Accessibility links

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ბაქოში ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბაქოში ვიზიტს არ წყვეტს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს პარლამენტში განუცხადეს.

ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 22 ივნისამდე გაგრძელდება. ხვალ, 21 ივნისს იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.

მამუკა ხაზარაძე: არა უკუპაციას! გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში!

არა ოკუპაციას!!! გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში! - ამის შესახებ დაწერა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძე თავის „ფეისბუქში“ იმ ფონზე, როცა პარლამენტის წინ ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ათასობით ადამიანი აპროტესტებს, როგორც ისინი აცხადებენ, "ქვეყნის კრემლისთვის ჩაბარებას".

იუწყებიან, რომ პარლამენტში გაძლიერებულია დაცვა და შენობის ეზოში მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

თბილისში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

კარასინი: "აღშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ "შეშფოთებით ვადევნებთ თვალს თბილისში მართლმადიდებლობის ასამბლეის გარშემო მიმდინარე მოვლენებსო".

კარასინი რადიკალურს უწოდებს პოლიტიკურ ძალებს, რომელთა მოქმედებით აღშფოთებას გამოხატავს ის და დასძენს, რომ მათ "მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი თავის ანტირუსული განწყობების ამოსაფრქვევად გამოიყენეს".

„ინტერპრესს ნიუსს“ მისი სიტყვები მოჰყავს, რომ „მათი აგრესიული ქმედებების გამო, ასამბლეის 25 წევრის პარლამენტარები იძულებულები გახდნენ, დროზე ადრე შეეწყვიტათ სამუშაო. მიუხედავად ამისა, ჩვენ განწყობილები ვართ, გავაგრძელოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ხაზი, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესშია“, - განაცხადა კარასინმა.

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს

გურამ ფალავანდიშვილის სასამართლო პროცესი 5 ივლისამდე გადაიდო და ის გაათავისუფლეს. ლევან ვასაძის „სახალხო ლეგიონის“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი 20 ივნისს, დილით დააკავეს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

როგორც ფალავანდიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, დილით ის პოლიციაში დაიბარეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგრამ არ გამოცხადდა და შემდეგ მას გზაში დახვდნენ.

„რახან არ მივედი და ამ დაკითხვების გამო ვერ დამაკავეს, ამიტომ ასე უაზროდ დამაკავეს, რომ არ ვყოფილიყავი აქციაზე... მანქანა გადააყენეო, გადავაყენე; დაბრძანდიო, დავბრძანდი, არავითარი ზედმეტი სიტყვა არ ყოფილა... მერე ჩამიწერეს, რომ ვითომ პოლიციას შევაგინე თუ რაღაც... მაგაზე ხელი არ მოვაწერე“, - თქვა ფალავანდიშვილმა. მისი თქმით, გრძელდება ბრძოლა "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ.

გათავისუფლების შემდეგ, გურამ ფალავანდიშვილი ვერის პარკში მივიდა და იქ შეკრებილთა ლოცვას შეუერთდა.

20 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, მის მიერ გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

შს სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება „სახალხო ლეგიონი“, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

ფილარეტმა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნება გამოაცხადა

UKRAINE -- Top figures in Ukraine's new Orthodox Church meet in a synod in Kyiv, May 24, 2019

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამაარსებელმა, პატრიარქმა ფილარეტმა (დენისენკო) ამ ეკლესიის დაფუძნება გამოაცხადა.

გადაწყვეტილება მიიღო კიევში მოწვეულმა საეკლესიო კრებამ. მისმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ უკრაინის ეკლესიების გამაერთიანებელ კრებას, რომელიც შარშან დეკემბერში გაიმართა და განკარგულებას უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის შესახებ.

ფილარეტი და მისი მომხრეები თვლიან, რომ გაერთიანებული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ ტომოსი „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას დამოკიდებულს ხდის კონსტანტინოპოლის პატრიარქზე“.

მისი განცხადებით, რომელიც კრების წინ გააკეთა ფილარეტმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარა მხოლოდ ერთმა მსხვილმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და არ შეიძლება ამიტომ ჩაითვალოს კანონიკურად.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფილარეტის მიერ მოწყობილი კრება არ ცნო.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან გააძევეს

საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან. 2019 წლის 20 ივნისი

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან გააძევეს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი.

მის მიმართ აგრესია მოჰყვა მიტინგზე გამოსვლისას შაქარიშვილის განცხადებას, რომ „ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი.“

ამ განცხადების გამო ვახტანგ შაქარიშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს წევრი სხვა პარტიების ლიდერები. უკმაყოფილებას გამოთქვამდა ტრიბუნაზე მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა შაქარიშვილი ტერიტორიიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მასთან ერთად დაუპირისპირდნენ საკრებულოს კიდევ ერთ დეპუტატს, "ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს.

„ისე, რომ არც დამამთავრებინეს სათქმელი, გადმოვიდნენ ძალადობაზე. კარგია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რას წარმოადგენენ. მე არ მგონია სწორი, იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვამოძრავებს, რუსული პასპორტი რომ უდევს ვაშაძეს, მის გვერდზე განცხადებებს ვაკეთებდე. მინდოდა, ხალხისთვის მომეწოდებინა, რომ რეალური მისამართი არის სხვაგან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ოკუპირებული აქვთ ხალხის ემოციები და განწყობები. დაუშვებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ შემოუძღვა რუსულ ტანკებს ლამის თბილისამდე და გორამდე, ისევე როგორც დაუშვებელია „ქართულ ოცნებას“ გავუტაროთ ის, რაც გააკეთა“ - უთხრა ჟურნალისტებს ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, შეუთავსებელია საზოგადოება რუსეთს ებრძოლოს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, რომელსაც ჯიბეში რუსული პასპორტი აქვს. „მე მოვედი, ჩემი აზრი ვთქვი და გვცემეს, პოლიციამ ვერ დაგვიცვა“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა.

ვაშაძე 1 საათში მოითხოვს გახარიას, კობახიძისა და გომელაურის გადადგომას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მთავრობას ერთ საათს აძლევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგნენ. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოთხოვნები. ერთი საათი ვაცადოთ, ვნახოთ რას იტყვიან",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტთან 19 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

აკაკი ბობოხიძე: რუსი დეპუტატის ნაცვლად წყალი ესტონელს შევასხი

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს შეეშალა და წყალი, რუსი დეპუტატის ნაცვლად, ესტონეთის წარმომადგენელს შეასხა. როგორც ბობოხიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შეცდომისთვის ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ნათქვამ ყველა სიტყვას ძალაში ტოვებს რუსი დეპუტატების მისამართით.

„ადამიანი, რომელსაც წყალი შევასხი, აღმოჩნდა ასამბლეის წარმომადგენელი ესტონეთიდან და არა რუსეთიდან... იმ კონკრეტულ შემთხვევაში მე ის რუსი დეპუტატი მეგონა. მაგრამ ჩემი სიტყვები ძალაშია რუსი დეპუტატების მისამართით.

დიახ, მე ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე და არა მაქვს სურვილი დავიხიო უკან რუსების წინაშე. თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, რომ დაპირისპირება მოხდეს... იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვების შესრულების აუცილებლობა არ დადგება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აკაკი ბობოხიძემ.

წყლის შესხმის ეპიზოდი 20 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, ხმაურიანი პროტესტის ფონზე, როდესაც ოპოზიციის ძალისხმევით ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა.

„მე ვკლავდი თქვენიანებს, ვკლავდი და ისევ მოვკლავ... წაეთრიეთ აქედან... თუ არ წაეთრევით... წადით უკან...“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, დეპუტატმა ბობოხიძემ სპიკერატის ტრიბუნიდან შეასხა წყალი ასამბლეის სხდომის მონაწილეს.

მას შემდეგ, რაც აკაკი ბობოხიძემ შეიტყო, რომ წყალი რუსი დეპუტატის ნაცვლად, ესტონეთის წარმომადგენელს შეასხა, ჩავიდა მასთან, გადაეხვია და ბოდიშიც მოუხადა.

20 ივნისს, "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატებმა დაიკავეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

ისინი აპროტესტებენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის ადგილის დაკავებასა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომის წაყვანას.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, სწორედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა სხდომას.

ამ ფაქტმა საზოგადოების მწვავე პროტესტი გამოიწვია. განრიგის მიხედვით, ასამბლეის 26-ე სესია 22 ივნისამდე გრძელდება. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი გავრილოვმა უკვე დატოვა საქართველო.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" წასვლას მოითხოვენ

საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან. 2019 წლის 20 ივნისი

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის და მთავრობის გადადგომას.

აქციაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან რუსულად გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს. აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

საქართველოს პარლამენტთან 19 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

რუსეთის საგარეო უწყების გვერდზე ქართველები კომენტარებს ტოვებენ

რუსეთის დუმა და საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებსაიტებზე საქართველოს პარლამენტიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გაძევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

“რუსმა პარლამენტარებმა საქართველოს პარლამენტის შენობა, რადიკალების მიერ შენობის დაკავების გამო დატოვეს”- წერს რუსეთის სათათბირო თავის ოფიციალურ გვერდზე და ამავე ცნობას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

სამოქალაქო საკითხებისა და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის განცხადებით შენობა რადიკალებმა დაიკავეს, რის გამოც დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის დატოვება “დაცვის თანხლებით მოუწიათ” - წერია ოფიციალურ გვერდზე რომელსაც თან ახლავს თეგები :# რუსეთ #საქართველო # პარლამენტი #მართლმადიდებლობა # რელიგია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ამ პოსტისქვეშ ასობით ადამიანი ტოვებს კომენტარს, რომელთა უმრავლესობაში წერია, რომ მოვლენების განვითარების ეს ვერსია დამახინჯებულია, რუსეთი კი ოკუპანტია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა ცნობას ელჩის გადადგომის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას პროტესტის ნიშნად ელჩის გადადგომის შესახებ.

"გაიჟღერა ინფორმაციამ, მათ შორის სოციალურ ქსელებში რომ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა, განვითარებული მოვლენების ფონზე დატოვა თანამდებობა. აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას და არ შეესაბამება სინამდვილეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი, როგორც საელჩოები, ისე საკონსულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მისი კომენტარი მოჰყვა გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტისადმი პროტესტის ნიშნად გადადგნენ პოლონეთსა და რუმინეთში საქართველოს ელჩები.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებას კატეგორიულად ვემიჯნებიან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც გამუდმებით აყენებს საკითხს ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ და მუშაობს ამ თემაზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ მუდმივად ვაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს და წარმოვაჩენთ მის ნამდვილ სახეს.“ - თქვა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

„პატრიოტთა ალიანსი“ ლევან ვასაძის მხარეს დადგება

პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსი“ ბიზნესმენსა და „სახალხო ლეგიონის“ დამფუძნებელს ლევან ვასაძეს მხარდაჭერას უცხადებს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ვასაძე ბულინგის მსხვერპლია სწორედ იმ პოზიციის გამო, რომელიც მას თბილისი პრაიდთან დაკავშირებით აქვს.

„და რა პოზიციაა ეს? რაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობას - ლგბტ თემის ღონისძიებები რეალურად პროპაგანდის რეჟიმშია გადასული, წლების მანძილზე მიდის ცხოვრების ამ წესის აქტიური პროპაგანდა. მეტიც, მიდის პროპაგანდა, რომ მართლმადიდებელები ჩაგრავენ უმცირესობას. არადა, ყველაფერი პირიქითაა და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ჯერ კიდევ 2014 წელს შევაგროვეთ 100 000-ზე მეტი ხელმოწერა და მივმართეთ პარლამენტს, რათა აკრძალულიყო ლგბტ პირების ცხოვრების წესის პროპაგანდა, მაგრამ მაშინ პარლამენტმა ეს მიმართვა და 100 000 ხელმოწერა არაფრად ჩააგდო“, - წერს ირმა ინაშვილი.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ამბობს, რომ ვასაძე დღეს ზნეობრივ პოზიციას იცავს, რის გამოც მისი ლანძღვა ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გასცდა.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდი - „პატრიოტთა ალიანსი“ ზნეობისთვის ბრძოლას უჭერს მხარს", - აცხადებს ირმა ინაშვილი.

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად სცნო პარლამენტის დაშლის თაობაზე ზელენსკის განკარგულება

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად სცნო ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვის შესახებ.

ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელეს სააგენტოებმა „უნიანმა“ და „ინტერფაქს - უკრაინამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ადრე უკრაინის პარლამენტის 62-მა დეპუტატმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების და ვადამდელი არჩევნების გაუქმება მოითხოვეს.

ზელენსკიმ გამოაცხადა პარლამენტის დათხოვნის შესახებ ინაუგურაციაზე გამოსვლისას და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა მეორე დღეს, როცა თანამდებობა დაიკავა. თავისი გადაწყვეტილება მან ახსნა პარლამენტის, „ვერხოვნა რადას“ მიმართ მოქალაქეთა ნაკლები ნდობით, ხოლო იურიდიულ მიზეზად მოიტანა რადაში კოალიციის არარსებობა.

ცნობით, ზელენსკის გადაწყვეტილებას სასამრთლოს 11 წევრი მიემხრო, წინააღმდეგი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი წევრი.

ზურაბ ჯაფარიძე: კონკორდატი უნდა გაუქმდეს

ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართავს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი", რომლის წევრები პასუხს სთხოვენ საპატრიარქოს იმის გამო, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მოხდა.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა და მართლმადიდებლური ასამბლეის სხდომა იქიდან წაიყვანა.

"საპატრიარქოს გარეშე ასეთი მართლმადიდებლური ფორუმები არ იმართება. მათი მიზანია, მსოფლიოს აჩვენონ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს გავრილოვისნაირი პირების საქართველოში ჩამოსვლა. ეს იმის ბრალია, რომ დღეს საპატრიარქოს პრორუსული განწყობების ადამიანები მართავენ. ამიტომ, კონკორდატი უნდა გაუქმდეს! საპატრიარქო მერე დაემსგავსება რელიგიურ ორგანიზაციას და ასე თუ გადარჩება მართლმადიდებლობა", - განაცხადა :გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

"გირჩი" წევრები გეგმავენ შეუერთდნენ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას ლოზუნგით "სირცხვილია".

კახა კალაძე: მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს სახელით, მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა. პირველი, რითაც მინდა დავიწყო, რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის. საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე და ყოველ წუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად-, განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით. დღეს, საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით. ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ. დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამიტომ, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ვის ეკისრება მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა ირაკლი კობახიძემ , კალაძემ განაცხადა, რომ მას წინასწარ ვინმეს „გაპრავება“, რომ არ გამოუვიდეს, ირაკლი კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი თავად გააკეთებენ განმარტებებს.

„რაღაცების „გაპრავება“, რომ არ გამომივიდეს და არავინ არ ვაპირებთ ამას, ფაქტი რაც მოხდა არის ძალიან ცუდი. ირაკლი ახლა არ იმყოფება საქართველოში, როდესაც დაბრუნდება, არ ვიცი დღეს შეიძლება ჰქონდეს ჩართვა სატელევიზიო ეთერებში, განმარტავს ყველაფერს, ასევე ორგანიზატორი ვინც იყო, ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, განმარტავს ყველაფერს, თუ როგორ უნდა წარმართულიყო , ვინ სად უნდა მჯდარიყო , ვის უნდა წაეყვანა და ასე შემდეგ,“-განაცხადა კახა კალაძემ

მისივე სიტყვებით, „ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ასე დაგეგმილი ნამდვილად არ იყო და ასე არ უნდა მომხდარიყო“.

პუტინმა აღიარა, რომ რუსების ცხოვრება გაუარესდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეჩვიდმეტედ დაუკავშირდა მოსახლეობას „პირდაპირი ხაზით“, მათ შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში საპასუხოდ.

შეკითხვების უმრავლესობა ეხება სოციალურ პრობლემებს, მცირე და საშუალო მიზნესს, განათლებას, ეკოლოგიას, შეღავათიან მედიკამენტებს.

პუტინი თავიდან პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც სახელმწიფო პროექტების არსს ეხებოდა. მისი თქმით, მიზანი ცხოვრების დონის ამაღლებაა. პუტინს ჰკითხეს, თუ რატომ ცხოვრობენ რუსეთის მოქალაქეები უარესად.

პრეზიდენტმა აღიარა, რომ პრობლემა არსებობს და დაბალი ხელფასები ახსნა დასავლეთის სანქციებით, ნავთობის ფასის დაცემითა და იმით, რომ რუსები ბევრ კრედიტებს იღებენ. თუმცა, მითი თქმით, ნომინალური ხელფასები იზრდება, ისევე როგორც პენსია, ყველაფერი იზრდება, თქვა პუტინმა, რომელმაც შემდეგ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დასმული შეკითხვების ნაწილი გადაულოცა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, რომელსაც კონკრეტული პასუხები არ გაუცია.

სამ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების სფეროში შევიდა ნაგვის და ნაგვის რეფორმების შესახებ შეკითხები. პუტინმა ხალხს ამცნო, რომ მთავრობა ნაგვის 200 გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას აპირებს. მას არაფერი უთქვამს რუსეთის რეგიონებში ნაგავსაყრელების გამო საპროტესტო გამოსვლებზე.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონების თაობაზე საუბრისას „ჭორი“ და „სისულელე“ უწოდა იმის მტკიცებას, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს დონბასი. ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთთან ნორმალიზების საქმეში პირველი ნაბიჯი კიევმა, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ტყვეებს განთავისუფლების თემა კომპლექსურად უნდა განიხილონ.

მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ საერთაშორისო ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის თაობაზე პუტინმა თქვა, რომ "ჩვენ ვთვლით, რომ იქ არ არის არავითარი მტკიცებულება" რუსეთის ბრალის შესახებ.

პუტინი გამოვიდა ანტინარკოტიკული კანონმდებლობის ლიბერალიზაციის წინააღმდეგი. შეკითხვა მას დაუსვეს ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმის გამო. პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის ციხეებში მყოფთა მეოთხედი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. მან თქვა, რომ კანონის შერბილებისგან მომავალი საფრთხე ძალიან დიდია.

ლევან ვასაძე: ივანიშვილს უნდა ჩემი პოლიტიკაში შეთრევა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მის პოლიტიკაში „შეთრევას“ ცდილობს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ამისთვის კონკრეტული გეგმაც აქვს.

20 ივნისს ვერის პარკში გამოსვლისას, ვასაძე დაემუქრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველაფერს ხმამაღლა იტყვის.

„ბიძინას სამზარეულოა ნაჩალიჩარი. კიდე ყველაფერს არ მოვყვები, რეები აქვს ჩემთვის ნათხოვნი და რეები ვუპასუხე მას. მაგრამ ბოლომდე თუ გავა, ბოლომდე გავალთ ჩვენც და სულ გავაშიშვლებ მაგის (ბიძინა ივანიშვილის) ამ რაღაც გეგმებს...

ბოლომდე ყველაფერს არ მოვყვები, მაგრამ, თუ მოგინდა, მერე მაგასაც მოვყვები... მიბარებ პოლიციაში იმიტომ, რომ გინდა შემათრიო პოლიტიკაში. გინდა დამიბარო, დამკითხო, ჩამსვა, რაც გინდა ქენი, არაფრის არ მეშინია... გინდა, რომ, ვითომ, ამ ხალხის თვალში გამხადო გმირი...

გამოვა, რომ მე ხალხი მხარს მიჭერს და უნდა შემათრიოთ ახლა ხელებგაკოჭილი პოლიტიკაში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მე ეს არ მინდა... არც სკამი მინდა, ხალხო, არც თანამდებობა...“, - ამბობს ლევან ვასაძე.

„სახალხო ლეგიონის“ შექმნის ინიციატორი და ორგანიზატორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე 20 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება „სახალხო ლეგიონი“, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

20 ივნისს პოლიციამ დააკავა „სახალხო ლეგიონის“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი. შს სამინისტროში არ ადასტურებენ ლევან ვასაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კიდევ დაკავებულია ძალიან ბევრი პირი.

სერგეი გავრილოვი სასტუმროდან გაიყვანეს - აქციის მონაწილეებმა წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები ესროლეს

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვისასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. გარკვეულ მანძილზე დაცვამ დეპუტატთან ერთად ირბინა, რადგანდეპუტატს მანქანაში ჩაჯდომის საშულება არ ეძლეოდა. გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

როგორც დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას სერგეი გავრილოვი საქართველოს ტოვებს. აეროპორტში თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენა ერთ სააათშია დაგეგმილი.

„რედისონთან“ შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც 19.00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას „რედისონიდან“ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ მოქალაქეები, მათ სასტუმროს შენობის ორივე შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ.

რუსი დეპუტატების ვიზიტი ზუგდიდშიც გააპროტესტეს

საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში გააპროტესტეს საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლა. აქცია, სახელწოდებით „სირცხვილია“ სამოქალაქო აქტივისტებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც დილით, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

აქტივისტების მიერ ზუგდიდის ბულვარში ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „რუსეთი ოკუპანტია,“ "არა მცოცავ ოკუპაციას,“ „საქართველოს არ სჭირდება ოკუპანტი ღორები.“

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სირცხვილია, როცა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოდის საქართველოში და იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნას მაშინ, როცა საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

„ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას იმ ადამიანების ასე თავისუფლად ჩამოსვლა და რაღაც ღონისძიებების გამართვა, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და მით უმეტეს მხარს უჭერენ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

აქციაზე არ ყოფილან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარლამენტში მომხდარი ფაქტი დაგმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ედიშერ თოლორაიამ. მათ საზოგადოების პროტესტს სამართლიანი უწოდეს.

ლევან ვასაძე: წავედი პოლიციაში

ბიზნესმენი და „სახალხო ლეგიონის“ შემქმნელი ლევან ვასაძე ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს შეხვდა. მათ საღამოს შეკრებისკენ მოუწოდა, ისაუბრა დაკავებული თანამოააზრეების შესახებ და განაცხადა, რომ მიდის პოლიციაში მხოლოდ ადვოკატთან ერთად. ის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართა. ლევან ვასაძემ თქვა, რომ ის ყველაფრისთვის მზად არის ანდერძი უკვე დაწერილი აქვს.

მასალა განახლებადია

აქტივისტები: რუსი დეპუტატი უნდა გავაცილოთ ისე, როგორც ეკუთვნის ოკუპანტს

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ გრძელდება ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ამ სასტუმროში იმყოფებიან რუსი დეპუტატები და მათ შორის - რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი. ეს ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა.

„გამოვიდა ეს ადამიანი, დაგვენახა... და ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ მისი გაყვანა უნდათ უკანა გასასვლელიდან. დაბლოკილი გვაქვს ყველა შესასვლელი და მას ჩვენ გავაცილებთ ისე, როგორც ეკუთვნის ოკუპანტს... გავატარებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ აეროპორტში წავა“, - განაცხადა ქაცარავამ.

„რუსეთი ოკუპანტია“, „არა ოკუპაციას“, „ძირს პუტინი“, „ძირს გავრილოვი“ - სკანდირებდნენ სასტუმროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსი დეპუტატის გამოჩენას ამ დრომდე ელოდებიან.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რასაც წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესები.

რუსი დეპუტატი გავრილოვი, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს იკავებდა დღის პირველ ნახევარში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისიო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე.

"ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატებმა დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ისინი აპროტესტებენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის,სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის ადგილის დაკავებას და აცხადებდნენ, რომ მას აღარ მისცემდნენ სხდომის გაგრძელების შესაძლებლობას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისთვის სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დილით სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია.

სერგეი გავრილოვის მიერ ასამბლეის სხდომის წაყვანა გააპროტესტა „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა.

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის

არჩილ თალაკვაძე

„ჩვენ არ ვაპირებთ არავიზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მისი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა. „როდესაც სესია გაიხსნა და რუსმა დეპუტატმა თანათავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო პროვოკაციული ქმედება“ - უთხრა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა რეაქცია და პოზიცია ძალიან ცალსახა იყო. „ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების. ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მან არასერიოზული უწოდა ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ.

საქართველოს პარლამენტში დაწყებიდან რამდენიმე ხანში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ დილის სხდომის წაყვანას მოჰყვა მწვავე პროტესტი პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან.

გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.

გავრილოვი: ექსტრემისტულ აქციაზე იყო რუსეთის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობაც

სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გახსნაზე. თბილისი, 19 ივნისი

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ჩაიშალა რადიკალების ექსტრემისტული აქციის გამო.

გავრილოვმა სააგენტო „რია“-ს უთხრა, რომ საფრთხის გამო ყველა დელეგაციამ პარლამენტის შენობა დატოვა და ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფებიან.

გავრილოვის თქმით, საქართველოს პარლამენტში ჩატარდა ექსტრემისტული აქცია ანგარიშსწორების მუქარით და რუსეთის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობით. „მოითხოვდნენ ჩემს გადაცემას იმის გამო, რომ აფხაზეთის კონფლიქტებში ვმონაწილეობდი. მე განვაცხადე, რომ არასადროს არანაირ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა არ მიმიღია არც აფხაზეთში და არც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში“ - აცხადებს გავრილოვი.

დუმის კომუნისტი დეპუტატის ინფორმაციით, ამჟამად ასამბლეის სხდომის გაგრძელებაზე ფიქრობენ. „კოლეგებმა მხარი დაგვიჭირეს, რომ რუსეთის გარეშე სხდომის ჩატარება არ შეიძლება. მე როგორც ასამბლეის პრეზიდენტი სხდომას ჩავატარებ, რადგან ის დაგეგმილია და ბევრი ქართველი დეპუტატი მხარს გვიჭერს“ - განაცხადა გავრილოვმა.

საქართველოს პარლამენტში დაწყებიდან რამდენიმე ხანში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ დილის სხდომის წაყვანას მოჰყვა მწვავე პროტესტი პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან.

გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.

ერგნეთის თავზე რუსული საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი შენიშნეს

ადგილობრივი მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცხინვალის მხრიდან ერგნეთის მიმართულებით სამხედრო ვერტმფრენი შეფრინდა. ვერტმფრენმა ქართული სოფლების მიმართულებით იფრინა და დიცის მიმართულებით გააგრძელა ფრენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსული ვერტმფრენი ოკუპირებული ტერიტორიის თავზე დაფრინავდა.

"ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს საკითხი მწვავედ დადგება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და ჟენევის დისკუსიების შეხვეედრებზე", - განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ირანმა აშშ-ის დრონი ჩამოაგდო, დავაა ინციდენტის ადგილის გარშემო

Triton drone, US

ირანი და აშშ-ის დავობენ აშშ-ის დრონის ჩამოგდების გარემოებებზე, რაც ზრდის შესაძლებელი სამხედრო კონფრონტაციის გამოშეშფოთებას და კიდევ უფრო ამწვავებს ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობას.

ირანის რევოლუციური გვარდიის თანახმად, 20 ივნისს მან ჩამოაგდო აშშ-ის „ჯაშუში“ დრონი, რომელსაც გამორთული ჰქონდა სანავიგაციო აღჭურვილობა, როცა დაფრინავდა ჰორმოზგანის პროვინციის თავზე, რაც, გვარდიის თანახმად, ჩვენი „წითელი ზოლის“ გადაკვეთას წარმოადგენს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, ბილ უბრანმა კომენტარი არ გააკეთა, როცა მას „ასოშიეიტედ პრესმა“ მიმართა, მაგრამ თქვა, რომ ირანის ტერიტორიის თავზე აშშ-ის დრონი არ ყოფილა.

ახალი ამბების სააგენტოები, მათ შორის, „როიტერსი“, „ასოშიეიტედ პრესი“ და „ფოქს ნიუზი“ იმოწმებენ ანონიმურ წყაროს, რომელმაც განაცხადა, რომ დრონი იყო საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, მნიშვნელოვანი საზღვაო-სატრანსპორტო ზოლის თავზე, ჰორმუზის სრუტეში, როცა ჩამოაგდეს. ისინი ავრცელებენ ცნობას, რომ 20 ივნისს იქნა ჩამოგდებული ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების MQ-4C Triton-ის ტიპის დრონი, რომლის ფრთების სიგანე უდრის „ბოინგ-737“-ისას.

ბოლო ხანს, ომანის ყურეში ტანკერებზე განხორციელებულმა თავდასხმამ უკვე დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. აშშ-მა მომხდარში ირანი დაადანაშაულა, თეირანი უარყოფს ინციდენტებთან კავშირს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ქვეყნის საჰაერო სივრცის „პროვოკაციული“ დარღვევა.
იემენში ჰუტის მიმდევარმა მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მათ განახორციელეს თავდასხმა ფრთოსანი რაკეტით ელექტროსადგურზე საუდის არაბეთში, ჯიზანის პროვინციაში.

თეთრ სახლის წარმომადგენელმა, სარა სანდერსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინფორმირებულია საუდის არაბეთის სამეფოზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG