Accessibility links

ახალი ამბები

ევროპაში იხსენებენ ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთ

ევროკავშირის ხუთი ქვეყნის: ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარასკევს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის მე-80 წლისთავთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს ყველა ქვეყნების ხელისუფლებებს, არ დაივიწყონ ნაციზმისა და სტალინიზმის დანაშაულებრივი იდეოლოგია და ისწრაფვონ, რათა ის აღარასოდეს განმეორდეს.

1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ მოსკოვში ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის პაქტს, რომლის შედეგადაც, მომდევნო თვეში საბჭოთა კავშირი და გერმანია პოლონეთში შეიჭრნენ.

შეთანხმება "მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის" სახელით არის ცნობილი, რადგან მას ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა. ამ შეთანხმების შედეგად ჰიტლერს შეეძლო პოლონეთზე თავდასხმა საბჭოთა კავშირის საპასუხო რეაქციის შიშის გარეშე. ამავე დროს, ჰიტლერმა და სტალინმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა საკუთარი „გავლენის სფეროებად“ გაინაწილეს.

2009 წელს ევროპარლამენტმა 23 აგვისტო დაადგინა ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

დღესვე ბალტიისპირეთის ქვეყნებში აღინიშნება აქცია „ბალტიის გზის“ მორიგი წლისთავი. 1989 წლის 23 აგვისტოს, მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის ხელმოწერიდან 50-ე წლისთავზე, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის 2 მილიონი მოქალაქე ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა ვილნიუსიდან ტალინამდე რიგის გავლით. ამის მსგავსი ევროპაში არ მანამდე და არც მერე არაფერი არ მომხდარა.

პაატა სალიას პასუხი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, რომლებიც კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმში საჩივარი შეიტანა. ის მისი საქმის შესწავლას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს. ეკა კვესიტაძის ინტერესებს საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაცია იცავს.

საიას განცხადებით, ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე ,,რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, თუმცა მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება.

„წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას“,- ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

ეკა კვესიტაძე ივლისის თვის სახელფასო ანაზღაურებას მოითხოვს. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, დისკრიმინაციულია კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვტლება მის მიმართ, ვინაიდან, ივლისის თვის ანაზღაურება მიღებული აქვს გადაცემაზე მომუშავე ჟურნალისტთა გუნდს, მას კი ანაზღაურება არ ჩარიცხვია.

ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ პაატა სალიასგან პასუხად, მიიღო, რომ ამ თემაზე 9 სექტემბერს დაელეპარაკება, როდესაც ეკა კვესიტაძის შვებულება დასრულდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინტერესების დასაცავად უკვე მიმართეს „რუსთავი 2“-ის ყოფილმა ჟურნალისტებმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა და ნოდარ მელაძემ, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, თავისი ინტერესების დასაცავად მიმართვას ასევე გეგმავს გიორგი გაბუნიაც.

ნანუკა ჟორჟოლიანის სიტვებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიასთან მიმოწერის დამადასტურებელი ინფორმაციაც აქვს შენახული, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კუთვნილ ხელფასს მას ტელევიზიის ამჟამინდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილების საფუძველზე არ უხდიან.

20 ივნისს რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნოდარ მელაძემ თქვა, რომ, მას არ აქვს აღებული ივნისის ხელფასი.

„პაატა სალიამ მიიღო გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის დავალებით და გაყინა ჩემი ხელფასი. მე ამ დროისათვის ივნისის ხელფასიც არ მაქვს აღებული. მათგან პასუხებს ვიღებდი, რომ ხელფასი იქნებოდა დღეს-ხვალ და ა.შ.“

პაატა სალია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება დაწერილი არ არის და ეკა კვესიტაძე მის კუთვნილ ხელფასს მიიღებს, როდესაც ის შვებულებიდან დაბრუნდება და საბოლოო ანგარიშწორება მოხდება. ასევე ხელფასს მიიღებს ნანუკა ჟორჟოლიანიც.

„სიმართლე არ არის, რომ რამდენიმე ადამიანს არ აქვს ხელფასი აღებული, ბევრი ადამიანია, ვისაც ხელფასი არ აუღია, კომპანიაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. საკმარისი თანხები არ იყო. მე მათ ვუთხარი, რომ ხელფასებს მიიღებენ, ხელფასებით მანიპულირებას არ ვაპირებ“,- ამბობს პაატა სალია.

მისი თქმით, ჯერ გასარკვევია მიიღებენ თუ არა ხელფასებს ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია. პაატა სალიას თქმით, ამ ადამიანებს, შეიძლება კომპანიის მიმართ ჰქონდეთ ფინანსური ვალდებულება, რასთან დაკავშირებითაც სამოქალაქო დავის დაწყებას გეგმავს კომპანიის მენეჯმენტი.

„ეს უკვე კომპანიის უფლებამოსილებაა შეუჩეროს დროებით ხელფასები და იდაოს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული. შეიძლება მივცეთ ხელფასები და ისე ვიდაოთ. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვისაც ეკუთვნის ხელფასი აუცილებლად მიიღებს, არავის არ აქვს დისკრიმინალური განწყობები“,- აცხადებს პაატა სალია.

ლუკაშენკო: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენი პრინციპული პოზიციაა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა მინსკში. 2019 წლის 23 აგვისტო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ბელარუსის პრინციპული პოზიციაა - ამის შესახებ პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა მინსკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსს ასეთივე პოზიცია აქვს ყველა ქვეყნის მიმართ. „ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება ეს დაემართოს და ეს დაუშვებელია“ - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა. მისი სიტყვები მოჰყვა მამუკა ბახტაძის მადლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპული მხარდაჭერისთვის, რასაც პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.

ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე, განაცხადა, რომ ბელარუსი დაჟინებით განაგრძობს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთან და მათ ცუდებად და კარგებად არ ვყოფთ. თუ თანამშრომლობაში რაღაც ხარვეზები და პრობლემებია, მშვიდად და მოთმინებით უნდა დაიძლიოს, რასაც ზოგიერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსთან ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ დაჟინებით, მოთმინებით - თუმცა, ეს პერიოდი უკვე გავიარეთ - განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს ბელარუსი და ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, ბელარუსის და საქართველოს თანაშრომლობა ყოველთვის მაგალითად მოჰყავს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის დიდი ტვირთბრუნვა არ არის და 2018 წლის შედეგებით, 87 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ჩვენ ოდესღაც ნულიდან დავიწყეთ და ვერ წარმოგვედგინა, როგორ შეიძლებოდა საქართველოსთან ვაჭრობა რუსეთთან მისი პრობლემების და სხვა საკითხების გამო. მაგრამ სულ რამდენიმე წელიწადში ვაჭრობა ვისწავლეთ და პერსპექტივებსაც ვხედავთ“ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 23 აგვისტოს დაიწყო.

33-33-ზე: პრეზიდენტი ზელენსკი იმედოვნებს ტყვეების გაცვლას უახლოეს დღეებში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ტყვეების გაცვლას უახლოეს დღეებში იმედოვნებს, რითაც ის პირადად არის დაკავებული.

ამ განცხადების ფონია რუსეთის ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას ჩასვლა კიევში. ხოლო ადამიანის უფლებების დარგში კიევის რწმუნებული, ლიუდმილა დენისოვა, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უკვე იმყოფება მოსკოვში.

კრემლში ხედავენ ზელენსკისთან დიალოგის დაწყებას და მის განვითარებას, რაც “გარკვეულ კონტაქტებში“ გამოიხატება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

წინა დღით გავრცელდა ცნობა, რომ მოსკოვმა და კიევმა მიაღწიეს შეთანხმებას 33 უკრაინელი და 32 რუსი მოქალაქის გაცვლაზე. ადრე გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით წერდა, რომ გაცვლა სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე მოხდება.

უკრაინის პრეზიდენტისათვის გაცვლის პროცესში პრიორიტეტულია გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება. უკრაინული ეკიპაჟების ტყვეობიდან გათავისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა. უცნობია დათანხმდება, თუ არა მათ გათავისუფლებაზე რუსეთი, რომელიც მეზღვაურებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტოს მინსკში გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა.

„ბელარუსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მამუკა ბახტაძისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ორ ქვეყანას შორის შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე და ითქვა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება.

მამუკა ბახტაძემ და ალექსანდრ ლუკაშენკომ განიხილეს ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 23 აგვისტოს დაიწყო. მამუკა ბახტაძესთან ერთად მინსკში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია

საოკუპაციო ხაზი სოფელ არცევთან

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 24 წლის გიორგი ზანგურაშვილი.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-ის ცნობით, დაკავების ფაქტის გამო, ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი.“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 23 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ არცევთან დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მკვიდრი, 24 წლის გიორგი ზანგურაშვილი, თუმცა, იმის გამო, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ქართულ მხარეს გადასცემენ „საზღვრის დარღვევისთვის“ დაწესებული ჯარიმის გადახდის გარეშე.

პუტინმა ძალოვნებს დაავალა "სიმეტრიული პასუხის" გაცემა აშშ-ის მიერ ახალი რაკეტის გამოცდაზე

პუტინი ოპერატიულ თათბირზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას დაავალა „ამომწურავი ზომების მიღება“, რაც აშშ-ის მიერ ახალი, საშუალო სიშორის ფრთოსანი რაკეტის საწინააღმდეგო „სიმეტრიული პასუხს“ გულისხმობს. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელიც პუტინის თავმჯდომარეობით ძალოვანი უწყებების პირველ პირებთან გამართულ ოპერატიულ თათბირს შეეხება.

18 აგვისტოს აშშ-მა გამოსცადა მიწისზედა ბაზირების ფრთოსანი რაკეტა, რომელმაც, აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, გაანადგურა 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მყოფი მიზანი.

„ასეთი შეიარაღება განეკუთვნება საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ 1987 წლის ხელშეკრულებით (INF) აკრძალულ კატეგორიას“, - განაცხადა პუტინმა, რომლის ინფორმაციით, საცდელი სროლა განხორციელდა მკ-41 ტიპის გამშვები დანადგარით, რომელიც ვაშინგტონმა უკვე განათავსა რუმინეთში ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზაზე და ემზადება პოლონეთში მის განსათავსებლად.

ბირთვული შეთანხმებამ, რომლითაც აიკრძალა ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ქონა, წარმოება და გამოცდა, 2019 წლის 2 აგვისტოდან დაკარგა ძალა მას მერე, რაც ხელის მომწერმა სახელმწიფოებმა, აშშ-მა და რუსეთმა, ოფიციალურად დატოვეს 31 წლის წინ დადებული ხელშეკრულება.

შარშან აშშ-მა რუსეთს ბრალად დასდო შეთანხმების დარღვევა და დაიმუქრა, რომ დატოვებდა მას. მოსკოვი უარყოფდა შეთანხმების დარღვევას. კრიტიკულად განწყობილი მიმომხილველები ფიქრობდნენ, რომ INF-ად მოიტანდა ახალ გამალებულ შეიარაღებას აშშ-სა და რუსეთს, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანას, შორის.

სოფელ საყავრესთან ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობითამ დროისთვის ადგილზე ხანძრის კერა აღარ არის.
„ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა“,- ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ტყეში გადაადგილებისას. ნებისმიერი სახის დაუდევრობამ შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

უახლოესი ათი დღის განმავლობაში საქართველოში 38 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.“

გარემოს ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას მაღალი ტემპერატურის ფონზე ტყის ხანძრების რისკის ზრდის თაობაზე.

რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს ახალ "სამხედრო შეთანხმებას" უფორმებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია მოსკოვში იმყოფება.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, 23 აგვისტოს, ქიშმარიასთან შეხვედრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ განიხილავენ და ხელს მოაწერენ „შეთანხმებას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის შესახებ.“

შოიგუს თქმით, რუსეთს და აფხაზეთს უკვე აქვთ თავდაცვის და უსაფრთხოების საერთო სივრცე და 2014 და 2015 წლებში ხელი მოაწერეს ამ სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან შეთანხმებებს.

შოიგუს განცხადებითვე, სტაბილურობის გარანტია აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც სულ უფრო განამტკიცებენ.

საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

რუსული სამხედრო ბაზა არცევში

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მკვიდრი, 24 წლის გიორგი ზანგურაშვილი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ზანგურაშვილი სოფელ არცევთან დააკავეს. არცევში რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის ქართულ მხარეს გადასცენ „საზღვრის დარღვევისთვის“ გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის გარეშე.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 20 აგვისტოს, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ახალუბნის და მეჯვრისხევის 8 მცხოვრები, რომლებიც ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 17-18 აგვისტოს დააკავეს.

მაკრონმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის ქაშმირში ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა

ნარენდრა მოდისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა პარიზის მახლობლად. 2019 წ. 22 აგვისტო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის უთხრა, რომ პარიზი ყურადღებით აკვირდება ქაშმირში მიმდინარე მოვლენებს, და მოუწოდა მას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს ჰიმალაებში მდებარე რეგიონის ორივე მხარეს.

მაკრონმა ეს განცხადება გააკეთა 22 აგვისტოს მოდისთან პარიზის მახლობლად გამართული შეხვედრის შემდეგ.

მაკრონის თქმით, მას მსგავსი დიალოგი აქვს დაგეგმილი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთანაც. შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება.

მაკრონმა მოდის უთხრა, რომ ინდოეთი და პაკისტანი ორივე პასუხისმგებელია იმისთვის, რომ „თავიდან იქნეს აცილებული რაიმე სახის გაუარესება, რაც ვითარების ესკალაციას გამოიწვევდა“.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა 5 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საგანგებო სტატუსს გაუუქმებს ქაშმირს, რომელიც ძირითადად მუსლიმებითაა დასახლებული.

ქაშმირი 1947 წლიდანაა გაყოფილი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, მას შემდეგ, რაც მათ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაშმირის ინდურ ნაწილში. კრიტიკოსების თმით, დელის უკანასკნელი განცხადებები ხელს შეუწყობს რეგიონის კიდევ უფრო იზოლირებას და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაძლიერებას.

ქალთა უფლებების დამცველები - "აიკრძალოს სახელფასო დისკრიმინაცია!"

ქალთა უფლებების დამცველი 4 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს აკრძალოს სახელფასო დისკრიმინაცია.

„დღეიდან - 23 აგვისტოდან მოყოლებული საქართველოში ქალები წლის ბოლომდე უფასოდ მუშაობენ, მაშინ როცა კაცები ჩვეულებრივ იღებენ ანაზღაურებას“, - აღნიშნულია "ქალთა მოძრაობის" და კიდევ სამი ორგანიზაციის („საფარი“, „ქალთა მზერა“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“) განცხადებაში, რომელიც საქართველოში ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის მკვეთრ სხვაობას ეხება.

„„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა 36%-ია, რაც ნიშნავს, რომ კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ ერთ ლარზე, იგივე ძალისხმევის გაწევის მიუხედავად, ქალი მხოლოდ 64 თეთრს გამოიმუშავებს“, - სწორედ ამ ფაქტობრივ სხვაობაზე დაყრდნობით აცხადებენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომ დღეიდან წლის ბოლომდე საქართველოში ქალები უფასოდ მუშაობენ.

ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის ეფექტზე განცხადებაში წაიკითხავთ:

„კვლევებით დასტურდება, რომ მაღალი სახელფასო სხვაობა პირდაპირ ზრდის ეკონომიკურად არააქტიური ქალების რაოდენობას; სახელფასო სხვაობის მაღალი მაჩვენებელი ცუდად აისახება ბავშვთა სიღარიბეზე - რაც უფრო ღარიბია დედა, მით უფრო გაჭირვებაში უწევს ცხოვრება ბავშვს; სახელფასო სხვაობა ქალებს ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდის ოჯახზე, რაც თავის მხრივ ზრდის ქალზე ძალადობის რისკს“.

სახელფასო სხვაობის მიზეზებს შორის ჩამოთვლილია: სახელფასო დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე გენდერის ნიშნით; აუნაზღაურებელი საშინაო შრომის ტვირთი; “შუშის ჭერი”, ანუ უხილავი ბარიერები დაწინაურებაში და სამსახურების დაყოფა ქალურ და კაცურ სამუშაოებად და სექტორებად.

„ქვეყანაში არსებული სიღარიბის ფონზე გაუმართლებელია ეკონომიკურად არააქტიური ქალების მაღალი დონე (საქსტატის მონაცემებით ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია). მთავრობამ უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციული სახელფასო და სამუშო პირობები, რაც გამოიწვევს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას“.

სახელფასო დისკრიმინაციის აკრძალვის გარდა, ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

შეიქმნას სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს სახელფასო სხვაობის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლის მექანიზმებს;

სახელმწიფომ მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიციები სოციალური ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რაც ქალების საშინაო ტვირთის გადანაწილებას შეუწყობს ხელს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს;

შეიქმნას დიასახლისებზე და ეკონომიკურად არააქტიურ ქალებზე მორგებული პროფესიული გადამზადების პროგრამები;

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აიღოს პასუხისმგებლობა, შეიმუშაოს და გაგვაცნოს ქალების ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგია.

სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყის ხანძარს ეხმაურება

"საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი პლანეტის გადასარჩენად და მოგიწოდებთ იმოქმედოთ ამაზონისთვის,- წერს საქართველოს პრეზინდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

ხაჯიმბამ ნიკარაგუის ელჩისგან "რწმუნებათა სიგელები" მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ნიკარაგუის მიერ ელჩად დანიშნულმა ალბა აუსენა ტორეს-მეხიამ „რწმუნებათა სიგელები“ გადასცა დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე 23 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხაჯიმბა ტორეს-მეხიას დაპირდა სრულ მხარდაჭერას და თანადგომას, რათა მისი საქმიანობა შედეგიანი იყოს და ემსახურებოდეს აფხაზეთ-ნიკარაგუის კავშირების განმტკიცებას.

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ნიკარაგუამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მხარი დაუჭირა აფხაზი ხალხის სწრაფვას თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. ხაჯიმბამ „აფხაზეთის დიდი მეგობარი“ უწოდა ნიკარაგუის პრეზიდენტს, დანიელ ორტეგას. დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, დიდად აფასებენ გაეროში ნიკარაგუის მხარდაჭერას.

ამავე ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალბა აუსენა ტორეს-მეხიამ განაცხადა, რომ ოცნებობს აფხაზური ენის შესწავლაზე, რათა „ოდესმე ორიგინალში წაიკითხოს შესანიშნავი პოეტის ბაგრატ შინკუბას ლექსები.“

მოსკოვის მოკავშირე ნიკარაგუამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 3 სექტემბერს აღიარა.

საქართველოს 15-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მოიპოვა

უეფას განვითარების თასის გათამაშება ქართველი ფეხბურთელების ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვაში გამართული საერთაშორისო ტურნირი ისე ჩაატარა, ერთი გოლიც არ გაუშვია, მეტოქეებს კი თექვსმეტი გოლი გაუტანა სამ შეხვედრაში.

ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ბოსნიისა (3:0) და მოლდოვის (4:0) ნაკრებების ძლევის შემდეგ დასკვნით შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. სწორედ ეს მატჩი წყვეტდა ტურნირის ჩემპიონის ბედს და ქართველ ფეხბურთელებს მიზნის მისაღწევად ფრეც ჰყოფნიდათ, მაგრამ ლიეტუვა 9:0 დაამარცხეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამხრეთ კორეას შეხვდება

ქართველი ფეხბურთელები სტამბოლში 2 სექტემბერს დაიწყებენ საწვრთნელ შეკრებას.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უახლოეს მატჩს ორ კვირაში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 5 სექტემბერს ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება. მხარეთა შეთანხმებით, თამაში სტამბოლში შედგება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებსაიტის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები სტამბოლში 2 სექტემბერს დაიწყებენ საწვრთნელ შეკრებას, სამხრეთ კორეასთან მატჩის შემდეგ კი თბილისში დაბრუნდებიან და 8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავენ დანიასთან.

მოახლოებული ორი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობას სამწვრთნელო შტაბი მომავალ კვირას დაასახელებს.

ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ალექსეი ნავალნი

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ნავალნიმ მოსკოვის ერთ-ერთი იზოლატორი 23 აგვისტოს, დილით დატოვა. მან მადლობა გადაუხადა მამაც ადამიანებს, რომლებიც მოსკოვში, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადა აქციების დროს დაკავებულებს.

„ჩვენ ვხედავთ ამ რეჟიმის დეგრადაციის ფინალურ ხარისხს. ადრე ტყუილსა და გაყალბებაზე იდგნენ, რაც, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა. მათთვის საკმარისი აღარ არის არჩევნებზე კანდიდატების არდაშვება. მათ სჭირდებათ ათეულობით ადამიანის დაპატიმრება და ასობით ადამიანის ცემა“ - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

მოსკოვის სიმონოვის რაიონის სასამართლომ ნავალნის 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 24 ივლისს შეუფარდა მოწოდებისთვის, რომ მოსკოველებს მონაწილეობა მიეღოთ 27 ივლისის აქციაში და პროტესტი გამოეთქვათ იმის გამო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საქალაქო დუმის არჩევნებისთვის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დაარეგისტრირა.

ივლისის შემდეგ გამართული რამდენიმე აქცია მოსკოვის პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ დაარბიეს და ასეულობით ადამიანი დააკავეს.

აშშ-მა რუსეთს გაეროში მოსთხოვა განმარტება სევეროდვინსკთან მომხდარ აფეთქებაზე

აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში ჯონათან კოენი

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დასამარებაში.

უშიშროების საგანგებო სხდომა რუსეთის და ჩინეთის მოთხოვნით დაინიშნა მას შემდეგ, რაც 18 აგვისტოს აშშ-მა საშუალო მანძილის ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა.

ამ ტიპის რაკეტების გამოცდა აკრძალული იყო აშშ-ის და საბჭოთა კავშირის მიერ მიღწეული შეთანხმებით, რომელიც აშშ-მა 2 აგვისტოს დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი შეთანხმებას უკვე წლებია არღვევს.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, დმიტრი პოლიანსკიმ აშშ თვალთმაქცობაში დაადანაშაულა. რუსი დიპლომატის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ვაშინგტონმა ახალი რაკეტა გამოსცადა შეთანხმების დატოვებიდან 16 დღეში, ადასტურებს, რომ ხელშეკრულება სწორედ აშშ-მა დაარღვია.

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯონათან კოენმა პოლიანსკის შეახსენა, რომ შეთანხმება პირველად რუსეთმა დაარღვია რამდენიმე წლის წინ, ევროპისკენ მიმართული ფრთოსანი რაკეტების განთავსებით.

ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვისგან მოითხოვა განმარტება არხანგელსკის ოლქში მომხდარი იდუმალი აფეთქების შესახებ. „რა მოხდა რუსეთში 8 აგვისტოს? რატომ მოხდა აფეთქება? რა სისტემაზეა საუბარი და რა მიზნით შეიქმნა ეს სისტემა?“ - მიმართა კოენმა პოლიანსკის. რუსეთის წარმომადგენელს ამ შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

რუსეთის არხანგელსკის ოლქში, სევეროდვინსკის პორტთან 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის, "როსატომის" 5 თანამშრომელი.

რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ უთქვამს, რას ცდიდნენ ახლომდებარე სამხედრო პოლიგონზე. "როსატომში" განაცხადეს, რომ მისი თანამშრომლები ახალი სპეციალური აგრეგატის გამოცდისას დაიღუპნენ. აფეთქების რაიონში მომატებული იყო რადიაციული ფონი. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ რუსეთს გამოცდის დროს აუფეთქდა ახალი ფრთოსანი რაკეტა ბირთვული დანადგარით.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, საყავრესთან ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან მდებარე ტყის მასივში გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ღია კერა აღარ შეინიშნება და მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების გამოყენებით.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და არ არსებობს დასახლებულ პუნქტთან ცეცხლის მიახლოების საფრთხე.

22 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა 250-მდე მეხანძრე-მაშველი დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო და დამხმარე ტექნიკით. ღამის მდგომარეობით, ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებდა.

საყავრეში მუშაობს საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის ოპერაციის კოორდინაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს ოფიციალურ ვიზიტს ბელარუსში

23 აგვისტოს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში. მამუკა ბახტაძე შეხვდება პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, პრემიერ-მინისტრს, სერგეი რუმასს და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ვლადიმირ ანდრეიჩენკოს.

სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინსკის საავტომობილო ქარხანას დაათვალიერებს.

ამავე სააგენტოს ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში ბელორუსსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვამ 37 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი 25 მილიონს აჭარბებს, ხოლო იმპორტი 11 მილიონს.

ბელარუსიდან საქართველოში ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა სინთეტიკური ძაფები, რძე და რძის პროდუქტები, მედიკამენტები, ელექტროტრანსფორმატორები და კაბელები. საქართველოდან იმპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალშია მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, თხილი და ნავთობპროდუქტები.

„ბელტას“ ცნობითვე, ბელარუსის ბაზარზე მუშაობს 17 საწარმო ქართული კაპიტალით, მათ შორის 11 ერთობლივი კომპანია, ხოლო საქართველოში ბელარუსის 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლობა და შვილობილი საწარმოები.

სოფელ საყავრესთან ხანძრის ჩაქრობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 23 აგვისტოს დილიდან, პროცესში კვლავ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საყავრესთან, ტყის მასივში 22 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა 250-მდე მეხანძრე-მაშველი დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო და დამხმარე ტექნიკით. ღამის მდგომარეობით, ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებდა.

საყავრეში მუშაობს საველე შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს ხანძრის ლიკვიდაციას. ოპერაციაში ჩართულია თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ქართველი კინომსახიობის მეორე გამარჯვება

ლევან გელბახიანი

სარაევოში დასრულდა 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ჟიურიმ, რომელსაც კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმის” ლაურეატი, შვედი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი ხელმძღვანელობდა, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის გადასცა ლევან გელბახიანს, მთავარი როლის შემსრულებელს ლევან აკინის ქართულ-შვედურ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ”.

ეს ლევან გელბახიანის მეორე ჯილდოა. ივლისში, ამავე როლისთვის, ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ოდესის კინოფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა მაისში, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სექტემბრის დასაწყისში სურათს შვედეთის კინოთეატრებში უჩვენებენ, რის შემდეგაც დაიწყება ლევან აკინის ფილმის გაქირავება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

კორძაძის თქმით, პროკურატურამ საქმე დაამთავრა და არ აინტერესებს, რა მოხდება სასამართლოში

„პროკურატურამ ამ ბრალით საკუთარი საქმე დაამთავრა. სასამართლოში რა მოხდება, დიდი ალბათობით შეიძლება არც აინტერესებდეთ“, - ასე შეაფასა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად ქორიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალდების დაზუსტება.

კორძაძის შეფასებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აბსურდული ბრალდება წარუდგინეს და ამავე საქმეს მოარგეს ავთო წერეთელი.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის ქმედებების შედეგია ის, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე აღარ არიან TBC ბანკის ხელმძღვანელობაში, მამუკა ხაზარაძე აღარ არის ანაკლიის პორტის პროექტის ხელმძღვანელობაში და მათი ანგარიშები დაყადაღებულია. „ეს არის მიზანი“, - თქვა ბრალდებულების ინტერესების დამცველმა.

კორძაძის ინფორმაციით, დაზუსტებულ ბრალდებაში არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ 2-3 ადგილზე ჩაამატეს ავთო წერეთელი.

იურისტი პროკურატურის სქემას ასე განმარტავს: „თითქოს ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ თავს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომ დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. ეს არის მთელი აბსურდის თეატრი. მერე გრძელდება იმით, რომ, რაც მე მოგიყევით, ეს ფულის გათეთრება არ არის. მათი ლოგიკით არის თაღლითობა, მაგრამ იმის გამო, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო და სურდათ, რაიმე ბრალი წაეყენებინათ, მიაწებეს ფულის გათეთრება.

გუშინწინ წამოსცდა პროკურატურას, რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ფორმით ყადაღის დადების შესაძლებლობას, როდესაც არაფრის მტკიცება არ გჭირდება. ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის. ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებს და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს“.

ავთო წერეთლისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, 22 აგვისტოს ბრალდების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული იყვნენ TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

სალომე ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზზე ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტვუაში ვიზიტისას პრეზიდენტმა ოკუპაციის საკითხზე ისაუბრა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას, - აცნობეს რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ადმინისტრაციისვე ინფორამციით, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმახაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

„მე მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ და არ იყოს დამოკიდებული რუსეთის დღისწესრიგზე.

„ეს არ არის ახალი. ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით მისი მოვალეობაა ისაუბროს საქართველოს პარტნიორებთან, იმისთვის, რომ მოიხსნას საოკუპაციო გამყოფი ხაზი.

„ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, რომელზეც დღესაც იყო ლაპარაკი, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება იმ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG