Accessibility links

ახალი ამბები

ზელენსკი დათანხმდა პუტინთან შეხვედრის გამართვას ყაზახეთში

ვოლოდიმირ ზელენსკი

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამართვას ყაზახეთში. რუსეთის და უკრაინის ლიდერებს ამ შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება შესთავაზა ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა.

„რუსეთის პრეზიდენტს ვაცნობე, რომ უკვე მივიღე ზელენსკისგან თანხმობა მასთან პირისპირ შეხვედრაზე“, - მოჰყავს ნაზარბაევის სიტყვები „როიტერსს“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოცემულ მომენტში პრიორიტეტული რჩება მოლაპარაკებების „ნორმანდიული ფორმატი“, მაგრამ პუტინი უარს არ იტყვის არც ორმხრივ შეხვედრაზე.

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. ბოლო თვეებში კიევი ცდილობს, მიაღწიოს კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე მოლაპარაკების გამართვას „ნორმანდულ ფორმატში, მაგრამ შეხვედრის სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მოლდოვის პარლამენტმა პროდასავლელი მაია სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

მაია სანდუ კენჭისყრის წინ

მოლდოვის პროდასავლელი პრემიერ-მინისტრის, მაია სანდუს მთავრობას 12 ნოემბრის კენჭისყრაზე პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 63-მა დეპუტატმა, 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში. ამასთან, მმართველი სოციალისტური პარტიის მომხრე აღმოჩნდა ქვეყნიდან პროტესტის შედეგად გაქცეული მილიარდერის, ვლად პლაჰოტნიუკის მოლდოვის დემოკრატიული პარტია.

მთავრობის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დადგა, რაც 8 ნოემბერს სამთავრობო კოალიციაში მყოფმა სოციალისტურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა მაია სანდუს ინიციატივას ქვეყნის გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის ცვლილებასთან დაკავშირებით.

სადავო ცვლილების თანახმად, გენერალური პროკურორის კანდიდატები უნდა შეარჩიოს მინისტრთა კაბინეტმა, ხოლო კონკურსის წესით გამარჯვებული კანდიდატი შემდეგ უნდა დაამტკიცოს ქვეყნის პრეზიდენტმა. მაია სანდუ ემხრობოდა მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ცვლილება შეეფასებინა ევროკავშირის „ვენეციის კომისიას“.

მთავრობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ვენეციის კომისიას“ არ აქვს უფლება, განიხილოს კანონი მის ძალაში შესვლის შემდეგ. მთავრობის ჩანაფიქრის წინააღმდეგ წავიდა კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი მოლდოვის პრეზიდენტი, იგორ დოდონი.

12 ნოემბერს პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი ძველი შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას მოლოდვაში ახალი კოალიციის ფორმირებისა და მთავრობის დამტკიცებამდე.

მოლდოვის პარლამენტში ყველაზე მეტი, 36 მანდატი, სოციალისტებს აქვთ, რაც არ არის საკმარისი კოალიციის ფორმირებისათვის.

მოლდოვაში თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი საკონსტიტუციო კრიზისის განსამუხტავად, ყოფილი მეტოქეები, პროევროპული ბლოკი ACUM და იგორ დოდონის სოციალისტური პარტია, რომლებსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, შეთანხმდნენ და ჩამოაყალიბეს მმართველი კოალიცია, რათა ხელისუფლებიდან პლაჰოტნიუკის მომხრეები ჩამოეშორებინათ.

პლაჰოტნიუკი ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ მოლდოვის დემოკრატიული პარტია კვლავ წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. 4-ით მეტი, ვიდრე ACUM-ს.

ერგნეთის შეხვედრის ერთადერთი შედეგი კვლავ მორიგ შეხვედრაზე შეთანხმებაა

ირაკლი ანთაძე

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე მხარეებმა კვლავ ვერ შეძლეს შეთანხმება ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტულ ზომებზე.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა კვლავ მოითხოვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება, რაზეც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან უარი მიიღეს.

12 ნოემბერს, ბოლო ორ თვეში რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეებისგან ელოდებოდნენ კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა, პოზიციები უცვლელია.

„კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ შეთავაზებები, რომელიც ხელს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას, თუმცა პოზიციები არ დაემთხვა“, - განაცხადა ანთაძემ. რადიო თავისუფლების შეკითხვას, რა შესთავაზეს, ირაკლი ანთაძემ უპასუხა: „პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და მთავარი გარანტია ამის არის ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა და მისი მანდატის სრულფასოვნად განხორციელება. ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ დაცული იყოს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა“.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მოითხოვა ახალგორის რაიონთან 4 სექტემბრიდან დაკეტილი ე.წ. საზღვრის გახსნა, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ არ დათანხმდა.

ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, დიალოგის გაგრძელებაა. „არცერთი მონაწილე არ აცხადებს უარს დიალოგზე და როდესაც არსებობს მზაობა გაგრძელდეს დიალოგი, შესაბამისად, არსებობს იმის ალბათობა, რომ დიალოგის გარკვეულ ეტაპზე მოხდეს პოზიციების დაახლოება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში მომდევნო ტექნიკური შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება.

ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა

ბადრი პატარკაციშვილი

გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე თბილისის პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ქარდავას მიმართ გამოიტანა დადგენილება ბრალდების შესახებ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის ივნის-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. პროკურატურის თანახმად, აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ.


გამოძიების მიხედვით, 2006 წლის ივლის-აგვისტოს თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე არკადი(ბადრი) პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს. ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას.

ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას დაევალა, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სახლიდან. ჯემალ შამათავამ ღონისძიების დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენდანტს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის.


პროკურატურის განცხადების მიხედვით, აღნიშნული ქმედების გამო ჯემალ შამათავას დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის, გია დგებუაძის ორგანიზებით, შემუშავებულ იქნა მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ლევან ქარდავა, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი.


2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.


პროკურატურის თანახმად, ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.


რაც შეეხება გია დგებუაძეს, როგორც პროკურატურა იტყობინება, იგი დააკავეს ნიდერლანდების სამეფოში და ამის შემდეგ განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში. შესაბამისად, გ.დ.-ის მიმართ გატარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად.
ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

ისრაელის იერიშის შედეგად "ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა

ისრაელის ერთ-ერთი ბოლო სარაკეტო იერიში ღაზის სექტორზე

ირანის მიერ მხარდაჭერილი პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა ისრაელის მიერ 12 ნოემბერს განხორციელებული იერიშის შედეგად ღაზის სექტორში. პასუხად, ექსტრემისტებმა სარაკეტო ცეცხლი გახსნეს ისრაელის ქალაქების, მათ შორის, თელ ავივის მიმართულებით.

ექსტრემისტების ერთ-ერთი წამყვანი მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა, ისრაელის თანახმად, ხელმძღვანელობდა საზღვრის მახლობლად მოწყობილი თავდასხმების სერიას და სამომავლოდ დაგეგმილი ჰქონდა კიდევ უფრო მეტი იერიში. ისლამური ჯიჰადის ცნობით, ალ-ატა და მისი მეუღლე დაიღუპნენ ღაზის სექტორის ქალაქ შეჯაიაში მდებარე მათ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, რაც ისრაელის სარაკეტო იერიშს მოჰყვა.

ისრაელმა სარაკეტო იერიში ასევე განახორციელა დამასკში მდებარე „ისლამური ჯიჰადის“ მთავარ ოფისზე, რასაც, ჯიჰადისტების ცნობით, მათი პოლიტიკური ლიდერის, აკრამ ალ-აჯპოურის შვილი ემსხვერპლა.

ამ ოპერაციას ჯიჰადისტების მხრიდან მოჰყვა სარაკეტო იერიშები ისრაელის ტერიტორიაზე. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს, თუ როგორ როგორ უჭრის გზას ჰაერში ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის მუშტი“ პალესტინიდან გატყორცნილ რაკეტებს.

უცნობია, მოჰყვა თუ არა საპასუხო თავდასხმას მსხვერპლი ისრაელის მხარეზე.

გია ვოლსკი: თურმე ნუ იტყვით და, ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღება შეიძლება არ მოგვწონდეს

გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარის, გია ვოლსკის თქმით, პარლამენტში ჩხუბი და დაპირისპირება არავის უკვირს, თუმცა ქართულ დაპირისპირებას მაინც გარკვეული სპეციფიკა აქვს. პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური განცხადებების დროს ამ „სპეციფიკაზე“ დეპუტატმა დაწვრილებით ისაუბრა:

„კერძოდ, დამცირება ადამიანის, ჩაყვანა ქვემოთ, ნორმალურად ითვლება. აღარ მინდა გავიმეორო... გოშია სხვას ეძახის გოშიებს, ან ნაგაზი, ან სხვა თემა - პუდელი. მილიონი რაღაც შეიძლება მოიგონო, მაგრამ რეალობის დამახინჯების ისეთი ინტენსიური მცდელობა და პროცესი მიდის, რომ არ შეიძლება, ამას არ გამოვეხმაურო.

თქვენ წარმოიდგინეთ, მიგვიხვდნენ თურმე, რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ პატრიარქს აგინებენ და ეს იმისთვის გვინდა, რომ რაღაცა სხვა საკითხი გადავფაროთ. თურმე ნუ იტყვით და, წინწყაროს მელოდიაზე ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღება შეიძლება არ მოგვწონდეს. და ეს თურმე რა ყოფილა, იცით, ჩვენ თურმე ამითი, ამ არმოწონების გამო, შეკრულები ვართ იმ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის ან ჯვარს იყენებს თავში ჩასარტყმელ იარაღად. ხო ყველამ იცის, რომ ეს ასე არ არის“, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში 12 ნოემბერს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაკეთდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" არ მისცემს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების საბაბს

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ მისცემენ საბაბს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირებისა და თავიანთი შიდა არეულობის ინსპირაციის შემთხვევაში, სხვებზე გადაბრალების შესაძლებლობას“, - განაცხადა დღეს, 12 ნოემბერს, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ნებისმიერ ვარიანტში ხმას მისცემენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, თუმცა, მხარს დაუჭერენ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტსაც და შეეცდებიან პარლამენტის დარწმუნებას, რომ ეს ვარიანტი უკეთესია.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს „ევროპული საქართველოც“.

„ისმის რა, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა მხარს დაუჭერს მხოლოდ მათ მიერ წარდგენილ პროექტს, ბუნებრივია, ჩვენ არ მივცემთ მათ არანაირ საბაბს იმისათვის, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქართველი ხალხის, ჩააგდონ“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ოპოზიციური პარტიების მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარს უპირობოდ დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა: „იმიტომ, რომ უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საბაბი, გადაიფიქროს ის დაპირება და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება“.

ბესელიამ თამაში და ცუდი ნიშანი უწოდა უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, შესაძლოა, პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ მოგროვდეს. „ასე მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფიქრა პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე გადასვლა და მიზეზებს ეძებს“, - განაცხადა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატები მხარს დაუჭერენ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. „შესაძლოა, უმრავლესობის რიგებში ყველამ არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას. უმეტესი ნაწილი უმრავლესობის წარმომადგენლების, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს, თუმცა, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ მაინც არ გვაქვს საჭირო რაოდენობა ხმების“, - უთხრა ჟურნალისტებს კახიანმა.

მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 3%-იანი ბარიერით და არ უნდა აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.

მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომაზე დაჩი ბერაიას შეაგინა

„ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მ.....ვ „როჟას“, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დაჩი ბერაიას მიმართა.

მანამდე დაჩი ბერაიამ გედევან ფოფხაძეს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, უთხრა, რომ ის იდეოლოგიით „ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა. ამას ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა.

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

გოგიჩაიშვილი „ქართულ ოცნებას“: თქვენც სისტემა ხართ, ავტორიტარიზმიც გინდათ, ფულის შოვნაც გინდათ

ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია ისეთივე სისტემაა, როგორც მისი წინამორბედი „ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ იმ ხალხზე ცდილობს ხელისუფლების დაშენებას, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს აწამებდა ხალხს:

„არ დარჩება ეს ორპოლუსიანი სისტემა, არ დარჩება. იმიტომ რომ ერთნაირები ხართ. იმიტომ რომ გინდათ ავტორიტარიზმი, გინდათ სასამართლო, ყველაფერი გინდათ. თან ფულის შოვნაც გინდათ, თან ისიც გინდათ, ესეც გინდათ“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართულ ოცნებას“.

„არ გრცხვენიათ მაინც, ალანია რომ დასვით აქ მოსმენაზე, ჯეირანაშვილი რო დასვით და ადეიშვილის წინაპრები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე მოსასმენად სასამართლოების, არ შეგრცხვათ ამისი? სავსე რომ გაქვთ პროკურატურა, არ შეგრცხვათ? ინსპექტორად რომ აირჩიეთ ადეიშვილის არჩეული პროკურორი, არ შეგრცხვათ? სუს-ის მოადგილედ რომ გყავთ, ვიდეოში ორი გვამი მინდაო, მერაბიშვილი რომ ითხოვს, იქ რომ ადამიანია, რო დაფაცურდება და რო გაიქცევა, არ გრცხვენიათ ამის? არ გრცხვენია, აზარტულის რეკლამა რომ ჩააგდე, ბატონო ირაკლი? არ გრცხვენია მარიხუანის კულტივაციის კანონი რომ შემოიტანე, არ გრცხვენია, არ შეგრცხვა მაშინ საპატრიარქოსი? კანონპროექტს რო ლობირებდი? არ შეგრცხვათ, არჩევნებზე სათხოვნელად რომ ჩადიოდით?“ - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს.

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

სალომე სამადაშვილი: გინდათ სიმართლის გაგება? მოვიწვიოთ მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რამდენიმე კვირაა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კრიზისია და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გადაწყვიტეს, ეს თემა გახადონ პოლიტიკური თავდასხმების თემად, იმის ნაცვლად, რომ ყველა ცდილობდეს უცხო სახელმწიფოს გავლენისგან ეკლესიის დაცვას. სალომე სამადაშვილმა მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და განაცხადა, რომ ისინი და რუსეთი, ისინი და ბიძინა ივანიშვილი არიან ერთნი.

„თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები, თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები და ამიტომ ეს პარლამენტი, მე- 9 მოწვევის პარლამენტი, შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი, ვინაიდან ჩვენ დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გოშიებით, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ იმისთვის, რომ გაამართლონ ბიძინა ივანიშვილის მიერ დამატებით სახელმწიფო ქონების მიტაცება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი სიტყვებით, „ქართულო ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში იმისთვის იმყოფებიან, რომ მიჩქმალონ ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, მიიტაცოს საქართველოს ეკლესია. მისი სიტყვებით, პარლამენტში უნდა მივიდნენ მეუფე იაკობი დ მეუფე პეტრე, რომლებიც საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ საპატრიარქოში გადატრიალების ორგანიზებას.

„გინდათ გაიგოთ სიმართლე? შემოგთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მოაწერეთ ამ კომისიის შექმნას ხელი, დავიბაროთ პარლამენტში როგორც მეუფე იაკობი, ასევე მეუფე პეტრე, თქვენი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი და გავარკვიოთ ერთხელ და საბოლოოდ, ვინ ცდილობს ქვეყანაში ეკლესიაში ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის, საკონსტიტუციო ხელშეკრულების წინააღმდეგ და დავადგინოთ სიმართლე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

მანამდე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. პარლამენტში განცხადებით გამოსვლისას მან თქვა, რომ ბოლო დღეებში საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია მოხდა.

დღეს, პლენარული სხდომა პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ 2019 წლის სეზონის ბოლო სუპერტურნირზე - ნოემბრის ბაშოზე, მესამე ტურში შეძლო პირველი ქულის აღება. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილმა ქართველმა უხერხული მეტოქე - კომუსუბი შოთა ენდო დაამარცხა და უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა (1:2).

ფუკუოკაში მიმდინარე ბაშოზე ლევან გორგაძეს თხუთმეტი შეხვედრიდან მინიმუმ ათის მოგება სჭირდება, ოძეკის წოდების დასაბრუნებლად.

13 ნოემბერს გასამართ მეოთხე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე თექვსმეტჯერ დაუპირისპირდა და ცხრაჯერ აჯობა.

მაჟორიტარ დეპუტატს იმედი აქვს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა "ჩავარდება"

კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევას ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი, წალკის და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. მას იმედი აქვს, რომ 30-40 მაჟორიტარი მხარს არ დაუჭერს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და „პროექტი ჩავარდება“.

„გუშინწინ ესპანეთში იყო მორიგი რიგგარეშე არჩევნები ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ და მაინც შედეგი ვერ დადო ვერც ერთმა პარტიამ. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს არ ეყოლება ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება. ჩვენც მომავალში არ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება, როდესაც ამ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ“, - უთხრა დღეს, 12 ნოემბერს, ჟურნალისტებს კახა ოქრიაშვილმა. მისი თქმით, წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს არც ერთი მაჟორიტარი არ ემხრობა, თუმცა, ზოგიერთმა, გუნდური თამაშის წესების გათვალისწინებით, შესაძლოა, კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

ოქრიაშვილის განცხადებით, ყველამ უნდა გაიაზროს, რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ სისტემაზე გადასვლა 2021 ან 2022 წელს რიგგარეშე არჩევნებს გამოიწვევს.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 3%-იანი ბარიერით და არ უნდა აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.

მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე": რომ შეეძლოთ, სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. პარლამენტში, განცხადებით გამოსვლისას მან თქვა, რომ ბოლო დღეებში საქართველოში ნაციონალური მოძრაობის წევრებში ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია მოხდა:

„მათ რომ ჰქონდეთ ახლა საშუალება, ხელში რომ ჰქონდეთ უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას, თუმცა მათ აქვთ ეხლა სხვა იარაღი და დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ, რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ახალი დროის ბერბიჭაშვილები“, - ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას პლენარული სხდომის დარბაზში უმრავლესობის წევრების ტაში მოჰყვა.

დღეს პლენარული სხდომა პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის განცხადებით, ადვოკატმა სასამართლოს გუშინ მიმართა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

მოსამართლის განმარტებითვე, უცნობია, თუ როდის შეძლებს ადვოკატი სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც, ირაკლი ოქრუაშვილს იმავე ბიუროდან სავალდებულო წესით სხვა ადვოკატი დაენიშნება.

რაც შეეხება თავად ირაკლი ოქრუაშვილს, ის არც ამჯერად გამოცხადებულა სხდომაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ მას არ სურს პროცესებზე დასწრება.

სასამართლო პროცესი წინა ჯერზეც გადაიდო,ირაკლი ოქრიაშვილის მოთხოვნით. პენიტენციარული დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებდა, რომ ადვოკატის აყვანა სურდა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა, რომელიც ოქრუაშვილს სავალდებულო წესით იცავს, გასულ პროცესზე თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობაში ადვოკატმა ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილი უარს აცხადებდა სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მომსახურებაზე.

ადვოკატის თვითაცილების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ და განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პროცესზე გამოცხადებას თავს არიდებს. ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები რამდენიმე სხდომის წინ აიცილა.

ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს, პარლამენტთან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

ერგნეთში ბოლო ორ თვეში მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ბოლო ორ თვეში მეშვიდეა. ევროკავშირის მისიის შუამავლობით, წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგშია ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით სიტუაციის დეესკალაცია.

ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

„დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა მიეძღვნება ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს და საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ აქტივობებს. ასევე, ყველა იმ ნეგატიურ პროცესს, რაც საოკუპაციო ძალებმა დაუკავშირეს აღნიშნულ მოვლენას, კერძოდ, ვგულისხმობ ეგრეთ წოდებული გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხს“, - უთხრა ჟურნალისტებს ერგნეთის შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისი ინფორმაციით, ქართული მხარე კვლავ დააფიქსირებს თავის პოზიციას და ხედვებს დაძაბულობის გრადუსის დაწევის და ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე.

ირაკლი ანთაძის თქმით, აუცილებლად დადგება საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა დაკავების საკითხიც. ბოლო ერთ კვირაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის სამი ადამიანი დააკავეს. ორი მათგანი ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება.

რაც შეეხება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელ ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების დესტრუქციული და საფრთხის შემცველი ქმედებების, მათ შორის, ე.წ. საზღვარზე სროლის შესახებ, ირაკლი ანთაძის თქმით, მსგავსი განცხადებების კომენტირება არ სურთ: „არ გვინდა, რომ საკუთარი რიტორიკა დავუახლოვით ამ განცხადებების პათოსს, ვინაიდან ჩვენ მოვდივართ აქ სასაუბროდ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. და რადგან მოვდივართ, ესე იგი, ვხედავთ გზას და გვაქვს იმედი, რომ ეს არის შესაძლებელი“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ბოლო ორი თვეა საქართველოს ხელისუფლებას კვირაში რამდენჯერმე ადანაშაულებს პროვოკაციებსა და დაძაბულობის ესკალაციის მცდელობაში. მათ შორის, 6 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია ე.წ. საზღვართან სროლის შესახებ. მსგავს ცნობებს უარყოფს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზა ჩორჩანასთან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებაა.

ვითარების დეესკალაციის მიზნით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღემდე გამართული 6 ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მაიკ პომპეო: აშშ-მა უკრაინას შეიარაღება მისცა რუსებთან საბრძოლველად

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საამაყოდ მიიჩნევს უკრაინის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას. 11 ნოემბერს, ამერიკულ ტელეარხ WCSC-სთან ინტერვიუში პომპეომ თქვა, რომ სწორედ ტრამპის ადმინისტრაციამ მისცა უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება რუსებთან საბრძოლველად და პრეზიდენტ პუტინისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ის პოზიცია მკაფიო იყო და სურდათ, რომ უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჰქონოდა ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არსებული კორუფციის შემცირების შესაძლებლობა. პომპეოს თქმით, პრეზიდენტ ტრამპის სურვილი იყო ყველაფერი გაკეთებულიყო იმისთვის, რომ პუტინს არ შეძლებოდა უკრაინელი ხალხისთვის ტანჯვის მიყენება. „სწორედ ამიტომ ჩვენ უკრაინელებს მივეცით თავდაცვითი შეიარაღება“, - განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ეს არ გაუკეთებია.

სახელმწიფო მდივანმა მსგავსი განცხადებები გააკეთა იმ ფონზე, როცა დემოკრატები ცდილობენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას. დემოკრატები რესპუბლიკელ პრეზიდენტს ადანაშაულებენ უფლებამოსილების გადამეტებასა და აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევისთვის უცხო სახელმწიფოს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოყენების მცდელობაში. დონალდ ტრამპი ბრალდებას უარყოფს.

დემოკრატების მიერ ინიცირებული მოკვლევა მიმდინარეობს იმის გასარკვევად, ცდილობდა, თუ არა დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეზღუდვას, რათა კიევს გამოეძიებინა ტრამპის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, დემოკრატი ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობა უკრაინაში.

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის კონსერვაციის პირველ ფაზას დააფინანსებს

აშშ-ის საელჩომ საქართველოში, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მყოფი ჯვრის მონასტრის კონსერვაციის პროექტი გამოაცხადა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულად.

საელჩოს ინფორმაციით, 100 000 აშშ დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სამუშაოებს პროფესიონალების ჯგუფის დახმარებით ჩაატარებს. პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით.

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს საქართველოში დაფინანსებული აქვს 19 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარია.

პოლიციამ ქალი დააკავა შვილების უკანონო შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბრალად ედება შვილების უკანონო შრომითი ექსპლუატაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს(შსს) ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ.

შსს-ს განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს, 2006 წელს დაბადებულ მ.უ-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა“.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითიც დადასტურდა ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.

ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბოლივიის პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარმა ევო მორალესმა თავი მექსიკას შეაფარა

ევო მორალესი

ბოლივია დატოვა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა. მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა მექსიკის ხელისუფლებამ. მორალესი ბოლივიიდან მექსიკის მთავრობის თვითმფრინავით გაემგზავრა.

11 ნოემბერს, მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული მოსაზრებით დაკმაყოფილდა ევო მორალესის თხოვნა თავშესაფრის მინიჭების შესახებ. ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მორალესმა მექსიკის მთავრობას თავშესაფრისთვის მადლობა გადაუხადა, სამშობლოში დარჩენილ მხარდამჭერებს კი, სამომავლოდ დაბრუნებას დაპირდა.

ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობიდან 10 ნოემბერს გადადგა საპროტესტო გამოსვლების შედეგად. მორალესთან ერთად თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტმა, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და გუბერნატორებმა.

ბოლივიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ოთხი დღით ადრე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი მაშინ, როცა წინასწარი შედეგები მეორე ტურის ალბათობაზე მიუთითებდა.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სამი ადამიანი და სამასამდე დაიჭრა.

გასული კვირის ბოლოს ევო მორალესი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, თუმცა, არმიამ და პოლიციამ მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც იძულებული გახდა გადამდგარიყო.

ბოლივიის ფერმერთა პროფკავშირის ყოფილი ლიდერი, მემარცხენე ევო მორალესი პრეზიდენტის თანამდებობას 2006 წლიდან იკავებდა.

ბოლივიის ხელისუფლების პირველი პირის უფლებამოსილება დროებით გადაეცა სენატის ვიცე-სპიკერს, ჟანინ ანიესს, რომელიც ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

"თალიბანი" მის ტყვეობაში მყოფ ამერიკელ და ავსტრალიელ პროფესორებს გაათავისუფლებს

"თალიბანის" მიერ გატაცებული კევინ კინგი და ტიმ უიკსი

ავღანეთის ხელისუფლება „თალიბანის“ ტყვეობაში მყოფი ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორების გათავისუფლების სანაცვლოდ გაუშვებს "თალიბანის" ერთ-ერთი განშტოების, ტერორისტული დაჯგუფების „ჰაკანის“ სამ მეთაურს.

შეთანხმება მიღწეულია მოლაპარაკებისას, რომელსაც „თალიბანთან“ აწარმოებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი.

ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ 60 წლის ამერიკელ კევინ კინგს და 48 წლის ავსტრალიელ ტიმ უიკსს გაცვლიან „ჰაკანის“ წევრებში, ანას ჰაკანიში, ჰაფიზ რაშიდ ომარისა და ჰაჯი მილი ხანში, რომლებსაც აშშ-ის მეთვალყურეობით ყატარში გადაიყვანენ. წყაროს ინფორმაციით, გაცვლა უახლოეს ხანში მოხდება.

ქაბულის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორები „თალიბანმა“ 2016 წლის აგვისტოში გაიტაცა.

„ჰაკანის“ მეთაურები ავღანეთის სპეცსამსახურებმა 2014 წელს, ხოსტის პროვინციაში დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი, ანას ჰაკანი ტერიტორისტული დაჯგუფების ლიდერის, სირჯუდინ ჰაკანის ძმაა.

"ჰაკანი", რომელიც "თალიბანთან" ერთად მოქმედებს ავღანეთის ხელისუფლების და ნატოს ძალების წინააღმდეგ, არაერთი სასტიკი თავდასხმის ორგანიზატორია. ვარაუდობენ, რომ "ჰაკანის" დისლოკაციის ძირითადი ადგილი პაკისტანია.

ჩორჩანა-წნელისთან შექმნილ ვითარებაზე ერგნეთში იმსჯელებენ

ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ბოლო ორ თვეში მეშვიდეა. შეხვედრა 12 საათზეა დანიშნული.

საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით განიხილავენ საოკუპაციო ხაზთან ვითარების დეესკალაციის საკითხს.

სიტუაცია აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ბოლო ორ კვირაში გარდაიცვალა ახალგორის რაიონის ორი მცხოვრები, რომლებსაც სამედიცინო დახმარების მიღება თბილისის კლინიკებში სურდათ, თუმცა ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს და ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი. ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, იძულებულნი არიან ჯერ ცხინვალიდან გამოძახებულ ავტომანქანას დაელოდონ, შემდეგ კი, საკმაოდ რთული გზით, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში იმგზავრონ ცხინვალის საავადმყოფომდე.

ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს თავისუფალი წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიაზე, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე.

ვითარების დეესკალაციის მიზნით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღემდე გამართული 6 ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა აღიარა, რომ ჩხუბის შემდეგ საყვარელი მოკლა და მისი გვამი დაანაწევრა

ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ოლეგ სოკოლოვი მონაწილეობს 1812 წლის ომის რეკონსტრუქციაში. სანკტ-პეტერბურგი, 2014 წლის იანვარი

რუსეთში სასამართლომ ცნობილ ისტორიკოსს წაუყენა ბრალი, რომ მან თავისი საყვარელი მოკლა, მისი გვამი დაანაწევრა, ზურგჩანთით გაიტანა და მდინარეში გადააგდო.

ისტორიკოსმა ოლეგ სოკოლოვმა ბრალი აღიარა, პროკურორების მიერ მკვლელობის სისხლიანი სცენის აღწერის ფონზე. სოკოლოვი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, მიღებული აქვს საფრანგეთის ღირსების ლეგიონის ორდენი ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ წარმოებული კვლევის გამო.

63 წლის ისტორიკოსის თქმით, მან 24 წლის სტუდენტი, ანასტასია იაშჩენკო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ჩხუბში, რომლის დროსაც იაშჩენკო მას დანით ემუქრებოდა. „მომხდარით განადგურებული ვარ და ვნანობ“, - უთხრა სოკოლოვმა სასამართლოს და დასძინა, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, რადგან იაშჩენკომ ძლიერი და მოულოდნელი აგრესია გამოავლინა.

სასამართლომ სოკოლოვი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სოკოლოვი 9 ნოემბერს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც მდინარიდან ამოიღეს ზურგჩანთაში მოთავსებული ახალგაზრდა ქალის დანაწევრებული გვამის ნაწილები.

უკრაინის ძალებმა და სეპარატისტებმა დაასრულეს გასვლა ფრონტის არეალიდან

კიევი და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ დაასრულეს თავ-თავიანთი ძალების და შეიარაღების გაყვანა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის არეალიდან.

ეს ნაბიჯი ნაწილია ნდობის გაჩენის მიზნით გატარებული ზომებისა, რომლებმაც შესაძლოა გზა გაუხსნას ოთხმხრივ სამიტს უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთს და გერმანიას შორის, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მიზნით. 2014 წლის აპრილის შემდეგ კონფლიქტს ემსხვერპლა 13,000-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის არმია აცხადებს, რომ მისმა ძალებმა 11 ნოემბერს დღის 12 საათისთვის დაასრულეს გასვლა დონეცკის რეგიონის პეტრივსკეს არეალიდან. არმიის ცნობით, 12 ნოემბერს დაიწყება გამნაღმველი სამუშაოები - მას შემდეგ, რაც ეუთოს დამკვირვებლები დაადასტურებენ ძალების გასვლას.

ლუგანსკის რეგიონში სეპარატისტების წარმომადგენელს მანამდე ჰქონდა ნათქვამი, რომ არეალიდან სრულად არიან გასულები.

ეს ოპერაცია 9 ნოემბერს დაიწყო, მანამდე იგივე ძალები გავიდნენ მეზობელი ლუგანსკის ფრონტის არეალის მონაკვეთიდან.

IAEA-მ ირანში არადეკლარირებულ ობიექტზე ურანის ნაწილაკები აღმოაჩინა

გაეროს ბირთვული უწყება აცხადებს, რომ მისმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს "ანთროპოგენური წარმომაველობის ბუნებრივი ურანის ნაწილაკები" ირანში მდებარე არადეკლარირებულ ობიექტზე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) არ ასახელებს ობიექტს თავის კონფიდენციალურ ანგარიშში, რომელიც წელიწადში ოთხჯერ გამოდის და სააგენტოს წევრ ქვეყნებს ურიგდება. ანგარიშს 11 ნოემბერს დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები გაეცნენ.

ისრაელი ირანს ბრალს სდებს ბირთვული აქტივობების წარმოებაში არადეკლარირებულ ობიექტზე, რომელიც თეირანთან ახლოს, თურყუზაბადის რეგიონში მდებარეობს.

IAEA-ს ანგარიში ასევე ამბობს, რომ ირანში იზრდება დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის მოცულობა, რაც წარმოადგენს 2015 წელს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების დარღვევას. ეს ცნობა ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ურანი ახლა ფორდოვის ბირთვულ ობიექტზე ურანს ამდიდრებს, რაც ასევე აკრძალულია ბირთვული ხელშეკრულებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შარშან აშშ გაიყვანა ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელიც ირანს საშუალებას აძლევდა ჩართულიყო მსოფლიო ვაჭრობაში, მათ შორის, ნავთობის სფეროში, თავისი ატომური პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ვაშინგტონმა მას შემდეგ ირანის ეკონომიკას მკაცრი სანქციები აღუდგინა, თეირანმა კი უკვე შეწყვიტა რამდენიმე პუნქტის შესრულება და ამბობს, რომ ხელშეკრულებას კიდევ უფრო მეტად დაარღვევს, თუ ხელშეკრულების ევროპელი ხელმომწერები - საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი - არ შეამსუბუქებენ მის ეკონომიკურ მდგომარეობას. ხელშეკრულების კიდევ ორი მსხვილი ხელმომწერი რუსეთი და ჩინეთი არიან.

მაკო გომური: „მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო, ვეღარ ხედავსო", ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან

20-21 ივნისს დაშავებული მაკო გომური, რომელსაც დღეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, „ფეისბუკზე“ წერს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადების შესახებ.

„ლამის 5 თვე გავიდა. უი, მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ, მგონი მართლა დაზარალებულიაო, მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო, ვეღარ ხედავსო, ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან. თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორ დღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი, მართალი ვყოფილვარ. რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს“, - აღნიშნავს მაკო გომური, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციაზე თვალი დაკარგა.

მაკო გომური კიდევ ერთ დაშავებულს, გიორგი სულაშვილს იხსენებს.

„ჰოდა მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს (რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული) არ აძლევთ, ეგ რა მაფიაა არ ვიცი. ტეხავს“, - წერს მაკო გომური.

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

30 ოქტომბერს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ თქვა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მას [მაკო გომურს] ვერ მიენიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG