძალით შეეძლოთ თავიდან აიცილონ ტერორისტების მიერ ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით აშშ-ზე თავდასხმის განსახორციელებლად“, - განაცხადა გენერალმა მილიმ.

ავღანეთში ამჟამად მთლიანობაში 14 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ დადგა დრო აშშ-მა გადახედოს თავის როლს გლობალურ კონფლიქტებთან, მათ შორის სირიაში მიმდინარე ომთან, დაკავშირებით.

„აშშ-ის სამხედრო ძალა ახლოა აღმოსავლეთში დარჩება „მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში, რადგან დახმარების გასაწევად იქ ყოფნა, ჩვენს ეროვნულ ინტერესში შედის“ - განაცხადა გენერალმა მარკ მილიმ.

გენერლის თქმით, იგი ფიქრობს, რომ სირიის მოწესრიგებისათვის იქ დარჩება დაახლოებით 500 ამერიკელი სამხედრო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება სირიის ნავთობის საბადოების დაცვის უზრუნველსამოფად სამხედრო მისიის გაფართოების თაობაზე.

გიორგი გაბუნია: მღვდელმა, საკურთხეველში, ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი

გიორგი გაბუნია

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ წარსულში მღვდელმა საკურთხეველში შეიყვანა და უნებართვოდ რამდენჯერმე შეეხო პენისზე.

10 ნოემბრის გადაცემაში "პოსტ ფაქტუმ" წამყვანმა პირდაპირ ეთერში დეტალურად ჰყვება სასულიერო პირის მხრიდან სექსუალური შინაარსის ქცევის ისტორიას, რომელიც, მისი თქმით, წლების წინ "პირტიტველი ჭაბუკობისას" გადახდა.

გაბუნიას სიტყვებით, პირველად წავიდა წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში, რომელშიც მღვდელმა ტაძრის დათვალიერება შესთავაზა, ექსკურსიის დროს კი სამჯერ შეეხო პენისზე. გაბუნია ამბობს, რომ პირველ შემთხვევაში შემთხვევითობა ეგონა, მეორედ - შეგნებულად "ვიოლინოსავით ჩაუსვა ხელი", მესამედ კი - საკურთხეველში შეიყვანა და იქ "ჯოისტიკივით დაიჭირა მისი ერთი ადგილი".

წამყვანის თქმით, მღვდელს "ძლივს მოაგლეჯინა" ხელი, თუმცა სასულიერო პირმა ახლა "სამრეკლოზე ასვლა" შესთავაზა. გაბუნია ამბობს, რომ მღვდელთან სექსი მის გეგმებში არ შედიოდა, ტაძრიდან წამოვიდა და იქ აღარ მიბრუნებულა.

გიორგი გაბუნიას ისტორია სრულად ასეთია:

შევდივარ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. პირველად ვარ ამ ტაძარში და მეტყობა კიდეც, რომ უცხოდ ვგრძნობ თავს. ვეცნობი სიტუაციას და ცოტა ხანში ჩემთან მოდის მღვდელი, რომელმაც შეამჩნია, ალბათ, რომ უცხო ვიყავი. მეუბნება, მოდი, მე დაგათვალიერებინებ ტაძარსო. მე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე, გამიხარდა კიდეც.

დაიწყო მოყოლა: აი, აქ ეს გამოსახულებაა, აქ ეს და ა.შ. ცოტა ხანში, სრულიად მოულოდნელად ვგრძნობ, რომ წინ რაღაც შემეხო. რა თქმა უნდა, რეაქცია ისეთი მოულოდნელი მქონდა, ვიფიქრე, რომ რაღაცას დავეჯახე, მაგრამ ირგვლივ არაფერი არ იყო. მივხვდი, რომ ეს მღვდელი იყო. ჩავთვალე, რა თქმა უნდა, რომ ამდენ ხელის ქნევაში, უბრალოდ, ხელი მოუხვდა უადგილო ადგილას-მეთქი. რა უნდა მეთქვა, თან ხალხში ვართ.

გავაგრძელეთ ეს ექსკურსია და მიყვება: აქ ასეა... ცოტა ხანი კიდევ რომ გავიდა, უკვე ვიგრძენი აშკარა შეხება. ვიოლინოსავით ჩამისვა ხელი, ეს უკვე აშკარად შეგნებულად გაკეთებული ჩასმა იყო.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ტაძარში, ხალხში და უცებ აღმოვაჩინე, რომ მღვდელი წინ მისვამს ხელს.

არ ვაპირებ იქ სკანდალის ატეხვას. ცხოვრებაში არ მიცემია არავინ, მით უმეტეს, მღვდელს არ ვცემდი ეკლესიაში. მივედით საკურთხევლამდე და მეუბნება, წამოდი, შევიდეთო, იქ ისეთ რამეს გაჩვენებ, რასაც სხვაგან ვერ ნახავო.

ისევ უხერხულად ვგრძნობდი თავს, წესით, ამ მომენტში უნდა მეთქვა, რომ კარგად იყავით-მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად ვიფიქრე, რა უნდა ქნას ასეთი, ბარემ მაჩვენოს საკურთხეველიც და მერე წავალ-მეთქი.

შევედით საკურთხეველში - განსხვავება ტაძრისგან ის არის, რომ იქ სრულიად მარტო დავრჩით მე და მღვდელი. ისევ აგრძელებს ამ თავის მოყოლას, მეც არ ვიმჩნევ, ხომ იცით, როგორც ხდება ასეთ სიტუაციებში, თითქოს არაფერი არ ხდება, არ იმჩნევ...

მათვალიერებინებს ყველაფერს და რაღაც ეტაპზე ატყობს, რომ დაძაბული ვარ და მეუბნება, ნუ გერიდებაო, შეეხე, მოუსვი ხელი ფრესკებსო, ნახეო, იგრძენი როგორი ტექსტურააო.

მეც დავემორჩილე და ამ დროს თვითონ ისეთი მომისვა, ამას მოსმა აღარ ჰქვია. ჩვეულებრივად ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი. სიტუაცია უკვე ისეთი იყო, რომ ნამდვილად ვერც ერთი ვერ მოვიტყუებოდით, რომ ვითომ რაღაცა შემთხვევით ხდება. მე ავკარი ხელი, ავკარი კი არა, ძლივს მოვაგლეჯინე. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად მივხვდი, რომ უკვე იწყებოდა სექსი მღვდელთან პირდაპირ ტაძრის საკურთხეველში, რაც არ შედიოდა ჩემს გეგმებში იმიტომ, რომ იქ სულ სხვა განწყობით და მიზნით მივედი. იმ მღვდლისთვის, ალბათ, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ამ იდეამ დიდად არ მომხიბლა.

ამ მომენტში ვეუბნები, საკმარისია, უნდა წავიდე-თქო.

უცებ მეუბნება, არა, მოდი სამრეკლოზე უნდა აგიყვანოო. ნუ, ალბათ, ეს სიმბოლურად მითხრა - სამრეკლო, ალბათ, ნამდვილიც და თავისი სამრეკლოც იგულისხმა.

მე ვუთხარი, არ მინდა თქვენს სამრეკლოზე ასვლა-მეთქი.

არაო, - ირონიულად ჩაიცინა, - რა იყო, ჩვეულებრივი სამრეკლოაო.

არ მინდა-მეთქი, მადლობა და წავედი-მეთქი.

კარგი, კარგი, არ გინდა და ნუ გინდაო. არც უცდია, რომ დავრჩენილიყავი.

რომ გამოვედი საკურთხევლიდან, თვალის ჩაკვრით დამემშვიდობა. წამოვედი და თან ხომ მივხვდი, ეს მღვდელი ამას პირველად არ იზამდა. აშკარად, ტაძარში ვინც ხშირადაა, კარგად ეცოდინებოდა, რომ ამას ხშირად აკეთებდა. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამიტომ, ვითომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ისე გამოვდიოდი.

მივედი კარამდე და უკვე რომ უნდა გავსულიყავი, გამოვიხედე საკურთხევლისკენ და რას ვხედავ - იმ მღვდელს, უკვე შემდეგი ბიჭი ჰყავს აყვანილი და გადის ზუსტად იგივე გზას, რომელიც მე გამატარა და მიჰყავს ეს ბიჭი საკურთხევლისკენ.

წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში იმ მღვდელს რამდენი ბიჭი ჰყავს ასე შეყვანილი იმ საკურთხეველში და რამდენი ჰყავს სამკრელოზე აყვანილი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

იმ ბიჭის შემთხვევაში რა მოხდა, არ ვიცი. მე გამოვედი ტაძრიდან და იქ აღარასდროს დავბრუნებულვარ.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლოს სხდომა, ზუგდიდის სასამართლო

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეეფარდათ. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხავნიძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათ გირაო შეეფარდათ სხვადასხვა რაოდენობის თანხის სახით.

ბრალდებულების ნაწილი თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალს არ აღიარებს საკრებულოს თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე პირი.

8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, ემსხვერპლა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოავარიას, 10 ნოემბერს საღამოს. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რომელთაგან ერთი, სადაც მამა-შვილი ისხდნენ, მთლიანად დაიწვა. სამედიცინო ეკიპაჟებმა ხუთი დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.

ავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგილზე მისული საპატრულო პოლიცია ადგენს.

ამჟამად რუსთავი-ლილოს გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

უკრაინელი ნაციონალისტი იგორ მაზური პოლონეთმა თავდებით გაათავისუფლა

უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობა „უნა-უნსოს“ ერთ-ერთი ლიდერი და უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისრის სამდივნოს წარმომადგენელი იგორ მაზური პოლონეთის პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ 10 ნოემბერს გაათავისუფლა ლიუბლიანაში უკრაინის გენერალური კონსულის თავდებობის ქვეშ.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუკით“ გაავრცელა უკრაინის ვერხოვნა რადას კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლიუდმილა დენისოვამ, რომელმაც დასძინა, რომ „ბრძოლა ჩვენი თანამემამულის ბედისთვის გრძელდება, რათა იგი არ გადაიქცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური შურისძიების მძევლად“.

უკრაინის მხრიდან საექსტრადიციო მოთხოვნამდე მაზური უკრაინის გენერალურ საკონსულოში იცხოვრებს.

9 ნოემბერს გავრცელებული ცნობით, იგორ მაზური პოლონეთში რუსეთის თხოვნის საფუძველზე დააკავეს.

რუსეთის მიერ იგი ეჭვმიტანილია ჩეჩენი სეპარატისტების მხარეზე მოქმედებაში 1990-იანი წლების საბრძოლო მოქმედებების დროს.

ამის შესახებ ინფორმაცია 9 ნოემბერს გაავრცელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, რომელმაც ამ საქმეს „კრემლის გულის მოსაგებად შეთითხნილი“ უწოდა და პოლონეთს მისი სწრაფად და ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდა.

პოლონეთის საელჩოს წინ კიევში 9 ნოემბერს გაიმართა საპროტესტო აქცია უკრაინელი აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით.

ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია

ნინო სუხისშვილი. 2013 წლის ფოტო

ქართული ეროვნული ბალეტის დირექტორი ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩის პოზიციას ინარჩუნებს.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სიცრუეა ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნინო სუხიშვილს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება შეუჩერეს:

„გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის“.

ლევან ვასაძე და მისი მომხრეები კვლავ გამართავენ აქციას „ამირანის“ წინ

ლევან ვასაძე

ულტრანაციონალისტების ლიდერი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მომხრეები აპირებენ კინოთეატრ „ამირანთან“ საპროტესტო აქციის გამართვას. ექსცესების თავიდან ასაცილებლად კინოთეატრთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საპატრული პოლიციაა მობილიზებული.

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. ჩვენებას ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მისი თანამოაზრეები და „ქართული მარში“ ეწინააღმდეგებიან. მათ 8-9 ნოემბერს თბილისში კინოთეატრ „ამირანთან“ აქციები გამართეს, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

შედეგად, პოლიციამ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავა. ინციდენტების დროს დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი და ასევე ორი სამართალდამცველი. ბრბომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს, რომელმაც კინოთეატრ „ამირანის“ წინ სოლიდარობა გამოუცხადა ფილმის საყურებლად მისულ ადამიანებს.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს აქტივისტ ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

ტელეწამყვანმა გალკინმა გაამასხარავა პუტინი და კრემლის მომხრე ტელევიზიები

მაქსიმ გალკინი

პოპულარულმა რუსმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, მაქსიმ გალკინმა, ნოვოსიბირსკში გამართულ კონცერტზე გაამასხარავა კრემლის მომხრე ტელეარხები, რომლებიც, მსახიობის თქმით, საბჭოთა პერიოდში დაბრუნდნენ „ამ სიტყვის ყველაზე უარესი მნიშვნელობით“, ხოლო ვლადიმირ პუტინმა, რომელიც „გონებაში მარსს იპყრობს“, მოიწყინა რუსების გამო.

ვიდეო, სადაც გალკინი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, 3 ოქტომბერს დაიდო „იუტუბზე“ და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა, - იუწყება საიტი „სიბირ რეალიი“.

„პუტინმა ჩვენ გამო თავად მოიწყინა, გესმით. უამრავი პრობლემაა, არ გვაქვს საკმარისი პენსია, იქ რაღაც ისე არ გააკეთეს, აქ რაღაც ისე ვერაა. ის (პუტინი) ხომ უკვე სხვა მასშტაბებით აზროვნებს. ის გონებით უკვე მარსს იპყრობს. ჩვენ კი ვწუწუნებთ: „ხვალ როგორღა ვიცხოვროთო“. ის კი გვპასუხობს: „მოითმინეთ, ქამრები შემოიჭირეთ!“ და ჩვენც ვიჭერთ და ვიჭერთ, ვინ წელზე, ვინ კიდევ - კისერზე“, - გაიხუმრა მაქსიმ გალკინმა.

საპროტესტო აქციების ფონზე ბოლივიის პრეზიდენტი დათანხმდა ვადამდელ არჩევნებზე

საპროტესტო აქცია ბოლივიაში

ოპოზიციის მომხრეების მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, ბოლივიის პრეზიდენტი, ევო მორალესი, დათანხმდა, გაეუქმებინა პრეზიდენტის პირველი ტურის სადავო შედეგები და დაენიშნა ახალი კენჭისყრა.

მორალესი დათანხმდა ასევე საარჩევნო კომისიის დათხოვნას და ახალი შემადგენლობის ფორმირებას, რასაც მანამდე ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია მოუწოდებდა.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მორალესის გადაწყვეტილებას ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებსაც ბლოკირებული აქვთ სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების მუშაობა ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ლა-პასეში.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მორალესმა განაცხადა, რომ ქალაქ ორუროში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მისი დის, ესთერ მორალესის სახლს.

მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა, გადატრიალების მცდელობა უწოდა ანტისამთავრობო დემონსტრაციას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ 20 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გამოაცხადა. სასამართლოს თანახმად, მეოთხე ვადით არჩეულმა ევო მორალესმა მიიღო ხმების 47%, მისმა მთავარმა ოპონენტმა, ჟურნალისტმა კარლოს მესამ კი - 36,5%.

მესამ არ ცნო არჩევნების შედეგები, განაცხადა მასობრივი ფალსიფიცირების შესახებ და თავის მომხრეებს მასობრივი აქციებისკენ მოუწოდა.

ბოლივიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს, ძალადობასა და შეტაკებებს, სულ მცირე, სამი ადამიანი შეეწირა.

პრეზიდენტმა მორალესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ მოგვიანებით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა ოპოზიციის აქტივისტებს, რომლებმაც ეს წინადადება უარყვეს.

ვადამდელ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოკითხვებში ლიდერობენ ბრიტანელი კონსერვატორები

ბორის ჯონსონი და ჯერემი კორბინი

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია ლიდერობს იმ გამოკითხვის შედეგად, რომელიც „როიტერსის“ თანახმად ვადამდელ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩატარდა.

კონსერვატორებს, ამ გამოკითხვის თანახმად, მხარს უჭერს 37%, ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას (ლიდერი ჯერემი კორბინი) - 29%, ანუ 3%-ით მეტი. მესამე ადგილის პრეტენდენტის, ლიბერალ-დემოკრატების მხარდაჭერამ კი იკლო და 16%-ს შეადგენს.

კვლევითმა კომპანია BMG-მ 1504 ბრიტანელი მოქალაქე გამოკითხა. კვლევა ჩატარდა 5-დან 8 ნოემბრის განმავლობაში.

ბრიტანეთის თემთა პალატის ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბრისთვისაა დანიშნული. არჩევნების მთავარი თემა ბრექსიტი - ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა იქნება.

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი - რომელიც მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული - ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ფედერაციის გენერალური მდივანი ელგუჯა კვივკიანი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ კენჭისყრაზე თემურ აბაზოვის კანდიდატურა ფედერაციის ერთ-ერთმა წევრმა წამოაყენა. ხმის მიცემაში კი 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა - ფედერაციის წევრები, კლუბების წარმომადგენლები და ინდივიდუალური პირები.

თემურ აბაზოვი ბრალდებულია 2018 წელს გავრცელებული ვიდეოს საქმეზე, რომელშიც ბოდიშის მოხდას და საკუთარი შარდის სახეზე წასმას აიძულებენ მოქალაქეს. აბაზოვი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა მისი პროცესი ჯერ არ დასრულებულა,

იყო თუ არა მსჯელობა ყოფილი მერის ბრალდებასთან დაკავშირებით ყრილობამდე? ამ კითხვაზე ათლეტიზმის ფედერაციის მდივანი პასუხობს: „ბრალდებული არ ნიშნავს არაფერს. ჯერ ხომ არ არის დამტკიცებული?!“

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში უმასპინძლებს ნატოს გენერალურ მდივანს

დონალდ ტრამპისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა 2019 წლის აპრილში

მომდევნო კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მიიღებს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სამხედრო დანახარჯებთან დაკავშირებულ პრობლემაზე სასაუბროდ იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი კვლავ მოუწოდებს მოკავშირე ქვეყნებს, რათა გაზარდონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები.

თეთრი სახლის 9 ნოემბრის ცნობით, ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდება 14 ნოემბერს და ისაუბრებს იმ პროგრესზე, რაც მოკავშირეებმა მიაღწიეს საბიუჯეტო ტვირთის თანაბრად გადანაწილების თვალსაზრისით.

მანამდე, იენს სტოლტენბერგი აპრილში შეხვდა დონალდ ტრამპს.

აშშ-ის ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნების დროს „დრომოჭმულს“ უწოდებდა ალიანსს, მაგრამ, როგორც პრეზიდენტი, უფრო აფასებს მის მნიშვნელობას.

ამ შეხვედრის ფონია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ განცხადება. „ეკონომისტთან“ საუბარში საფრანგეთის ლიდერმა ევროპელი ქვეყნები გააფრთხილა, რომ იზრუნონ საკუთარი თავის დასაცავად, ვინაიდან „ნატო კვდება“ ტრამპის არაპროგნოზირებადი ლიდერობის შედეგად.

მაკრონის ეს განცხადება არ გაიზიარეს იენს სტოლტენბერგმა და გერმანიის კანცლერმა, მაგრამ დიდი სიხარულით აიტაცა მოსკოვმა.

ილია II: ქართველი უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს

„ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად, არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს“, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ.

პატრიარქის სიტყვებით - რომელსაც პირველი არხი ავრცელებს - ყოველ ადამიანს აქვს რაიმეს ნიჭი და „ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში უნდა ამოუდგეთ. თქვენც გახარებული იქნებით და ისიც“.

ილია მეორე მრევლს მოუწოდებს, ნუ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ცილს ნუ დასწამებენ და უყვარდეთ ერთმანეთი.

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს 

ესპანეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც წელს მეორედ იმართება მას შემდეგ, რაც აპრილის არჩევნებში პირველ ადგილზე გასულმა სოციალისტურმა პარტიამ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა კოალიციური მთავრობის ფორმირება.

ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სოციალისტი პედრო სანჩესი, ვარაუდობს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

„არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი: ან სოციალისტების მხარდაჭერა, რომ ჩვენ დავაკომპლექტოთ მთავრობა, ან ხმის მიცემა რომელიმე სხვა პარტიისთვის, რაც დააბრკოლებს პროგრესული მთავრობის ფორმირებას ესპანეთში“, - განაცხადა პარასკევს ბარსელონაში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას პედრო სანჩესმა.

კვირას, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ესპანეთში დილის 9 საათზე დაიწყო და საღამოს 20 საათზე დასრულდება.

გამოკითხვების თანახმად, ლიდერობენ სოციალისტები, მაგრამ შესაძლოა მათ უფრო ნაკლები მანდატი ერგოთ, ვიდრე წინა აპრილის არჩევნებში მიიღეს. სავარაუდოდ, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ გააუმჯობესებს შედეგს, მესამე ადგილზე კი გავა ულტრამემარჯვენე „ვოქსი“, რომელმაც თავის ისტორიაში პირველად შეძლო პარლამენტში მანდატების მოპოვება აპრილის არჩევნებზე.

პუტინმა და ერდოანმა სირიის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა შაბათ საღამოს მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის ცენტრში სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია იყო. ერთი თვის წინ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას სახელმწიფო საზღვრის სიღრმეში მოქმედი ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურეს თავიანთი ერთგულება სოჭში ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე, რაც ითვალისწინებს ერთობლივ სამხედრო პატრულირებას ჩრდილოეთ სირიაში. კრემლის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე იმსჯელეს ორმხრივად საინტერესო სხვა საკითხებზე, მათ შორის, შეათანხმეს მომავალი შეხვედრის გრაფიკი.

მომავალი კვირის სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში გეგმავს შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG