Accessibility links

ახალი ამბები

საფრანგეთში საერთო ეროვნული გაფიცვაა მაკრონის „უნივერსალური“ საპენსიო სისტემის წინააღმდეგ

რკინიგზელი პროფკავშირების დროშით დემონსტრაციის წინ ნიცაში, 2019 წლის 5 დეკემბერი

საერთო ეროვნულმა გაფიცვამ საფრანგეთში, რომელშიც მილიონობით მუშაა ჩართული, გამოიწვია ტრანსპორტს გაჩერება, სკოლების და საავადმყოფოების, ასევე სხვა დაწესებულებების მუშაობის შეფერხება.

5 დეკემბრის, ბოლო წლებში უდიდესი გაფიცვის, მონაწილეები პროტესტს გამოხატავენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმის წინააღმდეგ, შემოიღოს „უნივერსალური“ საპენსიო სისტემა.

გაფიცვის გამო მთელ საფრანგეთში შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა, გაუქმდა მატარებლების და ავტობუსების მოძრაობა, პარიზის მეტროს უდიდესი ნაწილი არ მუშაობს, პარიზის სკოლების მესამედი დახურულია.
ემანუელ მაკრონს სურს „უნივერსალური“ საპენსიო სისტემის შემოღება, რითაც გააუქმებდა ზოგიერთი სექტორის საგანგებო რეჟიმებს, როცა მუშებს შედარებით მაღალი პენსია ენიშნებათ და პენსიაში გასვლა ადრე შეუძლიათ.

პროფკავშირების აზრით, ამგვარი რეფორმის შედეგად მილიონობით მუშას მოუწევდა საპენსიო ასაკის (62) შემდეგაც მუშაობა და შეუმცირდება პენსია.

მთავრობის თანახმად, მთელ ქვეყანაში დაგეგმილია 250 დემონსტრაცია, რომელთა ნაწილი შეიძლება ძალადობრივი იყოს. 6 ათასამდე წესრიგის დამცველია განთავსებული მხოლოდ პარიზში, სადაც ორი დიდი დემონსტრაცია ტარდება.

1995 წლის გაფიცვის შედეგად, რომელიც ასევე მთავრობის რეფორმების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დათმო და უარი თქვა რეფორმის გატარებაზე.

ახალგაზრდა მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე თამაშიც წააგეს

საქართველოს 19-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა, თბილისში, სამხრეთ აფრიკასთან მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და ისევ შვიდი ქულით დამარცხდა, ანგარიშით 33:40. სამი დღის წინანდელი მატჩის (21:28) მსგავსად, დღევანდელი თამაშიც „შევარდენის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა მოთხოვნით, დილის 11:00 საათზე დაიწყო.

შეხვედრის ბედი ფაქტობრივად პირველ ოც წუთში გადაწყდა - სამხრეთაფრიკელებმა სამი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვაც მიითვალეს და 19:0 დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში სტუმრებმა კიდევ ერთი გარდასახული ლელოთი გაიხარეს. ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა კი შესვენებამდე ჩამორჩენა თოთხმეტ ქულამდე შეამცირა, ლევან ქუშაშვილისა და ლუკა ხეხელაშვილის ლელოებითა და სანდრო მარგიანის გარდასახვით.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა 21:14 მოიგო, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძელთაგან ლელოები გაიტანეს იოანე იაშაღაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ და თემურ კოხოძემ. ლაშა ლომიძემ კი სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს ბრალს დღეს წაუყენებენ

ზუგდიდის საქალაქო სასამართლო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ზომად 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულ რომან მალანიას. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლოს სხდომაზე მალანიამ დუმილის უფლება გამოიყენა.

რომან მალანია 2 დეკემბერს, ზუგდიდში დააკავეს. იმ დღეს მალანიასთან ერთად იმყოფებოდა ბერი გიგა ქავთარაძე, რომელიც პოლიციას 4 დეკემბერს, ღამით ჩაბარდა. სასულიერო პირმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი აღმოაჩინეს, მას ეკუთვნოდა. ბერს, რომელიც რამდენიმე წელია ათონის მთაზე მსახურობს, ოფიციალურ ბრალდებას დღეს წაუყენებენ და ამის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

რომან მალანიას ადვოკატმა, ჯიტა გულუამ დღეს, 5 დეკემბერს სასამართლოს სხდომის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2 დეკემბერს რომან მალანიას თბილისში წასაღებად ჩანთა სასულიერო პირმა გადასცა. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციაში წუხელ მისულმა ბერმა განაცხადა, რომ მალანიამ არ იცოდა, თუ რა იდო ჩანთაში.

ჯიტა გულუას განმარტებით, მოსამართლემ რომან მალანიასთვის გირაოს შეფარდებისას სწორედ ის გარემოება გაითვალისწინა, რომ არსებობს პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადებული მხარე(სასულიერო პირი), რომელიც ამბობს, რომ მალანიამ ნარკოტიკის შესახებ არაფერი იცოდა.

ადვოკატისთვის უცნობია, უდგებიან, თუ არა ბერს თავდებად სასულიერო პირები. „სასულიერო პირები თავდებში რომ დაუდგნენ ნამდვილად არ გამიკვირდება, მამაოს წარსულიდან გამომდინარე. ის იმდენად დაფასებული, უნიჭიერესი ადამიანია. ბოსტონში ინგლისურად დაამთავრა უნივერსიტეტი და საბერძნეთში ბერძნულად. ნამდვილად არ არის რიგითი საქმე. გარდა ამ განათლებისა, მას აქვს სხვა სულიერი, ძალიან დიდი კეთილი მხარე, რომელსაც ალბათ, ეკლესია დააფასებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯიტა გულუამ.

რაც შეეხება რომან მალანიას საქმეს, პროკურორ მარიამ ქორიძის განმარტებით, ბრალდების მხარე მალანიასთვის პატიმრობას შეფარდებას ითხოვდა, რადგან არსებობს მისი მიმალვის და ასევე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მუშაობს იმის დასადგენად, სად, როგორ და რა მიზნით მოხდა ნარკოტიკის შეძენა. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, მალანიას მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მარიამ ქორიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შორისაა პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები.

პროკურორის განმარტებით, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მალანიას საპატიმრო გირაო შეუფარდა: „სანამ არ იქნება კონკრეტული თანხა, რომელიც სასამართლომ დაუწესა მას გადასახდელად გარკვეულ ვადაში, ეს პირი რჩება პატიმრობაში“. მარიამ ქორიძის ინფორმაციით, თუ ბრალდებული გირაოს თანხას 30 დღის ვადაში არ გადაიხდის, პატიმრობაში დარჩება.

მაჟორიტარი დეპუტატის წინააღმდეგ აქცია ბათუმშიც გაიმართა

ბათუმის მერიის შესასვლელ კარზე სტიკერი, წარწერით „მონა“ გააკრეს მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრებმა. მერიის შენობაში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის ბიურო მდებარეობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ვახტანგაძეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატებთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაზე. მუხრან ვახტანგაძე 14 ნოემბერს პარლამენტის სხდომას ესწრებოდა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„ალტერნატივის“ აქტივისტები ბათუმის მერიის შენობაში შესვლასაც ცდილობდნენ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნოდარ დუმბაძის მიერ გამოწერილი საშვით. დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები შენობაში არ შეუშვა. მერიასთან საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.

4 დეკემბერს, „ალტერნატივამ“ აქციები გამართა ხულოსა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროებთანაც.

საქართველოში 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების საპროტესტო აქციები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უკვე მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს ხმები თავად „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან დააკლდა.

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ზელიმხან ხანგოშვილის საქმის იგნორირებაში.

ზელიმხან ხანგოშვილი

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ბრალს სდებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის იგნორირებაში.

„გუშინ, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა ღიად დასდო ბრალი რუსეთის ფედერაციას, ამა წლის აგვისტოში, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. გუშინვე გერმანიამ ქვეყნის ტერიტორიიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი და კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აპირებს ხანგოშვილის მკვლელობის განხილვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, - თქვა დღეს, 5 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

მისი განცხადებით, ამ ფონზე სრულიად გამაოგნებელია „საქართველოს მთავრობის დემონსტრაციული იგნორირება ამ ამბისა“.

კანდელაკის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ხანგოშვილთან როგორც მის სიცოცხლეში, ისე მკვლელობის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების დრამატული ეროზიის თვალსაჩინო მაგალითია: „ეს ყველაფერი მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ბატონი ხანგოშვილი ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ასევე, ჩვენს ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების აგენტურის აღმოსაფხვრელად“.

გიორგი კანდელაკმა გაიხსენა 2015 წელს, თბილისის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა: „თვითონ ხანგოშვილმა, საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა და ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ეს შემთხვევა შეისწავლეს, არაერთხელ თქვეს, რომ საქმე გვაქვს დანაშაულის განზრახ დაფარვასთან პროკურატურის მხრიდან, მათ შორის კამერების ჩანაწერების წაშლასთან“.

გიორგი კანდელაკმა ხაზი გაუსვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო სწორედ ამ თავდასხმის გამოუძიებლობის გამო დატოვა.

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ 2015 წლის თავდასხმა და დანაშაულის შესაძლო დაფარვა აუცილებლად იქნება გამოძიებული "ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გასტუმრებსის შემდეგ".

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციის მიერ მალევე დაკავებულ ეჭვმიტანილს თან ჰქონდა ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასორტი, რომელიც უცხოეთში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო.

3 დეკემბერს გერმანული მედიით გავრცელდა ცნობები, რომ ხანგოშვილის მკვლელობას არა პოლიცია, არამედ გენერალური პროკურატურა იძიებს, დანაშაულში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის გამო.

4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი.

სენატორ გრემის კანონპროექტი რუსეთის აგრესიისგან დაცვის შესახებ კენჭისყრაზე გადის

სენატორი ლინდსი გრემი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი 11 დეკემბერს უყრის კენჭს სენატორ ლინდსი გრემის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რუსეთის აგრესიისგან დაცვის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს კომიტეტის პრესმდივანზე დაყრდნობით.

გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ჯერ კიდევ თებერვალში წარმოადგინა კანონპროექტი „კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დაცვის“ შესახებ. მას მხარი დაუჭირეს დემოკრატმა სენატორებმაც, მათ შორის ბობ მენენდესმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ამერიკის არჩევნებში ჩარევის და ყირიმის ანექსიის გამო.

კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ფედერალური მთავრობის მხრიდან საპასუხო ზომები რუსეთის მთავრობისგან მომდინარე საფრთხეებზე და აღიკვეთოს რუსეთის ჩარევა ამერიკის ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ პროცესებში.

პრეზიდენტმა რუსეთის მთავრობას საჯაროდ უნდა მოუწოდოს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების, უკრაინის აღმოსავლეთში ძალადობის მხარდაჭერის შეწყვეტის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისა და სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ.

კანონპროექტში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისებსა და არასტაბილურობაზე აშშ-ის რეაგირების აუცილებლობაზე.

პერლ-ჰარბორის ბაზაზე დაჭრილი ორი ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე სასწრაფო დახმარების მანქანის წინ პერლ-ჰარბორში მომხდარი სროლის შემდეგ.

ამერიკელი საზღვაო ქვეითის მიერ პერლ-ჰარბორის სამხედრო ბაზაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი სამიდან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია სამხედრო ბაზის სარდლობამ დაადასტურა. მესამე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

საზღვაო ქვეითმა, რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ, თავი მოიკლა. მან ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტით მუშაობდნენ.

4 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, ჰავაიზე მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზის და მისი მიმდებარე ტერიტორია დროებით დაიკეტა. გამოძიებას სპეციალური სამსახურები ატარებენ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

7 დეკემბერს პერლ-ჰარბორის ბაზაზე დაგეგმილია იაპონიის ავიაციის თავდასხმიდან 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 1941 წელს განხორციელებულ თავდასხმას, რომლის შემდეგ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, 2400-მდე ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფრანგული პრესა:რუსეთის სამხედრო დაზვერვა ერთ-ერთ ბაზად ალპების კურორტებს იყენებდა

15 რუსი ჯაშუში საფრანგეთის ალპებს იყენებდა ბაზად ევროპაში სხვადასხვა ოპერაციის ჩასატარებლად. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „მონდი“ წერს. მისი ინფორმაციით, საუბარია რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაკვეთილ მკვლელობებზე, საბოტაჟის აქტებსა და ჯაშუშებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემის - ე.წ. მკვდარი საფოსტო ყუთების მართვაზე.

ფრანგული გამოცემის ცნობით, დასავლეთის სპეცსამსახურები ამ ჯგუფის კვალზე გავიდნენ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, ლონდონის აგენტ სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებისას. „მონდი“ წერს, რომ 15-დან ერთ ჯაშუშს სავარაუდოდ, კავშირი აქვს სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან.

გამოცემის ინფორმაციით, 2014-2018 წლებში რუსი ჯაშუშები არაერთხელ იმყოფებოდნენ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქებში, მათ შორის საკურორტო ევიანსა და შამონიში. ამასთან, ეს პირები კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ არა უშუალოდ საფრანგეთში, არამედ ბულგარეთში, მონტენეგროში, მოლდავეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

პერლ-ჰარბორის ისტორიულ სამხედრო ბაზაზე სამი ადამიანი დაჭრეს

პერლ ჰარბორის სამხედრო ბაზის ტერიტორია (საარქივო ფოტო)

ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა ჰავაიზე მდებარე პერლ-ჰარბორის სამხედრო ბაზაზე და შემდეგ თავი მოიკლა.

სამივე დაჭრილი სამოქალაქო პირია. ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტის გამო ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზის და მისი მიმდებარე ტერიტორია დროებით დაიკეტა. გამოძიებას სპეციალური სამსახურები ატარებენ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

7 დეკემბერს პერლ-ჰარბორის ბაზაზე დაგეგმილია იაპონიის ავიაციის თავდასხმიდან 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 1941 წელს განხორციელებულ თავდასხმას, რომლის შემდეგ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, 2400-მდე ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოძრაობა „სირცხვილია" ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ნინო ბურჯანაძის ვიზიტს მოსკოვში:

მოძრაობა #სირცხვილია ანტისაოკუპაციო პროტესტით დაიწყო. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება” ქართველი ხალხის გაცხადებული ნების წინააღმდეგ მიდის და საქართველოს რუსული ორბიტისკენ აბრუნებს", - ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას"განცხადებაში, რომელიც „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ეხება.

როგორც „სირცხვილიას" წარმომადგენლები აღნიშნავენ,მათ საქართველოსთვის ეგზისტენციური საფრთხის სამუდამოდ ასარიდებლად გადაწყვიტეს მოეთხოვათ პროპორციული არჩევნები, რომელიც მომავალში გამორიცხავდა რომელიმე ერთი – წარსულის, აწმყოს ან მომავლის ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებასა და მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვითნებურად განსაზღვრას.

„ჩვენს მოთხოვნას და საზოგადოების ხანგრძლივ დაკვეთას, გვქონოდა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემა, შემოუერთდა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. შეიქმნა ფორმატი „ერთად ერთის წინააღმდეგ“ - სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მასობრივ აქციებში პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ.

ჩვენ მივესალმებით პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პარტიები ახერხებენ, ჰქონდეთ საკუთარი დღის წესრიგი და ამავდროულად სიტუაციური მოკავშირეები იყვნენ პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად ბრძოლაში. თუმცა, არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის შემდეგ, ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ ხისტები და კრიტიკულები როგორც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების, ასევე მათთან ერთობაში მყოფი სხვა ძალების მიმართ", - აღნიშნავენ აქტივისტები.

„სირცხვილია", როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა წითელ ხაზად ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კოლაბორაციას ასახელებს.

„ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ერთი-ერთზე ფორმატს რუსეთთან, იმის მიუხედავად, ხელისუფლება იქნება მისი მონაწილე, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ოკუპანტ ქვეყანასთან საუბარი უნდა ხდებოდეს მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობითა და მედიაციით.

მიგვაჩნია, რომ ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების საერთო მიზანს და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს, ბზარი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაში", - მიიჩნევს „სირცხვილია".

ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე 3 დეკემბერს გამთენიისას მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ვიზიტი თვე-ნახევრის წინ დაიგეგმა და მის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეხვედრების თემა კი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივები და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.

ხუნდაძემ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თემაზე

„საარჩევნო სისტემის თემა კიდევ რჩება აქტუალურ თემად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, თანამოაზრეებთან ერთად უმრავლესობაში შევთანხმდით“, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

როგორც დეპუტატი განმარტავს, მისი პროექტი კომპრომისული ვარიანტია, რადგან ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.

დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დარეგისტრირებას ეცდება, რომელიც მისი თქმით, ამერიკულ საარჩევნო სისტემასა და ორპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს (76 დეპუტატი) ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

ხუნდაძემ 4 დეკემბერს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

„მე მაქვს იმედი, უმეტესობა საზოგადოებისა შეხვდება ამას პოზიტიურად და მერე ვნახოთ, რომელი პარლამენტარი არ დაუჭერს მხარს საზოგადოების ასეთ მაღალ ხარისხში მოთხოვნას. დღეს ამასთან დაკავშირებით გვქონდა უმრავლესობაში შეხვედრა“, - ამბობს დეპუტატი.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის მმართველ რგოლში საკონსტიტუციო ცვლილების თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა, ის საკუთარ პოზიციას არ შეცვლის. მისი ინფორმაციით, დღეს ამ პროექტს 10 დეპუტატი უჭერს მხარს.

„სამწუხაროდ, შეხვედრაზე იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს ინიცირებული და განხილული, მაგრამ ჩვენ ჩვენს პრინციპს და პრინციპულ დამოკიდებულებას არ ვცვლით და გავალთ ხალხში“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას და სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად დათანხმდა; მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აქტივისტების ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა პირადად დადო.

პარლამენტში „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ხელმომწერთა შორის დიმიტრი ხუნდაძეც იყო, 14 ნოემბერს წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ჩავარდა. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის იყო დიმიტრი ხუნდაძე.

ნატო: რუსეთის აგრესიული მოქმედებები ემუქრება ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან ერთად ბუკინგემის სასახლეში.

რუსეთის აგრესიული მოქმედებები მუქარას უქმნის ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს სამიტის დასკვნით განცხადებაში. სამიტი, რომელიც ლონდონში გაიმართა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70-ე წლისთავს მიეძღვნა. გარდა ამისა, დოკუმენტში სხვა საფრთხეებს შორის ჩამოთვლილია ტერორიზმი, ჰიბრიდული და კიბერთავდასხმები.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კავშირის ძალები გაზრდიან რეაგირების მზადყოფნას ნებისმიერ საფრთხეზე, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი მიმართულებით. ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ კავშირი მიიღებს საპასუხო ზომებს რუსეთის საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაცია ღიაა რუსეთთან დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, „როცა რუსეთის მოქმედებები ამის საშუალებას იძლევა“.

დოკუმენტში ნახსენებია ასევე ჩინეთის მზარდი გავლენა. ნატოს თანახმად, ეს დაკავშირებულია როგორც შესაძლებლობებთან, ისე გამოწვევებთან, რომლებზეც ნატოს წევრებმა ერთად უნდა იზრუნონ.

სამიტის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ილაპარაკა თავდაცვითი ხარჯების ზრდაზე. 2020 წელს ისინი 130 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2024-ში კი - 400 მილიონს. ნატოს ბიუჯეტში ევროპელებისა და კანადის წილის გაზრდას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვდა.

სამიტში ტრამპის მონაწილეობა მედიის ფართო ყურადღების ცენტრში მოექცა. კანადის ტელეარხმა CBC-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კანადის პრემიერ-მინისტრი ჯანსტინ ტრიუდო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მსჯელობენ ტრამპის ზედმეტად ხანგრძლივი პრესკონფერენციის შესახებ.

მოგვიანებით ტრამპმა ტრიუდოს „ფარისეველი“ უწოდა და კანადა გააკრიტიკა იმისთვის, რომ ის ნატოს ბიუჯეტში არ იხდის საერთო შიდა პროდუქტის ორ პროცენტს.

სამიტის შემდეგ ტრამპმა უარი თქვა პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში საკმარისად იურთიერთა პრესასთან.

წყალბურთის კლუბი "დინამო" გერმანიის "ჰანოვერთან" დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა

წყალბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი თამაშის მოგების რეალური შანსი ვერ გამოიყენა. საქართველოს ჩემპიონმა თბილისში, „ოლიმპიკის“ კომპლექსში, გერმანიის „ჰანოვერს“ უმასპინძლა და ერთი ქულით წააგო - 10:11.

„დინამოსა“ და „ჰანოვერს“ ერთმანეთთან დაპირისპირებამდე მიმდინარე ტურნირზე ყველა შეხვედრა წაგებული ჰქონდათ, ამ თამაშის შემდეგ კი აუტსაიდერთა შორის გერმანელები დაწინაურდნენ.

რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი ორი მეოთხედის შემდეგ შესვენებაზე გამარჯვებული გავიდა (7:6), მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო (9:9), ხოლო დასკვნით პერიოდში სტუმრებმა 2:1 მოიგეს. ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი გიორგი მაგრაქველიძე იყო, სამი გატანილი გოლით.

„დინამო“ B ჯგუფში ბოლო, მერვე, ადგილზეა, მეშვიდე ტურის შეხვედრას კი 9 დეკემბერს გამართავს იტალიაში ევროპის ერთ-ერთ გრანდთან - „პრო რეკოსთან“.

სომხეთის ექს-პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს გაფლანგვაში ედება ბრალი

სერჟ სარქისიანი

4 დეკემბერს სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად ჩამოგდებულ ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს კორუფციის ბრალდება წაუყენეს.

საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ სარქისიანმა „ორგანიზება გაუკეთა თანამდებობის პირთა ჯგუფის მიერ“ 489 მილიონი დრამის (1 მილიონ დოლარამდე) გაფლანგვას სახელმწიფო ხაზინიდან. 2013 წელს გამოყოფილი თანხა ფერმერებისთვის დიზელის საწვავის სუბსიდირებისთვის იყო განკუთვნილი.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სარქისიანი საწვავის მიწოდების თაობაზე გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში ჩაერია კომპანია Flash-ის სასარგებლოდ, რომელიც სომხეთში საწვავის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი იყო. კომპანია ეკუთვნის ბიზნესმენ ბარსეჟ ბეგლარიანს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მჭიდრო კავშირში იყო 65 წლის ექსპრეზიდენტთან.

მთავრობამ Flash-ს გადაუხადა 1,8 მილიარდი დრამი (3,8 მილიონი ამერიკული დოლარი) პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ათიათასობით დაბალშემოსავლიანი ფერმერის დახმარება. საგანგებო საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სხვა კომპანია Maxhur-ი მზად იყო, იმავე რაოდენობის დიზელის საწვავი მიეწოდებინა ბევრად დაბალ ფასებში.

გამომძიებელთა თქმით, მთავრობის მიერ Maxhur-ის შეთავაზების უგულებელყოფა სახელმწიფო სახსრების გამიზნულად გაფლანგვის ტოლფასია.

საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა სარქისიანს, რომელიც 2008-2018 წლებში მართავდა ქვეყანას, გამოძიების განმავლობაში გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინა.

ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში სარქისიანს 4-დან 8 წლამდე ემუქრება.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გოგა აფციაურს ჰოლანდიის ელჩმა ჯილდო გადასცა

ჰოლანდიის ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ კონკურსში „ადამიანის უფლებათა ტიტა 2019“-ის გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულებს ჯილდოები საქართველოში ჰოლანდიის ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა გადასცა.

მეორე ადგილზე გავიდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური. მას გარკვეული მიზნებისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო და ჰოლანდიაში გამგზავრება ერგო.

კონკურსში პირველი ადგილი „გურჯაანის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ჯილდა ხარიტონაშვილმა აიღო, რომელსაც გადაეცა „ადამიანის უფლებათა ტიტა - 2019“.

ერთ-ერთი გამარჯვებულია მარნეულის სოფელ ხიხანის სათემო სახლის წარმომადგენელი ნანა გაბაიძე.

„ადამიანის უფლებათა ტიტა 2019“-ის დაჯილდოება საქართველოში მეორედ ჩატარდა.

საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნომინანტები ჰოლანდიის საელჩოში წარადგინეს. მას შემდეგ, რაც დაწინაურებული ჯგუფი გამოიკვეთა, სია ჰოლანდიიდან საქართველოში გამოაგზავნეს. გამარჯვებულების შესახებ გადაწყვეტილება კვლავ საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს.

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები ანალოგიურ ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებენ.

დაპირისპირება იყო შუახევის მერიასთან

შუახევის მერიასთან „ქართული ოცნების“ და ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მერიასთან „ალტერნატივის“ წევრებთან ერთად აქციას „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს, სადაც ეწერა „მონა“, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სტიკერები მოხსნეს და აქციის მონაწილეებს ზონდერები უწოდეს.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ითხოვდნენ მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან მიახლოებას. მათი თქმით, დეპუტატმა ხალხის სასარგებლოდ საარჩევნო სისტემაში ცვილებებს მხარი არ დაუჭირა.

აქციაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

შუახევის მერიასთან მშვიდი სიტუაციაა. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

მანამდე „ალტერნატივის“ წარმომადგენლებმა აქცია ხულოს მერიის შენობასთანაც გამართეს, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროცაა განთავსებული.

ხულოსა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე 14 ნოემბერს პარლამენტის სხდომას ესწრებოდა, თუმცა საკონსტიტუციო კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საქართველოში 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების საპროტესტო აქციები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უკვე მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს ხმები თავად „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან დააკლდა.

გახარია: ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად 30-მდე კლინიკის ხელმძღვანელს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, გიორგი გახარიას შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა.

პრემიერის თქმით, რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ყველას ინტერესია.

„ის პრინციპები, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება. მაინტერესებს, რა არის ძირითადი პრობლემა თქვენი ხედვით, რისი გამოსწორებაა შესაძლებელი. მაინტერესებს ჯანდაცვის სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვა უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში, რადგან ეს სისტემური ცვლილებებია. ამ სისტემურმა ცვლილებებმა პირველ რიგში უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად - ხარისხი მომსახურებისა, რომელსაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვაწვდით. აქ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით“, - მიმართა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

კლინიკების ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. მიმართვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დღეს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა.

21 ნოემბერს ამოქმედებული 520-ე დადგენილება ექიმებისა და კლინიკების მფლობელთა უკმაყოფილების მიზეზია.

ახალი წესი ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას.

მერკელი: დიპლომატები გავაძევეთ, ვინაიდან მოსკოვი არ თანამშრომლობს ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში

როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა ნატოს სამიტზე, უოტერფორდში, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში.

„მომავალ კვირაში რუსეთის პრეზიდენტს ვხვდები და მას ამაზე დაველაპარაკები“, თქვა მერკელმა ნატოს სამიტზე. „ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ვერ ვხედავდით, რომ რუსეთი ამ მკვლელობის გამოძიებაში გვეხმარებოდა“.

რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ოთხშაბათს გახდა ცნობილი. მოსკოვმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს განახორციელებს.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მიმალვა სცადა, მაგრამ ის ინციდენტის შემდეგ მალევე დააკავა გერმანიის პოლიციამ.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ბოროტმოქმედებასთან კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას. გფრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ ახალ ზომებს მიიღებს, თუკი მოსკოვი არ ითანამშრომლებს მკვლელობის გამოძიებაში.

რუსეთის თანახმად, გერმანიიდან მისი ორი დიპლომატის გაძევებას "სარკისებურად" უპასუხებს

მოსკოვმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს განახორციელებს გერმანიის გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა დაატოვებინოს რუსეთის ორ დიპლომატს.

როგორც ოთხშაბათს გახდა ცნობილი, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მიმალვა სცადა, მაგრამ ის ინციდენტის შემდეგ მალევე დააკავა გერმანიის პოლიციამ.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ბოროტმოქმედებასთან კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას. გფრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ ახალ ზომებს მიიღებს, თუკი მოსკოვი არ ითანამშრომლებს მკვლელობის გამოძიებაში.

როგორც ჟურნალი Spiegel-ი იტყობინება დღეს, გაძევებული პირები არიან რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც დიპლომატებად იყვნენ შენიღბულნი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, გერმანიის მიერ მისი ორი დიპლომატის გაძევება არის გამოძიებისადმი „პოლიტიზებული მიდგომა“ და რუსეთი იძულებული იქნება, „განახორციელოს საპასუხო ზომების კომპლექსი“.

მსგავსი რეაქცია ჰქონდათ რუსეთის სახელმწიფო დუმაში. დუმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ გერმანიიდან რუსეთის ორი დიპლომატის გაძევება „რუსოფობიური ისტერიის აქტი“ და „არამეგობრული ნაბიჯია“.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არაერთხელ უარყო „ოფიციალური რუსეთის“ კავშირი ხანგოშვილის მკვლელობასთან.

ცვლილება, რომელიც სამედიცინო სფეროს პრობლემას უქმნის

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ღია წერილის ხელმომწერი კლინიკების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხვდებიან.

მესამე კვირაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მოთხოვნა უცვლელია - გადავადდეს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც ძალაში 21 ნოემბერს შევიდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს.

სამედიცინო კლინიკებისა და ექიმების განცხადებით, სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები, სხვადასხვა ოპერაციისა და მომსახურებისთვის, ბაზარზე არსებულთან შედარებით, დაბალია და პერსონალის ხელფასს ან სხვა ხარჯს არ ითვალისწინებს. მათი თქმით, შექმნილი ვითარება პრობლემას უქმნის კარდიოლოგიასა და კრიტიკულ მედიცინას - ეს სწორედ ის ორი მიმართულებაა, რომელთაც სამინისტრომ ერთიანი ტარიფი დაუდგინა.

საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი კახაბერ ეცადაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც 520-ე დადგენილებამ მათ შეუქმნა. ამბობს, რომ მათ დარგს, არითმოლოგიას, საფრთხე ექმნება, რადგან დაბალფასიანი პროდუქცია უბრალოდ არ შემოდის. გარდა ამისა, დადგენილება მათ იძულებულს ხდის, რომ დროთა განმავლობაში სამედიცინო მომსახურების ხარისხმა დაიწიოს.

ახლად დადგენილი ფასების განხილვისას, ექიმებს მაგალითად მოჰყავთ დეფიბრილატორის ფასი, რომელიც, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის თანახმად, 5200$-ია, დაახლოებით 15300 ლარზე მეტი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ფასში კი შემოთავაზებულია 13500 ლარი.

სამინისტროს პასუხი განფასებასთან დაკავშირებით ერთია: „კლინიკების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევისწავლეთ რეალური დანახარჯები და ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი ტარიფი, პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის“.

კონკრეტულად დეფიბრილატორზე კითხვის დასმისას სამინისტრო აპელირებდა ერთ-ერთ მომწოდებელზე (დასახელების გარეშე), რომელიც შეესაბამებოდა მის მიერ დადგენილ ფასს.

კომპანიამ, რომლის მიწოდებულ ფასსაც სავარაუდოდ ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტრო დეფიბრილატორზე საუბრისას, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციას წერილი მისწერა. მათ განმარტეს, რომ „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება და განსაზღვრული აქვს ბიუჯეტი 1 წლის ვადით, არ შეეძლო მიმწოდებლებისგან შეეძინა სტანდარტული ტარიფით შეთავაზებული პროდუქტი, ამიტომ „მწარმოებლის უპრეცედენტო, საგამონაკლისო მხარდაჭერით შეირჩა კონკრეტული სახეობის აპარატები: კარდიოსტიმულატორები და დეფიბრილატორები, წინა თაობის, შედარებით იაფი მოდელებიდან და ლიმიტირებულად გამოიყო მათთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

რადიო თავისუფლება ამ წერილის სრულ ვერსიასაც გთავაზობთ.

შესაბამისად, გამოდის, რომ ამ შემთხვევაში, დაბალი ტარიფი არ განსაზღვრავს მიმწოდებლის დადგენილ საბაზრო ფასს და იყო მხოლოდ გამონაკლისი, ამას კი, სავარაუდოდ, დაეყრდნო სამინისტრო და ფასი ისე დასწია, რომ კერძო კლინიკებს აღნიშნული აპარატების ზარალის გარეშე შეძენა აღარ შეუძლიათ.

კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე იზიარებს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელთა პრეტენზიებს. მისი შეფასებით, რისკები, რაზეც ექიმები საუბრობენ, რეალურია და კარდიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დარგი ასეთ პირობებში შეიძლება გაჩერდეს.

ექსპერტების თქმით, კლინიკებს ამ წლის შესყიდვები განხორციელებული აქვთ და მარაგებს იყენებენ მანამ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება, თუმცა, თუკი მთავრობა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვერ შეთანხმდებიან, მომდევნო წლის შესყიდვებისას კლინიკებს სერიოზული კრიზისი შეექმნებათ.

აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია "დიდ შვიდეულში" რუსეთის შეყვანის საწინააღმდეგოდ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს მოიწონა რეზოლუცია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის შეყვანის საწინააღმდეგოდ, სანამ მოსკოვი არ დაიწყებს „თავისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების დაცვას“. დოკუმენტის მიღებას ხმა მისცა 339-მა კონგრესმენმა, 71 წინააღმდეგი იყო.

რუსეთი „დიდ შვიდეულში“ შეიძლება დაბრუნდეს მხოლოდ მაშინ, როცა ის „შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, ოკუპაციას და შეწყვეტს დემოკრატიულ ქვეყნებზე თავდასხმებს მთელ მსოფლიოში“, ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტი კონგრესს 30 აგვისტოს წარედგინა. ამის საბაბი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ სურს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაპატიჟოს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც 2020 წელს აშშ-ში გაიმართება.

ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა.

30 ოპოზიციური პარტიის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს შერეული სისტემით. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განმარტებით, კანონპროექტი ხმების სამართლიან გადანაწილებას უზრუნველყოფს.

„ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ე.წ. გერმანულ მოდელს. ეს არის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. მასში გათვალისწინებულია გერმანული პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და, ასევე, გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ხოლო მისი ავტორია 30 პოლიტიკური ძალა და მათი წარმომადგენლობა. ასე რომ, სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა და მათ თუ სურთ ამ ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კანონპროექტის ავტორები არიან: ვახტანგ ხმალაძე, დავით ბერძენიშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, სერგი კაპანაძე, დავით უსუფაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მანანა ნაჭყებია, ნიკოლოზ ჯოგლიძე, კონსტანტინე კემულარია, ნატო ჩხეიძე, პაატა დავითაია, მურმან დუმბაძე, ნინო ბურჯანაძე, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, კახა კუკავა, კონსტანტინე გამსახურდია, თაკო ჩარკვიანი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა გამყრელიძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ამზაშვილი, ალეკო ელისაშვილი, შალვა ნათელაშვილი, მანანა ჯებაშვილი, გია ბერძენაძე, გრიგოლ ჯოჯუა, შოთა მალაშხია.

ოპოზიციამ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ შეიმუშავა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმებს მაქსიმალურად პროპორციულად გადაანაწილებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია - პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით - სახალხო დამცველს სთხოვს, კანონპროექტი ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა იგი საქართველოს კონსტიტუციას.

ბახუტაშვილი: 520-ე დადგენილების თემაზე გახარია კლინიკების წარმომადგენლებს თანამშრომლობას შეჰპირდა

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ღია წერილის ხელმომწერი კლინიკების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდნენ.

როგორც „კარდიოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ალადაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, ისინი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ჩაფიძის გულის ცენტრის“ კარდიოქირურგმა ზვიად ბახუტაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გიორგი გახარია კლინიკების წარმომადგენლებს თანამშრომლობას შეჰპირდა და უთხრა, რომ კლინიკის შესყიდვების მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ატვირთონ.

მესამე კვირაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მოთხოვნა უცვლელია - გადავადდეს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც ძალაში 21 დეკემბერს შევიდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს.

სამედიცინო კლინიკებისა და ექიმების განცხადებით, სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები ბაზარზე არსებულთან შედარებით დაბალია და, ასევე, არ ითვალისწინებს პერსონალის ხელფასს ან სხვა ხარჯს. მათი თქმით, შექმნილი ვითარება პრობლემას უქმნის კარდიოლოგიასა და კრიტიკულ მედიცინას - ეს სწორედ ის ორი მიმართულებაა, რომელზეც დადგენილება ვრცელდება.

"არა ლობიოს სამართალს" - აქცია ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად

„არა ლობიოს სამართალს“ - ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი გამართეს უფლებადამცველებმა და აქტივისტებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან. ისინი ამ ფორმით „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს ლაშა ჩხარტიშვილს უცხადებდნენ მხარდაჭერას და მის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებდნენ.

აქციის ორგანიზატორთა სიტყვებით, ლაშა ჩხარტიშვილი ლობიოს ჰაერში აყრის გამო დააკავეს. ამიტომ მათ სააპელაციო სასამართლოს ეზოში სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი დაყარეს.

3 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელი.

29 ნოემბერს ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარითაც დააჯარიმა და თავისი სასამართლოს სხდომიდან გააძევა.

29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე დემონსტრაციაზე სულ 6 პირი დააკავეს.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შეიტყვეს, რომ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა პროტესტი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებას უკავშირდება.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 26 წლის ტატო შეითნიშვილი პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს.

შეითნიშვილმა ინფორმაცია „ფეისბუკით“ გაავრცელა და გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ჩანს ზურგის და თვალის არეში დაზიანებები და დახეული ქურთუკი. „ასე გვეპყრობა ლაგოდეხის პოლიცია რიგით მოქალაქეებს და ხელის შეწმენდას კიდევ ჩვენზე ცდილობენ“, - წერს ტატო შეითნიშვილი.

რა მოხდა და კონკრეტულად ვის ადანაშაულებს ფიზიკურ ძალადობაში, ამის გარკვევა რადიო თავისუფლებამ პირადად ტატო შეითნიშვილისგან სცადა, თუმცა, მას მედიასთან ურთიერთობა არ სურს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქმეს ასე არ დატოვებს და მომხდარზე პასუხს კანონის ძალით მიიღებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს“. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებისას გადაამეტა თუ არა პოლიციამ ძალას, ამას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.

სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG