Accessibility links

ახალი ამბები

ანა სუბელიანზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ მოითხოვა არასაპატიმრო სასჯელი - გირაო 3000 ლარის ოდენობით.

სასამართლო სხდომას დაზარალებული ანა სუბელიანი არ ესწრებოდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

შალვა შევარდნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლოს გადაწყვეტილება ტენდენციურად მიაჩნია დაკავებული შალვა შევარდნაძის ადვოკატს, მერაბ წკრიალაშვილს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გავეცნობით დასაბუთებას. დღეის მდგომარეობით, ვერ გეტყვით, რა რისკებზეა საუბარი სასამართლოს მხრიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიგვაჩნია ტენდენციურად, არ ვეთანხმებით და აუცილებლად იქნება გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადებში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ანა სუბელიანი კინოთეატრ „ამირანთან“ 8 ნოემბერს დაშავდა. მას სახის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა.

კინოთეატრ „ამირანთან“ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებდნენ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც ფილმს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად მიიჩნევდნენ.

ევროსაბჭოს საიუბილეო მონეტაზე ზურაბ ჟვანიას სიტყვები გამოსახეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საიუბილეო მონეტა

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში გაიმართა ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70 წლისთავის და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად გამოშვებული საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტები გადასცა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს.

საიუბილეო მონეტაზე გამოსახულია 1999 წლის 27 აპრილს, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ცერემონიაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მიერ სტრასბურგში წარმოთქმული სიტყვები: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

თავად ევროპის საბჭო 1949 წლის 5 მაისს დაფუძნდა.

ბიზნესომბუდსმენი თანამდებობიდან წასვლის მიზეზზე საუბრობს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზად „შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს“ ასახელებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ პოსტი ბიზნესომბუდსმენმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით „ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება“.

ირაკლი ლექვინაძეს ბიზნესომბუდსმენის პოსტი 2018 წლის იანვრიდან ეკავა. პროფესიით ეკონომისტი, ირაკლი ლექვინაძე სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი და თბილისის მერის მოადგილე.

2018 წლის 25 იანვარს, მთავრობის სხდომაზე იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში და გააგრძელებს კარგ ტრადიციას, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტმა შექმნა.

დავით ზალკალიანი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაა

დავით ზალკალიანი და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. თბილისი, 2019 წლის 11 ნოემბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიდი პასუხისმგებლობა უწოდა ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლისთავზე საქართველოს პირველ თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში.

დღეს, 11 ნოემბერს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან თბილისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ იმუშაოს ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ევროსაბჭოს მთავარი ღირებულებების - ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველომ შეიმუშავა 6-თვიანი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და კალენდარი, რომელიც მოიცავს კონფერენციებს და სხვადასხვა ღონისძიებას.

პრიორიტეტები და თავმჯდომარეობის კალენდარი დადგენილი წესის მიხედვით გამოქვეყნდება თავმჯდომარეობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას 27 ნოემბერს, საფრანგეთისგან გადაიბარებს.

თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებს.

გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია. გეგმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით რეფორმების გაგრძელება. რიგით მესამე სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი 17.5 მილიონი ევროა.

ბათუმში "მუყაოს ქალაქის" მცხოვრებლებს ბინებს გადასცემენ

„მუყაოს ქალაქში“ მცხოვრებლებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფენ, ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისის სიტყვებით ადგილზე ათასამდე ბავშვი ცხოვრობს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

„ეს გადაწყვეტილება ნაკარნახები იყო იმ მძიმე სოციალური პირობებით და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოთი, რომელიც ჩვენ იქ დაგვხვდა. ეს იყო ყველაზე დიდი სოციალური გამოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა როგორც მოქალაქეებს, ასევე მთლიანად რეგიონს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი სიტყვებით, დღესვე გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვა, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია 580 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა.

პროექტის სატენდერო ღირებულება 41 მილიონი ლარია, სულ უნდა აშენდეს 54 ათასი კვადრატული მეტრის ფართი, მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში პროექტის განხორციელებისთვის წელს 3, ხოლო მომავალ წელს - 16 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

ფილმი "პუტინის მოწმეები" ევროპული ოსკარის "შორტ-ლისტში" მოხვდა

კადრი ფილმიდან "პუტინის მოწმეები"

დოკუმენტური ფილმი „პუტინის მოწმეები“, რომელიც რუსმა რეჟისორმა ვიტალი მანსკიმ ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ დახმარებით გადაიღო, წარდგენილია ევროპის კინოაკადემიის მთავარ პრიზზე (ევროპულ „ოსკარზე“).

მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ასევე იბრძოლებენ სირიელ ვაად ალ-კატიბის დოკუმენტური ფილმი „სამასთვის“, მაკედონიელი რეჟისორების - „სპილენძის მიწა“ და სხვა, სულ 8 ფილმი.

ვიტალი მანსკის ფილმი „პუტინის მოწმეები“ აგებულია ვლადიმირ პუტინის პირველი, 2000 წლის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის დროს თავად რეჟისორის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ქრონიკაზე. კერძოდ, სიუჟეტის ცენტრშია ერთი დღე, 2000 წლის 25 მარტი.

ამ დღეს რუსეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართა, იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ.

მანსკიმ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაიღო პუტინის წინასაარჩევნო შტაბი, მათ შორის, ფორმალური და მოულოდნელად ადამიანური ურთიერთობა ახლად არჩეულ პრეზიდენტსა და მის თანამებრძოლებთან.

„პუტინის მოწმეებმა“ უკვე მიიღო კარლოვი ვარის, სტოკჰოლმის და კამდენის (აშშ) საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები.

თბილისში გაგოშას ახალი სტენსილი გამოჩნდა

თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასავლელში სტრიტ-არტისტის გაგოშას სტენსილი გამოჩნდა. სტენსილი ლგბტ თემატიკას უკავშირდება.

გაგოშას ნახატზე ანგელოზი მშვილდით ფერად ფანქრებს უმიზნებს მის წინ მდგომ შუბებიან ლეგიონს.

"ბრძოლა კუპიდონს და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის, რომლებიც ფარებს ეფარებიან იმის შიშით, რომ კუპიდონმა ფერადი ისრით არ განგმიროს, რომელიმე მათგანი და ორიენტაცია არ შეიცვალოს",- ასე განმარტავს სტენსილის ავტორი გაგოშა, ნამუშევრის შინაარსს.

ავტორი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს სტენსილებით ეხმაურება.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ელოდება

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრა.

გენერალური მდივნის ვიზიტი უკავშირდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას. საქართველო მინისტრთა კომიტეტის ექვსთვიან თავმჯდომარეობას 2019 წლის 27 ნოემბერს, საფრანგეთისგან გადაიბარებს.

„მე მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო“, - განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, საყურადღებოა, რომ თავმჯდომარე ქვეყანამ პრიორიტეტად პირველად განსაზღვრა გარემოს დაცვის თემატიკა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გენერალურ მდივნად 2019 წლის ივნისში აირჩია. საქართველო ევროსაბჭოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ახალი გენერალური მდივანი ეწვია.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გააგრძელებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადებას საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ. „მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, მისი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებისა და საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროსაბჭოსა და, ზოგადად, ევროპისთვის.

მთავრობამ წყალტუბოს განვითარებაში სახელმწიფოს მონაწილეობის გეგმა წარმოადგინა

ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრები ნათია თურნავა და მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, თუ რას იღებს სახელმწიფო თავის თავზე კურორტ წყალტუბოს რებილიტაციის პროცესში.

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა ექვს პუნქტად ჩამოყალიბდა:

კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება;

კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება;

წყალტუბოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ყოფილ სანატორიუმსა თუ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება;

კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და მართვა;

მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება;

კურორტის მთავარი სიმდიდრის - სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა;

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ის საკითხი, რომ წყალტუბო უნდა განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციატივები, არამედ როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს ეცოდინება დანამდვილებით, თუ რა ვადებში, რა ფორმით, რა სახით ვითარდება მთლიანად ეს საკურორტო მიზიდულობის ცენტრი, რაც ჩვენთვისაც უფრო მარტივს და გასაგებს ხდის კურორტის მართვის და განვითარების პროცესს და კერძო სექტორისთვისაც ამცირებს ინვესტირების რისკებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წყალტუბოს ერთ-ერთ ყოფილ სანატორიუმსა და სხვადასხვა შენობაში ჯერ კიდევ რჩება 477 დევნილი ოჯახი.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის წყალტუბოში სახლები შენდება და ორ წელიწადში დასრულდება. „2021 წელს გვექნება შესაძლებლობა, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზე არიან სასტუმროებში განთავსებული, შევთავაზოთ საცხოვრებელი სახლები, რომ ეს პრობლემა არ დავუტოვოთ ბიზნესს და იყოს სახელმწიფოს ტვირთი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე წყალტუბოში სრულდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, თუმცა, ჯერ კიდევ გასაკეთებელია მთლიანად კურორტის საკანალიზაციო ქსელი. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 40 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის, თუმცა სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან გამოისყიდის წყალტუბოს ყველა ობიექტს და პირადი სახსრებით დაიწყებს ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას და კურორტის განვითარებას.

შსს-მ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და გამოძიება არ დაწყებულა, ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ფილმის შესაძლო პორნოგრაფიული შინაარსის გამო მოკვლევის დაწყების მოთხოვნით შსს-ს მიმართა „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი განცხადებით, ფილმი პორნოგრაფიულ შინაარსს შეიცავს, არ არის დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა, რაც აკრძალულია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩვენების გადადებას მოითხოვდა იმ დრომდე, სანამ ფილმში პორნოგრაფიული შინაარსის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა.

ლევან აკინის ფილმის ბილეთებზე აღნიშნულია, რომ სეანსებზე მოქმედებს R Rating შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ 17 წლამდე ბავშვები კინოჩვენებას უნდა დაესწრონ მშობლის ან მეურვის თანხლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 27 ადამიანი დააკავა.

„კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება“, - აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს თბილისში, ხოლო 3 - ბათუმში. ფილმის ჩვენებისას აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება:

  • ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე - დაკავებულია ერთი ბრალდებული;
  • დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე;
  • პოლიციელებზე თავდასხმისა და ორი პოლიციელის დაშავების ფაქტზე;
  • შსს-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8,9,10 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება მოეწყო.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ნიკა მელიას პროცესი

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან და ბრალდების მხარის ორ მოწმეს მოუსმენენ.

რაც შეეხება ნიკა მელიას პროცესზე დაუსწრებლობის საკითხს, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას ერთ-ერთ წინა პროცესზე დარბაზი იძულებით დაატოვებინეს და, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ შეზღუდვა სასამართლო პროცესების ბოლომდე გაგრძელდეს.

ადვოკატის განცხადებით, ამის მიუხედავად, შესაძლოა, დაცვის მხარემ მიმართოს სასამართლოს, რომ ნიკა მელია პროცესებს დაესწროს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ, მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური უკეთია.

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

დღეს, 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით პირველ ნოემბერს მიმართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების და სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება შესაბამის კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის დასკვნებს და მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ლომჯარიას თქმით, პრობლემურია ორი საკითხი - კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დაუსაბუთებლად მიღება და გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს გადაწყვეტილება, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს, გასაჩივრების უფლების არარსებობით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა, სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის არამართლზომიერება.

საკონსტიტუციო სარჩელით სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების შეჩერების შუამდგომლობითაც.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება ვერ შეაჩერებს საქართველოს პარლამენტისათვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელი კენჭისყრის პროცესს, თუმცა, გავლენა ექნება მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე, ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 8 ნოემბერს დასრულდა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. სულ 20 კანდიდატია წარდგენილი. მათ კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

ძლიერი ხანძრის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დახმარებას რუსეთში ეძებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მაღალმთიანი სოფლის ფსხუს ტყის მასივში ძლიერი ხანძარია. ფსხუ სოხუმიდან 150 კილომეტრში, ზღვის დონიდან 760 მეტრზე მდებარეობს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიით, ცეცხლი მოდებულია ათ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, რთულად მისადგომ ადგილებზე ვრცელდება და მისი ლიკვიდაცია მხოლოდ ავიაციის გამოყენებითაა შესაძლებელი.

დე ფაქტო უწყების ცნობითვე, მაშველებმა ტერიტორია ვერტმფრენიდან დაათვალიერეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ტრაექტორიიდან, თუმცა, ზუსტი სურათის დადგენა ვერ შეძლეს ძლიერი დაკვამლიანების გამო. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად რუსეთს მიმართავს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2011 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით, სოფელ ფსხუში ცხოვრობდა 189 ადამიანი, ძირითადად, რუსები(91%).

მთავარეპისკოპოს იაკობის განცხადების შესწავლის საკითხი პარლამენტის ბიუროს წინაშე დადგება

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნის საკითხს.

ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის თანახმად, მეუფე იაკობის საჯარო განცხადება, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა პროცესის მომზადებაში.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ 2018 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგნ საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. სამივე მათგანი ამას უარყოფს.

28 ოქტომბერს, საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანება, რომლის თანახმად, მთავარეპისკოპოს იაკობის პირადი თხოვნის საფუძველზე, ის გათავისუფლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებისგან.

მეუფე იაკობის საჯარო განცხადებაზე 31 ოქტომბერს იმსჯელეს სინოდის სხდომაზე. ოქმის თანახმად, „მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო. წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“.

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა

ევო მორალესი

საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი. პოსტები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტმა, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და გუბერნატორებმა.

ხელისუფლების პირველი პირის უფლებამოსილება დროებით გადაეცა ბოლივიის სენატის ვიცე-სპიკერს, ჟანინ ანიესს. მან მოიწვია პარლამენტის საგანგებო სესია, რომელზეც ოფიციალურად გაფორმდება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეთა გადადგომა. ჟანინ ანიესი გამოაცხადებს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღსაც.

ბოლივიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ოთხი დღით ადრე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი მაშინ, როცა წინასწარი შედეგები მეორე ტურის ალბათობაზე მიუთითებდა.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სამი ადამიანი და სამასამდე დაიჭრა.

გასული კვირის ბოლოს ევო მორალესი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, თუმცა, არმიამ და პოლიციამ მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც იძულებული გახდა პრეზიდენტის თანამდებობდან გადამდგარიყო.

10 ნოემბერს პოლიციამ დააკავა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელები, რომლებიც ეჭვიტანილები არიან არჩევნების გაყალბებაში.

ბოლივიელებმა ევო მორალესის გადადგომა ქუჩებში საზეიმო მსვლელობებით აღნიშნეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მორალესმა ქვეყანა დატოვა.

ბოლივიის ფერმერთა პროფკავშირის ყოფილი ლიდერი, მემარცხენე ევო მორალესი პრეზიდენტის თანამდებობას 2006 წლიდან იკავებდა.

საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

საქართველოში იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. მისი ვიზიტი უკავშირდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას.

საქართველო მინისტრთა კომიტეტის ექვსთვიან თავმჯდომარეობას 2019 წლის 27 ნოემბერს, საფრანგეთისგან გადაიბარებს. ამჟამად კომიტეტს ხელმძღვანელობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.

დღეს, 11 ნოემბერს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პირველ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარები განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. შეხვედრის შემდეგ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და დავით ზალკალიანი მედიისთვის გააკეთებენ განცხადებას საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შესახებ, რომელიც სტრასბურგში გაიმართება.

გენერალური მდივნის ვიზიტისას დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტის და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად ისახავს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უფრო მეტად დაახლოებას.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს.

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ლიდერობენ სოციალისტები

პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტია“ ხმათა 29%-ით ლიდერობს ესპანეთში კვირას ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში. ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების საერთო რაოდენობის 20%-ის დათვლის შედეგად მიღებული მონაცემი.

ამ წინასწარი შედეგით მეორე ადგილზეა კონსერვატიული სახალხო პარტია ხმათა 20%-ი, ჯერჯერობით ხმათა 10%-ს იღებს ულტრამემარცხენე „უნიდას პოდემოსი“, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტული „სიუდადანოსს“ 5,5%-ი.

მანამდე გამოქვეყნებული ეგზიტპოლები უჩვენებს ულტრამეამრჯვენე პარტია „ვოქსის“ („ხმა“) ამომრჩევლების მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ეგზიტოლების შედეგებით ესპანელი ულტრამემარჯვენეები 350-ადგილიან პარლამენტში სავარაუდოდ 56-59 მანდატს მიიღებენ, რაც ორჯერ მეტია მათ მიერ წინა, აპრილის საპარლამენტო არჩევნების, დროს ნაჩვენებ შედეგებზე.

ესპანეთში კვირას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა მას შემდეგ, რაც მმართველმა „სოციალისტურმა პარტიამ“ ვერ მოახერხა სამთავრობო კოალიციის შექმნა და სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი

კლაუს იოჰანისი

ეგზიტპოლების თანახმად, რუმინეთში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაწინაურდა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელსაც ხმების დაახლოებით 39%-ს ღებულობს.

იოჰანისის კანდიდატურას მხარს უჭერს ეროვნულ-ლიბერალური პარტია (PNL), რომელიც წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანის უმცირესობის მთავრობაში.

მეორე ადგილს იკავებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვიორიკა დანჩილა, რომელსაც ეგზიტპოლების თანახმად 22%-ი აქვს. ამასთან, ორი სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების კვლევაში არ აისახა საზღვარგარეთ რუმინეთის დიასპორის წარმომადგენლების, დაახლოებით 660 ათასი ამომრჩევლის ხმები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რუმინეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურობა შეადგენდა 48%-ს, ხოლო არჩევნებში მონაწილეობდა 14 კანდიდატი.

თუ ეგზიტპოლების შედეგები უცვლელი დარჩა, მაშინ რუმინეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

22 კაცი დაშავდა ერაყში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს მომხდარი ძალადობის შედეგად

სულ მცირე 22 კაცი დაშავდა ერაყში მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ანტისამთავრობო დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებმაც, როგორც წინა დღეს, ამჯერადაც სცადეს ბაღდადის ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვა.

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა შეძლეს დემონსტრანტების განდევნა იმ ხიდებიდან, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ და იქიდან ცდილობდნენ მდინარე ტიგროსის გადაღმა ბაღდადის „მწვანე ზონაში“ შესვლას.

ერაყში მიმდინარე უწყვეტი ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად 250 კაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა რამდენჯერმე გახსნეს ცეცხლი რადიკალურად განწყობილი ბრბოს დასაშლელად.

ქვეყანაში კვლად არ წყდება ხალხმრავალი გამოსვლები, ერაყში გამეფებული კორუფციისა და უმუშევრობის წინააღმდეგ.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულამ მაჰდიმ გარკვეულ ზომებს მიმართა ვითარების განსამუხტავად. მათ შორის იყო ღარიბებისათვის შემწეობის დარიგება და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება, მაგრამ ამან არ დააკმაყოფილა დემონსტრანტების მზარდი მოთხოვნები. ისინი უკვე მთავრობის გადადგომას და მთელი პოლიტიკური ელიტის შეცვლას ითხოვენ.

აშშ-ის სამხედრო ძალა ავღანეთში კიდევ რამდენიმე წელს დარჩება

გენერალი მარკ მილი

აშშ-ის არმის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ამერიკის სამხედრო ძალა, რომელიც ავღანეთში უკვე 18 წლის განმავლობაში იმყოფება, ქვეყანაში სავარაუდოდ კიდევ რამდენი წლით დარჩება.

ტელეკომპანია „ეიბისისათვის“მიცემულ ინტერვიუში გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალის შესვლის მთავარი მიზანი იყო ქვეყანა კვლავ არ გადაქცეულიყო თავშესაფრად იმ ტერორისტებისათვის, რომლებიც განახორციელებდნენ თავდასხმას აშშ-ზე.„ეს მისია ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესრულებული. ამ მისიის წარმატებით შესრულებისათვის საჭიროა, რომ ავღანეთის მთავრობას და ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებს საკუთარი ძალით შეეძლოთ თავიდან აიცილონ ტერორისტების მიერ ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით აშშ-ზე თავდასხმის განსახორციელებლად“, - განაცხადა გენერალმა მილიმ.

ავღანეთში ამჟამად მთლიანობაში 14 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ დადგა დრო აშშ-მა გადახედოს თავის როლს გლობალურ კონფლიქტებთან, მათ შორის სირიაში მიმდინარე ომთან, დაკავშირებით.

„აშშ-ის სამხედრო ძალა ახლოა აღმოსავლეთში დარჩება „მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში, რადგან დახმარების გასაწევად იქ ყოფნა, ჩვენს ეროვნულ ინტერესში შედის“ - განაცხადა გენერალმა მარკ მილიმ.

გენერლის თქმით, იგი ფიქრობს, რომ სირიის მოწესრიგებისათვის იქ დარჩება დაახლოებით 500 ამერიკელი სამხედრო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება სირიის ნავთობის საბადოების დაცვის უზრუნველსამოფად სამხედრო მისიის გაფართოების თაობაზე.

გიორგი გაბუნია: მღვდელმა, საკურთხეველში, ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი

გიორგი გაბუნია

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ წარსულში მღვდელმა საკურთხეველში შეიყვანა და უნებართვოდ რამდენჯერმე შეეხო პენისზე.

10 ნოემბრის გადაცემაში "პოსტ ფაქტუმ" წამყვანმა პირდაპირ ეთერში დეტალურად ჰყვება სასულიერო პირის მხრიდან სექსუალური შინაარსის ქცევის ისტორიას, რომელიც, მისი თქმით, წლების წინ "პირტიტველი ჭაბუკობისას" გადახდა.

გაბუნიას სიტყვებით, პირველად წავიდა წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში, რომელშიც მღვდელმა ტაძრის დათვალიერება შესთავაზა, ექსკურსიის დროს კი სამჯერ შეეხო პენისზე. გაბუნია ამბობს, რომ პირველ შემთხვევაში შემთხვევითობა ეგონა, მეორედ - შეგნებულად "ვიოლინოსავით ჩაუსვა ხელი", მესამედ კი - საკურთხეველში შეიყვანა და იქ "ჯოისტიკივით დაიჭირა მისი ერთი ადგილი".

წამყვანის თქმით, მღვდელს "ძლივს მოაგლეჯინა" ხელი, თუმცა სასულიერო პირმა ახლა "სამრეკლოზე ასვლა" შესთავაზა. გაბუნია ამბობს, რომ მღვდელთან სექსი მის გეგმებში არ შედიოდა, ტაძრიდან წამოვიდა და იქ აღარ მიბრუნებულა.

გიორგი გაბუნიას ისტორია სრულად ასეთია:

შევდივარ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. პირველად ვარ ამ ტაძარში და მეტყობა კიდეც, რომ უცხოდ ვგრძნობ თავს. ვეცნობი სიტუაციას და ცოტა ხანში ჩემთან მოდის მღვდელი, რომელმაც შეამჩნია, ალბათ, რომ უცხო ვიყავი. მეუბნება, მოდი, მე დაგათვალიერებინებ ტაძარსო. მე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე, გამიხარდა კიდეც.

დაიწყო მოყოლა: აი, აქ ეს გამოსახულებაა, აქ ეს და ა.შ. ცოტა ხანში, სრულიად მოულოდნელად ვგრძნობ, რომ წინ რაღაც შემეხო. რა თქმა უნდა, რეაქცია ისეთი მოულოდნელი მქონდა, ვიფიქრე, რომ რაღაცას დავეჯახე, მაგრამ ირგვლივ არაფერი არ იყო. მივხვდი, რომ ეს მღვდელი იყო. ჩავთვალე, რა თქმა უნდა, რომ ამდენ ხელის ქნევაში, უბრალოდ, ხელი მოუხვდა უადგილო ადგილას-მეთქი. რა უნდა მეთქვა, თან ხალხში ვართ.

გავაგრძელეთ ეს ექსკურსია და მიყვება: აქ ასეა... ცოტა ხანი კიდევ რომ გავიდა, უკვე ვიგრძენი აშკარა შეხება. ვიოლინოსავით ჩამისვა ხელი, ეს უკვე აშკარად შეგნებულად გაკეთებული ჩასმა იყო.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ტაძარში, ხალხში და უცებ აღმოვაჩინე, რომ მღვდელი წინ მისვამს ხელს.

არ ვაპირებ იქ სკანდალის ატეხვას. ცხოვრებაში არ მიცემია არავინ, მით უმეტეს, მღვდელს არ ვცემდი ეკლესიაში. მივედით საკურთხევლამდე და მეუბნება, წამოდი, შევიდეთო, იქ ისეთ რამეს გაჩვენებ, რასაც სხვაგან ვერ ნახავო.

ისევ უხერხულად ვგრძნობდი თავს, წესით, ამ მომენტში უნდა მეთქვა, რომ კარგად იყავით-მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად ვიფიქრე, რა უნდა ქნას ასეთი, ბარემ მაჩვენოს საკურთხეველიც და მერე წავალ-მეთქი.

შევედით საკურთხეველში - განსხვავება ტაძრისგან ის არის, რომ იქ სრულიად მარტო დავრჩით მე და მღვდელი. ისევ აგრძელებს ამ თავის მოყოლას, მეც არ ვიმჩნევ, ხომ იცით, როგორც ხდება ასეთ სიტუაციებში, თითქოს არაფერი არ ხდება, არ იმჩნევ...

მათვალიერებინებს ყველაფერს და რაღაც ეტაპზე ატყობს, რომ დაძაბული ვარ და მეუბნება, ნუ გერიდებაო, შეეხე, მოუსვი ხელი ფრესკებსო, ნახეო, იგრძენი როგორი ტექსტურააო.

მეც დავემორჩილე და ამ დროს თვითონ ისეთი მომისვა, ამას მოსმა აღარ ჰქვია. ჩვეულებრივად ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი. სიტუაცია უკვე ისეთი იყო, რომ ნამდვილად ვერც ერთი ვერ მოვიტყუებოდით, რომ ვითომ რაღაცა შემთხვევით ხდება. მე ავკარი ხელი, ავკარი კი არა, ძლივს მოვაგლეჯინე. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად მივხვდი, რომ უკვე იწყებოდა სექსი მღვდელთან პირდაპირ ტაძრის საკურთხეველში, რაც არ შედიოდა ჩემს გეგმებში იმიტომ, რომ იქ სულ სხვა განწყობით და მიზნით მივედი. იმ მღვდლისთვის, ალბათ, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ამ იდეამ დიდად არ მომხიბლა.

ამ მომენტში ვეუბნები, საკმარისია, უნდა წავიდე-თქო.

უცებ მეუბნება, არა, მოდი სამრეკლოზე უნდა აგიყვანოო. ნუ, ალბათ, ეს სიმბოლურად მითხრა - სამრეკლო, ალბათ, ნამდვილიც და თავისი სამრეკლოც იგულისხმა.

მე ვუთხარი, არ მინდა თქვენს სამრეკლოზე ასვლა-მეთქი.

არაო, - ირონიულად ჩაიცინა, - რა იყო, ჩვეულებრივი სამრეკლოაო.

არ მინდა-მეთქი, მადლობა და წავედი-მეთქი.

კარგი, კარგი, არ გინდა და ნუ გინდაო. არც უცდია, რომ დავრჩენილიყავი.

რომ გამოვედი საკურთხევლიდან, თვალის ჩაკვრით დამემშვიდობა. წამოვედი და თან ხომ მივხვდი, ეს მღვდელი ამას პირველად არ იზამდა. აშკარად, ტაძარში ვინც ხშირადაა, კარგად ეცოდინებოდა, რომ ამას ხშირად აკეთებდა. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამიტომ, ვითომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ისე გამოვდიოდი.

მივედი კარამდე და უკვე რომ უნდა გავსულიყავი, გამოვიხედე საკურთხევლისკენ და რას ვხედავ - იმ მღვდელს, უკვე შემდეგი ბიჭი ჰყავს აყვანილი და გადის ზუსტად იგივე გზას, რომელიც მე გამატარა და მიჰყავს ეს ბიჭი საკურთხევლისკენ.

წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში იმ მღვდელს რამდენი ბიჭი ჰყავს ასე შეყვანილი იმ საკურთხეველში და რამდენი ჰყავს სამკრელოზე აყვანილი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

იმ ბიჭის შემთხვევაში რა მოხდა, არ ვიცი. მე გამოვედი ტაძრიდან და იქ აღარასდროს დავბრუნებულვარ.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლოს სხდომა, ზუგდიდის სასამართლო

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეეფარდათ. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხავნიძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათ გირაო შეეფარდათ სხვადასხვა რაოდენობის თანხის სახით.

ბრალდებულების ნაწილი თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალს არ აღიარებს საკრებულოს თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე პირი.

8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, ემსხვერპლა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოავარიას, 10 ნოემბერს საღამოს. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რომელთაგან ერთი, სადაც მამა-შვილი ისხდნენ, მთლიანად დაიწვა. სამედიცინო ეკიპაჟებმა ხუთი დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.

ავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგილზე მისული საპატრულო პოლიცია ადგენს.

ამჟამად რუსთავი-ლილოს გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

უკრაინელი ნაციონალისტი იგორ მაზური პოლონეთმა თავდებით გაათავისუფლა

უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობა „უნა-უნსოს“ ერთ-ერთი ლიდერი და უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისრის სამდივნოს წარმომადგენელი იგორ მაზური პოლონეთის პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ 10 ნოემბერს გაათავისუფლა ლიუბლიანაში უკრაინის გენერალური კონსულის თავდებობის ქვეშ.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუკით“ გაავრცელა უკრაინის ვერხოვნა რადას კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლიუდმილა დენისოვამ, რომელმაც დასძინა, რომ „ბრძოლა ჩვენი თანამემამულის ბედისთვის გრძელდება, რათა იგი არ გადაიქცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური შურისძიების მძევლად“.

უკრაინის მხრიდან საექსტრადიციო მოთხოვნამდე მაზური უკრაინის გენერალურ საკონსულოში იცხოვრებს.

9 ნოემბერს გავრცელებული ცნობით, იგორ მაზური პოლონეთში რუსეთის თხოვნის საფუძველზე დააკავეს.

რუსეთის მიერ იგი ეჭვმიტანილია ჩეჩენი სეპარატისტების მხარეზე მოქმედებაში 1990-იანი წლების საბრძოლო მოქმედებების დროს.

ამის შესახებ ინფორმაცია 9 ნოემბერს გაავრცელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, რომელმაც ამ საქმეს „კრემლის გულის მოსაგებად შეთითხნილი“ უწოდა და პოლონეთს მისი სწრაფად და ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდა.

პოლონეთის საელჩოს წინ კიევში 9 ნოემბერს გაიმართა საპროტესტო აქცია უკრაინელი აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით.

ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია

ნინო სუხისშვილი. 2013 წლის ფოტო

ქართული ეროვნული ბალეტის დირექტორი ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩის პოზიციას ინარჩუნებს.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სიცრუეა ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნინო სუხიშვილს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება შეუჩერეს:

„გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის“.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG