Accessibility links

ახალი ამბები

საუდის არაბეთი შეუერთდა აშშ-ის ხელმძღვანელობით პატრულირებას, პომპეო რიადში ჩადის

საუდის არაბეთმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეუერთდა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, რათა პატრულირება განხორციელდეს სპარსეთის ყურის წყლებში, იმ ფონზე, როცა რეგიონში იზრდება დაძაბულობა საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობაზე მიტანილი იერიშის შემდეგ. ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ თავდასხმა იყო რიადის გაფრთხილება, რათა მან შეწყვიტოს ინტერვენცია იემენში.

საუდის არაბეთის გადაწყვეტილება, შეერთებოდა საერთაშორისო პატრულირებას, წინ უსწრებს სამეფოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს. ვაშინგტონი ირანს ადანაშაულებს თავდასხმაში, საუდის არაბეთი კი უკვე აცხადებს, რომ იერიშისას "ირანული შეიარაღება" იყო გამოყენებული. ირანი უარყოფს მონაწილეობას საჰაერო თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრეს ირანის მიერ მხარდაჭერილმა, იემენელმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა - რომლებიც აცხადებენ, რომ იერიშისას საფრენი აპარატები იყო გამოყენებული.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 18 სექტემბერს თქვა, რომ ჰუთიტებმა საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტი მიზანში ამოიღეს როგორც "გაფრთხილება", რომ იემენში ინტერვენციას შესაძლია უფრო ფართომასშტაბიანი ომი მოჰყვეს. "იემენელებს... არ დაურტყამთ საავადმყოფოზე, სკოლაზე... მათ ინდუსტრიული ცენტრი ამოიღეს მიზანში... რათა გაეფრთხილებინეთ", - თქვა როჰანიმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ.

პომპეო 18 სექტემბერს შეხვედრას გამართავს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამად ბინ სალმანთან, რათა "განხილულ იქნას სამეფოს ნავთობის ობიექტებზე ბოლო დროს მიტანილი იერიშები და კოორდინირება გაეწიოს ძალისხმევას რეგიონში ირანის აგრესიის მოსაგერიებლად".

რომან გოცირიძე პატიმართა შეწყალებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტების გამოძიება.

„აშკარად ჩანს კორუფციის ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუკი ეს დადასტურდა, პრეზიდენტს მოუწევს წასვლა იმპიჩმენტის წესით“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმს, გოცირიძის შეფასებით, მორატორიუმი ვერ უშველის გაფუჭებულ საქმეს და სალომე ზურაბიშვილის რეპუტაციას და უმჯობესია, თუკი ის გადადგება.

რომან გოცირიძის თქმით, თავისთავად მორატორიუმი ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებაზე.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

კალაძე: ხალხს უნდა ვკითხოთ, გავაგრძელოთ თუ არა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

„იყო აზრთა სხვადასხვაობა, გავაგრძელოთ წელსვე ეს პროექტი და მივიყვანოთ მთლიანი სამუშაოები ბოლომდე, ვაკის პარკამდე თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე. იქ გავაჩეროთ სამუშაოები, მოვაწესრიგოთ ყველაფერი და გაზაფხულზე განვაახლოთ“, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. პირადად იგი სამუშაოების გაგრძელების მომხრეა, თუმცა ფიქრობს, რომ მერიას საზოგადოების აზრის გათვალისწინება მოუწევს:

„მგონია, რომ რადგან ჩვენ დავიწყეთ ეს სამუშაოები, ჯობია ბოლომდე მივიყვანოთ, გაგრძელდეს სამუშაოები. საკმაოდ დიდი ტემპია, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ჯობია, რომ ეხლავე, ზამთრის პერიოდში მოხდეს ყველა ამ სამუშაოების ჩატარება, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება იმიტომ, რომ გაზაფხულზე ისევ მტვერი, ჭუჭყი და ტალახი არ იყოს. ამიტომ მგონია, რომ ალბათ უნდა გავაგრძელოთ სამუშაოები, თუმცა მე მინდა მაინც ვკითხო მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ვაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს აღნიშნულ თემაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაავალა. ამას გარდა, განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, რას ფიქრობენ ადამიანები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ფრთხილად, ჭავჭავაძეზე „ხაფანგებია“
please wait

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00

ვანო ზარდიაშვილი: მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს"

პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილი

მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების გამო პრეზიდენტთან შეკითხვები აქვთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“.

„არსებობს კითხვები და, ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო, ეგრეთ წოდებულად გაუჩალიჩა, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. თუ არა, უნდა გაკეთდეს განმარტებები, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს ეგრეთ წოდებულად გაუჩალიჩეს“, - უთხრა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა.

მისი შეფასებით, ზოგადად, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებამ საქართველოში მახინჯი ფორმა მიიღო.

„წინა პრეზიდენტების პირობებში გავიხსენებ მარგველაშვილის მიერ ქორიძის შეწყალებას, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო მსჯავრდებული. ასევე, გავიხსენებ სააკაშვილის მიერ ეკა ბესელიას ძებნილი შვილის შეწყალებას, ესეც უპრეცედენტო შეწყალება იყო და ასევე, ახლა ქალბატონი სალომეს შეწყალებებიც“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი დადებითია ის, რომ ყველა ერთად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, მზადყოფნას გამოხატავს, რომ დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა და „ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული“.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

სისხლიანი თავდასხმების შემდეგ, თალიბანი "მზადაა" აშშ-თან მოლაპარაკების განახლებისთვის

თალიბანის მთავარი მომლაპარაკებელი ამბობს, რომ "კარი ღიაა" აშშ-თან მოლაპარაკების აღსადგენად. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე მომხდარ ორ თავდასხმას, რომელზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა, ავღანეთში სულ მცირე 48 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც უნდა დასრულებულიყო შეთანხმებით ავღანეთიდან ათასობით ამერიკელი სამხედროს გამოყვანის შესახებ, გასულ კვირაში ჩაიშალა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკების შეწყვეტის მიზეზად დაასახელა თავდასხმა, რომელსაც ამერიკელი სამხედრო შეეწირა. მოლაპარაკებაში არ მონაწილეობდა ავღანეთის მთავრობა.

თალიბანის წარმომადგენელმა, შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ ბიბისის უთხრა, მეამბოხეებს არასწორი არაფერი გაუკეთებიათ მოლაპარაკების პერიოდში ბრძოლის გაგრძელებითო. მისი თქმით, მოლაპარაკების დროს ამერიკელებმა ასევე აღიარეს თალიბანის ათასობით წევრის დახოცვა. ვრცელდება მისი სიტყვები - "ჩვენი მხრიდან, კარი ღიაა მოლაპარაკებისთვის".

17 სექტემბერს ავღანეთის ცენტრალირ პროვინცა პარვანში, პრეზიდენტ აშრაფ ღანის მხარდასაჭერ აქციაზე თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 26 ადამიანი, კიდევ 22 ადამიანი დაიღუპა დაახლოებით ერთ საათში ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმები, რომლებიც ავღანეთში მოხდა მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ. დაჭრილია ათასობით ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმებლობა თალიბანმა იკისრა.

პომპეო საუდის არაბეთში გაემგზავრა, აშშ განიხილავს პასუხს ნავთობზე თავდასხმაზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ აშშ-ის არმია "მზად არის დაიცვას" ქვეყნის მოკავშირეთა ინტერესები, და ასევე ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საუდის არაბეთში მიემგზავრება, რათა "განიხილოს ჩვენი პასუხი" შაბათ-კვირას საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე მიტანილ იერიშზეო.

17 სექტემბერს, ანალიტიკურ ცენტრ Heritage Foundation-ში გამოსვლისას, პენსმა თქვა, აშშ განიხილავს მტკიცებულებებს, რომლებიც მიანიშნებს, რომ თავდასხმის უკან ირანი იდგა. პენსის თქმით, აშშ მოკავშირეებთან კონსულტაციებს აწარმოებს, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს "მოქმედების საუკეთესო გზას მომავალ დღეებში".

მედიაში ვრცელდება აშშ-ის ანონიმურად დატოვებული სამი ოფიციალური პირის სიტყვები, რომ 14 სექტემბერს საუდის ნავთობის ობიექტზე მიტანილი იერიში ირანის სამხრეთდასავლეთიდან მოდიოდა და მოიცავდა რაკეტებსაც და საფრენ აპარატებსაც. ირანი უარყოფს როლს საჰაერო თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრეს ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა - ისინი ამბობენ, რომ თავდასხმაში საჰაერო აპარატები იყო გამოყენებული.

11-წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ და ბელორუსია ელჩებს გაცვლიან

აშშ და ბელორუსია გეგმავენ ელჩების გაცვლას, თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, იმ ფონზე, როცა ძლიერდება შეშფოთება რუსეთის საგარეო პოლიტიკური განაცხადების თაობაზე.

"მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ მზად ვართ ელჩების გასაცვლელად, რაც იქნება ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი" - თქვა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დავიდ ჰეილმა 17 სექტემბერს, მინსკში, ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისრტთან, ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრის შემდეგ. მანამდე ჰეილი შეხვდა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას, რომელიც ბელორუსიას საუკუნის მეოთხედია მართავს.

ბოლო წლებში გახშირდა შეხვედრები ვაშინგტონის და მინსკის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის. გასულ თვეში ბელორუსიას ეწვია იმ დროს უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში თეთრი სახლის მაღალჩინოსნის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.

ოთარ კახიძე: რა შუაშია მორატორიუმი?

პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხზე.

“რა მორატორიუმზეა საუბარი, როცა პრეზიდენტმა არ აუხსნა საზოგადოებას რა ნიშნით გამოარჩია ის მსჯავრდებულები, რომლებიც გაათავისუფლა. რა კომუნიკაცია და ვისთან არსებობდა, პასუხები არ უნდა გასცეს?! აბრალებს რაღაც პროცედურებს. მორატორიუმი რა შუაშია? საზოგადოების უფლებაა გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და შემოწმდეს, ხომ არ აქვთ შეწყალებულ პირებს, მათი ოჯახის წევრებს და ადვოკატებს რაიმე კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

„უნდა დადგინდეს ვინ მიიტანა ეს გვარები, რა ნიშნით შეირჩა, ხომ არ იყო ნეპოტისტური კავშირი, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები. თუ დაფიქსირდა დანაშაულის ნიშნები პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალებაზე: „მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი"

სალომე ზურაბიშვილი

„შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის გამართლება ვინმესი. ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი. ეს არ არის რაღაცა მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება, ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ.

ეს არის შეფასება გარემოებების, შეფასება იმ მოცემულობის და შეფასება კიდევ ერთხელ ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, მაგრამ ადამიანის მიერ და რაც არც გამორიცხავს შეცდომას, არც გამორიცხავს, რო სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმავე გარემოებების“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, უნდა დამთავრდეს სპეკულაციები იმაზე, ვინ ახდენს ზეგავლენას შეწყალების პროცესზე; „მე მივიციღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 18 სექტემბერს მან მიიღო მიიღო გადაწყვეტილება შეწყალების პროცესზე მორატორიუმის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

საქართველოს პრეზიდენტი პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

სალომე ზურაბიშვილი

გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. „მერე ვნახოთ, როგორ იქნება. წესები შემუშავდება და ან ჩემ დროს, ან შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორ იქნება შეწყალება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

აქტივისტებმა პრეზიდენტის შეწყალების პოლიტიკა გააპროტესტეს

საპროტესტო აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან

სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გააპროტესტეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ.

შავ ტანსაცმელში ჩაცმულ თეთრნიღბიან აქტივისტებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „სერიული შემწყალებელი“, „შეიწყალებ გავრილოვის პატიმრებს?“

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 მსჯავრდებული. მალევე ცნობილი გახდა, რომ მათ შორისაა 2014 წელს, ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული.

16 სექტემბერს გაირკვა, რომ შეწყალებულია 2004 წელს, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის 2018 წელს მსჯავრდებული პირიც.

ნათია თურნავა ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია და საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რაც აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის.

თურნავამ და ალიევმა ილაპარაკეს საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობასა და საერთაშორისო დონეზე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებისთვის ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაზე.

აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით.

"კოკა-კოლას" თბილისის ოფისის თანამშრომელი დააკავეს სეიფიდან 133 000 ლარის მოპარვის ბრალდებით

პოლიციამ თბილისში დაააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ოფისიდან დიდი ოდენობით თანხის მოპარვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1981 წელს დაბადებული მ.ტ, რომელიც ამავე კომპანიის თანამშრომელია.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახის სეიფიდან მოიპარა 133 000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღეს“.

გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟირინოვსკი ბელარუსს და უკრაინას რუსეთთან შეერთების შემთხვევაში აყვავებას პირდება

რუსეთის დუმის დეპუტატი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ბელარუსი და უკრაინა აყვავდებიან, თუ რუსეთს შეუერთდებიან.

ჟირინოვსკიმ სოციალურ ქსელში, თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეუძლია ისტორიული ნაბიჯი გადადგას და ბელარუსი რუსეთს შეუერთოს. ჟირინოვსკის განცხადებით, ხალხს უნდა მისცენ თავისუფალი გადაადგილება და ერთიანი რუბლი, რომელიც ევროზე ძლიერი იქნება.

ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი წერს, რომ ეს ეხება უკრაინასაც, რადგან „ისტორიულად რუსეთი შედგებოდა ველიკოროსიისა და მალოროსიისგან.“

„ადამიანების თავისუფლება არავინ უნდა შეზღუდოს, სადაც უნდათ ბელარუსულ ენაზე ილაპარაკონ, უნდათ უკრაინულად. უნდა შენარჩუნდეს ეროვნული გაზეთები, თეატრები და სკოლები, მაგრამ მაინც მოხერხებული იქნება საერთო ენის გამოყენება. კარგად მახსოვს საბჭოთა დრო, როცა ბევრი ეროვნებით არარუსი სიამოვნებით ლაპარაკობდა რუსულად. მაგალითად, ხშირად ვიყავი აფხაზეთში. იქ ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, რუსები, ესტონელები და სომხები და ერთმანეთში ყველა რუსულად ლაპარაკობს. აბა, ხუთ-ხუთ ენას ხომ არ ისწავლიან? ეროვნების მითითება კი, საერთოდ არ არის საჭირო. ჩვენ უბრალოდ, ერთი ქვეყნის მოქალაქეები უნდა ვიყოთ“ - აცხადებს ჟირინოვსკი.

ესპანეთში ბოლო ოთხ წელიწადში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 10 ნოემბერს ჩატარდება. ამის შესახებ განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოციალისტმა პედრო სანჩესმა. მან ოპოზიციას დააკისრა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო საპარლამენტო კოალიციის შექმნა.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი უშედეგო მოლაპარაკება. 17 სექტემბერს, საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსემ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ პრემიერ-მინისტრობის არცერთ პოტენციურ კანდიდატს არ დაასახელებს.

2019 წლის აპრილში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო ესპანეთის სოციალისტურმა პარტიამ, თუმცა, ვერ მოიპოვა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა. სოციალისტების მოკავშირედ მოიაზრებოდა მემარცხენე პოპულისტების პარტია „პოდემოსი“, თუმცა, მათ შეთანხმება ვერ შეძლეს.

10 ნოემბერს დანიშნული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბოლო ოთხ წელიწადში მეოთხეა.

წულუკიანი: ერთი შეწყალებული ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „პირველი არხის“ ეთერში აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტებს.

„შეწყალების უფლება ვერ იქნება ულიმიტო და უსაზღვრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ ისეთ სამწუხარო შედეგებამდე, როგორც მივედით მარიამობის შეწყალებამდე, როდესაც მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იქნა შეწყალებული. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს 2019 წელს, არ ვცხოვრობთ ასლან აბაშიძის ბათუმში, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს პატიმარი და იუსტიციის სამინისტრომ (როგორც მაშინ ასანიძის შემთხვევაშ მოხდა) არ გაუღოს ციხის კარი. როდესაც ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის შეწყალების აქტს, რა თქმა უნდა, ვაღებთ ციხის კარს", - განმარტავს თეა წულუკიანი.

წულუკიანი უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებამდე იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაიარა. მინისტრი აქვე ჰყვება პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგებს.

„მოლოდინი მე პირადად მქონდა, რომ აღდგომის და ახალი წლის შეწყალების მსგავსად, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა აზრს: ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს, მაგალითად, სახლში? ნამდვილად ავად არის? ეს ჩვენ წინა ორი შეწყალებისას შეგვიმოწმებია და გვითქვამს, რომ არა, არ იტყუება, ნამდვილად მცირეწლოვანი ბავშვები ელოდებიან ამ პატიმარ ქალს სახლში. ამ შემთხვევაში ამგვარი კონტაქტიც არ შემდგარა მარიამობის შეწყალებაზე. ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტისგან ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი", - ამბობს წულუკიანი.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

„მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

იუწყებიან, რომ საქართველო გეგმავს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქის რუსეთში ექსტრადიციას

რუსეთის ეთნიკურად ჩეჩენ მოქალაქეს, რამზან ახიადოვს, რომელიც 2017 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, რუსეთში ექსტრადიციას უპირებენ. ინტერნეტგამოშვება "ნეტგაზეთი" ავრცელებს მისი ადვოკატის, ალექსანდრე თათელიშვილის სიტყვებს - რომ რუსეთის ფედერაცია მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს, თავად ახიადოვი კი ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს. ახიადოვი თვლის, რომ რუსეთში მას არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და ვერც სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლებს.

"ნეტგაზეთი" იუწყება, რომ მას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს ექსტრადიციის შესახებ ბრძანების არსებობა. ახიადოვის ადვოკატის თანახმად, საექსტრადაციო პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა 20 სექტემბერს იწურება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად რუსთავის ერთ-ერთ საპატიმროში იმყოფება.

"ამერიკის ხმა" "იმედის" მიერ კომენტარის არასწორ კონტექსტში წარმოჩენას "ღრმად შემაშფოთებელს" უწოდებს

"ამერიკის ხმის" ხელმძღვანელობა განცხადებას აქვეყნებს კვირას, 15 სექტემბერს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" გასულ სიუჟეტზე, რომელშიც "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის, ჯიმ მალონის კომენტარი გავიდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამერიკის ხმის" გამოცდილ ჟურნალისტს ჯიმ მალონს ქართულმა ტელეკომპანია „იმედმა“ ინტერვიუ სთხოვა შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაუბროდ. 13 სექტემბერს, მან ტელეკომპანიას მისცა ეს ვიდეო ინტერვიუ.

ინტერვიუს განმავლობაში "იმედის" ჟურნალისტმა მალონს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დაუწყო შეკითხვების დასმა, რაც მალონისთვის მოულოდნელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მისი საქმიანობის მთავარი ნაწილი ამერიკის შიდა პოლიტიკას უკავშირდება.

"ინტერვიუს მიმდინარეობისას, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა დაიწყო შეკითხვების დასმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ და მას კომენტარი სთხოვა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკის მწარმოებლის გავლენაზე ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ პროცესზე. შეკითხვების ეს ხაზი ინტერვიუს თავდაპირველ თემას სრულიად სცდებოდა და ბატონმა მალონმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების სახელები მას იმ წუთას და ამერიკის არჩევნების კონტექსტში არ ეცნობოდა და რომ არ სურდა მათზე კომენტარის გაკეთება."

ჯიმ მალონი "ამერიკის ხმაში" წლების მანძილზე შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, კონგრესში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აშუქებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება არ არის.

"ბატონი მალონე „ამერიკის ხმის“ გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული „ამერიკის ხმის“ საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია.

აფხაზეთიდან დევნილები სამინისტროს მოსაცდელში იმყოფებიან და მოითხოვენ მინისტრთან შეხვედრას

აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობაში ბავშვებთან ერთად არის და მინისტრთან შეხვედრამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

აფხაზეთიდან დევნილები იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსაცდელში.

დევნილები მთავრობისგან ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობაში ბავშვებთან ერთად არის და მინისტრ ეკა ტიკარაძესთან შეხვედრამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. მათი თქმით, მინისტრის მოადგილეებთან ან სხვა პირებთან შეხვედრები არაფრის მომტანია.

„პიკს მიაღწია ჩვენმა გამძლეობამაც“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აფხაზეთიდან დევნილმა, ჯონი კოკაიამ. ის გვიყვება, რომ სამინისტროს შენობაში ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებსაც 26 წლის განმავლობაში პროტესტი საჯაროდ არ გამოუთქვამთ.

„ნახევარი წლის განმავლობაში ყველა ინსტანციაში ვიყავით, ვისაც კი ხელეწიფებოდა ჩვენი დახმარება. ძირითადად, გვატყუებდნენ, ან აბუჩად გვიგდებდნენ“, - ამბობს ჯონი კოკაია.

ჯანდაცვის სამინისტროსთან მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია გვეუბნება, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოსგან თავშესაფარს 27 წლის განმავლობაში ელოდებიან.

შენგელია დევნილების კონკრეტულ ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პროცესს აღწერს.

„ამ ადამიანებთან ერთად მრავალმხრივი ურთიერთობა გვქონდა სამინისტროსთან. თითოეული მათგანის საქმე გავლილია. სამინისტრო აღიარებს, რომ ამ ადამიანებს ეკუთვნით ბინით დაკმაყოფილება და გვერდით დგომა. ახალი მინისტრი შეგვპირდა, რომ მათი პრობლემების შესახებ სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა. ეს ჯგუფი შეიქმნა, რეალურად ძვრაც იყო. სამინისტროს პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზა შევთავაზეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მინისტრი ვეღარ დაესწრო შემდეგ შეხვედრას. მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილეებმა და დეპარტამენტის უფროსმა კი ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ ეს შეხვედრა ჩაშლილიყო", - თქვა ბესო შენგელიამ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, დღეს მოხდა ისე, რომ ამ დევნილებს არსად წასასვლელი არ აქვთ.

შენგელია კანონის დარღვევის შესახებაც მიუთითებს.

„ქვეყანას აქვს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ". ამ კანონის მუხლები ძირეულად ირღვევა - მასში წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იძულებით გადაადგილებულად ყოფნის პერიოდში დევნილი თავშესაფრით უზრუნველყოს", - ამბობს ბესო შენგელია.

ფოთის პორტში ვერ შევიდა ამერიკული ხომალდი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გამოეხმაურა მანამდე გავრცელებულ ცნობებს, რომ ფოთის პორტში შესვლა ვერ შესძლო ამერიკულმა ხომალდმა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ პორტი კომერციულ გემს ჰქონდა დაკავებული.

“გემის არშეშვება არ ყოფილა. ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა” – ნათქვამია ელიზაბეტ რუდის განცხადებაში, რომელიც მედიას საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოაწოდა.

მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობებით, ფოთის პორტში შესვლის საშუალება არ მიეცა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდს “USNS Yuma T-EPF-8”. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, ხომალდი შავ ზღვაში მიმდინარე თვეში შემოვიდა და ის ფოთის პორტს უნდა მიეღო, თუმცა ხომალდი უკან გაბრუნდა.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავ ზღვაში შესვლის თაობაზე ცნობა თავდაპირველად გაავრცელა Bosphorus Observer-მა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის მართვის ცენტრის ცნობას, რომ ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა 14 სექტემბერს, საღამოს, და მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აედევნენ.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, USNS Yuma განეკუთვნება Spearhead-ის ტიპის მრავალფუნქციურ ხომალდს, წელს ის მესამედ შევიდა შავი ზღვის აკვატორიაში, შესვლის მიზნები უცნობია.

სახალხო დამცველი: შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებამ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ ის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას.

„შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას - იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს.

საქართველოს სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრები ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების საკითხის განმხილველი კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს შეწყალების პროცედურას და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით იმოქმედებს.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

„მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

მაიკ პენსი: აშშ სწავლობს საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმის გარემოებებს

ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ი სწავლობს მასალებს საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ თავდასხმებთან ირანის კავშირის შესახებ და მზად არის დაიცვას საკუთარი და მოკავშირეების ინტერესები ახლო აღმოსავლეთში.

„ჩვენ ვაფასებთ ყველა მტკიცებულებას, კონსულტაციებს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან. ხოლო პრეზიდენტი უახლოეს დღეებში განსაზღვრავს მოქმედების ოპტიმალურ კურსს“, - აღნიშნა პენსმა, ანალიტიკური ცენტრ „ჰერიტიჯ ფაუნდაიშენში“ გამოსვლის დროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის გასცეს პასუხი ამ თავდასხმას, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ არ სურს ომი.

ვიცე-პრეზიდენტ პენსის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პოპმეო მიდის საუდის არაბეთში, რათა განიხილოს რეაქცია მომხდარ თავდასხმაზე.

„აშშ ყველა საჭირო ზომას მიმართავს თავისი ქვეყნის, ჩვენი შეიარაღებული ძალების და სპარსეთის ყურეში ჩვენი მოკავშირეების დასაცავად. ამის იმედი გქონდეთ“, - აღნიშნა პენსმა.

თუ ირანმა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში განახორციელა იმის იმედით, რომ აიძულებს ტრამპს შეარბილოს სანქციები, მაშინ ეს სტრატეგია უშედეგოა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

შაბათს, ნავთობგადამამუშავებელ კომპანია „არამკოს“ (Aramco) ორ ქარხანაზე ჯერ კიდევ გათენებამდე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, დღე-ღამეში 5 მილიონი ბარელით შემცირდა ნავთობის მოპოვება.

საუდის არაბეთის ნავთობმომპოვებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლობა აიღეს იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა, ჰუთიტმა მეამბოხეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ იერიშში მონაწილეობდა 10 უპილოტო აპარატი. მაგრამ მსოფლიო მედიაში გაჩნდა აზრი, რომ თავდასხმა ირანის ან პროირანული ძალების მიერ იყო ორგანიზებული.

18 სექტემბერს ბრიფინგს გამართავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია 18 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს, - იტყობინება „ინტერპრესნიუსი". წინასწარ უცნობია ბრიფინგის თემა.

„მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

ნადირაძე 2013 წლის 26 აპრილს თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს.

ზურაბ ნადირაძე 1994 წლიდან ძებნილი იყო, 2000 წლიდან კი - ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

საქართველოს შსს-ს ცნობით, ჩეხეთის პოლიციამ ნადირაძე არაერთხელ დააკავა, თუმცა სასამართლო ექსტრადიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა.

როგორც ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2010 წელს განაცხადა მომხსენებელმა ფრანტიშეკ დუხონმა, „არსებობს სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნადირაძეს საქართველოში სასტიკი მოპყრობა და სასჯელი ელის“.

1994 წელს თბილისში დაბადების დღეზე ატეხილი ჩხუბისას ოთხი ადამიანი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. ერთი მათგანი, გიორგი ქოიავა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

აშშ და ბელარუსი აპირებენ დააბრუნონ ელჩები ვაშინგტონსა და მინსკში

ალექსანდრ ლუკაშენკო და დევიდ ჰეილი

აშშ-მა და ბელარუსმა 11 წლიანი ინტერვალის შემდეგ გადაწყვიტეს აღადგინონ დიპლომატიური წარმომადგენლობები ელჩების დონეზე ვაშინგტონსა და მინსკში. ამის შესახებ გამოცხადდა 17 სექტემბერს მინსკში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დევიდ ჰეილისა და პრეზიდენტ ალექსანდ ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ.

დევიდ ჰეილმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით ეკიდება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

2019 წლის იანვარში ბელარუსმა აცნობა აშშ-ს მინსკში ამერიკელი დიპლომატების მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის თაობაზე. მაშინ ჟურნალმა „ფორინ პოლისმა“ ამ გადაწყვეტილებას უწოდა „დიპლომატიური გარღვევა“.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაციების პერიოდი დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ 35-იდან 5-კაცამდე შეამცირა აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური შტატი მინსკში. ხოლო ელჩების ფუნქციის შესრულება, დროებით რწმუნებულებს დაეკისრათ. ასე გამოეხმაურა მინსკი ვაშინგტონის მიერ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დაღვევებისათვის დაწესებულ სანქციებს.

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბენიამინ ნეტანიაჰუ საარჩევნო ყუთთან

ისრაელში მიმდინარეობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ, სარეკორდო, მეხუთე ვადით ცდილობს პოსტზე დარჩენას.

წინასწარი პროგნოზებით, ნეტანიაჰუს მემარჯვენე-ცენტრისტული „ლიკუდის“ პარტიის მთავარი მეტოქეა ცენტრისტული „ლურჯის და თეთრის“ პარტია, რომელსაც ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ბენი განცი უდგას სათავეში.

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრემიერ-მინისტრმა ნეტანიაჰუმ აპრილის არჩევნების შედეგად ვერ მოახერხა კოალიციის ფორმირება. „ლიკუდისა“ და „ლურჯისა და თეთრის“ პარტიებმა, თითოეულმა 35-35 მანდატი მოიპოვეს 120-ადგილიან კნესეტში, ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში.

ნეტანიაჰუს, ისრაელის ისტორიაში ყველაზე სტაჟიანი პრემიერ-მინისტრის პოზიციები შეარყია, მექრთამეობასა და თაღლითობის ბრალდებებთან დაკავშირებულმა სკანდალმა, მას ბრალს დებენ ასევე ნდობით ბოროტად სარგებლობაში, კორუფციის სამ შემთხვევასთან დაკავშირებით.

საარჩევნო კამპანიის დროს მემარჯვენეთა გულის მოსაგებად ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ, თუ მას ხელახლა აირჩევენ იგი „ისრაელის სუვერენტეტს გაავრცელებს იორდანეს ველზე“.

იუწყებიან, რომ ნეთანიაჰუს მიერ გამოცხადებული გეგმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ერთი-მესამედის დაკავებას გულისხმობს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG