Accessibility links

ახალი ამბები

ზალკალიანმა და მოგერინიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, სატელეფონო საუბარი გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების შესახებ, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.

სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.

საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.

უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის მერიის შენობა შესაძლოა გაიყიდოს

ქუთაისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქუთაისის მერიის შენობა გაიყიდოს, ადგილობრივი თვითმმართველობა კი აუდიტის შენობაში გადავიდეს, რომელიც პარლამენტის ყოფილ შენობასთან ახლოს მდებარეობს.

ქუთაისის მერიის შენობა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის 3 ნომერშია განთავსებული.

ამავე ინფორმაციით, მერიის შენობის ყიდვით „საპარტნიორო ფონდი“, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული და ტერიტორიაზე სასტუმროს განთავსებას გეგმავს.

გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ მერიაში. მათი თქმით, შენობა აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს და ინვესტორის გამოჩენას ელოდებიან.

კიევში სასამართლომ განკარგულება გასცა, გამოძიება დაიწყოს პეტრო პოროშენკოსა და პავლო კლიმკინის წინააღმდეგ

კიევში სასამართლომ განკარგულება გასცა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კლიმკინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა ემუქრებათ პოროშენკოსა და კლიმკინს. სასამართლოს თანახმად, საქმე უცნობი პირის მიერ არის ინიცირებული.

განვლილი კვირების განმავლობაში გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ორჯერ დაკითხა პოროშენკო გადასახადებისთვის თავის არიდების საქმესთან დაკავშირებით.

აპრილში პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი გამოჩნდა

ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი „მი 8“ შემოფრინდა. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფასებს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად.

„ფაქტზე გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ დისევს შორის. უკანონო სამუშაოები ამ სოფლების დამაკავშირებელ გზასთან მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ძელებს დგამენ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიდან გუგუტიანთკარის სიღრმეში. დღემდე ეს ტერიტორია საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვარი 7 აგვისტოდან გაჰყავთ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის მცხოვრებთა ორი სახლი, მიწის ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სარწყავი არხი.

საქართველოდან ევროპის ქალაქებისკენ ავიარეისებს ირლანდიური Ryanair-იც შეასრულებს

საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ ავიამიმოსვლას იწყებს მსოფლიოში წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 21 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გააფორმეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ბრაიენმა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ირლანდიურ ავიაკომპანიასთან შეთანხმებით, პირდაპირი რეისები სულ 12 მიმართულებით შესრულდება თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან.

წელს Ryanair-ის თვითმფრინავები იფრენენ თბილისი-მილანის, ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებებით. თბილისის ეროპორტიდან მილანისკენ 4 რეისი შესრულდება, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელისკენ 2-2 რეისი. მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება ავიამიმოსვლა თბილისი-კიოლნის მიმართულებითაც.

Ryanair-ის ვებსაიტზე უკვე იყიდება ნოემბრის ავიაბილეთები თბილისიდან მილანისკენ და მათი ფასი 26.55 ევროდან იწყება.

რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის ქალაქებისკენ და პირიქით 2012 წლიდან ასრულებს დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-იც.

იტალიაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირებაზე

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ოთხშაბათს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს ახალი მთავრობის ფორმირებაზე. პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გუშინ გადადგა კოალიციურ მთავრობაში განხეთქილების გამო - მატეო სალვინის პარტია „ლიგასა“ და „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობას შორის.

სენატში გამოსვლისას კონტემ გააკრიტიკა ვიცე-პრემიერი და „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი იმისთვის, რომ მან, კონტეს თქმით, მოახდინა სამთავრობო კრიზისის პროვოცირება და საკუთარი პარტიის ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენა.

სალვინი ფაქტობრივად განხეთქილების ინიციატორი გახდა, მას შემდეგ, რაც უკანასკნელ ხანებში ხშირად აკეთებდა განცხადებებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის აუცილებლობისა და მინისტრთა კაბინეტში უთანხმოების შესახებ.

კომენტატორთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ახალი მთავრობის შექმნა ვადამდელი არჩევნების გარეშე მოხერხდეს. ასეთ შემთხვევაში მემარჯვენე პოპულისტური „ლიგა“ ოპოზიციაში აღმოჩნდება, მინისტრთა კაბინეტი კი უფრო ცენტრისტული გახდება და უფრო ევროპულად იქნება ორიენტირებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სალვინი მკაცრ პოლიტიკას ატარებს მიგრანტების მიმართ. იტალია საკუთარ პორტებში შესვლას უკრძალავს გემებს, რომლებიც ზღვაში ეხმარებიან არალეგალურ მიგრანტებს. იგი ცნობილია ასევე ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისადმი დადებითი დამოკიდებულებით.

იტალიის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს სალვინის ემისრისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების თაობაზე, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, საქმე ეხებოდა რუსეთის სტრუქტურების მიერ პარტია „ლიგის“ დაფინანსებას. სალვინი უარყოფს ამ ბრალდებებს.

მეთიუ ბრაიზა: თუ ანაკლიის პორტი ჩავარდა, ეს ნამდვილი ტრაგედია იქნება

თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR-ს (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) განუცხადა.

მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს.

„ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალსაზრისით საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას.

პორტი მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მაგალითად, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალის, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი.

ასე რომ, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბრაიზამ.

რაც შეეხება უშუალოდ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, მეთიუ ბრაიზას თქმით, ამერიკის მთავრობაში მათ იცნობენ, როგორც პროფესიონალ და წესიერ ადამიანებს.

"ბადრი ჯაფარიძეს ამერიკის მთავრობაში იცნობენ, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალსა და უწესიერეს ბიზნესმენს. ის ჩვენთვის მისაბაძი ადამიანია. იმავეს ვფიქრობ მამუკაზეც, უბრალოდ ბადრის უფრო დიდი ხანია და უფრო კარგად ვიცნობ. უკიდურესად არადამაჯერებლად მეჩვენება მტკიცება, რომ ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრების სქემაში იყო გარეული", - განაცხადა ბრაიზამ.

თბილისის ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს ბრიტანული კომპანია მოამზადებს

ვაკის პარკი

თბილისის მერის ინფორმაციით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის პროცესი დასრულდა და მასში გაიმარჯვა ბრიტანულმა კომპანიამ Chris Blandford Associates-მა.

„ამ კომპანიას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება მსოფლიოში რთული, მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო, ღირსშესანიშნავი ადგილების, მათ შორის ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტებსა და სტრატეგიების შემუშავებაში. მათ გამოცდილებაში არის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მაგალითად, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი, პადუას ბოტანიკური ბაღები და ასე შემდეგ“ - განაცხადა კახა კალაძემ 21 აგვისტოს, თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მერის ინფორმაციით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდება ისტორიული, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რომელსაც პარკის ფუნქციური ზონირება დაეყრდნობა.

კალაძის განმარტებით, მოხდება პარკში არსებული მწვანე საფარის ინვენტარიზაცია და ახალი დენდროლოგიური პროექტი შემუშავდება. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ვაკის პარკს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება. კახა კალაძის განცხადებითვე, პროექტის განხორციელებისას მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი საზოგადოების ჩართულობა.

თბილისის მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს „ლოკომოტივის“ სტადიონიდან კუს ტბისკენ მიმავალი ფერდობის ზონირებასაც და ვაკის პარკთან მის ინტეგრაციას. ბრიტანული კომპანია რეაბილიტაციის პროექტს წლის ბოლოსთვის წარმოადგენს, განხორციელება კი მომავალი წლიდან დაიწყება.

ცალკე პროექტი მუშავდება ვაკის პარკში არსებული კასკადის რეაბილიტაციისთვის.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში არ გავიდა 12 -საათიანი საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“. ეთერში მხატვრული ფილმი გადაიცა.

რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტი ჟურნალისტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ „კურიერი“ ეთერში 15:00 საათზე გავიდეს, თუმცა ჟურნალისტები ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და დიდი ალბათობით, არც ეს გამოშვება გავა ეთერში. გადამღები ჯგუფები არ გასულან სამუშაოდ. წყაროს ცნობით, არც ერთი ჟურნალისტი არ თანხმდება წაუძღვეს საინფორმაციო გამოშვებას.

როგორც რადიო თავისუფლებას "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ეუბნება, საინფორმაციო გამოშვების ეთერში არგასვლის მიზეზად ის სახელდება, რომ ჟურნალისტებს არ აქვთ სიტყვის თავისუფლების გარანტია.

დღეს დილიდან ეთერში არ გასულა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერი.“

9 და 10 საათიანი გამოშვებების ნაცვლად მაყურებელს სერიალები უჩვენეს.

20 აგვისტოს ღამის შემდეგ ტელეკომპანიის ვებსაიტზე არც ახალი ამბები განახლებულა.

20 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიიდან დაითხოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი და ტელეწამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.

საკუთარი სურვილით ტელეკომპანია დატოვეს საღამოს ცხრასაათიანი "კურიერის" წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო პროგრამა შეწყდა.

„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნას და სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები" - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ლაურა ღაჭავას ბრალს ოფიციალურად 14 საათზე წარუდგენენ. ღაჭავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას დედაა.

ლაურა ღაჭავა 54-ე პირია, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ამ უწყებამ პირველად 13 აგვისტოს განაცხადა, რომ „დაწყებულია გამოძიება 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ და გახსნილი და მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.“

21 აგვისტოს მდგომარეობით, ამ საქმის ფარგლებში დაკავებულია 38 პირი.

გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის გავლება გრძელდება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ დისევს შორის. უკანონო სამუშაოები ამ სოფლების დამაკავშირებელ გზასთან მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ძელებს დგამენ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიდან გუგუტიანთკარის სიღრმეში. დღემდე ეს ტერიტორია საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვარი 7 აგვისტოდან გაჰყავთ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის მცხოვრებთა ორი სახლი, მიწის ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სარწყავი არხი.

ტრამპმა დანიაში ვიზიტი გადადო გრენლანდიის გაყიდვაზე უარის გამო

გრენლანდია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიაში ოფიციალური ვიზიტი გადადო. ტრამპმა მიზეზად ის დაასახელა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენის საკთხის განხილვაზე.

„დანია მართლაც მშვენიერი ქვეყანაა შესანიშნავი ადამიანებით, მაგრამ პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიკსენის განცხადების გამო, რომ არ სურს გრენლანდიის გაყიდვის საკითხის განხილვა, ორი კვირის შემდეგ დაგეგმილ ჩვენს შეხვედრას სხვა დროისთვის გადავიტან“ - დაწერა ტვიტერზე დონალდ ტრამპმა.

დანიაში აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 2 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო.

გასულ კვირაში რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენა სურს მისი დიდი ბუნებრივი რესურსების და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი მდებარეობის გამო.

დანიელი პოლიტიკოსების უმრავლესობამ ეს ინფორმაცია ხუმრობად აღიქვა, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ასეთი ინტერესი აქვს.

დანიის ავტონომიურ ოლქში - გრენლანდიაში 56 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქ მდებარეობს ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა.

აშშ-ს გრენლანდიის შეძენის იდეა პირველად გაუჩნდა 1867 წელს, როცა რუსეთისგან ალიასკა იყიდა. 1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დანიას გრენლანდიისთვის 100 მილიონი დოლარი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

დილიდან "კურიერი" ეთერში არ გასულა

დღეს დილიდან ეთერში არ გასულა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერი.“

9 და 10 საათიანი გამოშვებების ნაცვლად მაყურებელს სერიალები უჩვენეს.

20 აგვისტოს ღამის შემდეგ ტელეკომპანიის ვებსაიტზე არც ახალი ამბები განახლებულა.

ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი, გავა თუ არა ეთერში "კურიერის" 12-საათიანი და მომდევნო გამოშვებები.

როგორც რადიო თავისუფლებას "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ეუბნება, საინფორმაციო გამოშვების ეთერში არგასვლის მიზეზად ის სახელდება, რომ ჟურნალისტებს არ აქვთ სიტყვის თავისუფლების გარანტია.

20 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიიდან დაითხოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი და ტელეწამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.

საკუთარი სურვილით ტელეკომპანია დატოვეს საღამოს ცხრასაათიანი "კურიერის" წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო პროგრამა შეწყდა.

„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში.

სტივენ ბიგანმა უარი თქვა რუსეთში აშშ-ის ელჩობაზე

სტივენ ბიგანი

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სტივენ ბიგანმა განაცხადა, რომ არ დაიკავებს რუსეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბიგანმა უარი იმით ახსნა, რომ სურს მთელი ძალისხმევა მიმართოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების პროცესში პროგრესის მიღწევისკენ.

სტივენ ბიგანმა, რომელიც სეულში იმყოფება სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მიზნით, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ფხენიანთან მოლაპარაკებას გააგრძელებს, როგორც კი ჩრდილოეთ კორეა ამისთვის მზად იქნება.

ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთში ელჩის თანამდებობაზე სტივენ ბიგანის კანდიდატურას განიხილავდა, აგვისტოს შუა რიცხვებში გავრცელდა.

რუსეთში შეერთებული შტატების ამჟამინდელი ელჩი ჯონ ჰანსტმენი თანამდებობას 3 ოქტომბერს ტოვებს.

ედგარს რინკევიჩსი: გუგუტიანთკარში უკანონო მოქმედება უნდა შეწყდეს

ედგარს რინკევიჩსი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა მხარი დაუჭირა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რუსეთის მხარდაჭერილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლების შესახებ.

„ეს კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ - წერს ტვიტერზე ედგარს რინკევიჩსი და დასძენს, რომ უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის მცხოვრებთა ორი სახლი, მიწის ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სარწყავი არხი.

რუსულმა მედიამ აქტიურად გააშუქა "რუსთავი 2"-დან გიორგი გაბუნიას გაშვება

ათეულობით რუსული მედიასაშუალება გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას მიერ 20 აგვისტოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სამსახურიდან ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას გათავისუფლების შესახებ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების, ინტერნეტ-გამოცემების და ტელეარხების მიერ გავრცელებული ცნობების უმრავლესობა იწყება იმით, რომ „რუსთავი 2“-იდან დაითხოვეს წამყვანი, რომელმაც 7 ივლისს, პირდაპირ ეთერში პუტინს აგინა, ან იმით, რომ გაბუნიამ უარი თქვა პუტინისთვის ბოდიში მოეხადა.

სამსახურიდან გიორგი გაბუნიას გათავისუფლებას თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოეხმაურა რუსეთის პირველი არხის წამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც გიორგი გაბუნიას მიერ გამოყენებულ ლექსიკას მიუღებელს უწოდებს, საქციელს კი, ამორალურს. „ამ ტელეწამყვანს ჩემთან რომ ემუშავა, იმ აღმაშფოთებელი სიტყვების გამო დაუყოვნებლივ დავითხოვდი და არა თითქმის ორი თვის შემდეგ“ - წერს პოზნერი.

ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება იმის გარკვევასაც ცდილობს შეუწყობს, თუ არა ხელს „რუსთავი 2“-დან გიორგი გაბუნიას გაშვება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენას. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი ანდრეი მედვედევი წერს, რომ ზოგიერთ კოლეგას გარკვეულ სიხარულს ამჩნევს გიორგი გაბუნიას გათავისუფლების გამო და ვარაუდებსაც ისმენს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დალაგდება, რაც მედვედევის თქმით, ძალიან უცნაურად ჟღერს.

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დმიტრი ნოვიკოვი ახალი ამბების ფედერალურ სააგენტოს ეუბნება, რომ რუსეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა ბევრმა ადამიანმა ეს შესაძლოა, გარკვეულ პოზიტიურ სიგნალად აღიქვას, მაგრამ მოჰყვება, თუ არა ამას რეალიზაცია უცნობია. ნოვიკოვის განცხადებით, შეუძლებელია საქართველოს მმართველი ელიტის განწყობას პრორუსული უწოდო, თუმცა, საქართველოს წარმომადგენლები საღად აზროვნებენ საიმისოდ, რომ რუსეთთან კონფრონტაცია არ გამწვავდეს.

ბახტაძემ სოფელ ახალუბანში მოინახულა ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვებს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, ბახტაძემ ახალუბანში გერკეულების ოჯახს სტუმრობდა, სადაც მოინახულა ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა.

პრემიერთან ერთად სოფელში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი.

სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი 17 აგვისტოს გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.

პრესსამსახური ავრცელებს, გუგუტიანთკარში მამუკა ბახტაძის ჩასვლის შესახებ ცნობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ გუგუტიანთკარში გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობდა - იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

„მნიშნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ“, - ვკითხულობთ პრესრელიზში ციტირებულ ბახტაძის სიტყვებს.

პრესსამსახურის ცნობით, გუგუტიანთკარში მცხოვრებმა გოჩა მარღიშვილმა პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ინფრასტრუქტურული პროექტებზე მუშაობა.

„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.

მთავრობის პრესსამსახურისგან გუგუთიანთკარში ბახტაძის ჩასვლის შესახებ ცნობა 01:27 საათზე მივიღეთ.

მანამდე კი რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბახტაძე სოფელში დაახლოებით 21:30-ზე ჩავიდა და, სავარაუდოდ, იქ 30 წუთი დაჰყო.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს მელაძის, კვესიტაძის და გაბუნიას გათავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.

„გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, ჟურნალისტთა გათავისუფლება მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, ამასთან, გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაპირების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი კონტრაქტები უწყდებათ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და წამყვანი ტოკშოუების ჟურნალისტებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას.

რაც შეეხებათ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მათი გაშვების საფუძვლებს დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს, შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლის გამოსარიცხად.

პროკურატურამ მოითხოვა ხაზარაძის და ჯაფარიძის 16 664 000 დოლარის ეკვივალენტი ქონების დაყადაღება

გენერალურმა პროკურატურამ რადიო თავისუფლებას წერილობით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ქონების დაყადაღებას.

„პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის, 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით. ამჟამად მიმდინარეობს განჩინების აღსრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები“, - განმარტავს პრესსამსახური.

საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, ყადაღა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს.

პროკურატურა მათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში სდებს ბრალს.

TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 20 აგვისტოს Facebook-ზე დაწერა, რომ მას და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს.

გიორგი გაბუნია: არ ვაპირებ, ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პუტინის გინების შემდეგ საჯაროდ პირველად ილაპარაკა.

რუსთაველის გამზირზე, სადისკუსიო ფორმატში გაბუნიამ აღნიშნა, რომ სურდა, მაყურებლისთვის „რუსთავი 2“-ის ეთერით მიემართა, მაგრამ ის დღეს გაათავისუფლეს.

„რა მოხდა იქ, როდესაც პუტინი ვახსენე ცოტა სხვანაირად. რეალურად ეს იყო იმის გაგრძელება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. მოწმენდილ ცაზე ამას არ გავაკეთებდი. ბევრჯერ მკითხეს, მიმაჩნია, თუ არა, რომ ეს შეცდომა იყო და ბოდიში უნდა მოვიხადო? არა! არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო“, - თქვა გიორგი გაბუნიამ.

როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ხშირად ელაპარაკებიან იმის შესახებ, რომ მან მშობლების საფლავი ახსენა.

„მესმის, რომ ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ მომენტში მახსენდება ის საფლავები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა შეგნებულად შეურაცხყვეს. შეგნებულად მიჰყავდათ ანწუხელიძე და სადღაც კი არ მოკლეს, არამედ საფლავებზე დააკლეს. რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფაა, ის, რაც გააკეთეს რუსებმა ქართველების საფლავებზე თუ ის, რაც გავაკეთე მე, ერთმა ჟურნალისტმა ეთერით. მე არ ვნანობ, რაც გავაკეთე, სწორედ, იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც ამას მოჰყვა“, - აღნიშნავს გაბუნია.

7 ივლისს გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

მომდევნო დღეს „რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას 2 თვით შეუჩერა უფლებამოსილება.

ადგილობრივი მცხოვრების ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბახტაძე ჩავიდა გუგუტიანთკარში

გუგუტიანთკარში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ჩასვლის შესახებ ცნობა რადიო თავისუფლების კორრსპონდენტს ადგილობრივმა მცოვრებმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ბახტაძე სოფელში დაახლოებით 21:30-ზე შევიდა და, სავარაუდოდ, იქ 30 წუთი დაჰყო.

როგორც ადგლობრივები ამბობენ, ბახტაძე გუგუთიანთკარში ჟურნალსიტების გარეშე იმყოფებოდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩვენ შევხვდებით "მთავარ არხზე"

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის საზაფხულო ფორმატში, გადაცემა „სირცხვილია“-ში, დღეს სტუმრად იყვნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტები, რომლებსაც კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ მათი დათხოვნის შესახებ გამოუცხადა.

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ მისი გათავისუფლების არგუმენტად დაასახელა ტელეკომპანიის მფლობელთან, „ქიბარ ხალვაშთან ჟორჟოლიანის უარყოფითი დამოკიდებულება“. ჟორჟოლიანის თქმით, ტელეკომპანიაში „დავა იყო სარედაქციო პოლიტიკაზე და არა ორ სუბიექტს შორის“. „თქვენ ხართ ცენზორი და ჩაახშეთ თავისუფალი სიტყვა ‘რუსთავი 2-ზე’“, მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა ‘რუსთავი 2’-ის ახალ ხელმძღვანელს.

დასასრულ ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაცხადა, რომ ის მუშაობას გააგრძელებს ნიკა გვარამიასთან, რომლისგანაც შემოთავაზება მიიღო. „ჩვენ შევხვდებით ‘მთავარ არხზე,’“ თქვა მან.

არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ „რუსთავი2“-ის მფლობელის გადაწყვეტილებას

უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს, - ნათქვამია სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც შეეხება სამაუწყებლო კომპანიია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას, სამსახურიდან დათხოვოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ხოლო ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიას და გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილს შვებულებიდან დაბრუნებისთანავე დაატოვებინებს თანამდებობებს.

„დღეს არხის დირექტორმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას აუწყა, რომ გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილსა და ნოდარ მელაძესთან აპირებს სამართლებრივ დავას სარეკლამო კომპანია „ინტერმედია პლუსთან“ 2015 წელს დადებული „თვალთმაქცური გარიგებების“ გამო, საიდანაც მათ თითქოს ფინანსური სარგებელი მიიღეს. მისი განცხადებით, სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული მათი გათავისუფლება, რადგან მას ვერ წარმოუდგენია, ედავოს ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიაში წამყვან თანამდებობებზე არიან დასაქმებულები. ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების მიზეზად მის მიერ კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება დასახელდა. ეკა კვესიტაძის გათავისუფლების საფუძველი, კი სხვა არხის დაფუძნებაში მონაწილეობა აღმოჩნდა.

საყურადღებოდ მიგვაჩნია ნოდარ მელაძის მიერ გაკეთებული განაცხადება, რომლის მიხედვითაც ორი კვირის წინ შუამავლის მეშვეობით გადმოსცეს ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, სადაც ითხოვდნენ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაში დახმარების აღმოჩენას. მელაძე გათავისუფლებას სწორედ ამ მოთხოვნაზე მის უარს უკავშირებს. ნანუკა ჟორჟოლიანისთვისგათავისუფლების შესახებ სალიას განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან მისი თქმით, წინა დღეს მასთან მომავალი სეზონისგეგმებს განიხილავდა. ჟურნალისტი არხის დირექტორის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ცნობილია, რომ ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არხის ახალ მენეჯმენტს მათი კუთვნილი ხელფასიც არ გადაუხდიათ, რაც მათზე არაპირდაპირი ზეწოლის მცდელობადაც შეიძლება ჩაითვალოს.

ადგილობირივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს „რუსთავი 2-ის“ ახალ მენეჯმენტს, რომ არ ჩარეულიყო არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში. თავის მხრივ, მენეჯმენტმაც გასცა ასეთი დაპირებები.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში ახალმა მენეჯმენტმა დაუსაბუთებელი გადაწყვეილება მიიღო არხის საინფორმაციო უფროსის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული საგამოძიებო გადაცემის წამყვანის ნოდარ მელაძის, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას, არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. არხიდან გაათავისუფლეს ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გასართობი გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც.

ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი გამუდმებით მიუთითებდა არხზე არსებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რითიც, კომპანიისთვის და ჟურნალისტებისთვის არამდგრად გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. მეორე მხრივ კი ქართულ ტელესივრცეში გამორჩეულად მაღალი რეიტინგის მქონე ტელეწამყვანები გაათავისუფლა სამსახურიდან. ეს ყველაფერი აღრმავებს ეჭვებს ამ გადაწყვეტილებების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. ასევე, ბოლო პერიოდში არხის მიერ არსებული პოლიტიკური ვითარების კრიტიკულად გაშუქება, როგორც ჩანს, დამატებითი საფუძველი გახდა „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტისთვის აღნიშნული ფორსირებული გადაწყვეტილების მისაღებად.“

სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ “რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა“. რაც მათი შეფასებით „ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე“.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

მწვანე ალტერნატივა

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი „რუსთავი 2“-ს ტოვებენ

„13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი - ეთერშია კურიერი 9 საათზე“, - ამ სიტყვებით გახსნა საინფორმაციო გამოშვება დიანა ჯოჯუამ და განაცხადა, რომ ის ტოვებს „რუსთავი 2“-ს. სამაუწყებლო კომპანიიდან მიდის აგრეთვე „კურიერის“ წამყვანი მიხეილ სესიაშვილი.

ჯოჯუამ არხიდან წასვლის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ მიიღო.

„მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას. კურიერის სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის ასევე იყო ნოდარ მელაძე. ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემთვის მასთან მუშაობის 2 წლის განმავლობაში მივხვდი, რა არის პროფესიონალიზმი და თავისუფლება. „რუსთავი 2“ არ არის ლოგო ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ ერთ-ერთ თავის ბოლო ეთერში თქვა, თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი ადამიანებია, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში, შეინარჩუნებს თავისუფლებას. მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა“, - ამბობს დიანა ჯოჯუა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG