Accessibility links

ახალი ამბები

გიორგი მშვენიერაძე: პარლამენტის თავმჯდომარე გარკვეულ ცვლილებებს დაგვპირდა

პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვცა პირობა, რომ ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას გაითვალისწინებს, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

„პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვცა პირობა, რომ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც მოცემული იყო ვენეციის კომისიის მოსაზრებებში და რომლებიც ფაქტობრივად ემთხვევა ჩვენს ხედვას (მანამდე რაც კი გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით), გაითვალისწინებს საქართველოს პარლამენტი.

ყოველ შემთხვევაში, ის შეეცდება პირადად დაარწმუნოს საკუთარი კოლეგები, რომ მხარი დაუჭირონ ინიციატივას. ეს საკითხები არის გამოცდის მოხსნის საკითხი, ეს საკითხი არის დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტთან. ამავდროულად, მსჯელობა შეეხო სხვა რეკომენდაციებსაც და მივიღეთ პირობა, რომ მოსამართლეთა 18-კაციანი სიის წარდგენა საბჭოში საბოლოოდ დასამტკიცებლად დაეფუძნება მათ შეფასებას, ქულების სისტემას“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე 17 აპრილს არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენა პარლამენტის სხდომაზე 17 აპრილისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა კანონპროექტის განახლებული ვარიანტი მოითხოვეს, სხდომა შეწყდა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა 18 აპრილისთვის გადაიდო.

გამოქვეყნდა ეუთო დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება მოამზადა, დასკვნა დღეს გამოქვეყნდა.

სახალხო დამცველი იმედს გამოვთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს გამოთქმულ მოსაზრებებს.

სამართლებრივი მოსაზრება დეტალურად ჩამოთვლის კანონპროექტში არსებულ ხარვეზებს, შეუსაბამობებს და ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • უნდა გაიზარდოს კანდიდატებისაგან მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა და გაუქმდეს გამოცდების ჩაბარების მოთხოვნა მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირებისათვის.
  • ფარული კენჭისყრა, რომელსაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ შეესაბამება დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემას. საბჭომ უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილებები და უნდა არსებობდეს მათი გასაჩივრების შესაძლებლობა. კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს შერჩევის ნათელი კრიტერიუმები შერჩევის ყველა ეტაპისათვის და დაკონკრეტდეს, რომ ნომინირებული კანდიდატი უნდა იყოს ყველაზე კვალიფიციური სხვა კანდიდატებს შორის.
  • შემოღებულ იქნას დამატებითი მოთხოვნები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისათვის, უფლებების სფეროში ვრცელი ექსპერტიზის ჩათვლით. მოსამართლეთა შერჩევა უნდა განხორციელდეს დისკრიმინაციის გარეშე და შემოღებულ იქნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას უფრო დაბალანსებულად, გენდერისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც აქვს ინტერესთა კონფლიქტი, არც ერთ ეტაპზე არ უნდა მონაწილეობდეს შერჩევის პროცესში ან უნდა გადადგეს, სანამ თავის კანდიდატურას წამოაყენებს;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც იქნება საჯარო;
  • უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები;
  • პარლამენტს ამ პროცესში უნდა ჰქონდეს ზედამხედველობის ფუნქცია, რათა შეამოწმოს მთლიანი პროცესის კანონთან შესაბამისობა. უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალე პროცედურები და გარანტიები იმაში დასარწმუნებლად, რომ კანდიდატების ნომინირებისა და დანიშვნის გადაწყვეტილებები ექსკლუზიურად ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიიღება. პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, უფლებამოსილება და ფუნქციები უნდა დაზუსტდეს, მათ შორის, განისაზღვროს, ექნება თუ არა სამუშაო ჯგუფს კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების საშუალება;
  • სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური და მოიცავდეს ეფექტურ კონსულტაციებს, ასევე რეფორმის ზეგავლენის სრულ შეფასებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ჩათვლით. კანონშემოქმედების ყველა ეტაპზე უნდა იყოს გათვალისწინებული საკმარისი ვადები ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიმართ, გაწეული სამუშაოს გამო. მათ მიერ მომზადებული მოსაზრება დაეხმარება ქვეყანას მოცემული მომენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვისათვის. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ნაჩქარევად არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსა და მთლიანად სასამართლო სისტემის ბედს მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ არსებული კანონპროექტი საფუძვლიანად გადამუშავდეს, გაზიარებულ იქნას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მოსაზრება და ვენეციის კომისიის დასკვნა და არსებული პროექტი შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან“- ნათქვამია სახლხო დამცველის განცხადებაში.

რუსეთში პატიმრობას უგრძელებენ ნოემბერში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს

უკრაინელი მეზღვაურების მხარდამჭერი ერთკაციანი აქცია მოსკოვში.

მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ დაიწყო პატიმრობის 24 ივლისამდე გაგრძელება უკრაინელი მეზღვაურებისთვის, რომლებიც რუსეთის მეზღვაურებმა 2018 წლის ნოემბერში დააპატიმრეს შავ ზღვაში უკრაინის სამი გემის ხელში ჩაგდებისას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება. ბრალდებულები ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ საქმეს ნაწილ-ნაწილ განიხილავენ. სულ სასამართლო განიხილავს 24 პატიმრის საქმეს. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვაო სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა მეზღვაურებისა და გემების დაბრუნების მოთხოვნით. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთს „კიდევ აქვს შანსი, გაათავისუფლოს უკრაინის გემები და მეზღვაურები, სანამ კრემლის მიერ ჩადენილს ფორმალურად აღიარებენ საერთაშორისო დანაშაულად.“

25 ნოემბერს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან რუსეთის მესაზღვრეებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამი გემი და 24 მეზღვაური. სამხედრო მოსამსახურეებს ბრალად სდებენ რუსეთის საზღვრის გადაკვეთას. მეზღვაურები მოსკოვში ჰყავთ წინასწარი დაკავების საკნებში. კიევი მომხდარს აგრესიის აქტად მიიჩნევს, მეზღვაურებს კი სამხედრო ტყვეებს უწოდებს. უკრაინის პოზიციას იზიარებენ აშშ, ნატო და ევროკავშირი. გაერომ დაკავებული მეზღვაურები სამხედრო ტყვეებად აღიარა.

ირაკლი კობახიძე: საკვალიფიკაციო გამოცდები სავარაუდოდ გაუქმდება

ვენეციის კომისია არ მოითხოვს საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ უნდა გავაუქმოთ გამოცდები, სალაპარაკო რომ არ გახდეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 17 აპრილს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„(დასკვნაში) გამოცდის საკითხზე არის რეკომენდაცია, თუმცა ვენეციის კომისია აპრიორი არ მოითხოვს გამოცდის ამოღებას. იქ არის გარკვეული ტექნიკური საკითხი. ერთი მხრივ, წერია, რომ უნდა იყოს შერჩეული გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი და იქვე წერია გამოცდა. არის რეკომენდაცია, რომ ან ერთი უნდა ეწეროს ან მეორე... მიუხედავად იმის, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ უნდა ამოვიღოთ, რათა არ გახდეს სალაპარაკო ეს ყველაფერი“, - განაცხადა პარლემენტის თავმჯდომარემ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა.

„უნდა გადაიხედოს მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა ჩააბარონ იურიდიული კვალიფიკაციის გამოცდები. უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები შეიძლება იყვნენ მხოლოდ „სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები“.

ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირებს არ უნდა დაევალოთ გამოცდის ჩაბარება იმის დასამტკიცებლად, რომ შესწევთ უნარი იმუშაონ კანონის მუხლებზე, რაც არის უზენაესი სასამართლოს მუშაობის არსი“, - ასეთია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით.

ტრამპის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, აამოქმედოს ჰელმს-ბერტონის კანონი

აშშ-ის საელჩო ჰავანაში.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს ყოფილ მფლობელებს ნება დართოს, აშშ-ის სასამართლოებში შეიტანონ სარჩელი უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც კუბაში საქმიანობენ და სარგებლობენ ამერიკელების კუთვნილი ქონებით, რომელიც ნაციონალიზებულ იქნა ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლის შემდეგ.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ოთხშაბათს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ახსნის საჯარო გამოსვლაში მაიამიში - ამერიკაში კუბელი იმიგრანტების უდიდეს ცენტრში, ასევე გამოაცხადებს ვენესუელის, კუბისა და ნიკარაგუის მიმართ ახალი სანქციების შესახებ.

1996 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო ჰელმს-ბერტონის კანონი, რომელიც სარჩელის შეტანის საშუალებას იძლევა კუბაში მოქმედი უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ექსპროპრიირებული ქონებით სარგებლობენ. მაგრამ ტრამპის ყველა წინამორბედი აჩერებდა კანონის მოქმედებას ეროვნული ინტერესების გამო. ისინი შიშობდნენ, რომ უცხოური კომპანიების სამართლებრივი დევნა საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს ამერიკული კომპანიების მიმართ და ქაოსს წარმოშობს მოკავშირე ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებში.

მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ხვალამდე გადაიდო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია განხილვის დაწყებამდე დეპუტატებს კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ჰქონდეთ, რაც ინიციატორებმა გაიზიარეს.

„შეხვედრა გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. გამოითქვა მოსაზრება და თხოვნა ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ უმჯობესია ჯერ ჩასწორებული ტექსტი დარიგდეს და ამის შემდეგ დავიწყოთ უკვე საგნობრივი განხილვა ამ კანონპროექტის, რაც ჩვენ გავიზიარეთ. შესაბამისად გთავაზობთ, რომ დღეს აღარ გამოვიტანოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

ოლეგ დერიპასკა 600 ათას დოლარს გადაიხდის ჟურნალისტური გამოძიებისთვის

ოლეგ დერიპასკა

რუსი ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა 600 ათას დოლარს გადაიხდის ჟურნალისტური გამოძიებისთვის, რათა დადგინდეს, რატომ მოხვდა აშშ-ის სანქციების სიაში. ბიზნესმენი სასამართლოში უჩივის აშშ-ის მთავრობას და ყველა შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.

დერიპასკა მიიჩნევს, რომ სანქციების სიაში მისი მოხვედრის მიზეზი გახდა რუსეთის საშინაო პოლიტიკის საკითხები. ის უარყოფს პირად ურთიერთობებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რაიმე კავშირს სისხლის სამართლის დანაშაულთან (აშშ-ში ის ეჭვმიტანილია ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში). ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მის მიმართ სანქციები აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევით იქნა შემოღებული. აშშ-ის ფინანასთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელში დერიპასკა ასევე ითხოვს, აიკრძალოს სიტყვა „ოლიგარქის“ ხმარება.

ნიდერლანდის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ალბანეთისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას

ნიდერლანდის პარლამენტის ოთხმა წევრმა პარლამენტში შეიტანა წინადადება, ალბანეთის მოქალაქეებს დროებით შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში.

11 აპრილს ნიდერლანდის პარლამენტმა ამ ინიციატივაზე გამართა დებატები და უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ახლა პარლამენტი მთავრობას მიმართავს თხოვნით, ევროპის კომისიას წარუდგინოს განაცხადი „სწრაფი შეჩერების“ პროცედურის დაწყების თაობაზე, რომელიც შესაძლებელს ხდის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

ოთხმა პარლამენტარმა ნიდერლანდის პარლამენტში ინიციატივა შეიტანა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული ზომების ფარგლებში.

პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ „ნიდერლანდში საგრძნობლად გაიზარდა ალბანური მაფიის მოქმედება“ და ეს დანაშაულებრივი ორგანიზაციები „ბოროტად იყენებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას და ამგვარად კიდევ უფრო აფართოებენ თავიანთ კონტრაბანდულ ქსელს“.

ალბანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაუწესდათ რიგი პირობებით, მათ შორისაა ალბანეთის საზღვრებს გარეთ მოქმედი ალბანური დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა.

ნიდერლანდის პარლამენტისთვის წარდგენილ ინიციატივაში ნათქვამია, რომ ამჟამად ნიდერლანდში ექვსჯერ მეტი ალბანელი იმყოფება, ვიდრე ოფიციალურადაა რეგისტრირებული.

„სწრაფი შეჩერების“ მექანიზმი არის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესი, რომელიც შესაძლებელს ხდის განსაკუთრებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას სპეციფიკურ შემთხვევებში, რომლებიც „საგანგებო ვითარებად“ შეიძლება იქნეს მიჩნეული.

2018 წლის იანვარში საფრანგეთი დაიმუქრა, რომ ალბანეთის მოქალაქეებს აღუდგენს შენგენის სავიზო რეჟიმს მას შემდეგ, რაც 2017 წელს საფრანგეთში 7600-ზე მეტმა ალბანელმა შეიტანა განაცხადი თავშესაფრის მოსაპოვებლად.

„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა სტაბილურია

„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშების მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ.

„ამტელ ჰოსპიტალის“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბესიკ წივწივაძის თქმით, 21 წლის გიორგი ლიპარტელიანსა და 19 წლის ნოდარ ჩახალიანს თავის ქალის დაზიანებები, ტვინის შერყევა და სხეულის ზოგადი ტრავმები აღენიშნებათ.

ორივე მათგანი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს.

ექიმის თქმით, ორივე პაციენტს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. არცერთ მათგანს შინაგანი ორგანოების დაზიანება არ მიუღია.

როგორც ბესიკ წივწივაძე ამბობს, პაციენტების თქმით, ისინი დაახლოებით 8-9 მეტის სიმაღლიდან, მესამე სართულიდან, გადმოვარდნენ.

პაციენტებს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

რაც შეეხება მესამე დაშავებულს, 21 წლის დავით ოჩხიკიძეს, ის მკურნალობას გადის ინგოროყვას კლინიკის ინტენსიური თერაპიის პალატაში.

დავით ოჩხიკიძის მკურნალი ექიმის, თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტს ქალა ტვინის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა და მუცლის დახურული ტრავმა აქვს.

„შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მოთავსდა ინტენსიური თერაპიის პალატაში, სადაც ამ დრომდე რჩება. დინამიკაში მისი მდგომარეობა არ გაუარესებულია, სტაბილურია. იგეგმება განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თეონა ხუჭუა.

"პანორამა თბილისის" ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, თავისუფლების მოედანზე, 16 აპრილის საღამოს სამი მუშა დაშავდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, ობიექტის მოკვლევისას აღმოჩნდა ხარვეზები.

დიღმის მიმართულებით შესაძლოა მიწისზედა მეტრო გაკეთდეს

„დიღმის მიმართულებით, შესაძლებელია, მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

კახა კალაძემ ეს განცხადება მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში, მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს:

"ეს ნიშნავს, რომ ჩატარდება კვლევა და რაიონებში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა, კვლევის შედეგად მივიღებთ სრულ სურათს, თუ რისი გაკეთება შეიძლება - შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით სერიოზული მოსაზრებაა იმის, რომ შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება. კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. კვლევითი ღონისძიებები რამდენიმე კვირაში დაიწყება".

ირაკლი კობახიძე თქვენობით მიმართვას ითხოვს

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომაზე ბესელიამ მიმართა ფორმით - შენ: "ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ. ხომ ხედავ, სადაც ვზივარ. თუ ვერ მხედავ, შემიძლია ახლოს მოვიდე ცოტა."

"პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს. შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ სიტყვას" - მიმართა კობახიძემ ბესელიას.

მიკროფონის გამორთვის შემდეგ, ეკა ბესელია ავიდა ტრიბუნაზე, საიდანაც ირაკლი კობახიძეს სხდომა მიჰყავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს თხოვა, ეკა ბესელიასთვის ეთიკის დასაცავად მიემართა.

ტრიბუნიდან ასეთი დიალოგი ისმოდა:

ბესელია: "ხო არ შეგეშინდა?"

კობახიძე: "შიში თქვენკენ მოიკითხეთ"

ბესელია: "სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი"

კობახიძე: "შიში, ქალბატონო ეკა, თქვენკენ მოიკითხეთ"

ბესელია-კობახიძის დაპირისპირებიდან მალევე პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

მანამდე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ გადადოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რათა ყველას ჰქონდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კარგად გააზრების შესაძლებლობა.

რუსული მედია: მწერალი დმიტრი ბიკოვი კომაშია

ცნობილი რუსი მწერალი დმიტრი ბიკოვი ჰოსპიტალიზებულია ქალაქ უფის საავადმყოფოს ნეირორეანიმაციის განყოფილებაში, - ამის შესახებ წერს რუსული გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა“, რომლის განმარტებითაც, მწერალს ინსულტის ნიშნები აღენიშნება.

როგორც რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიკტოვმა განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“, დმიტრი ბიკოვის ჰოსპიტალიზაცია უკავშირდება ქრონიკულ დაავადებას.

უფაში მწერალი იმყოფებოდა ლექტორიუმის - „პირდაპირი მეტყველების“ ფარგლებში, მორიგი ლექციის წასაკითხად.

დმიტრი ბიკოვი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალი, ბიოგრაფი და პუბლიცისტია. ის აქტიურად თანამშრომლობს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან.

2011-12 წლებში ბიკოვი შედიოდა "სამართლიანი არჩევნების" მოთხოვნით გამართული მიტინგების საორგანიზაციო კომიტეტში.

2016 წელს დმიტრი ბიკოვი სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა თბილისის ლიტერატურულ ფესტივალში.

ტაჯიკეთის პრეზიდენტი მოსკოვში პუტინს ხვდება

ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი მოსკოვში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით - იუწყება კრემლი.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან რაჰმონის მოლაპარაკების თემები იქნება ორმხრივი ურთიერთობები და "ზომები, რომლებიც კიდევ უფრო განავითარებს ორივე მხარისთვის მომგებიან თანამშრომლობას პოლიტიკის, ვაჭრობა-ეკონომიკის და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, და კიდევ სხვებში. მოლაპარაკების მონაწილეები შეხედულებებს გაცვლიან მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე" - აცხადებს კრემლის პრესსამსახური.

ვარაუდობენ, რომ რაჰმონი და პუტინი შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს, მათ შორის ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსეთისთვის მიწოდების გზების გაუმჯობესებაზე.

სალომე ზურაბიშვილი: ორი პატარა ქვეყანა ყველანაირად ცდილობს გაამყაროს თავისი დამოუკიდებლობა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და ნიკოს ანასტასიადისმა თბილისში გამართულ შეხევედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანაში არსებული კონფლიქტების პრობლემაზე.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, სტაბილური ქვეყანა თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება იმას, რომ ჩვენთან არის ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტი და არის საჭიროება და მზადყოფნა ორივე ქვეყნის, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ კონფლიქტების გადაწყვეტისკენ“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ერთობლივი გამოცდილება, როცა ორი პატარა ქვეყანა ყველანაირად ცდილობს გაამყაროს თავისი დამოუკიდებლობა და მშვიდობიანად შეცვალოს დღევანდელი მდგომარეობა.

სალომე ზურაბიშვილმა ნიკოს ანასტასიადისს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კვიპროსი მონაწილეობს საოუკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კვიპროსმა საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად

კვიპროსის და საქართველოს პრეზიდენტები ნიკოს ანასტასიადისი და სალომე ზურაბიშვილი

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა თბილისში, კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტების ჯერ პირისპირ, შემდეგ კი სამთავრობო დელეგაციებთან ერთად შეხვედრა „ავლაბრის სასახლეში“ გაიმართა.

ნიკოს ანასტასიადისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას ნიშანდობლივი უწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, ისაუბრეს „ცირკულარულ მიგრაციაზე,“ რომელიც ზურაბიშვილის თქმით, არის საქართველოს ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მოთხოვნა ევროკავშირის მიმართ.

პრეზიდენტის განცხადებით, კვიპროსი მზად არის, რომ ამ კუთხით საქართველოსთან შეთანხმება შედგეს.

ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას იემენის ომში აშშ-ის ჩართულობის დასრულებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას, რომელიც გამოდიოდა მოწოდებით დასრულებულიყო აშშ-ის ჩართულობა იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე ომში.

რეზოლუციით პრეზიდენტს შეეზღუდებოდა ომში ჯარის გაგზავნის უფლებამოსილება.

"ამ რეზოლუციის საჭიროება არ არსებობს და ის წარმოდგენს ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილებების დასუსტების სახიფათო მცდელობას" - განაცხადა ტრამპმა 16 აპრილს. მისი თქმით, აშშ-ის ჩართულობა იემენში საჭიროა საიმისოდ, რომ "დაცული იყოს იმ 80 000-ზე მეტი ამერიკელის უსაფრთხოება, რომელიც კოალიციის გარკვეულ ქვეყნებში ცხოვრობს".

ახალი სირთულე შეექმნა დებატებს უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის

ახალი სირთულე შეექმნა დებატების გამართვის გეგმას უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ პოროშენკოს და მის მეტოქეს, ვლადიმირ ზელენსკის შორის. ამჯერად პრობლემა დებატების დროს უკავშირდება.

16 აპრილს, გვიან საღამოს პოროშენკოს პრესმდივანმა, ოლეგ მედვედევმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ მიიღებს მონაწილეობას 19 აპრილს დანიშნულ დებატებში კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ უარყო შეთავაზებული დრო, 4-დან 6 საათამდე. ზელენსკის გუნდს ეს ბოლო უთანხმოება არ დაუდასტურებია.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, მედვედევმა გამოაცხადა, რომ კანდიდატთა მრჩევლებმა სტადიონთან კონტრაქტი გააფორმეს და დებატები 19 აპრილისთვის დაინიშნა - თუმცა, იქვე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კანდიდატების გუნდები კვლავაც მსჯელობდნენ დებატების წესებზე. მედვედევის თქმით, ზელენსკის გუნდი მოითხოვს დებატები საღამოს 7 საათზე დაიწყოს.

„გირჩი“ ღიად აცხადებს, რომ მოისყიდის ამომრჩეველს

ზურაბ ჯაფარიძე

„ამომრჩეველს ვთავაზობთ გარკვეულ ანაზღაურებას საარჩევნო ხმის სანაცვლოდ, ასევე ანაზღაურებას გადავუხდით „გირჩის“ მისიონერებს, რომლებიც ივლიან საარჩევნო უბნებში ჩვენი იდეების ამომრჩევლებამდე მისატანად და გადავუხდით იმითაც, ვინც 24 აპრილამდე ჩაეწერება მთაწმინდის უბანში ჩვენი კანდიდატისათვის ხმის მისაცემად“, - ამის შესახებ განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტია მზად არის ანგარიშსწორება მოახდინოს „გირჩის“ ციფრული ვალუტით, ე.წ. ჯორჯიან დოლარით (GeD).

„თითოეულ ხმაში გირჩი გასცემს 50 დოლარის ეკვივალენტ 5 ათას GeD-ს, რაც მომავალში შეესაბამება მინიმუმ 5 ათას დოლარს. თანხის მისაღებად ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ბიულეტენის ფოტო, რომელზეც შემოხაზული იქნება გირჩის კანდიდატის ნომერი 35. გარდა ამისა, გირჩის მისიონერი მიიღებს 900 დოლარის ეკვივალენტ 90 ათას GeD-ს, რასაც მომავალში შეესაბამება 90 ათასი დოლარი. გირჩის დამკვირვებელი მიიღებს 500 დოლარის ეკვივალენტ 50 ათას GeD-ს, ხოლო ვინც 24 აპრილამდე გადაეწერება მთაწმინდაზე მიიღებს 200 დოლარის შესაბამის 20 ათას GeD-ს“. ჯამში „გირჩი“ მზადაა 200 მილიონი GeD, ჩვენი ციფრული ვალუტა გავანაწილოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმას მოგვცემენ ან აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერის მობილიზებაში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის თქმითაც, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც მკაცრ ფინანსურ რეგულაციებს უწესებს პარტიებს, ხელისუფლების ხელში გადაქცეულია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად.

„ყველამ იცის, რომ ამ რეგულაციებს ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ყველა გამოვიდეს და განაცხადონ, რამდენს იხდიან ხმაში, ჩვენი ფასი არის ყველაზე კონკურენტუნარიანი“, - ამბობს „გირჩის“ ლიდერი.

GeD-ი ეს არის „გირჩის“ ციფრული ვალუტა, რომლის საშუალებითაც, პარტია აპირებს გამოისყიდოს სახელმწიფო ქონება და თანაბრად გაუნაწილოს საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ავღანეთი 250 დელეგატს გაგზავნის ყატარში, თალიბანთან შეხვედრაზე

ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ 250 დელეგატს გაგზავნის ყატარში, მიმდინარე კვირაში დანიშნულ მოლაპარაკებებზე თალიბანთან. ამ შეხვედრას განიხილავენ პოტენციურ გარღვევად ავღანეთში თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომში.

პრეზიდენტ აშრაფ ღანის პრესმდივნის თქმით, დელეგატებს შორის იქნებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები და ავღანეთის საზოგადოების წარმომადგენლები. თუმცა, თალიბანი აცხადებს, რომ ამ დელეგატებს შეხვედრაზე მხოლოდ იმ პირობით დაუშვებენ, თუკი ისინი წერილობით და სიტყვიერად დაადასტურებენ, რომ იქ კერძო პირის სტატუსით არიან და არ წარმოადგენენ ავღანეთის მთავრობას.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი, მაგრამ ექსტრემისტული ჯგუფი უარს აცხადებს შეხვდეს ქაბულში განთავსებულ ხელისუფლებას , რომელსაც ის აშშ-ის "მარიონეტად" აღიქვამს.

ეკა ბესელია მოუწოდებს უმრავლესობას, ჩააგდოს ირაკლი კობახიძის კანონპროექტი მოსამართლეების შესახებ

„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.

როგორც 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, არსებული ვითარებიდან, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნამაც შექმნა.

დეპუტატის თქმით, კობახიძის კანონპროექტი გაკრიტიკებულია ყველა მიმართულებით და მის ალტერნატივად 13 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სთავაზობს უმრავლესობას.

ეკა ბესელიას განცხადებით, სწორედ მისი და 12 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი პასუხობს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ღიად დააყენა ვენეციის კომისიამ.

„ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია. ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ, ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც ამ კვირაში უნდა წარსდგეს სესიაზე, ითვალისწინებს ყველა იმ პრინციპს, რასაც ვენეციის კომისია რეკომენდაციის სახით იძლევა. კონსესუსისთვის მზად ვართ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ მან მიიღოს 76 დეპუტატის ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტზე რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა.

მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვა გადავადდა

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ“ კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან.

„მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც მათ ჰქონდათ, არ იყო საკმარისი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლების მოსამზადებლად, რათა მომხდარიყო ამ ავტომობილების ჩანაცვლება და გვთხოვეს, რომ „ბ“ კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები ისევ დაშვებული. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ ეს დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში მოთხოვნა, რომ მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება „ბ“ კატეგორიაში. მათ აქვთ წელიწადნახევარი იმისთვის, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია, რადგან კარგად გვესმის ამ ადამიანების და ზოგადად არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან უკვე მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში აპირებს კიდევ არაერთი სიახლის დანერგვას.

კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს მადლობას უხდის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის

ნიკოს ანასტასიადისი

კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა ისტორიული უწოდა საქართველოში მის პირველ ოფიციალურ ვიზიტს.

„დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი უნაკლო სტუმართმოყვარეობისთვის ჩემი მეუღლის და მთელი დელეგაციის სახელით, რადგან თავს ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში“ - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნიკოს ანასტასიადისის თქმით, კვიპროსს და საქართველოს აქვთ მრავალწლიანი ურთიერთობა და უნდა გაგძელდეს დაახლოება და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავება.

კვიპროსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა ვიზიტმა შესაძლოა, სათავე დაუდოს ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას და ამას ხელს შეუწყობს საქართველოს და კვიპროსის პირველი ბიზნეს-ფორუმიც, რომელიც ხვალ გაიმართება.

ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით, კვიპროსმა საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად და მის მხარდაჭერას უკვე ამ სტატუსითაც გააგრძელებს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და კვიპროსი მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტირიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ნიკოს ანასტასიადისის თქმით, კვიპროსის წარმომადგენლები მონაწილეობენ ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიაში და ამით მის ქვეყანას მცირე წვლილი მაინც შეაქვს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

ნიკოს ანასტასიადისმა დაადასტურა, რომ კვიპროსი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებას.

კვიპროსის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასაც და დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას.

ნიკოს ანასტასიადისის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს გააცნო კვიპროსის წინაშე არსებული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და შესაძლებლობები, რომლებიც კვიპროსის თურქებს და კვიპროსელებს მისცემს ერთ სახელმწიფოში სწორად განვითარების პერსექტივას. „ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ მოლოდონით ვართ აღსავსე“ - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

ნიკოს ანასტასიადისმა კვიპროსელი ხალხის სახელით, საქართველოს მადლობა გადაუხადა კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

ნიკოს ანასტასიადისმა სალომე ზურაბიშვილი კვიპროსზე ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ნოტრ-დამში ხანძარი შესაძლოა ელექტროგაყვანილობის სისტემაში შექმნილ პრობლემას გამოეწვია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები გამოიძახეს სიგნალიზაციის ჩართვიდან 23 წუთის შემდეგ - ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა BuzzFeedсо იუწყება პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სიგნალი პირველად ჩაირთო ადგილობრივი დროით 18 საათსა და 20 წუთზე, ტაძრის მსახურებმა ინსტრუქციის მიხედვით, ნოტრ-დამში მყოფთ თხოვეს მისი დატოვება და თავად სცადეს აალების წყაროს მოძებნა.

სახანძრო სამსახური სიგნალის მეორედ ჩართვის შემდეგ გამოიძახეს. ტაძრის ორგანისტის ინფორმაციით, პირველი 20 წუთის განმავლობაში კვამლის სუნი არ იგრძნობოდა, ამიტომ ჩათვალეს, რომ განგაში ცრუ იყო. როცა მეხანძრეები ნოტრ-დამში მივიდნენ, ცეცხლით უკვე მოცული იყო ტაძრის ზედა ნაწილი.

კრიმინალისტების შეფასებით, აალების კერა ტაძრის შპილის ძირში იყო. გამოცემა Le Parisien-ი წერს, რომ შესაძლოა, ხანძარი გამოეწვია ელექტროგაყვანილობის სისტემაში წარმოქმნილ პრობლემას.

პარიზის ერთ-ერთ სიმბოლოს, ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, საღამოს გაუჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 400 მდე მეხანძრე ცეცხლს რვა საათზე მეტხანს აქრობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს პარიზის პროკურატურა. მისი მთავარი ვერსიით, ცეცხლი განზარხ გაჩენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო.

16 აპრილს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოქალაქეებისადმი ტელემიმართვისას განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა ხუთ წელიწადში დასრულდება.

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთში მიმდინარეობს თანხების შეგროვება. ხანძრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით მილიარდი ევრო შეგროვდა.

ნაზი ჯანეზაშვილი: უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ეტაპობრივად უნდა მოხდეს

ნაზი ჯანეზაშვილმა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიესალმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა.

„როგორვ ჩანს, ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვი, რომ პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის არის არაფორმალური შეთანხმება და არც საბჭოს უცხადებს ნდობას და არც პარლამენტს“ - უთხრა ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტში შეხვედრის დაწყებამდე.

ჯანეზაშვილის შეფასებით, შესაძლებელია ეს კანონმდებლობაში არ აისახოს, მაგრამ პოლიტიკური მიდგომიდან გამომდინარე პარლამენტმა უზენაესი სასამართლო სრულად არ დააკომპლექტოს.

„ამჟამად არის 18 ვაკანსია, დაემატება კიდევ ორი და ჯამში, უზენაეს სასამართლოში 2019 წლისათვის 20 ვაკანსია იქნება. მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დაკომპლექტება ეტაპობრივად მოხდეს“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე შეფასებით, სრულიად ადეკვატურია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხის გადახედვის შესახებ.

დილის 10 საათიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხვდება დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე განიხილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებს და კრიტერიუმებს ეხება.

"პანორამა თბილისის" ერთ-ერთ ობიექტზე მუშების დაშავების გამო მშენებლობა შეჩერდა

„პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სამი მუშის დაშავების გამო სამუშაოები შეჩერდა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მოკვლევის პროცესში აღმოჩენილი გარკვეული ხარვეზების გამო. ფერაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გამოკითხეს შემთხვევის მოწმე პირები, ადგილი დათვალიერდა და დღეიდან ინსპექტირება დაიწყება.

„უნდა გამოვიკვლიოთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებული იყო უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნასთან. გარკვეული სტანდარტები არსებობს, თუმცა არის ხარვეზებიც. ამიტომ, პრევენციისთვის სიმაღლეზე სამუშაოები შეჩერებულია” - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მან დაადასტურა, რომ ინციდენტამდე ეს ობიექტი შემოწმებული არ ყოფილა, რადგან ფერაძის თქმით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კომპანიებს ეტაპობრივად ამოწმებს და ჯერჯერობით ამ ობიექტამდე არ მისულა.

16 აპრილს, თავისუფლების მოედანზე მშენებარე ობიექტიდან სამი მუშა გადმოვარდა. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. მშენებლებს ტვინის შერყევა და მოტეხილობა აქვთ. ექიმების ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პანორამა თბილისის“ პროექტს ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი.“

საზოგადოებრივი მაუწყებელი ფონდის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავისუფლების მოედანზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კონტრაქტორი კომპანია „ენერჯი პლიუსი,“ რომელსაც ხელშეკრულებით ევალება უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG