Accessibility links

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ბოდიში და, სულ ფეხებზე მკიდია ეს სკამიც

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ პირველები, ვისაც რეაგირება ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის გამოსვლაზე. მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უკვე ათასჯერ მოიბოდიშეს იმის გამო, რაც 20 ივნისს, პარლამენტში მოხდა.

„დაწყებული თამარ ჩუგოშვილით, გაგრძელებული არჩილ თალაკვაძით, თითოეული ჩვენგანით, თამარ ხულორდავათი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ამაზე რეაგირება მოაყოლა. მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით იმწამსვე ჩავშალე სხდომა. ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არცერთი რუსი დეპუტატი არ იყო თბილისში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 25 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მდინარაძის თქმით, შეუძლებელია ეს დაენახა „ნაციონალურ მოძრაობას,“ რომელმაც სამწუხაროდ, შეძლო ემართა გარეთ გამოსული ადამიანების ნაწილის ემოცია და „საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ, ვნახეთ.“

„ის დათხრილი თვალები, ის უბედურება რამდენიმე ადამიანის საიდან დაიწყო, ვინ მოუწოდა, ვინ ანიშნებდა ხელით და ვინ ძალადობდა ადამიანების აზრზე, რომ პარლამენტი უნდა აეღოთ შტურმით. პარლამენტში შემოვიდოდნენ და საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებდნენ, თუ რა?! უნდოდათ ქვეყნის გადატრიალება და ხელისუფლების გადატრიალება. არავინ არ ეკიდება სკამს. ბოდიში და, სულ ფეხებზე მკიდია ეს სკამიც და ყველაფერი, სადაც ვზივარ. მაგრამ ამათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და ამ პარტიას სჭირდება მხოლოდ ობსტრუქცია და გადატრიალება.

მამუკა მდინარაძის შეფასებითვე, „ქართული ოცნების“ ინიციატივამ პროპორციული, უბარიერო არჩევნების ჩატარების შესახებ, „ნაციონალური მოძრაობა“ შოკში ჩააგდო, რადგან ასეთი საარჩევნო სისტემით ოლუზიაც კი ვეღარ ექნება, რომ ოდესმე ხელისუფლებაში კვლავ მარტო აღმოჩნდება.

საქართველოში უკვე მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა ასამბლეის სხდომა.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

24 ივნისს, "ქართულმა ოცნებამ" შეასრულა კიდევ ერთი მოთხოვნა და დათანხმდა უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

აქციის მონაწილეთა უმთავრეს მოთხოვნად რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

აშშ-ის ახალი სანქციები ირანის მიმართ უზენაეს ლიდერს შეეხო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, ირანისთვის, სხვათა შორის, ამ ქვეყნის უზენაესი ლიდერისთვის, აიათოლა ალი ხამენეისთვის ძლიერი სანქციების დაწესების შესახებ.

ამ ნაბიჯის ფონია მზარდი შეშფოთება, რომ ორი ქვეყანა სამხედრო კონფლიქტამდე შეიძლება მივიდეს. ახალი სანქციების გამო ირანის ლიდერს და მასთან დაახლოებულ პირებს ხელი აღარ მიუწვდებათ „მნიშვნელოვან საფინანსო რესურსებსა და დახმარებაზე“.

ტრამპმა, ამას გარდა, როცა 24 ივნისს ოვალურ ოფისში ხელი მოაწერა დოკუმენტს, განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა ბოლო კვირებში ისლამური სახელმწიფოს დასასჯელად „პროვოკაციული“ ქცევის გამო. ტრამპის თქმით, ის გააგრძელებს ირანზე ზეწოლას, სანამ რეჟიმი არ შეწყვეტს სახიფათო მოქმედებას და სწრაფვას, ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების განვითარებისკენ, და ტერორიზმის მხარდაჭერას. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა მოგვიანებით, რომ ტრამპმა მას მიანიჭა უფლებამოსილება, სანქციები დაუწესოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს, რაც, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, იმის ნიშანი იქნებოდა, რომ აშშ-ს არ აინტერესებს დეესკალაცია ირანთან. ზარიფმა ტრამპის ადმინისტრაციას ბრალად დასდო, რომ „ომი სწყურია“.

ეკა ბესელია: სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე!

ეკა ბესელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს და მოუწოდებს მათ პასუხისმგებლობა აიღონ 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

„სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე. გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაჰფარებოდით, რომლებსაც, არ ვიცი, ვისი ბრძანებით, დასდევდნენ ქუჩებში, სადაც აღარც რევანშის საფრთხე იყო, არც თავდასხმა იყო, აღარც მიტინგი იყო. რა გინდათ თქვათ, რომ ჩემიანი თუ აკეთებს, ყველაფერი მოსულა? ეს არის თქვენი ლოგიკა? ამიტომ არის ტოლობის ნიშანი თქვენსა და იმ მოძალადეებს შორის, რომლებიც ასე იქცეოდნენ. თქვენ რა, იმას ამართლებთ, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში? სადარბაზოებში დაკავებულების ცემა, ადამიანების დევნა, ეს მიგაჩნიათ, რომ ნორმალურია? და ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა? ან ვიდრე იმ სავარძელში ჩასკუპდებოდა გავრილოვი, არცერთს არ გეყოთ გონიერება, რომ გეთქვათ, რომ არ შეიძლებოდა იმ ღონისძიების დაგეგმვა? ან სად იყავით რომელიმე, რომ ასულიყავით სცენაზე და ჩამოგეყვანათ ის ადამიანი. ან მაშინ სად იყავით, რომ გეუბნებოდით, ეს კობახიძე გადაწვავს პარლამენტს-მეთქი?“

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების შემდეგ, ხმაურით დაიწყო პირველი პლენარული სხდომა პარლამენტში. საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

სხდომა რამდენიმე წუთით სასესიო დარბაზში მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა.

დღის წესრიგის დამტკიცებისას „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, რომ პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე ემსჯელა მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო, შს მინისტრის გადადგომას ითვალისწინებს. მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ამ თემაზე დაწყებული შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის სხდომა დატოვა

ოპოზიციური პარტიების „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში არ შევიდა „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ.

სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას სჭირდება პროცედურის გავლა, ამიტომ ინიციატორმა პროექტი უნდა წარადგინოს მომავალ ორშაბათს დანიშნულ ბიუროს სხდომაზე და დღის წესრიგში ამის შემდეგ აღმოჩნდება. ამ განმარტებას მოჰყვა დარბაზიდან "ევროპული საქართველოს" წევრის, ხათუნა გოგორიშვილის უკმაყოფილო შეძახილები.

"სირცხვილი ის არის ქალბატონო ხათუნა, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით აქაურობა როგორ მუშაობს და არ იმჩნევთ" - მიმართა ჩუგოშვილმა გოგორიშვილს.

ორი ოპოზიციური პარტია მოითხოვდა, რომ ამ საკითხის განხილვამდე პარლამენტს არ ემსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებზე. ამ თემაზე დაწყებულ კამათს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატებს შორის.

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ პარლამენტმა არ განიხილოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, სანამ არ იმსჯელებენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასა და 20-21 ივნისის აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებაზე. ეს პირველმა მოითხოვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ სხდომის წამყვანს, თამარ ჩუგოშვილს მიმართა, ნუ დაადგება ირაკლი კობახიძის გზას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია დაადანაშაულა დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებაში და კიდევ ერთხელ დააკისრა პასუხისმგებლობა 20-21 ივნისს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების პროვოცირებისთვის.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე გაგრძელდა. ამჯერად ერთმანეთს მმართველი გუნდისა და "ოცნების" ყოფილი წევრები დაუპირისპირდნენ.

ლაშა ბაქრაძე: ხმაურით გავარღვიოთ სიყრუის კედელი, ყოველ დღე, დღის 2 საათზე

„ხმაურით გავარღვიოთ სიყრუის კედელი, გააგონე შენი ხმა მთავრობას“, - ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი გამოდის ინიციატივით, რომ ყოველ დღე, დღის 2 საათზე, ქვეყნის მასშტაბით, ადამიანებმა სიგნალებით, საყვირებით, სასტვენებით გამოხატონ საკუთარი პროტესტი:

„რუსთაველზე მდგომ სახლს წაუყრუეს! ჰგონიათ მხოლოდ ეს ხალხია აღშფოთებული იმითი რაც მოხდა და ხდება, ჰგონიათ რომ დაიღლებიან და დაიშლებიან და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. მიტინგი და დემონსტრაცია არაა ყველასთვის მისაღები გამოხატვის ფორმა. ისედაც, მთელი თბილისი და საქართველო ვერ გამოვა რუსთაველზე.

ამიტომ გთხოვთ, ვისაც აღელვებს საქართველოს ბედი, ვისაც უნდა უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს და აღშფოთებულია, როგორც ყველა პატიოსანი ადამიანი - დღეიდან, ყოველ 2 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლად და ქალაქად, მანქანის სიგნალებით, საყვირებით, სასტვენებით, ხმაურით გავარღვიოთ სიყრუის კედელი.

დავანგრიოთ კედელი ხალხსა და ყრუ ხელისუფალთ შორის მთელ საქართველოში, ისე როგორც საყვირების ხმებმა დაანგრია ბიბლიური იერიქონის კედლები“, - წერს ლაშა ბაქრაძე.

24 ივნისს, თბილისში გაიმართა აქცია „დაუსიგნალე ოკუპაციას“. ავტოკოლონა ამ გზავნილით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და თბილისის სხვადასხვა ქუჩა მოიცვა. ავტომობილები გადაადგილდებიან სიგნალებითა და დროშებით. ეს აქცია ნაწილია პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის, რომელიც უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.

20 ივნისს დაკავებული ბექა ბასილაია გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ, სააპელაციო სასამართლოდან საჩივარი გაიწვია.

როგორც მან 25 ივნისს, სასამართლო სხდეომაზე განაცხადა, ის შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

წინა პროცესი გადაიდო იმის გამო, რომ იმ ადამიანების პროცესი არ იყო ჩანიშნული, ვინც „გავრილოვის ღამეს“ დააკავეს.

წალკაში, ახალციხეში და ა.შ. ამ აქციაზე მონაწილე პირები პატიმრობაში რჩებიან. მათი პატიმრობა ცალსახად პოლიტიკურია და სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. ვინაიდან დღეის მდგომარეობითაც ეს ადამიანები პატიმრობაში რჩებიან, საჩივარს გავიწვევ. ერთ-ერთი უკანასკნელი ვიქნები, ვინც გათავისუფლდება", - განაცხადა ბასილაიამ.

მოსამართლე მურუსიძემ თბილისის საქალქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 21 ივნისის გადაწყვეტილებით, ბექა ბასილაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრია. გასულ სხდომაზე, მან მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომლის მიხედვითაც, ვიდრე 20 ივნისს დაკავებული ყველა პირი არ გათავისუფლდება, მანამდე მისი საჩივრის განხილვა უნდა გადადებულიყო.

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

"ევროპულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნების შესრულებამდე, ოპოზიციურმა პარტიამ „ ევროპულმა საქართველომ“ ბოიკოტი გამოუცხადა დედაქალაქის საკრებულოს სხდომებს.

„მეხუთე დღეა ზედიზედ მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პოლიტიკური პარტიების. ეს არის ზეპარტიული, დიდი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ეს იყო საქართველოს პარლამენტის თავზე წამოსკუპება ოკუპანტის, გავრილოვის და ამას მოყოლებული „გავრილოვის სასტიკი ღამე.“ ამ ვითარებაში, როცა ეს პროტესტი მიმდინარეობს, როცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საზოგადოების - გახარიას გადადგომა შესრულებული არ არის და სანამ ჯერ კიდევ ადამიანები იმყოფებიან საპატიმროში, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვეულებრივი რუტინული საკრებულოს სხდომების გამართვა და მით უმეტეს მასზე დასწრება, არის აბსოლუტურად არასწორი და არალოგიკური“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ფარქციის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ამ ფრაქციაში კიდევ ორი წევრია - ელენე ოზაშვილი და დავით ჟღენტი.

შსს-მ გამოძიება დაიწყო ყაზბეგში ელექტრონული ფესტივალის დარბევის გამო

ყაზბეგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დარბევის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს და 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ყაზბეგში აღარ ჩატარდება. მათი ინფორმაციით, 24 ივნისს, ყაზბეგის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდა ფესტივალის რამდენიმე თანამშრომელი.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დიდი ზარალის მიუხედავად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს.

„ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ. ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო. სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია. ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას” - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესტივალის ახალ ადგილს საღამოს გამოაცხადებენ. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 28 ივნისს უნდა გაიხსნას.

ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს

ყაზბეგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აღარ ჩატარდება. ახალი ადგილი მოგვიანებით გაირკვევა.

„ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით. გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი” - ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორის, Mountain Set-ის მიერ დღეს, 25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დიდი ზარალის მიუხედავად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს.

„ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ. ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო. სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია. ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას” - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესტივალის ახალ ადგილს საღამოს გამოაცხადებენ. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 28 ივნისს უნდა გაიხსნას.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" აცნობა, რომ ფესტივალის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

„მოსახლეობის მხრიდან პროტესტი გამოითქვა და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მოსახლეობა ფესტივალის ჩატარების თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა ამას ჰქონდა წინაპირობები. სოციალურ ქსელებში რაღაც ჯგუფისგან შერაცხმყოფელი პოსტები ვრცელდებოდა მოსახლეობის მისამართით, რამაც პროვოცირება მოახდინა” - განაცხადა ზაგაშვილმა.

კიევი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაკარგა ავტორიტეტი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციამ სრული შემადგენლობით არ დაუჭირა მხარი სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უბრუნებს ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეულ უფლებებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასამბლეის გადაწყვეტილება შეაფასა დაუშვებელ დათმობად იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან ახორციელებს შეიარაღებულ აგრესიას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და თავად ევროსაბჭოს წესდებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები საგრძნობლად შეასუსტა იმ ფონზე, როცა მოსკოვი არანაირ კონსტრუქციულ ნაბიჯს არ დგამს თავად ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

კიევში მიიჩნევენ, რომ ასამბლეის გადაწყვეტილება ევროსაბჭოს პრინციპებისა და ფასეულობებისგან უკან დახევაა, რაც რუსეთის უპრეცედენტო ზეწოლის და ფინანსური შანტაჟის შედეგია.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მნიშვნელოვნად შეასუსტა თანამედროვე ევროპულ პოლიტიკაში თავისი როლი და შესაძლებლობა ეფექტურად დაიცვას ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია ევროსაბჭის წევრ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში" - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო-პოლიტიკური უწყების შეფასებით, სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოს შექმნიდან 70-ე წლისთავზე საპარლამენტო ასამბლეამ დაკარგა ავტორიტეტი და ორგანიზაცია ვეღარ შეასრულებს როლს, რომელიც დამაარსებელმა მამებმა განუსაზღვრეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში, დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის და დაძაბული დებატების შემდეგ, 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების უფლებას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვი ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების მოთხოვნებს არ ასრულებდა, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები რამდენჯერმე გაგრძელდა. პროტესტის ნიშნად რუსეთის საპარლამენტო დელეგაციამ 2016 წლიდან შეწყვიტა ასამბლეის სხდომებზე დასწრება, ხოლო 2017 წელს მოსკოვმა უარი თქვა ევროსაბჭოს ბიუჯეტში თანხის შეტანაზე.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ.

საქართველომ ხმა არ მისცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უბრუნებს ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეულ უფლებებს.

ხმა წინააღმდეგ მისცა სტრასბურგში, ასამბლეის სხდომაზე მყოფმა ხუთივე დეპუტატმა საქართველოს პარლამენტიდან - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნინო გოგუაძემ, ირინა ფრუიძემ და სოფიო ქაცარავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, დავით ბაქრაძემ და გიორგი კანდელაკმა. (კენჭისყრის შედეგები).

გვიან ღამით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში დაბრუნების უფლებას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა.

რუსეთს ევროსბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩამორთმეული უფლებები აღუდგინეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში, დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის და დაძაბული დებატების შემდეგ, 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების უფლებას.

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი გახდა რეგლამენტში შეტანილი და რეზოლუციაში ასახული ცვლილებები.

ბელგიელი დეპუტატის, სოციალისტების ჯგუფის წევრის, პეტრა დე სუტერის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს წევრობა ყველა ქვეყანას აკისრებს საწესდებო ორგანოებში - საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში მუშაობის ვალდებულებას და თანაბარ უფლებებს ანიჭებს.

რეზოლუციის მიხედვით, რეგლამენტს დაემატა პუნქტი, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას. დე სუტერის ინიციატივით, შეიცვალა რეგლამენტის წესიც, რომლის თანახმად, ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვალდებული იყო საპარლამენტო ასამბლეაში თავისი დელეგაციის მონაწილეობის განაცხადი იანვარში წარედგინა. ახალი წესით, რუსეთს უფლება მისცეს თავისი დელეგაციის უფლებამოსილების განხილვის საკითხი დასვას ივნისის სესიაზე.

საქართველოს და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების ყველა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა. (კენჭისყრის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ).

რეზოლუციის პროექტისთვის 222 შესწორება მოამზადეს უკრაინის, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებმა, თუმცა, მათგან ასამბლეამ მხოლოდ ერთი გაითვალისწინა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვი ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების მოთხოვნებს არ ასრულებდა, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები რამდენჯერმე გაგრძელდა. პროტესტის ნიშნად რუსეთის საპარლამენტო დელეგაციამ 2016 წლიდან შეწყვიტა ასამბლეის სხდომებზე დასწრება, ხოლო 2017 წელს მოსკოვმა უარი თქვა ევროსაბჭოს ბიუჯეტში თანხის შეტანაზე.

შვეიცარია აცხადებს, რომ უზბეკეთში გაგზავნის გულნარა ქარიმოვას კუთვნილ 133 მილიონ დოლარს

შვეიცარია აცხადებს, რომ უზბეკეთს დაუბრუნებს გულნარა ქარიმოვასთან დაკავშირებული, ჩამორთმეული ქონების ღირებულებას, ანუ 133 მილიონ დოლარს. ამ განცხადების ფონია მიმდინარე საერთაშორისო დისკუსია იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა უზბეკეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის უფროს ქალიშვილთან დაკავშირებულ, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონებას.

ეს განცხადება 24 ივნისს გაკეთდა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ტაშკენტის ციხეში მყოფმა ქარიმოვამ პირადი თხოვნა გაავრცელა. მისი ქალიშვილის ინსტაგრამის გვერდზე ქარიმოვამ უზბეკეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.

ქარიმოვას ერთ დროს მამამისის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა შემდეგ მისი სახელი დაუკავშირდა შვეიცარიასა და შვედეთში მიმდინარე გამოძიებებს ფულის გათეთრების შესახებ და ის უზბეკეთში დამნაშავედ სცნეს ფინანსურ დანაშაულებში. 2014 წლიდან ის პატიმრობაში იყოფება - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მამამისი ცოცხალი იყო და ქვეყანას მართავდა.

პომპეომ საუდის არაბეთის წარმომადგენლებთან განიხილა ირანის კრიზისი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამბობს, რომ რეგიონში მომატებული დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკება გამართა საუდის არაბეთის მეფე სალმანთან, 24 ივნისს ჯიდაში შემდგარი შეხვედრის დროს.

პომპეოს თქმით, საუბარი შეეხო საზღვაო უსაფრთხოების გაზრდის აუცილებლობას ჰორმუზის სრუტეში, მას შემდეგ, რაც ყურის წყლებში ნავთობის ტანკერებზე განხორციელდა თავდასხმა, რომელშიც ვაშინგტონი ირანს ადანაშაულებს. თეირანი ბრალდებას უარყოფს.

პომპეო საუდის არაბეთში ჩავიდა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ტურნეს ფარგლებში, რომლის მიზანია ირანთან მიმართებით "გლობალური კოალიციის" შექმნა და რომელიც ასევე მოიცავს ვიზიტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

23 მაისს პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის ამ ორ სუნიტურ მოკავშირე ქვეყანასთან ისაუბრებს იმის შესახებ, თუ "როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველას სტრატეგიული კავშირი და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს გლობალური კიალიცია, არა მხოლოდ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს შორის, არამედ აზიასა და ევროპაში, რომელიც ... მზად იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს მსოფლიოში ტერორის ყველაზე მსხვილ მხარდამჭერს". პომპეომ ასევე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები, რომ ვაშინგტონი მზად არის თეირანთან მოლაპარაკებისთვის, პირობების გარეშე, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

ცოცხალი ჯაჭვი პარლამენტის გარშემო - აქციების მეხუთე დღე დასრულდა

Georgia -- p

„მოვაქციოთ პარლამენტი სიმბოლურ ალყაში, რადგან ჩვენ განვსაზღვრავთ, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა“, - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ასე დასრულდა რუსთაველის გამზირზე აქციების მეხუთე დღე.

აქციების ორგანიზატორების თქმით, აქცია პარლამენტის წინ, 25 ივნისს, 19 საათზე კვლავ განახლდება.

დემონსტრანტების სამი მთავარი მოთხოვნიდან ერთი მოთხოვნა - საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, დაკმაყოფილებულია.

24 ივნისს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით.

რაც შეეხება დემონსტრანტების კიდევ ერთ მთავარ მოთხოვნა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.

დემონსტრანტების მესამე მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ 20 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტები.

​რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცავებმა დააკავეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი.

ტატიშვილის ქუჩაზე რამდენიმე მანქანა წაქცეულმა ხემ დააზიანა

ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი ქარისა და წვიმის გამო უზარმაზარი ხის წაქცევის შედეგად, რამდენიმე მანქანა დაზიანდა ტატიშვილის ქუჩაზე 22 ივნისს, საღამოს. ტატიშვილის ქუჩის ნომერ 17 შენობის ბინადართა თქმით, ქარმა რამდენიმე ხეს ტოტები მოსტეხა. ამჟამად გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაახლოებით შვიდი საათისთვის 112-ში ბევრი შეტყობინება შევიდა მსგავსი ინციდენტის შესახებ, თუმცა ასეთი მასშტაბის არც ერთი არ ყოფილა.

გურამ კაშია ჰოლანდიელ გულშემატკივრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მის ჰოლანდელ მეგობრებსა და გულშემატკვირებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები რუსულ ავიაკომპანიებს 21 ივნისს აუკრძალა.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვა დანაშაულებრივი ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“.

„2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა (მათ შორის, კომერციული)“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

იმისათვის, რომ პუტინის ბრძანებას ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე, მიმდინარეობს აქტიური სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებენ თავიანთ ნაცნობებს, იმოგზაურონ საქართველოში.

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. ახლახანს ქსელში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით "Spend Your Summer in Georgia" ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში"), რომელშიც უკვე რამდენიმე ათეული ათასი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული.

სარეკლამო ინდუსტიაში მომუშავე კომპანიების ნაწილმა კი ტურისტულ ობიექტებს შესთავაზა დახმარება მარკეტინგულ კომუნიკაციებში, რათა მათ უკეთ მიაწვდინონ საკუთარი ხმა პოტენციურ კლიენტებს.

პარლამენტის წინ გახარიას თვალახვეული ბიუსტი გამოიტანეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას თვალახვეული ბიუსტი გამოიტანეს.

აქციის შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

თვალახვეული დემონსტრანტები ივნისის აქციების სიმბოლოდ იქცა. აქციის მონაწილეებმა თვალი მას შემდეგ აიხვიეს, რაც 20 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანმა თვალის დაზიანება მიიღო. ორმა მათგანმა კი თვალი დაკარგა. მათ შორის 18 წლის მარი გომურმა.

პარლამენტის წინ მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა, თვალი დაკარგა.

ბერა: ტკივილსა და სიყვარულს მუსიკით გამოვხატავ

მას შემდეგ, რაც ქართველმა კომპოზიტორმა, გია ყანჩელმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, შვილმა, ბერა ივანიშვილმა, Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყანჩელის "ყვითელ ფოთლებს" უკრავს.

"საკუთარ ტკივილსა და სიყვარულს მუსიკით გამოვხატავ. ჩვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, "ყვითელ ფოთლებს" ვუკრავ,"- წერს ბერა ივანიშვილი.

"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს თქვენთან ერთად, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ პარლამენტს, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან და რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება."- თქვა გია ყანჩელმა ტვ პირველის ეთერში.

საპროტესტო აქციაზე, რომელიც დღეს უკვე მეხუთედ იმართება რუსთაველის გამზირზე, გია ყანჩელის მხარდამჭერი გზავნილის შემდეგ მისი კომპოზიცია, "სამშობლო" ჩართეს.

ბერა ივანიშვილმა 22 ივნისს დაწერა, რომ საპროტესტო აქციების მუხტს იზიარებდა.

"მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითოეულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული." - დაწერა მაშინ ბერამ Facebook-ზე.

​რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. საავადმყოფოებში მყოფი 19 ადამიანიდან 2 ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სამართალდამცავებმა დააკავეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი.

მეტეხის ეკლესიასთან მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული მეორე პირიც დაიღუპა

შსს-ის ინფორმაციით, მეტეხის ეკლესიასთან მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული მეორე პირიც დაიღუპა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, 24 ივნისს, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე მეტეხის ეკლესიის ეზოდან, სიმაღლიდან გადავარდა.

მესამე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 124-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობასა და ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

თუშიშვილმა ევროპული თამაშების ოქროს მედალი რუსი მეტოქის ძლევით მოიპოვა

მეორე ევროპულ თამაშებზე ძიუდოსთვის განკუთვნილი დღეები საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. უმძიმეს წონით კატეგორიაში, +100 კილოგრამში, ყველას აჯობა გურამ თუშიშვილმა და ევროპის თამაშების უმაღლეს ტიტულთან ერთად ევროპის ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა, რადგან „მინსკი 2019“ პარალელურად ევროპირველობადაც მიიჩნევა.

გურამ თუშიშვილი შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი. ტატამზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავისი ძალა ყველას. საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მძიმეწონოსანმა ეფექტური სუფთა გდებით დაამარცხა რუსეთის ნაკრების წევრი ინალ ტასოევი.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მეორე ევროპული თამაშები შვიდი მედლით და მამაკაცებს შორის გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. გურამ თუშიშვილის მსგავსად, ევროპის ჩემპიონი გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ). ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა (ორივე 66 კგ) და ლუკა მაისურაძემ (81 კგ).

ძიუდოისტებამდე ევროპულ თამაშებში ქართველმა სამბისტებმა გაიბრწყინეს: ოთხი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ასევე პირველი ადგილი დაიკავეს გუნდურ ჩათვლაში. ყველა სახეობის საერთო მონაგარის გათვალისწინებით კი, „მინსკი 2019“-ის ოთხი დღის თავზე ქართველმა სპორტსმენებმა უკვე ექვსი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი მოაგროვეს და საქართველო მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსიას ჩამორჩება.

უკვე მედლების რაოდენობითაც და ხარისხითაც გაუმჯობესდა პირველი ევროპული თამაშების (ბაქო 2015) შედეგი. ამასთან, ჯერ საქმეში არ ჩართულა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თორმეტი წევრი და ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე.

ევროპული თამაშები 30 ივნისამდე გაგრძელდება.

ნათია თურნავა „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ აჩქარება არ ღირს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეხმაურება „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მკაცრდება კონტროლი საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე.

„რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, მათ შორის ბიზნესისთვისაც. რუსეთი კვლავაც არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ მე არ მინდა ვიჩქარო არ მიმართულებით“, - ნათია თურნავა.

მინისტრის თქმით, ამ საკითხზე შეფასებებმა შესაძლოა, ქართული ბიზნესის ინტერესები დააზიანოს, ამიტომ არ იჩქარებს".

"როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა.

განცხადებაში ჩამოთვლილია ის კომპანიები, რომლებიც „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს. ესენია: „ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.

ალექს ჩიღვინაძე: მამაჩემი დაუბარებიათ და უთქვამთ, შენი შვილი აქციებზე დადის და არ უნდაო

პოეტი და დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ იმის გამო, რომ ის აქტიურად იღებს მონაწილეობას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში, მამამისმა სამსახურში ე.წ. „რჩევა“ მიიღო:

„მამაჩემი დიდი ხანია რკინიგზაში მუშაობს. დღეს დაუბარებიათ და უთქვამთ, გავიგეთ შენი შვილი აქციებზე დადის და დაელაპარაკე რა, არ უნდაო. მამაჩემს უპასუხია, რომ ზრდასრულია და თავისი აზრი აქვსო. ნუ მაინც გადაეციო, არ უნდაო, თორემო... ჰოდა, აი, გადმომცა. (ნუ გავიგე. არ მეტყოდა თვითონ. სახლში შეატყვეს ეტყობა ნერვიულობა და ჩაეკითხნენ, თორემ ჩვენ თვეში ორჯერ თუ ვნახავთ ერთმანეთს) და ახლა რა მაინტერესებს? ვინ გგონივართ ან როგორ ბედავთ? როგორ გამიბედეთ მე ან ჩემს ოჯახს? ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ უთხრათ მამაჩემს, აღარაფერს ვამბობ მის სამუშაო ადგილზე. რაში ხარჯავთ და გვახარჯინებთ ამ ძვირფასს წუთებს? სად არის თქვენი პრინციპები და ადამიანობა?“

პარლამენტის წინ მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

​რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცავებმა დააკავეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი.

დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

მაკა ჩიჩუა: მეტირება და ძალიან ვდარდობ, რომ იმ ღამეს თქვენს გვერდით არ ვიყავი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მიმართა.

„რამდენი ხანია აქ ვარ და ვფიქრობდი, რომ პირველი ვიქნებოდი და მინდოდა, რომ პირველს მომემართა თქვენთვის, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ გავბედე იმიტომ, რომ ვერ დაგიცავით. ახალგაზრდები ვერ დავიცავი იმ სისხლიან ღამეს. რასაც მე ტელევიზორში ვუყურებდი, მინდოდა, რომ მე ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე. მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი სისხლიანი ღამეები. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ახალი რეალობა შეგვექმნა ახალი თაობისთვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო ჯანსაღი, პროგრესული, ძლიერი და რაც მთავარია, გაერთიანებული. მეტირება და ძალიან ვდარდობ, რომ იმ ღამეს თქვენს გვერდით არ ვიყავი“.

პარლამენტის წინ მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა, თვალი დაკარგა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG